Carl J. Ehbets უცნობი პისტოლეტები

ტრადიციულად ჩვენი ბლოგი აგრძელებს სტატიებს ისეთ ეგზემპლარებზე, რომლებიც დიდი ხნის წინ პროტოტიპების და საცდელი ეგზემპლარების სახით იქნა დამზადებული. ამჯერად ჩვენი მკითხველის ყურადღება მინდა შევაჩერო ერთერთ მეიარაღეზე, რომელმაც თავის დროზე შექმნა საკუთარი კონსტრუქციის უცნაური და ძალზედ საინტერესო პისტოლეტები. დღეს არც ამ პისტოლეტების და არც მისი შემქმნელის  შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. ამიტომაც გადავწყვიტე მიკრო სტატიის სახით დავდო ის რაც ვიცი მის შესახებ და რისი მოპოვებაც შევძელი.
Carl J. Ehbets
1867 წელს სემუელ კოლტის (Samuel Colt) ფაბრიკაში მუშაობა დაიწყო წარმოშობით გერმანელმა, ამერიკის მოქალაქემ კარლ ებეტსმა  (Carl J. Ehbets), რომელიც მუშაობდა ფაბრიკის მიერ შესრულებული მოდელების საპატენტო დოკუმენტების მომზადებაზე და ამავდროულად ჩართული იყო იარაღის კონსტრუირების საკითხებშიც. რამდენადაც ცნობილია იგი კოლტის ფაბრიკაში მთავარ კონსტრუქტორადაც ითვლებოდა. კარლ ებეტსმა და ფაბრიკის თანამშრომელმა ვილიამ მეისონმა (William Mason) ერთობლივი ძალებით დაიწყეს მუშაობა კოლტის ახალ რევოლვერზე, რომელიც დღეს ცნობილია სახელწოდებით „Colt Navy Revolver M1889“.
„Colt Navy Revolver M1889“
ეს იყო კოლტის რევოლვერებში პირველი ეგზემპლარი, რომლის დოლურაც ვაზნების ჩასალაგებლად გადადიოდა მარცხენა მხარეს. ცნობილია რომ სულ დამზადებულ იქნა აღნიშნული მოდელის 5000 ცალი ეგზემპლარი ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალებისთვის. შემდგომ რევოლვერმა განიცადა გარკვეული მოდიფიცერება და დამზადდა ეგზემპლარი „Colt New Army & Navy Revolver M1889/1892“, რომელიც მისი გამოჩენისთანავე 1892 წელს იქნა შეიარაღებაში მიღებული. ეს რევოლვერები იმ პერიოდში არასოდეს არ ყოფილა კომერციულ გაყიდვაში. (ცნობისათვის კოლტის M1889/1892  რევოლვერის წარმოება შეწყვეტილ იქნა 1907 წელს და სულ დამზადებულ იქნა 291 000 ერთეულზე მეტი ეგზემპლარი). გარდა ამ რევოლვერისა კარლ ებეტს ეკუთვნის კიდევ სხვა რევოლვერების დამრტყმელ-გამშვები მექანიზმის და მათი დამცველი სისტემების პატენტები, თუმცა მის ქმნილებებში ყველაზე საინტერესო ნამუშევარს წარმოადგენს ორი ერთმანეთისგან განსხვავებული კონსტრუქციის მქონე თვითდამტენი პისტოლეტი.
1994 წლის 29 ოქტომბერს კარლ ებეტსმა აშშ-ში საპატენტო განაცხადი შეიტანა საკუთარი კონსტრუქციის თვითდამტენ პისტოლეტზე (შევსებული განაცხადის ნომერი 527,328), რომლის თანახმადაც მისი პისტოლეტი მუშაობდა ლულიდან აირების გაყვანის პრინციპით. საბოლოოდ პატენტი გაცემულ იქნა 1996 წლის 27 ოქტომბერს, ნომრით 570,388.
გასროლის განხორციელებისას ებეტსის პისტოლეტში ლულის ქვემოთა მხრიდან ხდებოდა დენთის აირების გამოყვანა სპეციალურ კამერაში. აღნიშნულ კამერაში მოხვედრილი დენთის აირები უბიძგებდნენ ლულის ქვემოთ არსებულ მილაკში განთავსებულ დგუშს. დგუშის უკუგდებისას პისტოლეტის გვერდებზე არსებული ორი ცალი თამასა ახდენდა საკეტის შემობრუნებას და მის გათავისუფლებას. ტრადიციული აირების გაყვანის სისტემისგან განსხვავებით ებეტსის მექანიზმში დგუშის მიერ არ ხდებოდა საკეტის შემდგომი გადაადგილება უკან. დგუშის მიზანი იყო მხოლოდ საკეტის გადაბრუნება და გაღება, ხოლო საკეტის უკუსვლა და იარაღის შემდგომი გადამუხტვა ხდებოდა უკვე ლულაში დარჩენილი დენთის აირების მიერ მასრაზე უკუცემითი ზემოქმედებით, როგორც ჩვეულებრივ თავისუფალსაკეტიან პისტოლეტებში. სტატიის მომზადებისას შევეცადე გამეხსენებინა სხვა ანალოგიური პრინციპით მომუშავე დგუშიანი მექანიზმის მქონე პისტოლეტი, თუმცა ასეთი სხვა ვერ გავიხსენე. (შევეცდები კიდევ უფრო ჩავუღრმავდე ამ საკითხს და დავძებნო სხვადასხვა პატენტები, რომელიც ეხება ანალოგიური მუშაობის პრინციპით შექმნილ ეგზემპლარებს). თანამედროვე რეალობას რომ გადავავლოთ თვალი, თითქმის იდენტურ პრინციპს იყენებს ებრაული პისტოლეტი “Desert Eagle”, თუმცა მთლიანობაში იგი განსხვავდება, რადგანაც აირები ზემოქმედებენ მის საკეტ გარსაცმზე და არა კონკრეტულად მბრუნავ ჩამკეტზე.
კარლდ ებეტსის პისტოლეტის ერთადერთი შემორჩენილი ფოტოსურათი
ებეტსის პისტოლეტის ვაზნებით დამუხტვა ხდებოდა სპეციალური „კლიპის“ მეშვეობით, რომელშიც 5 ცალი ვაზნა თავსდებოდა. კლიპის ჩადება კი ხდებოდა სასხლეტი კავის წინ განთავსებულ მუდმივ (არამოხსნად) სავაზნე კოლოფში. შესაძლებელი იყო აგრეთვე პისტოლეტში ვაზნების სათითაოდ ჩალაგებაც. ამ შემთხვევაში მსროლელს უნდა გაეხსნა იარაღის მარცხენა მხარეს სავაზნე კოლოფის გვერდითა ხუფი, რომელიც დაბლა იწეოდა.  
ფაქტიურად კარლ ებეტსის პისტოლეტის ტარი  იმეორებდა მის მიერ მანამდე შექმნილი კოლტის რევოლვერის „M1889/1892“ ტარის გეომეტრიას, ხოლო სასხლეტი კავის დამცავი რგოლის წინ განთავსებული სავაზნე კოლოფი და ვაზნების მიმწოდებელი ძალიან ჰგავდა ჯერ კიდევ 1892 წლის 20 აპრილს შვეიცარიელი მესაათის, ოტო ბრაუსვეტერის (Otto Brauswetter) სახელზე გაცემულ პატენტში მოყვანილი თვითდამტენი პისტოლეტის სავაზნე კოლოფის და მიმწოდებელი დეტალის იერსახეს.
ნახაზები ოტო ბრაუსვეტერის სახელზე გაცემული პატენტი (1892 წლის 20 აპრილი)
1893 წელს აღნიშნული პატენტი იქნა გამოსყიდული მეიარაღე თეოდორ ბერგმანის (Theodor Bergmann) მიერ, რომელმაც ოტო ბრაუსვეტერის პატენტის მიხედვით შექმნა პისტოლეტი „Bergmann 1893“, ხოლო შემდგომ ლუის შმაიზერთან (Louis Schmeisser) თანამშრომლობით გადაამუშავა იგი. ეს პისტოლეტი დღეს ცნობილია როგორც ბერგმან-შმაიზერის 1894 წლის მოდელი (Bergmann-Schmeisser M 1894).
Bergmann-Schmeisser M 1894
სავარაუდოდ კარლ ებეტს ნანახი ჰქონდა ოტო ბრაუსვეტერის ან ბერგმანის პისტოლეტის ნახაზები და მათი გავლენით შექმნა საკუთარი თვითდამტენი პისტოლეტი, რომელიც ბერგმანისგან განსხვავდებოდა მუშაობის პრინციპით. ბერგმან-შმაიზერი იყენებდა ნახავრადთავისუფალი ჩაკეტვის სქემას, ხოლო ებეტსის პისტოლეტი, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ლულიდან აირების გაყვანის პრინციპს ეფუძნებოდა.
სამწუხაროდ დღეს არაა ცნობილი თუ რა კალიბრის ვაზნებზე იყო გათვლილი ებეტსის პისტოლეტი. ჩემი ვარაუდით იგი გათვლილი უნდა ყოფილიყო კოლტის 1889/92 წლის მოდელის რევოლვერის საშტატო ვაზნაზე .38 Long Colt, რომელიც იმ პერიოდში ითვლებოდა აშშ-ს ერთერთ სტანდარტად საარმიო ვაზნებში.
დენთის აირების ლულიდან გაყვანის პრინციპზე დაფუძნებული ებეტსის პისტოლეტი საბოლოოდ მხოლოდ რამოდენიმე პროტოტიპის სახით იქნა დამზადებული. დღეისათვის უცნობია რომელიმე შემორჩენილი ეგზემპლარის ვინაობა. მხოლოდ ერთადერთი შავ-თეთრი ფოტოსურათი არსებობს, რომელიც მოწმობს, რომ პისტოლეტი მართლაც დამზადდა.
1896 წელს ებეტსმა პარალელურად სცადა სხვა თვითდამტენი პისტოლეტის შექმნა და ამავე წლის 14 თებერვალს შეიტანა განაცხადი ახალ პატენტზე (განაცხადის ნომერი 579.229). პატენტი გაცემულ იქნა 1897 წლის 20 აპრილს (პატენტის ნომერი 580,935).
ებეტსის ახალი პისტოლეტი გამოირჩეოდა იმით, რომ მჭიდი თნამედროვე ტრადიციული მოდელების მსგავსად თავსდებოდა პისტოლეტის ტარში. თუმცა იარაღის საერთო კონსტრუქცია და მუშაობის პრინციპი რადიკალურად განსხვავდებოდა როგორც იმ პერიოდში, ასევე ახლა არსებული ყველა სხვა თვითდამტენი პისტოლეტებისგან.
კონსტრუქციული თვალსაზრისით პისტოლეტი ძალიან ჰგავდა ამერიკული ტყვიამფრქვევის „Colt–Browning M1895“-ის სქემას, რომელსაც მოძრავი ბერკეტი ლულის ქვემოდან ჰქონდა გაანთავსებული. თავდაპირველად ეს ტყვიამფრქვევი დამაგრებული იყო დაბალ დაზგაზე, რის შედეგადაც ფიქსირდებოდა შემთხვევები, როდესაც აღნიშნული ტყვიამფრქვევის ბერკეტი გასროლის დროს ჩიჩქნიდა მიწას, ამიტომაც მას ზედმეტსახელად „კარტოფილისმთხრელი“  ("potato digger") შეარქვეს.
და მაინც როგორ მუშაობდა ებეტსის პისტოლეტი?
თუკი შევხედავთ იარაღის საპატენტო ნახაზებს და კარგად დავაკვირდებით, დავინახავთ თუ რა უცნაურ სქემას იყენებდა იგი.

