Showing posts with label რევოლვერები. Show all posts
Showing posts with label რევოლვერები. Show all posts

Colt Shooting Master

 Colt Shooting Master ორიგინალური კოლოფით და კომპლეკტაციაში არსებული აქსესუარებით

გასულის საუკინის პირველ ნახევარში ამერიკული კომპანია Colt ცდილობდა გამოეშვა საასპარეზო პისტოლეტები და რევოლვერები, რასაც მოჰყვა რამოდენიმე მოდელის შემუშავება, თუმცა ამ მოდელბში განსაკუთრებული აღმოჩნდა 1931 წლის აგვისტოს წარმოდგენილი რევოლვერი სახელწოდებით Shooting Master”. ამ რევოლვერის გამოჩენის მომენტში იგი ითვლებოდა ყველაზე მაღალი კლასის და ამავდროულად ძვირადღირებულ პროდუქტად კოლტის ასორტიმენტში.

Colt “Shooting Master“-ის შემუშავება მოხდა მოწვეული კონსულტანტების დახმარებით, რომლებიც უშუალოდ იყვნენ დაკავებული სპორტული სროლით. სწორედ აღნიშნულ კონსულტანტებთან და სპორტსმენებთან მჭიდრო მუშაობის შედეგად დაპროექტდა საასპარეზო რევოლვერი Colt „Shooting Master“, რომლის საფუძვლადაც აღებულ იქნა სამსახურეობრივი რევოლვერი Colt New Service.

გარდა რევოლვერისა „Shooting Master“ კომპანია კოლტმა ზუსტად მაგ პერიოდში ასევე წარმოადგინა მცირეკალიბრიან ვაზნაზე გათვლილი საასპარეზო თვითდამტენი პისტოლეტი Colt ACE, რომელიც იყენებდა М1911 ტიპის საარმიო პისტოლეტის ჩარჩოს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით Colt-მა საიარაღო თემატიკის ჟურნალ „American Rifleman“-ში სარეკლამო ბლოკიც კი ჩასვა.

Colt ACE-ის და Colt Shooting Master-ის სარეკლამო ბლოკი ჟურნალ „American Rifleman“-იდან

ვინაიდან მაშინ არ არსებობდა ინტერნეტი და სოციალური ქსელები, იარაღის მწარმოებელი კომპანიები ხშირად სარეკლამო არხის სახით პოპულარულ ჟურნალებს ირჩევდნენ. თუმცა მთავარ რეკლამად Colt Shooting Master-ის შემთხვევაში იქცა ის ფაქტი, რომ სპორტსმენები ამ რევოლვერით ასპარეზობის დროს მოწინავე ადგილებს იკავებდნენ. 

ამას გარდა Colt Shooting Master-ის ერთგვარი „ოფიციალური სახე“ გახდა ამერიკის შეერთებული შტატების საბაჟო-სასაზღვრო სამსახურის ოფიცერი ჩარლზ ასკინს უმცროსი (Charles Askins, Jr.), რომელიც გახლდათ რამოდენიმე შეჯიბრის გამარჯვებული და საიარაღო თემატიკის შესახებ დაწერილი წიგნის, ასევე მოკლელულიანი იარაღიდან სროლის შესახებ დაწერილი არაერთი  სტატის ავტორი.

Colt Shooting Master იყენებდა ორმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტ მექანიზმს. მსროლელს შეეძლო ცეცხლის წარმოება როგორც ორმაგი მოქმედებით (თვითშეყენებით), ასევე ერთმაგი მოქმედებით (ჩახმახის წინასწარ ხელით შეყენებით). ყველა რევოლვერი იწყობოდა ხელით ერთი ოსტატის მიერ. დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის დეტალების მორგებაც ხდებოდა ხელით, რაც საკმაოდ შრომატევად პროცესს წარმოადგენდა. სწოერად ამიტომ რევოლვერის წარმოება არ ხდდებოდა სერიულად. იგი მხოლოდ ცალობით მზადდებოდა. სტანდარტულად Colt Shooting Master იყენებდა 6 ინჩის (152მმ) სიგრძის ლულას, რომელშიც ჭრილების ფორმირება ხდებოდა განსაკუთრებული სიზუსტით.

ზემოაღნიშნულმა ფაქტორება განაპირობა ის რომ რევოლვეროს ღირებულება შეადგენდა 52,50$. შედარებისთვის სტანდარტული სამსახურეობრივი რევოლვერი Colt New Service მაგ პერიოდში ჯდებოდა 16,75$.

იმისათვის რომ მზიან ამინდში სროლისას რევოლვერის პრიალა ზედაპირს არ მოეხდინა ბლიკირება და არ გამოეწვია მსროლელისთვის დისკომფორტი, რევოლვერის ჩარჩოს უკანა ზედა ნაწილი და სამიზნე თამასა ნაცვლად ოქსიდირებისა (რასაც ოკუპანტების ენაზე ვარანენიეს ვეძახით), იყო გაშავებული ფოსფატირების გამოყენებით. ფოსფატირება ოქსიდირებისგან განსხვავებით არ პრიალებდა და ფოლადს აძლევდა უფრო ხავოიან სტრუქტურას.

