Showing posts with label გლუვლულიანი თოფები ("პომპა" / თვითდამტენი). Show all posts
Showing posts with label გლუვლულიანი თოფები ("პომპა" / თვითდამტენი). Show all posts

Beretta 1201F და FP

1980-ანი წლების მიწურულს უმსხვილესმა იტალიურმა კომპანიამ „Beretta“, წარმოადგინა გლუვლულიანი თვითდამტენი თოფი აღნიშვნით Beretta 1201. კონსტრუქციულად Beretta 1201-ის სქემა წარმოადგენდა იტალიური გლუვლულიანი თოფის Benelli M1 Super 90 ანალოგს და იყენებდა ინერციული ავტომატიკის პრინციპს. დამაბრუნებელი ზამბარა განთავსებული იყო კონდახის შიგნით.

Beretta 1201F

ლულისქვეშა მჭიდში ვაზნების ჩალაგება ხდებოდა ლულის კოლოფის ქვემოდან შესრულებული ფანჯრის მეშვეობით. რაც შეეხება მართვის ორგანოებს: გადასატენი სახელური განთავსებული იყო ლულის კოლოფის მარჯვენა მხარეს, ხოლო მცველის ღილაკი სასხლეტის კავის დამცავი რგოლის უკანა ნაწილში.

Beretta 1201 სამოდელო ხაზი იყოფოდა ორ ძირითად დაწილად:

ვარიანტი Beretta 1201F წარმოადგენდა ერთგვარ სანადირო კონფიგურაციას, რომელსაც ჰქონდა გრძელი ლულა ზემოდან მთელს სიგრძეზე შესრულებული თამასა სავენტილაციო ჭრილებით, ნახევრადპისტოლეტისებური სახელური და მოკლე ლულისქვეშა მჭიდი. მისი წინა სამიზნე შესრულებული იყო მარტივი ბურთულის სახით.

Beretta 1201FP

მეორე მოდელს წარმოადგენდა ეგრედწოდებული საპოლიციო ვარიანტი აღნიშვნით Beretta 1201FP, რომელიც განკუთვნილი იყო სხვადასხვა ძალოვანი უწყების თანამშრომლებისთვის.

საპოლიციო დანიშნულებით შესრულებული თოფი Beretta 1201FP კომპლექტდებოდა 52 სანტიმეტრიანი (20 ინჩი) ცილინდრული გაბურღულობის ლულით, რომელსაც ჰქონდა მაღალი წინა სამიზნე მოწყობილობა და V-სებური ღია უკანა სამიზნე. ეს სამიზნე ლულის უკანა ნაწილში იყო დამაგრებული. 

Beretta 1201FP დიოპტრული ტიპის სამიზნე მოწყობილობით 20 ინჩანი ლულით

მზადდებოდა ასევე ვარიანტები დიოპტრული ტიპის უკანა სამიზნე მოწყობილობით, რომელსაც ჰქონდა დიდი დიამტერის აპერტული რგოლი ეგრეთწოდებული Ghost-ring. აღნიშნული უკანა სამიზნე მაგრდებოდა ლულის კოლოფის უკანა ნაწილში.
Beretta 1201FP Ghost-ring ტიპის უკანა სამიზნე მოწყობილობით გარკვეული რაოდენობა დამზადდა ასევე 46 სმ სიგრძის (18 ინჩი) ლულითაც

კალიბრი

12 Gauge (Magnum)

სავაზნის სიგრძე

76 მმ

წონა ვაზნების გარეშე

2,85 კგ

საერთო სიგრძე

1060 მმ

ლულის სიგრძე

520 მმ

მჭიდის ტევადობა

6 ვაზნა (70 მმ მასრით)

5 ვაზნა (76 მმ მასრით)

ამას გარდა Beretta 1201FP იწარმოებოდა ორი ტიპის კონდახით. ერთი გახლდათ ნახევრადპისტოლეტისებური სახელურით, ხოლო მეორე ტაქტიკური შესრულება სრული ტიპის პისტოლეტისებური სახელურით.

მიუხედავად მაღალი ხარისხისა და საიმედოობისა Beretta 1201 სამოდელო ხაზი საკმაოდ მცირე პერიოდი იწარმოებდა. მათი წარმოება შეწყდა 1990-ანი წლების მიწურულს.

Winchester Model 1897

1893 წელს კომპანია ვინჩესტერმა წარმოადგინა ჯონ ბრაუნინგის კონსტრუქციის გლულვლულიანი ე.წ. პომპიანი თოფი Winchester Model 1893, რომელიც არც თუ ისე დიდი პოპულარობით სარგებლობდა. სტატია აღნიშნულ თოფზე შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე -> Winchester Model 1893.

1896 წელს ჯონ ბრაუნინგმა გადაამუშავა Winchester Model 1893 და შექმნა ახალი მოდელი, რომელიც ცნობილი გახდა სახელწოდებით Winchester Model 1897 (შემოკლებით Winchester M97). თოფის წარმოაება დაწყებულ იქნა 1897 წელს კომპანია Winchester-ის მიერ. იგი კომპანიის სავაჭრო ცნობარში გამოჩნდა 1897 წლის ნოემბრის თვეში.

შეიძლება ითქვას რომ Winchester M1897 გახდა ერთრეთი ყველაზე წარმატებული პომპიანი თოფი, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე სხვა ქვეყნების პომპიანი თოფების შემდგომ ევოლუციაზე. Winchester M1897 მალევე იქცა ერთგვარ ხარისხის სტანდარტად. ასევე შეიძლება ვთქვათ, რომ ფაქტიურად ამ გლუვლულიანმა იარაღმა განაპირობა აშშ-ში პომპიანი თოფების ზეპოპულარულობა.

გლუვლულიანი თოფი Winchester M1897 იყენებს ხელით გადატენვად მექანიზმს ტრადიციული მოძრავი ტიბჟირით. მასრის ამოგდება გადატენვისას ხდება ლულის კოლოფის მარჯვენა მხარეს შესრულებული ფანჯრიდან. ლულისქვეშა მილისებური მჭიდი გათვლილია 5 ცალ ვაზნაზე. მჭიდის შევსება ვაზნებით წარმოებს ლულის კოლოფის ქვემოთა მხარეს გაკეთებული ფანჯრიდან. Winchester M1897 მისი წინამორბედი მოდელისგან განსხვავებით იყენებს ღია ჩახმახს, რითაც განპირობებულია ის მომენტი, რომ თოფს არ აქვს არანაირი მცველის ბერკეტი ან ღილაკი. ლულის ჩაკეტვა ხდება ვერტიკალურად მოძრავი ჩამკეტი ბლოკით.

