კაროვინის პისტოლეტი (ТК – 26 Тула, Коровин)

          მიუხედავად იმისა, რომ კაროვინის სისტემის პისტოლეტი (ТК) არასოდეს არ მქონია პირად საკუთრებაში, ვთვლი რომ ძალიან კარგად და შეიძლება ითქვას „ყველზე“ კარგად ვიცნობ მას იმ საბჭოთა თვითდამტენ პისტოლეტებში, რომელთანაც შეხება მომიწია. რამოდენიმე თვის წინ სრუილიად შემთხვევით უფრო ახლოს გავიცანი პისტოლეტი, რაც ძალიან დამეხმარა ჩამომეყალიბებინა და გამემყარებინა პირადი ცნობები და შთაბეჭდილება მასზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გადავწყვიტე დამეწერა სტატიის სახით ის ინფორმაცია რასაც ვფლობ. რათქმაუნდა პისტოლეტი დღეს არც გამოიყენება და საერთოდ აღარაა აქტუალური, თუმცა საქართველოში მას ხშირად შევხვდებით, ამიტომ ვფიქრობ საინტერესო უნდა იყოს მკითხველისათვის და მითუმეტეს მათთვის, ვინც ამ მცირეკალბრიანი პისტოლეტის მფლობელები არიან.


პისტოლეტის შექმნის ისტორია
 
პისტოლეტის კონსტრუქტორის სერგეი ალექსანდრეს ძე კაროვინის (საქართველოში და რუსეთის საზღვრებს გარეთ რუსულიდან პირდაპირი თარგმანის გამო ხშირად კოროვინს უწოდებენ) ბიოგრაფიიდან ძალიან საინტერესოა ერთი ფაქტი. იგი სწავლობდა ქ. ხარკოვის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, რომლიდანაც 1905 გარიცხეს, იმ მიზეზით, რომ მონაწილეობას იღებდა რევოლუციურ მოძრაობაში. ალბათ ამ ფაქტმა გადამწყვეტი როლი ითამაშა მის ბიოგრაფიაში, რადგანაც წავიდა რუსეთიდან ბელგიაში, ქალაქ ლიეჟში, სადაც მუშაობა დაიწყო ფაბრიკაში „Fabrique Nationale Herstal“ (FN). ზუსტად FN-ში მიიღო მან პრაკტიკული განათლება ცეცხლსასროლი იარაღის კონსტრუირების სფეროში. 1912 წელს კაროვინმა დააპატენტა პისტოლეტის ორმაგი მოქმედების (თვითშეყენებადი) დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი, რომელიც შემდგომ გამოიყენა თავის 7,65მმ-ან პისტოლეტში. ეს იყო მსოფლიოში მეორე პატანტი მსგავს მექანიზმზე. (პირველი მსგავსი პატენტი ეკუთვნის ჩეხ კონსტრუქტორ ალოის ტომიშკას Alois Tomiska, რომელმაც იგი დააპატენტა 1908 წელს და შემდგომ გამოიყენა პისტოლეტში „პატარა ტომი“ „Little Tom“).  თუმცა თვითშეყენებადი დამრტყმელ-გამშვები მექანიზმები უფრო ადრეც  გამოიყენებოდა კრომარის და ჩარლზ (კარელ) კრნკას სისტემის პისტოლეტებში. 1914 წელს კაროვინი დაბრუნდა რუსეთში, სადაც შეეცადა მუშაობა დაეწყო ქ. ტულის იარაღის ქარხანაში(ТОЗ-Тульский оружейный завод) კონსტრუქტორის თანამდებობაზე, რაზეც მან უარი მიიღო. 1920 წელს კაროვინმა კვლავ სცადა ტულის ქარხანაში მუშაობის დაწყება, რაც უკვე წარმატებით დასრულდა და იგი დაინიშნა სასროლი იარაღის კონსტრუქტორის თანამდებობაზე. 1925 წელს ქარხანაში ჩამოყალიბდა საპროექტო-საკონსტრუქტორო ბიურო სადაც კაროვინი დანიშნეს თვითდამტენი პისტოლეტების კონსტრუქტორის თანამდებობაზე. (1936 წელს ბიუროს მიენიჭა ცენტრალური საკონსტრუქტორო ბიუროს სტატუსი კოდური სახელწოდბით „ЦКБ-14“).
 
სერგეი ალექსანდრეს ძე კაროვინი (1884-1946). საგამომგონებლო საქმიანობისთვის დაჯილდოვებულია წითელი ვარსკვლავით, საპატიო ნიშნით («Знак Почета») და სამამულო ომში მიღებული თავდადებული შრომის ორდენით.

პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, რუსეთში დღის წესრიგში დადგა თვიტდამტენი პისტოლეტის შემუშავების საკითხი, რომლითაც ნაგანის 1895 წლის რევოლვერი უნდა შეეცვალათ. დაიწყო კონკურსი, რომელშიც ბევრი სხვადასხვა კონსტრუქტორი იღებდა მონაწილეობას. მათ შორის იყო აგრეთვე კაროვინი.  
1923 წელს კონკურსზე წარმოდგენილი იქნა სხვადასხვა თვითდამტენი პისტოლეტები, სადაც კაროვინის 7,65 მმ ბრაუნინგის ვაზნაზე(7.65x17SR) გათვლილმა პისტოლეტმა თავადაპირველად მოწონება დაიმსახურა. საპოლიგონო კომიტეტის 1923 წლის 29 მაისის ჩანაწერების თანახმად: „პისტოლეტს მსგავსი ტიპის მოდელებთან შედარებით გააჩნია უპირატესობები, რადგანაც იგი მუდმივად მზადაა საბრძოლო მდგომარეობაში და გამოყენებისას უსაფრთხოა. აგრეთვე მისი მექანიზმი და ფუნქციონირება დამაკმაყოფილებელია“. ჩემთვის ცოტათი ბუნდოვანია თუ რა მოთხოვნები ჰქონდათ მაშინ პისტოლეტის „საბრძოლო მზადყოფნასთან დაკავშირებით“ საარტილერიო კომიტეტის წარმომადგენლებს.
გამომცდელებმა პისტოლეტის უარყოფით მხარედ ჩათვალეს რთული მექანიზმი და იარაღის მასა 915გრამი.  ჩანაწერებში შემდგომ ეწერა, რომ „პოლიგონი თვლის კოროვინის 7,65მმ პისტოლეტს ვარგისად და უწევს რეკომენდაციას რათა აღნიშნული პისტოლეტით შეიარაღდეს სამეთაურო შემადგენლობა“ . საარტილერიო კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება შეეკვეთათ 50 ცალი კაროვინის 7,65მმ-ანი პისტოლეტი, თუმცა პისტოლეტების დამზადება გაიწელა გარკვეული დროით და პისტოლეტმაც განიცადა მცირედი მოდიფიცირება. არსებობს მოსაზრება, რომ გამომცდელებს უფრო მეტად მოეწონათ  ს.ა. პრილუცკის (С. А. Прилуцки) სისტემის პისტოლეტი და ვერ იღებდნენ გადაწყვეტილებას.
 კონსტრუქტორი პარალელურად აგრძელებდა მუშაობას მცირე ზომის ჯიბის პისტოლეტზეც, რომელიც გათვლილი იყო ბრაუნინგის 6,35მმ-ან ვაზნაზე. კაროვინმა ბელგიაში FN -ში მუშაობისას კარგად შეისწავლა ბრაუნინგის ჯიბის პისტოლეტი 1906 წლის მოდელი და გადაწყვიტა შეექმნა მსგავსი იარაღი, რომელსაც ექნებოდა უფრო დიდი ტევადობის მჭიდი და ექნებოდა უფრო სრულყოფილი სამიზნე მოწყობილობა და ერგონომიულობა. 1925 წელს კაროვინს უკვე მზად ჰქონდა პირველი 6,35მმ თვითდამტენი პისტოლეტი. ამ პერიოდისათვის საბჭოთა კავშირის შეიარაღებაში ჯერ კიდევ ნაგანის 1895 წლის რევოლვერი იყო. თუმცა სხვადასხვა სამხედრო პირები შეიარაღებულნი იყვნენ უცხოური წარმოების თვითდამტენი პისტოლეტებით, რომლის შეძენა ძალიან ძვირი ჯდებოდა.
1925 წელს სპორტულ-პროლეტარულმა საზოგადოებამ „დინამო“ ტულის იარაღის ქარხანას შეუკვეთა მცირეკალიბრიანი იარაღი, რომელიც უნდა ყოფილიყო სპორტული და სამოქალაქო მიზნებისათვის. ეს მომენტი კაროვინისათვის იყო წარმატების პიკი, რადგანაც იმ პერიოდში ტულის იარაღის სახელოსნოში ყველა გადართული იყო საარმიო-საპოლიციო პისტოლეტის პროექტირებაზე და არავის არ ეცალა მსგავსი ტიპის იარაღისათვის, ხოლო კაროვინს კი ფაქტიურად მზად ჰქონდა 6,35მმ-ანი პისტოლეტი. 1926 წლის შემოდგომას დაიწყო პისტოლეტების პირველი პარტიის დამზადება. რათქმაუნდა იმ პერიოდში ყველას დაებადა შეკითხვა თუ რა საჭირო იყო მსგავსი პისტოლეტის წარმოება სპორტული მიზნებისათვის? ან რა სამოქალაქო დანიშნულებისათვის უნდა ყოფილიყო მსგავსი პისტოლეტი იმ დროს? მაგრამ ყველა დუმდა, რადგანაც საზოგადოება „დინამოს“ იმ წლებში პატრონაჟს უწევდა НКВД.
1927 წელს ქ.ტულის იარაღის ქარხანამ დაასრულა პირველი პარტია. პისტოლეტს მიენიჭა ოფიციალური სახელწოდება <Пистолет Тульский, Коровина, образца 1926 год> (სახელმწიფო საარტილერიო სამმართველოს ინდექსი ГАУ - 56-А-112), რომლებიც პირდაპირ გადაგზავნილ იქნა НКВД-ს საწყობებში, ხოლო შემდგომ კი ნაწილობრივ იქნა მიღებული НКВД-ს და РККА-ს (Рабоче-крестьянская Красная армия) სამეთაურო შემადგენლობის (კომშემადგენლობის) შეიარაღებაში. საბჭოთა კავშირის ისტორიაში ТК იყო პირველი თვითდამტენი პისტოლეტი, რომლის წარმოება სერიულად მოხდა და შეიარაღებაში იქნა მიღებული. პისტოლეტები გადაეცათ აგრეთვე პარტიის ხელმძღვანელ პირებს და სამეურნეო ორგანიზაცების ხელმძღვანელობას.  მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პისტოლეტები შეიარაღებაში ჰქონდათ შემნახველი ბანკის ინკასატორებსაც. კაროვინის პისტოლეტი იქცა აგრეთვე სასაჩუქრე იარაღათ, რომლითაც სხვადასხვა პირებს აჯილდოვებდნენ. ანუ გააჩნდა ერთგვარი სტატუსის ნიშანი. არსებობს ბევრი ფაქტი იმისა, რომ პისტოლეტი ТК იმ პერიოდში ჯარისკაცებისათვის სანუკვარი საჩუქარი და სიმბოლოს მატარებელი იყო.  პოდოლსკის სამამულო ომის მუზეუმში ინახება  ჯარისკაცის მიერ თიხისგან დამზადებული და შემდეგ ღუმელში გამომწვარი ТК-ს პისტოლეტის მაკეტი, რომელიც არქეოლოგ-მაძებრების მიერ იქნა ნაპოვნი ერთერთ ბრძოლის ველზე. სავარაუდოდ ჯარისკაცს იგი თან დაჰქონდა, როგორც თილისმა ან უბრალოდ კაროვინის პისტოლეტის მოტრფიალე იყო ჩემსავით J. გარდა ამისა საინტერესოა ის ფაქტიც, რომ სანამ საბჭოთა კავშირში შეიქმნებოდა პისტოლეტი ПСМ,  გენერალიტეტს პირად შეიარაღებაში ჰქონდა კაროვინის პისტოლეტი ТК.
პისტოლეტის კონსტრუქცია და მექანიზმი
ТК -ს მუშაობის პრინციპი ეფუძნება თავისუფალ საკეტს. პისტოლეტი შედგება 26 დეტალისგან. მისი კონსტრუქცია ძალიან მარტივია, რადგანაც გამოყენებულია დეტალების მრავალფუნქციურობა. მაგალითად გამშვები „ტიაგის“ შვერილი ასრულებს მასრის ამრეკლავის ფუნქციას, დროშისებური მცველი ამავდროულად ასრულებს ლულის ჩარჩოსთან დამაგრების ღერძის ფუნქციას, გამშვები „ტიაგის“ ბრტყელი ზამბარა ასრულებს მჭიდის დამჭერი ზამბარის როლს, ხოლო ღერძი, რომელზეც დამაბრუნებელი ზამბარაა ჩამოცმული ასრულებს მსცველის ფიქსაციას ჩართულ ან გამორთულ პოზიციაში. 

