ჯიბის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი Lercker

 
იარაღი, რომელის შესახებაც ამ სტატიაში ვისაუბრებთ, მიეკუთვნება პისტოლეტების კატეგორიას, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ მას გააჩნია პისტოლეტ-ტყვიამფრქვევისათვის დამახასიათებელი თვისებები და კონსტრუქცია. კერძოდ:

·       შეუძლია როგორც ერთეული გასროლით, ასევე ჯერებით სროლა;
·       როგორც უმეტესობა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევბში, ლერკერის შემთხვევაშიც სროლა წარმოებს ღია საკეტით.
 
აღნიშნულ იარაღზე სტატიის მომზადება გადავწყვიტე იმ მიზეზით, რომ მის შესახებ ინფრომაცია ინტერნეტ სივრცეში ძალზედ მწირია. გარდა ამისა ლერკერის პისტოლეტი ერთ-ერთი ნაკლებად ცნობილი და შეიძლება ითქვას "წარუმატებელი" ეგზემპლარია, ჩვენი ბლოგის მთავარი მიზანი კი ზუსტად მსგავსი ტიპის ცეცხლსასროლი იარაღის ქართველი მკითხველისათვის გაცნობაა.
1950 წელს იტალიელმა ჩეზარე ლერკერმა (Cesare lercker), რომელიც კომპანია ბერეტას (Beretta) თანამშრომელი იყო და კარლო კუპინიმ (Carlo Cuppini) შექმნეს თავიანთი კონსტრუქციის პისტოლეტი. ხშირად პისტოლეტს უწოდებენ „Lercker  Cuppini“ -ს. 1951 წლის 26 ივნისს შეტანილ იქნა განაცხადი პატენტზე, რომელიც 4 წლის შემდეგ, 1955წლის 27 სექტემბერს გაიცა. 

 
პისტოლეტების დამზადების ზუსტი თარიღი უცნობია, რიგი წყაროების თანახმად პირველი პარტია დამზადდა 1960 წელს ბოლონიაში კომპანია „ლერკერის“ მიერ. ლერკერის და კუპინის პისტოლეტი გათვლილი იყო ბრაუნინგის 6,35მმ-ან ვაზნაზე (.25ACP) და მისი მთავარი დანიშნულება უნდა ყოფილიყო თავდაცვა. 6,35მმ-ანი ბრაუნინგის ვაზნა (.25ACP) მხოლოდ მცირე ზომის ჯიბის თვითდამტენ პისტოლტებში (იშვიათად რევოლვერებშიც) გამოიყენება, რომელთაც მოკლე 50-70მმ სიგრძის ლულა გააჩნიათ და გასროლისას მათი ლულიდან გამოსული ტყვიის საწყისი სიჩქარე საშუალოდ 200-230 მეტრ/წამს შეადგენს, რომლის ენერგიაც არის 65-86 ჯოული, ხოლო ლერკერის შემთხვევაში 102მმ-ანი ლულა ტყვიას ანიჭებს 240 მ/წამს, რის ხარჯზეც ენერგია უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც მატულობს და 94 ჯოულს შეადგენს.
კონსტრუქტორებმა იცოდნენ, რომ ბრაუნინგის 6,35 მმ-ანი ვაზნა ძალზედ სუსტი იყო თავდაცვითი მიზნისათვის, მაგრამ შეეცადნენ მისი სისუსტე დაეკომპენსირებინათ შემდეგი ფაქტორებით:

·        ავტომატური ჯერებით სროლის რეჟიმი;
·        მაღალი სროლის ტემპი (1200 გასროლა წუთში);
·        პისტოლეტებთან შედარებით უფრო მეტი მოცულობის ორრიგიანი სავაზნე კოლოფი.
რათქმაუნდა ზევით მოყვანილი ფაქტორები  მიუხედავად სუსტი ვაზნისა, მსროლელს ანიჭებდა გარკვეულ უპირატესობას, ჩვეულებრივ 6,35მმ-ან თვითდამტენ პისტოლეტთან შედერებით.  სუსტი ვაზნის გამოყენებას გააჩნდა თავის დადებითი მხარეც, კერძოდ: ჯერებით სროლისას პისტოლეტი ადვილად ექვემდებარებოდა კონტროლს მსროლელის ხელში, რაც მაღალი სროლის ტემპთან კომბინაციაში (1200 გასროლა წუთში), უზრუნველყოფდა მოწინააღმდეგის სწრაფ დაზიანებას რამოდენიმე ტყვიით. მაღალ სროლის ტემპს გააჩნდა თავის უარყოფითი მხარეებიც, რადგანაც 20 ვაზნიანი კოლოფი სასხლეტზე რამოდენიმე გამოკვრით იცლებოდა. მფლობელების აზრით 20 ვაზნის გასროლას ესაჭიროებოდა 1,5 წამი.
 
