ბერტიეს შაშხანები და კარაბინები (Berthier)

1880-ანი წლების მიწურულს საფრანეთის კავალერიამ უვარგისად ჩათვლა ნიკოლა ლებელის კონსტრუქციის უახლესი ფეხოსანთა შაშხანის (Lebel M1886) დამოკლებული ვარიანტი, რომელიც საკავალერიო კარაბინის ამპლუაში განიხილებოდა. Lebel M1886  პირველ რიგში დაწუნებულ იქნა მისი მილისებური მჭიდის გამო, რადგანაც ასეთი მჭიდის შევსება ცხენზე ამხედრებული კავალერისტისტებისთვის დიდ სირთულეს წარმოადგენდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე 1887 წელს დაწყებულ იქნა სხვადასხვა ეგზემპლარების გამოცდა, ხოლო 1890 წლის 14 მარტს კავალერიის შეიარაღებაში მიიღეს საფრანგეთის სახალხო ინჟინერის ემილ ბერტიეს (Emile Berthier) მიერ შემუშავებული კარაბინი “Berthier M1890”, რომელსაც მიენიჭა ოფიციალური სახელწოდება “Carabine Mle 1890” (შემოკლებით M1890).
 
 ფოტოზე გამოსახულია 1890 წლის მოდელი “Carabine Mle 1890"
 
(ემილ ბერტიე გარდა იარაღისა ცნობილია იმით, რომ მუშაობდა კომპანიაში „Bône-Guelma“ ალჟირის რკინიგზის ინჟინერის თანამდებობაზე). მან საკუთარი შაშხანის კონსტრუქციაზე მუშაობა, ჯერ კიდევ 1880-ანი წლების პირველ ნახევარში დაიწყო, ხოლო შემდგომ მოახდინა მისი მოდიფიცირება.  

“Berthier M1890” წარმოადგენდა გრძივად მოსრიალე მბრუნავი საკეტის პრინციპზე აგებულ ეგზემპლარს. ლულის ჩაკეტვა ხდებოდა ორი ცალი რადიალური საბრძოლო ბჯენით, რომელიც საკეტის თავაკზე წინა ნაწილში იყო განთავსებული. საკეტის თავაკი საკეტის ტანთან შეერთებული იყო ხრახნის მეშვეობით. კონსტრუქცია ისე იყო აგებული, რომ იარაღიდან საკეტის მოსახსნელად საჭირო იყო სახრახნისის გამოყენება. კარაბინს არ გააჩნდა დროშისებური მცველი. ცოტა უცნაურია, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილება განპირობებული იყო იმით, რომ იმ პერიოდში საფრანგეთის სამხედრო წესდების თანახმად მებრძოლი იარაღს მუხტავდა მხოლოდ ზემდგომის ბრძანების შემდეგ. შესაბამისად თუ ვაზნა არ იყო მწოდებული ლულის სავაზნეში, იარაღს არ ესაჭიროებოდა მცველზე დაყენება.

ბერტიეს შაშხანებში და კარაბინებში გამოიყენებოდა იმ პერიოდში საფრანგეთის არმიის საშტატო შაშხანის ვაზნა „8×50R Lebel“. ცნობისთვის აღნშნული ვაზნა არის მსოფლიოში პირველი უკვამლო დენთით დამუხტული ვაზნა, რომელიც შეიარაღებაში მიიღეს. მასში გამოიყენებოდა პოლ მარი ეჟენ ვიელის [Paul Marie Eugène Vieille] უკვამლო დენთი. ვაზნა თავდაპირველად დამუხტული იყო მომრგვალებული ტყვიით, ხოლო შემდგომ მათი დამუხტვა ხდებოდა წვეტიანი (მახვილი) ტყვიებით. აქაც აღნიშნული ვაზნა პიონერია, რადგანაც ითვლება, რომ იგი არის პირველი წვეტიანი  ტყვიით დამუხტული შაშხანის ვაზნა, რომელიც შეიარაღებაში მიიღეს.

