IX ყრილობა (SED Maschinenpistole IX)

1946 წელს გერმანიაში ჩამოყალიბებულ იქნა გერმანიის ერთიანი სოციალისტური პარტია, რომელსაც შემოკლებით „SED“-ს უწოდებდნენ (Sozialistische Einheitspartei Deutschlands, SED). (რუსეთში მოიხსენიებენ, როგორც СЕПГ - Социалистическая единая партия Германии). პარტია დასავლეთ გერმანიაში მოღვაწეობდა 1946-1948 წლებში, ხოლო 1949 წლის ოქტომბრიდან - 1990 წლის მარტამდე აღმოსავლეთ გერმანიის ტერიტორიაზე იგი იყო მმართველი პარტია. პარტია აქტიურად ეწეოდა მარქსიზმ-ლენინიზმის იდეოლოგიის დამკვიდრებას გერმანიის ტერიტორიაზე. პარტიის ხელმძღვანელობა რამოდენიმე წელიწადში ერთხელ მართავდა სპეციალურ ყრილობებს. სულ ჯამში ჩატარებულ იქნა 11 პარტიული ყრილობა. აქედან რიგით IX ყრილობა შედგა 1976 წელს, რომლის მთავარი მიზანი იყო ქვეყნის შემზადება კომუნისტური წყობილებისაკენ წასასვლელად და მისთვის საჭირო რეფორმების განხორციელება, დაგეგმვა.
1976 წელს რიგით IX  ყრილობის ფარგლებში ჩატარდა სპეციალური გამოფენა, რომლზეც წარმოდგენილ იქნა სხვადასხვა ნივთები და მათ შორის გერმანელების მიერ შექმნილი ახალი ცეცხლსასროლი პისტოლეტის პირველი პროტოტიპი. სწორედ აღნიშნულ პისტოლეტს ეძღვნება ჩვენი მიკრო სტატიაც. აქვე უნდა ავღნიშნო, რომ ეს სტატია იქნება ძალზედ ზედაპირული და მწირი, რადგანაც პისტოლეტის პროტოტიპი, რომელზეც ჩვენ ვისაუბრებთ მხოლოდ რამოდენიმე ცალი ეგზემპლარის სახით დამზადდა და არ ჩაშვებულა მასიურ წარმოებაში. ერთადერთი არსებული ეგზემპლარი რომლის შესახებაც დღეს ცნობილია, ინახება გერმანიის ქალაქ კობლენცში (Koblenz) არსებულ სამხედრო ტექნიკის მუზეუმში. მე პერიოდულად ვცდილობ სხვადასხვა უცხოურ ფორუმებზე და ვებ-გვერდებზე მოვიძიო ინფორმაცია ამ ეგზემპლარზე, თუმცა უშედეგოდ. მხოლოდ რამოდენიმე ფოტოსურათია გავრცელებული და არანაირი სხვა ინფორმაცია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე დამეწერა მასზე სტატია, რომლის მთავარი მიზანიც არის ის, რომ ქართველ მკითხველს გავაცნოთ ამ მივიწყებული ეგზემპლარის არსებობა.
როგორც უკვე ავღნიშნეთ, ეს პისტოლეტი არ გამოსულა სერიულად და დამზადებულ იქნა მხოლოდ პროტოტიპის სახით, შესაბამისად მეეჭვება იგი ოდესმე ვინმეს გამოეყენებინოს. სავარაუდოდ საცდელი სროლების გავლის შემდეგ ეს პისტოლეტი პირდაპირ სამუზეუმო სტენდზე მოხვდა.
პირველ რიგში ყურადღება მინდა შევაჩერო პისტოლეტის დასახელებაზე. ვინაიდან პისტოლეტის დემონსტრირება მოხდა 1976 წლის რიგით მეცხრე ყრილობაზე, მას მიენიჭა სახელოდება „SED Maschinenpistole IX“. აღნიშნულ დასახელებასთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული გაუგებრობაც, კერძოდ კობლენცის სამუზეუმო სტენდზე პისტოლეტი აღნიშნულია, როგორც „SED 11”.  ჩემი ვარაუდით პისტოლეტის აღნიშვნა სამუზეუმო სტენდზე შესაძლოა მოხდა ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი მიზეზით: 1. ნაბეჭდი შეცდომა სამუზეუმო მაჩვენებელზე; 2. რიგით XI ყრილობაზე განმეორებით მოხდა მისი დემონსტრირება (გამოფენა) და ამიტომ დააწერეს აღნიშვნა შემდეგი სახით „Maschinenpistole 11. Parteitag der SED“. < ეს ჩემი ვარაუდია და არა დადასტურებული ინფორმაცია. კიდევ ერთი სახელი, რომლითაც ჩვენი სტატიის გმირია ცნობილი არის  "VEB Maschinenpistole".
პისტოლეტის კონსტრუქცია
