Showing posts with label ვაზნები. Show all posts
Showing posts with label ვაზნები. Show all posts

.14-222

ზესწრაფი ვაზნა  აღნიშვნით .14-222 შეიქმნა 1985 წელს მცირე სამუშაო ჯგუფის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობდა ჰელმუტ საკშეკი (Helmut W. Sakschek). მათ აიღეს .222 Remington-ის მასრა, შეუვიწრევოს ყელი და ჩასვეს 3,55 მმ-ანი ტყვია (ამერიკული საზომი სისტემით ტყვიის კალიბრი შეადგენდა .14-ს). სწორედ აქედან მოდის ვაზნის აღნიშვნა .14-222 (პირველი ციფრები გახლავთ ტყვიის კალიბრი, ხოლო მეორე დონორი მასრის აღნიშვნა). რეალურად ტყვიის დიამეტრი მერყეობდა 3,55-3,66მმ-მდე.

ვინაიდან ვაზნა .14-222 იყენებდა .222 Remington-ის მასრას, მისი ფუუძე დარჩა უცვლელი სახით. იგი იყო რანტის გარეშე და ე.წ. Small Rifle ტიპის კაფსულ მაალებლით. მასრის სიგრძე შეადგენდა 43,18მმ-ს, ხოლო მთლიანი ვაზნის სიგრძე 48,77მმ-ს. ექსპერიმენტების შედეგად გამოვლინდა, რომ ლულაში არსებული ჭრილების ოპტიმალური ბიჯი გახლდათ 10 ინჩი. HP ტიპის 0,74 გრამიანი ტყვიის საწყისი სიჩქარე შეადგენდა 1361მ/წამს, ხოლო ტყვიის ენერგია ლულის დატოვების მომენტში 685 ჯოულს. საბოლოო ჯამში ვაზნამ ვერ ჰპოვა გავრცელება ვერც მონადირეთა წრეში, ვერც ვარმინტის მოყვარულებში და არც ზუსტი მსროლელების ბანაკში მოიძებნა მისთვის ადგილი. ფაქტიურად ამ ვაზნის ეფექტური გამოყენების მანძილი შეადგენდა სულ რაღაც 100 მეტრს. ამ დისტანციაზე ბევრი სხვა სერიული ვაზნა იძლეოდა უკეთეს მაჩვენებლებს, შესაბამისად .14-222 მალევე მიეცა მივიწყებას.

ფლობერის (Flobert) ვაზნებზე გათვლილი იარაღი

90-ან წლებში საქართველოში პოპულარობით სარგებლობდა გაზის იარაღები (ე.წ. „გაზოვი“ ხშირად უწოდებდნენ აგრეთვე „გაზავოი“ იარაღებსაც). გაზის იარაღების პოპულარულობას განაპირობებდა ის ფაქტორი, რომ იგი ტარების უფლებით ფორმდებოდა, საქართველოსთვის ახალი ხილი იყო და მის მფლობელებს ნაკლებად აინტერესებდათ რეალურად გამოსადეგი იყო თუ არა მსგავსი იარაღი თავდაცვისათვის. თუმცა უმეტესად ხალხი გაზის იარაღს მაინც სამარიაჟოდ ყიდულობდა. იმ პერიოდში ქალაქ თბილისში, დელისის მიმდებარე ტერიტორიასთან ფუნქციონირებდა იარაღის მაღაზია (სამწუხაროდ მაღაზიის სახელი აღარ მახოვს), რომელმაც საქართველოში პირველად შემოიტანა ფლობერის 6მმ-ან წრიული აალების ვაზნებზე გათვლილი გერმანული მწარმოებლის „Cuno Melcher ME Sportwaffen“-ის რევოლვერები სახელწოდებით “ME 38 Magnum-6R”.
მათი ფასები თავდაპირველად 290-380 ლარამდე მერყეობდა, შემდგომ კი 480 ლარი ღირდა. რევოლვერები სწრაფად იყიდებოდა და ამის მიზეზი გახლდათ ის, რომ იგი ტარების უფლებით ფორმდებოდა, ხოლო გაზის იარაღისგან განსხვავდებოდა იმით, რომ ისროდა არა გაზის კვამლის ღრუბელს, არამედ 6მმ-ან სფეროსებრ ტყვიას.  ამავე მაღაზიის მისაღებ დარბაზში იდგა რუსული არაემალირებული სათლი (ვედრო), რომელსაც სადემონტრაციო სახით ჰქონდა “ME 38 Magnum-6R”-იდან ნასროლი 6მმ-ანი ტყვიის ანაბეჭდები. დაახლოებით 10-15 ნატყვიარიდან მხოლოდ 3-4 იყო გახვრეტილი, ხოლო დანარჩენი კი იყო უბრალოდ ჩანაჭყლეტი სახის.
შემდეგ ბაზარზე გამოჩნდნენ უფრო ძლიერი მოთამაშეები საფანტის მოკლელულიანი იარაღები ე.წ „დრაბავიკები“, რომელთა მფლობელებიც ხშირად კუსტარულად ახდენდნენ ვაზნების მოდერნიზებას, კერძოდ:  უმატებდნენ დენთის მუხტს, წვრილი საფანტის ნაცვლად მუხტავდნენ უფრო მსხვილით, მასრაში საფანტის ნაცვლად დებდნენ ტყვიისაგან ჩამოსხმულ ჟაკანის მსგავს ტყვიას, რაც ხშირ შემთხვევაში ფატალური შედეგით მთავრდებოდა ან იარაღისთვის და მისი მფლობელისათვის, ან კიდევ იმათთვის ვისაც ეს ფანტაზიის და მარჯვე ხელების შედეგად შექმნილი ჭურვი მოხვდებოდა. (მე ბევრი ისტორია მსმენია ამგვარ იმპროვიზაციაზე, მაგრამ ერთერთი ყველაზე მეტად დამამახსოვრდა, როდესაც გაურკვეველმა პირებმა ჩემი მეგობარი დაჭრეს და ვაზნა პატარა ქვის ნამტვრევებით და ქვიშით იყო დამუხტული). მას შემდეგ, რაც კანონში შევიდა ცვლილებები და მოკლელულიანი საფანტის იარაღის გაფორმება ხდება მხოლოდ А კატეგორიის მოწმობით, რომელიც იარაღის შენახვას გულისხმობს, საფანტის იარაღებიც დავიწყებას მიეცა, ხოლო ფლობერის 6მმ-ან და 4მმ-ან ვაზნებზე გათვლილი რევოლვერები კი კვლავ ტარების უფლებითაა. ჩვენი სტატიაც სწორედ ამ ვაზნებზე და მათზე გათვლილი მოკლელულიანი იარაღის შესახებ იქნება.
საქართველოში ხშირად შევხვდებით ადამიანებს, რომლებიც შესაძლოა გვირჩევდნენ თავდაცვითი მიზნებისთვის ისეთ ვაზნაზე გათვლილ იარაღს, რომელიც არასოდეს არ ყოფილა შექმნილი ამ მიზნისათვის. სწორედ ასეთ ვაზნას განეკუთვნება ჩვენი დღევანდელი სტატიის გმირი, რომელიც შეიძლება ითქვას საერთოდ არ განეკუთვნება ცეცხლსასროლ კატეგორიას.
რატომ არ განეკუთვნება Flobert-ის ვაზნებზე გათვლილი იარაღი ცეცხლსასროლ კატეგორიას?
იმისათვის, რომ ამ შეკითხვას გავცეთ პასუხი აუცილებელია ჩავუღრმავდეთ თავად ვაზნას. დავიწყოთ პირველ რიგში ფლობერის ვაზნის შექმნის ისტორიით და მისი ვარიანტების განხილვით.
1842 წელს ფრანგმა ნიკოლა ფლობერმა (სრული სახელი და გვარი Louis Nicolas Auguste Flobert) შექმნა პირველი წრიული აალების ვაზნა. 1845 წელს მოხდა ვაზნის საბუთების მომზადება საპატენტო განაცხადისათვის, ხოლო 1849 წელს იგი ოფიციალურად იქნა დაპატენტებული. ფლობერის პირველი ვაზნა იყო 9მმ კალიბრის. 
 