პისტოლეტს არ გააჩნია ორმაგი მოქმედების დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი და არც ჩახმახი. საკეტში მოთავსებულია საცემი ნემსას ზამბარა და თავად საცემი ნემსა. საკეტის გადაწევის დროს ხდება საცემი ზამბარის შეკუმშვა ხოლო საცემი რჩება უკანა პოზიციაში. სასხლეტზე გამოკვრისას ჩურჩულა (შეპტალო) გაანთავისუფლებს საცემს, რომელიც შეკუმშული ზამბარის მეშვეობით წინ გადაადგილდება და მოახდენს კაფსულ-მაალებელზე დარტყმას.  საკეტის დამაბრუნებელი ზამბარა მცირე ზომისაა და განთავსებულია იარაღის ლულის ქვემოთ. იგი არ არის ძალიან ხისტი და საკეტი ხელით გადაადგილებისას ადვილად გვემორჩილება. თუმცა მისი მფლობელები ხშირად უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ, რომ ზამბარა ზედმეტად მძიმეა და უჭირთ პისტოლეტის შემართვა. ჩემი პირადი გამოცდილებიდან  შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ეგზემპლარზე, რომელიც მე მინახავს საკეტი რბილად მოძრაბდა. ვფიქრობ ჩივილების მიზეზი იყო ახლად გამოშვებული პისტოლეტის ზამბარა, რომელიც ართულებდა საკეტის გადაწევას სანამ დასუსტდებოდა და დარბილდებოდა.  გარდა ამისა საკეტს გააჩნია საკმაოდ მოკლე სვლა უკან გადაადგილებისას.
მჭიდი პისტოლეტის ტარში ფიქსირდება ქვემოდან განთავსებული ღილაკის მეშვეობით, როგორც მაკაროვის სისტემის პისტოლეტში და საკმაოდ რბილია, რაც აადვილებს მჭიდის სწრაფ გამოღება-ამოცვლას. მოგრძო ზომის ბრტყელი ექსტრაქტორი პისტოლეტის საკეტზე დამონტაჟებულია ზევიდან და უზრუნველყოფს მასრების ექსტრაქციას(ამოგდებას) ზევით და ოდნავ უკან. ექსტრაქტორზე დაკვირვებით ან ხელის შეხებით შესაძლებელია მივხვდეთ იმყოფება თუ არა სავაზნეში ვაზნა, რადგანაც ვაზნის სავაზნეში არსებობის შემთხვევაში იგი  ოდნავ ამოშვერილია. პისტოლეტი ერთი შეხედვით მოგვაგონებს მაუზერის 1910 წლის მოდელს, ბევრი მას ზევიდან ამოჭრილი საკეტის გამო მცირე ზომის ბერეტასაც ამსგავსებს.
სასხლეტი კავის სვლა არის მოკლე და საკმაოდ რბილია, თუმცა ზედმეტად მოკაუჭებული მეჩვენება, სავარაუდოდ შეჩვევა სჭირდება. გარდა აღნიშნულისა მისი დამცავი რგოლიც ზედმეტად პატარაა და დახრილია ზევიდან ქვემოთ დიაგონალურად. სროლის დროსაც თითქოს იქმნება შთაბეჭდილება, რომ სასხლეტს ზევიდან ქვემოთ ვაწვებით.
რაც შეეხება პისტოლეტის ტარს, ხელში ნორმალურად ზის თუ არ ჩავთვლით ერთ თვისებას, რომელიც ყველა მსგავს პისტოლეტს ახასიათებს, ნეკა თითი მჭიდის ფსკერს ქვემოთაა. ლულასთან მიმართებაში ტარის დახრის კუთხე შეადგენს 95გრადუსს.  ტარის დახრილობა ჩემთვის პირადად ნორმალურია, თუმცა ბევრი მფლობელი გამოთქვამს უკმაყოფილებას, რომ მას თითქმის არ გააჩნია დახრის კუთხე. იგივე შეიძლება ვთქვა ტოკარევის სისტემის პისტოლეტზე, მე მისი ხელში მოთავსება მომწონს და არ მიქმნის რაიმე განსაკუთრებულ დისკომფორტს. ზოგადად ერგონომიულობის ის ნაწილი, რაც ეხება პისტოლეტის ხელში მოთავსებას, ჩემი აზრით ძალიან სუბიექტურია და ის რაც ერთი ადამიანისათვის მისაღები და დამაკმაყოფილებელია, შესაძლოა ვიღაცას არ აკმაყოფილებდეს.
სამიზნე მოწყობილობა მარტივია, თუმცა უკანა სამიზნეს გააჩნია ძალიან ვიწრო ჭრილი, რაც ართულებს დამიზნებას. შესაძლოა მსროლელი შეეჩვიოს მას, მაგრამ მე არ მომეწონა. კაროვინის პისტოლეტის დანიშნულებაა ახლო მანძილზე 3-7 მეტრამდე სროლა, რასაც ალბათ არ სჭირდება რაიმე განსაკუთრებული დამიზნება. ამ ფაქტს ისიც, მოწმობს, რომ მსგავსი კლასის პისტოლეტებს ძირითადად საერთოდ არ გააჩნიათ სამიზნე მოწყობილობები.