იმისათვის, რომ მსროლელს პისტოლეტი მოეყვანა საბრძოლო მდგომარეობაში, გვერდებზე თითების მოჭიდებით უნდა აეწია პისტოლეტის ზემოთა მხრიდან  განთავსებული ბერკეტი, რაც ჩემი აზრით მისი ზომებიდან გამომდინარე ძალიან მოუხერხებელი უნდა ყოფილიყო. ბერკეტი დაკავშირებული იყო ლულასთან, ამიტომ მისი მაღლა აწევა იწვევდა ლულის წინ გადაადგილებას. ლულის წინ გადაადგილებას კი მოჰყვებოდა ლულის ქვემოთ განთავსებული დამაბრუნებელი ზამბარის შეკუმშვა. აღნიშნული ოპერაციის შესრულების დროს ზევით აწეული ბერკეტი ახდენდა აგრეთვე ღია ჩახმახის შეყენებას. როდესაც მსროლელი ზევით აწეულ ბერკეტს გაუშვებდა ხელს, იგი ლულის ქვემოთ არსებული შეკუმშული ზამბარის წყალობით უბრუნდებოდა საწყის პოზიციას, ხოლო ლულა კი გადაადგილდებოდა უკან და  შედიოდა მის გარსაცმში. ლულის უკან გადაადგილება და საწყის პოზიციაზე დაბრუნება იწვევდა ლულის სავაზნე ნაწილის წამოცმას მჭიდში მოთავსებულ ვაზნაზე, რომელიც ამ დროს მიწოდების ხაზზე იმყოფებოდა. გასროლისას ლულის ზედა ნაწილში არსებული ნასვრეტიდან ხდებოდა დენთის აირების გადინება ისე, რომ აირები ზემოქმედებდნენ ბერკეტზე. ბერკეტი კი დენთის აირებისგან მიღებული ბიძგით იწეოდა ზემოთ და მთელ ციკლს ასრულებდა თავიდან.
ვინაიდან გასროლის მომენტში ბერკეტი მოძრაობდა ზევით და უკან, ხოლო ლულა მიემართებოდა წინ, ვფიქრობ პისტოლეტს ამის ხარჯზე უნდა ჰქონოდა მცირე უკუცემა, რადგანაც ასეთი მექანიზმი ძალიან წააგავს დაბალანსებული ავტომატიკის სქემას. ჩემთვის უცნობია თუ რა ვაზნებს იყენებდა აღნიშნული პისტოლეტი. იარაღის გაბარიტებით თუ ვიმსჯელებთ ვაზნა არ უნდა ყოფილიყო ძალიან ძლიერი, რაც იძლევა დამატებით საფაძვულს ჩემი ვარაუდისა, რომ პისტოლეტის უკუცემა იქნებოდა სუსტი.
იყო თუ არა ებეტსის ბერკეტიანი თვითდამტენი პისტოლეტი, ერთადერთი ეგზემპლარი, რომელიც მსგავსი პრინციპით მუშაობდა? ამ შეკითხვაზე პასუხი შეიძლება იყოს კიც და არაც. სტატიის მომზადების პროცესში ჩემს მიერ გადამოწმებულ იქნა სხვადასხვა საპატენტო დოკუმენტაცია, რომლის დროსაც აღმოვაჩინე, რომ ზუსტად ებეტსის პატაენტის გაცემის დღეს ანუ 1897 წლის 20 აპრილს, გაიცა ანალოგიური ბერკეტიანი სქემით მომუშავე თვითდამტენი პისტოლეტის პატენტი, რომელიც ჯონ ბრაუნინგს ეკუთვნის (პატენტის ნომერი 580,923).
ბრაუნინგის აღნიშნული მოდელი ებეტსის პისტოლეტისგან განსხვავდებოდა იმით, რომ ლულა გასროლის მომენტში არ გადაადგილდებოდა წინ. ამ შემთხვევაში ბერკეტის გადაადგილება ზევით და უკან იწვევდა პატარა ზომის საკეტის გადაადგილებას უკან. ასე რომ ებეტსის პისტოლეტის მუშაობის ძირითადი პრინციპი ეკუთვნოდა ბრაუნინგს, თუმცა ბრაუნინგისგან განსხვავდებოდა წინ მოძრავი ლულით.
რიგი წყაროების თანახმად პატენტის გაცემის შემდეგ კარლ ებეტსმა მისი კონსტრუქციის პისტოლეტი წარადგინა კოლტის ფაბრიკაში იმ იმედით, რომ მოხდებოდა მისი სერიულ წარმოებაში ჩაშვება. ყველაზე საინტერესო კი ამ ფაქტში იყო ის, რომ მან მისი პისტოლეტის წარდგენა ჯონ ბრაუნინგთან ერთად მოახდინა. ბრაუნინგმა თავის მხრიდან წარმოადგინა 4 ცალი სხვადასხვა პრინციპით მომუშავე თვითდამტენი პისტოლეტი, რომლიდანაც ერთერთი იყო სწორედ ზევით ნახსენები ბერკეტიანი (პატენტის ნომრით 580,923) ეგზემპლარი. (ბრაუნინგის მიერ წარმოდგენილი ოთხივე ეგზემპლარის პატენტი თარიღდებოდა 1897 წლის 20 აპრილით). სამომავლოდ აუცილებლად მოგაწვდით ამ მოდელების მუშაობის პრინციპის განხილვას და ნახაზებს.
საბოლოოდ თავად კარლ ებეტსმა აღიარა, რომ ბრაუნინგის მიერ წარმოდგენლი ეგზემპლარები ბევრად უფრო დახვეწილი იყო და შეაქო კიდევაც. რიგი წყაროების თანახმად ჯონ ბრაუნინგი და კოლტის ფაბრიკის მესვეურები ამ ამბის მერე დამეგობრდნენ, რასაც საბოლოოდ მათი ურთიერთთანამშრომლობა და ერთად მუშაობა მოყვა.
დღეს უცნობია კარლ ებეტსის პისტოლეტების ადგილმდებარეობა. მხოლოდ ორი ფოტოსურათი შემორჩა ისტორიას. ითვლება, რომ ამერიკაში დამზადებული პირველი თვითდამტენი პისტოლეტების პროტოტიპები, რომლიდანაც სროლა შეიძლებოდა სწორედ კარლ ებეტსის და ჯონ ბრაუნინგის  მიერ შექმნილი ეგზემპლარებია.

