5/19/2014

დანიური ტყვია ხის გულარით და პისტოლეტი Schouboe

ჩემი აზრით იარაღის მოყვარულს რომ შეეკითხო დანიური იარაღის შესახებ, ალბათ პირველი რაც გაახსენდება შედარებით ცნობილი მადსენის ხელის ტყვიამფრქვევია, რომელიც შეიძლება ითქვას, ამ კატეგორიაში პირველი სერიულად წარმოებული იარაღია. იგი ნახევარ საუკუნეზე მეტ ხანს იწარმოებოდა დანიურ კომპანიაში DRRS  « Dansk Rekyl Riffel Syndikat ».  (შემდგომ მისი სახელწოდება გახდა DRS).  მიუხედავად იმისა, რომ მისი კონსტრუქტორი იყო დანიელი კაპიტანი მადსენი (Madsen), ტყვიაფრქვევის პატენტი გაცემულ იქნა ფაბრიკა «Dansk Rekylriffel Syndakat -ის მთავარი კონსტრუქტორის, იენს თეოდორ შოუბოს (Jens Theodor Schouboe) სახელზე, რომელიც წარმოშობით კოპენჰაგენიდან იყო (რიგ წყაროებში მოხსენიებულია როგორც Jens Torring Schouboe).  აღნიშნული კონსტრუქტორის სახელზე გაცემული პატენტით, ამავე კომპანიაში იწარმოებოდა ჩემთვის ერთერთი ყველაზე სანუკვარი და საინტერესო  თვითდამტენი პისტოლეტი, რომლის შესახებაც ჩვენს სტატიაში გვექნება საუბარი. 
 
ნახაზი პატენტიდან. განაცხადი შეტანილ იქნა 1903 წლის 20 იანვარს ხოლო პატენტი გაიცა 1903 წლის 14 ივლისს

1903 წელს შოუბომ (მოიხსენიებენ აგრეთვე, როგორც შოუბოე, ან შობო) დააპატენტა თვითდამტენი პისტოლეტი, რომელიც მის მიერ იქნა კონსტრუირებული. პისტოლეტს ოფიციალურად მიენიჭა სახელწოდება „Schouboe M1903“. იგი განკუთვნილი იყო სამოქალქო დანიშნულებისათვის, როგორც თავდაცვითი იარაღი. პისტოლეტში გამოიყენებოდა ბრაუნინგის 7,65მმ-ანი ვაზნები და მისი მუშობის პრინციპი დაფუძნებული იყო თავისუფალი საკეტის სქემაზე. პისტოლეტის კონსტრუქცია გამოირჩეოდა სიმარტივით და საიმედოობით, თუმცა ვერ მოიპოვა პოპულარულობა სამოქალქო იარაღის ბაზარზე, რის შედეგადაც მათი წარმოება მალევე შეწყდა. გარკვეული წყაროების თანახმად სულ გამოშვებლ იქნა 1000 ცალ ეგზემპლარამდე, რომლებიც 1908 წლამდე იყიდებოდა.
სამწუხაროდ ვერ შევძელი მომეპოვებინა Schouboe M1903-ის ორიგინალური ფოტოსურათი, ამიტომ მისი ნახატი ამოვიღე რუსული А.Б. Жук-ის ცნობარიდან.

