Veselý V-42 / V-43

1938 წელს, როდესაც გერმანიამ დაიწყო ჩეხოსლოვაკიის ოკუპირება, Brno-ში მდებარე იარაღის ქარხანაში „Zbrojovka Brno Arms“ მოღვაწე ერთერთმა ნაკლებად ცნობილმა  კონსტრუქტორმა იოზეფ ვესელმა (Josef Veselý) დატოვა ჩეხოსლოვაკია და თავი შეფარა დიდ ბრიტანეთს.
დიდ ბრიტანეთში გაქცეულმა ვესელმა 1939 წელს მუშაობა დაიწყო 9x19 Parabellum-ის პისტოლეტის ვაზნაზე გათვლილ ავტომატურ კარაბინზე, რომელიც საბოლოო სახით 1940 წლის მიწურულს დააპროექტა. ამავე წელს მან ავტომატური კარაბინის ნახაზები გაუგზავნა ბრიტანეთის საარტილერიო სამმართველოს, საიდანაც იარაღის განხილვაზე მიიღო უარი. უარი არ იყო უსაფუძვლო, რადგანაცა ბრიტანეთის არმიამ იმ პერიოდში დაასრულა გამოცდები და შეიარაღებაში მიიღო ახალი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი „Lanchester“, რომელიც გერმანული  MP28/II -ის ბაზაზე იყო შემუშავებული.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა 1941 წელს ვესელმა საკუთარი ძალებით დაამზადა მუშა პროტოტიპი სამუშაო სახელწოდებით „V-41“, რომელიც 1942 წლის ოქტომბერში გადასცა ბრიტანეთის საარტილერიო საბჭოს. პროტოტიპის წინასწარი შესწავლისას საარტილერიო კომისია დაინტერესდა ვესელის ეგზემპლარით და გადაწყვიტეს განეხორციელებინათ მისი გამოცდა. 1942 წლის ნოემბერს ენფილდში მდებარე ცეცხლსასროლი იარაღის სამეფო ქარხანამ (Royal Small Arms Factory) (იგივე RSAF Enfield) დაიწყო ვესელის პროტოტიპის გამოცდა. გამოცდებისას პროტოტიპმა საერთო ჯამში დააკმაყოფილა საარტილერიო კომისიის მოთხოვნები, თუმცა დაბინძურებულ პირობებში მუშაობისას წარმოიქმნა რიგი შეფერხებები, რამაც მოითხოვა პროტოტიპის მცირედი გადამუშავება. გადამუშავების შედეგად ვესელმა წარმოადგინა ახალი პროტოტიპი სამუშაო სახელწოდებით „V-42“, რომლის გამოცდაც უკვე გაგრძელდა სამეფო სამხედრო-საზღვაო ფლოტის მიერ. ამჯერად კომისიამ პროტოტიპი დაიწუნა  ზედმეტად დიდი უკუცემის, მაღალი სროლის ტემპის და რთული კონსტრუქციის გამო.
 არასრულად დაშლილი V-42. ხიშტი არის დაკეცილ მდგომარეობაში
იარაღს ლულის ბოლოში ჰქონდა ხიშტის სამაგრი. თუ მსროლელს არ ესაჭიროებოდა ხიშტი, მაშინ ხდებოდა მისი დაკეცვა და უკუღმა დაფიქსირება ლულის გარსაცმის პარალელურად.
ვესელის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევები მუშაობდა თავისუფალი საკეტის პრინციპით და შეეძლო სროლის წარმოება, როგორც ერთეული გასროლებით, ასევე სრულიად ავტომატური ჯერებით. სროლის ტემპი შეადგენდა 900-1000 გასროლას წუთში.
სროლის რეჟიმების (ამავდროულად მცველის) ბერკეტი განთავსებული იყო მარცხენა მხარეს სასხლეტის წინ
კონსტრუქციულად პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი წარმოადგენდა მილს, რომელზეც მაგრდებოდა კონდახი და ლულა თავისი გარსაცმით. იარაღის უკანა სამიზნე მოწყობილობა იყო 3 პოზიციიანი: 100, 200 და 300 იარდზე სასროლათ.
V-42-ის ნახაზი ფოტოზე ჩანს ორ სექტორიანია მჭიდი და კონდახში განტავსებული დამაბრუნებელი ზამბარა
პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის მთავარ განმანსხვავებელ თვისებას წარმოადგენდა კოლოფისებური მჭიდი, რომელიც ვერტიკალური ტიხარით იყო გაყოფილი და ფაქტიურად წარმოადგენდა ერთ კორპუსში მოქცეულ 2 ცალ (შეწყვილებულ) მჭიდს. მჭიდის წინა განყოფილებაში თავსდებოდა 31 ცალი ვაზნა, ხოლო მეორე (უკანა) განყოფილებაში 29 ცალი ვაზნა. ჯამში ორივე განყოფილების ტევადობა შეადგენდა 60 ცალ ვაზნას. იარაღის მჭიდში და კონსტრუქციაში გამოიყენებოდა სპეციალური მექანიზმი, რომელიც საკეტის მოძრაობისას ახდენდა ვაზნების მიწოდებას ჯერ წინა განყოფილებიდან, ხოლო როდესაც წინა განყოფილებაში გამოილეოდა ვაზნები, მჭიდის მიმღებში განთავსებული სპეციალური ბერკეტი გაანთავისუფლებდა მჭიდის უკანა განყოფილებაში მოთავსებულ ვაზნებს და ვაზნების მიწოდება გაგრძელდებოდა მჭიდის უკანა განყოფილებიდან. 
ნახაზი ორიგინალური პატენტიდან
 
