მექსიკური პისტოლეტი Obregon



ალბათ ყველა ვინც ოდნავ მაინც გარკვეულია ცეცხლსასროლ პისტოლეტებში, ან უბრალოდ იარაღის მოყვარულია, პირველივე შეხედვით იტყვის, რომ მის წინ სურათზე გამოსახული იარაღი არის ლეგენდარული კოლტ 1911 წლის მოდელის რომელიმე კლონი. ეს ერთი შეხედვით მართლაც ასეა და ყველა ადვილად ამოვიცნობთ მასში კოლტ 1911 წლის მოდელთან ვიზუალურ მსგავსებას. მაგრამ არსებობს ერთი „მაგრამ“. დააკვირდით საკეტის კორპუსს რომელიც ლულის გარშემო მომრგვალებული ფორმისაა და არა ბრტყელი, როგორიც გააჩნია კოლტს. საქმე იმაშია, რომ მისი მუშაობის პრინციპი რადიკალურად განსხვავდება ცნობილი ჯონ ბრაუნინგის კონსტრუქციისაგან, რომელსაც კოლტ 1911 იყენებს.  ქართველებს ერთი კარგი გამონათქვამი გვაქვს „წიგნს ყდით ნუ შეაფასებო“. იგივე შეიძლება ითქვას ამ პისტოლეტზეც რადგანაც მისი ვიზუალური მხარიდან გამომდინარე ჩვენ მცდარ დასკვნას მივიღებთ, რომ ეს კოლტის 1911 წლის მოდელის რიგითი კლონია. გადავწყვიტე ამ მცირე სტატიის მეშვეობით შედარებით ახლოს გაგაცნოთ პისტოლეტი Obregon, რომელიც დიდიხანია ჩემი ინტერესის საგანს წარმოადგენს, მაგრამ სამწუხაროდ ჯერ არ მომეცა საშუალება რეალურად ვნახო იგი. ალბათ მისი ნახვის და დეტალურად შესწავლის შემთხვევაში ჩვენი სტატია ბევრად უფრო დახვეწლი გამოვიდოდა, მაგრამ ამ ეტაპზე თეორიული და ენციკლოპედიური ტიპის სტატიით გაგიმასპინძლდებით.


პისტოლეტის შექმნის ისტორია
ტრადიციულად მექსიკის არმიის ძირითად შეიარაღებაში ყოველთვის იყო ამერიკული ცეცხლსასროლი იარაღი. თავდაპირველად ეს იყო კოლტის .45 კალიბრიანი რევოლვერი SAA 1873,  შემდგომ .38 კალიბრიანი რევოლვერი კოლტ M1892. პირველი მსოფლიო ომის შემდგომ კი მექსიკის არმიამ შეიარაღებაშ მიიღო Colt M1911, რომელიც მიეწოდებოდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან. 1926 წლის 22 მარტიდან მექსიკაში დაიწყეს Colt M1911А1 ის მიწოდება, რომელსაც საკეტის კორპუსზე გააჩნდა სპეციალური დამღა წარწერის სახით “Ejercito Mexicano” (მექსიკის არმია) და სხვა არაფრით არ განსხვავდებოდა აშშ-ს შეიარაღებაში არსებული კოლტ M1911A1-ისაგან. 


1930-იან წლების დასაწყისში მექსიკის მთავრობამ გამოყო გარკვეული ფინანსური სახსრები იმისათვის, რომ შეეცვალათ შეიარაღებაში არსებული კოლტის მოდელი 1911А1, რომლითაც მექსიკის არმია და ფედერალური პოლიცია იყო შეიარაღებული.
მთავარ მოთხოვნებს წარმოადგენდა შემდეგი ფაქტორები:
·         იარაღი უნდა ყოფილიყო .45 ACP ვაზნაზე გათვლილი;
·         მისი სავაზნე კოლოფის ტევადობა უნდა ყოფილიყო მინიმუმ 7 ვაზნა;
·         პისტოლეტი უნდა ყოფილიყო ისეთივე ზუსტი, როგორიც COLT M1911A1 მოდელი;
·         არმიას და პოლიციას მარტივად უნდა მოეხდინა თანამშრომლების გადამზადება, რათა ადვილად შესძლებოდათ იარაღის ექსპლუატაცია.

