ვინ იყო პირველი?

გვერდის მკითხველმა ერთერთ სტატიაში სახელწოდებით „პოლონელებისპასუხი ჩეხურ "მორიელს" [ "კიბო" PM-63 ]“  დაგვისვა შეკითხვა, რომელიც ეხება ისეთ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებს, რომელთაც მჭიდი ცეცხლის სამართავ პისტოლეტისებურ სახელურში აქვს განთავსებული.
 
პირველ რიგში მადლობა Misho –ს შეკითხვისთვის და შევეცდები მოკლედ ჩამოვაყალიბო პასუხი აღნიშნულ შეკითხვაზე.
ეს შეკითხვა მეც გამჩნდა დიდი ხნის წინ. ვის ეკუთვნის პირველობა ასეთი აგებულების პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის შექმნაში? თუ გადავხედავთ ცეცხლასროლი ირაღის განვითარების ისტორიას, რიგ წყაროებში მოხსენიებულა, რომ ასეთი იყო ავსტრალიური პისტოლეტ ტყვიამფრქვევი "Kokoda", რომლიდანაც უკვე წარმოიქმნა საცდელი ეგზემპლარები Kokoda MCEM-1 და Kokoda MCEM-2. ასეთ პასუხს არ დავკმაყოფილდები და შევეცდები ქრონოლოგიის დაცვით მივყვე საკითს.
1930-1934 წლები
ჯერ კიდევ 1930 წელს იაპონიაში გამოჩნდა Kijiro Nambu -ს კონსტრუქციის საცდელი მოდელი "Nambu Type 1", რომელიც 8მმ-ან ვაზნებზე იყო გათვლილი და პისტოლეტისებურ სახელურში განთავსებული მოხრილი მჭიდით „იკვებებოდა“.
"Nambu Type 1" 1930 წელი
აღნიშნული იარაღი 30-ანი წლების შუალედში იაპონიის არმიაშ გადიოდა გამოცდებს, მაგრამ საბოლოოდ დააუარეს. მიუხედავად ამისა იგი მაინც მოხვდა მცირე რაოდენობით იაპონიის ფლოტის საზღვაო ქვეითთა რიგებში და ცნობილია, რომ 1937 წელს გამოიყენეს ჩინეთის ტერიტორიაზე ჩატარებული საბრძოლო ოპერაციების დროს.
"Nambu Type 1" 1934 წელი
1938 წელს ნამბუს პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი გამოცადეს ინგლისში, როგორც ტანკების და ჯავშანმანქანების ეკიპაჟისთვის განკუთვნილი პოტენციური იარაღი, თუმცა საბოლოოდ არც აქ გაუმართლა „Nambu Type 1“ -ს, რადგანაც მასში გამოყენებული ვაზნა 8х22 Nambu იყო სუსტი და არავინ იყინებდა  გარდა იაპონელებისა. ასევე საიმედოობის კუთხითაც იყო გარკვეული პრობლემები.
1942
1942 წელს საბჭოთა კავშირში გამართულ კონკურსზე წარმოდგენილ იქნა ნიკალაი რუკავიშნიკოვის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი, რომლის მჭიდიც პისტოლეტისებურ ტარში თავსდებოდა.
ასევე მასში გამოიყენებოდა ეგრედწოდებული ტელესკოპური საკეტის პრინციპი, სადაც საკეტი წინ გადაადგილებისას ლულის პარალელურად მოძრაობს. აღნიშნული ეგზემპლარი გამოიცადა შჩუროვოს პოლიგონზე (НИПСВО), თუმცა იგი არატექნოლოგიურად მიიჩნიეს და დაბრაკეს.
 
1942-1943
ავსტრალიაში მაიორ ერიკ ჰოლის (Eric Hall) თაოსნობით შეიქმნა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი „Kokoda“, რომლის გადამუშავებაც დაწყებულ იქნა 1943 წელს და საბოლოოდ მიიღო სახელწოდება MCEM-1 (MachineCarbine Experimental Model 1). „MCEM“ ასეთი სახლწოდებით ბრიტანეთში ტარდებოდა  საკონკურსო პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავდა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის შერჩევას.