Winchester Model 1897 სტანდარტული შესრულებით

აღსანიშნავია ისიც, რომ თოფის დამრტყმელ-სასხლეტ მექანიზმს არ გააჩნდა ეგრეთწოდებული სასხლეტის  გამთიშველი (disconnector), შესაბამისად სროლის წარმოება შესაძლებელი იყო ორნაირი სახით: 1. მოძრავი ტიბჟირის გადატენვის შემდეგ მსროლელი დააწვებოა თითს სასხლეტზე, განახორციელებდა გასროლას, აუშვებდა თითს სასხლეტიდან გადატენიდა იარაღს და ასე იმეორებდა გასროლიდან გასროლამდე;  2. მსროლელი დააწვებოდა თოთს სასხლეტზე, არ აუშვებდა მას და მხოლოდ ტიბჟირის უკან და წინ მოძრაობით ანხორციელებდა გასროლების ციკლს. ამდაგვარ სროლის რეჟიმს უწოდებენ "Slam fire"-ს.  რაც შეეხება სამიზნე მოწყობილობას, იგი წარმოადგენილი იყო უბრალო წინა სამიზნით, ხოლო უკანა სამიზნის როლს ასრულებდა ლულის კოლოფის ზედა თამასა.

თავდაპირველად Winchester M1897-ის ლულა დამაგრებული იყო ლულის კოლოფზე არამოხსნადი სახით. ასეთ ვარიანტებს აშშ-ში მოიხსენიებენ როგორც „Solid frame“ (მთლიანი ჩარჩოთი), ხოლო შემდგომ კონსტრუქციაში შევიდა გარკვეული ცვლილება და ლულის დამაგრება ლულის კოლოფზე ხდებოდა სექტორული ხრახნის მეშვეობით.

 ლულის დამაგრების კვანძი Winchester Model 1897  „Take down“ ტიპის მოდელზე

ასეთი კონსტრუქციის წყალობით შესასძლებელი იყო ლულის კოლოფიდან ლულის მოხსნა ლულისქვეშა მჭიდთან ერთად მთლიანი ბლოკის სახით, რაც აადვილებდა როგორც იარაღის წმენდა/მომსახურებას, ასევე გადატანა/ტრანსპორტირებას. ამ პრინციპით აგებულ იარაღებს ამერიკელები უწოდებენ „Take down“-ს.

12 კალიბრიან ვაზნაზე გათვლილი ვარიანტი მოხსნადი ლულის ბლოკით (ე.წ. „Take down“) გამოჩნდა კომპანია ვინჩესტერის სავაჭრო ცნობერებში (კატალოგებში) 1898 წლის ოქტომბრიდან, ხოლო 1900 წლის თებერვლიდან გამოჩნდა ასევე 16 კალიბრიან ვაზანზე გათვლილი ვარიანტებიც.

Winchester M1897-ის სამოდელო ხაზი და ვარიანტები

გლუვლულიანი თოფი Winchester M1897 იწარმოებოდა 12 და 16 კალიბრიან ვაზნაზე გათვლილი სხვადასხვა ვარიანტების სახით. სტანდარტული სანადირო მოდიფიკაცია როგორც წესი იყენებდა 711მმ (28 ინჩი) და 760მმ (30 ინჩი) სიგრძის ლულებს. გარკვეული პარტია ასევე მზადდებოდა 812მმ  (32 ინჩი) სიგრძის ლულით. 12 კალიბრიანი ვარიანტის წონა როგორც წესი შეადგენდა 3,53 კგ-ს, ხოლო 16 კალიბრიან ვაზნაზე გათვლილი სანადირო მოდიფიკაცია იწონიდა 3,41 კილოგრამს. 16 კალიბრიან ვაზნაზე გათვლილი Winchester M1897 იწარმოებდა 65მმ სიგრძის სავაზნით. ხოლო 12 კალიბრიანი ვარიანტები ძირითადად 70მმ სიგრძის სავაზნით.

მთლიანობაში Winchester M1897-ის სამოდელო ხაზი საკმაოდ ვრცელია, მაგრამ შეიძლება დაიყოს რამოდენიმე ვარიანტად, რომლებზეც მოკლედ ვისაუბრებ. კომპანია ვინჩესტერის ადრეულ სავაჭრო ცნობარებში (კატალოგებში) თავდპირველად გამოჩნდა შემდეგი ვარიანტები:

Winchester M1897 Plain Finish კლასიკური სანადირო შესრულება. იწარმოებოდა 12 კალიბრინ ვაზნაზე და ჰქონდა 30 ან 32 ინჩიანი ლულა ჩოკით. მასში გამოიყენებოდა ფოლადისგან დამზადებული ლულა, კაკლის კონდახი და პისტოლეტისებური სახელური ნაჭდევების გაშერე. კონდახი იყენებდა მეტალის საზურგეს. ფასი ძველი სავაჭრო ცნობარების თანახმად შეადგენდა 25$.

Winchester M1897 Fancy Finished კლასიკური სანადირო შესრულება. იწარმოებოდა 12 კალიბრინ ვაზნაზე და ჰქონდა 30 ან 32 ინჩიანი ლულა ჩოკით. ამ შესრულებაში გამოიყენებოდა დამასკის ლულა, ნარჩევი კაკლის კონდახი და ნაჭდევებიანი პისტოლეტისებური სახელური. კონდახის ბოლოში დამაგრებული იყო რეზინისგან შესრულებული ნაჭდევებიანი საზურგე. ფასი ძველი სავაჭრო ცნობარების თანახმად შეადგენდა 62$.

Winchester M1897 შესრულება Brush Guns წარმოადგენდა სპეციალურად ფრინველზე სანადიროთ შექმნილ მოდიფიკაციას. იყენებდა 12 კალიბრზე გათლილ შედარებით მოკლე ლულას სიგრძით 26 ინჩი. ლულის გაბურღულობა იყო ცილინდრული. ასევე ლულისქვეშა მჭიდი იყო დამოკლებული და ნაცვლად 5 ცალი ვაზნისა იტევდა 4 ცალ ვაზნას. კონდახის საზურგე დამზადებული იყო ნაჭდევებიანი რეზინისგან. მისი ღირებულება ძველი სავაჭრო ცნობარების თანახმად შეადგენდა 27$.

Winchester M1897 ე.წ. „Take Down“ ტიპის ხაზი ასევე აერთიანებდა ცალკე მოდელებს. ეს მოდელები გახლდათ:

Winchester M1897 კლასიკური სანადირო შესრულებით 16 კალიბრიან ვაზნაზე. ჰქონდა 28 ინჩიანი ლულა ჩოკით. გამოიყენებოდა ფოლადის ლულა, კაკლის კონდახი და პისტოლეტისებური სახელური ნაჭდევების გაშერე. კონდახს ჰქონდა მეტალის საზურგე. ფასი ძველი სავაჭრო ცნობარების თანახმად შეადგენდა 27$.

Winchester M1897 კლასიკური სანადირო შესრულება. 12 კალიბრი, 30 ან 32 ინჩის სიგრძის ლულა ჩოკით. გამოიყენებოდა ფოლადის ლულა, კაკლის კონდახი და პისტოლეტისებური სახელური ნაჭდევების გაშერე. კონდახი ჰქონდა მეტალის საზურგე. ფასი ძველი სავაჭრო ცნობარების თანახმად შეადგენდა 27$.

