1860-ანი წლების მიწურულს და 1870-ანი წლების დასაწყისში
ევროპის ქვეყნების უმეტესობამ შეიარაღებაში მიიღო უნიტარულ ვაზნაზე გათვლილი ერთმუხტიანი
საარმიო შაშხანები და კარაბინები. ამის პარელელურად გარკვეულ ქვეყნებში ინტენსიურად
მიმდინარეობდა მრავალმუხტიანი შაშხანების შემუშავება, რომელსაც იმ პერიოდში უწოდებდნენ
მჭიდიან შაშხანებს და „Repeating rifle“-ს (ე.წ. განმეორებითი შაშხანა), რომელიც მსროლელს
ყოველი გასროლის შემდეგ განმეორებით უნდა გადაეტენა ხელის მოძრაობით.
ევროპაში პირველი მრავალმუხტიანი შაშხანა შეიარაღებაში
მიიღო შვეიცარიამ. ეს გახლდათ ვეტერლის სისტემის შაშხანა მოდელი 1869 „Vetterli
M1869 rifle“. ამ ამბიდან ძალიან მალე, შვეიცარიის მსგავსად მჭიდიანი იარაღი მოხვდა
ავსტრია-უნგრეთის ჟანდარმერიის და სასაზღვრო ჯარების შეიარაღებაში. ეს მოდელი დღეს
ცნობილია სახელწოდებით „Früwirth M1872 Gendarmerie Carbine“.
„Früwirth M1872 Gendarmerie Carbine“
იგი წარმოადგენდა გრძივად
მოსრიალე საკეტის მქონე 8 მუხტიან იარაღს, რომელიც ფერდინანდ ფრუვირტის (Ferdinand
Früwirth) მიერ იქნა შემუშავებული. შაშხანამ ოფიციალური გამოცდები გაიარა 1869 წლიდან 1872 წლის ჩათვლით. გამოცდებმა აჩვენა,
რომ შაშხანა ძალზედ ფაქიზი იქნებოდა საარმიო იარაღის ამპლუაში. საბოლოო გამოცდების
დასრულების შემდეგ, კერძოდ 1972 წელს იგი მოკლე კარაბინის სახით მიღეს ჟანდარმერიის და სასაზღვრო ჯარების შეიარაღებაში.
შეიარაღებაში მიღებისას იარაღს ოფიციალურად მიენიჭა სახელწოდება „Gendarmerie
Repetier Carbine M1872“.
საკეტის სახელური
როგორც უკვე ავღნიშნეთ სტატიის ზევით, ფრუვირტის სისტემის
კარაბინი მუშაობდა გრძივად მოსრიალე საკეტის პრინციპით, რომლის გადატენასაც მსროლელი
ყოველი გასროლის შემდეგ მოგრძო სახელურის მეშვებით ხელით ანხორციელებდა. იარაღის ვაზნებით
კვება ხდებოდა ლულის ქვეშ განთავსებული მილისებური მჭიდით.
მჭიდის მოქმედების სქემა
მჭიდში თავსედებოდა 6 ცალი
ვაზნა, თუმცა შესაძლებელი იყო მე-7-ე ვაზნის განთავსება სპეციალურ მიმწოდებელზე და
დამატებით კიდევ ერთი ვაზნის ხელით ჩადება პირდაპირ ლულის სავაზნეში. ასეთი მანიპულაციის
შედეგად კარაბინში არსებული საბრძოლო მარაგი ჯამში 8 ცალ ვაზნას შეადგენდა.
მიმწოდებელი, რომელიც მინი კოვშს შეიძლება შევადაროთ.
გარკვეულ წყაროებში აღნიშნული მიმწოდებელი მოხსენიებულია, როგორც კოვზი.
როგორ
მუშაობდა ვაზნებით კვება/მიწოდების სისტემა? მივყვეთ თანმიმდევრულად: 1. საკეტის უკან გადაწევის
დროს ლულიდან ამოვარდებოდა მასრა; 2. მიმწოდებელი (კოვშის მსგავსად) ამოიწეოდა ზევით და მასზე განთავსებული
ვაზნა მოექცეოდა ლულის სავაზნესთან (ანუ მიწოდების ხაზზე); 3. საკეტის წინ გადაადგილებისას
მიმწოდებელზე მოთავსებული ვაზნა შევიდოდა ლულის სავაზნეში; 4. საკეტის სახელურის ბოლომდე
დაკეტვის დროს მიმწოდებელი დაუბრუნდებოდა ქვედა პოზიციას (ჩაიწეოდა), რის შემდეგაც
მილისებურ მჭიდში მოთავსებული ვაზნა ზამბარის წყალობით მოხვდებოდა მიმწოდებელზე. ასე
მეორდებოდა მთელი ციკლი სანამ ბოლომდე არ მოხდებოდა ვაზნების გახარჯვა. კარაბინის გამოყენება ასევე შესაძლებელი იყო, როგორც
ერთმუხტიანი იარაღის სახით. ანუ მსროლელი ყოველი გასროლის მერე გახსნიდა საკეტს, ხელით
ჩადებდა ვაზნას სავაზნეში და დაკეტავდა საკეტს.
