Showing posts with label საჭორაო (კითხვა-პასუხი). Show all posts
Showing posts with label საჭორაო (კითხვა-პასუხი). Show all posts

დივერსიული ვაზნები

ჩვენი გვერდის მკითხველმა ერთერთი სტატიის ქვეშ დაგვისვა შეკითხვა ვაზნებზე, რომელიც იარაღის გასანადგურებლად არის განკუთვნილი. შევეცდები გავცე პასუხი ამ შეკითხვას  მცირე სტატიის სახით. 

იარაღის გასანადგურებლად შექმნილი ვაზნები უდავოდ არსებობს თუმცა, მათი გამოყენება არ ხდება მასიურად. არც კონკრეტული სტატისტიკა არსებობს იმის შესახებ თუ რამდენი იარაღი იქნა განადგურებული ასეთი ვაზნებით. 

ისტორიულად რომ გადავავლოთ თვალი, ასეთი დანიშნულებით შექმნილი ვაზნების შედარებით მასიური გამოყენება ხდებოდა მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანელების მიერ. ითვლება, რომ სწორედ ბრიტანელები არიან ამ კუთხით პიონერები და პირველი ვაზნები იარაღის „გასაფუჭებლად“ მათ შექმნეს. ეს დივერსიული ვაზნები ვიზუალურად არ განსხვავდებოდა გერმანული შაშხანის საშტატო ვაზნისგან 7,92x57mm Mauser. შესაბამისად გარეგნული დათვალიერებით მათი იდენტიფიცირება იყო შეუძლებელი.  მათი წონაც (მასა) იყო საშტატო ვაზნის იდენტური, რათა ხელში დაჭერისას ეჭვი არ აეღო მებრძოლს.

7,92x57mm Mauser -ის ტიპის დივერსიული ვაზნა 

ასეთი ვაზნები დენთის ნაცვლად დამუხტული იყო უფრო ძლიერმოქმედი ასაფეთქებელი ნივთიერებით. გასროლის დროს კაფსულ-მაალებელი იწვევდა დეტონატორის ამოქმედებას და ლულის სავაზნეში ვაზნის აფეთქებას, რომელიც მყისიერად აზიანებდა იარაღს და ხშირ შემთხვევაში თავად მსროლელსაც.

დივერსიული ტიპის ვაზნები ყუთებით იყრებოდა თვითმფრინავებიდან, ან სპეციალურად ტოვებდნენ ისეთ ადგილებში, სადაც დიდი ალბათობით მოხვდებოდნენ გერმანელი მებრძოლები და ნაალაფარის სახით ხელში ჩაიგდებდნენ ვაზნებს.

იგივე მიზნით ჯერ კიდევ ავღანეთის ომის პერიოდში, ხოლო შემდეგ უკვე რუსეთ-ჩეჩნეთის ომში, რუსების მიერ გამოიყენებოდა საბჭოთა კავშირის დროს შემუშავებული სპეციალური ვაზნები შიფრით „Искра“.

"Искра"-ს შემთხვევაში იარაღის დაზიანება ხდება შემდეგი პრინციპით: ტყვიას ბოლოში ჰქონდა მყარი ფოლადისგან დამზადებული კუდი, ყოველგვარი პერანგის გარეშე. აღნიშნული კუდი დამალული იყო მასრაში და წარმოადგენდა ერთგვარ წამყვან ნაწილს. შესაბამისად გასროლის დროს ასეთი ტყვია ლულის არხში შესვლისას იჭედებოდა ჭრილებში, რაც იწვევდა როგორც ჭრილების დაზიანებას, ასევე ლულის გაბერვას, გახეთქვას და რიგ შემთხვევებში საკეტის/იარაღის სხვა დეტალების დაზიანებას.

საბჭოთა კავშირში პროექტ "Искра"-ს ფარგლებში შემუშავდა საშტატო ვაზნების სპეციალური დივერსიული ვარიანტები. 9x18 ПМ მაკაროვის პისტოლეტის ვაზნა და შუალედური ვაზნები 7,62x39 / 5.45x39. გარკვეული წყაროების თანახმად ჩეჩნეთის ომის პერიოდში ასევე შეიქმნა 9x39 ტიპის ვაზნის დივერსიული ვარიანტი, რომელიც აფეთქებით აზიანებდა იარაღს.

