რევოლვერი Colt M1917

პირველი მსოფლიო ომის პერიოდში აშშ-ს არმიას შეიარაღებაში არსებული პისტოლეტის „COLT M1911“ კუთხით შეექმნა გარკვეული დეფიციტი. 1917 წლის 10 მაისს საფრანგეთში დისლოცირებული აშშ-ს საექსპედიციო ძალების ხელმძღვანელად დაინიშნა ჯონ პერშინგი  (John Joseph Pershing ცნობილი მეტსახელით Black Jack). გენერალი პერშინგის ერთერთ მოთხოვნას წარმოადგენდა, რომ ყველა ჯარისკაცს შეიარაღებაში ჰქონიდა პისტოლეტი. ამ პერიოდში ამერიკული იარაღის მწარმოებელი გიგანტები „Colt“ და „Springfield Armory“ დაკავებული იყვნენ სხვადასხვა იარაღის შემუშავება-წარმოებით. ამიტომ პისტოლეტების მასიურად წარმოება და შესაბამისი სამხედრო მოსამსახურეებისთვის მიწოდება ვერ ხდებოდა დროულად. შესაბამისად საჭირო იყო რაიმე ალტერნატიული სახის იარაღი, რომლითაც შეავსებდნენ საჭირო მარაგებს და შეაიარაღებდნენ იმ პირებს ვისაც ესაჭიროებოდა მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი. ვინაიდან იმ პერიოდში აშშ-ში პისტოლეტის საშტატო ვაზნას წარმოადგენდა .45 ACP ახალი იარაღიც სწორედ ამ ვაზნაზე უნდა ყოფილიყო გათვლილი. მარტივ გამოსავალს წარმოადგენდა ამერიკაში  არსებული რევოლვერების გადაკეთება ან მორგება საშტატო პისტოლეტის ვაზნაზე. სწორედ ამ მიმართულებით წავიდნენ ამერიკელები და 1917 წელს ორ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ (ამავდროულად კონკურენტ)  კომპანიში შემუშავდა ახალი რევოლვერები.
ეს რევოლვერები იყო Colt-ის ქარხანაში შემუშავებული “U.S. Army Model Colt 1917“ (შემოკლებით Colt M1917) და კომპანია Smith & Wesson-ის მოდელი „.45 Hand Ejector US Service, M1917“. ორივე რევოლვერი 1917 წელს იქნა მიღებული აშშ-ს არმიის შეიარაღებაში.

რევოლვერი „Colt M1917“
 
 
„Colt M1917“ ფაქტიურად წარმოადგენდა პისტოლეტის ვაზნაზე (.45 ACP) გათვლილ „Colt New Service“ -ის (ცნობილია ასევე აღნიშვნით „Colt M1909“) ვარიანტს. იმისათვის, რომ რევოლვერის დოლურაში დაფიქსირებულიყო პისტოლეტის ვაზნა, შემუშავდა სპეციალური დოლურა და ნახევარმთვარისებური ვაზნების დამჭერი (ე.წ. half-moon clips), რომელშიც 3 ცალი პისტოლეტის ვაზნა ფიქსირდებოდა. შესაბამისად ვაზნები ამავე დამჭერით იდებოდა რევოლვერის დოლურაში.  
 
 
Colt M1917 იყო მასიური რევოლვერი მთლიანი ჩარჩოთი და ორმაგი მოქმედების სასხლეტი მექანიზმით. ვაზნების ჩასალაგებლად/მასერების ამოსაყრელად დოლურა გადადიდოა მარცხნივ. მისი წარმოება დაწყებულ იქნა 1917 წელს და გაგრძელდა 1920 წლის ჩათვლით. რიგი წყაროების თანახმად შემორჩენილი და სათადარიგო დეტალებისგან მცირე რაოდენობით მზადდებოდა 1945 წლამდე. სულ დამზადებულ იქნა დაახლოებით 150 000 ცალი რევოლვერი „Colt M1917“.
რევოლვერი Colt M1917 და მისთვის განკუთვნილი  სხვადასხვა ფერის ტყავისგან დამზადებული შალითები
პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ Colt M1917 გამოიყენებოდა, როგორც აშშ-ს სხვადასხვა ძალოვან სტრუქტურებში, ასევე სამოქალაქო პირების მიერ. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში რევოლვერები მცირე რაოდენობით კვლავ გამოიყენებოდა ამერიკელი სამხედროების მიერ. ამ პერიოდში მათი მცირე ნაწილი ნაალაფარის სახით გერმანელებმაც ჩაიგდეს ხელში. გერმანელები რევოლვერს იყენებდნენ ოფიციალური აღნიშვნით „Revolver 661(a)“. Colt M1917-ს აგრეთვე ვიეტნამის ომშიც იყენებდნენ ამერიკელი საზღვაო ქვეითები.

No comments:

Post a Comment