სტატიების ჩამონათვალი

ჩამონათვალში შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ბლოგზე გამოქვეყნებული ყველა სტატიის ბმული
 

რევოლვერები

1. SABLE BABY (სიასამური)
2. რევოლვერი „ЕСАУЛ“ 5,45x39 
3. აფხაზური რევოლვერების კვალდაკვალ „Заря“
4. რევოლვერი QSPR სპეციალურად „გვირაბის ვირთხებისთვის“
5. დეკერის რევოლვერი (Decker)  
6. Chamelot-Delvigne M 1873 და M 1874 (MAS 1873 / MAS 1874)
7. იაპონური რევოლვერი Type 26 (Hino) 
8. რევოლვერი FN Barracuda
9. Colt Open Top Pocket Model 1871
10. Reichsrevolver M1879 და Reichsrevolver M1883
11. Rast-Gasser M1898
12. რევოლვერი Colt M1917
13. COLT Banker's Special
14. Smith & Wesson M1917
15. Kynoch M1885 / Kynoch M1886
16. რევოლვერი Manurhin MR-73

გლუვლულიანი თოფები ("პომპა" / თვითდამტენი) 

1. FABARM SDASS MARTIAL ULTRASHORT 14  
2. Winchester M1912 (M12)

შაშხანები / კარაბინები

1. გეზი Vz.58 მოდელისკენ
2. VZ 58-ის მოდიფიკაციები და ქართული ბაზარი 
3. კალაშნიკოვის ავტომატის შექმნის ისტორია (ნაწ. 1)
4. კალაშნიკოვის ავტომატის შექმნის ისტორია (ნაწ. 2)
5. კალაშნიკოვის ავტომატის შექმნის ისტორია (ნაწ. 3)
6. კალაშნიკოვის ავტომატის შექმნის ისტორია (ნაწ. 4)
7. კალაშნიკოვის ავტომატის შექმნის ისტორია (ნაწ. 5)
8. კალაშნიკოვის ავტომატის შექმნის ისტორია (ნაწ. 6)
9. კალაშნიკოვის ავტომატის შექმნის ისტორია (ნაწ. 7)
10. Volkssturmgewehr (VG) სახალხო იერიშისათვის
11. კონკურსი „Модерн„ და ყველაფერი მის შესახებ (ნაწილი #1)
12. კონკურსი „Модерн„ და ყველაფერი მის შესახებ (ნაწილი #2)
13. კონკურსი „Модерн„ და ყველაფერი მის შესახებ (ნაწილი #3)
14. Savage 64F ჩვენი შთაბეჭდილებები
15. Smith & Wesson Light Rifle Model 1940 (S&W M1940)
16. გერმანული მოიერიშე შაშხანების კვალდაკვალ (ნაწ.1)
17. გერმანული მოიერიშე შაშხანების კვალდაკვალ (ნაწ.2)
18. გერმანული მოიერიშე შაშხანების კვალდაკვალ (ნაწ.3)
19. Madsen model 1947 (Madsen M47)
20. ბერტიეს შაშხანები და კარაბინები (Berthier)
21. SIG AK-53
22. Breda PG Model 1935
23. სნაიპერული შაშხანა JS 7,62
24. კარაბინი Früwirth M1872
25. Hyde Carbine M1944

ვაზნები

1. ფლობერის (Flobert) ვაზნებზე გათვლილი იარაღი
2. 7,65 მმ ბრაუნინგის ვაზნა და ყველაფერი მის შესახებ
3. 5x18 ჩაროლა ანიტუა / კლემანი
4. ყველაფერი მაკაროვის ვაზნების შესახებ (9х18 ПМ) 

სპეციალური ვაზნები

1. გურევიჩის წყლიანი ვაზნები
2. ამერიკული პროგრამა "Whisper" (ჩურჩული)
3. უხმო (ჩუმი) ვაზნა СП-1 ცნობილია აგრეთვე აღნიშვნა 9,0/7,62х18
4. ჩუმი(უხმო) ვაზნა СП-2 (7,62х35)
5. Javette

ვიდეო მიმოხილვები

CZ-61S (Skorpion) ვიდეო მიმოხილვა (ნაწილი#1)

იარაღის აქსესუარები

ხიშტ-დანა თანამედროვე მოკლელულიან იარაღზე

ლიტერატურა (წიგნები / პუბლიკაციები)

1. ქართული ლიტერატურა ცეცხლსასროლ იარაღზე
2. "სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი" - გიორგი ძინძიბაძე

მცირე რამ თეორიიდან 

1. "KeyHole" და მისი გამომწვევი მიზეზები
2. “Squib Load”

მფლობელის თვალით

CZ-27 (Vz.27) მფლობელის თვალით
Beretta M71 მფლობელის თვალით

პისტოლეტ-ტყვიამფრქვევები

1. «Эльф», «Гоблин» და «Гном» უკრაინიდან
2. ERMA MP-56 / MAUSER MP-57
3. ექსპერიმენტალური ZB-46 / ZB-47
4. ERMA EMP.44 ერზაც იარაღი გერმანიიდან
5. პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი ელექტრონული ძრავით (Bushman)
6. უცნაური ფრანგი MGD / ERMA PM-9  
7. პოლონელების პასუხი ჩეხურ "მორიელს" [ "კიბო" PM-63 ]
8. Atchisson Model 1957
9. პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი КППЯ
10. STA modèle 1924 (STA PM M1924)
11. MAS-38 (MAS mle 38)
12. უნგრული „53M / K1“ (Kucher K1)
13. PM MAC 47/1 (MAC mle 1947)
14. SOCIMI Model 821
15. Hyde-Inland M2
16. ავსტრალიური F1
17. საცდელი ППШ-45
18. ვიეტნამური K-50M
19. Veselý V-42 / V-43
20. პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი TZ-45
21. Petter Mle 1939
22. E.T.V.S. 7,65
23. Hotchkiss Universal
24. OG-43 / OG-44
25. Beretta Model 6 (Beretta M1953)
26. M3 "Grease Gun" (ნაწ. 1)