ვინაიდან სამოქალაქო ბაზარზე შოუბოს პისტოლეტზე არ წამოვიდა დიდი მოთხოვნა და გაყიდვები ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობდა, კონსტრუქტორმა გადაწყვიტა შეექმნა საარმიო მოდელი, რომლითაც პირველ რგში დანიის არმია დაინტერესდებოდა.  
შოუბომ გადაწყვიტა არ გამოეგონებინა ველოსიპედი და გადაემუშავებინა უკვე არსებული 1903 წლის მოდელი, მაგრამ წარმოიქმნა გარკვეული ნიუანსი. 1903 წლის მოდელი გათვლილი იყო ბრაუნინგის სუსტ 7,65მმ-ან ვაზნაზე, რომელიც არ გამოდგებოდა საარმიო პისტოლეტისათვის, შესაბამისად ახალ პისტოლეტში უნდა გამოეყენებინა სხვა, უფრო ძლიერი ვაზნა. როგორც ავღნიშნეთ 1903 წლის მოდელი დაფუძნებული იყო თავისუფალი საკეტის პრინციპზე, ამიტომ ძლიერი ვაზნის გამოყენების შემთხვევაში მისი მუშაობის პრინციპი უნდა შეცვლილიყო. გარდა მუშაობის პრინციპისა ხაზგასასმელი იყო ის ფაქტორიც, რომ სუსტი ვაზნის გამოყენების გამო 1903 წლის მოდელის პისტოლეტი და მისი საკეტი იყო ძალიან მსუბუქი.
იმისათვის, რომ არმია დაინტერესებულიყო პისტოლეტით, შოუბომ გადაწყვიტა პისტოლეტის კალიბრი გაეზარდა 11,35მმ-დე და მისი მუშაობის პრინციპი დაეტოვებინა იგივე, ანუ თავისუფალი საკეტის სქემა.  პირველი მსგავსი პროტოტიპი დამზადებულ იქნა 1906 წელს, რომელიც ტექნიკური თვალსაზრისით იყო იგივე 1903 წლის მოდელი, მხოლოდ გაზრდილი გაბარიტებით. პისტოლეტის კონსტრუქცია აგებული იყო უძრავი ლულისა და თავისუფალი საკეტის პრინციპზე, რომლის საკეტ-გარსაცმიც იყო მოკლე ზომის.

ბუნებრივია გაგვიჩნდა შეკითხვა, თუ როგორ იმუშავებდა ასეთ მსხვილ კალიბრზე გათვლილი პისტოლეტი თავისუფალი საკეტის პრინციპით? საიდუმლო მდგომარეობდა თავად ტყვიის კონსტრუქციაში.
ცნობილ გერმანულ იარაღის და ვაზნების მწარმოებელ კომპანია DWM (Deutsche Waffen und Munitionsfabriken)-თან თანამშრომლობის შედეგად, კონსტრუქტორმა შექმნა ახალი ვაზნა, რომელსაც შემდგომ მიენიჭა სახელწოდება „.45 Schouboe“, ხოლო მისი მეტრული აღნიშვნა ხდებოდა შემდეგნაირად 11.35x17მმ. ვაზნა იყო ცენტრალური აალების ცილინდრისებური ფორმის მასრით და დამუხტული იყო მრგვალ თავიანი ტყვიით, რომლის მასაც (წონა) შეადგენდა სულ რაღაც 3,1 გრამს. პრაკტიკულად ტყვია წარმოადგენდა სპილენძის და ნიკელის კომბინაციისგან დამზადებულ გარსს (პერანგს) რომელსაც ჰქონდა მთლიანად ხისგან დამზადებული გულა და ფსკერზე დამაგრებული ალუმინის საცობი. 


მსხვილკალიბრიანი (11,35მმ-ანი) მსუბუქი ტყვია ანვითარებდა 500 მ/წამამდე საწყის სიჩქარეს. ვინაიდან ტყვია იყო ძალზედ მსუბუქი, პისტოლეტიდან სროლისას მისი უკუცემა მინიმუმადე იქნა დაყვანილი. მსუბუქი ტყვია მაღალი საწყისი სიჩქარის წყალობით ასწრებდა ლულის არხის დატოვებას მანამდე, სანამ საკეტი დაიწყებდა გახსნას, ხოლო ტყვიის მიერ ლულის დატოვების შემდეგ, ლულაში რჩებოდა საკმარისი წნევა, რათა მომხდარიყო თავისუფალი საკეტის ავტომატური უკუსვლა, მასრის ექსტრაქცია და დაფარული ჩახმახის საბრძოლო მდგომარეობაში შეყენება (შემართვა).
მიუხედავად იმისა, რომ ტყვია იყო მსუბუქი, მისი ენერგია მაღალი საწყისი სიჩქარის გამო ლულიდან გამოსვლისას შეადგენდა 388 ჯოულს, თუმცა ტყვიის მცირე მასა (წონა) განაპირობებდა საწყისი ენერგიის სწრაფ ვარდნას. გარდა აღნიშნული ფაქტორისა მისი ზისუსტე იყო ძალიან ცუდი.
გარკვეული საცდელი სროლების შემდგომ კონსტრუქტორი შეეცადა პერანგის გასქელებით დაემძიმებინა ტყვიის მასა (წონა) და შექმნა ოდნავ დამძიმებული ტყვია რომელიც იწონიდა 3,6 გრამს, ხოლო შემდგომ კი მისი დამძიმება მოხდა 4,2 გრამამდე, რომლის საწყისი სიჩქარე შეადგენდა 485 მ/წამს ხოლო საწყისი ენერგია ლულიდან გამოსვლისას იყო 493 ჯოული. 