თავდაპირველად რევოლვერი Colt Shooting Master სტანდარტულად მზადდებოდა მხოლოდ .38 Special ტიპის ვაზნაზე, თუმცა სპეც შეკვეთის საფუძველზე მზადდებოდა ასევე .45 АСР ტიპის ვაზნაზეც. ამას გარდა ერთი ცალი პროტოტიპის სახით დამზადდა წრიული აალების მცირეკალიბრიან .22 LR ტიპის ვაზნაზე გათვლილი რევოლვერი. შემდგომ როდესაც კომპანია კოლტმა შეამჩინია რომ რევოლვერს გარდა სპორტსმენებისა სხვა მომხმარებლებიც ყიდულობდნენ, ასორტიმენტში გაჩნდა .44 Special და .45 Colt ტიპის ვაზნაზე გათვლილი ვარიანტებიც. გარკვეული წყაროების თანახმად ყველაზე ბევრი რევოლვერის დამზადება განხორციელდა .38 Special ტიპის ვაზნაზე (დაახლოებით 2500 ცალი), .45 АСР ტიპის ვაზნაზე დამზადდა დაახლოებით 240-250 ცალამდე, ხოლო .44 Special ტიპის ვაზნაზე გათვლილი რევოლვერების რაოდენობა გარკვეული წყაროების თანახმად დაახლოებით 100 ცალზე ნაკლებს შეადგენს.

რევოლვერის Colt Shooting Master დამზადება შეწყვეტილ იქნა 1940-ანი წლების შუა პერიოდში. გარკვეული წყაროების თანახმად იგი ბოლოს კომპანია კოლტის 1943 წლის კატალოგში დაფიქსირდა სადაც წარწერის სახით იყო გაკეთებული "PRODUCTION LIMITED DUE TO DEFENCE WORK" „წარმოება შეზღუდულია თავდაცვითი სამუშაოების გამო“. ვინაიდან 1943 წელს მძვინვარებდა მეორე მსოფლიო ომი, კომპანია კოლტი მთლიანად გადაერთო ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამთავრობო შეკვეთებზე. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ კი კოლტის პრემიუმ რევოლვერის ნიშა რომელიც მანამდე ეკავა Colt Shooting Master-ს, დაიკავა ლეგენდარულმა Colt Python-მა.

New Nambu M60

1957 წელს იაპონიის საერთაშორსო ვაჭრობის და მრეწველობის სამინისტროს თაოსნობით დაწყებულ იქნა სპეციალური პროგრამა, რომელშიც ჩაერთო Shin Chūō kōgyō (新中央工業) (Shin-Chuō Industries - ითარგმნება როგორც ახალი ცენტრალური მრეწველობა). აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მუშაობა მიმდინარეობდა პარალელურად სამი ტიპის მოკლელულიან ცეცხლსასროლ იარაღზე, რომლითაც უნდა შეიარაღებულიყვნენ იაპონიის სხვადასხვა ძალოვანი და სამართალდამცავი უწყების თანამშრომლები. ამ სამი იარაღიდან ერთი უნდა ყოფილიყო 9x19 Luger (Parabellum) ვაზნაზე გათვლილი საარმიო პისტოლეტი, მეორე .32ACP (7,65mm Browning) ვაზნაზე გათვლილი კომპაკტური პისტოლეტი, ხოლო მესამე კი .38 Special ვაზნაზე გათვლილი სამსახურეობრივი რევოლვერი. აღნიშნულ სტატიაში სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში შექმნილ რევოლვერზე გიამბობთ.

1957 წლიდან 1959 წლის ჩათვლით Shin Chūō kōgyō-ს (Shin-Chuō Industries) საკონსტრუქტორო ჯგუფი აქტიურად მუშაობდა რევოლვერის შემუშავებაზე, ხოლო 1960 წელს დღის სინათლე იხილა რევოლვერების პირველმა პარტიამ. რევოლვერს მიენიჭა სახელწოდება „New Nambu“ M60 (ニューナンブM60). 

რევოლვერი New Nambu M60  (ლულის სიგრძე 3 ინჩი)

იგი სრულად აკმაყოფილებდა იაპონიის ნაციონალური პოლიციის სამმართველოს მოთხოვნებს და შესაბამისად დაუყოვნებლივ  იქნა მიღებული პოლიციის და გარკვეული სამართალდამცავი სტრუქტურების შეიარაღებაში. სახელწოდება „New Nambu“ უკავშირდება იაპონიის ყველაზე ცნობილ მეიარაღეს კიძირო ნამბუს. თავის დროზე სწორედ კიძირო ნამბუმ დააფუძნა საწარმო Shin Chūō kōgyō, ამიტომ მის საპატივსაცემოდ რევოლვერს მიანიჭეს აღნიშვნა „New Nambu“ (ახალი ნამბუ).

„New Nambu“ M60-ის კონსტრუქციის ბაზისად აღებულ იქნა ამერიკული Smith & Wesson-ის რევოლვერები. რევოლვერის ჩარჩო ახლოს იდგა Smith & Wesson-ის „J-Frame“-თან თუმცა „New Nambu“ M60-ის ჩარჩო იყო ოდნავ უფრო დიდი „J-Frame“-ზე და უფრო პატარა „K-Frame“-ზე.

