სომხური წარმოების პისტოლეტი K-2

პატარა ქვეყნებს შორის არსებული სამხედრო კონფლიქტების დროს ხშირად წარმოიქმნება ახალი ცეცხლსასროლი იარაღის შექმნისა და კონსტრუირების საჭიროება. მაგალითად რუსეთ-ჩეჩნეთის ომის პერიოდში ჩეჩნების მიერ სხვადასხვა ტიპის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი შეიქმნა. ხშირ შემთხვევაში მსგავს პირობებში წარმოქმნილი იარაღი არ გამოირჩევა რაიმე განსაკუთრებული ინოვაციებით და არც მათი წარმოების ხარისხია დამაკმაყოფილებელი, რადგანაც აღნიშნული ეგზემპლარები მზადდება დაჩქარებული წესით, ხშირად წარმოადგენენ ნახევრად კუსტარული წესით დამზადებულ იარაღს, მინიმალური მატერიალური დანახარჯებით და შეიძლება ითქვას, რომ მოხალისე მუშა ხელის (ადამიანური რესურსის) მეშვეობით იქმნებიან. რაღათქმაუნდა ასეთ დროს საიმედოობაზე და მაღალ ერგონომიულობაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. ზუსტად ანალოგიური ვითარება იყო პირველ და მეორე მსოფლიო ომის პერიოდშიც, როდესაც ცდილობდნენ უცებ შეექმნათ ეფექტური პარტიზანული იარაღები. გერმანელები მსგავს იარაღს უწოდებდნენ „ერზაც“ იარაღს (Ersatz - გერმანულად ნიშნავს შემცვლელს - სუროგატს).
რამოდენიმე მსგავსი ცეცხლსასროლი იარაღის შექმნის მიზეზი გახდა აგრეთვე სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის მომხდარი პირველი დაპირისპირებები მთიან ყარაბახში (კარაბახში), რასაც ორივე მხარის მიერ მოჰყვა საკუთარი ცეცხლსასროლი იარაღის შექმნის საჭიროება.
რამოდენიმე ხნის წინ ჩემი ყურადღება მიიპყრო 90-ან წლებში დამზადებულ სომხური წარმოების პისტოლეტმა სახელწოდებით „K-2“, რომლის შესახებაც ამ მცირე (მცირე რადგანაც მასზე ინფორმაცია თითქმის არ მოიპოვება) სტატიაში შევეცდები მოგაწოდოთ ის ინფორმაცია, რომლის მოპოვებაც სხვადასხვა წყაროებიდან შევძელი.
 
სომხური წარმოების პისტოლეტი K-2
პირველ რიგში პისტოლეტის სახელწოდებას რაც შეეხება მე ვვარაუდობდი, რომ აღნიშვნა „K“ უკავშირდებოდა სახელ „კარაბახს“, მაგრამ აღმოვაჩინე ინფორმაცია, რომ იგი უკავშირდება სომხურ სიტყვა „კრაკელ“-ს, რომელიც ქართულად ნიშნავს სროლას.
მიუხედავად იმისა, რომ პისტოლეტი საკმაოდ მოზრდილი გაბარიტებისაა, მასში გამოიყენება რუსული მაკაროვის სისტემის პისტოლეტის ვაზნები 9X18 ПМ. აღნიშნული ფაქტორი ჩემი აზრით სამი ძირათი ვითარებით არის განპირობებული: 1. უფრო ძლიერ ვაზნაზე გათვლილი პისტოლეტის შექმნას უკვე ესაჭიროება გარკვეული მოქმედების პრინციპის და ჩაკეტვის მექანიზმების შექმნა-გამოყენება და არა თავისუფალი ჩაკეტვის სქემა, რაც თავისთავად გაართულებდა წარმოებას; 2. 90-ანი წლების პერიოდში მაკაროვის ვაზნები ყველაზე მეტად იყო გავრცელებული პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში და მათ შემოგარენში; 3. სომხეთის რესპუბლიკაში იწარმოებოდა და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია მცირე პარტიებად დღესაც იწარმოება მაკაროვის 9x18 ვაზნები.