თხელი სპილენძის ფურცლისაგან დამზადებულ რანტიან მასრას გააჩნდა მხოლოდ რანტში ჩაპრესილი მაალებელი ნივთიერება და არ იყო დამუხტული არანაირი დენთით. ვაზნა დამუხტული იყო მხოლოდ 9მმ-ანი ტყვიით, რომელიც წარმოადგენდა სფეროსებურ ბურთულას. გასროლისას ტყვია ბიძგს იღებდა მხოლოდ კაფსულ-მაალებლის ინიცირების ხარჯზე. სწორედ ამ მიზეზის გამო ფლობერის ვაზნა არ გადის ცეცხლსასროლი იარაღის კატეგორიაში.
მოგვიანებით დამზადდა 9მმ-ანი და 6მმ-ანი ვაზნები გრძელი მასრით, რომელიც დამუხტული იყო საფანტით. ასეთი ვაზნები ძირითადად განკუთვნილი იყო ფლობერის გლუვლულიანი თოფებისთვის. საფანტით დამუხტულივაზნები გამოდიოდა როგორც მთლიანად სპილენძის მასრით, ასევე კომბინირებული სპილენძით და მუყაოთი.
 9მმ ფლობერის ვაზნა საფანტის მუხტით გლუვლულიანი თოფისთვის 
 6მმ ფლობერის ვაზნა საფანტის მუხტით გლუვლულიანი თოფისთვის 
 
ამავე პერიოდში დამზადებულ იქნა 6მმ-ანი ვაზნები სფეროსებური ტყვიით „BB Cap“ (Bulleted Breech Cap) 
 
 
შემდგომ აშშ-ში დაამზადეს ვაზნები წვეტიანი კონუსისებური ტყვიით „CB Cap“ (Conical Ball Cap). 
წვეტიანი ტყვიით დამუხტულ ვაზნებს უწოდებდნენ აგრეთვე ბოსკეტს (Bosquette). (ბოსკეტები არსებობს აგრეთვე 9მმ-ან ვარიანტშიც). ხშირად ბოსკეტებში მწარმოებლები ამატებდნენ უმნიშვნელო დენთის მუხტსაც. 6მმ-ანი ფლობერის ვაზნების მასრის სიგრძე, რომლებიც დამუხტულნი არიან BB და CB ტიპის ტყვიებით, შეადგენს 6,8-6,95მმ-ს.  ვაზნების თანამედროვე აღნიშვნა არის “.22 Flobert”
 
1. 9მმ-ანი ბოსკეტი; 2. 6მმ-ანი ბოსკეტი
 
შემდგომ დამზადებულ იქნა აგრეთვე ყველაზე სუსტი 4მმ-ანი ფლობერის ვაზნები, რომელიც გამოდის ორი სახით 1. გრძელი მასრით (Long) (4mm Lang); 2. მოკლე მასრით (Short) (4mm kurz). მოკლე ვაზნის მასრის სიგრძე ძირითადად შეადგენს 6,5-6,6მმ-ს, ხოლო გრძელი ვაზნის კი 8,4-8,5მმ-ს.
 
 4მმ- ფლობერის გრძელი ვაზნები
 
6მმ-ანი ფლობერის ვაზნა ითვლება ერთერთ მნიშვნელოვან გამოგონებად ცეცხლსასოლ იარაღში, რადგანაც სწორედ მის ბაზაზე აშშ-ში შექმნეს დღეს გავრცელებული ვაზნები .22Short, რომელიც სმიტ-ვესონის 1857 წლის მოდელის პირველ რევოლვერში გამოიყენებოდა. მოგვიანებით კი სწორედ .22 Short ვაზნის მასრის დაგრძელებით შექმნეს .22Long და .22 Long Rifle (.22LR).
 ფოტოზე მოყვანილია 1. 22. Bosquette; 2. .22 Short; 3. .22Long Rifle (LR)
თანამედროვე ფლობერის ვაზნები შესაძლოა შეგვხვდეს მოსპილენძებული ტყვიებით, რომელსაც ტყვიის გულაზე გადაკრული აქვს თხელი მოწითალო ფერის სპილენძის ფურცელი.
 