Kokoda MCEM-1
Kokoda MCEM-1-ის გამოცდა მოხდა 1947 წლის 8-16 სექტემბერს ბრიტანეთში. იგი იმდენად გაცხელდა საცდელი სროლებისას, რომ შედუღების ადგილებში მოირყა და შეიძლება ითქვას ნაკერებზე დაშლა დაიწყო. შემდეგ შეიქმნა მისი გადამუშავებული ვარიანტი “Kokoda 2” (იგივე Kokoda MCEM-2).
Kokoda MCEM-2
(ეს უკანასკნელი არ უნდა აგვერიოს პლონელი კონსტრუქტორის Jerzy Podsendkowski -ის მიერ შექმნილ MCEM-2 -ში. ისიც იგივე კონკურსში იღებდა მონაწილეობას და ამიტომ ჰქონდა მინიჭებული სახელწოდება MCEM).

1943 წელი
1943 წელს იტალიელმა კონსტრუქტორმა ჯუზეპე ოლიანიმ (Giuseppe Oliani) შექმნა საკუთარი კონსტრუქციის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი, რომელიც რამოდენიმე საცდელი ეგზემპლარის სახით დაამზადა კომპანიამ „Armaguerra Cremona”. მოდელს მიენიჭა სახელწოდება "Armaguerra OG-43"
 Armaguerra OG-43
დღეს ცნობილია, მხოლოდ ერთი ცალი ეგზემპლარის ვინაობა, რომელიც შვეიცარიაში კერძო მფლობელის კოლექციაში ინახება. აღნიშნულ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევს საერთოდ არ აქვს პისტოლეტისებური სახელური. მის როლს ასრულებს მჭიდის მიმღები ყელი და მასზე მორგებული მჭიდი.

1944
1944 წელს ბრიტანეთში ემიგრირებულმა პოლონელმა კონსტრუქტორმა (წოდებით ლეიტენანტმა) Jerzy Podsendkowski-მ შექმნა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი "MCEM–2" (Machine Carbine Experimental Model 2).
"MCEM–2" (Machine Carbine Experimental Model 2)
მისი შექმნის მიზნი იყო ის, რომ ბრიტანელებს შეეცვალათ შეიარაღებაში არსებული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი „STEN“. საბოლოოდ არც ამ მოდელს ხვდა წილად გამარჯვება.

1946
1946 წელს ჩეხოსლოვაკიაში ძმებმა ჟოზეფ (იოსეფ) და ფრანტიშეკ კოუცკებმა (Josef Koucký  / František Koucký) შექმნეს პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი სახელწოდებით ZK-476. 
ZK-476
იგი საცდელი სახით ორ ვარიანტში დამზადდა: 1. მუდმივი (არა საკეცი) კონდახით; 2. მეტალის საკეცი დუგლუგით.
ZK-476 მეტალის საკეცი დუგლუგით

1947-1948
1947 წელს ჩეხოსლოვაკიაში გამართულ კონკურსზე წარმოდგენილ იქნა CZ-ში დაპროექტებული პისტოლეტ ტყვიამფრქვევის საცდელი პროტოტიპები სახელწოდებით CZ-447 (1947) და CZ-148 (1948).
 1946-1948 წელს ჩეხოსლოვაკიაში დამზადებული საცდელი პროტოტიპები
სწორედ CZ-447 -ის პროტოტიპმა მოიპოვა გამარჯვება, რის შემდეგაც მოხდა მისი გადამუშავება და შეიარაღებაში მიღება. პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის კონსტრუქტორი იყო იაროსლავ (იან) ჰოლეჩეკი (Jaroslav Holeček) , რომელსაც ეხმარებოდნენ ფრანტიშეკ მიშკა, იან კრატოჩვილი ვ.ზიბარა და ი.ჩერმაკი. (ბევრი აღნიშნული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის შექმნას მიაწერს ვაცლავ ჰოლეკს, რაც არაა სწორი. მეც ხშირად შეცდომით ჰოლეკის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევად მოვიხსენიებდი ხოლმე მას).