პისტოლეტები

1. Walther P.38 და ყველაფერი მის შესახებ (ნაწ. 1)
2. Walther P.38 და ყველაფერი მის შესახებ (ნაწ. 2)
3. მაკაროვის პისტოლეტი (ПМ) კონკურსიდან-დღემდე
4. Philipp Sola .357 Magnum
5. Sauer 38H
6. Erma-Werke EP-452 ჩვენი შთაბეჭდილებები
7. Beholla / Menta / Stenda / Leonhardt
8. Gustloff-Werke 7,65
9. Armand Gavage (გავაჟის პისტოლეტი)
10. KTS WALTHER PPK 5,45x18
11. „ČSZ“ (CZK - CSZ)
12. ანტიტერორისტული პისტოლეტი Type -84
13. Carl J. Ehbets უცნობი პისტოლეტები
14. "HAFDASA" და "ZONDA"
15. ყველაფერი სტეჩკინის ავტომატურ პისტოლეტზე (АПС)
16. კალაშნიკოვის ავტომატური პისტოლეტი "АПК"
17. შვეიცარიელი "MAYOR ARQUEBUSIER"
18. ОЦ-21 "Малыш"  
19. Salvator-Dormus
20. Walther-ის უცნობი პროტოტიპი
21. DUO / DUO Z (CZ DUO)
22. უცნობი ესპანელი იაპონიის საჰაერო ძალებში
23. Walther PPK-დან Walther KPK-მდე
24. პროექტი „Volkspistole“ და ყველაფერი მის შესახებ
25. IX ყრილობა (SED Maschinenpistole IX)
26. შემთხვევითი შეხვედრა "A.T.C Model 5"
27. მაკაროვი პარაბელუმის ვაზნაზე (9х19)
28. 4 ლულა 5 დოლარი (Mossberg Brownie)
29. პისტოლეტი კარაბინის ვაზნაზე Kimball
30. "რთული" ჯიბის პისტოლეტი Mann 1920/21
31. იდუმალებით მოცული პისტოლეტი "კესლერი" (Kessler)
32. დანიური ტყვია ხის გულარით და პისტოლეტი Schouboe
33. კაროვინის პისტოლეტი (ТК – 26 Тула, Коровин)
34. სომხური წარმოების პისტოლეტი K-2
35. ჯიბის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი Lercker
36. მექსიკური პისტოლეტი Obregon
37. უცნაური პისტოლეტი "Sauer Bär"
38. Vz.28(Wz.28) / CZ-28 თურმე არსებობს!
39. CZ-22 / CZ-24 / CZ-27
40. ჩუმი ბრიტანელი "WELROD"
41. Radom Vis-35
42. გამანთავისუფლებელი ამერიკიდან (Liberator FP45)
43. პოლონელები მაკაროვის კვალდაკვალ (P-64 , P-83)
44. Hamada Type 1
45. Hamada Type 2
46. კიდევ რამოდენიმე ესპანელი იაპონიის საჰაერო ძალებში
47. ჩინური ავტომატური პისტოლეტი Type 80 (Norinco QS80 / QS80-1)
48. პისტოლეტი Schüler Reform
49. რუმინული Carpati Md.74 (Carpați Md.1974) და Carpati Mod.95
50. Hino-Komuro (1908)
51. Sunngard-1909 (Sunngård M-1909)
52. NAACO Brigadier / .45 NAACO
53. ძველი МР-443 «Барс» და განახლებული Baikal МР-443
54. ჩინური პისტოლეტი Type 52
55. ჩინური პისტოლეტი Type 64
56. პისტოლეტი ÖWA
57. Type 70
58. Type 77


სპეციალური იარაღი

1. პროგრამა „Удар“ და ყველაფერი მის შესახებ

საჭორაო (კითხვა-პასუხი)

1. და მაინც რა არის ეს "ნულევოი" / "ნულავოი" მაკაროვი?
2. რატომ ფორმდება CZ-61S Šcorpion შენახვის უფლებით?
3. ვინ იყო პირველი?

1000 სლეობა

1. სისტემა „ცეცხლოვანი ზღარბი“ ("Огненный еж")

ცივი იარაღი

1. „Frogman“ - საბრძოლო დანა ბუნდესვერის აკვალანგისტებისთვის

ცივი იარაღი (ქართველი ოსტატები)

1. ზაზა ავალიანი და მისი ნამუშევრები (გრავირება გელა ხუციშვილი)

კონკურსი „Модерн„ და ყველაფერი მის შესახებ (ნაწილი #3)


სტატიის პირველი  და მეორე ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ ბმულებზე:
კონკურსი „Модерн„ და ყველაფერი მის შესახებ (ნაწილი #1)
კონკურსი „Модерн„ და ყველაფერი მის შესახებ (ნაწილი #2)

კონკურსის კიდევ ერთი მონაწილე ა.შევჩენკო და მისი ავტომატი "Смерч"

ყველაზე განსხვავებულ ეგზემპლარს წარმოადგენდა ქალაქ ტულის უმაღლესი საარტილერიო-საინჟინრო სასწავლებლის (ТВАИУ-Тульское высшее артиллерийское инженерное училище) კურსანტის ა.შევჩენკოს (А. В. Шевченко) მიერ წარმოდგენილი ავტომატი, რომელიც „ბულპაპის“ (Bullpup) სქემაზე იყო დაფუძნებული. 1977 წელს კონკურს მოდერნში, ფინანსური დაფინანსების გარეშე საკუთარი ინიციატივით ჩაერთო ტულის უმაღლესი საარტილერიო-საინჟინრო სასწავლებლის კურსანტთა სამხედრო-სამეცნიერო  საზოგადოება.
შევჩენკოს მიერ შექმნილი ავტომატ «Смерч»-ის  მაკეტი, რომელიც დამზადებულია ხისგან

კურსანტმა შევჩენკომ წარმოადგინა მისი ქმნილება სახელწოდებით «Смерч», რომელიც გათვლილი იყო ვაზნაზე 5,45х39. ლულის ჩაკეტვის მექანიზმი ამ იარაღში იყო აბსოლიტურად ახალი და ნულიდან შექმნილი. იმ პერიოდში ასეთი სისტემა არ გამოყენებულა არცერთ სხვა ავტომატში.

იარაღი მუშაობდა ლულიდან აირების გაყვანის პრინციპით და გააჩნდა დგუშის გრძელი სვლის მექანიზმი. ლულის ჩაკეტვა ხდებოდა რუსული Г -ასოსებრი ქანქარის მეშვეობით, რომელსაც გააჩნდა 2 ცალი საბრძოლო ბჯენი. ლულის კოლოფს შიდა მხრიდან ჰქონდა დახრილი ჭრილები. საკეტის გადაადგილებისას სპეციალური საგები მოძრაობდა ამ ჭრილებში და უზრუნველყოფთა საკეტის ქანაქარას გადაბრუნებას.

ასეთი სქემის გამოყენების ხარჯზე იარაღი გამოვიდა კომპაქტური, რადგანაც კონსტრუქტორს მიეცა შესაძლებლობა ჩამკეტი მექანიზმი მოეთავსებინა მცირე ზომის ლულის კოლოფში.

