ფლობერის (Flobert) ვაზნებზე გათვლილი იარაღი

90-ან წლებში საქართველოში პოპულარობით სარგებლობდა გაზის იარაღები (ე.წ. „გაზოვი“ ხშირად უწოდებდნენ აგრეთვე „გაზავოი“ იარაღებსაც). გაზის იარაღების პოპულარულობას განაპირობებდა ის ფაქტორი, რომ იგი ტარების უფლებით ფორმდებოდა, საქართველოსთვის ახალი ხილი იყო და მის მფლობელებს ნაკლებად აინტერესებდათ რეალურად გამოსადეგი იყო თუ არა მსგავსი იარაღი თავდაცვისათვის. თუმცა უმეტესად ხალხი გაზის იარაღს მაინც სამარიაჟოდ ყიდულობდა. იმ პერიოდში ქალაქ თბილისში, დელისის მიმდებარე ტერიტორიასთან ფუნქციონირებდა იარაღის მაღაზია (სამწუხაროდ მაღაზიის სახელი აღარ მახოვს), რომელმაც საქართველოში პირველად შემოიტანა ფლობერის 6მმ-ან წრიული აალების ვაზნებზე გათვლილი გერმანული მწარმოებლის „Cuno Melcher ME Sportwaffen“-ის რევოლვერები სახელწოდებით “ME 38 Magnum-6R”.
მათი ფასები თავდაპირველად 290-380 ლარამდე მერყეობდა, შემდგომ კი 480 ლარი ღირდა. რევოლვერები სწრაფად იყიდებოდა და ამის მიზეზი გახლდათ ის, რომ იგი ტარების უფლებით ფორმდებოდა, ხოლო გაზის იარაღისგან განსხვავდებოდა იმით, რომ ისროდა არა გაზის კვამლის ღრუბელს, არამედ 6მმ-ან სფეროსებრ ტყვიას.  ამავე მაღაზიის მისაღებ დარბაზში იდგა რუსული არაემალირებული სათლი (ვედრო), რომელსაც სადემონტრაციო სახით ჰქონდა “ME 38 Magnum-6R”-იდან ნასროლი 6მმ-ანი ტყვიის ანაბეჭდები. დაახლოებით 10-15 ნატყვიარიდან მხოლოდ 3-4 იყო გახვრეტილი, ხოლო დანარჩენი კი იყო უბრალოდ ჩანაჭყლეტი სახის.
შემდეგ ბაზარზე გამოჩნდნენ უფრო ძლიერი მოთამაშეები საფანტის მოკლელულიანი იარაღები ე.წ „დრაბავიკები“, რომელთა მფლობელებიც ხშირად კუსტარულად ახდენდნენ ვაზნების მოდერნიზებას, კერძოდ:  უმატებდნენ დენთის მუხტს, წვრილი საფანტის ნაცვლად მუხტავდნენ უფრო მსხვილით, მასრაში საფანტის ნაცვლად დებდნენ ტყვიისაგან ჩამოსხმულ ჟაკანის მსგავს ტყვიას, რაც ხშირ შემთხვევაში ფატალური შედეგით მთავრდებოდა ან იარაღისთვის და მისი მფლობელისათვის, ან კიდევ იმათთვის ვისაც ეს ფანტაზიის და მარჯვე ხელების შედეგად შექმნილი ჭურვი მოხვდებოდა. (მე ბევრი ისტორია მსმენია ამგვარ იმპროვიზაციაზე, მაგრამ ერთერთი ყველაზე მეტად დამამახსოვრდა, როდესაც გაურკვეველმა პირებმა ჩემი მეგობარი დაჭრეს და ვაზნა პატარა ქვის ნამტვრევებით და ქვიშით იყო დამუხტული). მას შემდეგ, რაც კანონში შევიდა ცვლილებები და მოკლელულიანი საფანტის იარაღის გაფორმება ხდება მხოლოდ А კატეგორიის მოწმობით, რომელიც იარაღის შენახვას გულისხმობს, საფანტის იარაღებიც დავიწყებას მიეცა, ხოლო ფლობერის 6მმ-ან და 4მმ-ან ვაზნებზე გათვლილი რევოლვერები კი კვლავ ტარების უფლებითაა. ჩვენი სტატიაც სწორედ ამ ვაზნებზე და მათზე გათვლილი მოკლელულიანი იარაღის შესახებ იქნება.
საქართველოში ხშირად შევხვდებით ადამიანებს, რომლებიც შესაძლოა გვირჩევდნენ თავდაცვითი მიზნებისთვის ისეთ ვაზნაზე გათვლილ იარაღს, რომელიც არასოდეს არ ყოფილა შექმნილი ამ მიზნისათვის. სწორედ ასეთ ვაზნას განეკუთვნება ჩვენი დღევანდელი სტატიის გმირი, რომელიც შეიძლება ითქვას საერთოდ არ განეკუთვნება ცეცხლსასროლ კატეგორიას.
რატომ არ განეკუთვნება Flobert-ის ვაზნებზე გათვლილი იარაღი ცეცხლსასროლ კატეგორიას?
იმისათვის, რომ ამ შეკითხვას გავცეთ პასუხი აუცილებელია ჩავუღრმავდეთ თავად ვაზნას. დავიწყოთ პირველ რიგში ფლობერის ვაზნის შექმნის ისტორიით და მისი ვარიანტების განხილვით.
1842 წელს ფრანგმა ნიკოლა ფლობერმა (სრული სახელი და გვარი Louis Nicolas Auguste Flobert) შექმნა პირველი წრიული აალების ვაზნა. 1845 წელს მოხდა ვაზნის საბუთების მომზადება საპატენტო განაცხადისათვის, ხოლო 1849 წელს იგი ოფიციალურად იქნა დაპატენტებული. ფლობერის პირველი ვაზნა იყო 9მმ კალიბრის. 
 