 CZ-447
1948 წელს Cz-447 გადამუშავდა და ამავე წლის აგვისტოს თვეში ოფიციალურად იქნა შეიარაღებაში მიღებული. შეიარაღებაში მიღებისას პისტოლეტ-ტყვიამფრქვევს მიენიჭა სახელწოდება "9 mm samopal vz. 48a" (Sa Vz.48a) (ხის მუდმივი კონდახით) და "9 mm samopal vz. 48b" (Sa Vz.48b)  (მეტალის საკეცი დუგლუგით). 1949 წელს CZ-ს ქარხანაში დაწყებულ იქნა მათი სერიული წარმოება. 1950 წლის გაზაფხულს აღნიშნული მოდელების სახელწოდება შეიცვალა და მიენიჭათ შემდეგი დასახელებები: Sa vz. 48a გახდა Sa 23, ხოლო Sa vz. 48b გახდა Sa 25.
Sa 25
1950 წლის მიწურულს ვარშავის შეთანხმების შესაბამისად 9მმ-ანი ვაზნა (9x19) უნდა ჩანაცვლებულიყო ვაზნით 7,62х25 ТТ, რომელიც ვარშავის შეთანხმების თანახმად უნიფიცირებულ ვაზნას წარმოადგენდა.
Sa 24
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შეწყდა  Sa vz. 48a (Sa 23) და Sa vz. 48b (Sa 25) მოდელების წარმოება და 1951 წელს მათ მაგივრად დაიწყო 7,62х25 ТТ ტიპის ვაზნაზე გათვლილი მოდელების წარმოება, რომელიც შეიარღებაში წავიდა შემდეგი დასახელებებით Sa 24 (მუდმივი ხის კონდახით) და Sa 26 (საკეცი მეტალის დუგლუგით). 9მმ-ან ვაზნაზე გათვლილი Sa vz. 48a (Sa 23) და Sa vz. 48b (Sa 25) მოდლები გადაეცათ პოლიციას, ხოლო ნაწილი გატანილ იქნა ექსპორტზე.

1949-1951 წლები
1949 წელს ისრაელში წარმოდგენილ იქნა მაიორ ჩაიმ კარას (Chaim Kara) მიერ შემუშავებული პროტოტიპი სახელწოდებით „9mm KARA Model K-12“, რომელიც 1950 წელს გადიოდა გამოცდებს. ამავე წელს  იწყება UZI-ს ისტორია, რომლის პროტოტიპზე მუშაობაც უზიელ გალმა დაიწყო 1949 წელს (რიგი წყაროების თანახმად მუშაობა დაწყებულ იქნა 1948 წელს, ხოლო რიგი წყაროების თანახმად კი 1950 წელს) და მზა პროტოტიპი წარმოადგინა 1951 წელს.
 50-ანი წლების დასაწყისში ისრაელის შეიარაღებული ძალების მიერ გამართულ კონკურსზე სწორედ „KARA Model K-12“ იყო უზის მთავარი კონკურენტი, რა დროსაც უზიმ დაამარცხა იგი და 1954 წელს მიღებულ იქნა შეიარაღებაში.
ფოტოზე მოყვანილია "UZI" ხის მუდმივი (არასაკეცი) კონდახით, რომელიც მიეკუთვნება პირველ საპილოტე პარტიას. შემდგომ შეიცვალა კონდახის გეომეტრია. ხოლო 1956 წელს დღის სინათლე იხილა მეტალის საკეცი დუგლუგის მქონე პირველმა ვარიანტმა
ამის შემდეგ უკვე სხვადასხვა ქვეყნებშიც მოხდა ანალოგიური კონფიგურაციის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებზე მუშაობა, რომელზე საუბარიც უკვე სულ სხვა სტატიის თემაა J. იმედი მაქვს ამომწურავად გავეცით პასუხი მიშოს შეკითხვას. კიდევ ერთხელ მადლობა შეკითხვისთვის!

No comments:

Post a Comment