პოლონელების პასუხი ჩეხურ "მორიელს" [ "კიბო" PM-63 ]

რამოდენიმე ხნის წინ ბლოგზე დავდე სტატია სახელწოდებით „პოლონელები მაკაროვის კვალდაკვალ“, სადაც ავღნიშნე, რომ ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებში შექმნილი ცეცხლსასროლი იარაღის შესწავლა ჩემთვის ძალზედ საინტერესო თემაა. ვინაიდან უდიდეს სიამოვნებას ვიღებ მათი გაცნობით და სტატიის მომზადებით, გადავწყვიტე კიდევ ერთ მსგავს ეგზემპლარზე დამეწერა პატარა სტატია.
 
იარაღის შექმნის ისტორია

50-იანი წლების შუალედში ისევე, როგორც ყველა ქვეყნის არმიასა და სპეცდანიშნულების დანაყოფებში,  პოლონეთის არმიაშიც წარმოიქმნა მცირე გაბარიტების მქონე პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის საჭიროება. ამ პერიოდში პოლონეთს არმიას არ გააჩნდა მსგავსი ტიპის იარაღი და სამხედროები ძირითად ტექნიკურად/მორალურად მოძველებული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევიბით იყვნენ შეიარაღებულნი. 

50-იანი წლების მიწურულს პოლონელმა კონსტრუქტორმა პიოტრ ვილნევჩიცმა (Piotr Wilniewczyc), (რომლის შესახებ ადრეც ვისაუბრეთ სტატიაში Radom VIS) დაიწყო მუშაობა ახალი ტიპის იარაღზე. იარაღი უნდა ყოფილიყო პისტოლეტზე ეფექტური და პოლონეთის არმიის შეიარაღებაში არსებულ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებზე მცირე გაბარიტების მქონე, რათა ადვილად გამოეყენბინათ სატანკო და სხვა საჰაერო სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის წევრებს. იარაღის დანიშნულება იქნებოდა არა შეტევითი (მოიერიშე) სროლების წარმოება, არამედ თავის დაცვა და პოზიციის გამაგრება საცეცხლე ძალით.
1957 წლის დასაწყისში ვილნევჩიცმა შექმნა იარაღი, რომელიც  იყო შუალედური ვარიანტი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევსა და თვითდამტენ პისტოლეტს შორის.  ერთერთი მოსაზრების თანახმად ვილნევჩიცის შთაგონების წყაროს წარმოადგენდა მეორე მსოფლიო ომის დროს  მის დაქვემდებარებაში მყოფი ლეიტენანტ Jerzy Podsendkowski-ს მიერ შექმნილი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი "MCEM–2" (Machine Carbine Experimental Model 2), რომელიც ბრიტანეთში ემიგრირებულმა პოლონელმა კონსტრუქტორმა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, 1944 წელს შექმნა.  მისი შექმნის მიზნი იყო ის, რომ ბრიტანელებს შეეცვალათ შეიარაღებაში არსებული STEN. 

MCEM-2
 

ითვლება რომ  MCEM-2 და მის პარალელურად შექმნილი ავსტრალიური MCEM-1 არის პირველი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ისეთი მოდელების შექმნას, როგორიცაა:
- 1946 წელს ჩეხოსლოვაკიაში ძმები Josef და František Koucký -ების მიერ კონსტრუირებული  ექსპერიმენტალური ZK-476;
- იაროსლავ ჰოლეჩეკის (Jaroslav Holeček) მიერ კონსტრუირებული Sa23 (Sa vz. 48b/samopal vz. 48b), Sa24, 25 და Sa26 (ბევრი აღნიშნული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის შექმნას მიაწერს ვაცლავ ჰოლეკს, რაც არაა სწორი. მეც ხშირად შეცდომით ჰოლეკის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევად მოვიხსენიებდი ხოლმე მას);
- ცნობილი ებრაელი კონსტრუქტორის უზიელ გალის  „უზი“. ხოლო MCEM-1 და MCEM-2 კი ითვლება 40-იანი წლების დასაწყისში შექმნილი ავსტრალიური პისტოლეტ ტყვიამფრქვევ "Kokoda"-ს შთამომავლებად.
 
 
ავსტრალიური პისტოლეტ ტყვიამფრქვევი "Kokoda"

ვილნევჩიცი ცდილობდა მის მიერ შექმნილი ახალი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის პროტოტიპი ინდივიდუალურად გამოეცადა, გადაემუშავებინა და შემდეგ შეეთავაზებინა პოლონეთის არმიისათვის, მაგრამ სამწუხაროდ 1960 წლის 23 დეკემბერს კონსტრუქტორი ვილნევჩიცი გარდაიცვალა.
კონსტრუქტორის გარდაცვალების შემდეგ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ბოლომდე მიეყვანათ ვილნევჩიცის დაწყებული საქმე. შეიქმნა საპროექტო ჯგუფი, რომელშიც შედიოდნენ  Marian Wakalski, Grzegorz Czubak და Tadeusz Bednarski.