1860-1890 წლებში პოულარული იყო ფლობერის ვაზნებზე გათვლილი ერთმუხტიანი პისტოლეტები, რომლებიც სხვადასხვა სიგრძის ლულებით გამოდიოდა. ასეთი იარაღი რეკლამირდებოდა, როგორც ოთახში გასართობად სასროლი იარაღი. ასეთ პისტოლეტებს ხშირად შეხვდებით ძველ სავაჭრო ცნობარებში (კატალოგებში). დღეს იმ პერიოდში გამოშვებულ მსგავს პისტოლეტებს საკმაოდ მაღალი საკოლექციო ღირებულება გააჩნიათ.
საქართველოში და ევროპის ბევრ ქვეყანაში  9მმ-ანი ფლობერის ვაზნები არ არის თავისუფალ ბრუნვაში, განსხვავებით 4 და 6მმ-ანი ვაზნებისგან. საქართველოში ძირითადად გაყიდვაში მინახავს მხოლოდ ჩეხური ზელერ ბელოტის მიერ წარმოებული 6მმ-ანი ვაზნები, რომელთა ღირებულება 0,80-1 ლარს შეადგენს, რაც ძალიან სასაცილოა, რადგანაც .22LR ვაზნები უფრო იაფია. ხოლო 4მმ-ანი ფლობერის ვაზნები 1998 წლის შემდეგ აღარც მინახავს გაყიდვაში.
 
ფლობერის ვაზნა თავდაცვისთვის?
 
ამ კითხვაზე პასუხი ჩემი მხრიდან იქნება მკაფიოდ თქმული: - არავითარ შემთხვევაში! თუკი ეს პასუხი არ დაგაკმაყოფილებთ შეგიძლიათ ვაზნის მონაცემებს გაეცნოთ. > საქართველოში გავრცელებული 6მმ-ანი ჩეხური ზელერ-ბელოტის მიერ წარმოებული ვაზნის სფეროსებური ტყვია (ბურთულა) იწონის 1,05 გრამს, ხოლო მისი საწყისი სიჩქარე მერყეობს 190-250 მ/წამამდე (გააჩნია იარაღის ლულის სიგრძეს), შესაბამისად ტყვიის ენერგია მერყეობს 19-33 ჯოულამდე, რაც ყოვლად გამოუსადეგარს ხდის ამ ვაზნას როგორც თავდაცვითს. მე ხშირად მსმენია ფაქტები, როდესაც 6 და 4მმ-ან ფლობერის ვაზნებზე გათვლილი იარაღის მფლობელები, ენერგიის გაზრდის მიზნით ვაზნის მასრაში ამატებდნენ ცოტაოდენ დენთს. ამგვარი ქმედება საშიშია ორი მიზეით: 1. იარაღი არ არის გათვლილი მომატებულ წნევაზე და შესაძლოა მასრა გახეთქოს და გარეთ გამოვარდეს დენთის აირები ან დააზიანოს როგორც იარაღი, ასევე მსროლელი; 2. აქ უკვე ერთვება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი (სსსკ), რომლის თანახმადაც უკვე გარკვეული სანქციები მოქმედებს იმ პირის მიმართ, ვინც მსგავს საქციელს ჩაიდენს.
სპორტული ინტერესის გამო მე ფლობერის 6მმ-ანი ვაზნა ვისროლე .22LR ვაზნაზე გათვლილ საბჭოთა პერიოდში გამოშვებული ერთმუხტიანი „Match“ კლასის შაშხანა Урал-იდან. ერთი ტყვია კარგად გაისროლა, ხოლო მეორე გასროლისას ტყვია გაიჭედა ლულაში. კარგია, რომ დროულად შევამჩნიეთ. ტყვია არ მოხვდა მიზანს და ლულის დათვალიერებისას აღმოვაჩინეთ მასში გაჭედილი, რომელიც ძლივს გამოვაგდეთ მეტალის ზუმბათი (შომპოლით). რა მოხდებოდა, იმ შემთხვევაში თუ ტყვია გაჭედილ ლულიან იარაღში .22 LR ვაზნას ჩავდებდით და გავისროდით? ამ კითხვაზე ნათელი პასუხი მე არ მაქვს, მაგრამ ჩემი ვარაუდით ვინაიდან ურალს ცივად ნაჭედი სქელი ლულა აქვს, გახეთქვით არ გასკდებოდა, მაგრამ სავარაუდოდ გაიბერებოდა იმ ადგილას, სადაც ფლობერის გაჭედილ 6მმ-ან სფეროსებურ ტყვიას დაეჯახებოდა .22LR-ის ტყვია. < ეს ჩემი ვარაუდია და რეალობა შესაძლოა სხვა იყოს.
 
რა სარგებელი აქვს ფლობერის ვაზნებზე გათვლილ იარაღს და რისთვის შეიძლება იგი გამოვიყენოთ?
 
პირველ რიგში ფლობერის ვაზნებზე გათვლილი მოკლელულიანი იარაღი უნდა დავყოთ 2 კატეგორიად:
1.      პისტოლეტები - 1 ლულიანები და 2 ლულიანები ამათი სარგებელი მხოლოდ გართობა და მიზანში სროლაა.
2.      რევოლვერები - ამით შესაძლებელია ვისწავლოთ იარაღთან მოპყრობა, წმენდა, ვივარჯიშოთ დამიზნებაში, სწრაფად ამოღებაში და საბრძოლო მზადყოფნის მოყვანაში. გარდა ამისა იგი გამოდგება პლინკიგისთვის, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ვაზნების სიძვირეც, ყველაზე იაფად მისი შოვნა შესაძლებელია  80 თეთრად. გარდა ამისა იგი დეფიციტურიცაა და ხშირად ვერ შეხვდებით გაყიდვაში.
ფლობერის ვაზნები შეიქმნა ოთახში და დახურულ სივრცეში სასროლად, ამიტომ მას ხშირად ისვრიან სახლშიც, თუმცა აქ არ უნდა დაგვავიწყდეს უსაფრთხოების წესები, რადგანაც ადამიანს ან შინაურ ცხოველს ფლობერის ვაზნის ტყვია უთუოდ დააზიანებს.
 
პნევმატური VS ფლობერი
 
თანამედროვე პნევმატური იარაღები გართობის და მიზანში სროლის კუთხით ბევრად უფრო პრაქტიკულია და რათქმაუნდა ამ კუთხით ფლობერის ვაზნებზე გათვლილი იარაღი უდაოდ აუტსაიდერია, თუმცა ფლობერის მოკლელულიანი იარაღი უფრო მეტად მოეწონება ცეცხლსასროლი იარაღის მოყვარულს, რადგანაც გასროლისას აქვს ხმა (მართალია დაბალი, მაგრამ მაინც ხმაა J) და ლულიდან გამოვარდნილი მცირე რაოდენობის ალი და კვამლი, რაც ცეცხლსასროლი იარაღის სროლის იმიტაციას ქმნის. სწორედ აქედან გამომდინარე დღეს ბევრი მწარმოებელი არსებობს, რომელიც უშვებს ფლობერის ვაზნებზე გათვლილ იარაღებს.
 