ზუსტად ამ პერიოდში მექსიკელი კონსტრუქტორის ალეხანდრო ობრეგონის (Alejandro Obregon) მიერ, რომელიც მუშაობდა მეხიკოს ფაბრიკაში „Fabrica Nacional de Armas“  შემუშავებულ იქნა საარმიო ტიპის თვითდამტენი პისტოლეტი, რომელიც დაპატენტებულ იქნა მექსიკაში 1934 წლის 5 ივლისს (პატენტის ნომერი № 35053. განაცხადი პატენტზე შეტანილ იქნა 1934 წლის 8 თებერვალს). (1938 წლის 26 აპრილს პატენტი ობრეგონის პისტოლეტზე გაცემულ იქნა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც).

პისტოლეტ ობრეგონს გააჩნდა 7 ვაზნიანი სავაზნე კოლოფი და შესაძლებელი იყო ამერიკული კოლტ 1911 წლის მოდელის სავაზნე კოლოფების გამოყენებაც. გარდა ამისა შესაძლებელი იყო ობრეგონის სავაზნე კოლოფში დაზიანებული დეტალი შეცვლილიყო კოლტის სავაზნე კოლოფის დეტალებით (ზამბარა, მიმწოდებელი, სავაზნე კოლოფის ფსკერი).

პისტოლეტის კონსტრუქცია / აგებულება

როგორც ზევით ავღნიშნეთ ობრეგონი განსხვავდება კოლტის 1911 წლის მოდელისაგან ჩაკეტვის სისტემით, კერძოდ: ობრეგონში ჩაკეტვა ხდება მბრუნავი ლულის მეშვეობით. ზოგადად ითვლება, რომ ამდაგვარი სქემის გამოყენება ამცირებს იარაღის უკუცემას, რადგანაც გარკვეული ენერგია იხარჯება ლულის შემობრუნებაზე. არსებობს მოსაზრება, რომ ლულის ბრუნვის სქემის გამოყენების შემთხვევაში სიზუსტეც უფრო მეტია ვიდრე ბრაუნინგის ტრადიციულ საყურიან სქემაში, თუმცა მე არ მინახავს ადამიანი ვინც იტყვის რომ კოლტ 1911 წლის მოდელი და სხვა მსგავს სისტემაზე მომუშავე პისტოლეტები ცუდი სიზუსტით გამოირჩევა, პირიქით მსოფლიოს საუკეთესო თანამედროვე პისტოლტებეი ზუსტად ბრაუნინგის სქემას ეფუძნება და ითვლება, რომ საუკეთესო სქემაა. 






პისტოლეტი ობრეგონი შედგებოდა 43 დეტალისაგან, რომელშიც შედიოდა ტარის ლოყები, სამაგრი ჭანჭიკები და სავაზნე კოლოფი.

ლულის მობრუნებით ჩაკეტვა რათქმაუნდა არაა ახალი ხილი და ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ მსგავსი სქემა გამოიყენება პისტოლეტებში:

·         ავსტრიულ Roth-Steyr M1907-ში;
·         ავსტრიულ  Steyr M1912 Hahn-ში;
·         ჩეხოსლოვაკიურ СZ vz.24-შ (1924 წელი);
·         იტალიურ Beretta Cougar-ში (1994 წელი) და  Beretta Px4 Storm-ში (2004 წელი);
·         სლოვაკურ Grand Power K100-ში (1998 წელი);
·         რუსულ ГШ-18-ში (2000 წელი).

ჩამონათვალში მოცემულია პისტოლეტები, რომლებიც შედარებით მასიურად დამზადდა, თორემ კიდევ არსებობს გარკვეული ეგზემპლარები. დაახლოებით მსგავს სქემას ეფუძნება ამერიკული პისტოლეტი Savage და ფრანგული MAB PA-15, რომლებიც ლულის ბრუნვასთან ერთად ნახევრად-თავისუფალი საკეტის პრინციპს იყენებენ.