Winchester M1897 შესრულება „Take Down“ Brush Gun წარმოადგენდა სანადიროთ შექმნილ მოდიფიკაციას. იყენებდა 12 კალიბრზე გათვლილ შედარებით მოკლე ლულას სიგრძით 26 ინჩი. ლულა იყო ჩოკით. ასევე ლულისქვეშა მჭიდი სტანდარტული Brush Gun მოდელისგან განსხვავებით არ იყო დამოკლებული და იტევდა ტრადიციულად 5 ცალ ვაზნას. კონდახის საზურგე დამზადებული იყო ნაჭდევებიანი რეზინისგან. მისი ღირებულება ძველი სავაჭრო ცნობარების თანახმად შეადგენდა 29$.

Winchester M1897 „Take Down“ შესრულება „Trap Gun”. 12 კალიბრი. იყენებდა 30 ინჩის სიგრძის ფოლადის ლულას. კონდახი ხელით იყო დამზადებული ნარჩევი კაკლისგან და ჰქონდა სწორი ფორმის (ე.წ. ინგლისური ტიპის) სახელური, რომელზეც ხელით იყო შესრულებული ნაჭდევები. ნაჭდევები ასევე ხელით იყო შესრულებული ტიბჟირზეც. ფასი ძველი სავაჭრო ცნობარების თანახმად შეადგენდა 47$.

Winchester M1897 „Take Down“ შესრულება „Pigeon Gun”. ფაქტიურად წარმოადგენდა „Trap Gun” ტიპის მოდელს, მხოლოდ მისგან განსხვავებით იყენებდა 28 ინჩიან 12 კალიბრიან ფოლადის ლულას. დეტალების მორგება-დამუშავება ხდებოდა ხელით და ასევე ლულის კოლოფზე შესრულებული იყო გრავიურები. იმ პერიოდის სამოდელო ხაზში ეს პროდუქტი გამოირჩეოდა ყველაზე მდიდრული შესრულებით და შესაბამისად მისი ფასიც კომპანია ვინჩესტერის ძველი სავაჭრო ცნობარების თანახმად შეადგენდა 100$.

გრავიურა „Pigeon Gun” მოდელის ლულის კოლოფზე

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი მოდელებისა, ასევე არსებობდა გარკვეული არასტანდარტული შესრულებებიც, თუმცა მათზე საუბარი და დეტალებში ჩასვლა პირადად ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა, ამიტომ გადავალ იმ მთავარ კონფიგურაციაზე, რომელიც ყველაზე მეტად იმსახურებს ყურადღებას.

Winchester M1897 „Trench Gun“ 

პირველი მსოფლიო ომის პერიოდში სპეციალურად სამხედროების მოთხოვნით შემუშავდა Winchester M1897-ის სპეციალური მოდიფიკაცია, რომელსაც მიენიჭა სახელწოდება „Trench Gun“ (ქართულად ზუსტი შესატყვისი თარგმანი ალბათ იქნება „სანგრის იარაღი“ ან „სასანგრე თოფი“). აღნიშნული მოდიფიკაცია ოფიციალურად იქნა მიღებული აშშ-ს არმიის შეიარაღებაში. აქვე საინტერესოა ვისაუბროთ იმაზე, თუ რა გახდა ასეთი ტიპის მოდიფიკაციის შეიარაღებაში მიღების მთავარი მიზეზი.

პირველი მსოფლიო ომის ფრონტზე საგრძნობლად გაიზარდა როგორც არტილერიის, ასევე ტყვიამფრქვევბის გამოყენება. შესაბამისად მჭიდრო საარტილერიო და ტყვიამფრქვევების მასიური ცეცხლის შედეგად სახმელეთო ბრძოლებმა მიწის ზემოდან აქტიურად გადაინაცვლა სანგრებში და მიწისქვეშა გვირაბებში. სანგრებში, გვირაბებში და მიწისქვეშა თხრილებში/სოროებში გამაგრებულ მებრძოლებს ესაჭიროებოდათ შედარებით მოკლე იარაღი, რომელსაც ახლო მანძილზე მტერთან შეტაკების დროს ექნებოდა ძლიერი შემაჩერებელი მოქმდება. ამას გარდა ვიწრო გვირაბებში და სანგრებში მოუხერხებელი იყო გრძელი შაშხანებით მანევრირება და მოძრაობა. აქვე აღსანიშნავია ის მნიშვნელოვანი მომენტიც რომ პირველი მსოფლიო ომის პერიოდში გერმანელებმა სანგრებში ბრძოლის ეპიზოდებში აქტიურად დაიწყეს   იმ დროისთვის ინოვაციური იარაღის გამოყენება. ეს გახლდათ შმაიზერის მიერ შემუშავებული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი Bergmann MP 18, რომელიც აღჭურვილი იყო 32 ცალ 9x19mm Luger ტიპის ვაზნაზე გათვლილი საარტილერიო პარაბელუმის დოლურისებური მჭიდით.

გერმანული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი MP 18 

MP 18 იყო გაცილებით კომპაკტური გაბარიტების იარაღი ვიდრე შაშხანა ან კარაბინი, იმ პერიოდის შაშხანებთან/კარაბინებთან შედარებით ჰქონდა საკმაოდ მაღალი ტევადობის მჭიდი (32 ვაზნა ნაცვლად 5 ვაზნისა) და შეეძლო ავტომატური ჯერებით სროლა. ეს ყველაფერი ვიწრო გვირაბებში, სანგრებში, სორეობში, თხრილებში,  ნაგებობებში და შეზღუდულ სივრცეებში იარაღით მანევრირებისას იძლეოდა სერიოზულ უპირატესობას გრძივადმოსრიალე ბრუნავი საკეტით მომუშავე შაშხანებით/კარაბინებით შეიარაღებულ მებრძოლებთან შედარებით. სწორედ ზემოაღნიშნული მოცემულობის და უპირატესობების გაანაზლიზებიდან გამომდინარე გადაწყდა რომ შემუშავბულიყო Winchester M1897-ის სპეციალური სასანგრე მოდიფიკაცია, რომელიც იქნებოდა უფრო კომპაკტური.

Winchester M1897 „Trench Gun“ იყენებდა დამოკლებულ ლულას ცილინდრული გაბურღულობით, რომლის სიგრძეც შეადგენდა 20 ინჩს (510 მმ). ლულაზე დამაგრებული იყო ფოლადის ფურცლისგან დამზადებული პერფორირებული გარსაცმი, რაც უზრუნველყოფდა მსროლელის ხელის დაცვას დამწვრობისგან. ასევე აღნიშნულ მოდიფიკაციას გააჩნდა ხიშტ-დანის სამაგრი, რომელზეც მებრძოლები ამაგრებდნენ  U.S. M1917 rifle bayonet ტიპის საშტატო ხიშტ-დანას. მთლიანობაში ამ კომპლექსს (თოფი+ხიშტ-დანა) რიგ ოფიციალურ დოკუმენტებში აღნიშნავდნენ როგორც „Trench Gun Model 1917“. ამერიკელი ჯარისკაცები არაოფიციალურად მოიხსენიებდნან მას, როგორც „Trench sweeper“ (სანგრის ცოცხი/სანგრის ჯაგრისი).

