ფრომერის პირველი პისტოლეტები

Frommer M1901 პირველი პროტოტიპი

1867 წელს ჩამოყალიბდა ავსტრია-უნგრეთის მონარქია, ხოლო ერთ წელში (ზუსტად 1868 წელს) დღევანდელი უნგრეთის ტერიტორიაზე დაიბადა მეიერაღე რუდოლფ ფრომერი (Rudolf Frommer). 1896 წელს რუდულფ ფრომერმა დაასრულა განათლება ინჟინერის განხრით, ხოლო 1900 წელს შეუდგა მუშაობას უნგრეთის ყველაზე ცნობილ ქარხანაში Fegyver és Gépgyár R.T, Budapest (FÉG) რომელსაც მაშინ ერქვა „Fegyvergyár“ (შემოკლებით „F.G.GY“). ქარხანაში მუშაობის დაწყებისთანავე რუდოლფ ფრომერმა მიიღო დავალება, რომ შეექმნა თვითდამტენი პისტოლეტი. თუ აღნიშნული პისტოლეტი კარგად გაართმევდა თავს საარმიო გამოცდებს, ოფიცალურად მიიღებდნენ შეიარაღებაში და გახდებოდა ავსტრია-უნგრეთის არმიის საშტატო ცეცხლსასროლი პისტოლეტი.

რუდოლფ ფრომერმა მუშაობის დაწყებიდან ერთ წელში 1901 წელს აიღო საპეტენტო მოწმობა, რომელიც ეხებოდა მისი პირველი პისტოლეტის კონსტრუქციას. პროტოტიპს მიენიჭა სამუშაო აღნიშვნა Frommer M1901, ხოლო მისი დამზადება მცირე სერიული პარტიის სახით განხორციელდა 1903 წელს. სულ დამზადდა 200 ცალამდე პისტოლეტი.

Frommer M1901

Frommer M1901 გათვლილი იყო 8x19mm Roth ტიპის ვაზნაზე, რომელიც გეორგ როტის (Georg Roth) მიერ იყო შემუშავებული. იმ მომენტისთვის ამ ვაზნას ჰქონდა უკეთესი ბალისტიკური მახასიათებლები, ვიდრე 7,65x17მმ-ან ბრაუნგის ვაზნას (.32ACP). მისი ენერგია შეადგენდა დაახლოებით 360-380 ჯოულს.

ფოტოზე მარცხნივ გამოსახულია 8x19mm Roth ტიპის ვაზნა, ხოლო მის გვერდით შედარებისთვის ბრაუნინგის 7,65x17mm Browning (.32ACP)

პისტოლეტის კონსტრქუცია იყო საკმაოდ უცნაური და მუშაობდა ლულის გრძელი სვლის პრინციპით. გრძელი ლულა ჩამაგრებული იყო მილისებურ გარსაცმში, რომელიც პისტოლეტის ჩარჩოს განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა და მუშაობდა როგორც ლულის მიმმართველი. ლულის ჩაკეტვა ხდებოდა საკეტის მბრუნავი თავაკით. გასროლის დროს ლულა საკეტთან ერთად გადაადგილდებოდა უკან და გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ საკეტის მბრუნავი თავაკი ახდენდა შემობრუნებას საკუთარი ღერძის გასწვრივ, რის შემდეგაც საკეტი და ლულა თავისუფლდებოდა ერთმანეთისგან. საკეტის განთავისუფლების შემდეგ იგი ინერციით აგრძელებდა უკუსვლას. ლულა საკუთარი ზამბარის წყალობით უბრუნდებოდა საწყის პოზიციას, ხოლო საკეტი საკუთარი დამაბრუნებელი ზამბარის ზემოქმედებით ანხორციელებდა მჭიდიდან ვაზნის მიწოდებას ლულის სავაზნეში.

პისტოლეტი იყენებდა ღია ჩახმახს, ხოლო დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი იყო ერთმაგი მოქმედების (SA). აღსანიშნავია რომ პისტოლეტს ჰქონდა არა მოხსნადი, არამედ მუდმივი მჭიდი. ვაზნების ჩასალაგებლად საჭირო იყო საკეტის გახსნა. მჭიდში ვაზნების ჩალაგება ხდებოდა ლიანდაგისებური ვაზნების დამჭერით (ე.წ. კლიპით), რომელშიც 10 ცალი ვაზნა ეტეოდა.