პისტოლეტის ავტომატიკა აგებული იყო თავისუფალი საკეტის პრინციპზე და როგორც ზევით ავღნიშნეთ სროლა წარმოებდა ღია შეყენებული საკეტით. სროლის წინ მსროლელი ხელით შემართავდა საკეტს, რომელიც რჩებოდა უკანა პოზიციაში და სასხლეტზე თითის გამოკვრისას შეკუმშული დამაბრუნებელი ზამბარის ხარჯზე ხდებოდა მისი დაშვება, რაც იწვევდა, სავაზნე კოლოფიდან ვაზნის შეტანას ლულის სავაზნეში და გასროლას. ზოგადად ლერკერის პისტოლეტის აგებულება, ძალიან კარგად არის გათვლილი. 
დამაბრუნებელი ზამბარა ლულის გარშემოა განთავსებული, საკეტი არის მრგვალი მილისებური ფორმის, წამოცმულია ლულაზე და მოძრაობს მილისებურივე ფორმის გარსაცმში. საკეტის სიგრძე თითქმის იდენტურია პისტოლეტის სიგრძის. ლულა დამაგრებულია მილისებურ გარსაცმზე, გარსაცმი კი ლულასთან და მილისებურ საკეტთან ერთად ცხვირის ნაწილით დამაგრებულია ჩარჩოზე არსებულ რგოლში. 

აღსანიშნავია, რომ გამშვები მექანიზმი განთავსებულია ლულის ქვემოთ, რაც განპირობებულია იარაღის კონსტრუქციით. მსგავსი სქემის მეშვეობით შემცირდა პისტოლეტის გაბარიტები. სავაზნე კოლოფი განთავსებულია პისტოლეტისებურ ტარში და არის მოხსნადი. მისი ფიქსირება ხდება ზამბარიანი ღილაკის მეშვეობით, რომელიც ტარის ფსკერზეა განთავსებული. პისტოლეტის პატენტში სავაზნე კოლოფის ტევადობა განსაზღვრულია როგორც 25 ვაზნიანი, თუმცა რეალურად დამზადებული პისტოლეტების სავაზნე კოლოფის ტევადობა შეადგენდა 20 ვაზნას. სავარაუდოდ 25 ვაზნიან კოლოფზე უარი ითქვა იმ მიზეზით, რომ იგი პისტოლეტის ტარს მიღმა გამოდიოდა და შესაბამისად კომპაკტურობაც ზარალდებოდა.

სამიზნე მოწყობილობა არის ღია ტიპის, არარეგულირებადი და განთავსებულია საკეტის გარსაცმზე. უკანა სამიზნე დამაგრებულია „მერცხლის კუდის“ ტიპის სამაგრით. პრინციპში ამ კლასის პისტოლეტისათვის სამიზნე მოწყობილობა ნაკლებმნიშვნელოვანია, რადგანაც მისი გამოყენება ხდება ახლო მანძილზე (10 მეტრამდე სასროლად).
პისტოლეტის ჩარჩოზე მარცხენა მხრიდან სასხლეტი კავის დამცავი რგოლის ზევით განთავსებულია დროშისებური ბერკეტი, რომელსაც აქვს 3 პოზიცია: მცველი, თითო გასროლა და ავტომატური ჯერებით სროლის რეჟიმი.

