.357 Magnum და "პირველი მერცხლები"

აღნიშნული სტატით მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია ერთერთი პოპულარული რევოლვერის ვაზნის შექმნის ისტორიაზე (რომელსაც დღეს მსოფლიოში იცნობენ აღნიშვნით .357 Magnum) და მასზე გათვლილ პირველ რევოლვერებზე.

ყველაფერი დაიწყო მაშინ, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში კრიმინალის მაჩვენებელი პიკს აღწევდა, ქუჩებში განგსტერები ბატონებდნენ და ე.წ. მშრალი კანონი უამრავ თავსატკივარს უჩენდა სამართალდამცავებს. მაგ პერიოდში აშშ-ში ტიპიურ საშტატო-საპოლიციო იარაღს როგორც წესი წარმოადგენდნენ .38 Smith & Wesson Special ტიპის ვაზნაზე გათვლილი რევოლვერები. საპირწონედ კი კრიმინალი ბევრად ეფექტური ავტომატური იარაღებით იყო შეიარაღებული. მაგალითისთვის განგსტერები ხშირად იყენებდნენ .45 АCP ტიპის ვაზნაზე გათვლილ ტომსპონის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებს, 12 კალიბრიან გლუვლულიან ე.წ. პომპიან თოფებს და საარმიო თვითდამტენ პისტოლეტებს COLT M1911.

სამართალდამცავების რევოლვერებში გამოყენებული სტანდარტული მუხტის მქონე .38 S&W Special ვაზნა დამუხტული იყო 158 გრეინიანი (10.24 გრამი) ტყვიით, რომლის საწყისი წიჩქარეც რევოლვერის ლულიდან გამოსვლისას საშუალოდ 230-260მ/წამს (755-860fps) შეადგენდა, ხოლო ენერგია კი 270-345 ჯოულს. ტყვიის საწყისი სიჩქარე პირველ რიგში დამოკიდებული იყო დენთის მუხტზე და ლულის სიგრძეზე. „მოკლეცხვირიანი“ რევოლვერებიდან (რომელთა ლულის სიგრძე  სტანდარტულად წარმოადგენდა 2 ინჩს ანუ 51მმ-ს) სროლისას ტყვიის საწყისი სიჩქარე და შესაბამისად ენერგია კიდევ უფრო მცირდებოდა.

აქვე აღსანიშნავია, რომ ბოროტმოქმედებს მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღის კუთხით არ ჰქონდათ უპირატესობა. ისინი ასევე გადაადგილდებოდნენ უფრო სწრაფი ავტომობილებით, რომელთა ძარაც (კორპუსი) სქელი ფოლადისგან იყო დამზადებული. ასეთი წინაღობა .38 S&W Special ტიპის ვაზნისთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენდა და ხშირად რევოლვერიდან ნასროლი ტყვია ვერ ახერხებდა მანქანის სალონში შეღწევას.

1920-ან წლებში მოხდა არაერთი ინცინდენტი, როდესაც სამართალდამცავებმა შეიარაღებული ბოროტმოქმედების (ბუტლეგერები/განგსტერები) მანქანას გაუხსნეს ცეცხლი, მაგრამ ტყვიებმა ვერ შეძლეს ავტომობილის კარების გახვრეტა. აღნიშნულმა ინფორმაციამ მიაღწია ორი ამაერიკული კომპანიის ყურამდე. ერთი კომპანია გახლდათ COLT, ხოლო მეორე მისი მთავარი კონკურენტი Smith & Wesson.

1929 წელს კომპანია COLT-მა წარმოადგინა თვითდამტენი პისტოლეტისთვის განკუთვნილი ვაზნა აღნიშვნით .38 SUPER, რომელიც პისტოლეტის 5 ინჩიანი ლულიდან გამოსვლისას ორჯერ მეტ ენერგიას ანვითარებდა, ვიდრე რევოლვერის საშტატო ვაზნა .38 S&W Special. მიუხედავად მაღალი ენერგიისა აშშ-ში საპოლიციო დანიშნულებით არ განიხილავდნენ თვითდამტენ პისტოლეტებს და ორიენტირებული იყვნენ რევოლვერების გამოყენებაზე. ამავე წელს კომპანია Smith & Wesson აკეთებს ჭკვიანურ სვლას და სამართალდამცავებს სთავაზობს მის ახალ რევოლვერს სახელწოდებით .38/44 Heavy Duty.