მადლობა ჩვენი გვერდის მკითხველს ამ შეკითხვისთვის და იმედი მაქვს ამომწურავად ვუპასუხეთ მას.

ვინ იყო პირველი?

გვერდის მკითხველმა ერთერთ სტატიაში სახელწოდებით „პოლონელებისპასუხი ჩეხურ "მორიელს" [ "კიბო" PM-63 ]“  დაგვისვა შეკითხვა, რომელიც ეხება ისეთ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებს, რომელთაც მჭიდი ცეცხლის სამართავ პისტოლეტისებურ სახელურში აქვს განთავსებული.
 
პირველ რიგში მადლობა Misho –ს შეკითხვისთვის და შევეცდები მოკლედ ჩამოვაყალიბო პასუხი აღნიშნულ შეკითხვაზე.
ეს შეკითხვა მეც გამჩნდა დიდი ხნის წინ. ვის ეკუთვნის პირველობა ასეთი აგებულების პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის შექმნაში? თუ გადავხედავთ ცეცხლასროლი ირაღის განვითარების ისტორიას, რიგ წყაროებში მოხსენიებულა, რომ ასეთი იყო ავსტრალიური პისტოლეტ ტყვიამფრქვევი "Kokoda", რომლიდანაც უკვე წარმოიქმნა საცდელი ეგზემპლარები Kokoda MCEM-1 და Kokoda MCEM-2. ასეთ პასუხს არ დავკმაყოფილდები და შევეცდები ქრონოლოგიის დაცვით მივყვე საკითს.
1930-1934 წლები
ჯერ კიდევ 1930 წელს იაპონიაში გამოჩნდა Kijiro Nambu -ს კონსტრუქციის საცდელი მოდელი "Nambu Type 1", რომელიც 8მმ-ან ვაზნებზე იყო გათვლილი და პისტოლეტისებურ სახელურში განთავსებული მოხრილი მჭიდით „იკვებებოდა“.
"Nambu Type 1" 1930 წელი
აღნიშნული იარაღი 30-ანი წლების შუალედში იაპონიის არმიაშ გადიოდა გამოცდებს, მაგრამ საბოლოოდ დააუარეს. მიუხედავად ამისა იგი მაინც მოხვდა მცირე რაოდენობით იაპონიის ფლოტის საზღვაო ქვეითთა რიგებში და ცნობილია, რომ 1937 წელს გამოიყენეს ჩინეთის ტერიტორიაზე ჩატარებული საბრძოლო ოპერაციების დროს.
"Nambu Type 1" 1934 წელი
1938 წელს ნამბუს პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი გამოცადეს ინგლისში, როგორც ტანკების და ჯავშანმანქანების ეკიპაჟისთვის განკუთვნილი პოტენციური იარაღი, თუმცა საბოლოოდ არც აქ გაუმართლა „Nambu Type 1“ -ს, რადგანაც მასში გამოყენებული ვაზნა 8х22 Nambu იყო სუსტი და არავინ იყინებდა  გარდა იაპონელებისა. ასევე საიმედოობის კუთხითაც იყო გარკვეული პრობლემები.
1942
1942 წელს საბჭოთა კავშირში გამართულ კონკურსზე წარმოდგენილ იქნა ნიკალაი რუკავიშნიკოვის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი, რომლის მჭიდიც პისტოლეტისებურ ტარში თავსდებოდა.
ასევე მასში გამოიყენებოდა ეგრედწოდებული ტელესკოპური საკეტის პრინციპი, სადაც საკეტი წინ გადაადგილებისას ლულის პარალელურად მოძრაობს. აღნიშნული ეგზემპლარი გამოიცადა შჩუროვოს პოლიგონზე (НИПСВО), თუმცა იგი არატექნოლოგიურად მიიჩნიეს და დაბრაკეს.
 
1942-1943
ავსტრალიაში მაიორ ერიკ ჰოლის (Eric Hall) თაოსნობით შეიქმნა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი „Kokoda“, რომლის გადამუშავებაც დაწყებულ იქნა 1943 წელს და საბოლოოდ მიიღო სახელწოდება MCEM-1 (MachineCarbine Experimental Model 1). „MCEM“ ასეთი სახლწოდებით ბრიტანეთში ტარდებოდა  საკონკურსო პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავდა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის შერჩევას.