პისტოლეტის მცველი
პისტოლეტის ტარება საბრძოლო მზად ყოფნაში და გააქტიურებული მცველით არის ძალიან სარისკო, რადგანაც გააქტიურებული მცველი ახდენს მხოლოდ სასხლეტი კავის ბლოკირებას და არა საცემი ნემსის. პისტოლეტის დავარდნა ან რაიმე მყარ ზედაპირზე დაჯახება აუცილებლად გამოიწვევს ჩურჩულას (შეპტალოს) და საცემი ნემსას ვიბრაციას, რასაც თავისთავად მოჰყვება საცემი ნემსის გათავისუფლება და გასროლა. მე სპეციალურად ჩავატარე ცდა. ცარიელი პისტოლეტის საკეტი გადავწიე, რასაც თავისთავად მოჰყვა ნემსას შეყენება საბრძოლო მდგომარეობაში და ძლიერად დავარტყი პისტოლეტი გვერდიდან ხელის გულს. სადღაც 6-7 დარტყმის შემდეგ შევამოწმე და ნემსა იმყოფებოდა ისევ საბრძოლო მდგომარეობაში. გავიმეორე იგივე ოპერაცია უფრო ძლიერი მოქნევით და დარტყმით ხელის გულზე. შემდგომი შემოწმებისას აღმოვაჩინე, რომ ნემსა აღარ იმყოფებოდა საბრძოლო მზადყოფნაში, ანუ მოახდინა თვითნებური დაშვება, რაც თავისთავად სავაზნეში არსებული ვაზნის შემთხვევაში გასროლით დასრულდებოდა. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს ძველი იარაღის ცვეთის ბრალია, მაგრამ ეგზემპლარი რომელიც ჩემს მიერ იქნა შესწავლილი საკმაოდ კარგად იყო შენახული. 10 ბალიანი შკალით რომ შევაფასო იგი 7 ქულას ნამდვილად იმსახურებდა. აქედან შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა, რომ ეს ყველაფერი კონსტრუქციის ერთგვარი მინუსია, რაც თავიდანვე არასწორად იყო გათვლილი. რათქმაუნდა თუკი პისტოლეტი ზედმეტადაა გაცვეთილი ეს მის უსაფრთხოებას კიდევ უფრო ეჭვქვეშ აყენებს.
ჩემი აზრით კიდევ ერთი მინუსი რომელიც გააჩნია კაროვინის პისტოლეტს, არის მისი მცველის მდებარეობა, იგი არც თუ ისე კარგადაა ჩაფიქრებული, რადგანაც ჩარჩოზე ძალზედ წინაა დამონტაჟებული და რთულია მიზნისკენ მიმართულ პისტოლეტზე მცველის გამორთვა/გააქტიურება. ამისათვის საჭიროა პისტოლეტი გადავიტანოთ ხელის გულზე, შემოვაბრუნოთ მარცხენა მხრიდან ჩვენსკენ და შემდეგ მოვხსნათ იგი მცველიდან დროშისებური ბერკეტის 180 გრადუსით მობრუნებით. ვისაც გრძელი ცერა თითი აქვს ალბათ შესაძლებელია ამ ოპერაციის შესრულება ისე, რომ პისტოლეტი არ მოვაშოროთ მიზანს.