რევოლვერის წარმოება ხდებოდა ორი სიგრძის ლულით. რევოლვერი ფარული ტარებისთვის 2 ინჩიანი (51 მმ) ლულით. რევოლვერს ასეთი შესრულებით ხშირად დეტექტივები და უსაფრთხოების თანამშრომლები იყენებდნენ, ხოლო მეორე სტანდარტული 3 ინჩიანი (77 მმ) ლულით. ლულაში შესრულებული იყო 5 ცალი მარჯვნივ მიმართული ჭრილი რომლის  ბიჯიც (ე.წ. ტვისტი) შეადგენდა 15 ინჩს. 

რევოლვერი 2 ინჩიანი ლულით

დოლურაში თავსდებოდა 5 ცალი .38 Special ტიპის ვაზნა. ვაზნების ჩალაგებისთვის საჭირო იყო დოლურას გადაწევა მარცხენა მხარეს. დოლურას ჩამკეტი შესრულებული იყო ზუსტად სმიტ ენდ ვესონის რევოლვერების ანალოგიურად ჩარჩოს მარცხენა მხარეს განთავსებული სლაიდერული ფიქსატორის სახით. დამიზნება ხდებოდა პატრიჯის (Patridge) ტიპის ფიქსირებული ღია სამიზნე მოწყობილობით.

რევოლვერის ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებელები ასე გამოიყურება:

კალიბრი / ვაზნა:

9.1×29mmR / .38 Special

წონა:

680 გრამი (77 მმ-ანი ლულის შემთხვევაში)

სიგრძე:

198 მმ (77 მმ-ანი ლულის შემთხვევაში)

ლულის სიგრძე:

51 და 77 მმ

სიმაღლე:

112 მმ

სამიზნე ხაზის სიგრძე:

104 მმ

დოლურას ტევადობა:

5 ცალი ვაზნა

რაც შეეხება დამრტყმელ-სასხლეტ მექანიზმს, რევოლვერში გამოიყენებოდა ორმაგი მოქმდების მექანიზმი ღია ჩახმახით. ცეცხლის გახსნა შესაძლებელი იყო როგორც თვითშეყენბით (DA) ასევე ერთმაგი მოქმედებით (SA) ჩახმახის ხელით შეყენება და შემდეგ გასროლა. რამდენადაც სხვადასხვა წყაროებში გვხდება ინფორმაცია „New Nambu“ M60-ის სიზუსტე არის საკმაოდ კარგი და გამოცდილი მსროლელები ერთმაგი მოქმედებით სროლის შემთხვევაში 25 მეტრ დისტანციაზე 50მმ-ან ჯგუფებს აკეთებენ.

იაპონიის სანაპირო დაცვა შეიარაღებული 3 ინჩიანი ლულის მქონე რევოლვერებით New Nambu M60

New Nambu“ M60 იწარმოებოდა 1960 დან 1999 წლის ჩათვლით და სულ ამ პერიოდში დამზადებული რევოლვერების საერთო რაოდენობამ შეადგინა  133 400 ერთეული. იგი ნაწილობრივ ახლაც რჩება გარკვეული სამართალდამცავი/ძალოვანი უწყებების შეიარაღებაში.

Highway Patrolman / Model 28

სტატიაში Smith & Wesson Registered Magnum ჩვენ უკვე ვისაუბრეთ რომ აღნიშნული რევოლვერი და შემდგომ მისი სერიული ვარიანტი Smith & Wesson (S&W) Model 27 გამოჩენის მომენტიდანვე გახდა ერთერთი მოთხოვნადი რევოლვერი სამართალდამცავ სტრუქტურებში. თუმცა მისი მაღალი ღირებულების გამო ბევრი უწყება შესაბამისი ბიუჯეტის და დაფინანსების არქონის გამო ვერ უზრუნველყოფდა ამ რევოლვერების შესყიდვას.

სწორედ ამ საკითხის გამო სამართალდამცავებმა თხოვნით მიმართეს კომპანია Smith & Wesson-ს, რომ შექმნილიყო მსგავსი რევოლვერი რომელიც საბრძოლო თვისებებით იქნებოდა Smith & Wesson Registered Magnum-ის ანალოგიური, მაგრამ უფრო ნაკლები თვითღირებულებით.

Smith & Wesson-ს მესვეურები დაფიქრდნენ რა შეეძლოთ გაეკეთებინათ იმისათვის, რომ რევოლვერის წარმოება ყოფილიყო უფრო მარტივი და 1954 წელს წარმოადგინეს რევოლვერი სახელწოდებით Smith & Wesson „Highway Patrolman“