პისტოლეტის კონსტრუქტორად ყველა დოკუმენტში მოხსენიებულია Rolf Ziegenhahn-ი, გერმანიის ქალაქ ზულიდან (Suhl). პისტოლეტის კონსტრუქცია ეფუძნება თავისუფალი საკეტის პრინციპს და მასში გამოიყენება მაკაროვის ვაზნები „9x18 ПМ“. დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი არის ღია ჩახმახით და მხოლოდ ერთმაგი მოქმედების (SA - Single Action). პისტოლეტიდან შესაძლებელია ვაწარმოოთ როგორც ერთეული გასროლები, ასევე სრულიად ავტომატური ჯერებით სროლა. სწორედ ამიტომ პისტოლეტის აღნიშვნაში ფიგურირებს სიტყვა „Maschinenpistole“. პისტოლეტის ჯერებით სროლისას ტემპი შეადგენს 800 გასროლას წუთში. ვინაიდან პისტოლეტს შეუძლია ჯერებით სროლა, იგი აღჭურვილია დამატებითი წინა სახელურით, რომელშიც შესაძლებელია სათადარიგო სავაზნე კოლოფის (მჭიდის) შენახვა. დამატებითი სახელური ავტომატური ჯერებით სროლისას უზრუნველყოფს პისტოლეტის საიმედო დაფიქსირებას და მოთოკვას. პისტოლეტი არ გამოირჩევა სილამაზით და არსებულ ფოტოებს თუ გადავხედავთ, არც მისი დაფარვა არ უნდა იყოს იდეალური. ხისგან დამზადებული ტარის ლოყები კი საერთოდ კუსტარულ იერს აძლევს პისტოლეტს. მესმის რომ ეს ეგზემპლარი პროტოტიპია, მაგრამ როდესაც მის დემონსტრირებას ახდენ პარტიის სხდომაზე, ცოტა ვიზუალურ მხარეზეც უნდა იზრუნო. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პისტოლეტი რუსების თაოსნობით იქმნებოდა. ამ პისტოლეტზე არსებობს ლეგენდა, რომლის თანახმადაც იგი სტეჩკინის ავტომატური პისტოლეტის (АПС) საპასუხოდ შეიქმნა. ვიზუალურად პისტოლეტი საშინლად გამოიყურება, ხოლო მისი გაბარიტები ბევრად დიდია, ვიდრე სტეჩკინის პისტოლეტი.
„SED Maschinenpistole IX“ -ის ლულა არის 18 სანტიმეტრიანი და გააჩნია 5 მარჯვენამხრივი ჭრილი. გრძელი ლულის წყალობით სტანდარტული მაკაროვის პისტოლეტის ვაზნის 9X18 ПМ გამოყენებისას, ტყვიის საწყისი სიჩქარე შეადგენს 365 მ/წამს, ხოლო ტყვიის ენერგია ლულიდან გამოსვლის მომენტში არის 406 ჯოული. (შედარებისთვის სტეჩკინის პისტოლეტიდან ნასროლი ტყვია ანვითარებს 340 მ/წამ საწყის სიჩქარეს, ხოლო მისი ენერგია შეადგენს 352 ჯოულს).
შეკითხვაზე თუ რატომ არ გამოსულა პისტოლეტი სერიულად? გამიჭირდება პასუხის გაცემა, თუმცა შევეცდები შევადარო იგი სტეჩკინის პისტოლეტს, რომლის წყალობითაც დავინახავთ, რომ ბევრი ნაკლი გააჩნდა ამ „გერმანულ რკინის ნაჭერს“.
დავიწყოთ პირველ რიგში მისი გაბარიტებით. გერმანული პისტოლეტი ბევრად უფრო დიდია ვიდრე სტეჩკინი (АПС), ხოლო მისი წონა (მასა) ცარიელი სავაზნე კოლოფით (მჭიდით) შეადგენს 2240 გრამს. სტეჩკინი 20 ცალი ვაზნით იწონის 1220 გრამს (ანუ თითქმის ნახევარჯერ მსუბუქია).
ჯერებით სროლისას ტემპი უფრო მაღალია, ვიდრე გააჩნია სტეჩკინის პისტოლეტს. გარდა ამ ყველაფრისა მისი ერთრიგიანი გრძელი სავაზნე კოლოფი (მჭიდი) იტევს 13 ვაზნას (მოკლე მჭიდი კი სულ 9 ვაზნას). სტეჩკინის პისტოლეტის მჭიდი კი იმ ეპოქისათვის ვაზნების რეკორდულ რაოდენობას, 20 ვაზნას იტევდა.
ზევით მოყვანილ მინუსებს თუ გავითვალისწინებთ, ნათელი ხდება რატომაც არ განხორციელდა გერმანული პისტოლეტის სერიულ წარმოებაში ჩაშვება. სტატიის ბოლოს კი მინდა ავღნიშნო, თუკი ოდესმე მომეცა საშუალება ჩავიდე ქალაქ კობლენცში, აუცილებლად მივალ მუზეუმში და ვინახულებ ამ არშემდგარ პისტოლეტს, რომელიც საპატიო ადგილს იკავებს სამუზეუმო სტენდზე.

No comments:

Post a Comment