პისტოლეტში გამოყენებული ვაზნები
თავდაპირველად ТК-ში იყენებდნენ ბრაუნინგის 6,35მმ ვაზნებს (6,35х15,5), რომლებიც საკმაოდ დეფიციტური იყო საბჭოთა კავშირში.  ვინაიდან TK შეიარაღაებაში იქნა მიღებული და ბრაუნინგის ვაზნები იშვიათობას წარმოადგენდა,  1934 წელს საბჭოთა კავშირმა სპეციალურად მისთვის  დაიწყო ვაზნების სერიული წარმოება, ულიანოვსკის ქარხანაში, რომელიც ვოლოდარსკის სახელობის იყო და შედიოდა ტრესტში სახელწოდებით „Патрубвзрыв“. საბჭოთა ვაზნაში გამოიყენებოდა უმნიშვნელოდ მომატებული დენთის მუხტი, რაც თავისთავად იძლეოდა მეტ საწყის სიჩქარეს და ენერგიას. გარდა ამისა პისტოლეტის საკეტი უფრო მძიმე წონის იყო ვიდრე სხვა მსგავსი ტიპის პისტოლეტების საკეტი და შეეძლო უფრო მეტი წნევისა და უკუცემის მონელება.  ახალ ვაზნას ეწოდა „6,35მმ ТК“ (სახელმწიფო საარტილერიო სამმართველოს ინდექსი ГАУ-57-Н-112).  იმდროინდელი ბელგიური და ევროპული ვაზნების ტყვიის საწყისი სიჩქარე ბრაუნინგ 1906-დან გასროლისას შეადგენდა 200-210მ/წამს,  ხოლო საბჭოთა 6,35მმ-ანი ტყვიის საწყისი სიჩქარე კაროვინის პისტოლეტიდან სროლისას შეადგენდა 228მ/წამს, რაც განპირობებული იყო მეტი დენთის მუხტით და 14მმ-თ უფრო გრძელი ლულით ვიდრე ბრაუნინგის 1906 წლის მოდელს ჰქონდა.  დღეს სხვადასხვა ქვეყნებში იწარმოება თანამედროვე 6,35მმ-ანი ბრაუნინგის ვაზნები, რომელთა  საწყისი სიჩქარე 230-245მ/წამს შეადგენს და მათი გამოყენება არ არის რეკომენდირებული ხანდაზმულ პისტოლეტებში.
საბჭოთა 6,35მმ-ანი ვაზნის საკონსტრუქციო ნახაზი
 
საბჭოთა ვაზნის ნახაზები შემუშავებული იქნა იმპორტული ვაზნების აზომვის შედეგად, რის გამოც საბჭოთა ვაზნის გაბარიტები ცოტათი განსხვავდებოდა ორიგინალისაგან. თუმცა პისტოლეტი ჩვეულებრივად ფუნქციონირებდა როგორც საბჭოთა ასევე უცხოური წარმოების 6,35მმ-ანი ვაზნებით.  საბჭოთა ვაზნებს ჰქონდათ გარკვეული დეფექტები, რომელიც უკავშირდებოდა მასრაში ტყვიის ჩამაგრების ასიმეტრიულობას. აგრეთვე კაფსულ-მაალებლის ბუდეში ჩასმა ვერ ხდებოდა ხარისხიანად. ვაზნები გამოდიოდა სპილენძის მასრებით, რომელიც დამუხტული იყო მთლიანად გარსიანი ტყვიის გულარით. არსებობს ინფორმაცია, რომ 30-ანი წლების შუალედში გადაწყვეტილ იქნა დაემზადებინათ სუროგატირებული ტყვია ფოლადის გულათი, რომელიც საბოლოოდ აღარ დამზადდა (შესაძლოა დამზადდა კიდეც და გასაიდუმლოვებული სახით ინახებოდა სადმე). საბჭოთა ვაზნები იფუთებოდა მუყაოს ყუთებში 50 ცალად, რომელსაც გარედან გააჩნდა მარკირება «Патроны к пистолету «Браунинг».  ვაზნების წარმოება მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას შეწყდა, თუმცა 1960 წლამდე მორჩენილი მასრებით და ტყვიებით მაინც ხდებოდა მცირე პარტიების გამოშვება.
 
ფოტოზე მოყვანილია საბჭოთა ვაზნა, მუყაოს შეფუთვა და მასრის ფუძე, რომელსაც არ გააჩნდა არავითარი მაარკირება ან დამღა. დაკვირვებისას შევამჩნევთ, რომ კაფსულ-მაალებელი ცერად არის ჩასმული ბუდეში.
 



გამოდიოდა თუ არა პისტოლეტი სხვა ვაზნებზე? ოფიციალურად პისტოლეტი გამოდიოდა მხოლოდ 6,35მმ-ან ვაზნაზე, თუმცა მე საქართველოში მსმენია ძალიან ბევრ ეგზემპლარზე, რომელიც ისროდა წრიული აალების .22 LR ვაზნებს (ე.წ. გეკოს) სავარაუდოდ 6,35მმ-ანი ვაზნის დეფიციტურობიდან გამომდინარე საქართველოში მფლობელები კუსტარულად ახდენდნენ მის გადაკეთებას წრიული აალების ვაზნაზე. (გადაკეთების წესს შეგნებულად არ ავღწერ).

პისტოლეტის ნაირსახეობები და განმასხვავებელი ნიშნები
პისტოლეტი ТК ოფიციალურად იწარმოებოდა 1926 წლიდან 1935 წლის ჩათვლით, თუმცა უამრავი მორჩენილი დეტალებისაგან მათი აწყობა მეორე მსოფლიო ომის შემდგომაც ხდებოდა. სულ დამზადებულმა რაოდენობამ შეადგინა 500 000 ცალ ეგზემპლარამდე, რომელთა პარტიებიც სხვადასხვა დეტალებით მცირედით განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან. დღეს საქართველოში ხშირად შევხვდებით მათ სხვადასხვა ვარიანტს. შევეცდები ავღწერო და დავყო პისტოლეტები მოდიფიკაციებად. 