Kokoda MCEM-1
Kokoda MCEM-1-ის გამოცდა მოხდა 1947 წლის 8-16 სექტემბერს ბრიტანეთში. იგი იმდენად გაცხელდა საცდელი სროლებისას, რომ შედუღების ადგილებში მოირყა და შეიძლება ითქვას ნაკერებზე დაშლა დაიწყო. შემდეგ შეიქმნა მისი გადამუშავებული ვარიანტი “Kokoda 2” (იგივე Kokoda MCEM-2).
Kokoda MCEM-2
(ეს უკანასკნელი არ უნდა აგვერიოს პლონელი კონსტრუქტორის Jerzy Podsendkowski -ის მიერ შექმნილ MCEM-2 -ში. ისიც იგივე კონკურსში იღებდა მონაწილეობას და ამიტომ ჰქონდა მინიჭებული სახელწოდება MCEM).

1943 წელი
1943 წელს იტალიელმა კონსტრუქტორმა ჯუზეპე ოლიანიმ (Giuseppe Oliani) შექმნა საკუთარი კონსტრუქციის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი, რომელიც რამოდენიმე საცდელი ეგზემპლარის სახით დაამზადა კომპანიამ „Armaguerra Cremona”. მოდელს მიენიჭა სახელწოდება "Armaguerra OG-43"
 Armaguerra OG-43
დღეს ცნობილია, მხოლოდ ერთი ცალი ეგზემპლარის ვინაობა, რომელიც შვეიცარიაში კერძო მფლობელის კოლექციაში ინახება. აღნიშნულ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევს საერთოდ არ აქვს პისტოლეტისებური სახელური. მის როლს ასრულებს მჭიდის მიმღები ყელი და მასზე მორგებული მჭიდი.

1944
1944 წელს ბრიტანეთში ემიგრირებულმა პოლონელმა კონსტრუქტორმა (წოდებით ლეიტენანტმა) Jerzy Podsendkowski-მ შექმნა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი "MCEM–2" (Machine Carbine Experimental Model 2).
"MCEM–2" (Machine Carbine Experimental Model 2)
მისი შექმნის მიზნი იყო ის, რომ ბრიტანელებს შეეცვალათ შეიარაღებაში არსებული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი „STEN“. საბოლოოდ არც ამ მოდელს ხვდა წილად გამარჯვება.

1946
1946 წელს ჩეხოსლოვაკიაში ძმებმა ჟოზეფ (იოსეფ) და ფრანტიშეკ კოუცკებმა (Josef Koucký  / František Koucký) შექმნეს პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი სახელწოდებით ZK-476. 
ZK-476
იგი საცდელი სახით ორ ვარიანტში დამზადდა: 1. მუდმივი (არა საკეცი) კონდახით; 2. მეტალის საკეცი დუგლუგით.
ZK-476 მეტალის საკეცი დუგლუგით

1947-1948
1947 წელს ჩეხოსლოვაკიაში გამართულ კონკურსზე წარმოდგენილ იქნა CZ-ში დაპროექტებული პისტოლეტ ტყვიამფრქვევის საცდელი პროტოტიპები სახელწოდებით CZ-447 (1947) და CZ-148 (1948).
 1946-1948 წელს ჩეხოსლოვაკიაში დამზადებული საცდელი პროტოტიპები
სწორედ CZ-447 -ის პროტოტიპმა მოიპოვა გამარჯვება, რის შემდეგაც მოხდა მისი გადამუშავება და შეიარაღებაში მიღება. პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის კონსტრუქტორი იყო იაროსლავ (იან) ჰოლეჩეკი (Jaroslav Holeček) , რომელსაც ეხმარებოდნენ ფრანტიშეკ მიშკა, იან კრატოჩვილი ვ.ზიბარა და ი.ჩერმაკი. (ბევრი აღნიშნული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის შექმნას მიაწერს ვაცლავ ჰოლეკს, რაც არაა სწორი. მეც ხშირად შეცდომით ჰოლეკის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევად მოვიხსენიებდი ხოლმე მას).

