უცნაური ფრანგი MGD / ERMA PM-9

თამამდ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი სტატიის გმირი არის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური კონსტრუქციის და შესახედაობის მქონე პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი, რომელიც დღემდე შექმნილა. ზოგადად ფრანგებს ახასიათებთ გამორჩეული კონსტრუქციის ცეცხლსასროლი იარაღების შექმნა, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ავტორის მონდომება იმით  იქნა გამოწვეული, რომ სურდა შეექმნა მცირე გაბარიტების მქონე პისტოლეტ-ტყვიაფრქვევი. აღნიშნულ სტატიაში შევეცდები მოკლედ მოგაწოდოთ ინფორმაცია დიდი ხნის წინ შექმნილ ფრანგულ პისტოლეტ ტყვიამფრქვევზე, რომელიც დღეს ძალზედ იშვიათ ეგზემპლარს წარმოადგენს და თითქმის აღარ შემორჩა, რადგანაც მისი წარმოება არ მომხდარა მასიურად. 
 
შექმნის ისტორია

 ნახაზი ორიგინალი პატენტიდან თარიღდება 1958 წლის 15 ივლისით (განაცხადი პატანტზე შეტანილ იქნა 1955 წლის 14 ივლისს)

40-იანი წლების მიწურულს ფრანგი კონსტროქტორის ლუი დებუის (Louis Debuit), მიერ შეიქმნა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი, რომელსაც მიენიჭა აბრევიატურა „M.G.D“. ვინაიდან ლუი დებუი მუშაობდა ფრანგულ კომპანიაში "Etablissements Merlin & Gerin", იარაღის დასახელების პირველი ინიციალები აღებული იქნა კომპანიის სახელწოდებიდან, ხოლო ბოლო ასო კი წარმოადგენდა კონსტრუქტორის გვარს -  M.G.D - Merlin & Gerin Debuit. (რიგი წყაროების თანახმად იარაღის სახელი არის უბრალოდ კომპანიის სახელიდან «Societe pour L'expiotation des Brevets M.G.D». 
ფრანგული ვაზნები 7,65 Long (7,65x20)

პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის პირველი პროტოტიპი დამზადდა საფარანგეთის ქალაქ გრენობლში და გათვლილი იყო ფრანგულ ვაზნაზე 7,65 MAS (Manufacture d'armes de saint-étienne), რომელიც წარმოადგენს ბრაუნინგის 7,65მმ-ანი ვაზნის დაგრძელებულ ვარიანტს. 

მარცხნივ ფრანგული ვაზნები 7,65 Long (7,65x20) ხოლო მარჯვნივ 9მმ-ანი პარაბელუმის ვაზნა (9x19)
 
სწორედ ამიტომ მას ხშირად უწოდებენ 7,65mm Long (გრძელი), ან 7,65x20 French Long (ფრანგული გრძელი). ვაზნა შექმნილ იქნა 1925 წელს საფრანგეთში. ითვლება, რომ ვაზნა შეიქმნა ამერიკული ვაზნის  .30 Pedersen ბაზაზე. ფრანგული ვაზნის 5,6 გრამიანი ტყვიის საწყისი სიჩქარე შეადგენდა 340-385მეტრს წამში, ხოლო ენერგია 324-415 ჯოულს.
 
ახალი იარაღის შექმნის ამომავალ წერტილს წარმოადგენდა შემდეგი მოთხოვნები:
·         იგი უნდა ყოფილიყო მაქსიმალურად კომპაკტური;
·         შესაძლებელი უნდა ყოფილიყო მისი ფარული ტარება;
·         უნდა ჰქონოდა ეფექტური დამაზიანებელი ძალა, ვიდრე გააჩნდათ იმდ როისათვის არსებულ თვითდამტენ პისტოლეტებს.
 პროტოტიპი ფრანგულ ვაზნაზე 7,65x20. მას გააჩნდა მარცხნივ დასაკეცი კონდახი. არაოფიციალურად გერმანელებმა მიანიჭეს სახელწოდება "PM7"
 
იარაღის კონსტრუქტორმა და საპროექტო ჯგუფმა გამოცადა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი, რომელიც საიმედოდ მუშაობდა, მაგრამ ზუსტად ამ პერიოდში, ევროპის ქვეყნებში ყველაზე მეტად გავრცელდა გერმანული 9х19 პარაბელუმის ვაზნები და მიღებულ ქინა გადაწყვეტილება შემდგომი სამუშაოები გაგრძელებულიყო ზუსტად ამ პოპულარულ კალიბრზე. ამავე პერიოდში იარაღის შემუშავებაში ჩართო და მონაწილეობა მიიღო გერმანულმა კომპანიამ "ERMA-Werke"-მ. ასე შეიქმნა ახალი მოდელი MGD 9მმ-ან პარაბელუმის ვაზნაზე (9x19),  რომელიც იკვებობოდა გერმანული ERMA-Werke-ს მიერ შექმნილი პისტოლეტ-ტყვიამფქრვევების МР-38-ის და МР-40-ის 32 ვაზნიანი საშტატო სავაზნე კოლოფებით. 

პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების მცირე სერიად (რამოდენიმე ცალი საცდელი ეგზემპლარის სახით) დამზადება მოხდა 1954-1955 წლებში საფრანგეთის ქალაქ გრენობლში არსებულ კომპანიაში «Societe pour L'expiotation des Brevets M.G.D.» გამოშვებულ იქნა მოდელები ფოლადის ჩარჩოსებური დუგლუგით (რომლის ყელიც  ამავდროულად იყო იარაღის სახელური) და ხის დასაკეცი კონდახით. პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი გამოვიდა ორი სხვადასხვა ზომის ლულით 215მმ და გრძელი ლულით 500მმ, რომელიც მისი გაბარიტებიდან გამომდინარე შეიძლება მივაკუთვნოთ კარაბინის კატეგორიას. გრძელი ლულა აღჭურვილი იყო აგრეთვე ლულის მუხრუჭით. 500მმ-ანი ლულით აღჭურვილი მოდელის ხის კონდახი იყო მყარად დაფიქსირებული და არ იკეცებოდა. 


MGD-ს საბაზისო ვარიანტს წარმოადგენდა ფოლადის ჩარჩოსებური დუგლუგის მქონე მოდელი 215მმ-ანი ლულით, რომლის დუგლუგიც მარცხნივ შემობრუნებით იკეცებოდა. გაშლილ და დაკეცილ მდგომარეობაში დუგლუგი ფიქსირდებოდა სპეციალური ძლიერი ზამბარიანი ღილაკის მეშვეობით. 

მიუხედავად იმისა, რომ ფრანგულ MGD-ს სხვა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებთან შედარებით გააჩნდა მთელი რიგი უპირატესობები, შეიქმნა გარკვეული პრობლემები მის წარმოებასთან დაკავშირებით. პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის საკეტის კოლოფი და დეტალების უმეტესობა მზადდებოდა მეტალსაჭრელი დაზგების მეშვეობით, რაც ართულებდა წარმოების პროცესს. გარდა ამისა წარმოების სირთულეებს იწვევდა ზედმეტად რთული კონსტრუქციაც. ამ ყველაფერმა განაპირობა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის მაღალი ღირებულება, რასაც მოჰყვა წარმოების შეჩერება.
1956 წელს ფაბრიკა "ERMA-Werke"-ში რომელიც მდებარეობდა გერმანის ტერიტორიაზე ქალაქ დახაუში, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დაემზადებინათ ფრანგული MGD. პისტოლეტ-ტყვიამფრქვევს გერმანელებმა მიანიჭეს ინდექსი „ERMA PM-9“, რომელიც შემოიფარგლა მხოლოდ 10 ცალი ეგზემპლარის დამზადებით, რადგანაც მათი ღირებულება იმ დროისათვის შეადგენდა 150 აშშ დოლარს. შემდგომ გერმანული ფაბრიკა გადაერთო სხვა პროექტების შემუშავებაზე და „ERMA PM-9“ დავიწყებულ იქნა. 
დღეისათვის უცნობია სულ ჯამში რამდენი ცალი ეგზემპლარი დამზადდა საფრანგეთიში, მაგრამ სავარაუდოდ დამზადებულმა რაოდენობამ თავის საცდელი პროტოტიპებიანად შეადგინა 15 ცალ ეგზემპლარამდე.