1943 წელს ვესელის პროტოტიპით დაინტერესდა შეზუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „British Graphitised Metals Co Ltd“, რომელმაც დააფინანსა პროექტი და იარაღის დამზადების უფლება გადასცა „VAP Holdings Ltd“ -ს. აღნიშნულმა საწარმომ 1943 წლის ივნისში დაამზადა სულ 6 ცალი გადამუშავებული საცდელი პროტოტიპი.
V-42 მოხსნილი ხიშტით
საცდელი პროტოტიპებიდან 3 ცალი ეგზემპლარი იყო სტანდარტული ფეხოსანთა ვარიანტი „V-42“, ხოლო 3 ცალი წარმოადგენდა მოდიფიცირებულ ვარანტს სახელწოდებით „V-43“.
ვარიანტი პარაშუტისტებისთვის „V-43“
ეს უკანასკნელი სპეციალურად საპარაშუტო დესანტისთვის შექიმნა. „V-43“ სტანდარტული ვარიანტისგან განსხვავდებოდა მარტივად მოხსნადი კონდახით და ლულის ბლოკით, რომელიც ხრახნიანი შეერთებით მაგრდებოდა ლულის კოლოფზე. ასეთი გადაწყვეტილებით საჰაერო დესანტის მოდიფიკაცია „V-43” მარტივად იშლებოდა 3 ცალ შემადგენელ ნაწილად (კომპონენტად) და 3 ცალ მჭიდთან ერთად ინახებოდა სპეცილურ შალითაში. იმისათვის, რომ იარაღიდან მოხსნილი კონდახიდან არ ამოვარდნილიყო დამაბრუნებელი ზამბარის მექანიზმი, სადესანტო ვარიანტს (V-43) გააჩნდა სპეციალური ფიქსატორი, რომლის წყალობითაც დამაბრუნებელი ზამბარა და მისი მექანიზმი საიმედოდ ფიქსირდებოდა მოხსნილ კონდახში არსებულ ბუდეში, რაც თავისთავად გამორიცხავდა მექანიზმის დაზიანებას ან ტრანსპორტირებისას დაკარგვას.
1944 წელს 4 ცალი პროტოტიპი გადაეცა საარტილერიო საბჭოს. საბჭომ გადაწყვიტა, რომ ჩაეტარებინათ ეგზემპლარების საფუძვლიანი გამოცდა. გამოცდები მიმდინარეობდა უელსთან მდებარე სოფელ პენდინში (Pendine) და კანადაში კვებეკის რეგიონში მდებარე სოფელ ვალკარტიეში (Valcartier).  იარაღი კარგად ფუნქციონირებდა, თუმცა კომისიამ მისი კონსტრუქცია როგორც უწინ ამჯერადაც ზედმეტად რთულად ჩათვალა. აღნიშნულ გამოცდებზე საუკეთესოდ დასახელდა George William Patchett-ის და  Birmingham Small Arms (BSA)-ის მიერ დამზადებული საცდელი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევები.
მიუხედავად იმისა, რომ V-42 და V-43 წარმოადგენდა საკმაოდ საინტერესო იარაღს, ბრიტანეთის არმიამ არ მიიღო იგი შეიარაღებაში და მხოლოდ საცდელ ეგზემპლარად დარჩა. ამის მთავარ მიზეზს წარმოადგენდა წარმოების სირთულე და მისი ღირებულება, რომელიც ვერ უწევდა კონკურენციას იმ ეპოქის მარტივი კონსტრუქციის მქონე პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებს.

No comments:

Post a Comment