Model 28 Highway Patrolman 6 ინჩის სიგრძის ლულით


Highway Patrolman განსხვავდებოდა იმით რომ წარმოების პროცესიდან ამოღებულ იქნა ისეთი უმნიშვნელო დეტალები, რომელიც ნაკლებად ესაჭიროებოდათ სამართალდამცავებს და ამავდროულად არ მოახდენდა გავლენას რევოლვერის საბრძოლო-საოქსპლუატაციო თვისებებზე. პირველ რიგში ეს ეხებოდა რევოლვერის გარეგან დამუშავებას. Registered Magnum-ის შემთხვევაში გარეგან დამუშავებას, გაპრიალებას და ოქსიდირებას ექცეოდა ძალიან დიდი ყურადღება. ამიტომ Highway Patrolman-ში ნაცვლად მაღალი კლასის გაპრიალებისა სტანდარტულ დამუშავებას და ოქსიდირებას იყენებდნენ. ასევე ამოღებულ იქნა რევოლვერის სახელურის ზედა ნაწილში შესრულებული ნაჭდევები (ე.წ. checkering), რომელიც საკმაოდ შრომატევად პროცესს წარმოადგენდა. ნაჭდევების ნაცვლად სახელურის ზემოათა ნაწილი და სასხლეტის კავი მუშავდებოდა ქვიშის ჭავლით (ე.წ. bead-blasted). საწარმოო პროცესის ამგვარი მიდგომით მნიშვნელოვნად შემცირდა რევოლვერის თვითღირებულება. დანარჩენი კუთხით კი რევოლვერ Highway Patrolman-ში გამოყენებულ იქნა იგივე მაღალი ხარისხის ფოლადი და კონსტრუქცია, რასაც იყენებდნენ Registered Magnum-ის (შემდგომ Smith & Wesson Model 27) შემთხვევაში.

Highway Patrolman-ის წარმოება დაწყებულ იქნა 1954 წელს. რევოლვერის ლულაზე შესრულებული იყო გრავირება წარწერის სახით „Highway Patrolman“ და მასში გამოყენებული ვაზნის მარკირება „.357 CTG“. 1957 წელს, როდესაც კომპანია Smith & Wesson გადავიდა მისი მოდელების აღნიშვნის ციფრულ ნომენკლატურაზე, რევოლვერს მიენიჭა აღნიშვნა Model 28.      

Model 28 Highway Patrolman 4 ინჩის სიგრძის ლულით

Model 28 სტანდარტული სახით იწარმოებოდა 4 და 6 ინჩის სიგრძის ლულებით. დაახლოებით 100 ცალამდე დამზადდა 838 -ინჩიანი ლულით. ხოლო 1959 წელს ფლორიდის საპატრულო დეპარტამენტის სპეც შეკვეთის საფუძველზე დამზადებულ იქნა 25 ცალი რევოლვერი 5 ინჩის სიგრძის ლულით და ნიკელის დაფარვით. ეს რევოლვერები მარკირებული იყო წარწერით "F.H.P." (Florida Highway Patrol).

რევოლვერის ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები ასე გამოიყურებოდა:

კალიბრი / ვაზნა:

9×33mm R / .357 Magnum

ლულის სიგრძე:

101,6 მმ (4 ინჩი)

152,4 მმ (6 ინჩი)

წონა (მასა):

1162  გრამი (4 ინჩანი ლულით)

1247 გრამი (6 ინჩიანი ლულით)

1332 გრამი (838 ინჩიანი ლულით)

დოლურას ტევადობა:

6 ცალი ვაზნა

სასხლეტი მექანიზმი:

DA/SA

Model 28 გამოჩენის მომენტიდან აქტიურად გამოიყენებოდა სამართალდამცავ სტრუქტურებში. ოფიციალურად იგი შეიარაღებაში ჰქონდა შემდეგ უწყებებს: კალიფორნიის საგზაო პატრული, ფლორიდის საგზაო პატრული, ჯორჯიის შტატის საპატრულო, აიდაჰოს შტატის პოლიცია 4 ინჩის სიგრძის ლულით (იყენებდნენ 1955-1979 წლებში), მენის შტატის პოლიცია (იყენებდნენ 1977–1988), ნიუ-იორკის შტატის პოლიცია, სან-ფრანცისკოს პოლიციის დეპარტამენტი, ტეხასის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტი (Department of Public Safety), აშშ-ს სასაზღვრო პატრული (U.S. Border Patrol), ვაშინგტონის შტატის საპატრულო იყენებდა 6 ინჩიანი ლულით და ვისკონისის შტატის საპატრულო.

წლების მანძილზე როგორც სმიტ ვესონის სხვა მოდელებში, აქაც შედიოდა პერიოდული საწარმოო თუ ტექნოლოგიური ცვლილებები და ჩნდებოდა ერთგვარი ვარიანტები: Model 28-1, Model 28-2, Modеl 28-3, ხოლო 1986 წელს რევოლვერის წარმოება შეწყდა.

Smith & Wesson Model 13 და Model 65

 უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული Smith & Wesson Model 65. ლულის სიგრძე 4 ინჩი

1970 წელს კომპანია Smith & Wesson-მა წარმოადგინა  უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული რევოლვერი Model 66, რომელსაც ორი წლის შემდეგ მოჰყვა კიდევ ერთი უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული მოდელი აღნიშვნით Model 65.  ხოლო კიდევ 2 წელიწადში (1974 წელს) სცენაზე ჩნდება ნახშირბადოვანი ფოლადისგან დამზადებული და შავი პრიალა ოქსიდირებით დაფარული Model 65-ის ვარიანტი, რომელსაც მიენიჭა აღნიშვნა Model 13.

