Smith & Wesson M1917

სტატიაში რევოლვერი COLT M-1917  ჩვენ ვისაუბრეთი ამ კონკრეტული მოდელის რევოლვერის შექმნის საჭიროებაზე და იმაზე თუ რა პრინციპით მოხდა მისი შეიარაღებაში მიღება. ზუსტად იმავე პერიოდში, იგივე მიზნით ამერიკულმა კომპანია “Smith & Wesson”-მა  შეიმუშავა მოდელი, რომელიც ოფიციალურ შეიარაღებაში წავიდა სახელწოდებით „.45 Hand Ejector US Service, M1917“ (შემოკლებით „S&W M1917“).
რევოლვერი „S&W M1917“

იგი შემუშავდა “Smith & Wesson” -ის მოდელის „Second Model .44 Hand Ejector“ ბაზაზე და წარმოადგენდა ორმაგი მოქმედების სასხლეტ მექანიზმიან რევოლვერს, რომელიც მთლიან ჩარჩოს იყენებდა. ჩარჩო სმიტ ვესონის რევოლვერების კლასიფიკაციის თანახმად წარმოადგენდა  ეგრედწოდებულ „N“ ტიპს (N-Frame).
 
 
„Smith & Wesson“-ის ქარხანაში შეიმუშავეს  ნახევარმთვარისებური ფორმის ვაზნის დამჭერი კლიპები, რომელიც „S&W M1917“-ში და “Colt M1917”-ში გამოიყენებოდა. მოგვიანებით საწარმოდან არმიას მიეწოდებოდა კოლოფშივე ასეთ ნახევარმთვარისებურ დამჭერებში ჩალაგებული .45ACP ტიპის ვაზნები.
ნახევარმთვარისებურ დამჭერებში (ე.წ. კლიპებში) ჩალაგებული ვაზნები
 
„Smith & Wesson M1917“-ის დოლურაში არსებული სავაზნე კამერები ისე იყო გაკეთებული, რომ მასში ვაზნების მოთავსება დამჭერის გარეშეც შეიძლებოდა. ამ შემთხვევაში ვაზნა დოლურაში ფიქსირდებოდა მასრის ტუჩის მეშვეობით.  მარტივად რომ ვთქვათ მასრა წინა ნაწილით ებჯინებოდა დოლურის კამერებში არსებულ საფეხურისებურ სავაზნე ნაწილის მხარს. მიუხედავად ამისა სამხედროები მაინც იყენებდნენ ვაზნის დამჭერს (ე.წ. კლიპს) რადგანაც ვაზნების დამჭერის გარეშე გარკვეულ სირთულეს წარმოადგენდა დოლურიდან მასრების ამოყრა. ასეთი გადაწყვეტილებას თავდაპირველად არ იყენებდნენ კოლტის რევოლვერში M1917, თუმცა მალევე მათაც დაიწყეს დოლურის სავაზნე კამერების იგივე პრინციპით დამზადება.
მოგვიანებით რევოლვერისთვის შემუშავდა მთლიანი დამჭერერები ე.წ. „full moon clips“, რომლის მეშვეობითაც ერთდროულად 6 ცალი ვაზნა თავსდებოდა დოლურაში და მასრების ექტრაქციაც ერთდროულად ხდებოდა, რამაც საერთო ჯამში დააჩქრა  რევოლვერის დამუხტვის პროცესი. დამუტხვის პროცესის დაჩქარებამ თავის მხრივ გააუმჯობესა პრაქტიკული სწრაფსროლის მაჩვენებელი. ვაზნების დამჭერი კლიპები, რომელიც გამოიყენებოდა Colt M1917 -ში და S&W M1917 -ში მზადდებოდა დრეკადი მეტალის თხელი ფირფიტისგან. აქედან გამომდინარე დოლურასა და ვაზნის ნაწიბურს შორის მოთავსებულ ვაზნების დამჭერ კლიპს გააჩნდა გარკვეული ამორტიზირება. შესაბამისად რომ არ მომხდარიყო მტყუნება (ე.წ. ასეჩკა), ჩახმახს  სჭირდებოდა უფრო მეტი ენერგია რათა გასროლის დროს ძლიერად მოეხდინა ვაზნის კაფსულ-მაალებელზე დარტყმა. სწორად აქედან იყო გამოწვეული ის ფაქტი, რომ რევოლვერის სასხლეტი მექანიზმი გამოვიდა შედარებით უფრო მძიმე და ხისტი, ვიდრე ჰქონდა სხვა ანალოგიური კლასის რევოლვერებს.

გარკვეული პერიოდის შემდეგ (კერძოდ 1920 წელს) კომპანია Peters Cartridge-ის თაოსნობით შემუშავდა ვაზნები აღნიშვნით  .45 Auto Rim (11.5x23R), რომელიც წარმოადგენდა პისტოლეტის ვაზნის .45 ACP ანალოგს, მხოლოდ მისგან განსხვავებით გააჩნდა რევოლვერის ვაზნებისთვის დამახასიათებელი რანტი (ე.წ ქიმურა). ასეთი ვაზნების გამოყენების შემთხვევაში აღარ იყო საჭირო ვაზნების დამჭერი (ე.წ. კლიპი).

რევოლვერი „S&W M1917“ აშშ-ს არმიისთვის სერიულად იწარმოებოდა 1917 წლიდან 1919 წლამდე. ამ პერიოდში აშშ-ს არმიას მიეწოდა დაახლოებით 150 000 ცალი რევოლვერი (რიგი წყაროების თანახმად 153 311 ცალი). რევოლვერებით ძირითადად შეიარაღებულნი იყვნენ დამხმარე დანაყოფები და ზურგში არსებული სამხედრო მოსამსახურეები. პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ რევოლვერების გარკვეული ნაწილი მოხვდა კომერციულ გაყიდვაში და მას იყენებდნენ როგორც სამოქალაქო პირები, ასევე გარკვეული ძალოვანი სტრუქტურები. 1936 წელს ბრაზილიასთან დაიდო სამხედრო კონტრაქტი, რომლის თანახმად კომპანია „Smith & Wesson“ -მა დაამზადა 25 000 ცალი რევოლვერი „S&W M1917“. აგრეთვე  რევოლვერების წარმოება მცირე პარტიებად ხდებოდა კომერციული მიზნით და სხვადასხვა სახის შესრულებით.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში რევოლვერების გარკვეული ნაწილი ამოღებულ იქნა სამხედრო საწყობებიდან და მას ისევ იყენებდა აშშ-ს არმია (ასევე აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსი). ამ პერიოდში „S&W M1917“-ის გარკვეული ნაწილი (ისევე როგორც კოლტის რევოლვერები M1917) გერმანელბმაც ჩაიგდეს ხელში. გერმანელები რევოლვერს აღნიშნავდნენ როგორც „Revolver 662(a)“. 1940 წელს „S&W M1917“ მოხვდა ბრიტანეთის შეიარაღებასი, მაშინ როდესაც იარაღის დიდი ნაწილი გაგზავნილ იქნა სამეფო სამხედრო-საზღვაო ფლოტისთვის.   
„S&W M1917“ კვლავ გამოჩნდა ამერიკელი სამხედროების ხელში ვიეტნამის ომის პერიოდში. მას იყენებდნენ ე.წ. „გვირაბის ვირთხები“, საზღვაო ქვეითები და სხვა მებრძოლები.

No comments:

Post a Comment