კონსტრუქცია და აგებულება

პისტოლეტ-ყვიამფრქვევ MGD-ს  კონსტრუქცია ზედმეტად რთულადაა აგებული, ამიტომ შევეცდები მაქსიმალურად დეტალურად ავხსნა მისი მოქმედების პრინციპი.
კონსტრუქტორმა თითქმის შეუძლებელი რამ მოიფიქრა იმისათვის, რომ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი გამოსულიყო ძალიან კომპაკტური. მან გამოიყენა უჩვეულო ნახევრად თავისუფალი საკეტის სქემა.  საკეტი იყო მოკლე და მსუბუქი, ამიტომ მისი  გახსნა შენელებული იყო მბრუნავი დისკისებური ქანქარას მეშვეობით, რომელიც სპირალისებური (ხვეულა) დამაბრუნებელი ზამბარით იყო აღჭურვილი.  
სროლა წარმოებდა ღია საკეტით. იარაღის შესაყენებელი ბერკეტი განთავსებული იყო მარჯვენა მხარეს და წარმოადგენდა სპეიალურ პატარა სახელურს, რომელიც საკერავი მანქანის სახელურივით უნდა დაებრუნებინა მსროლეს. მისი დაბრუნებისას ხდებოდა დისკისებური ქანქარის შემობრუნება, რასაც მოჰყვებოდა საკეტის საბრძოლო მდგომარეობაში შემართვა.
შეიძლება ითქვას, რომ MGD -ში გასროლა იწყებოდა მანამდე, სანამ საკეტი ბოლომდე დაიკეტებოდა. სასხლეტზე თითის გამოკვრისას შემართული საკეტი შეკუმშული ხვეულა დამაბრუნებელი ზამბარის ენერგიით წყდება ადგილიდან, გზად სავაზნე კოლოფიდან ამოაქვს ვაზნა და იწყებს მის მიწოდებას ლულის სავაზნეში. წინ გადაადგილებისას მისი საცემი ნემსა ურტყამს კაფსულ-მაალებეს მანამდე, სანამ საკეტი მიაღწევს უკიდურეს წინა წერტილს. გასროლის დროს საკეტი დამაბრუნებელი ზამბარის ენერგიის ხარჯზე აგრძელებს წინ გადაადგილებას, მასრაში წარმოქმნილი თენდის აირები კი ამუხრუჭებენ საკეტს, რის შედეგადაც იგი ოდნავ ეჯახება ჩარჩოს უკიდურეს წინა წერტილს და შემდგომ უკვე იწყება მისი უკუსვლა, რომელიც ასევე შემცირებულია, რადგანაც დენთის აირების გარკვეული ნაწილი მანამდე გაიხარჯა საკეტის დამუხრუჭებაზე. 
აღნიშნული მექანიზმის გამოყენება სროლის დროს იწვევს საკეტის მსუბუქ დაჯახებას ჩარჩოსთან, რაც უზრუნველყოფს მექანიზმის რბილ მუშაობას, კონსტრუქციის მცირე იმპულსს, ნაკლებ რყევას და შესაბამისად მცირე უკუცემას.
დღეს ამდაგვარი პრინციპი გამოიყენება რუსული წარმოების  პისტოლეტ-ტყვიამფრქვევ ПП-90-ის სისტემაში. მისი გრძივად  მოსრიალე საკეტი უკიდურეს პოზიციებში ნაკლებად ეჯახება საკეტის კოლოფს, რაც იწვევს მცირე უკუცემას და ტყვიების ჯგუფის მაღალ სიბურჯღლეს (შექუჩებულობას).
სამწუხაროდ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევ MGD-ს ტყვიების გაფანტვის მახასიათებლები უცნობია და გაგვიჭირდება მის სიბურჯღლეზე საუბარი. თეორიულად იგი ძალიან ზუსტი უნდა ყოფილიყო ჯერებით სროლისას.


გასროლის შემდეგ საკეტი მასრაში დაგროვილი დენთის აირების ხარჯზე ინერციით გადაადგილდებოდა  უკან და იწვევდა მასრის ექსტრაქციას. საკეტს უკანა ნაწილში გააჩნდა რკალისებური ღარი, რომელშიც შესმული იყო დისკისებური ქანქარის შვერილი დეტალი. შესაბამისად საკეტის უკან გადაადგილებისას ქანქარის შვერილი დეტალი მოძრაობდა რკალისებურ ღარში, რაც იწვევდა მის შემობრუნებას დაახლოვებით 180 გრადუსით და დამაბრუნებელი ხვეულა ზამბარის შეკუმშვას.   
რიგ წყაროებში მოხსენიებულია, რომ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევს არ გააჩნდა სროლის რეჟიმების გადამრთველი და სასხლეტზე მცირე დაჭერით ხდებოდა ერთი გასროლა, ხოლო ბოლომდე დაწოლის შემთხვევაში იარაღი ისროდა ჯერებით. შესაძლოა ეს იყო რომელიმე სცდელ ეგზემპლარზე, მაგრამ შემორჩენილი ეგზემპლარებით თუ ვიმსჯელებთ, იარაღის ჩარჩოზე მარცხენა მხარეს სასხლეტი კავის ზევით განთავსებულია დროშიებური გადამრთველი, რომელსაც გააჩნია სამი პოზიცია: მცველი, ერთი გასროლა, ჯერებით გასროლა.
პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი MGD სხვა მსგავსი კლასის იარაღისგან (რომლებიც გათვლილია ვაზნაზე 9Х19 Luger), გამოირჩევა კომპაქტურობით, რაც განპირობებულია საკეტის კოლოფის მოკლე გაბარიტებით. საკეტის კოლოფის სიგრძე ფრანგულ MGD-ში არის ორჯერ უფრო მოკლე ვიდრე სხვა (ტრადიციული) სქემით აგებულ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებში. იარაღის კომპაკტურობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს აგრეთვე ის ფაქტორი, რომ მისი ტრანსპორტირების (გადატანის) დროს შესაძლებელია სავაზნე კოლოფის დაკეცვა ლულის პარალელურად. მსგავსი სისტემა გამოიყენებოდა შემდეგ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებში:
·         39M და 43M (უნგრეთი);
·         МАТ-49 (საფრანგეთი / ვიეტნამი);
·         MP-310 (შვეიცარია).
პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის სამიზნე მოწყობილობა შედგება ლულის ცხვირზე დამაგრებული წინა სამიზნისაგან და საგდულიანი („პერეკიდნოი“) ორ პოზიციიანი დიოპტრული უკანა სამიზნისაგან.
სავაზნე კოლოფის ყელთან იარაღის კორპუსზე, ორივე მხრიდან დამონტაჟებულია ღილაკები. მარჯვენა ღილაკი ასრულებს სავაზნე კოლოფის ფიქსაციის ფუნქციას, ხოლო მარცხნივ განთავსებული ღილაკის დანიშნულებაა სავაზნე კოლოფის საბრძოლო მდგომარეობაში დაფიქსირება. ამ ღილალკზე თითის დაჭერით შეგვიძლია სავაზნე კოლოფი თავისივე მიმღები ყელით დავკეცოთ ლულის პარალელურად, რაც ამცირებს პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის გაბარიტებს და ამავდროულად წარმოადგენს ერთგვარ მცველს, რათა არ მოხდეს შემთხვევითი გასროლა მისი გადატანის/ტრანსპორტირებისას, იმ შემთხვევაში, თუკი მფლობელს საკეტი აქვს შეყენებული (შემართული).