მისი ლულუსქვეშა მჭიდი სტანდარტულად იტევდა 5 ცალ 12 კალიბრიან ვაზნას. ძირითადი ამუნიცია, რასაც მებრძოლები იყენებდნენ სანგრების წმენდისას იყო ამერიკული კლასიფიკაციით 00 ტიპის ფინთიხით (კარტეჩით) დამუხტული ვაზნები. ასეთი ვაზნა იმუხტებოდა 9 ცალი სფეროსებური ფინთიხით რომელთა დიამეტრიც შეადგენდა 8,38 მმ-ს.  

1918 წელს აშშ-ს და მოკავშირეების საიერიშო რაზმებმა აქტიურად დაიწყეს Winchester M1897 „Trench Gun“-ის გამოყენება, რომელსაც ვიწრო გვირაბებში და სანგრებში მოწინააღმდეგესთან შეტეკების დროს ჰქონდა საკმაოდ დიდი შემაჩერებელი მოქმედება. ასეთ სიტუაციებში ბრძოლისას შემუშავდა სპეციალური ტაქტიკაც. წინ მიდიოდნენ Winchester M1897 „Trench Gun“-ით შეიარაღებული მებრძოლები, რომლებიც ახდენდნენ სანგრების წმენდას, ხოლო შემდეგ პოზიციებს იკავებდნენ შაშხანებით/კარაბინებით შეიარაღებული მებრძოლები. აქვე აღსანიშნავია, რომ Winchester M1897 „Trench Gun“ კარგად იტანდა მიწას, ქვიშას და დაბინძურებას, რაც სანგრებისთვის და მიწისქვეშა გვირაბებისთვის ბუნებრივ გარემოს წარმოადგენდა. მტყუნების შემთხვევაში მებრძოლო სწრაფად მოახდენდა პომპიანი თოფის გადატენვას და გააგრძელებდა სროლას. პირველი მსოფლიო ომის თემაზე დაწერილ გარკვეულ ისტორიულ წიგნებში აღწერილია სიტუაციები, როდესაც ნავარჯიშები მებრძოლები Winchester M1897 „Trench Gun“-ის მეშვეობით ახდენდნე გერმანელების მიერ ნასროლი ხელყუმბარის უკუგდებას. მარტივად რომ ავხსნა სანგარში გადმოგდებულ ხელყუმბარას Winchester M1897 „Trench Gun“-ით ესროდნენ საფანტს ან ფინთიხს (კარტეჩს) რაც იწვევდა ხელყუმბარის დაზიანებას ან უკუგდებას. 

„Trench Gun“-ების გამოყენება სერიოზულ ფსიქოლოგიურ გავლენას და წნეხს ახდენდა გერმანელებზე. აღსანიშნავია რომ 1918 წლის 19 სექტემბერს გერმანიის მთავრობის წევრებმა და დიპლომატებმა გამოსცეს ერთგვარი დიპლომატიური პროტესტი, რომელიც ეხებოდა პირველ მსოფლიო ომში ამერიკელების მიერ საფანტის თოფების გამოყენებას. გერმანელები ამტკიცებდნენ, რომ ომის კანონის შესაბამისად აკრძალული იყო საფანტის თოფების გამოყენება, რადგანაც იგი განეკუთვნებოდა სანადირო იარაღის კატეგორიას. აღნიშნული კანონის განხილვის შემდეგ არმიის მთავარმა პროკურორმა და სახელმწიფო მდივანმა  რობერტ ლანსინგმა (Robert Lansing) ფორმალური შენიშვნით აცილება მისცა გერმანელების პროტესტს. შესაბამისად ამერიკამ და მისმა მოკავშირეებმა გააგრძელს მისი გამოყენება.

Winchester M1897 არ იყო ერთადერთი „Trench Gun“ ტიპის იარაღი, რმელსაც პირველი მსოფლიო ომის პერიოდში იყენებდა ამერიკის შეერთებული შტატები. არსებობდა გარკვეული მოდელები, რომელიც მოდიფიცირებულ იქნა როგორც „Trench Gun“ ტიპის საბრძოლო თოფები. მაგალითად ეს იყო Remington Model 10 „Trench Gun“ და Winchester Model 1912. სტატია Winchester Model 1912 შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე -> Winchester M1912 

Remington Model 10a „Trench Gun“ 

Winchester Model 1912 „Trench Gun“ 

პირველი მსოფლიო ომის დასრულების მომენტში აშშ-ს არმიის შეიარაღებაში ოფიციალურად ირიცხებოდა ჯამში სხვადასხვა მწარმოებლის მიერ დამზადებული 19 000 ერთეული „Trench Gun“ (სასანგრე თოფი), რომელთაგან ორი მესამედი იყო Winchester M1897 „Trench Gun“.  

პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ აშშ-ს სამართალდამცავი ორგანოების რიგებში მოხვდა Winchester M1897-ის საპოლიციო მოდიფიკაცია აღნიშვნით „Riot Gun“ (თოფი არეულობისთვის).

Winchester M1897 „Riot Gun“

Winchester M1897 „Riot Gun“ წარმოადგენდა M1897 „Trench Gun“-ის ანალოგს. მთავარ განსხვავებას წარმოადგენდა კონსტრუქციიდან ამოღებული ხიშტ-დანის სამაგრი და ლულაზე დამაგრებული პერფორირებული გარსაცმი, რომელიც სამართალდამცავებს და პოლიციელებს არ ესაჭიროებოდათ. Winchester M1897 „Riot Gun“ გამოიყენებოდა პოლიციაში, პენიტენციალურ სისტემებში როგორც პატიმრების დაცვის იარაღი, ციხეების საყარულო სამსახურებში და ფოსტაში. ასევე მას არალეტალურ ვაზნებთან ერთად იყენებდნენ საპროტესტო აქციების ან არეულობების დროს ხალხის დასარბევად.

„Trench Gun“ ტიპის იარაღები მათ შორის Winchester M1897 „Trench Gun“ აქტიურად გამოიყენებოდა მეორე მსოფლიო ომის პერიოდშიც. ამ დროისთვის აშშ-ს არმიის ასორტიმენტი სასანგრე თოფების კუთხით იყო კიდევ უფრო მდიდარი, ვიდრე პირველი მსოფლიო ომის დროს.  „Trench Gun“-ტიპის სასორტიმენტში Winchester M1897 „Trench Gun“-ის გარდა შედიოდა Winchester Model 1912 „Trench Gun“, Stevens M520-30 „Trench Gun“, Ithaca M37 „Trench Gun“, რომელთა სამხედრო კარიერა შემდგომ  კორეის და ვიეტნამის ომშიც გაგრძელდა.