ერთადერთი ფლობერის რევოლვერი რომელსაც მე ახლოდან ვიცნობ არის ზევით ნახსენები გერმანული წარმოების “ME 38 Magnum-6R”. რომლის დოლურაშიც თავსდება 5 ცალი 6მმ-ანი ვაზნა.
იარაღი კარგად არის შესრულებული და ვიზუალურად წააგავს ცეცხლსასროლ იარაღს, თუმცა დოლურას გადმოწევის შემთხვევაში ნათელი ხდება, რომ იგი არაა ცეცხლსასროლი, რადგანაც მისი დოლურა გვერდით არ იწევა მთლიანად და გადმოდის მხოლოდ წვრილი ნახევარი მხარე, რომელშიც მოკლე 6მმ-ანი ფლობერის ვაზნები თავსდება.
 
რევოლვერის დოლურის მარცხნივ გადასაწევად საჭიროა უკან გავწიოთ ჩარჩოზე განთავსებული სლაიდერული ტიპის ღილაკი (ბერკეტი). მასრების ექსტრქცია ხდება ერთდროულად, დოლურას ღერძში გაყრილი ექსტრაქტორის მეშვეობით. რევოლვერის დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი იძლევა საშუალებას ვისროლოთ როგორც ორმაგი მოქმედების (DA) რეჟიმში, აგრეთვე ჩახმახის წინასწარ შეყენებით.
“ME 38 Magnum-6R” Photography © Levan Atuashvili
თუკი გადავხედავთ იარაღის ფორუმებს აღმოვაჩენთ, რომ ფლობერის ვაზნაზე განკუთვნილ იარაღებს ჰყავს მოყვარულთა საკმაოდ დიდი წრე. უკრაინაში ფარდოთ არის გავრცელებული 4მმ-ან ვაზნებზე გათვლილი რევოლვერები, რადგანაც 6მმ-ან ვაზნებზე წარმოებული მოდელები აკრძალულია მათი კანონმდებლობით.
ფლობერის ვაზნებზე გათვლილი თანამედროვე რევოლვერებიდან დღეს ძალზედ პოპულარულია  მოდელი REX L

 
 
 

7,65 მმ ბრაუნინგის ვაზნა და ყველაფერი მის შესახებ

ბრაუნინგის 7,65მმ-ანი ვაზნა, რომლის შესახებაც აღნიშნულ სტატიაში მინდა გიამბოთ, გასული საუკუნის ერთერთი ყველაზე პოპულარული პისტოლეტის ვაზნაა. მის შესახებ ბევრი რამ დაწერილა და თქმულა, თუმცა საქართველოში ამ ვაზნის შესახებ ბევრი უაზრო კომენტარები წამიკითხვას ვებ სივრცეში და მსმენია სხვადასხვა არასწორი მოსაზრებები. ორი თვის წინ საახალწლო სუფრაზეც მოვისმინე ისეთი ინფორმაცია, რაც რეალობისგან ძალიან შორსაა. ბევრი ამ ვაზნას მიაწერს სხვადასხვა უაზრო მითებს, მაგალითად როგორიცაა ჯავშანჟილეტის გახვრეტა, ბევრისგან მსმენია საერთოდ რომ ეს ვაზნა არ კლავს და ტრავმატულ იარაღზე სუსტია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე დამეწერა პატარა სტატია, რომლის მეშვეობითაც შევეცდები ობიექტურად დაგანახოთ ერთდროს ყველაზე გავრცელებული ბრაუნინგის 7,65მმ-ანი ვაზნის შესაძლებლობები.
რათქმაუნდა პირველ რიგში მინდა შევეხო ვაზნის შექმნის ისტორიას და შემდგომ გადავალ მის დეტალურ აღწერაზე. ოფიციალურად ითვლება, რომ ბრაუნინგის ახალი ვაზნა შეიქმნა 1899 წელს, თუმცა ვაზნის პირველი პროტოტიპები 1896 წელს კონსტრუირებულ იქნა ჯონ ბრაუნინგის მიერ,  რომლის საფუძვლადაც აღებულ იქნა ამერიკული რევოლვერის ვაზნა .32 S&W (Smith & Wesson). ამავე პერიოდში ბრაუნინგმა დაიწყო მის პირველ თვითდამტენ პისტოლეტზე მუშაობა. სწორედ ამ ახალი პისტოლეტისათვის იყო განკუთვნილი ბრაუნინგის ახალი 7,65მმ-ანი ვაზნა (რეალურად ტყვიის დიამეტრი შეადგენს 7,85 მილიმეტრს). 1897 წელს საბოლოოდ იქნა გადამუშავებული ახალი ვაზნა და პისტოლეტი, რომლის სერიული წარმოებაც 1900 წელს კომპლექსური სახით (ვაზნა+პისტოლეტი) დაიწყო ლიეჟთან ახლოს ჰერსტალში (Herstal) მდებარე ბელგიურმა ფაბრიკამ FN (Fabrique Nationale). პისტოლეტს მიენიჭა სახელწოდება Browning „M1900“.
 
ბრაუნინგის თვითდამტენი პისტოლეტი M1900. სწორედ ეს იარაღი გახლდათ პირველი, რომელშიც გამოიყენებოდა 7,655მმ-ანი ბრაუნინგის ვაზნა.