იქიდან გამომდინარე, რომ მოძრავი მექანიზმი იყო მცირეგაბარიტიანი, სროლის დროს მისი სვლა ხდებოდა სწრაფად, რამაც გამოიწვია მაღალი სროლის ტემპი 1800 გასროლამდე. იარაღის მთავარ პლიუსს წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ მცირე გაბარიტებთან ერთად, ბულპაპის სისტემამ კონსტრუქტორს მისცა შესაძლებლობა, რომ იარაღის ლულა ყოფილიყო 415 მმ- სიგრძის, რაც თავისთავად უდრიდა მეტ სიზუსტეს და ტყვიის მაღალ საწყის სიჩქარეს (შესაბამისად მაღალ ენერგიას). იარაღის გამოყენება შეეძლო როგორც მემარჯვენე, ასევე მემარცხენა (ცაცია) მსროლელს. ამისათვის მსროლელს უნდა განეხორციელებინა გარკვეული მანიპულაცია, რომლის წყალობითაც მოხდებოდა არჩევა თუ რომელი მიმართულებით ამოყრილიყო სროლისას მასრები. ვინაიდან სროლის ტემპი იყო ძალიან მაღალი (1800 გასროლა წუთში), კონსტრუქტორმა იარაღის დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი გარდა ერთეული და სრულიად ავტომატური სროლის რეჟიმებისა აღჭურვა, მოკლე 3 ვაზნიანი ჯერების სროლის რეჟიმით. კონკურს მოდერნის ფარგლებში ეს იყო ერთადერთი ეგზემპლარი, რომელსაც ჰქონდა სროლის ასეთი რეჟიმი.  შევჩენკოს ავტომატს აგრეთვე გააჩნდა  იმ პერიოდში საბჭოთა კავშირისთვის ერთერთი ინოვაციური გადაწყვეტილება. აირის მილაკის გარსაცმზე  იყო სპეციალური სამაგრი, რომელიც იძლეოდა მასზე სხვადასხვა სამიზნე მოწყობილობების დამაგრების შესაძლებლობას.  ასეთ შემთხვევაში მსროლელს შეეძლო დაეკეცა იარაღზე არსებული ღია სამიზნე მოწყობილობა, რათა ხელი არ შეშლოდა ოპტიკური სამიზნის გამოყენებისას. იმ დროს საბჭოთა კავშირში სტანდარტად ითვლებოდა გვერდიდან დასამაგრებელი სამიზნე მოწყობილობები.

იარაღის ერთერთ უპირატესობას წარმოადგენდა ის ფაქტიც, რომ სიმძიმის ცენტრი გადატანილ იქნა პისტოლეტისებურ სახელურთან, რაც იძლეოდა ავტომატიდან სროლის საშუალებას ისე, რომ მსროლელს შეეძლო არც კი მიებჯინა კონდახი მხარზე. რათქმაუნდა ასეთ დროს სიზუსტე ვერ იქნებოდა მაღალ დონეზე, თუმცა იძლეოდა შესაძლებლობას საჭიროების შემთხვევაში მებრძოლს უცებ გაეხსნა ცეცხლი.

იარაღის გამოცდებზე სხვადასხვა მოუხერხებელი პოზიციიდან სროლისას ა.შევჩენკოს ბულპაპმა 300 მეტრ დისტანციამდე სროლისას აჩვენა ტყვიების უკეთესი შექუჩება, ვიდრე კალაშნიკოვის АКС-74-მა. დაკეცილი დუგლუგით და მხარზე მიბჯენის გარეშე სროლისას ოდნავ  უკეთესი შედეგი ჰქონდა АКС-74 მოდელს. 

კომისიის წევრებმა ა.შევჩენკოს ავტომატის მთავარ მინუსებზე გაამახვილეს ყურადღება და მიიღეს შემდეგი სურათი:

·         იმ პერიოდში ბულპაპის სქემას მარტივად რომ ვთქვათ არ წყალობდნენ საბჭოთა კავშირის გამომცდელები და კომისიის წევრები;

·         გასროლისას მასრის ამოგდება ხდებოდა მსროლელის სახესთან ძალიან ახლოს;

·         ჩაკეტვის ახალ და გამოუცდელ სისტემას ეჭვის თვალით უყურებდნენ კომისისს წევრები;

·         საკეტის შესამართი სახელური, რომელიც სროლისას მოძრაობდა, განთავსებული იყო იარაღის ზევითა მხრიდან და ზედმეტად ახლოს მსროლელის სახესთან. შესაბამისად არსებობდა იმის ალბათობა, რომ მოძრავი საკეტი შემთხვევით გამხდარიყო ტრავმის საფუძველი.

მჭიდი ზედმეტად ახლოს იყო მსროლელის მხართან. შესაბამისად ცარიელი მჭიდის მოსახსნელად და ახალი მჭიდის დასაყენებლად, მსროლელს უნდა მოეშორებინა იარაღი მხრიდან და ისე შეესრულებინა მჭიდის ამოცვლა. მჭიდის მხართან ახლოს განთავსებას კომისისს წევრების აზრით ახლდა კიდევ ერთი მინუსი. მჭიდის ფიქსატორი იმდენად ახლოს იყო მსროლელთან, რომ შეიძლებდა წამოდებულიყო აღჭურვილობაზე და ტანსაცმელზე, რაც გამოიწვევდა მჭიდის თვითნებურ მოხსნას იარაღიდან.

კონკურსზე ა.შევჩენკოს მიერ წარმოდგენილ იქნა მხოლოდ 1 ცალი ეგზემპლარი. ქალაქ ტულის უმაღლეს საარტილერიო-საინჟინრო სასწავლებელს აღარ ეყო ფინანსური რესურსი რათა ბოლომდე მიეყვანათ ა.შევჩენკოს მიერ წარმოდგენილი ავტომატის პროტოტიპის გდამუშავება და დახმარება სთხოვეს ტულის ცენტრალურ საკონტრუქტორო-კვლეით ბიუროს (ЦКИБ-Центральное конструкторско-исследовательское бюро), საიდანაც მათ უარი მიიღეს.
ისევ კალაშნიკოვი
1977 წლის დასაწყისში კალაშნიკოვის მიერ გადამუშავებულ იქნა მისი პროტოტიპი „ПП-1“ და ამავე წლის მარტში გაგზავნილ იქნა ქალაქ კიროვაბადის (Кировобад)  მოტომსროლელ და საჰაერო-სადესანტო დივიზიის ბაზაზე, სადაც საარმიო გამოცდები უნდა გაევლო. საარმიო გამოცდებზე მხოლოდ კალაშნიკოვის პროტოტიპების გაგზავნა ფაქტიურად უკვე მის გამარჯვებას უდრიდა.
გამოცდებზე წარმოდგენილი რამოდენიმე ვარიანტი მარჯვნივ დასაკეცი დუგლუგით

გამოცდებში ჩაერთნენ, როგორც მოტომსროლელები, ასევე საჰაერო დესანტი. იმისათვის, რომ ზუსტად მომხდარიყო პროტოტიპების სუსტი წერტილების გამოვლენა, გამოცდები წარმოებდა რეალურთან მიახლოებულ საველე და საბრძოლო პირობებში.  

გამოცდების შედეგად გამოვლინდა შემდეგი უარყოფითი ფაქტორები:

·         ალმქრობის მოხსნა/დახრახვნის გაძნელება;

·         როგორც წინა, ასევე უკანა სამიზნე მოწყობილობა არ ფიქსირდებოდა საიმედოდ და ექსპლუატაციის შედეგად აღენიშნებოდა რყევა. აგრეთვე ცუდად ჩანდა უკანა სამიზნეზე არსებული აღნიშვნები;

·         პისტოლეტისებური სახლური არ იყო თერმოგამძლე და ცეცხლთან სიახლოვის შემთხვევაში დეფორმირდებოდა;

·         მცველზე დაყენებისას ხშირად დროშისებური გადამრთველი ლულის კოლოფის თავსაფრის ქვეშ ვარდებოდა;

·         სროლისას დუგლუგი სრიალებდა მხრიდან;

·         დუგლუგის სამხრეზე დამაგრებული პოლიეთილენის საგები რეალურად არ იყო საჭირო;

·         მარჯვენა მხარეს დაკეცილი დუგლუგის შემთხვევაში რთული იყო სროლის რეჟიმების გადამრთველთან და იარაღის შესამართ ბერკეტთან მანიპულირება;

·         დაკეცილი დუგლუგის დროს რთული და მოუხერხებელი იყო სასხლეტ კავთან თითის მოთავსება;

·         მარჯვენა მხარეს დაკეცილი დუგლუგი აგრეთვე ართულებდა მჭიდის მოსახსნელ ღილაკზე მანიპულირებას და მჭიდის ამოცვლას.