 CZ-447
1948 წელს Cz-447 გადამუშავდა და ამავე წლის აგვისტოს თვეში ოფიციალურად იქნა შეიარაღებაში მიღებული. შეიარაღებაში მიღებისას პისტოლეტ-ტყვიამფრქვევს მიენიჭა სახელწოდება "9 mm samopal vz. 48a" (Sa Vz.48a) (ხის მუდმივი კონდახით) და "9 mm samopal vz. 48b" (Sa Vz.48b)  (მეტალის საკეცი დუგლუგით). 1949 წელს CZ-ს ქარხანაში დაწყებულ იქნა მათი სერიული წარმოება. 1950 წლის გაზაფხულს აღნიშნული მოდელების სახელწოდება შეიცვალა და მიენიჭათ შემდეგი დასახელებები: Sa vz. 48a გახდა Sa 23, ხოლო Sa vz. 48b გახდა Sa 25.
Sa 25
1950 წლის მიწურულს ვარშავის შეთანხმების შესაბამისად 9მმ-ანი ვაზნა (9x19) უნდა ჩანაცვლებულიყო ვაზნით 7,62х25 ТТ, რომელიც ვარშავის შეთანხმების თანახმად უნიფიცირებულ ვაზნას წარმოადგენდა.
Sa 24
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შეწყდა  Sa vz. 48a (Sa 23) და Sa vz. 48b (Sa 25) მოდელების წარმოება და 1951 წელს მათ მაგივრად დაიწყო 7,62х25 ТТ ტიპის ვაზნაზე გათვლილი მოდელების წარმოება, რომელიც შეიარღებაში წავიდა შემდეგი დასახელებებით Sa 24 (მუდმივი ხის კონდახით) და Sa 26 (საკეცი მეტალის დუგლუგით). 9მმ-ან ვაზნაზე გათვლილი Sa vz. 48a (Sa 23) და Sa vz. 48b (Sa 25) მოდლები გადაეცათ პოლიციას, ხოლო ნაწილი გატანილ იქნა ექსპორტზე.

1949-1951 წლები
1949 წელს ისრაელში წარმოდგენილ იქნა მაიორ ჩაიმ კარას (Chaim Kara) მიერ შემუშავებული პროტოტიპი სახელწოდებით „9mm KARA Model K-12“, რომელიც 1950 წელს გადიოდა გამოცდებს. ამავე წელს  იწყება UZI-ს ისტორია, რომლის პროტოტიპზე მუშაობაც უზიელ გალმა დაიწყო 1949 წელს (რიგი წყაროების თანახმად მუშაობა დაწყებულ იქნა 1948 წელს, ხოლო რიგი წყაროების თანახმად კი 1950 წელს) და მზა პროტოტიპი წარმოადგინა 1951 წელს.
 50-ანი წლების დასაწყისში ისრაელის შეიარაღებული ძალების მიერ გამართულ კონკურსზე სწორედ „KARA Model K-12“ იყო უზის მთავარი კონკურენტი, რა დროსაც უზიმ დაამარცხა იგი და 1954 წელს მიღებულ იქნა შეიარაღებაში.
ფოტოზე მოყვანილია "UZI" ხის მუდმივი (არასაკეცი) კონდახით, რომელიც მიეკუთვნება პირველ საპილოტე პარტიას. შემდგომ შეიცვალა კონდახის გეომეტრია. ხოლო 1956 წელს დღის სინათლე იხილა მეტალის საკეცი დუგლუგის მქონე პირველმა ვარიანტმა
ამის შემდეგ უკვე სხვადასხვა ქვეყნებშიც მოხდა ანალოგიური კონფიგურაციის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებზე მუშაობა, რომელზე საუბარიც უკვე სულ სხვა სტატიის თემაა J. იმედი მაქვს ამომწურავად გავეცით პასუხი მიშოს შეკითხვას. კიდევ ერთხელ მადლობა შეკითხვისთვის!

რატომ ფორმდება CZ-61S Šcorpion შენახვის უფლებით?

გვერდის მკითხველმა ვიდეო მიმოხილვაში ჩეხური „მორიელის“ (CZ-61S Šcorpion) შესახებ  დაგვისვა შეკითხვა.
 