სულ არსებეობს შემდეგი სახის ვარიანტები:

იშვიათი მოდელი გრძელი ლულით

 
ყველაზე იშვიათობას წარმოადგენს მოდელი გრძელი ლულით, რომელიც რამოდენიმე ცალი დამზადდა და თითქმის აღარ არსებობს.  სავარაუდოდ იგი განკუთვნილი იყო სპორტსმენი მსროლელებისათვის (ვიცი რომ სპორცმენიც შეიძლებოდა დამეწერა, მაგრამ სპორტსმენი უფრო სწორი ფორმა მგონია). ვინაიდან 6,35მმ ბრაუნინგის ვაზნები ძალზედ დეფიციტური იყო საბჭოთა კავშირში, ალბათ ამ ვაზნაზე გათვლილი სპორტული პისტოლეტი არ იქნებოდა მიზანშეწონილი და სწორედ ამიტომ არ მოხდა მისი დიდი რაოდენობით დამზადება.

გრძელლულიანი მოდელის ლულის სიგრძე არის 111მმ, რაც ტყვიის საწყის სიჩქარეს ზრდის 250-260მ/წამამდე (რიგ წყაროებში 270მ/წამი, თუმცა არაა დაკონკრეტებული რომელი მწარმოებლის ვაზნა იქნა გამოყენებული). პისტოლეტის საერთო სიგრძე 160მმ, ხოლო მისი წონა მოკლელულიან პისტოლეტთან შედარეით არის 45 გრამით მეტი.

პირველი მოდელი  (საერთო დახასიათება)
პისტოლეტის მთავარი მახასიათებელი არის ხის ტარის ლოყები, რომელიც ჩარჩოზე მაგრდება ჭანჭიკების მეშვებით. ხის ტარი დაფარულია რომბისებური დასერილი ნაჭდევებით
პირველ მოდელს ჩარჩოზე (ტარის ლოყების უკან) გააჩნია ორი ფრეზირებული ჭრილი, რომელიც სავარაუდოდ წონის შესამცირებლადაა. მსგავსი ტიპის პისტოლეტებს გააჩნიათ სერიული ნომერი 210 000-მდე და აგრეთვე იმ პისტოლეტებს რომელთა სერიული ნომრის მარკირებაში შედიოდა ასო “A”.

პირველ მოდელს საკეტზე გააჩნია ორივე მხრიდან ჰორიზონტალურად ამონაჭრელი, რაც სავარაუდოდ წონის შესამცირებლად გაკეთდა. საკეტს ხელის მოსაჭიდებელ ადგილას გააჩნია 14 ცალი ვერტიკალური ნაჭდევი ღარი. სერიული ნომრები დარტყმული აქვს საკეტს და ჩარჩოს მარცხენა მხრიდან და ლულას კი ქვემოთა მხრიდან სავაზნის ნაწილში. თუმცა თავდაპირველად სერიული ნომერი საკეტზე გვხვდება წინა მხრიდან და ჩარჩოზე მარჯვენა მხრიდან.
თავდაპირველად ტარის ხის ლოყები პირდაპირ მაგრდებოდა ჭანჭიკით, რაც  ხშირად იწვევდა ხის გაბზარვას ჭანჭიკის ადგილას, აგრეთვე ექსპლუატაციის დროს ხდებოდა ტარის ლოყების მორყევა. შემდგომ ჭანჭიკის დამაგრების ადგილას ხის ლოყებს უგებდნენ პატარა საფენის მაგვარ ლატუნის რგოლს, რომელიც უზრუნველყოფდა უფრო მყარ დამაგრებას და გაბზარვის თავიდან აცილებას.
პირველ პარტიას ტარის ხის ლოყების დამაგრების ადგილზე ჭანჭიკის გარშემო ჰქონდა რომბისებური ფორმა, რომელიც შემდგომ პარტიებში გაქრა.

პირველი მოდელი (სხვაობა ადრეულ და მოგვიანებით გამოშვებულს შორის)
იარაღი რომელსაც გააჩნია სერიული ნომერი  №100000-მდე, ჩარჩოზე აქვს მრგვალი ჭრილი,  რომელიც გვაჩვენებს მცველის ჩართულობას (ანუ წარმოადგენს ინდიკატორს). პრველი მოდელების ადრეულ ვარიანტში წინა სამიზნეს გააჩნია ოთხკუთხედი ფორმა, ხოლო იარაღები რომელთა სერიული ნომერი არის  №100000 დან ზევით არ გააჩნია მცველის მაჩვენებელი მრგვალი ჭრილი (ინდიკატორი) და წინა სამიზნე არის მომრგვალებული ფორმის, რაც აადვილებდა იარაღის ამოღებას და არ წარმოიქმნებოდა სამიზნის წამოდება ტანისსამოსზე ან ჯიბეზე.