ბერტიეს კარაბინის საკეტის კონსტრუქცია აღებულ იქნა ფრანგი გრას (Basile Gras) სისტემის (Mle 1874 Gras) საკეტიდან, რომელსაც ბერტიემ შეუცვალა საბრძოლო ბჯენების განლაგება. ბერტიეს კარაბინში ჩაკეტვა ნაცვლად ჰორიზონტალურისა (ასე იკეტებოდა გრას საკეტი), ხდებოდა ვერტიკალურად. ვაზნებით კვების სისტემა წარმოადგენდა მანლიხერის შაშხანის მოდიფიცირებულ ვარიანტს. (ხშირად ამ მიზეზის გამო მას უწოდებენ ბერტიე-მანლიხერის კარაბინს). ბერტიეს კარაბინს გააჩნდა ინტეგრირებული (არა მოხსნადი) მჭიდი, რომელშიც სიმეტრიული შემკვრელი კლიპით 3 ცალი ვაზნა თავსდებოდა.
 
ბერტიეს კარაბინის 3 ცალ ვაზნიანი შემკვრელი კლიპი
 
მსროლელს უნდა აეღო შემკვრელი კლიპი, ჩაელაგებინა მასში 3 ცალი ვაზნა, გაეხსნა საკეტი და ინტეგრირებულ მჭიდში ჩაედო ვაზნებით შევსებული შემკვრელი კლიპი. ვაზნების გახარჯვის შემდეგ ცარიელი შემკვრელი კლიპი საკუთარი წონის ხარჯზე ვარდებოდა მჭიდის ფსკერზე (ქვემოთა მხრიდან) შესრულებული ფანჯრიდან. მჭიდის მცირე ტევადობა (3 ცალი ვაზნა), განპირობებული იყო იმით, რომ კავალერისტებს ესაჭიროებოდათ ისეთი იარაღი, რომელსაც არ ექნებოდა ზედმეტად გამოშვერილი მჭიდი.

კარაბინი თავდაპირველად შეიარაღებაში მიიღო საფრანეთის კავალერიამ, სახელწოდებით „La carabine de cavalerie Mle 1890“ და ჟანდარმერიამ. ანალოგიური კარაბინი მხოლოდ სახელწოდებით „La carabine de cuirassiers Mle 1890“, შეიარაღებაში მიიღეს კირასირებმა (აბჯროსნებმა).
 
„La carabine de cuirassiers Mle 1890“
კირასირების კარაბინი, კავალერისტების კარაბინისგან განსხვავდებოდა იმით, რომ კონდახის საზურგე ნაცვლად მეტალისა, დამზადებული იყო ტყავისგან და კონდახის დახრის კუთხე (ასევე მისი გეომეტრია) იყო ოდნავ განსხვავებული.

ბერტიეს კარაბინების ძირითადი წარმოება ხდებოდა ფაბრიკაში „Manufacture d'Armes de St Etienne“ (MAS) და „Manufacture d'Armes de Chatellerault“ (MAC), თუმცა მოგვიანებით სხვა ფრანგული საწარმოებიც ჩართვნენ წარმოების პროცესში.
ფოტოზე გამოსახულია საარტილერიო კარაბინი "Mousqueton Mle 1892"

1892 წელს შეიარაღებაში წავიდა საარტილერიო კარაბინი “Berthier M1892” (ოფიციალური სახელწოდება Mousqueton Mle 1892), რომელსაც გააჩნდა უფო მოკლე ტიბჟირი და ტესაკის (ტისაკის) ტიპის ხიშტ-დანის სამაგრი.
 
ფოტოზე გამოსახულია 1892 წლის კარაბინის გეჯა
 
ფოტოზე გამოსახულია 1892 წლის კარაბინის გეჯა და საკეტი
 
კოლონიალური მოდელები
1902 წელს ბერტიეს სისტემის კარაბინის ბაზაზე შეიქმნა შაშხანა, რომელიც სპეციალურად ინდო-ჩინეთის კოლონიალური ჯარისთვის შემუშავდა. იგი იყო უფრო მსუბუქი და მოკლე, ვიდრე საფრანგეთის არმიის საშტატო შაშხანა „Lebel М1886/93“. ამიტომ უკეთეს ვარიანტს წარმოადგენდა აზიური კოლონიის რიგებში მომსახურე მომცრო აღნაგობის მქონე  ჯარისკაცებისთვის. მას ოფიციალურად მიენიჭა სახლწოდება „Le fusil Mle 1902 de tirailleur indochinois“.
 