ცნობილია, რომ ვაზნაში გამოიყენებოდა უკვამლო დენთის მუხტი, რომლის მასაც შეადგენდა დაახლოებით 0,67 გრამს. (ცნობისათვის კოლტის სტანდარტული .45 ACP ვაზნის დენთის მუხტი იმ დროისათვის შეადგენდა 0,37 გრამს, მაგრამ მისი ტყვიის მასა იყო 14,9 გრამი).
ტყვიის დამძიმებით გაიზარდა მისი საწისი ენერგიაც და შემაჩერებელი (შემაკავებელი) მოქმედებაც, თუმცა პისტოლეტის სიზუსტე მაინც არ იყო დამაკმაყოფილებელი, რადგანაც ტყვიის მასა მის დიამეტრთან (კალიბრთან) შედარებით კვლავ მსუბუქი იყო. გარდა აღნიშნულისა არასათანადოდ იქნა შერჩეული ლულის ჭრილების ბიჯი, რომელიც არ შეესაბამებოდა ტყვიის სიჩქარეს, რაც თავის მხრივ ვერ ასრულებდა ტყვიის ფრენის სათანადო სტაბილიზაციას და ცუდად აისახებოდა სიზუსტეზე. ტყვიის არასტაბილური ფრენიდან გამომდიარე იყო შემთხვევები, როდესაც ტყვია მიზანს ხვდებოდა არა ცხვირის ნაწილით როგორც წესია, არამედ გვერდულად. ყველაფერთან ერთად დიდი მოცულობის დენთის მუხტის აალეებას თან ახლდა ლულიდან გამოვარდნილი ჭარბი ცეცხლის ალი, რომელიც ღამით სროლისას, ფაქტიურად აბრმავებდა მსროლელს.
საბოლოოდ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება პისტოლეტები დამზადებულიყო 11,35მმ-ანი და 4,2 გრამიანი ხის გულარიანი ტყვიით დამუხტულ ვაზნებზე .45 Schouboe, რომელიც დღევანდელ ლიტერატურაში შეიძლება აღინიშნებოდეს სხვადასხვა სახით: 11.35 Danish Schouboe / 11.35x17 SR Schouboe / 11,35×18  Schouboe /11.35 mm Schouboe Selbstlade-Guns  / 11.35 mm Schouboe Auto / 11.45 Schouboe / 11.5 Rohde  / 11 mm Danish  / DWM 192B  / DWM 192C  / SAA 7350  / XCR 11 023 CGC 010  / EB 167.
მოგვიანებით, როდესაც გამოჩნდა კოლტის ლეგენდარული პისტოლეტი M1911, კონსტრუქტორმა სცადა მის პისტოლეტში .45 ACP ვაზნების გამოყენებაც, მაგრამ თავისუფალ საკეტთან აღნიშნული ვაზნები არ იყო თავსებადი და სავალალო შედეგებით სრულდებოდა.


ვაზნების წარმოება მცირე პარტიებად დაიწყო დანიურმა კომპანიამ DRS (Dansk Rekylriffel Syndakat) და გერმანულმა DWM (Deutsche Waffen und Munitionsfabriken), რომელთა წარმოებაც გაგრძელდა 1920-იანი წლების დასაწყისამდე. 



DRS-ის მიერ წარმოებული 11,35х17მმ-ანი ვაზნები ორიგინალური მუყაოს შეფუთვით

როგორც უკვე ავღნიშნეთ პირველი პროტოტიპები გათვლილი 11,35მმ-ან ვაზნაზე (.45 Schouboe) დამზადდა 1906 წელს, ხოლო მათი სერიული წარმოება დანიურმა ფაბრიკამ «Dansk Rekylriffel Syndakat» -მა წამოიწყო 1907 წელს. პისტოლეტს მიენიჭა სახლწოდება „Schouboe M1907“, რომლის წარმოებაც გაგრძელდა 1917 წლამდე (ზუსტად ამავე წელს მისმა კონსტრუქტორმა დატოვა ფაბრიკაში დაკავებული თანამდებობა). ვარაუდობენ რომ სულ გამოშვებული პისტოლეტების საერთო რაოდენობამ მიაღწია 500 ცალ ეგზემპლარს, რომელთა უმეტესობა განსხვავდებოდა ერთმანეთისგან სხვადასხვა მოდიფცირების გამო. მოდიფიკაციების დეტალებზე ქვემოთ მოგახსენებთ.
ვინაიდან პისტოლეტი M1907 იყო M1903-ის მოდიფიცირებული ვარიანტი გათვლილი უფრო მსხვილ კალიბრიან ვაზნაზე, ხშირად მას აღნიშნავდნენ როგორც Schouboe M 03/07.