გოჩა პირველ რიგში მადლობა შეკითხვისთვის. რაც შეეხება პასუხს აღნიშნულ შეკითხვაზე თავიდანვე მინდა ავღნიშნო, რომ ჩემი პასუხი ვერ იქნება 100%-ით ზუსტი. ეს არის უბრალოდ ჩემი მოსაზრება, რომელიც ვფიქრობ არის სიმართლესთან ახლოს, თუმცა შეიძლება ობიექტური რეალობა იყოს განსხვავებული.
თავდაპირველად როდესაც შევიძინე სკორპიონი მეც გამიჩნდა ეს შეკითხვა და პირველი იდეა რაც თავში მომივიდა იყო ის, რომ რადგან იგი საკმაოდ კომპაქტურია, საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე მომსახურების სააგენტო არეგისტრირებს მას, როგორც თვითდამტენ პისტოლეტს. თუმცა ეს „ჰიპოთეზა“ გამოვრიცხე იმ მიზეზით, რომ საქართველოში შენახვა/ტარების უფლებით რეგისტრირდება ასევე თითქმის იგივე გაბარიტების მქონე გერმანული ცეცხლსასროლი იარაღი GSG 5K, რომელიც წრიული აალების .22LR ვაზნაზეა გათვლილი.
ჩემი აზრით „ძაღლის თავი“ იმალება იმ დოკუმენტაციაში, რომელიც ქარხნულად მოყვება იარაღს საწარმოდან. CZ-61S Šcorpion ქარხნიდან მოდის, როგორც თვითდამტენი პისტოლეტი და შესაბამისად საქართველოში შემოტანისას იგი დეკლარირდება, როგორც პისტოლეტი და არა როგორც სანადირო კარაბინი ან შაშხანა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო არეგისტრირებს მას, როგორც ცეცხლსასროლ პისტოლეტს. ამიტომ ამ იარაღზე ვრცელდება კანონი თავდაცვით მოკლელულიან ცეცხლსასროლ იარაღზე და მფლობელზე იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა გაიცემა A კატეგორიით, რაც ითვალისწინებს მხოლოდ შენახვას.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ გერმანული GSG 5K მწარმოებლის თქმით ასევე ითვლება პისტოლეტად, მაგრამ შესაძლოა იგი საქართველოში შემოტანის დროს არ იქნა დეკლარირებული, როგორც პისტოლეტი და ამიტომაც მოხდა მისი რეგისტრირება, როგორც სანადირო იარაღი, რომელზეც უკვე B კატეგორიის მოწმობა გაიცემა, რაც შენახვა-ტარებას ითვალისწინებს.
მოკლედ ესაა ჩემი სუბიექტური მოსაზრება და არა ჭეშმარიტება. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ შეიძლება მე ვცდები და ობიექტური მიზეზი იყოს სულ სხვა რამ.

და მაინც რა არის ეს "ნულევოი" / "ნულავოი" მაკაროვი?

რამოდენიმე დღის წინ ჩვენს ბლოგზე, სტატიაში "მაკაროვისპისტოლეტი კონკურსიდან-დღემდე",  დაგვისვეს შეკითხვა, რომელიც ეხებოდა მაკაროვის პისტოლეტის უაკანა სამიზნეს. უფრო კონკრეტულად კი ე.წ. „ნულევოი“ მაკაროვის თემას.  აღნიშნულიდან გამომდინარე გადავწყვიტე ამ შეკითხვას ვრცელი პასუხი გავცე და სტატიის სახით გამოვაქვეყნო.
 