„Le fusil Mle 1902 de tirailleur indochinois“
1907 წელს გამოჩნდა შედარებით მოგრძო ე.წ. „სენეგალური“ ვარიანტი, რომელიც მოხვდა აფრიკის კოლონიალური ჯარის შეიარაღებაში. შესაბამისად მოდელს მიენიჭა სახელწოდება „Le fusil Mle 1907 de tirailleur sénégalais“.

„Le fusil Mle 1907 de tirailleur sénégalais“
ბერტიეს სისტემის მოდელები Berthier M1902 და Berthier M1907 მცირე ტირაჟირით მზადდებოდა საფრანგეთის ტერიტორიაზე და შემდგომ მიეწოდებოდა შესაბამის კოლონიალურ ჯარს. რიგი წყაროების თანახმად სულ ჯამში დამზადდა 5000 ცალი კოლონიალური  Berthier M1902 და Berthier M1907, რომელთა დამზადებაც მოხდა ფაბრიკაში „Manufacture d'Armes de Châtellerault“ (MAC).

შემდგომი მოდიფიცირება
პირველი მსოფლიო ომში მონაწილე ყველა ქვეყანას და მათ შორის საფრანგეთს, ომის საწყის ეტაპზევე დაუდგა იარაღის მწვავე დეფიციტი. მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის არმიის ძირითად იარაღს მაინც ლებელის შაშხანა „Lebel М1886/93” წარმოადგენდა, გადაწყდა, რომ მარაგების შევსების მიზნით დამაზადებულიყო ბერტიეს სისტემის შაშხანები. სწორედ ამიტომ 1915 წელს  დაწყებულ იქნა ბერტიეს შაშხანების წარმოება სახელწოდებით “Berthier М1907/15” (ოფიციალური სახელწოდება Fusil Mle 07-15), რომელიც სტანდარტული კოლონიალური 1907 წლის მოდელისგან (M1907) გარკვეული ნიუანსებით განსხვავდებოდა. მისი საკეტის სახელური იყო სწორი და არა მოღუნული. ასევე “Berthier М1907/15”-ზე მაგრდებოდა ლებელის 1886 წლის მოდელისთვის განკუთვნილი ხიშტი.
 
 Fusil Mle 07-15
გარდა ძირითადი ფრანგული ფაბრიკებისა, როგორიც იყო ზემოთხსენებულ “MAC” და “MAS”, წარმოების პროცესში ჩაერთვნენ სხვა ფრანგული კომპანიებიც: „Automobiles Delaunay-Belleville“, „Établissement Continsouza“ და საწარმო „Manufacture Parisienne d'Armes et de Mecanique Generale“). სულ ჯამში დამზადებულ იქნა 435 000 ცალი შაშხანა „М1907/15“.

გარდა საფრანგეთის ტერიტორიაზე მდებარე ფაბრიკებისა, ბერტიეს ახალი მოდელის შეკვეთა მოხდა აშშ-ში მდებარე რემინგტონის (Remington) ფაბრიკაშიც. რემინგტონის ფაბრიკას საფრანგეთმა დაუკვეთა 200 000 ცალი შაშხანა „М1907/15“, თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო აშშ-ში დამზადდა შეკვეთილი რაოდენობის მხოლოდ ნახევარი, რომელთა უმეტესობა აშშ-შივე დარჩა.

ფოტოზე გამოსახულია რემინგტონის ფაბრიკაში დამზადებული Mle 1907-15 და მისთვის განკუთვნილი ხიშტი

წარწერა რემინგტონის ფაბრიკაში დამზადებული მოდელის გეჯაზე
 
გარკვეულ წყაროებში გხვდება ინფორმაცია, რომ რემინგტონის ფაბრიკამ ჭრილების არასწორი ბიჯით დაამზადა ლულები, რის გამოც მათი სიზუსტე არ იყო დამაკმაყოფილებელი და საფრანგეთის კომისიამ ინსპექტირების შემდეგ უარი განაცხადა შეკვეთის ჩაბარებაზე. რემინგტონის ფაბრიკაში დამზადებული ეგზემპლარები კი კომერციული წესით იქნა გაყიდული.

