7,65 მმ ბრაუნინგის ვაზნა და ყველაფერი მის შესახებ

ბრაუნინგის 7,65მმ-ანი ვაზნა, რომლის შესახებაც აღნიშნულ სტატიაში მინდა გიამბოთ, გასული საუკუნის ერთერთი ყველაზე პოპულარული პისტოლეტის ვაზნაა. მის შესახებ ბევრი რამ დაწერილა და თქმულა, თუმცა საქართველოში ამ ვაზნის შესახებ ბევრი უაზრო კომენტარები წამიკითხვას ვებ სივრცეში და მსმენია სხვადასხვა არასწორი მოსაზრებები. ორი თვის წინ საახალწლო სუფრაზეც მოვისმინე ისეთი ინფორმაცია, რაც რეალობისგან ძალიან შორსაა. ბევრი ამ ვაზნას მიაწერს სხვადასხვა უაზრო მითებს, მაგალითად როგორიცაა ჯავშანჟილეტის გახვრეტა, ბევრისგან მსმენია საერთოდ რომ ეს ვაზნა არ კლავს და ტრავმატულ იარაღზე სუსტია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე დამეწერა პატარა სტატია, რომლის მეშვეობითაც შევეცდები ობიექტურად დაგანახოთ ერთდროს ყველაზე გავრცელებული ბრაუნინგის 7,65მმ-ანი ვაზნის შესაძლებლობები.
რათქმაუნდა პირველ რიგში მინდა შევეხო ვაზნის შექმნის ისტორიას და შემდგომ გადავალ მის დეტალურ აღწერაზე. ოფიციალურად ითვლება, რომ ბრაუნინგის ახალი ვაზნა შეიქმნა 1899 წელს, თუმცა ვაზნის პირველი პროტოტიპები 1896 წელს კონსტრუირებულ იქნა ჯონ ბრაუნინგის მიერ,  რომლის საფუძვლადაც აღებულ იქნა ამერიკული რევოლვერის ვაზნა .32 S&W (Smith & Wesson). ამავე პერიოდში ბრაუნინგმა დაიწყო მის პირველ თვითდამტენ პისტოლეტზე მუშაობა. სწორედ ამ ახალი პისტოლეტისათვის იყო განკუთვნილი ბრაუნინგის ახალი 7,65მმ-ანი ვაზნა (რეალურად ტყვიის დიამეტრი შეადგენს 7,85 მილიმეტრს). 1897 წელს საბოლოოდ იქნა გადამუშავებული ახალი ვაზნა და პისტოლეტი, რომლის სერიული წარმოებაც 1900 წელს კომპლექსური სახით (ვაზნა+პისტოლეტი) დაიწყო ლიეჟთან ახლოს ჰერსტალში (Herstal) მდებარე ბელგიურმა ფაბრიკამ FN (Fabrique Nationale). პისტოლეტს მიენიჭა სახელწოდება Browning „M1900“.
 
ბრაუნინგის თვითდამტენი პისტოლეტი M1900. სწორედ ეს იარაღი გახლდათ პირველი, რომელშიც გამოიყენებოდა 7,655მმ-ანი ბრაუნინგის ვაზნა.