დასკვნა
რათქმაუნდა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი "MGD PM9" მისი შექმნის პერიოდში შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ ყველაზე კომპაკტურ ეგზემპლარად, თუმცა ზუსტად ამ კომპაკტურობამ გამოიწვია მისი ბევრი უარყოფითი ფაქტორი.
პირველ რიგში მის ერგონომიულობას რომ შევეხოთ, მე ის არ მჭერია და არც მისვრია, მაგრამ ფოტოებიდან ნათლად ჩანს, რომ მისი ერგონომიულობა საშინელი უნდა იყოს, რადგანაც:
-         არ გააჩნია ტიბჟირი (ცევიო), რომელზეც მსროლელი მეორე ხელს მოჭიდებდა. მის სანაცვლოდ ალბათ ჩაფიქრებული იყო სავაზნე კოლოფის გამოყენება, რომელიც იმდენად ახლოს არის სასხლეტ კავთან, რომ ფაქტიურად გამოდის მსროლელს ორივე ხელი ძალიან ახლოს (თითქმის ერთ წერტილში) უნდა ჰქონოდა განთავსებული.
-         დასაკეცი ჩარჩოსებური ფოლადის დუგლუგის ყელი, სადაც მსროლელი კიდებს ხელს, ჩემი აზრით საშინელი დასაჭერი იქნებოდა. გარდა ამისა დამიზნებით სროლის შემთხვევაში მეეჭვება სასიამოვნო იყოს ფოლადის ჩარჩოზე ლოყის ჩამოდება;
-         პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი კომპაკტური იყო დაკეცილ მდგომარეობაში, რა დროსაც იგი არ იყო გამოყენებისთვის მზად და მსროლელს უნდა მოეხდინა დასაკეცი დუგლუგის გახსნა, ხოლო შემდგომ ლულის გასწვრივ მოკეცილი სავაზნე კოლოფის გახნსა, რაც ბუნებრივია ოქროს დროს წაართმევდა მსროლელს, იმ შემთხვევაში თუკი დასჭირდებოდა მყისიერი და მოულოდნელი ცეცხლის გახსნა. ზოგადად აღნიშნული უარყოფითი მხარე ახასიათებს ყველა ისეთ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევს, რომელიც ამდაგავარი ფორმით იკეცება.

მიუხედავად იმისა, რომ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი MGD PM9 არის „არ შემდგარი“ იარაღი, მივესალმები მისი კონსტრუქტორის ფანტაზიას და მადლობას გადავუხდი იმისათვის, რომ შექმნა ასეთი უცნაური კონსტრუქციის და როგორც უკვე ავღნიშნე ალბათ ვიზუალურადაც ყველაზე გამორჩეული ეგზემლარი, რომელიც დღეს უამრავი ადამიანის ინტერესს იწვევს და ალბათ არასოდეს არ განელდება მის მიმართ ეს ინტერესი.
ზემოთ მოდელი 215მმ-ანი ლულით და დასაკეცი ხის კონდახით, ქვემოთ გრძელლულიანი მოდელი ე.წ. კარაბინი

No comments:

Post a Comment