ობრეგონის ლულას სავაზნესთან გააჩნია სწორკუთხოვანი საბრძოლო ბჯენები, რომლითაც ხდება საკეტის კორპუსთან შეჭიდულობა. ორი ბჯენი განთავსებულია გვერდებზე და  ზემოქმედებას ახდენს საკეტის კორპუსზე არსებულ ცერად გაკეთებულ ჭრილებზე. ერთი ბჯენი განთავსებულია სავეზნის ზემოთ და საკეტის კორპუსში არსებულ ნახავარწრესთან ზემოქმედებით უზრუნველყოფს უშუალოდ ჩაკეტვას.
საკეტის კორპუსში არსებული ნახევარწრე

 1. პატარა სადები დეტალი დახრილი ღარით. წრეებით მონიშნულია ლულაზე არსებული ბჯენები

კიდევ ორი ბჯენი განთავსებულია სავაზნის ქვემოთ- ერთი სწორი ფორმის ბჯენი უზრუნველყოფს ლულის უკან გადაადგილების შეზღუდვას, ხოლო მეორე ბჯენი არის დახრილი და ზემოქმედებს  პატარა სადებ დეტალში არსებულ დახრილ ღართან, ისე, რომ საკეტის უკუსვლისას ხდება ლულის შემობრუნება 17-20 გრადუსით მარცხენა მხარეს (საათის ისრის საწინააღმდეგოდ).
ლულას გააჩნია მარცხნივმიმართული ჭრილები, და გასროლისას ტყვია ცდილობს ჭრილებში გავლისას ხახუნის ძალით ლულა მოაბრუნოს მარჯვნივ საათის ისრის მიმართულებით, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ არ ხდება საკეტის ნაადრევი გახნსა, სანამ ტყვია არ დატოვებს ლულის არხს.  როდესაც ტყვია დატოვებს ლულას, საბრძოლო ბჯენები გამოდიან საკეტის კორპუსზე არსებული ჭრილებიდან (ანუ წყდება ლულისა და საკეტის კორპუსის  შეჭიდულობა) და საკეტი დამოუკიდებლად, ლულის გარეშე გადაადგილდება უკან, გადაადგილებისას ახდენს მასრის ექსტრაქციას, ჩახმახის შეყენებას, რის შემდეგაც შეკუმშული დამაბრუნებელი ზამბარის მეშვეობით, ბრუნდება საწყის პოზიციაში, სავაზნე კოლოფიდან ვაზნა შეაქვს ლულის სავაზნეში და საბრძოლო ბჯენების მეშვეობით მბრუნავი ლულა ისევ ახდენს შეჭიდულობას საკეტის კორპუსთან.



 ზუსტად ამ ბჯენების არსებობის გამო საკეტის კორპუსის წინა ნაწილი არის მრგვალი ფორმის და არა ბრტყელი, როგორც გააჩნია კოლტ M1911 მოდელს.
სქემის შესწავლისას შეიძლება ითქვას, რომ ობრეგონი იყენებს ერთდროულად ორ პრინციპს: ჩაკეტვის მბრუნავ ლულიან სქემას და ლულის არხში ტყვიის გავლისას წარმოქმნილ ხახუნის ძალას, რაც საბოლოო ჯამში ამცირებს პისტოლეტის უკუცემას.
ობრეგონის მეორე ძირითადი განსხვავება კოლტის М1911А1 მოდელთან შედარებით არის მოგრძო ზომის ბერკეტი, რომელიც ასრულებს საკეტის შემაჩერებელის ფუნქციას და ამავდროულად არის იარაღის დროშისებური მცველი. ბერკეტის ზევით აწევის შემთხვევაში ხდება დამრტყმელ-გამშვები მექანიზმის ჩურჩულის („შეპტალოს“) და საკეტის კორპუსის ბლოკირება.


ობრეგონში განსხვავებულია დამაბრუნებელი ზამბარაც.


ვიზუალური სხვაობა მდგომარეობს აგრეთვე საკეტის კორპუსზე არსებულ დახრილ ნაჭდევებში (ნასეჩკებში), რომელზეც მსროლელი თითებს კიდებს საკეტის შესამართად. 




  
ამრტყმელ-გამშვები მექანიზმი არის კოლტის მსგავსი ერთმაგი მოქმედების (SA) ღია ჩახმახით. ტარზე უკანა მხრიდან განთავსებულია ავტომატური მცველის კლავიში, რომელიც ბლოკირებას უკეთებს გამშვებ გადამცემს („ტიაგას“) და გასროლა შეუძლებელია, სანამ მსროლელი ხელის მტევანს არ მოუჭერს კლავიშს. ექსტრაქტორი არის დაფარული და ჩამონტაჟებულია საკეტის კორპუსში. 

ზევით არასრულად დაშლილი ობრეგონის პისტოლეტი, ხოლო ქვევით კი კოლტი M1911A1.

