Walther-ის უცნობი პროტოტიპი


მას შემდეგ რაც მომეცა ინტერნეტთან  წვდომა, ცეცხლსასროლი იარაღის ვებ აუქციონები ჩემს სისუსტედ იქცა. მე პერიოდულად ვათვალიერებ აუქციონის ლოტებს, რომელთა შორისაც ხშირად ისეთი მარგალიტები ამოტოვტივდება, რომელიც არცერთ ცნობარში და წიგნში არ შემხვედრია. სწორედ ერთერთ ინტერნეტ აუქციონზე აღმოვაჩინე პისტოლეტი, რომლის შესახებაც ჩვენი მორიგი მიკრო სტატიით შევეცდები მოგაწოდოთ ინფორმაცია. სტატიის დასაწყისშივე მინდა ვთქვა, რომ ძალიან ბევრი შეკითხვა მაქვს ამ პისტოლეტთან დაკავშირებით, თუმცა პასუხები ამ შეკითხვებს ჯერჯერობით ვერ გავეცი. ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ ჩვენი სტატიის მთავარი ობიექტი არსად არაა განხილული. შევეცდები გაგაცნოთ ეს პისტოლეტი იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რასაც ვფლობ და რასაც საფუძვლიანად ვვარაუდობ.
ეგზემპლარი რომელიც ინტერნეტ აუქციონზე დაიდო ეკუთვნის Dr. Geoffrey Sturgess-ის კოლექციას. ჩემთვის დღემდა უცნობია თუ რომელ წელს შეიქმნა აღნიშნული პროტოტიპი და რამდენი ცალი დამზადდა სულ. ფოტოებიდან თუ ვიმსჯელებთ, პისტოლეტს გააჩნია სერიული ნომერი „104“.
ერთერთ წყაროში წავაწყდი ინფორმაციას, რომ ეს პისტოლეტი 1920 წელს შეიქმნა, თუმცა ეს არ არის ოფიციალურად დადასტურებული ვერსია. ჩემი ვარაუდით პისტოლეტის პროტოტიპი შეიქმნა 30-ან წლების მეორე ნახევარში, ვალტერის ფაბრიკაში წამოწყებული პროგრამის “AP - Armee Pistole”-ს ფარგლებში, რადგანაც ამ პერიოდში ვალტერი ქმნიდა სხვადასხვა საარმიო პისტოლეტების პროტოტიპებს, რომლითაც უნდა ჩანაცვლებულიყო შეიარაღებაში არსებული “Luger Parabellum P-08”. ზუსტად ამ პროგრამის ფარგლებში შეიქმნა "Walther P-38"-ის წინაპარი “Walther AP” (Armee Pistole) და შემდგომ “Walther HP” (Heerespistole). 
 
ჩვენი სტატიის მთავარი გმირი წარმოადგენს პარაბელუმის იდენტური ჩამკეტი ბერკეტის მქონე ეგზემპლარს, თუმცა განსხვავდება იმით, რომ მისი ლულა სროლისას უძრავია, ხოლო საკეტის გახსნა შენელებულია სპეციალური მექანიზმის მეშვეობით. პისტოლეტის მთავარ უპირატესობას და უნიკალურობას წარმოადგენს მისი მაღალი ტევადობის სავაზნე კოლოფი (მჭიდი), რომელიც 16 ცალ 9მმ-ან პარაბელუმის ვაზნას (9x19 Parabellum) იტევს. 30-ან წლებში 9მმ-ანი პისტოლეტების მჭიდში რეკორდულ მაჩვენებლად ითვლებოდა ბრაუნინგის მიერ შექმნილი პისტოლეტი High Power (FN GP35), რომელშიც 13 ცალი ვაზნა ჩადიოდა.

ვალტერის პროტოტიპის მჭიდი არის ორრიგიანი და უკანა მხრიდან გააჩნია ოთხი ცალი ნასვრეტი. ნასვრეტები მარკირებულია ციფრებით 4.8,12,16. აღნიშნული ნასვრეტებით შესაძლებელია იმის იდენტიფიცირება, თუ რამდენი ცალი ვაზნაა დარჩენილი მჭიდში. საკმაოდ საინტერესო ფორმისაა აგრეთვე მჭიდის ვაზნების მიმწოდებელი დეტალიც.
სურათზე გამოსახულია მჭიდის ვაზნების მიმწოდებელი, რომელიც ჩანს პისტოლეტის ღია საკეტიდან
ვინაიდან პისტოლეტში გამოიყენება ორრიგიანი მჭიდი, პისტოლეტის ჩარჩოს ტარი არის  განიერი. მასში მჭიდის დაფიქსირება ხდება ტარის ქვემოთ განთავსებული ფიქსატორის მეშვეობით.

პისტოლეტის ტარის ლოყები დამზადებულია ხისგან და არის მთლიანი ფორმის, რომელიც გარედან ეცმევა ტარის ჩარჩოს. ლოყების დაფიქსირება ჩარჩოზე ხდება წვრილი ღერძის მეშვეობით. აღნიშნული ღერძი გაყრილია გვერდიდან ტარის შუა ნაწილში.
მცველის ბერკეტი განთავსებულია ჩარჩოზე მარცხენა მხრიდან. აღნიშნული ბერკეტის გადაწევისას ხდება სასხლეტი კავის ბლოკირება.
წინა სამიზნე მოწყობილობა განთავსებულია ლულის ბოლოში, ხოლო უკანა სამიზნე დამაგრებულია საკეტის ბერკეტზე.
ჩარჩოს უკანა ნაწილში მარცხენა მხრიდან დატანილია წარწერა [Waffenfabrik Walther Zella Mehlis Thür Cal 9mm.]  ლულისა და ჩარჩოს გადაბმის ადგილას კი დატანილია ვალტერის სავაჭრო ნიშანი.
პისტოლეტის ხედი ზევითა მხრიდან

No comments:

Post a Comment