Model 13 და Model 65 წარმოადგენდა რევოლვერებს 6 ვაზნიანი დოლურით, რომელიც იყენებდა ე.წ. K-frame ზომის ჩარჩოს და მსხვილკედლიან მძიმე ლულას. ფაქტიურად ეს რევოლვერები ფორმფაქტორით წარმოადგენდა Smith & Wesson Model 10-ის (ასევე ცნობილი იყო როგორც Military & Police) და Smith & Wesson Model 19-ის ერთგვარ ჰიბრიდს.

ნახშირბადოვანი ფოლადისგან დამზადებული რევოლვერი Model 13. ლულის სიგრძე 4 ინჩი

Model 13 / Model 65 იყენებდა Model 19 -ის იდენტურ მსხვილ ლულას .357 Magnum ტიპის ვაზნაზე. მთავარ სხვაობას Model 19-თან შედარებით წარმოადგენდა არარეგულირებადი (მუდმივი სამიზნე) და დოლურიდან მასრების გამოსაყრელი ღერძის “პენალი”, რომელიც გვერდებიდან და ქვედა მხრიდან იყო ღია ტიპის (Model 19-ში აღნიშნული პენალი იყო დახურული როგორც ქვემოდან, ასევე მარცხენა მხრიდან).

Model 13 მომრგავლებული სახელურით (Round-butt) და 3 ინჩის სიგრძის ლულით

თავდაპირველად Model 13 და Model 65 იწარმოებოდა 4 ინჩიანი (101.6 მმ სიგრძის) ლულით და განიერი ე.წ. Square-butt ტიპის სახელურით, ხოლო შემდგომ ასორტიმენტში გამოჩნდა ვარიანტი 3 ინჩიანი (76.2მმ სიგრძის) ლულით, რომელიც მომრგვალებული Round-butt ტიპის სახელურით მზადდებოდა.

რევოლვერის ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები ასე გამოიყურებოდა:

კალიბრი / ვაზნა:

9×33mm R / .357 Magnum

საერთო სიგრძე:

 228,6 მმ (4 ინჩიანი ლულით)

 203,2 მმ  (3 ინჩანი ლულით)

ლულის სიგრძე:

101,6 მმ (4 ინჩი)

76,2 მმ (3 ინჩი)

წონა (მასა):

 879 გრამი (3 ინჩანი ლულით)

დოლურას ტევადობა:

6 ცალი ვაზნა

ორივე მოდელი გამოსვლის მომენტიდანვე გახდა პოპულარული და აქტიურად გამოიყენებოდა ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცავ თუ ძალოვან უწყებებში. მაგალითად რევოლვერი Smith & Wesson Model Model 13 შეიარაღებაში ჰქონდა ნიუ-იორკის, აიოვას და მერილენდის შტატის პოლიციას ასევე სხვა სამართლადამცავ უწყებებსა თუ საპოლიცო დეპარტამენტებს, ხოლო უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული Model 65 გამოიყენებოდა ოკლაჰომას საგზაო პოლიციის (Highway Patrol) და ტეხასის შტატის კრიმინალური მართლმსაჯულების (Criminal Justice) დეპარტამენტის რიგებში.

რევოლვერი Smith & Wesson Model 13 მომრგვალებული სახელურით და 3 ინჩის სიგრძის ლულით წარმოადგენდა აშშ-ს  გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) საშტატო იაღარს რომელსაც აქტიურად იყენებდნენ სპეციალური აგენტები, სანამ თვითდამტენ პისტოლეტებზე გადავიდოდნენ.  FBI-ს გამოცდილი თანამშრომლები და ინსტრუქტორები Smith & Wesson Model 13-ს მომრგვალებული სახელურით და 3 ინჩის სიგრძის ლულით ასახელებენ როგორც ყველაზე კარგ სამსახურეობრივ რევოლვერს, რომელიც ოდესმე ჰქონია შეიარაღებაში გამოძების ფედერალურ ბიუროს. როგორც წესი ამ რევოლვერთან ერთად პოპულარული იყო შემდეგი ტიპის ვაზნების გამოყენება .357 Magnum წარმოებული კომპანია Winchester-ის მიერ, რომელიც იყენებდა 145  გრეინიან ტყვიას  Silvertip. ხოლო აგენტების უმეტესობა იყენებდა .38 Special +P ტიპის ვაზნას 158 გრეინიანი ექსპანსიური ტყვიით LSWCHP (Lead Semi-Wadcutter Hollow Point). ეს ვაზნები სამართალდამცავთა რიგებში ცნობილი იყო სახელწოდებით „FBI Load“ (გამოძების ფედარალური ბიუროს მუხტი).

ხაზგასასმელია რომ Smith & Wesson Model 13 გარდა ამერიკის შეერთებული შტატებისა ასევე გამოიყენებოდა კანადის სამეფო ცხენოსანი პოლიციის რიგებში (RCMP - Royal Canadian Mounted Police) და ჩინეთში ჰონგ-კონგის რეგიონის კორუფციასთან ბრძოლის სამსახურში (廉政公署). მცირე პარტიად ე.წ. სპეციალური შეკვეთის ფარგლებშ ავსტრალიის ერთერთი სამართალდამცავი სააგენტოსთვის დამზადდა 3 ინჩიანი ლულის მქონე რევოლვერები Smith & Wesson Model 13, რომელსაც ნაცვლად მომრგვალებული Round-butt ტიპის სახელურისა, ჰქონდა ბოლოში გაგანიერებული ფორმის ე.წ. Square-butt ტიპის სახელური.