რევოლვერი Smith & Wesson .38/44 Heavy Duty

Smith & Wesson .38/44 Heavy Duty

რევოლვერი წარმოადგენდა .44 Special ტიპის ვაზნაზე გათვლილი Smith & Wesson Triple Lock-ის ბაზაზე შექმნილ მოდიფიკაციას, რომელიც იყენებდა მსხვილ ნახშირბადოვანი ფოლადისგან დამზადებულ N-frame ტიპის ჩარჩოს და ჰქონდა 5 ინჩიანი სიგრძის (13სმ) ლულა. მთავარ სხვაობას წარმოადგენდა ის რომ მასში გამოიყენებოდა გაძლიერებული მუხტის მქონე .38 Special კალიბრის ვაზნები. გაძლიერებული ვაზნის 158 გრეინიანი (10,24 გრამი) ტყვიის საწყისი სიჩქარე ლულიდან გამოსვლისას შეადგენდა საშუალოდ 335-343მ/წამს (1100-1125fps), ხოლო ენერგია 575-602 ჯოულს. 

ასეთი ენერგიის წყალობით ტყვიას შეეძლო ავტომობილის ძარის გადალახვა და სალონში მყოფი ცოცხალი მიზნის დაზიანება. ფაქტიურად Smith & Wesson .38/44 Heavy Duty იყო მსხვილი .44 კალიბრის რევოლვერი მაღალი სიმყარის მარაგით, რომელიც ისროდა .38 კალიბრიან ვაზნას. სწორედ ამიტომ მის აღნიშვნაში ფიგურირებს ციფრები .38/44. ასეთივე აღნიშვნა ".38-44 S&W Special" დატანილი იყო ვაზნების შეფუთვაზე და მისი მასრის ფუძეზე.

Smith & Wesson .38/44 Heavy Duty იყენებდა 6 ცალ ვაზნაზე გათვლილ დოლურას და ფიქსირებულ (არარეგულირებად) სამიზნე მოწყობილობას. გაძლიერებული ვაზნის გამოყენებას მოჰყვა გარკვეული დაინტერესება სპორცმენების და რევოლვერით ნადირობის მოყვარულთა წრეში. ისინი აღნიშნავდნენ რომ ფიქსირებული სამიზნე მოწყობილობის მაგივრად აჯობებდა რევოლვერს ჰქონოდა რეგულირებადი სამიზნე მოწყობილობა.

რევოლვერი Smith & Wesson .38/44 Outdoorsman რეგულირებადი უკანა სამიზნე მოწყობილობით

Smith & Wesson .38/44 Outdoorsman

1931 წელს კომპანია Smith & Wesson-მა წარმოადგინა რევოლვერი სახელწოდებით Smith & Wesson .38/44 Outdoorsman, რომელსაც ჰქონდა 6,5 ინჩიანი (17 სმ) ლულა და რეგულირებადი უკანა სამიზნე მოწყობილობა. აღნიშნულმა რევოლვერმა საკამოდ მალე მოიხვეჭა პოპულარობა. მაგალითად მას იყენებდნენ აშშ-ს საიარაღო კულტურის ლეგენდები ელმერ კიტი (Elmer Keith) და ფილ შარპი (Phillip B. Sharpe). ამას გარდა ელმერ კიტი ატარებდა .38-44 Special ტიპის ვაზნებთან გარკვეულ ექსპერიმენტებს და ცდილობდა კიდევ უფრო გაეუმჯობესებინა მისი ბალისტიკური მახასიათებლები.

კომპანია Smith & Wesson-ის ვიცე პრეზიდენტი დუგლას ვესსონი (Douglas B. Wesson) აქტიურად ადევნება თვალყურს იარაღის ენთუზიასტებს და მსროლელებს. მან შეამჩნია რომ Smith & Wesson .38/44 Outdoorsman-ს და გაძლიერებულ .38-44 Special ტიპის ვაზნებს ჰქონდა შანსი გამხდარიყო პოპულარული როგორც სამოქალაქო ბაზარზე, ასევე სამართალდამცავთა შორის. ასევე იგი ფიქრობდა, რომ შესაძლებელი იყო .38 კალიბრის 158-160 გრეინიანი (10,24-10,37 გრამი) ტყვიის საწყისი სიჩქარის გაზრდა შესაძლებელი იყო 1450-1500fps-მდე (442-457 მ/წამი), რომლის წყალობითაც ტყვიის ენერგია გაიზრდებოდა 1000-1070 ჯოულამდე.