1903 წელს კი ამერიკის შეერთებულ შტატებში დაწყებულ იქნა Colt-ის თვითდამტენი პისტოლეტების სახელწოდებით „Model 1903 Pocket Hammerless“  წარმოება, რომელიც გათვლილი იყო 7,65მმ-ან ბრაუნინგის ვაზნაზე. ახალ ვაზნას ამერიკაში მიენიჭა აღნიშვნა .32 ACP (Automatic Colt Pistol).
ბრაუნინგის მოდელი 1900 და კოლტის მოდელი 1903 ძალიან სწრაფად გახდა პოპულარული, რამაც განაპირობა 7,65მმ-ანი ვაზნის მასიური გავრცელება. სწორედ ამ ორი პისტოლეტის პოპულარულობას მოჰყვა ბუმი თვითდამტენი პისტოლეტებისა, რომლებიც 7,65მმ-ანი ბრაუნინგის ვაზნებზე იყო გათვლილი და სხვადასხვა იარაღის მწარმოებელმა კომპანიებმაც სწრაფად დაიწყეს საკუთარი თვითდამტენი პისტოლეტების შემუშავება იმ დროისათვის ახალ 7,65მმ-ან ბრაუნინგის ვაზნებზე. ფაქტიურად აღნიშნული ვაზნა იქცა ბესტსელერად იმ პერიოდის საპოლიციო და სამოქალაქო პისტოლეტებში. მოგვიანებით ბრაუნინგმა და FN-მა 7,65მმ-ან ვაზნაზე გამოუშვეს აგრეთვე ლეგენდარული მოდელები M1910 და M1910/22. შემდგომ ვაზნის პოპულარულობა განაპირობა 1929 წელს წარმოებაში ჩაშვებულმა ვალტერის წარმატებულმა პისტოლეტმა „Walther PP“ (Polizeipistole) და 1931 წელს შექმნილმა მოდიფიკაციამ „Walther PPK“ (Polizeipistole Kriminal). ჯონ ბრაუნინგის ერთერთი გათვლა ახალი ვაზნის კონტრუირებისას იყო აგრეთვე ნახევრად რანტიანი (ნაწიბურიანი) მასრა, რომლის მეშვეობითაც ვაზნის გამოყენება შესაძლებელი იყო როგორც თვითდამტენ პისტოლეტებში, ასევე რევოლვერებში, რადგანაც მასრის ფსკერის დიამეტრი იყო უფრო დიდი ზომის, რაც იძლეოდა რევოლვერის დოლურაში არსებულ სავაზნე კამერებში  მისი მოთავსების საშუალებას და დაფიქსირებას. სწორედ ასეთი მასრის გამო ვაზნის მეტრიკულ აღნიშვნას ბოლოში უმატებენ ასოებს SR (Semi Rimmed-ნახევრად რანტიანი) 7,65x17 SR, ან  7,65х17 HR (Halb-Rand - გერმანულად ნიშნავს ნახევრად რანტიანს).
7,65მმ-ან ბრაუნინგის ვაზნას ნაკლებ ეფექტურობის გამო არ იყენებდნენ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებში, თუმცა 50-ანი წლების მიწურულს ჩეხეთის არმიამ შეიარაღებაში მიიღო პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი CZ61 (Vz.61), რომელიც „მორიელის“ (Skorpion) სახელითაა ცნობილი და გათვლილია 7,65მმ-ან ბრაუნინგის ვაზნაზე. CZ61 -ზე ჩვენ ვიდეო მიმოხლვაც (რევიუ) გვაქვს გაკეთებული, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ აღნიშნულ ბმულზე > CZ-61S (Skorpion) ვიდეო მიმოხილვა
ვინაიდან ბრაუნინგის 7,65მმ-ანი ვაზნის ტყვიის საწყისი სიჩქარე ლულიდან გამოსვლის მომენტში არის ქვებგერითი, მასზე გათვლილ პისტოლეტებზე ფარდოდ გამოიყენებოდა უხმო და ალისგარეშე სროლის ხელსაწყოები, ეგრედწოდებული „მაყუჩი“ (გლუშიტელი).
ვაზნის საბჭოთა ანალოგი 
უკვე ავღნიშნეთ, რომ ბრაუნინგის პისტოლეტის 7,65 ვაზნა პოპულარობით სარგებლობდა როგორც ევროპაში, ასევე აშშ-ში. ვინაიდან საბჭოთა კავშირში 20-ან წლებში ჯერ კიდევ  არ არსებობდა სამამულო წარმოების თვითდამტენი პისტოლეტი (პისტოლეტები), მაღალჩინოსანი სამხედრო პირები, აგრეთვე უშიშროების და დაზვერვის თანამშრომლები არაოფიციალურად იყვნენ შიარაღებული სხვადასხვა ევროპული პისტოლეტებით, რომელიც ბრაუნინგის 7,65მმ-ან ვაზნაზე იყო გათვლილი. თანამდებობის პირები საკუთარი ხარჯით ყიდულობდნენ ევროპულ პისტოლეტებს, რომელთა ვაზნებიც  არ იწარმოებოდა საბჭოთა კავშირში და მარტივად რომ ვთქვათ იყო ძალიან დეფიციტური. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება თავად დაეწყოთ 7,65მმ-ანი ბრაუნინგის ვაზნების წარმოება. შემდგომ  ამ ყველაფერს დაერთო ისიც, რომ საბჭოთა კავშირში დაიწყო კონკურსი თვითდამტენი პისტოლეტის შემუშავებაზე, რომლის თანახმადაც საკონკურსო პისტოლეტებში ერთერთი მისაღები კალიბრი სწორედ 7,65მმ-ანი ბრაუნინგის ვაზნა იყო. 30-ან წლებში საბჭოთა კავშირმა უკვე დაიწყო 7,65მმ-ანი ბრაუნინგის ვაზნის საკუთარი ანალოგის მცირე პარტიებად წარმოება. თავდაცვის სამინისტროს მთავარი სარაკეტო-საარტილერიო სამმართველოს ნომენკლატურის მიხედვით ვაზნას მიენიჭა  სპეციალური ინდექსი 57-Н-153.  საბჭოთა ვაზნა დამუხტული იყო მთლიანად გარსიანი ტყვიით, რომელსაც ჰქონდა ტყვიისაგან ჩამოსხმული გულარი. ვაზნის მასრაც და ტყვიის გარსიც მზადდებოდა სპილენძისგან, ხოლო ომის შემდგომ ტყვიის გარსის ჩამოსხმა ხდებოდა ტომპაკისგან. ვაზნაში გამოყენებულ იქნა 5მმ-იანი დიამეტრის მქონე ბერდანის (Berdan) ტიპის კაფსულ-მაალებელი ინდექსით 57-К-121. ვაზნას მასრის ფუძეზე (ფსკერზე) არ გააჩნდა არანაირი მარკირება. საბჭოთა ვაზნა „57-Н-153“ გეომეტრიული კუთხით მცირედით განსხვავდებოდა ორიგინალური 7,65მმ-ანი ბრაუნინგის ვაზნისაგან, თუმცა ჩვეულებრივად ხდებოდა მისი გმოყენება ევროპულ და ამერიკულ პისტოლეტებში.
ვაზნის ჩინური ანალოგი Type 64 (ტიპი 64)
ჩინელებმა თავიანთი პისტოლეტებისთვის შექმნეს ბრაუნინგის ვაზნის ანალოგი, რომლსაც მოიხსენიებენ როგორც “7,65x17mm Type 64”. აღნიშნული ვაზნა მონაცემებით თითქმის ბრაუნინგის ვაზნის იდენტურია, თუმცა გააჩნია უფრო მძიმე ტყვია და ნაკლები საწყისი სიჩქარე. მთავარი ტექნიკური სხვაობა მდგომარეობს მასრის ფსკერში, რომელიც  არ არის ნახევრად რანტიანი, როგორც ყველა 7,65მმ-ან ბრაუნინგის ვაზნის შემთხვევაშია. მე არ მინახავს ასეთი ვაზნები საქართველოში, რადგანაც მას გარდა ჩინეთისა არსად არ აწარმოებენ. იგი განკუთვნილია სპეციალური პისტოლეტებისათვის „Type 64“ და „Type 67“, რომლებიც ინტეგრირებული მაყუჩით არიან აღჭურვილნი.
საქართველოს ბაზარზე არსებული 7,65მმ-ანი ვაზნები
ძირითადად 7,65მმ-ანი ვაზნები დამუხტულია ჩვეულებრივი მთლიანად გარსიანი ტყვიებით (FMJ-Full Metal Jacket), რომლის გულაც მთლიანად ტყვიისგანაა ჩამოსხმული. თანამედროვე ტყვიის გარსი როგორც წესი დამზადებულია უბრალოდ სპილენძისგან, თუმცა ადრეული წარმოების ვაზნების ტყვია შესაძლოა იყოს ბიმეტალის გარსითაც, მელხიორის გარსითაც ან მონიკელებული გარსით. არსებობს ვაზნები, რომელთა ტყვიების გარსიც მზადდება ფოლადისგან და გააჩნია სპილენძის ან მელხიორის საფარი, რათა არ დააზიანოს ლულა.
სტატიის დაწერის მომენტში საქართველოს მაღაზიებში ყველაზე მეტად გავრცელებულია ჩეხური ბრენდის Sellier & Bellot-ის მიერ წარმოებული ვაზნები, რომელიც დამუხტულია 4,75 გრამიანი (73გრეინი) მთლიანად გარსიანი ტყვიით (FMJ). მათი ღირებულება  1 ცალ ვაზნაზე შეადგენს 2-2.50 ლარს (შესაძლოა ლარის გაუფასურებიდან გამომდინარე მათი ღირებულებაც გაზარდოს ახლო მომავალში). სწორედ Sellier & Bellot-ის 7,65მმ-ან ვაზნებს ვიყენებ მე ჩემს კუთვნილ ცეცხლსასროლ პისტოლეტებში CZ-27 (Vz27) და CZ-61 (Vz61) (Skorpion).
ქვემოთ მოცემულია ცხრილი, სადაც ჩანს ჩეხური Sellier & Bellot-ის წარმოებული 7,65მმ-ანი ვაზნის ტყვიის მონაცემები სხვადასხვა დისტანციაზე. ცხრილში აგრეთვე  მოცემულია სიჩქარის და ენერგიის ვარდნის დინამიკა. მწარმოებლის ინფორმაციით ტესტირება ჩატარებულია 100მმ სიგრძის ლულიდან სროლისას.
 