Smith & Wesson Model 13 იწარმოებოდა 1974 წლიდან 1999 წლის ჩათვლით, ხოლო Smith & Wesson Model 65 1972 წლიდან  2004 წლის ჩათვლით. მის კონსტრუქციაში, ისევე როგორც Smith & Wesson-ის სხვა მოდელებში წლების მანძილზე შედიოდა გარკვეული ცვლილებები და გაუმჯობსეებები. დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში იარაღის სამოქალაქო ბაზარზე კოლექციონერებს და რევოლვერების მოყვარულებს შორის საკმაოდ  დიდი მოთხოვნით სარგებლობს Smith & Wesson Model 13 განსაკუთრებულ „ლუკმას“ კოლექციონერებში წარმოადგენს 3 ინჩის სიგრძის ლულიანი ვარიანტი. 1970-1980-ან წლებში გამოძიების ფედერალურ ბიუროში მომუშავე და ამჟამად უკვე ყოფილი თანამშრომლები დღესაც თვლიან რომ Smith & Wesson Model 13 საუკეთესო სამსახურეობრივი რევოლვერია.

Smith & Wesson Model 66

1970 წელს კომპანია Smith & Wesson-მა წარმოადგინა ახალი რევოლვერი სახელწოდებით Smith & Wesson Model 66. იგი წარმოადგენდა  Smith & Wesson Model 19-ის ანალოგს, მხოლოდ მისი ჩარჩო, ლულა და დოლურა ნაცვლად ნახშირბადოვანი ფოლადისა დამზადებული ოყო უჟანგავი ფოლადისგან.

Model 66 ისევე როგორც Model 19 აქტიურად გამოიყენებოდა ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა სმართალდამცავ და ძალოვან უწყებებში. იგი Model 19-ის ანალოგიურად იწარმოებადა სხვადასხვა სიგრძის ლულებით და შესრულებით. ყველაზე გავრცელებულ ვარიანტებს წარმოადგენდა 4 და 6 ინჩის სიგრძის ლულით.

    „მოკლეცხვირა“ რევოლვერი 2,5 ინჩიანი ლულით

ასევე მზადდებოდა „მოკლეცხვირა“ რევოლვერი რომლის ლულის სიგრძე იყო 2,5 ინჩი. ასეთი მოკლელულიან ვარიანტს 1990-ანი წლების შუა პერიოდამდე იყენებდნენ იმიგრაციისა და ნატურალიზაციის სამსახურის (INS-Immigration and Naturalization Service) სპეც აგენტები. ყველაზე იშვიათ ვარიანტს წარმოადგენდა Model 66 3 ინჩიანი სიგრძის ლულით.

რევოლვერის ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებელბი ასე გამოიყურებოდა:

კალიბრი / ვაზნა:

9×33mm R / .357 Magnum

საერთო სიგრძე:

241 მმ (4 ინჩიანი ლულით)

190 მმ  (2.5 ინჩანი ლულით)

ლულის სიგრძე:

102 მმ (4 ინჩი)

64 მმ (2.5 ინჩი)

წონა (მასა):

990 გრამი (4 ინჩანი ლულით)

880 გრამი (2.5 ინჩანი ლულით)

დოლურას ტევადობა:

6 ცალი ვაზნა

Model 19-ის ანალოგიურად Model 66-ის შემთხვევაშიც სტანდარტულად მოკლეცხვირა რევოლვერების სახელური იყო უფრო ვიწრო და მომრგავლებული ფორმის ე.წ. (Rounds butts), ხოლო 4 და 6 ინჩიანი ლულის მქონე რევოლვერების სახელური  განიერი და ბოლოში სახასიათო გაფართოვებული დაბოლოებით ე.წ. (Square butts).

ფოტოზე გამოსახულია ზემოთ  Smith & Wesson Model 19 ხოლო ქვემოთ  Smith & Wesson Model 66 რომელსაც აქვს 2.5 ინჩანი ლულა და მოკლეცვხირიანი რევოლვერებისთვის დამახასიათებელი მომრგვალებული ფორმის სახელური.

ისევე როგორც ყველა Smith & Wesson-ის რევოლვერის შემთხვევაში წლების მანძლე Model 66-ის სწარმოო პროცესში შედიოდა გარკვეული ცვლილებები და ჩნდებოდა სმიტ და ვესონის რევოლვერებისთვის  დამახასიათებელი აღნიშვნები Model 66-1, 66-2, 66-3, 66-4, 66-5, 66-6 და ბოლოს 66-7 რომლის წარმოებაც შეწყვეტილ იქნა 2005 წელს. თუმცა 2014 წელს კომპანიამ განაახლა Model 66-ის წარმოება და გამოჩნდა ვარიანტი Model 66-8 რომელიც ორი სიგრძის ლულით (4.25 ინჩი და 2.75 ინჩი) მზადდებოდა. ამ სტატიის დაწერის მომენტში (2026 წლის 9 მაისი) გადავამოწმე კომპანია სმიტ ვესონის ვებგვერდი და 4.25 ინჩიანი Model 66 ისევ იწარმოება და მისი ფასი ამ მომენტისთვის შეადგენს 1039$-ს.