პისტოლეტის არასრული დაშლა ხორციელდება თითქმის კოლტ M1911A1-ის იდენტურად:
1. საჭიროა მოიხსნას საკეტის ცხვირთან არსებული დამჭერი;
2. გამოღებულ იქნას დამაბრუნებელი ზამბარა მისი ღერძით;
3. საკეტი გაიწიოს ოდნავ უკან და მოხსნილ იქნას საკეტის შემაჩერებელი ბერკეტი;
4. წინ წაწვით მოიხსნას საკეტის კორპუსი ლულასთან ერთად და შემდეგ გამოღებულ იქნას ლულა.
5. საკეტის ჩარჩოსა და ლულის მოხსნასთან ერთად, თავისუფლდება პისტოლეტის ჩარჩოში ჩასმული სადები დეტალი დახრილი ღარით.

თავდაპირველად გამოშვებულ მცირე პარტიაში არსებობდა აგრეთვე დამატებითი მცველი, რომელიც მოხსნილი სავაზნე კოლოფის შემთხვევაში ბლოკირებას უკეთებდა ჩურჩულას და  შეუძლებელი იყო გასროლა.

პისტოლეტის მარკირება

ობრეგონს საკეტს კორპუსზე მარცხენა მხრიდან გააჩნია მარკირება წარწერის სახით "Sistema OBREGON / Calibre 11.43",



 ხოლო მარჯვენა მხრიდან ჩარჩოზე სასხლეტი კავის ზევით  "FABRICA NACOINAL DE ARMAS MEXICO", სერიული ნომერი "No A ххх" და სასხლეტი კავის წინ პატენტის ნომერი "PAT.No. 35053".

ცნიბილია ერთი საინტერესო ფაქტიაც, რომ გარდა პისტოლეტისა, ალეჰანდრო ობრეგონმა პრაქტიკულად შექმნა მისი სერიული წარმოებისათვის საჭირო ყველა საზომი და საჭრელი ინსტრუმენტი და დაზგა დანადგარები.

იარაღის წარმოება დაიწყო 1934  წელს მეხიკოში მდებარე ფაბრიკაში Fabrica Nacional de Armas და შეწყდა 1938 წელს. ობრეგონი არ გამოსულა მასიურად და ძირითადად მცირე პარტიებად მზადდებოდა. ალეხანდრო ობრეგონის მთავარ მიზანს წარმოადგენდა, ის რომ მისი პისტოლეტი შეიარაღებაში მიეღო მექსიკის არმიას, თუმცა საბოლოოდ მისი მასიურ შეიარაღებაში მიღება არ მოხდა და მხოლოდ მცირე პარტიად შეუკვეთეს, რომელთა გარკვეული ნაწილი შეძენილ იქნა მთავრობის მიერ როგორც სასაჩუქრე პისტოლეტი. პისტოლეტების ნაწილი შეძენილ იქნა არმიის ოფიცრების მიერ, ხოლო გარკვეული ნაწილი კი მოხვდა კომერციულ გაყიდვაში. პისტოლეტი მცირე რაოდენობით დაურიგდა მექსიკის პოლიციას. 

 პისტლეტი ობრეგონი ორიგინალი შეფუთვით.


მიუხედავად იმისა, რომ პისტოლეტი დადებით შეფასებას იმსახურებდა როგორც სამხედროებისგან, ასევე პოლიციისგან, იყო ძალიან საიმედო და ზუსტი, მაინც ვერ გაუწია კონკურენცია მასიურად გამოშვებულ კოლტის 1911 წლის მოდელს. რამდენადაც ცნიბილია სულ დამზადებულ იქნა 1000 ცალ პისტოლეტამდე, რიგ წყაროებში სახელდება ციფრი 800. დღეს ობრეგონის სისტემის პისტოლეტი ძირითადად მუზეუმის სტენდებზე და კერძო კოლექციონერებს შორის იკავებს საპატიო ადგილს და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა უყოს ყველა მათგანი იდეალურად არს შენახული, რადგანაც დეტალების დაფარვა/მოპირკეთება უმაღლესი ხარისხით ხორციელდებოდა. ერთადერთი მინუსი, რომელზეც სხვადასხვა წყაროებში მიმდინარეობს საუბარი პისტოლეტ ობრეგონის შესახე, არის მხოლოდ მისი ღირებულება, რომელიც ძალიან მაღალი იყო იმდროისათვის. 
 




 
ობრეგონის პისტოლეტი ვერტიკალური ღარებიანი ხის ტარის ლოყებით და მისი ტყავის შესანახი ბუდე (კაბურა)

No comments:

Post a Comment