ბერტიეს შაშხანა მისი მცირეტევადი მჭიდის (3 ცალი ვაზნა) გამო, ვერ წარმოადგენდა დიდ საცეცხლე ძალას. ხოლო გერმანელები ამ დროს შეიარაღებულნი იყვნენ საკმაოდ ეფექტური 5 ვაზნიანი მაუზერის შაშხანებით და კარაბინებით. ამ ფაქტორმა განაპირობა ბერტიეს შაშხანის მორიგი გადამუშავება და 1916 წელს დღის სინათლე იხილა შაშხანის ახალმა ვარიანტმა “Berthier М1916”, რომელიც 5 ვაზნიანი მჭიდით იქნა კონსტრუირებული.
 
„Fusil Mle 07/16“
 
განახლებულ მოდელს მიენიჭა ოფიციალური დასახელება „Fusil Mle 07/16“, რომელთა წარმოებაც საფრანგეთმა ორი სახით დაიწყო. ერთი წარმოადგენდა სრულგაბარიტიან შაშხანას ხოლო მეორე მოკლე ვარიანტს (ე.წ. კარაბინს, სახელწოდებით „Mousqueton Mle 1892/16“) (Mousqueton Berthier Mle 1892 / M16), რომელსაც საკეტის სახელური კვლავ მოხრილი ჰქონდა.
კარაბინი "Mousqueton Berthier Mle 1892 / M16"
ვინაიდან 1916 წლის მოდელში გამოიყენებოდა 5 ვაზნიანი შემკვრელი კლიპები, მისი მჭიდი გამოსული იყო ხის სარეცელს მიღმა. ხოლო მჭიდის ფსკერზე არსებულ ფანჯარას, საიდანაც ვარდებოდა შემკვრელი კლიპი, გაუკეთდა მტვრისგან დამცავი გადასაწევი თავსაფარი.
ფოტოზე ჩანს მჭიდის თავსაფარი, რომელიც ღია მდგომარეობაშია და ვაზნების შემკვრელი კლიპის ჩამოვარდნის მომენტი
 
თუ მსროლელი თავსაფარს დატოვებდა ღია მდგომარეობაში და ისე აწარმოებდა სროლას, ლულის სავაზნეში ბოლო ვაზნის მიწოდების შემთხვევაში ვაზნების დამჭერი კლიპი საკუთარი წონის ხარჯზე ჩამოვარდებოდა მჭიდის ქვემოთ არსებული ფანჯრიდან, ხოლო თუ თავსაფარი იქნებოდა დაკეტილ მდგომარეობაში, ვაზნების დამჭერი კლიპი დარჩებოდა მჭიდში. აღნიშნული თავსაფრის გაკეთება განაპირობამ იმ ფაქტორმა, რომ ბერტიეს შაშხანებში/კარაბინებში მანამდე არსებულ მჭიდებს არ გააჩნდა ფსკერი, რაც იწვევდა მჭიდში ქვიშის და მტვრის მოხვედრას.
5 ვაზნიანი შემკვრელი კლიპი
 
ვინაიდან 5 ვაზნიანი მჭიდის და 5 ვაზნიანი შემკვრელი კლიპის გამოყენება აღმოჩნდა, მჭიდის ტევადობის გაზრდის მარტივი გამოსავალი, მისი დაყენება დაიწყეს ასევე М1907/15 მოდელებზეც. ანუ მარტივად რომ ვთქვათ იღებდნენ М1907/15 -ს და ახდენდნენ მასზე ახალი მჭიდის დაყენებას.
 
ფოტოზე გამოსახულია შაშხანა Mle 1907-15 (M1907/15), რომელიც კონვერტირებულია ახალი მჭიდით
 

ომის დასრულების შემდეგ საფრანგეთის არმიის საწყობებში თავი მოიყარა ბერტიეს შაშხანების და კარაბინების საკმაოდ დიდმა რაოდენობამ, რომელიც ლებელის სისტემის იარაღის პარალელურად მსახურობდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სხვადასხვა ლიტერატურაში ბერტიეს შაშხანებს და კარაბინებს უწოდებენ ლებელის სისტემის იარაღს, რაც არ არის სწორი.