Smith & Wesson Model 19

 

მას შემდეგ რაც 1935 წლის 8 აპრილს კომპანია Smith & Wesson-მა წარმოადგინა  .357 Magnum ტიპის ვაზნაზე გათვლილი პირველი რევოლვერი სახელწოდებით “Registered Magnum”, ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცავი და ძალოვანი უწყებების ინტერესი მკვეთრად გაიზარდა ამ კალიბრის ვაზნის (.357 Magnum) მიმართ. რევოლვერი “Registered Magnum” იყენებდა დიდი ზომის ჩარჩოს (N-frame), მსხვილ ლულას და მისი ღირებულება იმ დროისთვის იყო საკმაოდ მაღალი, რადგან სერიულად არ ხდებოდა მათი წარმოება და მხოლოდ სპეციალური შეკვეთის საფუძველზე ამზადებდა კომპანია სმიტ და ვესსონი. შემდეგ დაიწყო მეორე მსოფლიო ომი და არავის ეცალა რევოლვერების სპეციალური შეკვეთით დამზადებისთვის.

1950-ანი წლების დასაწყისში სხვადასხვა სამართალდამცავი უწყების გარკვეული თანამშრომლები ალაპარაკდნენ იმაზე, რომ კარგი იქნებოდა .357 Magnum  ტიპის ვაზნაზე გათვლილი რევოლვერების შეიარაღებაში მიღება თუ მას ექნებოდა შედარებით ნაკლები ღირებულება, ვიდრე ჰქონდა “Registered Magnum”-ს. აშშ-ს სასაზღვრო სამსახურის (U.S. Border Patrol), საპატრულო მიმართულების ხელმძღვანელის თანაშემწემ, ცნობილმა მსროლელმა, სასროლოსნო უანარების თემატიკაზე დაწერილი არაერთი გამოცემის ავტორმა, ცეცხლსასროლი იარაღის ინსტრუქტორმა და ამავდროულად სამართალდამცავთა რიგებში საკმაოდ ავტორიტეტულმა პიროვნებამ ბილ ჯორდანმა (Bill Jordan) დაიწყო კონსულტაციები კომპანია Smith & Wesson-თან.

ბილ ჯორდანი (Bill Jordan)

ბილ ჯორდანს ჰქონდა იდეა შექმნილიყო სამართალდამცავების საოცნებო იარაღი .357 Magnum ტიპის ვაზნაზე, რომელიც “Registered Magnum”-ისგან განსხვავებით, გამოიყენებდა უფრო მცირე ზომის K-frame ჩარჩოს (K-frame სმიტ ვესონის ჩარჩოებში ითვლებოდა ერთგვარ საშუალო გაბარიტების ჩარჩოთ) და ექნებოდა N-frame ტიპის ჩარჩოზე აგებული რევოლვერის (Registered Magnum) იდენტური მძიმე ლულა 4 ინჩის სიგრძით. ამავდროულად ახალი რევოლვერის უკანა სამიზნე მოწყობილობა ისევე როგორც “Registered Magnum”-ის შემთხვევაში უნდა ყოფილიყო რეგულირებადი.

Smith & Wesson-ის მეიარაღეებმა აქტიურად დაიწყეს მუშაობა ახალ რევოლვერზე. თავდაპირველ ამოცანას წარმოადგენდა ისეთი K-frame ზომის ჩარჩოს დამზადება რომელსაც ექნებოდა სათანადო სიმყარის მარაგი და გაუძლებდა .357 Magnum ტიპის ვაზნის ინტენსიურ დატვირთვას. სწორედ ამ მიზნით თავდაპირველი ექსპერიმენტების ჩატარება მიმდინარეობდა მტკიცე ფოლადების და მათი სპეციალური თერმოდამუშავების/წრთობის პროცესების მიმართულებით. ერთწლიანი მუშაობის შედეგად შეიქმნა რევოლვერი ამბიციური სახელწოდებით „Combat Magnum“.

ფაქტიურად ეს იყო ორი რევოლვერის Smith & Wesson K-38 „Combat Masterpiece“ და “Registered Magnum”-ის ერთგვარი მიქსი. Smith & Wesson „Combat Magnum“-ის სერიული წარმოება დაწყებულ იქნა 1955 წელს. აღსანიშნავია რომ 1955 წლის 15 ნოემბერს პირველი რევოლვერი სერიული ნომრით K260000 საჩუქრად გადაეცა თავად ბილ ჯორდანს (Bill Jordan). ასე გაჩნდა სამართალდამცავების საოცნებო იარაღი, როგორც მაშინ მას უწოდებდნენ „Peace Officer’s Dream Sixgun“.