გარდა ზევით ჩამოთვლილი ფაქტორებისა, მსროლელები გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას ტიბჟირთან დაკავშირებით, რომელიც მოუხერხებელი იყო. ხშირად გართულებული იყო  დაკეცილი დუგლუგის გაშლა, რადგანაც ღვედი ხვდებოდა მის ზედა ნაწილს და იწვევდა შეფერხებას.  ავტომატი დაკეცილი დუგლუგით მაგრდებოდა მკერდზე, ლულით ქვემოთ. მებრძოლები აღნიშნავდნენ, რომ დესანტირებისას ხდებოდა დუგლუგის დაჯახება მკერდის არეში, რაც იწვევდა ტკივილის და დამატებით დისკომფორტს. დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც პარაშუტის რგოლი წამოედო უკანა სამიზნეს.

საარმიო გამოცდებზე არსებულ ეგზემპლარებში დუგლუგის დაკეცვა ხდებოდა მარჯვენა მხარეს. შესაბამისად კომისიამ რეკომენდაციის სახით გამოთქვა აზრი, რომ დუგლუგი დაკეცილიყო მარცხნივ, ან ზემოთ/ქვემოთ.  ეჭვქვეშ იდგა მოკლე  (20 ვაზნიან) მჭიდების საჭიროებაც. სამხედროები თვლიდნენ, რომ 20 ვაზნიანი მჭიდით იარაღის დაკომპლექტებას აზრი არ ჰქონდა და ასეთი მჭიდით უნდა დაკომპლექტებულიყო მხოლოდ ისეთი ეგზემპლარები, რომელთაც ექნებოდა ოპტიკური სამიზნე მოწყობილობა.   

საბოლოო ჯამში პროტოტიპი „ПП-1“ გადამუშავდა გაცემული რეკომენდაციების სფუძველზე და შეიქმნა ახალი მოდელი სამუშაო სახელწოდებით „АКС-74У“ (Автомат Калашникова складной укороченный).

1977 წლის სექტემბერიდან დაიწყო „АКС-74У“-ს ინტენსიური გამოცდები, რომელიც გაგრძელდა 1978 წლის აპრილამდე. იარაღი გამოიცადა როგორც ზამთრის ცივ კლიმატურ პირობებში, ასევე ნორმალურ ტემპერატურაზე და საბოლოო ჯამში აჩვენა დამაკმაყოფილებელი შედეგები.
1978 წელს დამზადებული საცდელი ავტომატი „АКС-74У“ მარცხნივ დასაკეცი დუგლუგით
გამოცდების შედეგად კონსტრუქციაში შევიდა გარკვეული ცვლილებები:

საკეცი დუგლუგი ახალ პროტოტიპში აღებულ იქნა „АКС-74“ მოდელიდან და იკეცებოდა მარცხენა მხარეს. დუგლუგის ასეთმა გადაწყვეტილებამ აღმოფხვრა მთელი რიგი პრობლემები, რომელიც შეეხებოდა ღვედის გამოდებას, სროლის რეჟიმების გადამრთველზე მანიპულირების გაძნელებას, მჭიდის ღილაკ-ფიქსატორზე მანიპულირებას და სასხლეტთან გართულებულ წვდომას.
გადამუშავებულ მოდიფიკაციაში იყო აგრეთვე სხვა ცვლილებებიც:

·         იარაის ღვედი მეტი მოხერხებულობისთვის დაწვრილდა და  წონაში შემცირდა 50-60 გრამით;

·         შეიცვალა უკანა სამიზნე მოწყობილობის ფიქსირების წესი და მასზე არსებული აღნიშვნები გახდა უფრო მკვეთრი, რაც აადვილებდა წაკითხვას და იდენტიფიცრებას, თუ რა დისტანციაზე სასროლად იყო დაყენებული;

·         პისტოლეტისებური ტარი დამზადდა უფრო მეტად თერმო გამძლე პლასტმასისგან მარკით  „ПБС-30Ц“;

·         ლულის კოლოფის ხუფზე გაკეთდა სპეციალური ჩანაჭდევი, რომელიც მცველზე დაყენებისას გამორიცხავდა სროლის რეჟიმების გადამრთველი ბერკეტის შევარდნას თავსაფრის უკან;

·         მეტი სიმტკიცისთვის სავაზნე ნაწილიდან 4 სანტიმეტრის მანძილზე ლულა გასქელებულ იქნა  2,5-4მმ-ით.

იმისათვის, რომ იარაღს მოხსნილი ალმქრობის ეშმთხვევაშიც საიმედოდ ემუშავა აირგამყვანი ნასვრეტი გადაიწია უფრო უკან და მისი დიამეტრი შემცირდა 0,05მმ-მდე. რა საჭირო იყო მსგავსი ცვლილების განხორციელება? ვინაიდან  ავტომატი „АКС-74“ უნდა შესულიყო პილოტების ბორტზე არსებულ სატარებელ-საავარიო აღჭურვილობაში, ეგრედწოდებულ „НАЗ“-ში (Носимый аварийный запас) და უნდა განთავსებულიყო პილოტის კატაპულტირების სავარძელში, მოხსნილი ალმქრობით შემცირდებოდა იარაღის საერთო სიგრძე, რაც გაადვილებდა მის მოთავსებას სპეციალურ ბუდეში;

შეიცვალა აგრეთვე თვითონ ალმქორობის კონსტრუქციაც.


ფოტოზე გამოსახულია ძველი კონსტრუქციის ალმქრობი


ფოტოზო გამოსახულია გადამუშავებული ალმქრობი


საბოლოო ჯამში შეფასდა მთლიანი გამოცდების მაჩვენებლები და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დაემზადებინათ პირველი მცირე პარტია.  

1978 წელს იჟმაშში (Ижмаш) დამზადებულ იქნა „АКС-74У“-ს მცირე პარტია, რომელსაც უნდა გაევლო კიდევ ერთი პოლიგონალური გამოცდები.  
1978 წელს დამზადებული საცდელი ვარიანტი „АКС-74УH“. ფიოტოზე ჩანს სამიზნის სამაგრი ლიანდაგი
ამავე პეიოდში შეიქმნა ვარიანტი „АКС74УH“, რომელსაც მარცხენა მხარეს გააჩნდა ღამის ხედვის ოპტიკური სამიზნე მოწყობილობა „НСПУ“-ს (Ночной стрелковый прицел унифицированный) სამაგრი.
შემდგომ გამოჩნდა მისი მოდიფიცირებული ვარიანტი „АКС-74УH2“ რომელიც კომპლექტდებოდა მოდერნიზირებული სამიზნე მოწყობილობა „НСПУМ“-ით (Ночной стрелковый прицел унифицированный модернизированный).
"АКС-74УБ" ლულაზე დამაგრებული "ПБС-4"
მოგვიანებით ექსპერიმენტალური სახით დამზადდა აგრეთვე მოდიფიკაცია „АКС74УБ“ (ინდექსი 6П27), რომელზეც შესაძლებელი იყო უხმო და ალისგარეშე სროლისათვის განკუთვნილი მოწყობილობისПБС-3" -ის და "ПБС-4"-ის დამაგრება.