 Mousqueton Berthier Mle 1892 / M16 ტიპის კარაბინებით  შეიარაღებული ფრანგი არტილერისტები 

Fusil Mle 07/15/34 (M34)

1934 წელს გამოჩნდა ბერტიეს კონსტრუქციის ბოლო ვარიანტი, რომელსაც მიენიჭა სახელწოდება  “Berthier model 1907-15 M34” (იგი ასევე ცნობილია სახელწოდებით Мle.1907 М16 R34. ოფიციალურ დოკუმენტებში კი მის სახელწოდებას ასეც აღნიშნავდნენ „Fusil Mle 07/15/34“).

Berthier model 1907-15 M34
აღნიშნული მოდელი წარმოადგენდა საფრანგეთის არმიის ახალ საშტატო შაშხანის ვაზნაზე „7.5х54 М1929“ გათვლილ ვარიანტს, რომლის მჭიდის შევსებაც უკვე კლიპების (ე.წ. აბოიმების) დაახმარებით ხდებოდა და არა თვითონ ვაზნების შემკვრელი კლიპის მჭიდში მოთავსებით. სულ ჯამში დამზადებულ იქნა დაახლოებით 80 000 ცალამდე ეგზემპლარი.

1936 წელს საფრანგეთის არმიამ შეიარაღებაში მიიღო ახალი შაშხანა „MAS M1936“ (MAS-36), რის შედეგადაც ბერტიეს შაშხანებმა და კარაბინებმა გადაინაცვლეს საარმიო საწყობებში. თუმცა ეს არ იყო მათი გამოყენების დასასრული. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში საფრანგეთი ვერ ახერხებდა საკუთარი არმიის თითქმის ნახევარი კონტიგენტის  ახალი შაშხანებით „MAS M1936“ მომარაგებას. სწორედ ამ მიზეზით საწყობებიდან ამოღებულ იქნა ბერტიეს სისტემის შაშხანები, რომლითაც ხდებოდა სხვადასხვა დანაყოფების შეიარაღება.

1938 წლის სექტემბერში საფრანგეთის არმიამ ჩამოაყალიბა სამეფო კორპუსი, სიღრმისეული დაზვერვის სპეციალური სამსახური და გარკვეული საიერიშო ჯგუფები, რომელთა რიგებშიც სხვადასხვა იარაღთან ერთად ხშირად ხვდებოდა კარაბინი „Berthier Mle 1892/M16“. აგრეთვე მეორე მსოფლიო ომის პერიოდში რიგი მებრძოლები შეიარაღებულნი იყვნენ სპეციალური ოპტიკური სამიზნე მოწყობილობით დაკომპლექტებული „Berthier Mle 1907/15-M16“-ით.
 
ოპტიკური სამინზე მოწყობილობით დამოკლექტებული Berthier Mle 1907/15-M16
 
 
შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე დიდხანს ბერტიეს იარაღებიდან შეიარაღებაში შემორჩა „Berthier M1916“, რომელიც 1960-ან წლებამდე აგრძელებდა სამსახურს საფრანგეთის პოლიციის რიგებში. რიგი წყაროების თანახმად იგი "CRS"-ის (Compagnies Républicaines de Sécurité) სამსახურში 80-ან წლებშიც კი გამოიყენებოდა.

ბერტიე თურქეთის სატყეო სამსახურის რიგებში

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში თურქეთის არმიას ხელში ჩაუვარდა დაახლოებით 5000-10 000 ცალი ბერტიეს შაშხნა M1907/15 და Mle 1916, რომელიც საბრძოლო მასალებთან (ვაზნებთან) ერთად იქნა დასაწყობებული. ომის დასრულების შემდგომ თურქეთს შეექმნა პრობლემები ძვირფას ჩერქეზული კაკლის უკანონო ჭრასთან და ტყეების უკანონო ჩეხვასთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ გადაწყდა, რომ სატყეო სამსახურის თანამშრომლები შეიარაღებულიყვნენ ცეცხლსასროლი კარაბინებით.