მხოლოდ საქართველოში თუ გავიგონებთ შემდეგ ფრაზებს:
- „იყიდება გენერალსკი ნულევოი მაკაროვი!“
- „ნულევოი მაკაროვი ყველაზე ზუსტია!“
- „ნულევოი მაკაროვს მხოლოდ მაღალჩინოსნებს ურიგებდნენ“
შესაბამისად ვისაც „ნულევოი“ მაკაროვი აქვს ჰგონია, რომ რაღაც ზებუნებრივ პისტოლეტს ფლობს. რეალურად კი იგი არ განსხვავდება არაფრით სხვა მაკაროვებისგან, რომლებსაც უკანა სამიზნეზე დატანილი აქვს მარკირება 1, 2, 3, 4 ან 5.
პირველ რიგში დავიწყოთ იმით, თუ საიდან მოდის ტერმინი „ნულევოი“ მაკაროვი.
როგორც მოგეხსენებათ მაკაროვის პისტოლეტის უკანა სამიზნეზე დატანილია სხვადასხვა ციფრები ეს შეიძლება იყოს 1, 2 და აშ. რას აღნიშნავს ეს ციფრები?
მაგალითად აღნიშნული მაკაროვის უკანა სამიზნე მარკირებულია 3-ანით
სხვადასხვა ინტერნეტ გვერდებზე თუ ფორუმებზე შეიძლება შეხვდეთ ამ ციფრების არასწორ განმარტებას. მაგალითად ბევრგან საუბრობენ იმაზე, რომ თუ 0 აწერია (ან საერთოდ მარკირების გარეშეა) უკანა სამიზნეს, მაშინ ეს პისტოლეტი ისვრის ზუსტად 12 საათის მიმართულებით და ამიტომ არის ყველაზე ზუსტი. ხოლო მაგალითისთვის თუ სამიზნეს აწერია 2, ესეიგი დამიზნების დროს მას მიაქვს 2 საათის მიმართულებით. ანუ ოდნავ მარჯვენა ზედა კუთხეში. ეს არის მტკნარი სიცრუე და ნუ დაუჯერებთ ამ კომენტარებს.
რეალურად მარკირებები ციფრების სახით მაკაროვის სისტემის პისტოლეტის (ПМ) უკანა სამიზნეზე, ნიშნავს კონკრეტულ ჯგუფს, რომელშიც იგულისხმება სამიზნის სიმაღლე. აღნიშნული ჯგუფების მნიშვნელობა მცირედით იცვლებოდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში. მაგალითად თავდაპირველად მაკაროვის წარმოების დაწყებისას მოქმედებდა ასეთი სტანდარტი:
მარკირება უკანა სამიზნეზე
უკანა სამიზნეს სიმაღლე
ჯგუფი 0 / მარკირების გარეშე
4,1 მმ
ჯგუფი 1
5,1 მმ
ჯგუფი 2
5,4 მმ
ჯგუფი 3
5,7 მმ
ჯგუფი 4
6,0 მმ
ჯგუფი 5
6,3 მმ
ჯგუფი 6
6,6 მმ

შემდგომ აღნიშნული სტანდარტში კვლავ შევიდა გარკვეული ცვლილებები.
მარკირება უკანა სამიზნეზე
უკანა სამიზნეს სიმაღლე
ჯგუფი 0
5 მმ
ჯგუფი 1
5,25 მმ
ჯგუფი 2
5,5 მმ
ჯგუფი 3
5,75 მმ
ჯგუფი 4
6 მმ
ჯგუფი 5
6,25 მმ

გვხვდება ასეთი სტანდარტიც
მარკირება უკანა სამიზნეზე
უკანა სამიზნეს სიმაღლე
ჯგუფი 1
4,75 მმ
ჯგუფი 2
5,00 მმ
ჯგუფი 3
5,25 მმ
ჯგუფი 4
5,50 მმ
ჯგუფი 5
5,75 მმ
ჯგუფი 6
6,00 მმ
ჯგუფი 7
6,25 მმ

 ბოლოს გარკვეული პერიოდი ასეთი სტანდარტი მოქმედებდა
მარკირება უკანა სამიზნეზე
უკანა სამიზნეს სიმაღლე
ჯგუფი 0
5 მმ
ჯგუფი 1
5,25 მმ
ჯგუფი 2
5,5 მმ
ჯგუფი 3
5,75 მმ
ჯგუფი 4
6 მმ
ჯგუფი 5 (იგივე ЗИП) / შესაძლოა იყოს მარკირების გარეშე
6,2 მმ