შეიძლება ითქვას რომ იმ მომენტისთვის .357 Magnum ტიპის ვაზნაზე გათვლილი Smith & Wesson „Combat Magnum“ წარმოადგენდა ყველაზე ძლიერი და ამავდროულად პრაქტიკულ სამსახურეობრივი რევოლვერს. მისი წონა და გაბარიტები “Registered Magnum”-თან შედარებით იყო უფრო ნაკლები, ხოლო 4 ინჩიან ლულა უზრუნველყოფდა ტყვიის მაღალ საწყის სიჩქარეს და შესაბამისად ენერგიას. ამას გარდა რევოლვერის სახელური იყო ისეთი ზომის, რომ კომფორტულად ერგებოდა როგორც შედარებით პატარა, ასევე მოზრდილი ხელის მტევანს.

რევოლვერი მზადდებოდა ორი სახის დაფარვით. ნახშირბადოვანი ფოლადისგან პრიალა ოქსიდირებით და მონიკელებული სახით. რევოლვერის დოლურაში ჩადიოდა 6 ცალი ვაზნა, ხოლო დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი იყო ორმაგი მოქმედების. მსროლელს შეეძლო როგორც თვითშეყენებით ცეცხლის წარმოება, ასევე ერთმაგი მოქმედებით ჩახმახის ხელით შეყენებით. S&W„Combat Magnum“ გამოჩენის მომენტიდანვე პოპულარული გახდა როგორც სამართალდამცავებში, ასევე უბრალოდ იარაღის მოყვარულთა წრეებში. მას ყიდულობდნენ მსროლელები, მოგზაურები და ის ხალხი ვისაც თავდაცვისთის ესაჭიროებოდა ეფექტური შემაჩერებელი ენერგიის მქონე ვაზნაზე გათვლილი მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი.

1957 წელს კომპანია Smith & Wesson გადავიდა მისი მოდელების აღნიშვნის ახალ ციფრულ სისტემაზე და რევოლვერი „Combat Magnum“-ის წარმოება დაწყებულ იქნა ახალი ნომენკლატურით Smith & Wesson Model 19.

1963 წელს Smith & Wesson Model 19-ის ასორტიმენტს გარდა 4 ინჩიანი ლულის მქონე რევოლვერებისა დაემატა 6 ინჩიანი ლულის მქონე ვარიანტი, ხოლო 3 წლის შემდეგ ბაზარზე გამოჩნდა 2.5 ინჩის სიგრძის ლულიანი ეგრეთწოდებული „მოკლეცხვირა“ Model 19. მცირე პარტიებად მზადდებოდა ასევე 3 ინჩის სიგრძის ლულებითაც. 

ზემოთ Smith & Wesson Model 19 სტანდარტული 4 ინჩიანი ლულით, ხოლო ქვემოთ 2.5 ინჩიანი ლულით ე.წ. "მოკლეცხვირა" ვარიანტი

როგორც წესი მოკლეცხვირა რევოლვერების სახელური იყო უფრო ვიწრო და მომრგავლებული ფორმის ე.წ. (Rounds butts), ხოლო 4 და 6 ინჩიანი ლულის მქონე რევოლვერების სახელური  განიერი და ბოლოში სახასიათო გაფართოვებული დაბოლოებით ე.წ. (Square butts).

წელს Smith & Wesson Model 19-ის სწარმოო პროცესში შედიოდა გარკვეული ცვლილებები და წლების მანძილზე ჩნდებოდა სმიტ და ვესონის რევოლვერებისთვის  დამახასიათებელი აღნიშვნები Model 19-1, 19-2, 19-3 და ა.შ.

Smith & Wesson Model 19-ის წარმოება შეწყდა 1999 წელს თუმცა 2018 წელს კომპანიამ სამოქალაქო ბაზარზე კვლავ წარმოადგინა მისი სხვადასხვა ვარიანტები და ამ სტატიის დაწერის მომენტშიც იწარმოება.

ფაქტიურად Model 19 იქცა აშშ-ში ერთგვარ სამსახურეობრივ რევოლვერად და აქტიურად გამოიყენებოა სხვადასხვა უწყებებში 1980-ან წლებამდე. გარკვეულ წყაროებს თუ გადავხედავთ იგი შეიარაღებაში ჰქონდა აიოვას შტატის პოლიციას, დასავლეთ ვირჯინიის შტატის პოლიციას, სამხრეთ დაკოტას შტატის პოლიციას, სოლტ ლეიკ სითის პოლიციის დეპარტამენტს და კონექტიკუტის შტატის პოლიციას. ასევე იგი გამოიყენებოდა აშშ-ის სასაზღვრო სამსახურში (United States Border Patrol), იმიგრაციისა და ნატურალიზაციის სამსახურში (Immigration and Naturalization Service), სამხედრო-საზღვაო ფლოტის გამოძიების სამსახურში (NCIS - Naval Criminal Investigative Service) და ფედერალური გამოძების ბუოროს (FBI) რიგებში. 1986 წლის 11 აპრილს მომხდარი მაიამის შეტაკების დროს (ეს დღე ცნობილია სახლწოდებით 1986 FBI Miami shootout - წარმოედგენს ფედერალური გამოძიების ბიუროს ისტორიაში ყველაზე სისხლიან დღეს) ფედერალური გამოძების ბიუროს აგენტი გორდონ მაკნილი (Gordon McNeill) სწორედ Smith & Wesson Model 19-ით იყო შეიარაღებული.