თხელი სპილენძის ფურცლისაგან დამზადებულ რანტიან მასრას გააჩნდა მხოლოდ რანტში ჩაპრესილი მაალებელი ნივთიერება და არ იყო დამუხტული არანაირი დენთით. ვაზნა დამუხტული იყო მხოლოდ 9მმ-ანი ტყვიით, რომელიც წარმოადგენდა სფეროსებურ ბურთულას. გასროლისას ტყვია ბიძგს იღებდა მხოლოდ კაფსულ-მაალებლის ინიცირების ხარჯზე. სწორედ ამ მიზეზის გამო ფლობერის ვაზნა არ გადის ცეცხლსასროლი იარაღის კატეგორიაში.
მოგვიანებით დამზადდა 9მმ-ანი და 6მმ-ანი ვაზნები გრძელი მასრით, რომელიც დამუხტული იყო საფანტით. ასეთი ვაზნები ძირითადად განკუთვნილი იყო ფლობერის გლუვლულიანი თოფებისთვის. საფანტით დამუხტულივაზნები გამოდიოდა როგორც მთლიანად სპილენძის მასრით, ასევე კომბინირებული სპილენძით და მუყაოთი.
 9მმ ფლობერის ვაზნა საფანტის მუხტით გლუვლულიანი თოფისთვის 
 6მმ ფლობერის ვაზნა საფანტის მუხტით გლუვლულიანი თოფისთვის 
 
ამავე პერიოდში დამზადებულ იქნა 6მმ-ანი ვაზნები სფეროსებური ტყვიით „BB Cap“ (Bulleted Breech Cap) 
 