ამ ვარაუდებზე დაყრდნობით დუგლას ვესსონმა წინადადებით მიმართა კომპანია Remington-ს რათა შეემუშავებინათ ახალი ვაზნა. რემინგტონის მესვეურებმა ჩათვალეს რომ ამხალა საწყისი სიჩაქარე გამოიწვევდა ზედმეტად მაღალი წნევის წარმოქმნას, რასაც ვერ გაუმკლავდებოდა იმ მომენტისთვის ბაზარზე არსებული ვერცერთი რევოლვერი, ამიტომ უარი თქვეს ვაზნის შემუშავებაზე. მაგრამ სანაცვლოდ ახალი ვაზნის შექმნის იდეით დაინტერესდა კომპანია Winchester, რომელმაც 1934 წელს დაიწყო ექსპერიმენტების ჩატარება და 1935 წელს წარმოადგინა ახალი ვაზნა. სატესტოდ დამზადებული ბალისტიკური ლულიდან სროლისას ვინჩესტერის მიერ შემუშავებული ვაზნის .38 კალიბრის 158 გრეინიანი (10,24 გრამი) ტყვია ავითარებდა საწყის სიჩქარეს 1515fps (462მ/წამი), ხოლო ტყვიის ენერგია ლულიდან გამოსვლისას შეადგენდა 1093 ჯოულს.

მარცხნივ ვაზნა .38 Special ხოლო მარჯვნივ .357 Magnum

იმისათვის, რომ შემთხვევით მსროლელს ძლიერი ვაზნა არ მოეთავსებინა სტანდარტულ .38 Special ვაზნაზე გათვლილ რევოლვერში, გადაწყდა რომ მასრა დაეგრძელებინათ 0.135 ინჩით (3,4 მმ). ასეთი გადაწყვეტილებით ვაზნის მთლიანი სიგრძე გაიზარდა და მისი ჩადება შეუძლებელი გახდა .38 Special ტიპის ვაზნაზე გათვლილი რევოლვერის დოლურაში. ახალ ვაზნას მიენიჭა აღნიშვნა „.357 Magnum“ (მეტრიკული აღნიშვნა 9×33mmR) და დარეგისტრირდა როგორც კომპანია Smith & Wesson-ის სავაჭრო ნიშანი.

Smith & Wesson-მა 1935 წელს ახალ ვაზნაზე დაამზადა .38/44 Outdoorsman ტიპის რევოლვერი, რომელიც იყენებდა სპეციალურად თერმოდამუშავებულ დოლურას. დოლურაში ვაზნაბი იძირებოდა ბოლომდე. ანუ მასრის ბოლოში არსებული რანტი (ე.წ. ქიმურა) მთლიანად იმალებოდა სავაზნეში. ამდაგვარი გადაწყვეტილებით მინიმუმადე მცირდებოდა მასრის ფუძის ნაწილის გახეთქვის ალბათობა.  იმისთვის რომ რევოლვერის უკუცემა ყოფილიყო ადექვატური, იგი იწონიდა 1170 გრამს და ჰქონდა მსხვილი ლულა რომლის სიგრძეც სტანდარტულ კონფიგურაციაში შეადგენდა 222მმ-ს. ასეთი რევოლვერების წარმოება არ ხდებოდა სერიულად. იგი მზადდებოდა მხოლოდ სპეც შეკვეთის საფუძველზე. ეს გადაწყვეტილება მიიღო დუგლას ვესსონმა, რადგან იგი თვლიდა რომ რევოლვერის პრესტიჟი გაცილებით მაღალი იქნებოდა თუ სერიული წარმოების ნაცვლად მხოლოდ სპეციალური შეკვეთის საფუძველზე დამზადდებოდა. ამას გარდა დუგლას ვესსონი ხვდებოდა რომ სამართალდამცავი უწყებები არ შეუკვეთავდნენ მას ასეთ ძვირადღირებულ რევოლვერს თანამშრომლებისთვის. ხოლო თუ მოხდებოდა შეკვეთა ეს იქნებოდა საკმაოდ მწირი რაოდენობით, ამიტომ მთავარ გათვლას მონადირეებზე, იარაღის ენთუზიასტებზე და სპორცმენებზე აკეთებდა. თვითოული შეკვეთას რევოლვერზე, უძღვოდა სპეციალური სერტიფიკატის გაცემა, რომელსაც პირადად დუგლას ვესსონი აწერდა ხელს, ხოლო რევოლვერის ჩარჩოზე ხდებოდა რეგისტრაციის ნომრის დატანა. მფლობელის სახელზე გაცემული სერტიფიკატი მოწმობდა რომ მის მფლობელს გააჩნდა „რეგისტრირებული მაგნუმი“. სწორედ ამიტომ რევოლვერს მიენიჭა სახელწოდება „Registered Magnum“.