პისტოლეტის ტარზე დამაგრებულია პლსატმასის ლოყები, რომლის ბოლოშიც დატანილია ლოგო წარწერით F.D.R რას აღნიშნავს ეს ინიციალები ჩემთვის დღემდე უცნობია. სავარაუდოდ ეს შეიძლება იყოს ლერკერის მაღაზიის სავაჭრო ნიშანაი.
სტატიის დაწერისას დავაკვირდი პისტოლეტის ჩარჩოზე მარცხენა მხარეს სახლეტი კავის ზემოთ განთავსებულ ლოგოს, რომელიც ძალიან ჰგავს გერმანული კომპანია მაუზერის ლოგოს.
ლერკერის პისტოლეტი გამოჩენის თანავე გახდა პოლიციის და იტალიის მთავრობის ყურადღების ობიექტი, რომელთა აზრით აღნიშნული პისტლეტი ითვლებოდა ზედმეტად ეფექტურ და საშიშ იარაღად რიგითი მოქალაქეების ხელში. შესაბამისად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აეკრძალათ მისი გამოყენება თავდაცვის მიზნით და თავისუფალ ბრუნვაში მოქცევა. 
დამზადებული პისტოლეტების გარკვეული ნაწილი გადაეცა იტალიის პოლიციას, თუმცა მასში გამოყენებული სუსტი ვაზნის გამო რაიმე განსაკუთრებული მოწონება არ დაუმსახურებია. აქედან გამომდინარე ლერკერის პისტოლეტის გამოშვება საბოლოოდ შეწყდა. სადაო საკითხს წარმოადგენს დამზადებული პისტოლეტების რაოდენობა. რიგი წყაროების თანახმად სულ დამზადდა 150 ცალ ეგზემპლარამდე, ხოლო რიგ წყაროებში მოხსნიებულია 500 ცალი, რაც ძალზედ საეჭვო მეჩვენა თავიდან, თუმცა სტატიის მომზადებისას აღმოვაჩინე ფოტო სადაც ორი ცალი ლერკერია გამოსახული გვერდიგვერდ და მათი კონსტრუქცია უმნიშვნელოდ განსხვავებულია ერთმანეთისგან, ხოლო კარგად დაკვირვების შედეგად ჩანს, რომ ერთერთ მათგანზე სერიული ნომერი არის 0314. 
 
 
აღნიშნული ფოტოსურათებიდან გამომდინარე შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ პისტოლეტმა განიცადა მცირედი მოდიფიცირება და შეიძლება ვთქვათ, რომ პირველი ოფიციალურად გამოსული 150 ცალი ეგზემპლარის შემდეგ მართლაც დამზადდა სხვა დამატებითი პარტია. რიგი ინფორმაციის თანახმად, დამზადებული 150 ცალი პისტოლეტიდან პოლიციაში მოხვდა დაახლოებით 50 ცალი ეგზემპლარი, ხოლო დანარჩენი 100 ცალი კერძო პირების მიერ იქნა გატანილი სხვადასხვა ქვეყნებში. პისტოლეტი გამოჩენისთანავა იყიდებოდა ჩეზარე ლერკერის მფლობელობაში არსებულ იარაღის მაღაზიაში. ყველა ვისაც კი მოუწია ლერკერის გამოცდა და ახლოდან გაცნობა, ამბობს, რომ მისი დეტალები ძალიან მაღალი დამზადების ხარისხით გამოირჩევა.
მას შემდეგ რაც იტალიის მთავრობამ აკრძალა ლერკერის პისტოლეტი, კონსტრუქტორები დაფიქრდნენ მისი ახალი მოდიფიკაციის შექმნაზე, რომელიც გათვლილი იქნებოდა უფრო ძლიერ ვაზნაზე და განკუთვნილი იქნებოდა ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებისათვის, თუმცა საბოლოოდ უარი თქვეს, რადგანაც პისტოლეტის მთავარ პლიუსს წარმოადგენდა მისი გაბარიტები და ახალი ძლიერი ვაზნის გამოყენება გამოიწვევდა გაბარიტების გაზრდას, გარდა ამისა ჯერებით სროლისას ძლიერი ვაზნის გამოყენებას აუცილებლად მოჰყვებოდა დიდი უკუცემა, რაც უსარგებლოს გახდიდა მის გამოყენებას.
არასრულად დაშლილი ლერკერი

No comments:

Post a Comment