 
შემდგომ აშშ-ში დაამზადეს ვაზნები წვეტიანი კონუსისებური ტყვიით „CB Cap“ (Conical Ball Cap). 
წვეტიანი ტყვიით დამუხტულ ვაზნებს უწოდებდნენ აგრეთვე ბოსკეტს (Bosquette). (ბოსკეტები არსებობს აგრეთვე 9მმ-ან ვარიანტშიც). ხშირად ბოსკეტებში მწარმოებლები ამატებდნენ უმნიშვნელო დენთის მუხტსაც. 6მმ-ანი ფლობერის ვაზნების მასრის სიგრძე, რომლებიც დამუხტულნი არიან BB და CB ტიპის ტყვიებით, შეადგენს 6,8-6,95მმ-ს.  ვაზნების თანამედროვე აღნიშვნა არის “.22 Flobert”
 
1. 9მმ-ანი ბოსკეტი; 2. 6მმ-ანი ბოსკეტი
 
შემდგომ დამზადებულ იქნა აგრეთვე ყველაზე სუსტი 4მმ-ანი ფლობერის ვაზნები, რომელიც გამოდის ორი სახით 1. გრძელი მასრით (Long) (4mm Lang); 2. მოკლე მასრით (Short) (4mm kurz). მოკლე ვაზნის მასრის სიგრძე ძირითადად შეადგენს 6,5-6,6მმ-ს, ხოლო გრძელი ვაზნის კი 8,4-8,5მმ-ს.
 
 4მმ- ფლობერის გრძელი ვაზნები
 
6მმ-ანი ფლობერის ვაზნა ითვლება ერთერთ მნიშვნელოვან გამოგონებად ცეცხლსასოლ იარაღში, რადგანაც სწორედ მის ბაზაზე აშშ-ში შექმნეს დღეს გავრცელებული ვაზნები .22Short, რომელიც სმიტ-ვესონის 1857 წლის მოდელის პირველ რევოლვერში გამოიყენებოდა. მოგვიანებით კი სწორედ .22 Short ვაზნის მასრის დაგრძელებით შექმნეს .22Long და .22 Long Rifle (.22LR).
 ფოტოზე მოყვანილია 1. 22. Bosquette; 2. .22 Short; 3. .22Long Rifle (LR)
თანამედროვე ფლობერის ვაზნები შესაძლოა შეგვხვდეს მოსპილენძებული ტყვიებით, რომელსაც ტყვიის გულაზე გადაკრული აქვს თხელი მოწითალო ფერის სპილენძის ფურცელი.
 
1860-1890 წლებში პოულარული იყო ფლობერის ვაზნებზე გათვლილი ერთმუხტიანი პისტოლეტები, რომლებიც სხვადასხვა სიგრძის ლულებით გამოდიოდა. ასეთი იარაღი რეკლამირდებოდა, როგორც ოთახში გასართობად სასროლი იარაღი. ასეთ პისტოლეტებს ხშირად შეხვდებით ძველ სავაჭრო ცნობარებში (კატალოგებში). დღეს იმ პერიოდში გამოშვებულ მსგავს პისტოლეტებს საკმაოდ მაღალი საკოლექციო ღირებულება გააჩნიათ.
საქართველოში და ევროპის ბევრ ქვეყანაში  9მმ-ანი ფლობერის ვაზნები არ არის თავისუფალ ბრუნვაში, განსხვავებით 4 და 6მმ-ანი ვაზნებისგან. საქართველოში ძირითადად გაყიდვაში მინახავს მხოლოდ ჩეხური ზელერ ბელოტის მიერ წარმოებული 6მმ-ანი ვაზნები, რომელთა ღირებულება 0,80-1 ლარს შეადგენს, რაც ძალიან სასაცილოა, რადგანაც .22LR ვაზნები უფრო იაფია. ხოლო 4მმ-ანი ფლობერის ვაზნები 1998 წლის შემდეგ აღარც მინახავს გაყიდვაში.
 
ფლობერის ვაზნა თავდაცვისთვის?
 