Smith & Wesson's Registered .357 Magnum

დუგლას ვესსონმა შეარჩია სამი წამყვანი ოსტატი, რომლებიც ახდენდნენ .357 Magnum ტიპის ვაზნაზე გათვლილი „Registered Magnum“ რევოლვერების აწყობას და დეტალების მორგებას. მყიდველს შეკვეთის განხორციელებისას შეეძლო მისი სურვილისამებრ შეერჩია სხვადასხვა კონფიგურაცია. მაგალითად: ლულის სიგრძე 3,5 ინჩიდან 8,75 ინჩამდე. სახელურის ლოყების სხვადასხვა მასალა და გეომეტრია, გარე დაფარვა ნიკელის ან შავი ოქსიდირებით, როგორც წინა, ასევე უკანა სამიზნე მოწყობილობების ვარიაციები და ა.შ. ამას გარდა დამკვეთს შეეძლო შეკვეთის განხორციელებისას შეერჩია კონკრეტული ტიპის ტყვიით დამუხტული ვაზნა და სამიზნის მისროლა ქარხნულად განხორციელდებოდა მის მიერ შერჩეულ დისტანციაზე. ყველა შეკვეთილ რევოლვერზე ვრცელდებოდა სამუდამო გარანტია. აღსანიშნავია, რომ პირველი რევოლვერი საჩუქრად გადაეცა FBI-ს სულისჩამდგმელს ედგარ ჰუვერს (J. Edgar Hoover).

1935 წელს სტანდარტული „Registered Magnum“-ის საცალო ფასი შეკვითისას შეადგენდა 60 დოლარს (2017 წლის კურსით რომ ავიღოთ 1072 დოლარი). შედარებისთვის Smith & Wesson .38/44 Outdoorsman-ის ფასი იყო 45 დოლარი.

FBI-ს სპეც აგენტის და ცეცხლსასროლი იარაღის ექსპერტის Frank Baughman-ის "რეგისტრირებული მაგნუმი" 3.5 ინჩიანი ლულით

სამართალდამცავებს შორის ყველაზე დიდი პოპულარიბით სარგებლობდა 3,5 ინჩიანი და 4 ინჩიანი ლულის მქონე Registered Magnum. ერთერთი პირველი ასეთი რევოლვერის მფლობელი გახლდათ FBI-ს სპეც აგენტი და ცეცხლსასროლი იარაღის ექსპერტი Frank Baughman. მან შეუკვეთა რევოლვერი მასზე მორგებული წინა სამიზნე მოწყობილობით, რომელსაც დახრილი ფუძე გააჩნდა. შემდგომში ასეთ სამიზნეს უწოდებდნენ Baughman-ის სამიზნეს (Baughman ramped front sight). 

FBI-ს და შემდგომში CIA-ს აგენტის Birch O Neal-ის კუთვნილი რევოლვერი Registered Magnum 3,5 ინჩიანი ლულით

FBI-ს აგენტები და სხვა სამართალდამცავი უწყების თანამშრომლები ცდილობდნენ საკუთარი სახსრებით შეეძინათ ასეთი რევოლვერები. გარდა Baughman-ის წინა სამიზნე მოწყობილობისა პოპულარობით სარგებლობდა ასევე ეგრეთწოდებული „King Reflector Front Sight“, რომელსაც წინა სამიზნესთან დამაგრებული ჰქონდა მცირე ზომის სარკისებური რეფლექტორი. აღნიშნული რეფლექტორი ისეთი კუთხით იდგა, რომ მასზე მოხვედრილი სინათლე/მზის სხივი აირეკლებოდა და ანათებდა წინა სამიზნეს.

წინა სამიზნე „King Reflector Front Sight“

„Registered Magnum“ საჩუქრად გადაეცათ ასევე ავტორიტეტულ მსროლელებს და იარაღის ენთუზიასტებს Elmer Keith-ს, Philip B. Sharpe-ს და Edward McGivern-ს. სულ 1935 წლის ბოლომდე დამზადებული რევოლვერების საერთო რაოდენობამ შეადგინა 724 ცალი.