პისტოლეტის ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები ასე გამოიყურება:

კალიბრი/ვაზნა:

8x19mm (8mm Roth Model 1896)

სიგრძე:

275 მმ

ლულის სიგრძე:

159 მმ

წონა ვაზნების გარეშე:

1050 გრამი

ჭრილების რაოდენობა ლულაში:

4 ჭრილი

მჭიდის ტევადობა:

10 ცალი ვაზნა

პისტოლეტმა Frommer M1901 გამოცდები გაიარა ავსტრია-უნგრეთში, შვედეთში, დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში და ამერიკის შეერთებულ შტატებში. თუმცა საბაოლოოდ ვერცერთ კონკურსზე ვერ გახდა გამარჯვებული. ყველაზე წარმატებული ეპიზოდი ჰქონდა შვედეთში, სადაც აჯობა კონკურენტებს და ფინალში გადავიდა ჯონ ბრაუნინგის FN M1903-თან ერთად. საბოლოოდ შვედებმა არჩევანი FN M1903-ზე გააკეთეს. პისტოლეტის წარუმატებლობის მთავარ მიზეზს წარმოადგენდა ზედმეტად რთული კონსტრუქცია და მუდმივი მჭიდი, რომელიც ართულებდა პისტოლეტის ვაზნებით შევსებას.

Frommer M1906

ვინაიდან პისტოლეტი წარუმატებელი გამოდგა რუდოლფ ფრომერმა გადაწყვიტა განეხრციელებინა გარკვეული ცვლილებები და დაიწყო მუშაობა ახალ მოდელზე, რომელიც 1906 წელს გამოჩნდა. პისტოლეტს მიენიჭა აღნიშვნა Frommer M1906. მთავარი ცვლილებები ეხებოდა შიდა კონსტრუქციას, რომელიც გახდა წარმოებისთვის უფრო მარტივი და გაიზარდა პისტოლეტის საიმედოობა. თუმცა არ შეცვლილა პისტოლეტის ავტომატიკის მოქმედების პრინციპი და იგი ისევ ლულის გრძელ სვლით მუშაობდა.

Frommer M1906

საინტერესოა ის ფაქტი რომ გადამუშავებული პისტოლეტი იყენებდა გეორგ როტის მიერ შექმნილ 7,65x13მმ-ან ვაზნას, რომელიც იყო გაცილებით სუსტი ვიდრე 8x19mm Roth რომელიც ფრომერის პირველ პისტოლეტში Frommer M1901 გამოიყენებოდა. საცდელი სახით დამზადდა ასევე 7,65მმ-ანი ბრაუნინგის (.32ACP) ტიპის იდენტურ ვაზნაზე რომელიც ცნობილია სახელწოდებით 7,65mm Frommer Long.

ფოტოზე გამოსახულია მარცხნიდან-მარჯვნივ: 1. 7,65x13mm Roth (7,65mm Roth-Frommer); 2. 7,65mm Frommer Long; ხოლო 3, 4 და 5 გახლავთ 7,65mm Roth-Frommer-ის ანალოგი, რომელიც ცნობილია აღნიშვნით 7,65mm Roth-Sauer

Frommer M1906-ის პირველი ვარიანტი იყენებდა ისევ მუდმივ (არამოხსნად) მჭიდს, თუმცა შემდგომ იგი ჩაანაცვლა მოხსნადმა მჭიდმა, რომელის მორგებაც ტრადიციულად პისტოლეტის სახელურის ქვემოდან ხდებოდა. მჭიდი თავის კონსტრუქციით გარკვეულწილად ჰგავდა პარაბელუმის (ლუგერის) მჭიდს. მჭიდის ძირზე შესრულებული იყო ხისგან დამზადებული ღილაკისმაგვარი „კოჭები“.

Frommer M1906 საერთო ჯამში 1906 წლიდან 1906 წლის ჩათვლით დამზადდა დაახლოვებით 300 ერთეულამდე (რიგი წყაროები ასახელს 1000 ერთეულს) რადგან 1910 წელს რუდოლფ ფრომერმა წარმოადგინა კიდევ ერთი გადამუშავებული მოდელი აღნიშვნით Frommer M1910.

Frommer M1910

Frommer M1910 ფაქტიურად წარმოადგენდა რუდოლფ ფრომერის პირველი პისტოლეტების „ტრილოგიის“ ერთგვარ დასასრულს. გადამუშავებული მოდელი იყენებდა 8 ცალ ვაზნაზე გათვლილ მოხსნად მჭიდს, ხოლო სახელურის უკან დამატებული იყო კლავიშისებური მცველი. მსროლელი აღნიშნულ კლავიშზე ხელის მოჭერით ახდენდა მცველის გათიშვას.

ავტომატიკა კვლავ ლულის გრძელი სვლის პრინციპით მუშაობდა და ლულის ჩაკეტვას საკეტის მბრუნავი თავაკი ახდენდა. მჭიდის ღილაკ-ფიქსატორი განთავსებული იყო პისტოლეტის ჩარჩოზე მარცხენა მხარეს სასხლეტის დამცავი კავის უკან.