ამ კითხვაზე პასუხი ჩემი მხრიდან იქნება მკაფიოდ თქმული: - არავითარ შემთხვევაში! თუკი ეს პასუხი არ დაგაკმაყოფილებთ შეგიძლიათ ვაზნის მონაცემებს გაეცნოთ. > საქართველოში გავრცელებული 6მმ-ანი ჩეხური ზელერ-ბელოტის მიერ წარმოებული ვაზნის სფეროსებური ტყვია (ბურთულა) იწონის 1,05 გრამს, ხოლო მისი საწყისი სიჩქარე მერყეობს 190-250 მ/წამამდე (გააჩნია იარაღის ლულის სიგრძეს), შესაბამისად ტყვიის ენერგია მერყეობს 19-33 ჯოულამდე, რაც ყოვლად გამოუსადეგარს ხდის ამ ვაზნას როგორც თავდაცვითს. მე ხშირად მსმენია ფაქტები, როდესაც 6 და 4მმ-ან ფლობერის ვაზნებზე გათვლილი იარაღის მფლობელები, ენერგიის გაზრდის მიზნით ვაზნის მასრაში ამატებდნენ ცოტაოდენ დენთს. ამგვარი ქმედება საშიშია ორი მიზეით: 1. იარაღი არ არის გათვლილი მომატებულ წნევაზე და შესაძლოა მასრა გახეთქოს და გარეთ გამოვარდეს დენთის აირები ან დააზიანოს როგორც იარაღი, ასევე მსროლელი; 2. აქ უკვე ერთვება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი (სსსკ), რომლის თანახმადაც უკვე გარკვეული სანქციები მოქმედებს იმ პირის მიმართ, ვინც მსგავს საქციელს ჩაიდენს.
სპორტული ინტერესის გამო მე ფლობერის 6მმ-ანი ვაზნა ვისროლე .22LR ვაზნაზე გათვლილ საბჭოთა პერიოდში გამოშვებული ერთმუხტიანი „Match“ კლასის შაშხანა Урал-იდან. ერთი ტყვია კარგად გაისროლა, ხოლო მეორე გასროლისას ტყვია გაიჭედა ლულაში. კარგია, რომ დროულად შევამჩნიეთ. ტყვია არ მოხვდა მიზანს და ლულის დათვალიერებისას აღმოვაჩინეთ მასში გაჭედილი, რომელიც ძლივს გამოვაგდეთ მეტალის ზუმბათი (შომპოლით). რა მოხდებოდა, იმ შემთხვევაში თუ ტყვია გაჭედილ ლულიან იარაღში .22 LR ვაზნას ჩავდებდით და გავისროდით? ამ კითხვაზე ნათელი პასუხი მე არ მაქვს, მაგრამ ჩემი ვარაუდით ვინაიდან ურალს ცივად ნაჭედი სქელი ლულა აქვს, გახეთქვით არ გასკდებოდა, მაგრამ სავარაუდოდ გაიბერებოდა იმ ადგილას, სადაც ფლობერის გაჭედილ 6მმ-ან სფეროსებურ ტყვიას დაეჯახებოდა .22LR-ის ტყვია. < ეს ჩემი ვარაუდია და რეალობა შესაძლოა სხვა იყოს.
 
რა სარგებელი აქვს ფლობერის ვაზნებზე გათვლილ იარაღს და რისთვის შეიძლება იგი გამოვიყენოთ?
 
