თვითდამტენი თოფი QBS 09 (Type 09)

2005 წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავდაცვითი მრეწველობის კვლევითმა ინსტიტუტმა (ცნობილია ასევე სახელწოდებით ინსტიტუტი N 208) წამოიწყო კვლევები, რომელიც უკავშირდებოდა ჩინეთის ძალოვანი სტრუქტურებისთვის ახალი გლუვლულიანი თოფის შემუშავებას. 2008 წელს შეიქმნა ახალი გლუვლულიანი თოფის პროტოტიპი და განხორციელდა ფართომასშტაბიანი გამოცდები. გამოცდების შედეგად 2009 წლის შუა პერიოდში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დაიწყებოდა მისი სერიული წარმოება და ოფიციალურად მიიღებდნენ შეიარაღებაში. 

QBS 09 (Type 09) დაკეცილი დუგლუგით

გლუვლულიან თოფს მიენიჭა აღნიშვნა QBS 09 (Type 09). ამავე წელს დაიწყეს იარაღის წარმოება და შეიარაღებაში გაშვება. თავდაპირველად მისი მიწოდება მცირე პარტიის სახით განხორციელდა ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის რიგებში, ხოლო შემდეგ QBS 09 (Type 09) გადაეცა სახოლხო პოლიციის და სხვა ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებს.  

გლუვლულიანი თოფი QBS09 (Type 09) წარმოადგენს თვითდამტენ იარაღს. მისი ვაზნებით კვება ხდება 5 ცალ ვაზნაზე გათვლილი ლულისქვეაშა მილისებური მჭიდით. მჭიდში ვაზნების ჩასალაგებელი ფანჯარა შესრულებულია ლულის კოლოფის ქვედა მხრიდან.

იარაღის ავტომატიკა მუშაობს ლულის არხიდან აირების გაყვანის პრინციპით. ლულის გადაკეტვა ხდება მბრუნავი საკეტის თავაკით. რგოლისებური დგუში განთავსებულია ლულისქვეშა მილისებურ მჭიდზე. აირგამყავნ მექანიზმში ასევე ჩადებულია აირების რეგულატორი, რომლის მეშვეობითაც მსროლელი ხელით დაარეგულირებს შესაბამის რეჟიმს. ასევე მსროლელს შეუძლია საერთოდ გადაკეტოს აირგამყვანი სისტემა და ყოველი გასროლის შემდეგ ხელით მოახდინოს იარაღის გადატენვა. კოროზიული მედეგობისთვის ლულის არხი და საკეტი არის ქრომირებული.

QBS09 (Type 09) ზემოთ გაშლილი დუგლუგით. ქვემოთ დაკეცილი დუგლუგით

ლულის კოლოფი დამზადებულია ალუმინის შენადნობისგან და გააჩნია ანტიკოროზიული დაფარვა. თოფს გააჩნია ტელესკოპურად საკეცი დუგლუგი (კონდახი), რომელსაც აქვს უკუცემის შემამცირებელი ზამბარისებური ბუფერი. აღნიშნული ბუფერი ჩამაგრებულია ლულის კოლოფის უკანა ნაწილში.

უკანა სამიზნე მოწყობილობა წარმოადგენს L-სებურ ბერკეტს რომელიც გათვლილია 50 და 100 მეტრამდე დასამიზნებლად. ლულის კოლოფის ზემოდან შესრულებულია ოპტიკური სამიზნე მოწყობილობების დასამაგრებლად განკუთვნილი მიმმართველი.

საშტატო ვაზნა DBD09

ჩინეთის ოფიციალური სამხედრო ნომენკლატურის თანახმად QBS09 წარმოადგენს 18.4მმ კალიბრის თოფს რაც შეესაბამება გლუვლულიან 12 კალიბრს. ძირითად საშტატო საბრძოლო მასალას წარმოადგენს ჩინეთში შემუშავებული ვაზნა აღნიშვნით DBD09, რომელსაც გააჩნია ფოლადის ლაქირებული მასრა. იგი დამუხტულია მრგვალი ვოლფრამის ბურთულისებური ფინთიხით (კარტეჩით) რომელთა კალიბრიც შეადგენს 5,3მმ-ს. თითო ვაზნაში პლასტმასის კონტეინერით მოთავსებულია 14 ცალი ვოლფრამის ბურთულა. ერთი ცალი ბურთულის წონა შეადგენს 1.4 გრამს.  ფინთიხის (კარტეჩის) საწყისი სიჩქარე შეადგენს 420მ/წამს. ოფიცალური ცნობებით DBD09 ტიპის ვაზნის გამოყენების ეფექტური მანძილი შადგენს 100 მეტრს. ამას გარდა თოფში შესაძლებელია სტანდარტული 12 კალიბრიან ვაზნების გამოყენება როგორც სტანდარტული, ასევე მაგნუმ ტიპის მუხტებით. 


No comments:

Post a Comment