ანუ აქ იგულისხმება, რომ თუკი მაკაროვის უკანა სამიზნე მარკირებულია პირობითად 2-ანით, ესეიგი მისი სიმაღლე შეადგენს 5,5მმ-ს. თუ მარკირებულია 4-ანით, ესეიგი მისი სიმაღლე შეადგენს 6მმ-ს.
რა საჭიროა ასეთი მარკირება და განსხვავებული სიმაღლის უკანა სამიზნეები?
როდესაც ქარხანაში ხდება პისტოლეტის მისროლა, კონკრეტული ეგზემპლარისთვის ხდება კონკრეტული სიმაღლის უკანა სამიზნის მორგება. მაგალითად თუ ქარხნული მისროლის დროს აღმოჩნდა, რომ პისტოლეტზე აყენია უკანა სამიზნე მარკირებით 2 (ჯგუფი 2) და ტყვიები ხვდება დამიზნების წერტილიდან ქვევით, ამ შემთხვევაში უნდა დაყენდეს უფრო მაღალი უკანა სამიზნე, პირობითად ჯგუფი 3 ან შესაძლოა 4. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დაბლა მიაქვს პისტოლეტს. შესაძლოა რომ პირიქითაც მოხდეს. ანუ მაღლა მიჰქონდეს პისტოლეტს და უკანა სამიზნე შეცვალონ უფრო დაბალი სამიზნით. ეს ნუმერაცია ასევე ეხმარება ოსტატს, რომელიც სარემონტო სამუშაოებს ასრულებს. თუკი პისტოლეტი მოხვდა ოსტატთან, იმ მიზეზით, რომ პისტოლეტს მიაქვს მაღლა ან დაბლა, მაშინ ოსტატი შეეცდება შეარჩიოს შესაბამისი (ოპტიმალური) სიმაღლის სამიზნე და დააყენოს კონკრეტული ჯგუფი. (ან აიღოს ყველაზე მაღალი უკანა სამიზნე და დაქლიბოს კონკრეტული ჯგუფის სიმაღლემდე).
ეს ჯგუფები შესულია მაკაროვის პისტოლეტის სარემონტო სახელმძღვანელო ინსტრუქციაშიც. ფოტოზე შეგიძლიათ იხილოთ ინსტრუქციიდან ამოღებული ნახაზი. ინსტრუქცია დაბეჭდილია 1971 წელს.
და რა ხდება იმ შემთხვევაში თუ სროლისას ტყვია დამიზნების წერტილს ცდება მარჯვინ ან მარცხნივ? ამ შემთხვევაში უკანა სამიზნის სიმაღლე რჩება უცვლელი, მაგრამ ხდება ჰორიზონტალური შესწრორებები. ანუ უკანა სამიზნის ჩამაგრების ადგილიდან მცირედი გადაადგილება. მაგალითად თუკი პისტოლეტს მიაქვს მარჯვნივ, მოხდება უკანა სამიზნის მცირედი გადაწევა მარცხნივ. თუკი დამიზნების წერტილიდან მარცხნივ ხვდება ტყვიები, მაშინ უკანა სამიზნე ჩამაგრების ადგილში მცირედით დაიძრება მარჯვნივ.
როგორც ხედავთ, არაფერი განსაკუთრებული და ზებუნებრივი არაა იმ მაკაროვის პისტოლეტში, რომელსაც უკანა სამიზნე მარკირებული აქვს 0-ანით. ეს არის ერთგვარი არასწორი ინტერპრეტაცია, რომელიც ვიღაცამ სადღაც გააჟღერა და სხვებმაც აიტაცეს.
P.S.
ცნობისთვის ანალოგიური ჯგუფები (მარკირებები) შეიძლება შეგხვდეს სხვადასხვა პისტოლეტის უკანა სამიზნე მოწყობილობებზე და ეს ჯგუფები, გარდა რიცხვებისა, შეიძლება იყოს ალფავიტური სახისაც. მაგალითად საქართველოს საპატრულო პოლიციის შეიარაღებაში არსებული პისტოლეტების (HS-9) უკანა სამიზნეებზეც გხვდება ჯგუფების აღნიშვნა, რომელიც ალფავიტური სახისაა.
HS-9 და HS2000 ჯგუფები
მარკირება უკანა სამიზნეზე
უკანა სამიზნეს სიმაღლე
G
5,80 მმ
სამიზნე მარკირების გარეშე
6.30 მმ
D
6,80 მმ

ქვემოთ მოყვანილი ცხრილი ამოღებულია HS2000 -ის ინსტრუქციიდან

მადლობა Otari-ს შეკითხვისთვის და იმედი მაქვს ამომწურავად გაგეცით პასუხი :)