თბილისში რიგ მაღაზიებში ხელმისაწვდომია აგრეთვე PMC Ammunition-ის (PMC-Precision Made Cartridges) სპეციალური ხაზის „Bronze“-ს (PMC Bronze™ Line) ვაზნები, რომელიც სამხრეთ კორეაში იწარმოება და დამუხტულია 4,6გრამიანი (71 გრეინიანი) მთლიანად გარსიანი (FMJ) ტყვიით.
ცხრილში შეგიძლიათ იხილოთ სიჩქარის და ენერგიის ვარდნის დინამიკა
ორიოდე დღის წინ ერთერთ მაღაზიაში წავაწყდი კომპანია Magtech-ის მირ წარმოებულ 7,65მმ-ან ვაზნას. აღნიშნული ვაზნაც მთლიანად გარსიანი (FMJ) ტყვიითაა დამუხტული. მისი მონაცემები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოყვანილ ცხრილში:
1წლის წინ საქართველოში მინახავს აგრეთვე კომპანია „GECO“-ს მიერ წარმოებული ვაზნებიც. ორივე ვაზნა FMJ ტყვიით იყო დამუხტული, ხოლო მათი მონაცემები კი ასე გამოიყურება:
ცხრილში მოყვანილია სიჩქარის და ენერგიის ვარდნა სხვადასხვა დისტანციაზე
ამერიკაში გამოდის აგრეთვე ექსპანსიური ტყვიებით დამუხტული ბრაუნინგის ვაზნები .32 ACP, რომელიც საქართველოში ჯერჯერობით არაა ხელმისაწვდომი.
FEDERAL-ის ვაზნების  „American Eagle“ მთლიანად გარსიანი ტყვიით FMJ და Hydra-Shok JHP (Jacketed Hollow Point) ტყვიის სიჩქარისა და ენერგიის ვარდნის დინამიკა სხვადასხვა დისტანციაზე.
 