1903 წელს კი ამერიკის შეერთებულ შტატებში დაწყებულ იქნა Colt-ის თვითდამტენი პისტოლეტების სახელწოდებით „Model 1903 Pocket Hammerless“  წარმოება, რომელიც გათვლილი იყო 7,65მმ-ან ბრაუნინგის ვაზნაზე. ახალ ვაზნას ამერიკაში მიენიჭა აღნიშვნა .32 ACP (Automatic Colt Pistol).
ბრაუნინგის მოდელი 1900 და კოლტის მოდელი 1903 ძალიან სწრაფად გახდა პოპულარული, რამაც განაპირობა 7,65მმ-ანი ვაზნის მასიური გავრცელება. სწორედ ამ ორი პისტოლეტის პოპულარულობას მოჰყვა ბუმი თვითდამტენი პისტოლეტებისა, რომლებიც 7,65მმ-ანი ბრაუნინგის ვაზნებზე იყო გათვლილი და სხვადასხვა იარაღის მწარმოებელმა კომპანიებმაც სწრაფად დაიწყეს საკუთარი თვითდამტენი პისტოლეტების შემუშავება იმ დროისათვის ახალ 7,65მმ-ან ბრაუნინგის ვაზნებზე. ფაქტიურად აღნიშნული ვაზნა იქცა ბესტსელერად იმ პერიოდის საპოლიციო და სამოქალაქო პისტოლეტებში. მოგვიანებით ბრაუნინგმა და FN-მა 7,65მმ-ან ვაზნაზე გამოუშვეს აგრეთვე ლეგენდარული მოდელები M1910 და M1910/22. შემდგომ ვაზნის პოპულარულობა განაპირობა 1929 წელს წარმოებაში ჩაშვებულმა ვალტერის წარმატებულმა პისტოლეტმა „Walther PP“ (Polizeipistole) და 1931 წელს შექმნილმა მოდიფიკაციამ „Walther PPK“ (Polizeipistole Kriminal). ჯონ ბრაუნინგის ერთერთი გათვლა ახალი ვაზნის კონტრუირებისას იყო აგრეთვე ნახევრად რანტიანი (ნაწიბურიანი) მასრა, რომლის მეშვეობითაც ვაზნის გამოყენება შესაძლებელი იყო როგორც თვითდამტენ პისტოლეტებში, ასევე რევოლვერებში, რადგანაც მასრის ფსკერის დიამეტრი იყო უფრო დიდი ზომის, რაც იძლეოდა რევოლვერის დოლურაში არსებულ სავაზნე კამერებში  მისი მოთავსების საშუალებას და დაფიქსირებას. სწორედ ასეთი მასრის გამო ვაზნის მეტრიკულ აღნიშვნას ბოლოში უმატებენ ასოებს SR (Semi Rimmed-ნახევრად რანტიანი) 7,65x17 SR, ან  7,65х17 HR (Halb-Rand - გერმანულად ნიშნავს ნახევრად რანტიანს).
7,65მმ-ან ბრაუნინგის ვაზნას ნაკლებ ეფექტურობის გამო არ იყენებდნენ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებში, თუმცა 50-ანი წლების მიწურულს ჩეხეთის არმიამ შეიარაღებაში მიიღო პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი CZ61 (Vz.61), რომელიც „მორიელის“ (Skorpion) სახელითაა ცნობილი და გათვლილია 7,65მმ-ან ბრაუნინგის ვაზნაზე. CZ61 -ზე ჩვენ ვიდეო მიმოხლვაც (რევიუ) გვაქვს გაკეთებული, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ აღნიშნულ ბმულზე > CZ-61S (Skorpion) ვიდეო მიმოხილვა
ვინაიდან ბრაუნინგის 7,65მმ-ანი ვაზნის ტყვიის საწყისი სიჩქარე ლულიდან გამოსვლის მომენტში არის ქვებგერითი, მასზე გათვლილ პისტოლეტებზე ფარდოდ გამოიყენებოდა უხმო და ალისგარეშე სროლის ხელსაწყოები, ეგრედწოდებული „მაყუჩი“ (გლუშიტელი).
ვაზნის საბჭოთა ანალოგი 
უკვე ავღნიშნეთ, რომ ბრაუნინგის პისტოლეტის 7,65 ვაზნა პოპულარობით სარგებლობდა როგორც ევროპაში, ასევე აშშ-ში. ვინაიდან საბჭოთა კავშირში 20-ან წლებში ჯერ კიდევ  არ არსებობდა სამამულო წარმოების თვითდამტენი პისტოლეტი (პისტოლეტები), მაღალჩინოსანი სამხედრო პირები, აგრეთვე უშიშროების და დაზვერვის თანამშრომლები არაოფიციალურად იყვნენ შიარაღებული სხვადასხვა ევროპული პისტოლეტებით, რომელიც ბრაუნინგის 7,65მმ-ან ვაზნაზე იყო გათვლილი. თანამდებობის პირები საკუთარი ხარჯით ყიდულობდნენ ევროპულ პისტოლეტებს, რომელთა ვაზნებიც  არ იწარმოებოდა საბჭოთა კავშირში და მარტივად რომ ვთქვათ იყო ძალიან დეფიციტური. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება თავად დაეწყოთ 7,65მმ-ანი ბრაუნინგის ვაზნების წარმოება. შემდგომ  ამ ყველაფერს დაერთო ისიც, რომ საბჭოთა კავშირში დაიწყო კონკურსი თვითდამტენი პისტოლეტის შემუშავებაზე, რომლის თანახმადაც საკონკურსო პისტოლეტებში ერთერთი მისაღები კალიბრი სწორედ 7,65მმ-ანი ბრაუნინგის ვაზნა იყო. 30-ან წლებში საბჭოთა კავშირმა უკვე დაიწყო 7,65მმ-ანი ბრაუნინგის ვაზნის საკუთარი ანალოგის მცირე პარტიებად წარმოება. თავდაცვის სამინისტროს მთავარი სარაკეტო-საარტილერიო სამმართველოს ნომენკლატურის მიხედვით ვაზნას მიენიჭა  სპეციალური ინდექსი 57-Н-153.  საბჭოთა ვაზნა დამუხტული იყო მთლიანად გარსიანი ტყვიით, რომელსაც ჰქონდა ტყვიისაგან ჩამოსხმული გულარი. ვაზნის მასრაც და ტყვიის გარსიც მზადდებოდა სპილენძისგან, ხოლო ომის შემდგომ ტყვიის გარსის ჩამოსხმა ხდებოდა ტომპაკისგან. ვაზნაში გამოყენებულ იქნა 5მმ-იანი დიამეტრის მქონე ბერდანის (Berdan) ტიპის კაფსულ-მაალებელი ინდექსით 57-К-121. ვაზნას მასრის ფუძეზე (ფსკერზე) არ გააჩნდა არანაირი მარკირება. საბჭოთა ვაზნა „57-Н-153“ გეომეტრიული კუთხით მცირედით განსხვავდებოდა ორიგინალური 7,65მმ-ანი ბრაუნინგის ვაზნისაგან, თუმცა ჩვეულებრივად ხდებოდა მისი გმოყენება ევროპულ და ამერიკულ პისტოლეტებში.
ვაზნის ჩინური ანალოგი Type 64 (ტიპი 64)
ჩინელებმა თავიანთი პისტოლეტებისთვის შექმნეს ბრაუნინგის ვაზნის ანალოგი, რომლსაც მოიხსენიებენ როგორც “7,65x17mm Type 64”. აღნიშნული ვაზნა მონაცემებით თითქმის ბრაუნინგის ვაზნის იდენტურია, თუმცა გააჩნია უფრო მძიმე ტყვია და ნაკლები საწყისი სიჩქარე. მთავარი ტექნიკური სხვაობა მდგომარეობს მასრის ფსკერში, რომელიც  არ არის ნახევრად რანტიანი, როგორც ყველა 7,65მმ-ან ბრაუნინგის ვაზნის შემთხვევაშია. მე არ მინახავს ასეთი ვაზნები საქართველოში, რადგანაც მას გარდა ჩინეთისა არსად არ აწარმოებენ. იგი განკუთვნილია სპეციალური პისტოლეტებისათვის „Type 64“ და „Type 67“, რომლებიც ინტეგრირებული მაყუჩით არიან აღჭურვილნი.
საქართველოს ბაზარზე არსებული 7,65მმ-ანი ვაზნები
ძირითადად 7,65მმ-ანი ვაზნები დამუხტულია ჩვეულებრივი მთლიანად გარსიანი ტყვიებით (FMJ-Full Metal Jacket), რომლის გულაც მთლიანად ტყვიისგანაა ჩამოსხმული. თანამედროვე ტყვიის გარსი როგორც წესი დამზადებულია უბრალოდ სპილენძისგან, თუმცა ადრეული წარმოების ვაზნების ტყვია შესაძლოა იყოს ბიმეტალის გარსითაც, მელხიორის გარსითაც ან მონიკელებული გარსით. არსებობს ვაზნები, რომელთა ტყვიების გარსიც მზადდება ფოლადისგან და გააჩნია სპილენძის ან მელხიორის საფარი, რათა არ დააზიანოს ლულა.
სტატიის დაწერის მომენტში საქართველოს მაღაზიებში ყველაზე მეტად გავრცელებულია ჩეხური ბრენდის Sellier & Bellot-ის მიერ წარმოებული ვაზნები, რომელიც დამუხტულია 4,75 გრამიანი (73გრეინი) მთლიანად გარსიანი ტყვიით (FMJ). მათი ღირებულება  1 ცალ ვაზნაზე შეადგენს 2-2.50 ლარს (შესაძლოა ლარის გაუფასურებიდან გამომდინარე მათი ღირებულებაც გაზარდოს ახლო მომავალში). სწორედ Sellier & Bellot-ის 7,65მმ-ან ვაზნებს ვიყენებ მე ჩემს კუთვნილ ცეცხლსასროლ პისტოლეტებში CZ-27 (Vz27) და CZ-61 (Vz61) (Skorpion).
ქვემოთ მოცემულია ცხრილი, სადაც ჩანს ჩეხური Sellier & Bellot-ის წარმოებული 7,65მმ-ანი ვაზნის ტყვიის მონაცემები სხვადასხვა დისტანციაზე. ცხრილში აგრეთვე  მოცემულია სიჩქარის და ენერგიის ვარდნის დინამიკა. მწარმოებლის ინფორმაციით ტესტირება ჩატარებულია 100მმ სიგრძის ლულიდან სროლისას.
 