Philip B. Sharpe-ის კუთვნილი რევოლვერი

Edward McGivern-ის წინა სამიზნე მოწყობილობით აღჭურვილი რევოლვერი „Registered Magnum“

გარკვეული წყაროების თანახმად, 1937 წელს FBI-მ დაუკვეთა კომპანია Smith & Wesson-ს 100 ცალი რევოლვერი „Registered Magnum“ 5 ინჩიანი ლულით და Baughman-ის წინა სამიზნე მოწყობილობით.

მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას 1939 წელს სმიტ ვესონმა შეაჩერა რევოლვერების სპეც შეკვეთით დამზადება და სრულად გადაერთო სხვადასხვა სამხედრო კონტრაკტების შესრულებაზე. სულ ჯამში 1935 წლიდან 1939 წლის ჩათვლით დამზადებული რევოლვერების ჯამურმა რაოდენობამ შეადგინა 5,224 ცალი. აქედან მხოლოდ 175 ცალი იყო მონიკელებული. დანარჩენი რევოლვერები იყო შავი ფერის ოქსიდირებით.

FBI-ს აგენტი ჰენკ სლოანი (Hank Sloan) ვარჯიშობს რევოლვერით „Registered Magnum“. ლულის სიგრძე 3.5 ინჩი

აღსანიშნავია რომ Smith & Wesson Registered Magnum-ს მეორე მსოფლიო ომის დროს ატარებდა გენერალი ჯორჯ პატონი (George Patton). გარკვეული წყაროების თანახმად მას მარჯვენა მხარეს შალითაში ეკიდა .45 კალიბრის რევოლვერი Colt Single Action Army (SAA), ხოლო მარცხენა მხარეს 3,5 ინჩიანი ლულის მქონე Smith & Wesson Registered Magnum, რომელსაც მეტსახელად უწოდებდა "Killing gun"-ს.

Smith & Wesson Model 27

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ კვლავ გაიზარდა ინტერესი და  მოთხოვნა .357 Magnum ტიპის ვაზნაზე, შესაბამისად 1949 წელს კომპანია სმიტ ვესონმა დაიწყო რევოლვერის სერიული წარმოება რამოდენიმე სიგრძის ლულით. სულ ასორტიმენტში შედიოდა 5 სხვადასხვა სიგრძის ლულა (3,5 / 5 / 6 / 6,5 და 8,75 ინჩი). 1957 წელს რევოლვერებს მიენიჭა აღნიშვნა Smith & Wesson Model 27.

 Smith & Wesson Model 27 მონიკელებული შესრულებით

Model 27 სხვადასხვა წლებში მზადდებოდა სხვადასხვა შესრულებით და სიგრძის ლულებით. ასევე წლების მანძილზე როგორც სმიტ ვესონის სხვა მოდელებში, აქაც შედიოდა პერიოდული საწარმოო თუ ტექნოლოგიური ცვლილებები და ჩნდებოდა ერთგვარი ვარიანტები: Model 27-2, Model 27-3, Modеl 27-4, Modеl 27-5 და Modеl 27-6.

Model 27 ახლაც იწარმოება როგორც კლასიკური, ასევე სხვადასხვა თანამედროვე შერულებით/ვარიაციებით. ამ სტატიის დაწერის მომენტში კომპანიის ვებგვერდზე მოცემული ინფორმაციით Model 27 Classic-ის ღირებულება შეადგენს 1299$-ს.

1930-იანი წლების მიწურულს სმიტ ენდ ვესსონის მთავარი კონკურენტი კომპანია COLT-იც იწყებს .357 Magnum ტიპის ვაზნაზე გათვლილ რევოლვერებზე მუშაობას. იგი მოახდენს რამოდენიმე რევოლვერის ადაპტაციას .357 Magnum ტიპის ვაზნაზე, თუმცა ვერცერთი მათგანი ვერ მოიპოვებს პოპულარობას. შემდეგ 1950-ან წლების დასაწყისში ჩნდება რევოლვერი Colt Trooper რომელსაც 2 წელიწადში მოჰყვება კოლტის ყველაზე პოპულარული .357 მაგნუმ ვაზნაზე გათვლილი რევოლვერის Colt "PYTHON"-ის გამოჩენა, რომელიც უკვე სულ სხვა სტატიის თემაა და ოდესმე მასზეც მოგითხრობთ ორიოდე სიტყვას. 

No comments:

Post a Comment