1912 წლის ნოემბერში პისტოლეტი Frommer M1910 გამოცადეს არმიის საარმიო-სასროლოსნო სკოლაში, თუმცა სუსტი 7,65მმ-ანი ვაზნის გამო უარი თქვეს მის შეიარაღებაში მიღებაზე. 7,65x13mm Roth-Frommer ტიპის ვაზნა იყენებდა 4,6 გრამიან ტყვიას, რომლის საწყისი სიჩქარე შეადგენდა 270 მ/წამს, ხოლო ენერგია 168 ჯოულს (რიგ წყაროებში სახელდება 325-330მ/წამი, ხოლო ენერგია 243-252 ჯოული). 


ფოტოზე გამოსახულია 7,65x13mm Roth-Frommer და შედარებისთვის მარჯვნივ 9x19mm Luger ტიპის ვაზნა

არმიის მხრიდან წამოსული უარის მიუხედავად მაინც ხდებოდა პისტოლეტის მცირე სერიებად წარმოება იმ იმედით, რომ სამოქალაქო ბაზარზე გამოჩნდებოდა მუშტარი. საბოლოოდ ისე განვითარდა მოვლენები, რომ Frommer M1910 შეიარაღებაში მიიღო უნგრეთის ჟანდარმერიამ.

პისტოლეტის ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები ასე გამოიყურება:

კალიბრი/ვაზნა:

7,65x13mm Frommer (7,65mm Roth-Sauer)

სიგრძე:

186 მმ

ლულის სიგრძე:

99 მმ

სიმაღლე:

128 მმ

სიგანე:

30 მმ

სამიზნე ხაზის სიგრძე:

147 მმ

წონა ვაზნების გარეშე:

635 გრამი

მჭიდის ტევადობა:

8 ცალი ვაზნა

სულ პისტოლეტის წარმოება გაგრძელდა ჯამში 3 წელი (1910 წლიდან 1912 წლის ჩათვლით). პირველ წელს ქარხანამ დაამზადა დაახლოებით 3000 ცალი პისტოლეტი. 1911 წელს რიგი წყაროების თანახმად დამზადდა 2000 ცალი პისტოლეტი ხოლო რიგი წყაროების თანახმად 3000-მდე, ხოლო 1912 წელს დაახლოებით 5000 ერთეული, რის შემდეგაც ფაბრიკამ შეაჩერა მისი წარმოება და გადაერთო რუდოლფ ფრომერის ახალი პისტოლეტის Frommer M1912 წარმოებაზე (ეს პისტოლერი შემდეგ ცნობილი გახდა სახელწოდებით „Frommer Stop“). სულ დამზადებული პისტოლეტების Frommer M1910 ზუსტი რაოდენობა უცნობია. რიგ წყაროებში სახელდება 10 000 ცალამდე ხოლო გარკვეული წყაროების თანახმად 11 000.

დღს Frommer M1906, M1910 და განსაკუთრებით M1901 ფაქტიურად თითებზე ჩამოსათვლელი რაოდენობით შემორჩა, ვინაიდან მათი დიდი ნაწილი 1914 წელს დაწყებულ პირველ მსოფლიო ომს შეეწირა.

Tokagypt 58

1950-ან წლებში უნგრეთის და ეგვიპტის მთავრობამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც უნდა განხორციელებულიყო სამხედრო-ტექნიკური დახმარება. სწორედ ამ მომენტში ეგვიპტეში დღის წესრიგში იდგა არმიის შეიარაღება ახალი ცეცხლსასროლი პისტოლეტით, რაზეც უნგრეთის მთავრობამ გამოთქვა დახმარების სურვილი.

1957 წელს ბუდაპეშტში მდებარე ქარხანის (FÉG) კონსტრუქტორმა Ambrus Balogh-მა მიიღო დავალება, რომლის თანახმად უნდა მოეხდინა უნგრეთის საარმიო პისტოლეტის Tokarev 48M-ის გადამუშავება და სპეციალურად ეგვიპტის არმიისთვის წაედგენილ მოთხოვნებზე მორგება. ეგვპტელების მთავარ მოთხოვნას წარმოადგენდა, რომ პისტოლეტი გათვლილი ყოფილიყო 9x19mm Parabellum (9mm Luger) ტიპის ვაზნაზე და ჰქონოდა დროშისებური მცველი.

ზემოაღნიშნულის შედეგად Ambrus Balogh-მა დაიწყო მუშაობა პისტოლეტის  Tokarev 48M გადამუშავებაზე. პროტოტიპს თავდაპირველად მიენიჭა სამუშაო სახელწოდება „TT-9P“, ხოლო საბოლოოდ 1958 წელს სახელწოდება Tokagypt 58 (Tokarev-Egypt 1958).