 
7,65მმ-ანი ბრაუნინგის ვაზნის თავდაცვითი პოტენციალი
 
თუ 7,65მმ-ანი ბრაუნინგის ვაზნის ისტორიულ ჭრილს გადავხედავთ, დავინახავთ, რომ  50-ანი წლების ბოლომდე იგი ფართოდ იყო გავრცელებული, როგორც საპოლიციო და სამოქალაქო თავდაცვითი ვაზნა. დღევანდელი გადმოსახედიდან კი რათქმაუნდა ამ მიზნით მისი გამოყენება არ არის რეკომენდირებული. აქვე მინდა განვმარტო, რომ წინადადება „არ არის რეკომინდირებული თავდაცვისათვის“, არ გულისხმობს იმას, რომ 7,65მმ-ანი ბრაუნინგის ტყვია არ კლავს. ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეუწირია ამ კალიბრის ვაზნას, რომელთა შორისაც ყველაზე გახმაურებული იყო ფრანც ფერდინანდის მკვლელობა, რასაც პირველი მსოფლიო ომის დაწყება მოჰყვა. სწორედ 7,65მმ-ანი ბრაუნინგით ესროლა სერბმა სტუდენტმა გავრილო პრინციპმა ერცჰერცოგ ფრანც ფერდინანდს.
ბუნებრივია გაგვიჩნდება შეკითხვა, ერთდროს ასეთი პოპულარული ვაზნა რატომ აღარ არის დღეს მისაღები თავდაცვისთვის?
შევეცდები გავცე ამ შეკითხვას პასუხი. იმ პერიოდში თითქმის ყველა ქვეყნის პოლიციას შეიარაღებაში ჰქონდა კომპაქტური და საშუალო ზომის პისტოლეტები, რომლებიც სწორედ 7,65მმ-ან ვაზნებზე იყო გათვლილი და ეს გამოწვეული იყო იმით, რომ იმდროინდელი ტექნოლოგიები არ იძლეოდა საშუალებას შექმნილიყო კომპაქტური და საშუალო გაბარიტების მქონე პისტოლეტები, რომლებიც უფრო ძლიერ  9х19 Parabellum-ის ვაზნებზე იქნებოდა გათვლილი. სწორედ მაშინ საპოლიციო პრაქტიკამ აჩვენა, რომ 7,65მმ-ანი ბრაუნინგის ვაზნა სუსტი იყო ბოროტმოქმედებთან ორმხრივ შეტაკებებში და რიგ ქვეყნებში დაწყებულ იქნა პოლიციელების გადაიარაღება ისეთ კომპაქტურ და საშუალო ზომის პისტოლეტებზე, რომლებიც გათვლილი იყო 9х17 ბრაუნინგის მოკლე ვაზნაზე (ე.წ. „კურცზე’). რიგ ქვეყანებში პოლიცილებს შესთავაზეს თავიანთი ხარჯებით ეყიდათ 9х19 ვაზნებზე გათვლილი საარმიო პისტოლეტები.
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ კი აშში-ში ფართოდ გავრცელდა სმიტ ვესონის .38 სპეციალურ ვაზნაზე (.38 Special) გათვლილი რევოლვერების გამოყენება პოლიციელებში, ხოლო შემდგომ კი ძალზედ ეფექტური  .357 მაგნუმის ვაზნების გამოჩენამ ყველაზე აქტიური გახადა აშშ-ს პოლიციელებში რევოლვერების გავრცელება და დამკვიდრება. თვითდამტენ პისტოლეტებს რაც შეეხება, რათქმაუნდა .45 ACP ვაზნაზე გათვლილი ლეგენდარული კოლტის 1911 წლის მოდელიც ღირსეულ ადგილს იკავებდა აშშ-ს სამართალდამცავებს შორის.
70-ანი წლების შემდგომ კი როგორც ევროპის ქვეყნებში, ასევე აშშ-ში გავრცელდა 9х19 პარაბელუმის ვაზნები (9mm Luger) და ნელნელა მივიწყებას მიეცა 7,65მმ-ანი ბრაუნინგის ვაზნებზე გათვლილი იარაღი. ვისაც უნდოდა და სჭირდებოდა კომპაქტური პისტოლეტები მხოლოდ ისინი ცდილობდნენ წასულიყვნენ დათმობაზე და ჰქონოდათ ბრაუნინგის სუსტ 7,65მმ-ან ვაზნაზე გათვლილი იარაღი. 90-ანი წლების მიწურულს კი ახალი ტექნოლოგიების გამოჩენამ იარაღის მწარმოებელ კომპანიებს მისცა შესაძლებლობა შეექმნათ კომპაკტური და სუბკომპაკტური პისტოლეტები უკვე პოპულარულ 9х19 Luger ვაზნებზე, რამაც საბოლოოდ განაპირობა 7,65მმ-ანი ბრაუნინგის ვაზნების აუტსაიდერად გადასვლა. დღეს რიგი მწარმოებლები მაინც უშვებენ პისტოლეტებს 7,65მმ-ან ვაზნაზე, რაც ჩემი სუბიექტური აზრით არამომგებიანია, რადგანაც არსებობს პისტოლეტები კომპაქტური გაბარიტებით და ისვრის უფრო ძლიერ 9х19 ვაზნებს, რომელიც თავდაცვისთვის უფრო ადექვატურია, ვიდრე 7,65მმ-ან ბრაუნინგის ვაზნა. თუმცა აქ სასწორის მეორე მხარეს დევს ის ფაქტორი, რომ 7,65მმ-ან ვაზნას ნაკლები უკუცემა აქვს და იარაღის კონსტრუქციაც თავისუფალი საკეტითაა და ნაკლებად რთულია ვიდრე 9х19 კალიბრზე გათვლილ პისტოლეტს ესაჭიროება.
 