Stevens M520-30 „Trench Gun“

Ithaca M37 „Trench Gun“

Winchester M1897 სხვადასხვა ვარიანტის სახით იწარმოებოდა 1950-ანი წლების შუა პერიოდამდე. გარკვეული წყაროების თანახმად მათი წარმოება შეწყდა 1957 წელს და სულ 1897 წლიდან 1957 წლამდე დამზადებულ იქნა 1 მილიონზე მეტი ეგზემპლარი. ამას გარდა მცირე პარტიების სახით ჩინური კომპანია „Norinco“ დღემდე ამზადებს Winchester M1897 „Trench Gun“-ის და “Riot Gun“-ის რეპლიკებს, რომელიც ცნობილია აღნიშვნით „Norinco 97“.

Winchester M1912 (M12)

კომპანია „Winchester Repeating Arms Company“-ის კონსტრუქტორმა ტომას კროსლი ჯონსონმა  (Thomas Crosley Johnson) 1910 წელს დაიწყო მუშაობა და 1911 წლის მიწურულს საფუძვლიანად გადაამუშავა ჯონ ბრაუნინგის 1897 წლის მოდელის (Winchester M1897) "პომპიანი" თოფი. გადამუშავებული მოდელი საბოლოო სახით 1912 წელს გამოჩნდა. შესაბამისად მას მიენიჭა სახელწოდება „Winchester Model 1912“ (ასევე ცნობილია სახელწოდებით „Winchester M12“). შეიძლება ითქვას, რომ გადამუშავება მოხდა ძირეულად. შეიცვალა ჩაკეტვის პრინციპი, ლულის კოლოფი გახდა დახურული და ღია ჩახმახის ნაცვლად გამოყენებულ იქნა შიდა ჩახმახი. მხოლოდ რამოდენიმე ელემენტი შემორჩა ბრაუნნგის მიერ შექმნილი მოდელიდან. ახალი მოდელის გამოშვება კომპანია „Winchester“-მა თავდაპირველად დაიწყო 20 კალიბრიან ვაზნაზე და ცნობილი გახდა მარკეტინგული დასახელებით  „Perfect Repeater“. 1914 წელს სავაჭრო კატალოგებში გამოჩნდა 12 და 16 კალიბრიან ვაზნაზე გათვლილი მოდელები, ხოლო 1934 წელს ასორტიმენტს შეემატა 28 კალიბრიანი ვარიანტი. ასევე მცირე რაოდენობით მზადდებოა .410 კალიბრის ვერსია, რომელიც წარმოადგენდა Winchester M1912-ის მცირეგაბარიტიან ვარიანტს (აღნიშნულ კალიბრზე გათვლილ მოდელს მოიხსენიებენ როგორც “Model 42”). ძირითადად ყველა კალიბრის ვაზნაზე გათვლილი მოდელის ლულისქვეშა მჭიდში საშტატო სახით თავსდებოდა 5  ცალი ვაზნა, მაგრამ თუ ვაზნის სიგრძე არ აღემატებოდა 61მმ-ს, მაშინ  შესაძლებელი იყო მჭიდში 6 ცალი ვაზნაის მოთავსება. სტანდარტულად ლულის სავაზნის სიგრძე შეადგენდა 70 მმ-ს, თუმცა რიგ ეგზემპლარებზე შესაძლოა იყოს 65მმ სიგრძის სავაზნით შესრულებული ლულა.

Winchester M1912  
კონსტრუქციულად Winchester M1912 იყო ორიგინალური თოფი, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა მოგვიანებით დამზადებული ანალოგიური ტიპის პომპიანი თოფებისგან. ლულის გადაკეტვა ხდებოდა საკეტის გადახრით. ლულის კოლოფის ზედა ნაწილში შესრულებული იყო სამკუთხა ამონაჭრელი ღარი, რომელშიც შედიოდა საკეტის უკანა ნაწილზე არსებული შვერილი (ე.წ. ბჯენი) და ახდენდა ლულის საიმედო გადაკეტვას.
სასხლეტი კავის დამცავის წინა ნაწილში განლაგებული იყო ჰორიზონტალურად მოძრავი მცველის ღილაკი, რომლის გააქტიურებაც მსროლელს შეეძლო მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ჩახმახი შეყენებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. 
ლულის კოლოფის დამზადება ხდებოდა მთლიანი ფოლადის სამზადისგან, რომელიც ფრეზირების მეთოდით იღებდა შესაბამის ფორმას. აქედან გამოდმინარე იგი იყო საკმაოდ მასიური და ჰქონდა მსხვილი კედლები.
დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი აწყობილი იყო სპეციალურ ჩარჩოზე, რომელიც წარმოადგენდა სასხლეტის დამცავი კავის ნაწილს. დაშლის დროს აღნიშნული მექანიზმი იხსნებოდა ერთი ხრახნის მოშვებით და მარტივად მოდულის სახით ამოდიოდა ლულის კოლოფიდან.
თოფს არ გააჩნდა ეგრედწოდებული სასხლეტის  გამთიშველი (disconnector), შესაბამისად სროლის წარმოება შესაძლებელი იყო ორნაირი რეჟიმით: 1. მოძრავი ტიბჟირის გადატენვის შემდეგ მსროლელი დააწვებოა თითს სასხლეტზე, განახორციელებდა გასროლას, აუშვებდა თითს სასხლეტიდან და ასე იმეორებდა გასროლიდან გასროლამდე;  2. მსროლელი დააწვებოდა სასხლეტს თითს და მხოლოდ ტიბჟირის უკან და წინ მოძრაობით ანხორციელებდა გასროლების ციკლს. ამდაგვარ სროლის რეჟიმს მოგვიანებით უწოდეს "Slam fire". მაგალითისთვის ზუსტად ასეთივე პრინციპით შეიძლებოდა სროლის წარმოება Winchester M1897-დან და სამხედრო დანიშნულების ლეგენდარული პომპიანი თოფიდან „Ithaca 37“. ასეთი სასხლეტი მექანიზმის წყალობით, კარგად ნავარჯიშებ მსროლელს ფაქტიურად შეეძლო ცეცხლის წარმოება ნახევრად ავტომატური სროლის რეჟიმის იდენტურად.
ლულისქვეშა მჭიდში ვაზნების ჩალაგება ხდება ლულის კოლოფის ქვედა მხრიდან შესრულებული ფანჯრის მეშვეობით
Winchester M1912 -ის სამიზნე მოწყობილობა შედგება ლულის კოლოფის ზემოდან შესრულებული ღარისგან და მარტივი წინა სამიზნისგან. დაშლის დროს ლულა და ლულისქვეშა მჭიდი იხსნებოდა ერთიანი ბლოკის სახით. შესაბამისად იარაღის ტრანსპორტირებისას მსროლელი იღებდა ორ ბლოკს. 1. კონდახი ლულის კოლოფით და სასხლეტი მექანიზმით; 2. ლულა, ლულისქვეშა მჭიდით და ტიბჟირით.