Tokagypt 58

Tokagypt 58 მუშაობის პრინციპით და აგებულებით არ განსხვავდებოდა ტოკარევის სისტემის პისტოლეტისგან (ТТ). მთავარ სხვაობას წარმოადგენდა  მასში გამოყენებული ვაზნა. ნაცვლად 7,62x25mm Tokarev-ისა, Tokagypt 58  იყენებდა 9x19mm Parabellum (9mm Luger) ტიპის ვაზნას. ასევე პისტოლეტის ლულა იყო ქრომირებული და ნაცვლად 4 ჭრილისა ჰქონდა 6 ჭრილი. შემდეგ განმასხვავებელ ნიშნას წარმოადგენდა პისტოლეტის ჩარჩოზე მარცხენა მხარეს სახელურის ზემოთ განთავსებული დროშისებური მცველი, რომელიც გააქტიურების დროს ახდენდა ჩახმახის ბლოკირებას. სახელურის ლოყები საბჭოთა ტოკარევის პპისტოლეტისგან განსხვავებით იყო უფრო ერგონომიული, რომელსაც მთელ სიგრძეზე შესრულებული ჰქონდა ჰორიზონტალური ღარები. აღნიშნული ლოყები გარკვეულ წილად ჰგავს გერმანული Walther P.38-ის ლოყებს (ასევე ჩეხოსლოვაკიური CZ-52-ის გავლენაც შეიძლება იყოს). ტოკარევის სისტემის პისტოლეტისგან განსხვავებით, ღვედის სამაგრი ყულფი განთავსდა სახელურის ქვემოთ და არა გვერდით. 

ამას გარდა Tokagypt 58-ის მჭიდი ნაცვლად 8 ცალი ვაზნისა, იტევდა 7 ცალ 9x19mm Parabellum (9mm Luger) ტიპის ვაზნას, ხოლო მჭიდის ფუძეზე დამაგრებული იყო თითის ჩამოსადები ტერფი.

პისტოლეტის ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები ასე გამოიყურება:

კალიბრი

9x19mm Parabellum

სიგრძე

195 მმ

ლულის სიგრძე

115 მმ

წონა ვაზნების გარეშე

910 გრამი

მჭიდის ტევადობა

7 ვაზნა

ჭრილების რაოდენობა ლულაში

6 ჭრილი

სასხლეტი მექანიზმი

ერთმაგი მოქმედების

Tokagypt 58 სერიულ წარმოებაში ჩაეშვა 1958 წელს და როგორც უკვე ავღნიშნეთ ეგვიპტის არმიისთვის უნდა ყოფილიყო განკუთვნილი. კონტრაქტის თანამხად უნგრეთს ჰქონდა ვალდებულება დაემზადებინა და მიწოდებინა 30 000 ცალი Tokagypt 58, თუმცა დამზადებული პისტოლეტების პირველი პარტიის გაგზავნის შემდეგ რომელიც რიგი წყაროების თანახმად შეადგენდა 13 250 ერთულს, ეგვიპტელებმა გააქუმეს ხელშეკრულება. ხელშეკრულების მიზეზად გარკვეულ წყაროებში სახელდება პოლიტიკური ფაქტორები, ხოლო რიგი წყაროების თანახმად პრობლემა მდგომარეობდა ფინანსებში ვინაიდან ეგვიპტის მთავრობამ ვერ უზრუნველყო თანხის გადახდა. საბოლოოდ ეგვიპტეში გადაწყვიტეს რომ  უნგრული Tokagypt 58-ის ნაცვლად შეიარაღებაში მიეღოთ იტალიური Beretta M951 Brigadier (აღნიშნულ პისტოლეტს ეგვიპტეში შეიარაღების მიღების შემდეგ მიანიჭეს სახელწოდება „Helwan“).

ეგვიპტური კონტრაკტის ფარგლებში დამზადებული პისტოლეტების საკეტზე მარცხენა მხრიდან დატანილი იყო ეგვიპტური გერბი და მარკირებები წარწერის სახით „Tokagypt 58 Cal. 9mm Para.' and 'Made in Hungary FEG 1958“.

ვინაიდან ბუდაპეშტში მდებარე ქარხანამ (FÉG) დაამზადა იმაზე მეტი პისტოლეტი, ვიდრე გაგზავნილ იქნა ეგვიპტეში, გადაწყდა რომ კომერციული მიზნით ექსპორტზე გაეტანათ სხვა ქვეყნებში. 

საექსპორტო Tokagypt 58-ის საკეტის მარცხენა მხარეს აღარ იყო დატანილი ეგვიპტური კონტრაკტის პისტოლეტებისთვის დამახასიათებელი მარკირებები. მასზე დატანილი იყო უბრალოდ წარწერა „PARABELLUM Cal. 9mm“.