საპოლიგონო გამოცდის დასკვნით ავტომატი „АКС74У“ აკმაყოფილებდა ტაქტიკურ-ტექნიკურ მოთხოვნებს.  ერთადერთი უარყოფითი ფაქტი იყო ის, რომ ერთეული გასროლებით ვერ ჯდებოდა სიზუსტის ნორმატივებში და აჩვენებდა 7,62მმ-ან მოდელ „АКМС“-ზე უარეს შედეგს.  საბოლოოდ „АКС-74У" აღიარეს კონკურს მოდერნის გამარჯვებულად.

1979 წლის 10 აგვისტოს, საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს ბრძანებულება N"0133-ის თანახმად 5,45x39მმ-ან ვაზნებზე გათვლილი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი „АКС-74У“ (მთავარი სარაკეტო-საარტილერიო სამმართველოს ინდექსით 6П26) მიღებულ იქნა ოფიციალურ შეიარაღებაში. ამავე ბრძანებულების თანახმად შეიარაღებაში იქნა მიღებული ვარიანტი „АКС74УН“ (6П26Н), რომელსაც გააჩნდა ოპტიკური სამიზნე "НСПУ"-ს (ინდექსი 1ПН34) სამაგრი. მცირე რაოდენობით შეიარაღებაში მოხვდა ეგზემპლარი „АКС74УН2“-იც (ინდექსი 6П26Н2).


1979-1980 წლებში ქალაქ ტულის იარაღის ქარხანამ (ТОЗ) მოამზადა საწარმოო ხაზი და დაიწყო შეიარაღებაში მიღებული „АКС74У“-ს წარმოება.  წარმოების წინ იარაღმა განიცადა კიდევ ორი მცირედი ცვლილება: 

1. ხელის უკეთ მოჭიდებისათვის შეიცვალა ტიბჟირის ფორმა;
2. უკანა სამიზნემ გადაინაცვლა ოდნავ წინ. ასეთმა ცვლილებამ შეამცირა სამიზნე ხაზის სიგრძე, თუმცა საჰაერო დესანტირებისას სამიზნე მოწყობილობის გამოდება პარაშუტის რგოლზე გამოირიცხა.

იარაღის სერიულ წარმოებას მოჰყვა მისი სიზუსტის გაუარესება, რომელიც ტაქტიკურ-ტექნიკური მოთხოვნის თანახმად უნდა ყოფილიყო 100 მეტრზე 10სმ. რეალურად კი სერიული ეგზემპლარები ვერტიკალურად იძლეოდნენ 15სმ-ან, ხოლო ჰორიზონტალურად 12 სმ-ან გაფანტვას. საბოლოოდ ამ ფაქტზე მთავარმა სარაკეტე-საარტილერიო სამმართველომ თვალი დახუჭა და ჩათვალა, რომ მასიურ წარმოებაში ასეთი გადახრა დასაშვები იყო.


საბოლოოდ იარაღი დაკომპლექტდა ტილოს შალითით, 3 ცალი სათადარიგო მჭიდით, სათადარიგო მჭიდების ჩანთით, რომელშიც თავსდებოდა საწმენდი აქსესუარები, გადასაკიდი ღვედით.



კომპლექტში შედიოდა აგრეთვე 4 ცალი 15 ვაზნაზე გათვლილი „აბოიმა“ და მჭიდების სწრაფდამტენი აქსესუარი.
ავღანეთის ომის დროს სპეციალურად  „АКС-74У“-ს თვის შეიქმნა პილოტებისათვის განკუთვნილი პლასტმასის ბუდე, რომელიც ბარძაყზე მაგრდებოდა. საბოლოოდ ასეთი გადაწყვეტილება არაპრაქტიკული აღმოჩნდა და შეწყვეტილ იქნა მისი წარმოება.
სერიული წარმოებისას ავტომატი „АКС-74У“ მცირედი სახით განიცდიდა ტექნოლოგიურ ცვლილებებს, თუმცა ყველაზე შესამჩნევი იყო ის ფაქტი, რომ  90-ანი წლების დასაწყისში ხის ტიბჟირი და ლულის სადები შეიცვალა შუშანარევი პოლიამიდით „АГ-4В“, რომელიც ხესთან შედარებით უფრო გამძლე იყო.
პლასტმასის ტიბჟირს გაუკეთდა აგრეთვე სპეციალური ეკრანი მეტალის ფირფიტის სახით, რომელიც იცავდა მას გადახურებისგან.
80-ანი წლების დასაწყისში „АКС74УБ“-ს ბაზაზე ქალაქ კლიმოვსკის ზუსტი მანქანამშენებლობის ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის (ЦНИИТОЧМАШ) კონსტრუქტორების მიერ შეიქმნა სპეციალური უხმო ავტომატ-ყუმბარმტყორცნის კომპლექსი შიფრით «Канарейка» (ინდექსი 6С1), რომელიც შედგებოდა ჩუმი და ალისგარეშე სროლისათვის განკუთვნილი მოწყობილობა „ПБС-4“-სგან, ავტომატისგან „АКС74УБ“, რომელსაც დამატებული ჰქონდა სპეციალური სამიზნე ჩარჩო ყუმბარების სროლისათვის და სპეციალური სამაგრი საყურე, რომელზეც მაგრდებოდა 30მმ-ანი ყუმბარმტყორცნი „БС-1“.
იარაღის საერთო სიგრძე დამონტაჟებული ყუმბარმტყორცნით „БС-1“ შეადგენს 900მმ-ს, სიგრძე დაკეცილი დუგლუგით 650მმ-ს, წონა ყუმბარმტყორცნით 5.66კგ. ყუმბარმტყორცნის გარეშე 3,88 კგ.

 "АКМСУ" რეალური ეგზემპლარი თუ გამოგონილი?
სხვადასხვა ლიტერატურაში თუ ინტერნეტ რესურსებზე გვხდება ინფორმაცია, რომ საბჭოთა კავშირში კონკურს მოდერნის პარალელურად კალაშნიკოვის ავტომატის "АКМС" ბაზაზე შეიქმნა ექსპერმენტალური ავტომატი  სახელწოდებით "АКМСУ" (Автомат Калашникова модернизированный, складывающийся, укороченный), რომელიც გათვლილი იყო 7,62x39მმ-ან ვაზნაზე და მის ტიბჟირს გააჩნდა სპეციალური დამატებითი სახელური 


ასევე ამ მოდელს გააჩნდა გრძელი ალმქრობი, რომელზეც დატანილი იყო წრიული ნაჭდევები ნეკნების სახით. აღნიშნული ნაჭდევები ასრულებდა მის უკეთ გაგრილების (თბოგამოყოფის) დანიშნულებას.  