საკეტის დებლოკირატორი ბერკეტი განთავსებული იყო სასხლეტის დამცავი კავის უკან მარცხენა მხარეს. თუ ლულის სავაზნეში მიწოდებული იყო ვაზნა და შიდა ჩახმახი იკავებდა  შეყენებულ მდგომარეობას, მსროლელი ვერ მოახდენდა ტიბჟირის ხელით გადაწევას და შესაბამისად ლულიდან ვაზნის ამოგდებას. ამისათვის საჭირო იყო დებლოკირატორ ბერკეტზე თითს დააწოლა და  ამავდროულად ტიბჟირის უკან გადაწევა.
Winchester M1912 „Trench Gun“ და „Riot Gun“
პირველი მსოფლიო ომის პერიოდში კომპანიამ მიიღო სამხედრო შეკეთა „Winchester M1912“ და „Winchester M97”-ზე. შეკვეთის ფარგლებში დამზადდა 20 000 ეგზემპლარი, ეგრედწოდებული „სასანგრე“ ვარიანტის „Winchester M1912 Trench“ სახით, რომლებმაც პირველ მსოფლიო ომში გაიარეს საბრძოლო ნათლობა. მეორე მსოფლიო ომში Winchester M1912 „Trench Gun“ კვლავ მოხვდა შეიარაღებაში.
Winchester M1912 „Trench Gun“
გარკვეული წყაროების თანახმად არმიას სამთავრობო შეკვეთის თანახმად მიეწოდა 80 000 ცალი "სასანგრე" თოფი და შემდგომ კიდევ დამატებით  6000 ცალი. მათი გამოყენება ხდებოდა საზღვაო ქვეითთა კორპუსის, სამხედრო საჰაერო ძალების და სამხედრო საზღვაო ფლოტის მიერ.  გარდა ზემოაღნიშნულია “Winchester М12” პოპულარობით სარგებლობდა კორეის და ვიეტნამის ომში. პირველ მსოფლიო ომში გამოყენებულ „Winchester M1912 Trench“-ს ლულის გარსაცმზე ნასვრეტები შესრულებული ჰქონდა 6 რიგად, ხოლო 1942 წლიდან ნასვრეტების განლაგება შეიცვალა და ხდებოდა 4 რიგად.
სამხედრო შესრულებით დამზადებული მოდელი Winchester M1912 „Trench“ იწარმოებოდა მხოლოდ 12 კალიბრიანი ვერსიის სახით, რომელსაც ჰქონდა 510 მმ სიგრძის ლულა, ქარხნულად დაყენებული პერფორირებული ლულის გარსაცმი, რომელიც იცავდა მსროლელს ცხელ ლულაზე ხელის დადებისგან და დამწვრობის მიღებისგან. ასევე  სამხედრო Winchester M1912 „Trench“ -ს ლულის ბოლოში ჰქონდა ამერიკული საშტატო ხიშტ-დანის (U.S. M1917 Bayonet) სამაგრი.
ომამდე დამზადებულ ეგზემპლარებში ტიბჟირი იყო დამაგრებული ოდნავ წინ, ხოლო უკიდურეს უკანა პოზიციაში გადაწევისას იგი არ მიდიოდა ლულის კოლოფამდე (რჩებოდა დაახლოებით 50 მმ-ანი დაშორება). ომის შემდგომ დამზადებულ М12-ებზე  გამოჩნდა დაგრძელებული ტიბჟირი. ტიბჟირის გადასაწევად საჭირო ძალისხმევა შეადგენდა 4 კგ-ს.
Winchester M1912 „Riot gun“
პირველი მსოფლიო ომის შემდეგ Winchester M1912 „Trench“-ის ბაზაზე შეიქმნა ეგრედწოდებული საპოლიციო ვარიანტი  Winchester M1912 „Riot“, რომელიც სამხედრო მოდელისგან განსხვავდებოდა იმით, რომ არ ჰქონდა ლულის გარსაცმი და ხიშტ-დანის სამაგრი კრონშტეინი. Winchester M1912 „Riot“ გამოიყენებოდა   აეროპორტების, გემების და საპორტო ნაგებობების დასაცავად.
Winchester M1912-ის საიმედოობას მაქსიმალურად ზრდის ის მომენტი, რომ ლულის კოლოფი და აბსოლიტურად ყველა დეტალი დამზადებულია ფოლადისგან, ხოლო რიგი დეტალები კი ამავდროლულად წრთობასაც გადიოდა. სწორედ ამიტომ იგი უძლებდა საკმაოდ დიდ დატვირთვას სამხედრო/საველე პირობებში. შეიძლება ითქვას, რომ Winchester M1912 ამერიკის კონტინენტზე ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ითვლებოდა ყველაზე გავრცელებულ პომპიან იარაღათ.   მიუხედავად მაღალი საიმედოობისა და დეტალების დიდი სიოცხლისუნარიანობისა Winchester M12 -ის წარმოება 1963 წელს შეწყვეტილ იქნა. თუმცა სპეციალური შეკვეთით მათი დამზადება ხდებოდა 2006 წლამდე.  (რიგი წყაროების თანახმად წარმოება დაიწყო 1912 წლის აგვისტოში და შეწყდა 1964 წლის მაისში). საერთო ჯამში მთელი წარმოების მანძილზე დამზადებულ იქნა დაახლოებით 2 000 000 -ზე მეტი „Winchester M1912“-ის სხვადასხვა ვარიანტი.

თვითდამტენი თოფი QBS 09 (Type 09)

2005 წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავდაცვითი მრეწველობის კვლევითმა ინსტიტუტმა (ცნობილია ასევე სახელწოდებით ინსტიტუტი N 208) წამოიწყო კვლევები, რომელიც უკავშირდებოდა ჩინეთის ძალოვანი სტრუქტურებისთვის ახალი გლუვლულიანი თოფის შემუშავებას. 2008 წელს შეიქმნა ახალი გლუვლულიანი თოფის პროტოტიპი და განხორციელდა ფართომასშტაბიანი გამოცდები. გამოცდების შედეგად 2009 წლის შუა პერიოდში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დაიწყებოდა მისი სერიული წარმოება და ოფიციალურად მიიღებდნენ შეიარაღებაში. 

QBS 09 (Type 09) დაკეცილი დუგლუგით

გლუვლულიან თოფს მიენიჭა აღნიშვნა QBS 09 (Type 09). ამავე წელს დაიწყეს იარაღის წარმოება და შეიარაღებაში გაშვება. თავდაპირველად მისი მიწოდება მცირე პარტიის სახით განხორციელდა ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის რიგებში, ხოლო შემდეგ QBS 09 (Type 09) გადაეცა სახოლხო პოლიციის და სხვა ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებს.  

გლუვლულიანი თოფი QBS09 (Type 09) წარმოადგენს თვითდამტენ იარაღს. მისი ვაზნებით კვება ხდება 5 ცალ ვაზნაზე გათვლილი ლულისქვეაშა მილისებური მჭიდით. მჭიდში ვაზნების ჩასალაგებელი ფანჯარა შესრულებულია ლულის კოლოფის ქვედა მხრიდან.