პირველ რიგში ფლობერის ვაზნებზე გათვლილი მოკლელულიანი იარაღი უნდა დავყოთ 2 კატეგორიად:
1.      პისტოლეტები - 1 ლულიანები და 2 ლულიანები ამათი სარგებელი მხოლოდ გართობა და მიზანში სროლაა.
2.      რევოლვერები - ამით შესაძლებელია ვისწავლოთ იარაღთან მოპყრობა, წმენდა, ვივარჯიშოთ დამიზნებაში, სწრაფად ამოღებაში და საბრძოლო მზადყოფნის მოყვანაში. გარდა ამისა იგი გამოდგება პლინკიგისთვის, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ვაზნების სიძვირეც, ყველაზე იაფად მისი შოვნა შესაძლებელია  80 თეთრად. გარდა ამისა იგი დეფიციტურიცაა და ხშირად ვერ შეხვდებით გაყიდვაში.
ფლობერის ვაზნები შეიქმნა ოთახში და დახურულ სივრცეში სასროლად, ამიტომ მას ხშირად ისვრიან სახლშიც, თუმცა აქ არ უნდა დაგვავიწყდეს უსაფრთხოების წესები, რადგანაც ადამიანს ან შინაურ ცხოველს ფლობერის ვაზნის ტყვია უთუოდ დააზიანებს.
 
პნევმატური VS ფლობერი
 
თანამედროვე პნევმატური იარაღები გართობის და მიზანში სროლის კუთხით ბევრად უფრო პრაქტიკულია და რათქმაუნდა ამ კუთხით ფლობერის ვაზნებზე გათვლილი იარაღი უდაოდ აუტსაიდერია, თუმცა ფლობერის მოკლელულიანი იარაღი უფრო მეტად მოეწონება ცეცხლსასროლი იარაღის მოყვარულს, რადგანაც გასროლისას აქვს ხმა (მართალია დაბალი, მაგრამ მაინც ხმაა J) და ლულიდან გამოვარდნილი მცირე რაოდენობის ალი და კვამლი, რაც ცეცხლსასროლი იარაღის სროლის იმიტაციას ქმნის. სწორედ აქედან გამომდინარე დღეს ბევრი მწარმოებელი არსებობს, რომელიც უშვებს ფლობერის ვაზნებზე გათვლილ იარაღებს.
 
ერთადერთი ფლობერის რევოლვერი რომელსაც მე ახლოდან ვიცნობ არის ზევით ნახსენები გერმანული წარმოების “ME 38 Magnum-6R”. რომლის დოლურაშიც თავსდება 5 ცალი 6მმ-ანი ვაზნა.
იარაღი კარგად არის შესრულებული და ვიზუალურად წააგავს ცეცხლსასროლ იარაღს, თუმცა დოლურას გადმოწევის შემთხვევაში ნათელი ხდება, რომ იგი არაა ცეცხლსასროლი, რადგანაც მისი დოლურა გვერდით არ იწევა მთლიანად და გადმოდის მხოლოდ წვრილი ნახევარი მხარე, რომელშიც მოკლე 6მმ-ანი ფლობერის ვაზნები თავსდება.
 
რევოლვერის დოლურის მარცხნივ გადასაწევად საჭიროა უკან გავწიოთ ჩარჩოზე განთავსებული სლაიდერული ტიპის ღილაკი (ბერკეტი). მასრების ექსტრქცია ხდება ერთდროულად, დოლურას ღერძში გაყრილი ექსტრაქტორის მეშვეობით. რევოლვერის დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი იძლევა საშუალებას ვისროლოთ როგორც ორმაგი მოქმედების (DA) რეჟიმში, აგრეთვე ჩახმახის წინასწარ შეყენებით.
“ME 38 Magnum-6R” Photography © Levan Atuashvili
თუკი გადავხედავთ იარაღის ფორუმებს აღმოვაჩენთ, რომ ფლობერის ვაზნაზე განკუთვნილ იარაღებს ჰყავს მოყვარულთა საკმაოდ დიდი წრე. უკრაინაში ფარდოთ არის გავრცელებული 4მმ-ან ვაზნებზე გათვლილი რევოლვერები, რადგანაც 6მმ-ან ვაზნებზე წარმოებული მოდელები აკრძალულია მათი კანონმდებლობით.
ფლობერის ვაზნებზე გათვლილი თანამედროვე რევოლვერებიდან დღეს ძალზედ პოპულარულია  მოდელი REX L

 
 
 

No comments:

Post a Comment