კარაბინი დაკომპლექტებული იყო ხიშტით, რომელიც იწონიდა
375 გრამს და მაგრდებოდა ლულის ბოლოში
იარაღის უკანა ღია სამიზნე მოწყობილობა იყო რეგულირებადი
ტიპის და გააჩნდა 6 დანაყოფი 100 დან 600 ნაბიჯამდე (80-480 მეტრამდე) სროლისთვის.
იარაღის სარეცელი დამზადებული იყო ხისგან, რმელსაც ჰქონდა
მოკლე ტიბჟირი და კონდახის სწორი კისერი. კონდახის ბოლოში დამაგრებული იყო L-სებური
ფორმის ფოლადის საზურგე. კონდახზე და ტიბჟირზე დამაგრებული იყო ღვედის სამაგრი რგოლები.
კარაბინი გათვლილი იყო უკვამლო დენთით დამუხტულ ვაზნაზე
11,15х36 R, რომელიც 1971 წელს შემუშავდა კომპანია „George Roth & Co“-ს მიერ ავსტრიული
საარმიო ვაზნის „11.2x35.6R Werndl“ ბაზაზე.
ვაზნა 11,15х36 R
მისი მასრა დამზადებული
იყო ტომპაკისგან და გააჩნდა ე.წ. ქიმურა (რანტი). დენთის მუხტის წონა შეადგენდა
2,18 გრამს, ხოლო რბილი (გარსის გარეშე) ტყვია იწონიდა 20,3 გრამს. ტყვიის საწყისი
სიჩქარე ლულიდან გამოსვლისას შეადგენდა 298 მ/წამს, ხოლო ენერგია 901 ჯოულს. შეიძლება
ითქვას, რომ ვაზნა 11.15x36 R ჯერ კიდევ იმ ეპოქისათვის იყო სუსტი და შორ მანძილზე
სროლისას არ გამოირჩეოდა მაღალი ბალისტიკური მახასიათებლებით. სხვადასხვა ლიტერატურაში
გვხვდება მისი აღნიშვნის რამოდენიმე ვარიანტი. მაგალითად: „11.15x36 R Carbine
1882“ / „11.2x36 R Frühwirth Gendarmerie Repetierkarabiner Mod. 1872“ / „11 mm
für Gendarmerie-Repetier-gewehr Scharfe Patrone“.
ვაზნის ფუძე, რომელზეც დატანილია გეორგ როტის სავაჭრო ნიშანი
საერთო ჯამში კარაბინი Fruwirth M1872 იყო მსუბუქი,
მოსახერხებელი და საინტერესო იარაღი, რომელსაც ჰქონდა იმ პერიოდისათვის საკმაოდ მაღალი სწრაფსროლა. იარაღში მოთავსებული
8 ცალი ვაზნის გასროლა შესაძლებელი იყო 16 წამში, ხოლო იარაღის ლულისქვეშა მჭიდში
6 ცალი ვაზნის ჩალაგებას ესაჭიროებოდა 12 წამი.
იარაღის ძირითადი წარმოება მიმდინარეობდა ფერდინანდ
ფრიუვირტის საიარაღო სახელოსნოში და მცირე რაოდენობით კომპანია „Oesterreichische
Waffenfabriks gesellschaft“ (OEWG) ბაზაზე. სულ ჯამში დამზადებული კარაბინების საერთო
რაოდენობამ შეადგინა 12 000 ცალი ეგზემპლარი, რომელთაგანაც 80% დამზადდა ფერდინანდ
ფრიუვირტის საიარაღო სახელოსნოში, ხოლო 20% „Oesterreichische Waffenfabriks
gesellschaft“ (OEWG) ის მიერ.
1875 წელს კარაბინების წარმოება შეწყვეტილ იქნა. ხოლო
1880 წელს იგი საერთოდ ამოიღეს შეიარაღებიდან.
ამ ფაქტიდან ძალიან მალე შეწყვეტის მისთვის განკუთვნილი ვაზნების გამოშვებაც.
No comments:
Post a Comment