ამას გარდა გარკვეული პისტოლეტებს მიენიჭა სახელწოდება „Firebird“ (ცეცხლოვანი ჩიტი) რომელიც გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იქნა გაგზავნილი. პისტოლეტები სახლწოდებით “Firebird“ გვხვდება 2 სახის მარკირებით. რიგ პისტოლეტების საკეტზე მარცხენა მხრიდან დატანილი იყო უბრალოდ წარწერა  „FIREBIRD Kal. 9mm“, ხოლო რიგ პისტოლეტებზე წარწერა „FIREBIRD Kal. 9mm“, სიმბოლო დიდ წრეში ჩახატული 3 ცალი პატარა წრე და წარწერა „WEST GERMANY PARABELLUM'“. ასევე ამ პისტოლეტებზე გვხვდება დამღა „a.w.z.“ (იშიფრება როგორც Albin Wahl of Zella-Mehlis).

უნგრული Tokagypt 58 საკმაოდ დიდი მოთხოვნით სარგებლობდა კომერციულ ბაზარზე, ამიტომ 1990-ან წლებში უნგრეთში დაიწყეს პისტოლეტის წარმოება სახლწოდებით T-58. აღნიშნულ პისტოლეტს მოყვებოდა დამატებითი ლულა, რომელიც გათვლილი იყო 7.62х25мм ТТ ტიპის ვაზნაზე. შესაბამისად მფლობელს სურვილის შემთხვევაში შეეძლო 9მმ-ან ვაზნაზე გათვლილი ლულის მოხნსა და 7,62მმ-ან ვაზნაზე გათვლილი ლულის დაყენება. ასეთი პისტოლეტების საკეტზე დატანილი იყო წარწერა "PARABELLUM. Cal.9 mm + 7,62 mm TT" და საბჭოთა სიმბოლიკა გადაჯვარედინებული ნამგალის და უროს სახით.

ფოტოზე გამოსახულია ზემოდან ქვემოთ: კომერციული მიზნით დამზადებული უნგრული T-58, ეგვიპტის კონტრაქტის ფარგლებში დამზადებული უნგრული Tokagypt 58 და იტალიური Beretta M951 Brigadier-ის ეგვიპტური ვარიანტი „HELWAN“

გარკვეული სპეციალისტების და იარაღის მოყვარულთა აზრით, უნგრული Tokagypt 58 არის საბჭოთა ტოკარევის (ТТ) ბაზაზე შექმნილ პისტოლეტებს შორის ყველაზე საუკეთესო წარმომადგენელი.  

FÉG R78

 FÉG R78

1978 წელს ბუდაპეშტში მდებარე იარაღის და გაზის დანადგარების ქარხანამ Fegyver és Gázkészűlékgyár (FÉG) (თავდაპირველად ეწოდებოდა Femaru Fegyver es Gepgyar - იარაღების და დაზგა-მანქანების ქარხანა), უნგრეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიიღო დაკვეთა, რომლის თანახმად უნდა შემუშავებულიყო მცირეგაბარიტიანი ჯიბის პისტოლეტი. ახალი პისტოლეტი განკუთვნილი უნდა ყოფილიყო იმ ოპერატიული თანამშრომლებისთვის, ვისაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ესაჭიროებოდა იარაღის ფარული ტარება. გარკვეულ წილად ამ პისტოლეტის შექმნის საჭიროება თავისი ხასიათით ჰგავს საბჭოთა კავშირში შექმნილ მცირეგაბარიტიან პისტოლეტს, რომელიც დღეს ПСМ-ის სახელითაა ცნობილი. სტატია ამ პისტოლეტზე შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე ПСМ მფლობელის თვალით.

უნგრეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკვეთას მალევე უპასუხეს ქარხნის მესვეურებმა და იმავე წელს წარმოადგინეს 7,65მმ-ან ბრაუნინგის ვაზნაზე 7,65x17mm Browning (.32ACP) გათვლილი პისტოლეტი, რომელიც შეიარაღებაში იქნა მიებული აღნიშვნით FÉG R78.

მიუხედავად იმისა რომ პისტოლეტში გამოყენებული იყო Walther PP-ს და Walther PPK-ს იდენტური მართვის ორგანოები და რიგი ტექნიკური გადაწყვეტილებები, FÉG R78 მთლიანობაში წარმოადგენდა ორიგინალურ პისტოლეტს. 

FÉG R78-ის ავტომატიკა მუშაობდა თავისუფალი საკეტის პრინციპით, სადაც ლულის ჩაკეტვა ხდება ლულაზე ჩამოცმული დამაბრუნებელი ზამბარის და საკეტის მასის მეშვეობით. დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი იყენებდა ნახევრად ღია ჩახმახს და იყო ორმაგი მოქმედების (DA). სროლა შესაძლებელი იყო როგორც ორმაგი მოქმედებით, ასევე ჩახმახის წინასწარ ხელით შეყენებით. დროშისებური მცველის ბერკეტი საკეტის უკანა ნაწილში მარცხენა მხარეს იყო განთავსებული და ამავდროულად ასრულებდა ჩახმახის უსაფრთხოდ დაშვების ფუნქციას.