ქართული მიდგომა 7,65მმ-ანი ბრაუნინგის ვაზნის მიმართ
საქართველოში ხშირად შევხვდებით ადამიანებს, რომლებიც გვირჩევენ, თავდაცვისთვის შევიძინოთ 7,65მმ-ან ვაზნაზე გათვლილი პისტოლეტები. ამ დროს მათი ამ იდეის მთავარი მამოძრავებელი ძალა არის ის, რომ მაგალითებად მოიშველიებენ წარსულში პოპულარულ ისეთ პისტოლეტებს, როგორიცაა ვალტერ PP და PPK, ბრაუნინგის 1900 და 1910 მოდელები, კომპაკტური მაუზერები, ჩეზეები, ბერეტები და სხვა მრავალი, რომლებიც 7,65მმ-ან ბრაუნინგის ვაზნებზე არიან გათვლილნი. შესაბამისად რახან ეს პისტოლეტები ლეგენდარულ იარაღებდ ითვლებიან, ესეიგი ვაზნაც „მაგარია“. რათქმაუნდა ეს მცდარი მიდგომაა. სტანდარტული ბრაუნინგის 7,65მმ-ანი ვაზნების ტყვიის საწყისი ენერგია საშუალოდ შეადგენს 180-200 ჯოულს. თუკი ციფრები არაფერს გვეუბნება შეგვიძლია შევადაროთ იგი სხვა ვაზნებს. 
ცხრილში მოყვანილია მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან ნასროლი ვაზნების საშუალო მონაცემები
 
როგორც ცხრილიდან ჩანს ბრაუნინგის 7,65მმ-ანი ვაზნა ენერგიით ჯობნის მასზე მცირეკალიბრიან .22LR და 6,35მმ-ან ბრაუნინგის ვაზნებს. აგრეთვე ჯობნის ანალოგიური კალიბრის და გაბარიტების მქონე .32 კალიბრიან სმიტ ვესონის რევოლვერის ვაზნას და მცირედით ჩამოუვარდება ნაგანის რევოლვერის საბჭოთა საარმიო ვაზნას. აქვე უნდა ავღნიშნო, რომ ცხრილში მოყვანილი ვაზნებიდან არცერთი არაა რეკომენდირებული თავდაცვისათვის.
დასკვნა
ცეცხლსასროლი იარაღის თანამედროვე ბაზარზე ბრაუნინგის 7,65მმ-ანი ვაზნა და მასზე გათვლილი პისტოლეტები არ შეიძლება ჩავთვალოთ თავდაცვით იარაღად. შესაბამისად თუკი თქვენ ვინმე გთავაზობთ, 7,65მმ-ან ვაზნაზე გათვლილ პისტოლეტს თავდაცვითი მიზნისთვის ნუ მოტყუვდებით. ერთადერთი დათმობა რის გამოც ღირდა ამ ვაზნაზე გათვლილი პისტოლეტების შეძენა თავდაცვითი მიზნით, იყო მხოლოდ იარაღის კომპაკტურობა, რომლის შესახებაც უკვე ვისაუბრეთ ზემოთ და ავღნიშნეთ, რომ დღეს გამოდის კომპაკტური პისტოლეტები ბევრად ძლიერ ვაზნაზე ვიდრე 7,65მმ-ანი ბრაუნინგია.
მიუხედავად ამ ყველაფრისა სხვადასხვა ვაზნების  მწარმოებელი კომპანიები დიდი რაოდენობით უშვებენ 7,65მმ-ან ბრაუნინგის ვაზნებს და ამის მთავარი მიზეზი გახლავთ ის, რომ გასული საუკუნის დროს შექმნილი უამრავი პისტოლეტებია დღეს მიმოქცევაში რომლებიც მათ მფლობელებს და კოლექციონერებს გულს უხარებს

სურათზე მოყვანილია 7,65მმ-ანი ბრაუნინგის ვაზნა, 7,62х25 ТТ (ტოკარევი) და 9х19 Luger.

No comments:

Post a Comment