იარაღის ავტომატიკა მუშაობს ლულის არხიდან აირების გაყვანის პრინციპით. ლულის გადაკეტვა ხდება მბრუნავი საკეტის თავაკით. რგოლისებური დგუში განთავსებულია ლულისქვეშა მილისებურ მჭიდზე. აირგამყავნ მექანიზმში ასევე ჩადებულია აირების რეგულატორი, რომლის მეშვეობითაც მსროლელი ხელით დაარეგულირებს შესაბამის რეჟიმს. ასევე მსროლელს შეუძლია საერთოდ გადაკეტოს აირგამყვანი სისტემა და ყოველი გასროლის შემდეგ ხელით მოახდინოს იარაღის გადატენვა. კოროზიული მედეგობისთვის ლულის არხი და საკეტი არის ქრომირებული.

QBS09 (Type 09) ზემოთ გაშლილი დუგლუგით. ქვემოთ დაკეცილი დუგლუგით

ლულის კოლოფი დამზადებულია ალუმინის შენადნობისგან და გააჩნია ანტიკოროზიული დაფარვა. თოფს გააჩნია ტელესკოპურად საკეცი დუგლუგი (კონდახი), რომელსაც აქვს უკუცემის შემამცირებელი ზამბარისებური ბუფერი. აღნიშნული ბუფერი ჩამაგრებულია ლულის კოლოფის უკანა ნაწილში.

უკანა სამიზნე მოწყობილობა წარმოადგენს L-სებურ ბერკეტს რომელიც გათვლილია 50 და 100 მეტრამდე დასამიზნებლად. ლულის კოლოფის ზემოდან შესრულებულია ოპტიკური სამიზნე მოწყობილობების დასამაგრებლად განკუთვნილი მიმმართველი.

საშტატო ვაზნა DBD09

ჩინეთის ოფიციალური სამხედრო ნომენკლატურის თანახმად QBS09 წარმოადგენს 18.4მმ კალიბრის თოფს რაც შეესაბამება გლუვლულიან 12 კალიბრს. ძირითად საშტატო საბრძოლო მასალას წარმოადგენს ჩინეთში შემუშავებული ვაზნა აღნიშვნით DBD09, რომელსაც გააჩნია ფოლადის ლაქირებული მასრა. იგი დამუხტულია მრგვალი ვოლფრამის ბურთულისებური ფინთიხით (კარტეჩით) რომელთა კალიბრიც შეადგენს 5,3მმ-ს. თითო ვაზნაში პლასტმასის კონტეინერით მოთავსებულია 14 ცალი ვოლფრამის ბურთულა. ერთი ცალი ბურთულის წონა შეადგენს 1.4 გრამს.  ფინთიხის (კარტეჩის) საწყისი სიჩქარე შეადგენს 420მ/წამს. ოფიცალური ცნობებით DBD09 ტიპის ვაზნის გამოყენების ეფექტური მანძილი შადგენს 100 მეტრს. ამას გარდა თოფში შესაძლებელია სტანდარტული 12 კალიბრიან ვაზნების გამოყენება როგორც სტანდარტული, ასევე მაგნუმ ტიპის მუხტებით. 


Armscor M30

1990-ან წლებში ფილიპინურმა კომპანიამ „Armscor“ წამოიწყო ეგრეთწოდებული „პომპიანი“ გლუვლულიანი თოფების სერიული წარმოება. თოფს მიენიჭა აღნიშვნა Armscor M30 და იგი ძირითადად განკუთვნილი იყო პოლიციის და არმიის შესაიარაღებლად, ასევე სამოქალაქო პირებისთვის როგორც თავდაცვათი, სპორტული და სანადირო იარაღი.  ვინაიდან ზემოთ ჩამოთვლილ მომხმარებლებს განსხვავებული მოთხოვნები და განსხვავებული საჭიროებები ჰქონდათ იარაღის მიმართ, კომპანიამ სხვადასხვა შესრულებით დაიწყო თოფების დამზადება, რასაც მოჰყვა  Armscor M30 -ის მთელი სამოდელო ხაზის შექმნა. აღნიშნულ სამოდელო ხაზზე ქვემოთ ვისაუბრებთ.

კონსტრუქციულად Armscor M30 შეიქმნა High Standard Flite King -ის და Remington 870-ის გავლენით. იგი შესრულებულია კლაისკური სქემით სადაც ყოველი გასროლის შემდეგ მსროლელის მიერ ტიბჟირის მოძრაობით ხდება იარაღის გადატენვა. ლულის გადაკეტვა ხორციელდება ქანაქრა საკეტით, რომელიც ლულის სავაზნე ნაწილის უკან არსებულ კუდზე ახდენს გადაბმას (მოჭიდებას).  მთლიანი სამოდელო ხაზი იწარმოებოდა მხოლოდ 12 კალიბრიან ვაზნაზე. ვაზნებით კვება ხდება ლულისქვეშა მილისებური მჭიდიდან, რომელთა ტევადობაც განსხვავდება კონკრეტული მოდიფიკაციიდან გამომდინარე. მჭიდის შევსება ვაზნებით წარმოებს ლულის კოლოფის ქვემოდან შესრულებული ფანჯრიდან. Armscor M30 -ის სამოდელო ხაზში ყველა თოფის ლულა გაკეთებულია ცილინდრული გაბურღულობით. კონკრეტული მოდიფიკაციის მიხედვით ასევე განსხვავდება ლულის სიგრძე, კონდახის ტიპი და ტიბჟირი. სტანდარტულად ფურნიტურის (კონდახი, ტიბჟირი, სახელური) მასალას წარმოადგენს დარტყმაგამძლე პლასტმასი, რომელიც მინაბოჩკოთია არმირებული. ასევე რიგი მოდიფიკაციები იწარმოება მყარი ხის ჯიშისგან დამზადებული ფურნიტურით. ძირითადად თოფების სამიზნე მოწყობილობას წარმოადგენს ლულის ცხვირზე დამაგრებული მცირე ზომის თითბერის წინა სამიზნე. თუმცა გარკვეული ვარიანტები ეგრედწოდებული შაშხანის ტიპის (უკანა + წინა) სამიზნე მოწყობილობითაც იწარმოებოდა. 

იქიდან გამომდინარე, რომ Armscor M30 -ის დამზადებისას გამოყენებულ იქნა თანამედროვე ტექნოლოგიური დანადგარები და იაფი მუშა ხელი, ამის წყალობით  მათი ფასი დამზადების ხარისხთან შედარებით იყო საკმაოდ მიმზიდველი და კონკურენტუნარიანი, რამაც განაპირობა თოფის ერთგვარი კომერციული წარმატება.  თოფების იმპორტს ამერიკის შეერთებულ შტატებში და კანადაში ახდენდა პენსილვანიის შტატში, კერძოდ ქალაქ ჰარისბურგში მდებარე კომპანია KBI. აღნიშნული კომპანია Armscor -ს უკვეთავდა თოფებს და შემდგომ თავად უზრნველყოფდა მათ რეალიზებას აშშ-ს და კანადის სამოქალაქო ბაზარზე. ძირითადად Armscor M30 სწორედ სამოქალაქო იარაღის ბაზარზე იყიდებოდა, როგორც თავდაცვითი და სანადირო იარაღი. 