საბოლოო ცდების შემდეგ დანიის ხელისუფლების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება არ მიეღოთ პისტოლეტი შეიარაღებაში. გარდა დანიისა პისტოლეტ M1907-ის გამოცდები მიმდინარეობდა აგრეთვე სხვადასხვა ქვეყნებშიც მათ შორის დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუმცა არცერთ ქვეყანაში არ დაიმსახურა მოწონება და არ იქნა მიღებული შეიარაღებაში. ყველა ვისაც კი მოუწია პისტოლეტის გამოცდა, მასში გამოყენებული ხის გულარიანი ტყვიის გამო ვერ აღიქვამდნენ მას სერიოზულად.
დამაზდებული პისტოლეტების უმეტესობა გაცემულ იქნა როგორც სასაჩუქრე იარაღი. აგრეთვე პისტოლეტების ნაწილი  პრიზის სახით გადაეცათ  დანიის სამხედრო სასწავლებლების და კადეტთა კორპუსის კურსდამთავრებულებს. რიგი წყაროების თანახმად პისტოლეტები საჩუქრის სახით მისცეს იმ მაღალჩინოსნებსაც, რომლებიც წყვეტდნენ ტყვიამფრქვევ «Madsen»-ის შეიარაღებაში მიღების და წარმოების ბედს.

კონსტრუქცია / აგებულება
მფლობელების გამოხმაურებებს თუ დავუჯერებთ, პისტოლეტის კონსტრუქცია მარტივადაა შესრულებული. თუმცა დამზადების ხარისხი არც ისე მაღალ დონეზეა. ეს იმით არის განპირობებული, რომ ხშირი კონსტრუქციული ცვლილებების გამო, მზადდებოდა სხვადასხვა საცდელი პროტოტიპები, რომლებიც შემდგომ მოხვდა კერძო მფლობელების ხელში. შესაბამისად მათი დაფარვა და დეტალების დამუშავება არ ხდებოდა ისე, როგორც სერიულ ეგზემპლარებზე.
პისტოლეტის დროშისებური მცველი განთავსებული იყო ჩარჩოზე მარცხენა მხარეს ტარის ზევით
ჩახმახი იყო დახურული ტიპის, ხოლო პისტოლეტის ვაზნებით კვება ხორციელდებოდა ერთრიგიანი ევქს ვაზნიანი სავაზნე კოლოფით, რომლის დაფიქსირება პისტოლეტის ტარში ხდებოდა ტარის ფსკერზე განთავსებული ზამბარიანი ღილაკის მეშვეობით. რათქმაუნდა 6 ვაზნა იმ პერიოდშიც უკვე ერთგვარ მინუსად ითვლებოდა, რადგანაც უკვე არსებობდა მოდელები 8-9 ვაზნიანი კოლოფებით.
 

პისტოლეტის საკეტ-გარსაცმი აწეულია ლულის ხაზს ზემოთ, რაც იმით არის განპირობებული, რომ საკეტ-გარსაცმის დამაბრუნებელი ზამბარა სწორედ ამ ნაწილშია განთავსებული.
პისტოლეტის სამიზნე მოწყობილობა არის ღია არარეგულირებადი ტიპის, თუმცა რამოდენიმე ეგზემპლარი დამზადებულ იქნა რეგულირებადი უკანა სამიზნეთიც.