დღეს ამ ეგზემპლარის გარშემო დიდი გაუგებრობაა და ხალხის აზრი რამოდენიმე ნაწილადაა გაყოფილი: 1.      ნაწილი ამბობს, რომ ეს ავტომატი არასოდეს არ შექმნილა საბჭოთა კავშირში და სხვა ქვეყნის მიერ იქნა დამზადებული (ბევრი მის წარმომავლობაში ვარაუდობს ბულგარეთს ან იუგოსლავიას). 2.      მეორე ნაწილი ამბობს რომ შეიქმნა საბჭოთა კავშირში და მცირე რაოდენობით დამზადდა საჰაერო დესანტისთვის, თუმცა არასოდეს არ ყოფილა ოფიციალურ შეიარაღებაში. ერთერთ რუსულ წიგნში მის შექმნის თარიღად დასახელებულია 1959 წელი. თუმცა საბჭოთა კავშირში "АКМСУ"-ს შესახებ არ არსებობს არანაირი ოფიციალური ცნობები, დოკუმენტეცია და ნახაზები. არც იმ პერიოდის საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების შესახებ არ არსებობს არანაირი ინფორმაცია, სადაც ნახსენები იქნებოდა 7,62 მმ-ან ვაზნაზე გათვლილი მოკლელულიანი კალაშნიკოვის ავტომატი.
ფოტოზე გამოსახული ეგზემპლარი 80-ან წლებში ავღნეთიდან მოხვდა ბრიტანეთის ტერიტორიაზე და დღემდე ინახება ბრიტანეთში ქალაქ ლიდსში მდებარე მუზეუმის Royal Armories კოლოექციაში. არსებულ ეგზემპლარის დამზადების თარიღი ლულის კოლოფის საგებზე (ტრუნიონზე) უწერია 1977 წელი. ავტომატის ფოტოების შესწავლისას ნათლად ჩანს, რომ საგებზე (ტრუნიონზე) დატანილია ქალაქ ტულის იარაღის ქარხნის (ТОЗ) დამღა ვარსკვლავის სახით. მისი საკეტის ჯგუფი დამზადებულია იჟევსკის მანქანამშენებელ ქარხანაში (ИЖМАШ), ხოლო დაბეჭდვის მეთოდით დამზადებული ლულის კოლოფი აღებულია კალაშნიკოვის ავტომატის ჩინური მოდელიდან „Type 56-1“.  როგორ შეიძლება იდენტიფიცირება, რომ ჩინური ლულის კოლოფია? ჩინური ავტომატის „Type 56-1“ ლულის კოლოფის უკნა ნაწილში (საკეც დუგლუგთან) 1 ცალი მოქლონის მაგივრად (როგორც გვხვდება საბჭოთა АКМС-სზე) აქვს 2 ცალი მოქლონი. ასევე სახლეტი კავის დამცავის წინა ნაწილი ჩინურ ავტომატზე დაფიქსირებული ორივე მხრიდან თითო მოქლონით. (საბჭოთა АКМС იგი 2 ცალია). შესაბამისად გამოდის, რომ ბრიტანეთის მუზეუმში დაცული ეგზემპლარი დამზადებულია შერეული დეტალებისგან (საბჭოთა კავშირი + ჩინეთ). ერთერთი ვერსიის თანახმად მისი დამზადება შესაძლოა კუსტარული წესით მომხდარიყო ან ავღანელი ან პაკისტანელი ოსტატების მიერ.


 

დღეს არ არსებობს რაიმე ოფიციალური დოკუმენტი რისი მიხედვითაც რომელიმე მხარის არგუმენტის სიზუსტეს ან უზუსტობას დაადასტურებდა. არსებობს მხოლოდ მოსაზრებები, ფოტოები და თეორიები სხვადასხვა სახელმძღვანელოებში. არსებობენ ადამიანებიც, რომლებიც ამბობენ, რომ ასეთი ავტომატით მსახურობდნენ ჯარში, რაც აბსურდია.
ერთერთი ვერსიით შესაძლოა რომ ავტომატი "АКМСУ" მართლაც დამზადდა რამოდენიმე ერთეული ექსპერიმენტალური სახით, რომელიც წარმოადგენდა ერთგვარ ალტერნატიულ გათვლას იმ შემთხვევაში თუკი კონკურს „მოდერნ“-ის ფარგლებში არ მოხდებოდა 5,45მმ-ანი მცირეგაბარიტიანი ავტომატის შეიარაღებაში მიღება. მაგრამ რატომ მოხდებოდა მისი დამზადება ჩინური ლულის კოლოფით?
სხვადასხვა ლიტერატურაში АКМСУ-ს ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები შემდეგნაირად გამოიყურება: კალიბრი 7,62x39; წინა ვაზნების გარეშე 2,85კგ; საერთო სიგრძე 740მმ / დაკეცილი დუგლუგით 480მმ; ლულის სიგრძე 270მმ (აღნიშნული სიგრძე სავარაუდოდ აღებულია ალმქრობიანად, რადგანაც მხოლოდ 270მმ სიგრძის ლულა ბევრად გრძელი იქნებოდა ვიზუალურად); ტყვიის საწყისი სიჩქარე 680მ/წამი; სროლის ტემპი 650-700 გასროლა წუთში.

სახელწოდება "Krinkov"
კიდევ ერთი საიდუმლოებით მოცული ფაქტი, რომელიც  "АКМСУ"-ს უკავშირდება, არის სახელწოდება "АКР" რაც იშიფრება, როგორც  "Автомат Кринкова" (კრინკოვის ავტომატი). რუსების თქმით ასეთი პიროვნება საერთოდ არ ყოფილა ჩართული ამ იარაღის შექმნაში. ჯონ უოლტერი (John Walter) წიგნში "Kalashnikov: Machine Pistols, Assault Rifles and Machine-guns, 1945 to the Present" წერს, რომ იან ჰოგის (Ian V. Hogg) მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად კრინკოვი იყო იმ საკონსტრუქტორო ბიუროს ხელმძღვანელი სადაც მოხდა აღნიშნული ეგზემპლარის დაპროექტება, თუმცა რომელი ბიუროსი? ამ შეკითხვაზე პასუხი არავის აქვს. 80-ანი წლებიდან აშშ-ში და ევროპის რიგ ქვეყნებში გავრცელდა დასახელება "Krinkov", რომელსაც ყველა შემოკლებულ კალაშნიკოვს უწოდებდნენ. ერთერთი ლეგენდის  თანახმად ბულგარეთში მოხდა ლულა დამოკლებული ავტომატების მთელი პარტია, რომელიც უცნობმა პოლკოვნიკმა გვარად "კრინკოვმა" ჩაიტანა. ერთერთი მოსაზრება ამ სახელწოდებასთან დაკავშირებით გაჩნდა აშშ-შიც, სადაც ფლორიდას შტატში არსებობდა კომპანია "Krinks", რომელიც დაკავებული იყო "აკაესუს" ტიპის მოკლე ავტომატების დამზადებით, რომელსაც მეტსახელად "Krinkov"-ები შეარქვეს. დღეს აღნიშნული კომპანია გაკოტრებულად ითვლება.
 
1994 წელს საბჭოთა კავშირმა უარი განაცხადა სპეციალური მოდიფიკაციების  "АКС74У (Н)" და АКС74УН-2 (სამიზნე მოწყობილობით НСПУМ  ინდექსი 1ПН58) წარმოებაზე. ასევე უარი ითქვა ახლად შექმნილ  „АКС74УН-3“ მოდელზეც, რომელიც  კომპლექტდებოდა НСПУ-3 (1ПН51) ტიპის სამიზნე მოწყობილობით. 90-ან წლებში АКС74У-ს ხშირად იყენებდა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო, თუმცა ქალაქის პირობებში მისი გამოყენება მაღალი შეღწევადობის გამო გარკვეულ რისკებთან იყო დაკავშირებული, ამიტომ მოხდა მისი ნაწილობრივი (არა სრული. იგი დღესაც მსახურობს რუსეთის პოლიციაში და სპეცდანიშნულების დანაყოფებში) ჩანაცვლება სხვადასხვა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებით. შესაბამისად ამავე პერიოდში უარი ითქვა საბაზისო АКС74У-ს წარმოებაზეც. ოფიციალურად АКС74У-ს წარმოება შეწყვეტილ იქნა 1994 წელს, თუმცა მარაგებში შემორჩენილი დეტალებით მისი მცირე პარტიით დამზადება მაინც ხდებოდა 2000 წლამდე.
ასე დასრულდა კონკურსი კოდური სახელწოდებით "მოდერნ". ფაქტიურად მასში ჩართული სხვადასხვა კონკურსანტების შრომა (გარდა კალაშნიკოვისა) წყალში ჩაიყარა, რადგანაც თავიდანვე გამოკვეთილი იყო, რომ კალაშნიკოვს ერგებოდა წარმატება. როგორც ჩვენი სტატიის დასაწყისში ავღნიშნე ჩემთვის პირადად ეს კონკურსი არის ერთერთი ყველაზე საინტერესო კვლევა-ძიების თემა, რადგანაც მის ფარგლებში წარმოდგენილი ყველა ეგზემპლარი გარკვეულ წილად ორიგინალური და განსხვავებულია.