პისტოლეტის ჩარჩო დამზადებული იყო ალუმინის და ტიტანის შენადნობისგან, ხოლო საკეტი და დანარჩენი დეტალები საიარაღო ფოლადისგნ. ლულის არხი იყო  ქრომირებული 6 ცალი მარჯვნივ მიმართული ჭრილით.

პისტოლეტის ჩარჩოზე მარცხენა მხარეს, სასხლეტის დამცავი კავის წინ განთავსებული იყო ბერკეტი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იყო ჩარჩოდან საკეტის მოხსნა ლულასთან ერთად და ამდაგვარად პისტოლეტის არასრული დაშლა.

ვაზნებით კვება ხდებოდა ერთრიგიანი მჭიდით, რომელიც იტევდა 6 ცალ ვაზნას. მჭიდის ღილაკ ფიქსატორი განთავსებული იყო პისტოლეტის მარცხენა მხარეს სასხლეტი კავის ფუძესთან.  სახელურის ლოყები დამზადებული იყო დამრტყმაგამძლე პლასტმასისგან.

საკეტის მარცხენა მხარეს დატანილი იყო წარწერა „R78 cal 7.65 mm  Browning“. რიგ პარტიებზე შესაძლოა შეგვხვდეს მარკირება შემდეგი სახით „Cal 7.65 mm Browning MADE IN HUNGARY FEG BUDAPEST“.

FEG R78 იწარმოებოდა 1978 წლიდან 1990 წლამდე. დამზადებული პისტოლეტების ნაწილი მოხვდა კომერციულ ბაზარზე, ხოლო დიდი ნაწილი უნგრეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპრეტიული თანამშრომლების შეიარაღებაში. ასევე მას იყენებდნენ უნგრეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში შემავალი მე-III-ე მთავარი სამმართველოს [უნგრულად Belügyminisztérium III. Főcsoportfőnökség] თანამშრომლები. აღნიშნული სამმართველო მოიცავდა სამ ძირითად მიმართულებას: III/I. დაზვერვის სამმართველო: ანხორციელებდა გარე დაზვერვას, სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის შეგროვებას და ემიგრანტებზე თვალთვალს. III/II. კონტრდაზვერვის სამმართველო: პასუხისმგებელი იყო დასავლური აგენტების შემოღწევის აღკვეთაზე და ტერორიზმთან ბრძოლაზე. III/III. შიდა უშიშროების სამმართველო (კონსტიტუციური წესრიგის დაცვა): წარმოადგენდა ყველაზე ცნობილ მიმართულებას. იგი ანხორციელებდა ბრძოლოას „შიდა მტრებთან“. იგი უთვალთვალებდა მუსიკოსებს, მწერლებს, რელიგიურ ჯგუფებს და აკონტროლებდა უნგრეთის მოქალაქეების კონტაკს უცხოელებთან.

7,65მმ-ან ბრაუნინგის ვაზნაზე (.32ACP) გათვლილი პისტოლეტი FEG R78 და 6,35mm-ან ვაზნაზე გათვლილი გერმანული Walther TPH

პისტოლეტი FEG R78 მისი გაბარიტებით და ფომ-ფაქტორით ახლოს იდგა 6,35მმ-ან ბრაუნინგის ვაზნაზე გათვლილ ჯიბის პისტოლეტებთან. მისი სიგანე შეადგენდა 23,5მმ-ს. შედარებისთვის Walther PPK-ს სიგანე შეადგენს 25მმ-ს, ხოლო 6,35მმ-ან ბრაუნინგის (.32 ACP) და .22LR ტიპის ვაზნაზე გათვლილი ჯიბის პისტოლეტის Walther TPH სიგანე გახლავთ 23მმ.

პისტოლეტი 7 ცალ ვაზნასთან ერთად (6 ცალი მჭიდში +1 ვაზნა სვანეში) ოწონიდა 485 გრამს (აქვე შედარებისთვის Walther PPK ვაზნების გარეშე იწონის 590 გრამს). თამამად შეიძლება ითქვას რომ FEG R78 იმ დროისთვის 7,65მმ-ანი ბრაუნინგის ვაზნაზე გათვლილ პისტოლეტებში საკმაოდ კარგი მახასიათებლებით გამოირჩდეოდა. მას არ ჰქონდა ზედმეტად გამოშვერილი დეტალები, ხოლო იმიასთვის რომ იარაღის ჯიბიდან ამოღებისას მინიმუმამდე შემცირებულიყო პისტოლეტის წამოდება ტანისსამოსზე, საკეტის და ჩარჩოს უკანა ნაწილი იყო წაკვეთილი ფორმის.