რაც შეეხება პისტოლეტზე დატანილ მარკირებას, იგი გვხვდება საკეტ-გარსაცმზე მარცხენა მხრიდან და ჩარჩოზე მარჯვენა მხრიდან წარწერის სახით
 

მოდიფიკაციები / ვარიანტები
მიუხედავად იმისა, რომ პისტოლეტი თავისუფალი საკეტისა და ხის გულარიანი მსუბუქი ტყვიის გამოყენებიდან გამომდინარე თავიდანვე განწირული იყო, რამოდენიმე წლის მანძილზე კონსტრუქტორი ცდილობდა ცვლილებები შეეტანა პისტოლეტის კონსტრუქციაში და გაეუმჯობესებინა მისი მოდელი M1907. თუმცა ძირითადი ცვლილებები ეხებოდა მხოლოდ პისტოლეტის ერგონომიულობას:
·         ტარის დახრის კუთხე;
·         სამიზნე მოწყობილობები;
·         ტარის ლოყების ფორმა;
·         დროშისებური მცველის ბერკეტის ფორმა;
·         სავაზნე კოლოფის ტარში დასაფიქსირებელი ღილაკის ფორმა;
·         ქამრის(თასმის) ყულფის სამაგრი;
·         რიგ ეგზემპლარებს ტარზე გააჩნდათ აგრეთვე ხის კონდახისებური ბუდის (კაბურის) სამაგრი.
ეს ცვლილებები რათქმაუნდა უფრო მოსახერხებელს ხდიდა პისტოლეტის გამოყენებას, თუმცა ძირითადი მინუსი პისტოლეტის ხის გულარიანი საბრძოლო ვაზნის სახით მაინც უცვლელი რჩებოდა.


Schouboe M1907 ერთერთი პირველი მოდელი, რომლის დროშისებური მცველი განთავსებულია ჩარჩოზე ტარის ზევით უკანა ნაწილში.



მოდელი გაზრდი სასხლეტი კავის დამცავი რგოლით, რომელიც სავარაუდოდ განკუთვნილი იყო ცივ კლიმატურ პირობებში ხელთათმანით გამოყენებისათვის



ერთერთი პროტოტიპი დახრილი ტარით და შეცვლილი ფორმის დროშისებური მცველით, გამარტივებული სამიზნე მოწყობილობით და საკეტის ფორმით.





საბოლოოდ შექმნილი M1907. 1910 წელს შეიცვალა საკეტის ფორმა და მთელს სიგრძეზე გვერდებიდან გაუკეთდა ვერტიკალური ნაჭდევები თითების უკეთ მოსაჭიდებლად. 

არსებობს მოსაზრება, რომ ასეთი მოდელი პროტოტიპის სახით დამზადდა 9მმ-ან ვაზნაზეც. მხოლოდ არაა დაკონკრეტებული თუ რომელი 9მმ-ანი ვაზნები გამოიყენებოდა მასში. 

1912 წელს მცირე პარტიად დამზადდა აგრეთვე Schouboe M1907 / 1912 (მოიხსენიებენ როგორც 1912 წლის მოდელს), რომელსაც უკეთესი ერგონომიულობისათვის გააჩნდა უფრო მოზრდილი ტარის ლოყები და მცველის ბერკეტი იყო დაგრძელებული, რათა მიზნისკენ მიმართული პისტოლეტის შემთხვევაში მსროლელს ადვილად მოეხდინა ცერა თითით ბერკეტის აწევა-ჩამოწევა.


მოდელი М1903 შეიძლება ჩავთვალოთ იმდროისათვის დამაკმაყოფილებელ თვითდამტენ პისტოლეტად, რადგანაც მასში გამოიყენებოდა 7,65მმ-ანი ბრაუნინგის ვაზნა და მისი საცეცხლე ძალა იყო სხვა ანალოგიურ ვაზნაზე გათვლილი პისტოლეტების მსგავსი, რაც შეეხება მოდელს  М1907, მისი ყველაზე სუსტი მხარე იყო სწორედ უცნაური ხის გულარიანი ვაზნა.  

ალბათ Schouboe M1907-ის ვაზნის 11,35x17 ტყვია რომ ყოფილიყო უფრო მძიმე და პისტოლეტში გამოყენებულიყო სხვა ჩაკეტვის გადაწყვეტილება (არა თავისუფალი საკეტი), ამ შემთხვევაში შესაძლოა წარმატებით დასრულებულიყო მისი ისტორია, თუმცა იგი შეიქმნა ისეთი, როგორიც კონსტრუქტორს ჰქონდა ჩაფიქრებული და მიუხედავად მისი კრახით დასრულებისა, Schouboe M1907 დღემდე რჩება ერთერთ განუმეორებელ ეგზემპლარად რომელსაც ძალზედ იშვიათად თუ შევხვდებით დღეს.



No comments:

Post a Comment