თბილისში რიგ მაღაზიებში ხელმისაწვდომია აგრეთვე PMC Ammunition-ის (PMC-Precision Made Cartridges) სპეციალური ხაზის „Bronze“-ს (PMC Bronze™ Line) ვაზნები, რომელიც სამხრეთ კორეაში იწარმოება და დამუხტულია 4,6გრამიანი (71 გრეინიანი) მთლიანად გარსიანი (FMJ) ტყვიით.
ცხრილში შეგიძლიათ იხილოთ სიჩქარის და ენერგიის ვარდნის დინამიკა
ორიოდე დღის წინ ერთერთ მაღაზიაში წავაწყდი კომპანია Magtech-ის მირ წარმოებულ 7,65მმ-ან ვაზნას. აღნიშნული ვაზნაც მთლიანად გარსიანი (FMJ) ტყვიითაა დამუხტული. მისი მონაცემები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოყვანილ ცხრილში:
1წლის წინ საქართველოში მინახავს აგრეთვე კომპანია „GECO“-ს მიერ წარმოებული ვაზნებიც. ორივე ვაზნა FMJ ტყვიით იყო დამუხტული, ხოლო მათი მონაცემები კი ასე გამოიყურება:
ცხრილში მოყვანილია სიჩქარის და ენერგიის ვარდნა სხვადასხვა დისტანციაზე
ამერიკაში გამოდის აგრეთვე ექსპანსიური ტყვიებით დამუხტული ბრაუნინგის ვაზნები .32 ACP, რომელიც საქართველოში ჯერჯერობით არაა ხელმისაწვდომი.
FEDERAL-ის ვაზნების  „American Eagle“ მთლიანად გარსიანი ტყვიით FMJ და Hydra-Shok JHP (Jacketed Hollow Point) ტყვიის სიჩქარისა და ენერგიის ვარდნის დინამიკა სხვადასხვა დისტანციაზე.
 