სურათზე მოყვანილია სომხური წარმოების მაკაროვის ვაზნა 9x18. მასრის ფსკერზე (ფუძეზე) მარკირება არის ორი სომხური ინიციალის სახით ՀՀ -  რომელიც სომხური წინადადების პირველ ასოებს წარმოადგენს  Հայաստանի Հանրապետություն – „აიასტანი ანრაპეტუტიუნ“ - სომხეთის რესპუბლიკა.

პისტოლეტის კონსტრუქცია დაფუძნებულია თავისუფალი საკეტის პრინციპზე, სადაც მასიური საკეტ-გარსაცმის ჩაკეტვა ხდება ლულის ქვემოთ განთავსებული დამაბრუნებელი ზამბარის მეშვეობით.
დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი არის თვითშეყენებადი-ორმაგი მოქმედების და გააჩნია ღია ჩახმახი.
იგი აღჭურვილია დროშისებური მცველით, რომელიც საკეტ-გარსაცმზე მარცხენა მხრიდან უკანა ნაწლშია დამონტაჟებული. ქვევით დაწეული დროშისებური მცველის ბერკეტის შემთხვევაში ჩანს წითელი წერტილი (მარკირება) რაც ნიშნავს, რომ პისტოლეტი მოხსნილია მცველიდან და მზადაა გამოყენებისათვის, ხოლო ზევით აწეული ბერკეტის შემთხვევაში ხდება მცველის გააქტიურება.
პისტოლეტის ჩარჩოზე მარცხენა მხარეს განთავსებულია  ორი ბერკეტი. ერთი ბერკეტი, რომელიც სასხლეტი კავის ზევით არის დამაგრებული გამოიყენება პისტოლეტის დასაშლელად და ასრულებს ლულის ფიქსატორის ფუნქციას, ხოლო მეორე ბერკეტი, რომელიც პისტოლეტის ტარის ზევითაა განთავსებული, წარმოადგენს საკეტის შემაკავებელს, რომელზე თითის დაწოლითაც მსროლელი კეტავს ბოლო გასროლის შემდეგ ღიად დარჩენილ საკეტ-გარსაცმს.
სამიზნე მოწყობილობები არის ღია  არარეგულირებადი ტიპის და გათვლილია 50 მეტრამდე სასროლათ. უკანა სამიზნე დამაგრებულია „მერცხლის კუდის“ ტიპის სამაგრით.  
იარაღი იკვებება ორრიგიანი სავაზნე კოლოფით, რომლის დაფიქსირებაც ხდება პისტოლეტის სახელურის ფსკერზე არსებული დამჭერი ღილაკის მეშვეობით.
პისტოლეტის არასრული დაშლა ხდება ლულის ფიქსატორის ბერკეტის დაბლა ჩამოწევით და წინ მიწევით, რაც იწვევს ლულის გამოთავისუფლებას.
 
1. საკეტ-გარსაცმი; 2. პისტოლეტის ჩარჩო; 3. პისტოლეტის ლულა; 4. დამაბრუნებელი ზამბარა და მისი ღერო; 5; სავაზნე კოლოფი.
 
სასხლეტი კავის დამცავი რგოლის წინა ნაწილი არის სწორკუთხოვანი ფორმის და გააჩნია მომცრო ნაჭდევები, რაც მიუთითებს, რომ ორი ხელით სროლისას მსროლელს შეუძლია მეორე ხელის საჩვენებელი თითი მოკიდოს მას უკეთესი მოჭიდებისათვის.