ასე გამოიყურება პისტოლეტის ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები (ტტმ)

კალიბრი:

7.65x17mm Browning (.32 ACP)

სიგრძე:

140 მმ

ლულის სიგრძე:

72 მმ

სიმაღლე:

95 მმ

სიგანე (სისქე):

23,5 მმ

წონა ვაზნების გარეშე:

450 გრამი

ჭრილების რაოდენობა ლულაში:

6 ცალი მარჯვნივ მიმართული ჭრილი

მჭიდის ტევადობა:

6 ცალი ვაზნა

PA-63

PA-63 

1961 წელს უნგრეთის პოლიციის და გარკვეული სამართალდამცავი სტრუქტურების შეიარაღებაშ მიღებულ იქნა საბჭოთა მაკაროვის ვაზნაზე 9x18мм ПМ გათვლილი მსუბუქი თვითდამტენი პისტოლეტი აღნიშვნით R-61, რომელიც იყენებდა ალუმინისა და ტიტანის შენადნობისგან დამზადებულ ჩარჩოს. დაკვეთა მსგავს პისტოლეტზე წამოვიდა ასევე უნგრეთის სახალხო არმიიდან, რომელსაც იმ მომენტისთვის ძირითადი საარმიო პისტოლეტის სახით შეიარაღებაში ჰქონდა მორალურად მოძველებულ საბჭოთა ტოკარევის სისტემის პისტოლეტის (ТТ-33) ლიცენზირებულ ვარიანტი აღნიშვნით „Tokarev 48M“. არმიის მხრიდან მთავარ მოთხოვნას წარმოადგენდა რამოდენიმე საკითხი:

  • პისტოლეტს უნდა ჰქონოდა ალუმინის და ტიტანის შენადნობისგან დამზადებული მსუბუქი ჩარჩო;
  • გათვლილი უნდა ყოფილიყო საბჭოთა საშტატო მაკაროვის სისტემის პისტოლეტის ვაზნაზე 9x18мм ПМ (9mm Makarov);
  • ლულის სიგრძე არ უნდა ყოფილიყო 100მმ-ზე ნაკლები;
  •  პისტოლეტის წონა (მასა) არ უნდა ყოფილიყო 600 გრამზე მეტი;
  • მჭიდის ტევადობა მინიმუმ 7 ცალი ვაზნა.

ზემოაღნიშნული მოთხოვნების შესაბამისად ბუდაპეშტში მდებარე ფაბრიკამ Fémáru és Szerszámgépgyár NV, Budapest, 1963 წელს წარმოადგინა პისტოლეტი, რომელიც ამავე წელს შეიარაღებაში მიიღო უნგრეთის არმიამ. პისტოლეტს მიენიჭა აღნიშვნა PA-63 და დაწყებულ იქნა მისი სერიული წარმოება.

საარმიო პისტოლეტი PA-63

ფაქტიურად საარმიო პისტოლეტი PA-63 წარმოადგენდა საპოლიციო R-61-ის იდენტურ მოდელს მხოლოდ მცირედით გაზრდილი გაბარიტებით. ჩარჩო დამზადებული იყო ალუმინის და ტიტანის შენადნობისგან, ხოლო ლულა, საკეტი და დანარჩენი დეტალები საიარაღო ფოლადისგან. მართვის ორგანოებით და მუშაობის პრინციპით იგი იმეორებდა მის წინამორბედ R-61-ს. ავტომატიკა მუშაობდა თავისუფალი საკეტის პრინციპით, სადაც ლულის ჩაკეტვა ხდება ლულაზე ჩამოცმული დამაბრუნებელი ზამბარის და საკეტის მასის მეშვეობით. დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი იყენებდა ნახევრად ღია ჩახმახს და იყო ორმაგი მოქმედების. დროშისებური მცველის ბერკეტი საკეტის უკანა ნაწილში მარცხენა მხარეს იყო განთავსებული. PA-63 ფორმ-ფაქტორით და აგებულებით წარმოადგენდა Walther PP-ს ანალოგს.

მთლიანობაში PA-63 გამოდგა საკმაოდ საიმედო, მისი მოვლა-მომსახურება იყო მარტივი და რაც მთავარია კარგად უძლებდა ხანგრძლივ ექსპლუატაციას. მისი წარმოება სამხედრო დანიშნულებით 1963 წლიდან 1975 წლამდე ხდებოდა ფაბრიკაში „Fémáru és Szerszámgépgyár NV, Budapest“, ხოლო 1975 წლიდან 1990 წლამდე წარმოება გაგრძელდა ფაბრიკაში „Fegyver és Gázkészülékgyár“ (FÉG). 