 
7,65მმ-ანი ბრაუნინგის ვაზნის თავდაცვითი პოტენციალი
 
თუ 7,65მმ-ანი ბრაუნინგის ვაზნის ისტორიულ ჭრილს გადავხედავთ, დავინახავთ, რომ  50-ანი წლების ბოლომდე იგი ფართოდ იყო გავრცელებული, როგორც საპოლიციო და სამოქალაქო თავდაცვითი ვაზნა. დღევანდელი გადმოსახედიდან კი რათქმაუნდა ამ მიზნით მისი გამოყენება არ არის რეკომენდირებული. აქვე მინდა განვმარტო, რომ წინადადება „არ არის რეკომინდირებული თავდაცვისათვის“, არ გულისხმობს იმას, რომ 7,65მმ-ანი ბრაუნინგის ტყვია არ კლავს. ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეუწირია ამ კალიბრის ვაზნას, რომელთა შორისაც ყველაზე გახმაურებული იყო ფრანც ფერდინანდის მკვლელობა, რასაც პირველი მსოფლიო ომის დაწყება მოჰყვა. სწორედ 7,65მმ-ანი ბრაუნინგით ესროლა სერბმა სტუდენტმა გავრილო პრინციპმა ერცჰერცოგ ფრანც ფერდინანდს.
ბუნებრივია გაგვიჩნდება შეკითხვა, ერთდროს ასეთი პოპულარული ვაზნა რატომ აღარ არის დღეს მისაღები თავდაცვისთვის?
შევეცდები გავცე ამ შეკითხვას პასუხი. იმ პერიოდში თითქმის ყველა ქვეყნის პოლიციას შეიარაღებაში ჰქონდა კომპაქტური და საშუალო ზომის პისტოლეტები, რომლებიც სწორედ 7,65მმ-ან ვაზნებზე იყო გათვლილი და ეს გამოწვეული იყო იმით, რომ იმდროინდელი ტექნოლოგიები არ იძლეოდა საშუალებას შექმნილიყო კომპაქტური და საშუალო გაბარიტების მქონე პისტოლეტები, რომლებიც უფრო ძლიერ  9х19 Parabellum-ის ვაზნებზე იქნებოდა გათვლილი. სწორედ მაშინ საპოლიციო პრაქტიკამ აჩვენა, რომ 7,65მმ-ანი ბრაუნინგის ვაზნა სუსტი იყო ბოროტმოქმედებთან ორმხრივ შეტაკებებში და რიგ ქვეყნებში დაწყებულ იქნა პოლიციელების გადაიარაღება ისეთ კომპაქტურ და საშუალო ზომის პისტოლეტებზე, რომლებიც გათვლილი იყო 9х17 ბრაუნინგის მოკლე ვაზნაზე (ე.წ. „კურცზე’). რიგ ქვეყანებში პოლიცილებს შესთავაზეს თავიანთი ხარჯებით ეყიდათ 9х19 ვაზნებზე გათვლილი საარმიო პისტოლეტები.
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ კი აშში-ში ფართოდ გავრცელდა სმიტ ვესონის .38 სპეციალურ ვაზნაზე (.38 Special) გათვლილი რევოლვერების გამოყენება პოლიციელებში, ხოლო შემდგომ კი ძალზედ ეფექტური  .357 მაგნუმის ვაზნების გამოჩენამ ყველაზე აქტიური გახადა აშშ-ს პოლიციელებში რევოლვერების გავრცელება და დამკვიდრება. თვითდამტენ პისტოლეტებს რაც შეეხება, რათქმაუნდა .45 ACP ვაზნაზე გათვლილი ლეგენდარული კოლტის 1911 წლის მოდელიც ღირსეულ ადგილს იკავებდა აშშ-ს სამართალდამცავებს შორის.
70-ანი წლების შემდგომ კი როგორც ევროპის ქვეყნებში, ასევე აშშ-ში გავრცელდა 9х19 პარაბელუმის ვაზნები (9mm Luger) და ნელნელა მივიწყებას მიეცა 7,65მმ-ანი ბრაუნინგის ვაზნებზე გათვლილი იარაღი. ვისაც უნდოდა და სჭირდებოდა კომპაქტური პისტოლეტები მხოლოდ ისინი ცდილობდნენ წასულიყვნენ დათმობაზე და ჰქონოდათ ბრაუნინგის სუსტ 7,65მმ-ან ვაზნაზე გათვლილი იარაღი. 90-ანი წლების მიწურულს კი ახალი ტექნოლოგიების გამოჩენამ იარაღის მწარმოებელ კომპანიებს მისცა შესაძლებლობა შეექმნათ კომპაკტური და სუბკომპაკტური პისტოლეტები უკვე პოპულარულ 9х19 Luger ვაზნებზე, რამაც საბოლოოდ განაპირობა 7,65მმ-ანი ბრაუნინგის ვაზნების აუტსაიდერად გადასვლა. დღეს რიგი მწარმოებლები მაინც უშვებენ პისტოლეტებს 7,65მმ-ან ვაზნაზე, რაც ჩემი სუბიექტური აზრით არამომგებიანია, რადგანაც არსებობს პისტოლეტები კომპაქტური გაბარიტებით და ისვრის უფრო ძლიერ 9х19 ვაზნებს, რომელიც თავდაცვისთვის უფრო ადექვატურია, ვიდრე 7,65მმ-ან ბრაუნინგის ვაზნა. თუმცა აქ სასწორის მეორე მხარეს დევს ის ფაქტორი, რომ 7,65მმ-ან ვაზნას ნაკლები უკუცემა აქვს და იარაღის კონსტრუქციაც თავისუფალი საკეტითაა და ნაკლებად რთულია ვიდრე 9х19 კალიბრზე გათვლილ პისტოლეტს ესაჭიროება.
 
ქართული მიდგომა 7,65მმ-ანი ბრაუნინგის ვაზნის მიმართ
საქართველოში ხშირად შევხვდებით ადამიანებს, რომლებიც გვირჩევენ, თავდაცვისთვის შევიძინოთ 7,65მმ-ან ვაზნაზე გათვლილი პისტოლეტები. ამ დროს მათი ამ იდეის მთავარი მამოძრავებელი ძალა არის ის, რომ მაგალითებად მოიშველიებენ წარსულში პოპულარულ ისეთ პისტოლეტებს, როგორიცაა ვალტერ PP და PPK, ბრაუნინგის 1900 და 1910 მოდელები, კომპაკტური მაუზერები, ჩეზეები, ბერეტები და სხვა მრავალი, რომლებიც 7,65მმ-ან ბრაუნინგის ვაზნებზე არიან გათვლილნი. შესაბამისად რახან ეს პისტოლეტები ლეგენდარულ იარაღებდ ითვლებიან, ესეიგი ვაზნაც „მაგარია“. რათქმაუნდა ეს მცდარი მიდგომაა. სტანდარტული ბრაუნინგის 7,65მმ-ანი ვაზნების ტყვიის საწყისი ენერგია საშუალოდ შეადგენს 180-200 ჯოულს. თუკი ციფრები არაფერს გვეუბნება შეგვიძლია შევადაროთ იგი სხვა ვაზნებს. 
ცხრილში მოყვანილია მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან ნასროლი ვაზნების საშუალო მონაცემები
 