მეორე მოდელი
დაახლოებით 1930-ან წლებში დამზადებულ პისტოლეტებზე სერიული ნომრით №210000-დან პისტოლეტის ჩარჩოზე ტარის ლოყების უკან გაქრა ფრეზირებული ჭრილები და შეიცვალა ტარის დამაგრების მეთოდი. ჭანჭიკის ნაცვალდ ახლა უკვე პლსატმასის ტარები მაგრდებოდა ბრტყელი ბერკეტებით, ისე როგორც ტოკარევის სისტემის პისტოლეტზე (ТТ). პლსატმასის ტარის ზედა ნაწილი, სადაც გაკეთებულია წარწერა „ТОЗ“ არის ძალიან თხელი, რაც ხშირ შემთხვევაში იწვევს მის გაბზარვას ან გატეხვას. პლსტმასის ტარით აღჭურვილი პისტოლეტების უმეტესობა, რომელიც მე მინახავს საქართველოში იყო გატეხილი და შემდგომ დაწეპებული. საზღვარგარეთ  და ხშირად საქართველოშიც ტარზე აღნიშნული წარწერის გამო პისტოლეტს ეძახიან უბრალოდ „ტოზს“.  საინტერესოა ერთი ფაქტი, განთქმულ ცნობარში  А.Б. Жук «Револьверы и пистолеты»  მოყვანილია პისტოლეტის ნახატი სერიული ნომრით № 185208, რომელსაც ტარის პლასტმასის ლოყა დამაგრებული აქვს ჭანჭიკით, ისევე როგორც მაგრდებოდა ხის ლოყები. გარდა ამისა პლსატმასის ტარზე გამოსახულია ქარხანა ТОЗ-ის განსხვავებული ლოგოტიპი



მესამე მოდელი
       პისტოლეტებზე სერიული ნომრით 400 000-დან საკეტზე გაქრა ორი ჭრილი, რაც სავარაუდოდ გამომდინერაობდა გაძლიერებული ვაზნების გამოყენებიდან. მარტივად რომ ვთქვათ კონსტრუქტორებმა დაამძიმეს საკეტი. საკეტზე არსებული  ხელის მოსაჭიდი ნაჭდევები გახდა დახრილი ფორმის ნაცვალდ ვერტიკალურისა და შეიცვალა უკანა სამიზნის ფორმა. აგრეთვე საკეტი ზევითა მხრიდან გახდა უფრო მომრგვალებული ფორმის.
 
 
ჰიბრიდული (შერეული) მოდელები
          შესაძლოა შეგვხვდეს სხვადასხვა ჰიბრიდული მოდელები, რომლებიც შერეული და მორჩენილი დეტალებისგანაა აწყობილი, ამიტომ მათი დათვალიერებისას ძნელია მივხვდეთ თუ რომელ კატეგორიას მიეკუთვნებიან. მაგალითად მე შემხვედრია მესამე მოდელი, რომელსაც ჰქონდა პირველი მოდელის ადრეული ვარიანტის ლულა, რადგანაც მისი სამიზნე იყო კუთხოვანი ფორმის.

 
ისტოლეტების დაფარვა და მოპირკეთება
       პისტოლეტების დაფარვა ძირითადად ხდებოდა უბრალო გაშავებით (მოვარაყებით) ან საერთოდ არ ხდებოდა მისი გაშავება და იყო ვერცხლისფერი (ფოლადისფერი). გვხვდება აგრეთვე პისტოლეტები ქარხნულად მონიკელებული დაფარვითაც, რომელიც ყველაზე მცირე პარტიებით გამოვიდა. არსებობს ინფორმაცია, რომ ქარხნულად მონიკელებული პისტოლეტების რაოდენობამ შეადგინა 50 000 ეგზემპლარამდე, რომელთა სერიულ ნომერს წინ ჰქონდა ასო “A” და ვიზუალურად იყო პირველი მოდელის მოგვიანებითი სახის, თუმცა ჩარჩოზე გააჩნდა ადრეული მოდელის მსგავსი მცველის ინდიკატორი. ხშირ შემთხვევაში მფლობელები თავადაც აკეთებდნენ პისტოლეტის ნიკელირებას. არსებობდა მოდელები, რომლებსაც გააჩნდათ გრავირება და გამოიყენებოდა ჯილდოდ (სასაჩუქრედ). ხშირად ასეთ პისტოლეტებს ხის ტარის ლოყაზე უმაგრებდნენ სპილენძის ან თითბერის ფურცელს, რომელზეც კეთდებოდა სასახელო („იმენნოი“) წარწერა.

პისტოლეტი და მისი ტყავის შესანახი შალითა (ბუდე)


პისტოლეტის სიზუსტე
ზოგადად ითვლება, რომ პისტოლეტი მისი გაბარიტებიდან გამომდინარე ძალიან ზუსტია. გაგონილს ნანახი სჯობია და გადავწყვიტეთ გამოგვეცადა იგი. სროლისას გამოყენებულ იქნა ჩეხური Sellier&Bellot-ის მიერ დამზადებული ვაზნები. პირველი 4 გასროლიდან რომელიც მოხდა დაახლოებით 17 მეტრ მანძილზე (დამიზნება ხდებოდა მუყაოს ნეჭერზე რომელიც იყო კვადრატული ფორმის მიახლოვებით 35х35სმ ზომით), მხოლოდ 2 ტყვია მოხვდა მიზანს.  შემდეგი ოთხი გასროლა განხორციელდა იგივე სამიზნე ობიექტზე მხოლოდ 9-10 მეტრიდან, სადაც ოთხი გასროლიდან სამი ტყვია კარგად შექუჩდა და ერთი მოხვდა მარცხენა ქვედა კუთხეში. იარაღის ავტომატიკამ ნორმალურად იმუშავა, მოხდა ყველა მასრის ექსტრაქცია, თუმცა 8 გასროლიდან იყო ერთი „ასეჩკა“.  ვაზნა ხელმეორედ მოთავსდა იარაღში და გაისროლა. გასროლის დროს უკუცემა არცისე დიდია თუმცა ლულა მაინც ხტის ზევით და პატარა ტარიც ვერ უზრუნველყოფს მის სათანადო დაჭერას ხელში. შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ყოველი გასროლის შემდეგ, პისტოლეტი ხელში იცვლის მდგომარეობას, ანუ გადაადგილდება, რის გამოც საჭიროა შემდგომი გასროლისათვის პისტოლეტის ახლიდან მორგება ხელში. აი აქ უკვე დავფიქრდი იმაზე, რომ პისტოლეტის ტარის დახრილობა და მისი ხელში მოთავსების ნაადრევი მოწონებისას შევცდი.