თურქული სატყეო სამსახურისთვის განკუთვნილი კონვერსიული M-48 (Orman)

არჩევანი გაკეთდა ბერტიეს სისტემის შაშხანებზე, რომლებიც 1948 წელს ამოიღეს საწყობებიდან და დამოკლების მიზნით დაახლოებით შუა ნაწილში გადაჭრეს. გადაჭრის ადგილას (ლულის ბოლოში) დამაგრდა თურქული Mauser M1905 კარაბინის წინა სამიზნე მოწყობილობის ბაზა.


თურქეთის მიერ კონვერსირებულ იარაღებს მიენიჭა 4 ნიშნა სერიული ნომერი და ლულის კოლოფის ზემოთა მხრიდან დატანილ იქნა დამღა წარწერის სახით “TC Orman” და მის ქვემოთ „1948“. ოფიციალურად კი კარაბინს ეწოდა “M-48”.

დამღები თურქეთის სატყეო სამსახურის კარაბინზე

რიგი წყაროების თანახმად არჩევანის გაკეთება ბერტიეს შაშხანაზე განპირობებული იყო იმ ფაქტორითაც, რომ იგი თურქეთში არაგავრცელებულ ფრანგულ ვაზნაზე “8x50R Lebel” იყო გათვლილი. შესაბამისად თუკი სატყეო სამსახურის კარაბინი ვინმეს არალეგალურად ჩაუვარდებოდა ხელში, ან მოიპარავდა, ვაზნების უქონლობის გამო ნაკლებად შეძლებდა მის გამოყენებას.

საფრანგეთის გარდა ვინ იყენებდა ბერტიეს სისტემის კარაბინებს და შაშხანებს?
-         სერბეთის სამეფო - რომელსაც შაშხანები პირველი მსოფლიო ომის პერიოდში სამხედრო დახმარების პროგრამის ფარგლებში მიეწოდებოდა;
-         საბერძნეთი - ნაალაფარი „Mousqueton Mle 1892“ საბერძნეთის არმიის შეიარაღებაში მსახურობდა სახელწოდებით „Karabiner 502(g)“;
-         იუგოსლავია - პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ბერტიეს შაშხანების გარკვეული ნაწილი შემორჩა სამობილიზაციო რეზერვის საარმიო საწყობებში, რომლებიც იუგოსლავიის ოკუპაციამდე (1941 წლის აპრილამდე) ინახებოდა. შემდგომ მათი გამოყენება ხდებოდა იუგოსლავიის სახალხო-გამანთავისუფლებელი არმიის (Narodnooslobodilačka vojska Jugoslavije) პარტიზანული ჯგუფების მიერ;
-         ესპანეთი - ბერტიეს შაშხანების გარკვეული ნაწილი რესპუბლიკელების მიერ გამოიყენებოდა ესპანეთის ომში;
-         გერმანია - ბერტიეს შაშხანები და კარაბინების მთელი სპექტრი (რომელიც  გერმანელებმა  ნაალაფარის სახით ჩაიგდეს ხელში), მიღებულ იქნა გერმანიის დამხმარე და დაცვით-საპოლიციო დაჯგუფებების შეიარაღებაში. მათ სტანდარტულად მიენიჭათ გერმანული კოდური დასახელებები. დასახელებები იყო შემდეგი სახის: „Carabine Mle 1890“ შეიარაღებაში წავიდა სახელწოდებით „Karabiner 551(f)“, Mousqueton Mle 1892  სახელწოდებით „Karabiner 552(f)“, Mousqueton Mle 1892/16 სახელწოდებით „Karabiner 553(f)“, Fusil Mle 07/15  სახელწოდებით „Gewehr 302(f)“, Fusil Mle 07/16 სახელწოდებით „Gewehr 304(f)“, Fusil Mle 07/15/34  სახელწოდებით „Gewehr 241(f)“.
გარდა ზემოთჩამოთვლილი ქვეყნებისა, ბერტიეს კონსტრუქციის კარაბინებს და შაშხანებს გარკვეული რაოდენობით იყენებდნენ რუსეთში, ნორვეგიაში და სხვა  ქვეყნებში.
 

No comments:

Post a Comment