COLT Banker's Special

მეორე მსოფლიო ომამდე გამოშვებული მოკლელულიანი ეგრედწოდებული  "Snubnose"  ტიპის რევოლვერები ჩემს სისუსტეს წარმოადგენს. შეიძლება ითქვას, რომ ბავშობიდან გამიჩნდა სიმპატია ასეთი კონფიგურაციის რევოლვერების მიმართ, რაც  სხვადასხვა მხატვრული ფილმების გავლენითაა გამოწვეული. ჩემს ერთერთ სანუკვარ ოცნებას სწორედ  ასეთი მოკლელულიანი რევოლვერი Colt – ის მოდელიBanker's Special“ წარმოადგენს.

Colt – ის მოდელიBanker's Special“
 აღნიშნულ მოდელზე მუშაობა ლეგენდარული კოლტის ქარხნის საკონსტრუქტორო ბიუროში 1926 წელს იქნა დაწყებული. 1927 წელს უკვე დასრულდა სამუშოები, ხოლო  1928 წელს ქარხანამ სერიული წარმოებაში ჩაუშვა რევოლვერი სახელწოდებით “Banker's Special“. რევოლვერის შემუშავებისას ყურადღება გამახვილდა რამოდენიმე საკვანძო საკითხზე. იგი უნდა ყოფილიყო მაქსიმალურად კომპაკტური, მარტივად და სწრაფად უნდა ყოფილიყო შესაძლებელი ჯიბიდან/ბუდიდან ამოღება და რევოლვერის ტარი საიმედოდ უნდა მოთავსებულიყო მსროლელის ხელში. სხვადასხვა ვარიანტების განხილვის შემდეგ კოლტის საკონსტრუქტორო ბიუროში არჩევანი გაკეთდა ორმაგი მოქმედების სასხლეტ მექანიზმიან რევოლვერზე „Colt Police Positive“, რომელსაც 51სმ-მდე დაუმოკლეს ლულა.
Colt -ის მოდელი "Police Positive“
იმ პერიოდის სარეკლამო კატალოგებში კოლტი ხაზს უსვამდა მთავარ დეტალს, რომ მიუხედავად კომპაკტური გაბარიტებისა, რევოლვერის ტარი იყო სტანდარტული ზომის, რაც უზრუნველყოფდა იარაღის საიმედოდ დაჭერას. ახალი რევოლვერის სასხლეტს წინა მხრიდან გააჩნდა წვრილი ნაჭდევები, რაც მინიმუმამდე ამცირებდა სროლის დროს სახლეტზე თითის მოცურებას.
 ნაჭდევები სასხლეტის წინა ნაწილში
 