Armscor M30 -ის სამოდელო ხაზი კონსტრუქციულად არის ერთნაირი და ძირითად სხვაობას წარმოადგენს ისეთი დეტალები, როგორიცაა: ლულის სიგრძე, მჭიდის ტევადობა და ფურნიტურის ფორმა/მასალა. მთლიანი სამოდელო ხაზი ასე გამოიყურებოდა:

M30R6 – საპოლიციო დანიშნულების თოფი მუდმივი (არა საკეცი) პლასტმასის კონდახით და 4 ცალ ვაზნაზე გათვლილი ლულისქვეაშა მჭდით.

M30R8 – საპოლიციო დანიშნულების თოფი მუდმივი (არა საკეცი) პლასტმასის კონდახით და 6 ცალ ვაზნაზე გათვლილი ლულისქვეაშა მჭდით.

M30SAS – სამხედრო (საარმიო) დანიშნულების თოფი მუდმივი (არა საკეცი) პლასტმასის კონდახით, 6 ცალ ვაზნაზე გათვლილი ლულისქვეაშა მჭდით და ლულის ზემოდან დამაგრებული თბო ეკრანით (Heat Shield). აღნიშნულ ვარიანტზე შესაძლებელი იყო ასევე ხიშტ-დანის დამაგრება. 

M30FS – საპოლიციო დანიშნულების თოფი პლასტმაის პისტოლეტისებური სახელურით, მეტალის დასაკეცი დუგლუგით და 4 ცალ ვაზნაზე გათვლილი ლულისქვეაშა მჭდით.

M30BG – საპოლიციო დანიშნულების თოფი პლასტმაის პისტოლეტისებური სახელურით, დუგლუგის გარეშე და 4 ცალ ვაზნაზე გათვლილი ლულისქვეაშა მჭდით.

M30 DI/C – სპორტული და სანადირო ტიპის თოფი დაგრძელებული ლულით, ხის ფურნიტურით და 4 ცალ ვაზნაზე გათვლილი ლულისქვეაშა მჭდით.


Franchi PA7 / PA8

1980-ან წლებში გლუვლულიანი თოფების ერთერთმა უმსხვილესმა იტალიურმა მწარმოებალმა კომპანია „Franchi“-მ წარმოადგინა ახალი პომპიანი თოფი სახელწოდებით Franchi PA7, რომელიც სპეციალურად საპოლიციო და საარმიო სპეცდანაყოფებისთვის იყო შემუშავებული. შესაბამისად Franchi PA7-ს შექმნისას გათვალისწინებულ იქნა ის მთავარი საექსპლუატაციო თუ ტექნიკური მოთხოვნები, რომელიც ასეთი ტიპის იარაღისთვის მთავარ და პრიორიტეტულ მომენტს წარმოადგენდა.

Franchi PA7

თოფი Franchi PA7 მუშაობდა კლასიკური პომპიანი სქემის პრინციპით, სადაც იარაღის საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა და ყოველი გასროლის შემდეგ გადატენვა ხდება მსროლელის ხელით ტიბჟირის უკან და წინ მოძრაობით. იარაღის ვაზნებით კვება წარმოებს ლულისქვეშა მილისებური მჭიდით, რომელშიც 5 ცალი 12 კალიბრიანი ვაზნა თავსდება. სავაზნის სიგრძე შეადგენს 76მმ-ს. შესაბამისად იარაღში შესაძლებელია გამოყენებულლ იქნას როგორც სტანდარტული 70მმ სიგრძის ვაზნები, ასევე მაგნუმ ტიპის მუხტები 76მმ სიგრძის მასრით. ამავდროულად შესაძლებელი იყო მილისებურ მჭიდზე ერთგვარი დამაგრძლებლის დაყენაბა, რომლის წყალობითაც მჭიდის ტევადობა იზრდებოდა 7 ცალ ვაზნამდე. მჭიდში ვაზნების ჩალაგება ხდებოდა ლულის კოლოფის ქვედა მხარეს შესრულებული ფანჯრიდან. მცველის ღილაკი ჩაშენებული იყო სასხლეტის დამცავი კავის წინა ნაწილში. ლულის გაბურღულობა იყო ტრადიციული ცილინდრის სახით, თუმცა ლულის ბოლოში არსებულ ხრახნზე შესაძლებელი იყო ცვლადი ჩოკების დაყენება. ლულის არხი და სავაზნე დაფარული იყო ქრომის ფენით. სტანდარტულ კონფიგურაციაში ლულის სიგრძე შეადგენდა 470 მმ-ს (18.5 ინჩი), თუმცა  დამკვეთის მოთხოვნიდან გამომდინარე შესაძლებელი იყო იარაღის დაკომპლექტება 610მმ (24 ინჩი) სიგრძის ლულით. 

Franchi PA7 გრძელი 24 ინიანი ლულით და გრძელი მჭიდით

სამიზნე მოწყობილობას წარმოადგენდა ლულის ბოლოში დამაგრებული სამკუთხა ფორმის წინა სამიზნე. კონდახი ნახევრადპისტოლეტისებური სახელურით და ტიბჟირი დამზადებული იყო შავი ფექრის დარტყმაგამძლე პლასტმასისგან. მეტალის დეტალების გარეგანი დაფარვა ხდებოდა სპეციალური ანტიკოროზიული საფარით, რაც იცავდა იარაღს სხვადასხვა კლიმატურ პირობებში გამოყენბისას.

გარდა სტანდარტული PA7 მოდელისა, კომპანია „Franchi“-მ ასევე შეიმუშავა სამოდელო ხაზი აღნიშვნით PA8, რომელიც ასევე საპოლიცო და საარმიო სპეცდანაყოფებისთვის იყო განკუთვნილი. PA8 სერიის თოფები კონსტრუქციულად იყო Franchi PA7 -ის ანალოგიური და სხვაობას წარმოადგენდა ფურნიტურა. უფრო კონკრეტულად Franchi PA8-ს სამოდელო ხაზი მოიცავდა შემდეგ მოდიფიკაციებს:

PA8E – განსხვავდებოდა РА7 -სგან პლასტმასის კონდახით, რომესაც ჰქონდა სრული პისტოლეტისებური სახელური

PA8L – სხვაობას წარმოადგენდა მეტალის დუგლუგი, რომელიც ლულის კოლოფის ზედა მხარეს იკეცებოდა

PA8L დაკეცილი დუგლუგით

თოფები Franchi PA7 და PA8 მცირე რაოდენობით მოხვდა სხვადასხვა ქვეყნის პოლიციის და სამხედრო დანაყოფების რიგებში. ასევე მისი რეალიზაცია ხდებოდა სამოქალაქო იარაღის ბაზარზეც როგორც სანადირო და თავდაცვითი იარაღი.