უნგრეთის არმიისთვის განკუთვნილი პისტოლეტებზე, საკეტის მარცხენა მხარეს დატანილი იყო მხოლოდ პისტოლეტის აღნიშვნა წარწერის სახით PA-63. რაც შეეხება კომერციული მიზნით დამზადებულ ვარიანტებს, მის საკეტზე ხდებოდა ინფორმაციის დატანა პისტოლეტში გამოყენებული კალიბრის, მწარმოებელი ქვეყნის და დამამზადებელი ქარხნის შესახებ. ასევე დამატებით ინფორმაციის დატანას ახდენდნენ დილერები, რომელთაც შეჰქონდათ პისტოლეტი სხვა ქვეყანაში 

PA-63 უნგრეთის სახალხო არმიის და გარკვეული ძალოვანი უწყებების შეიარაღებაში იმყოფებოდა 33 წელი. ამას გარდა ხდებოდა მისი ექსპორტზე გატანა სხვადასხვა ქვეყნებში.

სპეციალურად კომერციული მიზნით და ექსპორტზე გასატანად შეიქმნა PA-63-ის საკმაოდ ბევრი მოდიფიკაცია, რომელიც აერთიანებდა შემდეგ მოდელებს:

  • AP 7.65 – შეიქმნა 1967 წელს კომერციული დანიშნულებით. იგი გათვლილი იყო 7,65х17mm (.32 ACP) ბრაუნინგის ვაზნაზე. იყენებდა ალუმინის და ტიტანის შენადნობისგან დამზადებულ ჩარჩოს. მისი მოდიფიკაცია AP 7.65S იყენებდა ფოლადისგან დამზადებულ ჩარჩოს.
  • AP 9 (Attila Pisztoly) – შეიქმნა 1967 წელს კომერციული დანიშნულებით. გათვლილი იყო 9х17mm (.380 ACP) ტიპის ვაზნაზე;  იყენებდა ალუმინის და ტიტანის შენადნობისგან დამზადებულ ჩარჩოს. მისი მოდიფიკაცია AP 9S იყენებდა ფოლადისგან დამზადებულ ჩარჩოს;
  • AP 9M – წარმოადგენს AP 9S ინდენტურ ვარიანტს ფოლადის ჩარჩოთი, რომელიც გათვლილი იყო საბჭოთა საშტატო მაკაროვის სისტემის პისტოლეტის ვაზნაზე 9x18мм ПМ (9mm Makarov);
  • APK 9 – წარმოადგენს AP 9 ტიპის ანალოგს მხოლოდ დამოკლებული ლულით და საკეტით. იწარმოებოდა 1970 წლიდან 2005 წლამდე. APK 9S განსხვავდება APK 9-ისგან იმით, რომ იყენებს ფოლადის ჩარჩოს;
  • APK 9M – წარმოადგენს AP 9M -ის ანალოგს მხოლოდ დამოკლებული საკეტით და ლულით;
  • PPH – შეიქმნა 1980-ან წლების პირველ ნახევარში, ამერიკის შეერთებულ შტატების ბაზრისთვის. იწარმოებოდა 1985-1986 წლებში. იგი გათვლილი იყო 9х17mm (.380 ACP) ტიპის ვაზნაზე იყენებდა ალუმინის და ტიტანის შენადნობისგან დამზადებულ ჩარჩოს. დამზადდა დაახლოებით 9000 ცალი.

მოდელი

კალიბრი

სიგრძე

ლულის სიგრძე

წონა

 

მჭიდის ტევადობა

PA-63

9х18

175 მმ

100 მმ

595 გრამი

7 ცალი

PPH

9х17

175 მმ

100 მმ

595 გრამი

7 ცალი

AP 7.65

7.65х17

175 მმ

100 მმ

595 გრამი

8 ცალი

AP 7.65S

7.65х17

175 მმ

100 მმ

770 გრამი

8 ცალი

AP 9

9х17

175 მმ

100 მმ

595 გრამი

7 ცალი

AP 9S

9х17

175 მმ

100 მმ

770 გრამი

7 ცალი

AP 9M

9х18

175 მმ

100 მმ

770 გრამი

7 ცალი

APK 9

9х17

165 მმ

86 მმ

550 გრამი

7 ცალი

APK 9S

9х17

165 მმ

86 მმ

730 გრამი

7 ცალი

APK 9M

9х18

165 მმ

86 მმ

730 გრამი

7 ცალი

ბრაუნინგის 9მმ-ან მოკლე ვაზნაზე 9х17mm (.380 ACP) გათვლილი პისტოლეტი APK 9S, რომელიც იყენებს ფოლადის ჩარჩოს, მოკლე საკეტს და მოკლე ლულას