როგორც ცხრილიდან ჩანს ბრაუნინგის 7,65მმ-ანი ვაზნა ენერგიით ჯობნის მასზე მცირეკალიბრიან .22LR და 6,35მმ-ან ბრაუნინგის ვაზნებს. აგრეთვე ჯობნის ანალოგიური კალიბრის და გაბარიტების მქონე .32 კალიბრიან სმიტ ვესონის რევოლვერის ვაზნას და მცირედით ჩამოუვარდება ნაგანის რევოლვერის საბჭოთა საარმიო ვაზნას. აქვე უნდა ავღნიშნო, რომ ცხრილში მოყვანილი ვაზნებიდან არცერთი არაა რეკომენდირებული თავდაცვისათვის.
დასკვნა
ცეცხლსასროლი იარაღის თანამედროვე ბაზარზე ბრაუნინგის 7,65მმ-ანი ვაზნა და მასზე გათვლილი პისტოლეტები არ შეიძლება ჩავთვალოთ თავდაცვით იარაღად. შესაბამისად თუკი თქვენ ვინმე გთავაზობთ, 7,65მმ-ან ვაზნაზე გათვლილ პისტოლეტს თავდაცვითი მიზნისთვის ნუ მოტყუვდებით. ერთადერთი დათმობა რის გამოც ღირდა ამ ვაზნაზე გათვლილი პისტოლეტების შეძენა თავდაცვითი მიზნით, იყო მხოლოდ იარაღის კომპაკტურობა, რომლის შესახებაც უკვე ვისაუბრეთ ზემოთ და ავღნიშნეთ, რომ დღეს გამოდის კომპაკტური პისტოლეტები ბევრად ძლიერ ვაზნაზე ვიდრე 7,65მმ-ანი ბრაუნინგია.
მიუხედავად ამ ყველაფრისა სხვადასხვა ვაზნების  მწარმოებელი კომპანიები დიდი რაოდენობით უშვებენ 7,65მმ-ან ბრაუნინგის ვაზნებს და ამის მთავარი მიზეზი გახლავთ ის, რომ გასული საუკუნის დროს შექმნილი უამრავი პისტოლეტებია დღეს მიმოქცევაში რომლებიც მათ მფლობელებს და კოლექციონერებს გულს უხარებს

სურათზე მოყვანილია 7,65მმ-ანი ბრაუნინგის ვაზნა, 7,62х25 ТТ (ტოკარევი) და 9х19 Luger.

5x18 ჩაროლა ანიტუა / კლემანი


     1897 წელს ესპანეთში შეიქმნა პისტოლეტი  სახელწოდებით „CHAROLA ANITUA“, რომელიც გათვლილი იყო სპეციალურ 5მმ-ან ვაზნაზე (მეტრული აღნიშვნა 5x18მმ).

ფოტოსურათზე გამოსახულია 5მმ-ან ვაზნაზე გათვლილი ესპანური პისტოლეტი "ჩაროლა ანიტუა"

ვაზნის მასრა იყო ბოთლისებური ფორმის, რომელსაც მასრის ბოლოში გააჩნდა პისტოლეტის ვაზნებისათვის დამახასიათებელი ნაწიბური. მისი ტყვია იყო მოგრძო ზომის და გააჩნდა ბლაგვი (მომრგვალებული) ცხვირი. ტყვიის გარსი იყო მთლიანად მეტალისაგან დამზადებული და იწონდა 1,8გრამს. მცირე კალიბრისა და ბოთლისებური მასრის შედეგად ტყვიის საწყისი სიჩქარე ლულიდან გამოსვლისას აღწევდა 310მეტრს წამში, ხოლო მისი ენერგია შეადგენდა მაქსიმუმ 88ჯოულს. რათქმაუნდა 88 ჯოული თანამედროვე ვაზნების ენერგიასთან შედარებით ძალზედ მცირეა.
არსებობს ცნობები, რომ დაბალ ენერგიასთან ერთად, მოგრძო და მსუბუქი ტყვია იწვევდა იარაღის მუდმივ შეფერხებებს, რის შედეგადაც ესპანური პისტოლეტის „Charola Anitua“-ს წარმოება 1901 წელს შეწყდა.
ვაზნის შექმნიდან 6 წლის შემდეგ 1903 წელს ბელგიელი კონსტრუქტორის შარლ ფ. კლემანის მიერ დაპატენტებულ იქნა ჯიბის თვითდამტენი პისტოლეტი სახელწოდებით „Clement M 1903“, რომელშიც გამოიყენებოდა ესპანური 5x18მმ-ანი ვაზნები. კლემანის პისტოლტს უფრო მეტი კომერციული წარმატება მოჰყვა, ვიდრე ანალოგიურ ვაზნაზე გათვლილ დიდი გაბარიტების მქონე ესპანურ პისტოლეტს. ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ ვაზნების წარმოება დაიწყო ბელგიაში და მიენიჭა სახელწოდება 5 mm Clement.




 ფოტოსურათზე გამოსახულია 5მმ-ან ვაზნაზე გათვლილი კლემანის პისტოლეტი

1906 წელს ამერიკელმა ჯონ ბრაუნინგმა შექმნა 6,35მმ-ანი ვაზნა და ჯიბის პისტოლეტი, რომელმაც სწრაფად მოიხვეჭა წარმატება და თამამად შეიძლება ითქვას, რომ იგი მსოფლიოში ყველაზე წარმატებულ ჯიბის პისტოლეტად იქცა. შესაბამისად ბელგიური კლემანის პისტოლეტი 1906 წლიდან მოდიფიცირებულ იქნა ბრაუნინგის 6,35მმ-ან ვაზნაზე, რომლის ენერგიაც თითქმის იდენტური იყო 5მმ-ანი კლემანის ვაზნისა და უფრო სტაბილურად მუშაობდა.
5x18მმ-ანი ვაზნები თავის დროზე იწარმოებოდა ესპანეთში, ავსტრიაში და ბელგიაში სხვადასხვა მწარმოებლების მიერ. რიგი წყაროების თანახმად 1930 წელს მათი სერიული წარმოება შეწყდა. 



 ფოტოსურათზე გამოსახულია 5х18მმ-ანი ჩაროლა/კლემანის ვაზნები

70-ანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირში შეიქმნა კომპლექსი (პისტოლეტი თავისი ვაზნით) სახელწოდებით ПСМ, რომელიც გათვლილი იყო ვაზნაზე 5,45x18 МПЦ. აღნიშნული ვაზნა გაბარიტებით ყველაზე ახლოს დგას ჩაროლა-კლემანის ვაზნასთან და არსებობს მოსაზრება, რომ სწორედ მისი გავლენით შეიქმნა იგი.  მომავალში შევეცდები გამოვაქვეყნო სტატია 5,45მმ-ან ПСМ-ის ვაზნაზე.
დღეს ლიტერატურაში 5მმ-ანი ჩაროლა-კლემანის ვაზნას აღნიშნავენ სხვადასხვანაირად:

5 mm CHAROLA / 5 mm CHAROLA ANITUA / 5mm CLEMENT / 5mm CLEMENT AUTO PISTOL / 5mm CLEMENT SELBSTLADE PISTOLE / 5x18 CLEMENT / 5.1x18.3 CLEMENT / 5.2X17 CLEMENT / GR 130 / DWM 484 / Hirtenberger 2006 / SAA 0290 / XCR 05 015 BGC 020.