მე ვვარაუდობდი, რომ ლულის დამზადება და მის არხში არსებული ხრახნების (ჭრილების) მოჭრა ხდებოდა მაკაროვის პისტოლეტის ლულის დამამზადებელი დაზგა-დანადგარებით, მაგრამ რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს პისტოლეტის ლულის ჭრილები არის პოლიგონალური ტიპის და გააჩნია მარცხნივ მიმართული 6 ჭრილი, რომელთა დახრის კუთხეც შეადგენს 4° 40“ -  4° 50“, ხოლო სიგანე კი 0,70-0,75 მმ-ს.

პისტოლეტის საკეტ-გარსაცმზე დატანილია მარკირება წარწერის სახით K-2, იარაღის კალიბრი 9,2X18 -რაც იმით აიხსნება, რომ აღნიშვნა სომხურ იარაღზე კეთდება არა ლულის კალიბრით, არამედ მასში გამოყენებული საბრძოლო მასალის ტყვიის დიამეტრით და სერიული ნომრით, რომელიც გარდა საკეტ-გარსაცმისა დატანილია აგრეთვე პისტოლეტის ჩარჩოზეც.
რაც შეეხება პისტოლეტის დაფარვას, ფოტოსურათით თუ ვიმსჯელებთ, იგი წააგავს  ფოსფატირებულს, თუმცა დანამდვილებით ვერ ვიტყვით. პისტოლეტის ტარის ლოყები კი მთლიანად ალუმინისაგანაა დამზადებული.

მასრების ექსტრაქცია ხდება საკეტ-გარსაცმზე მარჯვენა მხარეს არსებული ფანჯრიდან შემდეგი ტრაექტორიით: ზევით და უკან 120-125°-ით, 1,8-3 მეტრზე.

პისტოლეტ "K-2" -ს ვიზუალური მხარე მე პირადად  მაგონებს რუსულ "ვიკინგს" იგივე Mp-446. რაც შეეხება მის დამზადების ხარისხს და საბრძოლო თვისებებს ძნელია რაიმე დავწერო, რადგანაც, როგორც უკვე ავღნიშნე ინფორმაცია ამ პისტოლეტზე თითქმის არ მოიპოვება. მეეჭვება მისი მფლობელი იყოს ვინმე სომხეთის გარეთ, თუმცა შესაძლოა პისტოლეტების გარკვეული ნაწილი რუსეთშიც მოხვდა არალეგალური გზით.
რამდენადაც ცნობილია სომხური პისტოლეტი K-2 იწარმოებოდა 90-იანი წლებიდან 2002 წლამდე. საინტერესოა სულ დამზადებული პისტოლეტების რაოდენობამ რამდენი ცალი შეადგინა, თუმცა მე ვერ მოვიძიე ვერანაირი ინფორმაცია ზუსტი რაოდენობის შესახებ.

2012 წლის ოქტომბრის მიწურულს ქალაქ ერევანში გაიმართა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სამხედრო აღჭურვილობა და ცეცხლსასროლი იარაღი. გამოფენაზე სომხეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მიერ გამოტანილ იქნა პისტოლეტი K-2B (К-2Б), რომელიც წარმოადგენს მისი წინამორბედი მოდელ K-2-ის გადამუშავებულ ვრიანტს და დღესაც იწარმოება მცირე პარტიებით.
რამდენადაც ფოტოსურათიდან ჩანს პისტოლეტის ტარის ლოყები აღარ არის ალუმინისაგან დამზადებული და სასხლეტი კავის დამცავი რგოლის ჩარჩოსთან შეერთების ნაწილში, პისტოლეტის ტართან განთავსებულია მრგვალი ფორმის ღილაკი, რომელიც პისტოლეტის სავაზნე კოლოფის დამჭერ-ფიქსატორს უნდა წარმოადგენდეს. რაც შეეხება საკეტის შემაკავებელ ბერკეტს მისი ფორმა ცოტათი შეცვლილია და დაახლოებით 1 სანტიმეტრით წინ არის გადმოტანილი რათა მსროლელმა უფრო კომფორტულად მოახდინოს მისი დაწევა ცერა თითით.

 

No comments:

Post a Comment