რევოლვერი გათვლილი იყო ვაზნაზე .38 S&W (ამ კალიბრის რევოლვერებში ჩვეულებრივად გამოიყნებეოდა ასევე  ვაზნა .38 Colt New Police, რომლის ტყვიასაც ჰქონდა წაკვეთილი ფორმის ცხვირი).  მოგვიანებით Colt-მა დაიწყო ასევე წრიული აალების .22 Long Rifle (.22LR) ტიპის ვაზნებზე გათვლილი ვარიანტის წარმოება, რომელიც საკმაოდ მცირე რაოდენობით დამზადდა და დღეს ყველაზე მეტად ფასობს კოლექციონერების წრეში.
.22LR ვაზნაზე გათვლილი რევოლვერი ორიგინალური მუყაოს კოლოფით
საინტერესოა ის მომენტი, რომ .22LR ვაზნაზე გათვლილი რევოლვერის დოლურაში მაინც 6 ცალი ვაზნა ჩადიოდა. ამავდროულად იარაღს იგივე გაბარიტების დოლურა და ლულა ჰქონდა, რაც .38 S&W ტიპის ვაზნაზე გათვლილ რევოლვერს. ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ .22LR ვაზნაზე გათვლილი რევოლვერის წონა იყო უფრო მეტი, ვიდრე .38S&W კალიბრის რევოლვერის. (რატომ? მარტივი ფიზიკაა. ლულის გარე დიამტერი დარჩა ისეთივე, როგორც .38 კალიბრის ვაზნაზე, შესაბამისად მცირეკალიბრიანი ვაზნის გამო ლულის კედლები გახდა უფრო სქელი. იგივე ეხება დოლურასაც).
წარწერა ლულაზე
ვინაიდან რევოლვერს ლულაზე მარცხენა მხრიდან დატანილი აქვს მარკირება .38 და ქვემოთ წარწერა SPECIAL ბევრს ჰგონია, რომ იგი გათვლილი უნდა იყოს ვაზნაზე .38 Special. რეალურად რევოლვერის დოლურა უფრო მოკლეა, ვიდრე აღნიშნული კალიბრის ვაზნა. ამას მარტივიად მივხდებით თუ დავაკვირდებით რევოლვერის დოლურას და შევადარებთ სასხლეტის დამცავ კავს. ასეთი შედარების დროს დავინახავთ, რომ დოლურა სიგრძეში არ სცდება სასხლეტის დამცავ კავს. .38 Special ვაზნაზე გათვლილი ანალოგიური გაბარიტების რევოლვერების დოლურა გრძელი ვაზნის გამო სიგრძეში ცდება სასხლეტის დამცავ კავს.
ფოტო შედარებისთვის: ზემოთ გამოსახულია .38 Special ვაზნაზე გათვლილი Colt მოდელი "Detective Special ", ხოლო მის ქვემოთ “Banker's Special“პრინციპულ სხვაობას წარმოადგენს დოლურას სიგრძე, რაც რევოლვერებში გამოყენებული განსხვავებული ტიპის ვაზნებით არის განპირობებული
რევოლვერი “Colt Banker's Special“ ოფიციალურად მიიღო შეიარაღებაში აშშ-ს რკინიგზის  საფოსტო განყოფილებამ. რევოლვერებს იყენებდნენ ის თანამშრომლები, რომელთაც უწევდათ რკინიგზის მეშვეობით ტვირთების გადაზიდვა და გაცილება.
რევოლვერებს, რომელიც შეიარაღებაში მიიღო საფოსტო განყოფილებამ ტარის უკანა ნაწილში ჰქონდა დატანილი მარკირება R.M.S. რაც იშიფრება როგოც Railway Mail Service.
Colt Banker's Special გარკვეული რაოდენობით მოხვდა ნიუ ჯერსის პოლიციაში და ასევე ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე მოქმედ სხვადასხვა პოლიციურ ფორმირებათა რიგებში.
ფოტოზე გამოსახული რევოლვერი იმყოფებოდა ნიუ ჯერსის პოლიციის შეიარაღებაში. ასეთ რევოლვერებს ტარის ქვემოდან დატანილი ჰქონდა სერიული ნომერი და აღნიშვნა N.P.D. ( Newark Police Department)
გარკვეული წყაროების თანახმად ჰონკონგის პოლიციამ კოლტის ქარხანას დაუკვეთა .38 S&W კალიბრზე გათვლილი რევოლვერების საკმაოდ დიდი რაოდენობა, რომელიც მოგვიანებით თანამედროვე პისტოლეტების შეიარაღებაში მიღების შემდეგ ჩამოიწერა და ექსპორტის სახით გავიდა ურუგვაიში.

რევოლვერების „Colt Banker's Special“ დამზადების ხარისხი იყო საკმაოდ მაღალი და მიუხედავად მოკლე ლულისა/სამიზნე ხაზისა გამოირჩეოდა ფენომენალური სიზუსტით. რევოლვერი იწარმოებოდა როგორც შავი დაფარვით, ასევე მონიკელებული.
 გრავურებული რევოლვერი სასაჩუქრე შესრულებით
გარდა ზემოაღნიშნულისა მცირე რაოდენობით მზადდებოდა ეგზემპლარები ძვირფასი მასალისგან შესრულებული ტარის ფურნიტურით და სხვადასხვა სახის გრავირებებით. „Colt Banker's Special“-ის წარმოება შეწყდა 1943 წელს. სულ ჯამში დამზადებული რევოლვერების რაოდენობამ შეადგინა დაახლოებით 35 000 ცალი ეგზემპლარი (როგორც .38 ასევე .22 კალიბრის ვაზნებზე გათვლილი რევოლვერებიანად).
1932 წელს კოლტის სარეკლამო პროსპექტში დაბეჭდილი მასალა რევოლვერ Colt Banker's Special  -ის შესახებ. გადიდებისათვის დააკლიკეთ ფოტოს.
სტატიის დაწერის მომენტში ჩემს მიერ გადამოწმებულ იქნა სხვადასხვა ინტერნეტ აუქციონი და აშშ-ში რევოლვერების Colt Banker's Special  ფასი  მათი მდგომარეობის მიხედვით (ასევე მოყვება თუ არა ორიგინალური მუყაოს კოლოფი და ინსტრუქცია) მერყეობს 1200-დან 4000 დოლარამდე.

No comments:

Post a Comment