დასკვნა

            მიუხედავად იმისა, რომ კაროვინის პისტოლეტი ამ წუთასაც ითვლება ჩემთვის ერთერთ ნატვრად, მის შესახებ საბოლო შთაბეჭდილება არც თუ ისე დამამშვიდებელი და პოზიტიურია.
რისთვის შეიძლება გამოვიყენოთ პისტოლეტი? არავითარ შემთხვევაში როგორც თავდაცვითი პისტოლეტი. ამის მიზეზი შეიძლება იყოს:
·          6,35მმ ანი ვაზნა, რომლის თვისებებზეც აღარ ვილაპარაკებ, რადგანაც ძალიან ვრცელი თემები არსებობს მის „უმაქნისობაზე“;
·         პისტოლეტის საცემი ნემსას ზამბარის არასაიმედოობა (იგი ძალიან მალე კარგავდა ელასტიურობას, რაც ასუსტებდა საცემი ნემსას კაფსულ-მაალებელზე დარტყმას და იწვევდა ხშირ „ასეჩკებს“);
·         უსაფრთხოება - პისტოლეტის მცველი არაა სრულყოფილი და არავის არ ვურჩევ ატაროს პისტოლეტი საბრძოლო მდგომარეობაში (აქ ვგულისხმობ ვაზნას სავაზნეში), რადგანაც დიდი ალბათობაა მოხდეს თვითნებური  გასროლა დავარდნისას ან სულაც პისტოლეტის ამოღებისას;
·         არ გააჩნია თვითშეყენებადი დამრტყმელ-გამშვები მექანზმი და ღია ჩახმახი, რომლითაც შესაძლებელია მივხვდეთ მოყვანილია თუ არა პისტოლეტი საბრძოლო მზადყოფნაში და არის თუ არა მზად სასროლად;
·         ამ ყველაფერს ემატება ის ფაქტიც, რომ პისტოლეტების დამზადების ხარისხი არ იყო მაღალ დონეზე.

მიუხედავად ზევით ჩამოთვლილი მინუსებისა, პისტოლეტი საკმაოდ მარტივი კონსტრუქციისაა, ადვილად იშლება და იწყობა. პისტოლეტის საბჭოთა ინსტრუქციაში გაწერილია, რომ მფლობელს თავად შეუძლია განახორციელოს პისტოლეტის შეკეთება/რემონტი.
თუკი შევადარებთ მას ბრაუნინგის 1906 წლის მოდელს მივიღებთ იმას, რომ პისტოლეტში 2 ვაზნით მეტი თავსდება და გააჩნია უფრო სრულყოფილი სამიზნე მოწყობილობები, რაც შედარებით გრძელ ლულასთან ერთად უფრო ზუსტს ხდის პისტოლეტს, მაგრამ არ გააჩნია სრულყოფილი მცველი, რომელიც ბრაუნინგის 1906წლის მოდელს ერთდროულად 3 სახის აქვს 1. დროშისებური მცველი, 2. ტარის უკან არსებული მცველი, რომელსაც მსროლელი ხელის მოჭერით თიშავს, 3. თუკი მჭიდი ტარში არაა მოთავსებული გასროლა არ მოხდება. გარდა ამისა ბრაუნინგი 350 გრამს იწონის, რაც ჯიბის პისტოლეტისათვის უპირატესობას წარმოადგენს და გასათვალისწინებელია.
 სურათზე მოყვანილია  6,35მმ-ანი ბრაუნინგ 1906 და საბჭოთა ТК კაროვინი
პისტოლეტის გაბარიტები სხვა მსგავსი კლასის პისტოლეტებთან შედარებით სულ ოდნავ დიდია, მაგრამ მისი წონა ზომასთან შედარებით საგრძნობლად მაღალია. იგი დატენილ მდგომარეობაში თითქმის ნახევარი კილოა (485-490 გრამი). ფაქტიურად პისტოლეტს არანაირად არ გააჩნია საბრძოლო ღირებულება. ხშირად ისმის მოსაზრება, რომ მსგავსი სახის პისტოლეტები კარგია, როგორც „მეორე პისტოლეტი“ ან „ბოლო შანსის იარაღი“, რომლის ამპლუაშიც კოროვინის პისტოლეტს მე პირადად არ გავუწევდი რეკომენდაციას. კიდევ ერთხელ  დავრწმუნდი, რომ  მსგავსი კლასის პისტოლეტებში, რომლებიც დღესაც იწარმოება და საქართველოში შესაძლებელია მათი შეძენა, არის ჩეხური CZ92, რომელიც ჩემი აზრით  ყველაზე კარგი ვარიანტია 6,35მმ-ან ვაზნაზე (მსგავს კლასში), როგორც ხარისხით, ასევე ერგონომიულობის კუთხით.  რაც შეეხება კაროვინის საკოლექციო ღირებულებას, მიუხედავად იმისა, რომ ის ძალიან დიდი რაოდენობით გამოვიდა, მათი უმეტესობა განადგურდა და დაიკარგა, ამიტომ იგი სასურველი ნივთია ყველა კოლექციონერისათვის და ალბათ ოდესმე ჩემს უჯრაშიც დაიკავებს საპატიო ადგილს.


No comments:

Post a Comment