ვილნევჩიცის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის საკეტის კორპუსი ვიზუალურად ძალიან ჰგავდა თვითდამტენი პისტოლეტის საკეტის კორპუსს. დაახლოებით მსგავსი სისტემა იყო გამოყენებული დანიურ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევში მადსენ  (Madsen) M/1945.
 
1962 წლის პატენტი ნომრით Nr 53 724 1962 - რომელზეც გამოსახულია პისტოლეტ-ტყვიამფქრქვევის პროტოტიპი. პროტოტიპს გააჩნდა ხის ტიბჟირი ("ცევიო") და დუგლუგი, რომელიც საბჭოთა АКМС-ის მსგავსად იკეცებოდა.

1962 წლის იანვარში ვილნევჩიცის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის პროექტმა გადაინაცვლა ქალაქ რადომის ქარხანაში, (ქარხანას მაშინ ეწოდებოდა გენერალ ვალტერის მეტალის ქარხანა) რათა გაგრძელებულიყო მასზე მუშაობა. პროექტს შემოურთდნენ აგრეთვე ორი პოლონელი კონსტრუქტორი Ryszard Chełmicki და Ernest Durasiewicz.

როდესაც დასრულდა იარაღის გამოცდები პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი ოფიციალურად იქნა მიღებული პოლონეთის არმიის შეიარაღებაში სახელწოდებით "9mm Pistolet Maszynowy Wzor 1963" (შემოკლებით კი მისი სახელწოდება იყო "PM-63"), ხოლო 1964 წელს რადომის ქარხანამ დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოების შესრულება, რათა დაეწყებულიყო PM-63-ის მასიური წარმოება.  პისტოლეტ ტყვიამფრქვევს გააჩნდა კიდევ ერთი დღემდე გაურკვევლობით მოცული კოდური სახელწოდება "RAK" ("კიბო").
 
სახელწოდება RAK და მისი განმარტება
კოდურ სახელწოდებას „RAK“ თან ახლავს რამოდენიმე მოსაზრება და შეიძლება ითქვას, რომ ზოგი მათგანი გამოგონილიცაა. ერთერთი ყველაზე რეალური მოსაზრება არის ის რომ იგი წარმოადგენს აბრევიატურას Ręczny Automat Komandosów (ხელის ავტომატური იარაღი კომანდოსებისათვის). აწ გარდაცვლილი პროფესორი სტანისლავ კოხანსკი (Stanisław Kochański) ამბობს, რომ  სახელწოდება შესაძლოა მომდინარეობდეს იმ  ფაქტიდან, რომ პოლონეთში არსებობს ტერმინი „chodzić rakiem“ (სვლა კიბოსავით) რომელსაც იყენებდნენ როგორც სიტყვა უკუსვლას ან უკუმიმართულებით სვლას. მოგეხსენებათ, რომ კიბო ცურვის დროს დაცურავს უკუმიმართულებით და არა წინ. არსებობს კიდევ ერთი სევდიანი მითი თუ რეალობა: ყველასათვის ცნიბილია, რომ ვილნევჩიცი დაავადებული იყო კიბოთი და პისტოლეტ ტყვიამფრქვევის შექმნის პერიოდში იგი ხუმრობდა: „ან კიბო დაასრულებს ჩემს სიცოცხლეს - ან მე დავასრულებ მანამდე კიბოს“.  როგორც ზემოთ ავღნიშნეთ 1960 წელს კონსტრუქტორი გარდაიცვალა.  
ერთერთი ვერსიის თანახმად დასახელება "კიბო" უკავშირდება ჩეხოსლოვაკიურ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევ "მორიელს" (Vz61 Scorpion), რადგანაც ითვლება, რომ პოლონური PM-63 ჩეხური მორიელის საპასუხო ქმნილება იყო. 


ვიზუალურად კიბო და მორიელი გვანან ერთმანეთს სხეულის მოყვანილობით და თავიანთი მარწუხებით, თუმცა PM-63-სა და Vz61-ს შორის დიდი სხვაობაა როგორც ვიზუალურად, ასევე კონსტრუქციულად და საერთოდ განსხვავებულ სქემებს ეფუძნებიან თუ არ ჩავთვლით ტემპის შემანელებელს და იმ ფაქტს, რომ ორივე მათგანის ტარება შესაძლებელი იყო პისტოლეტის მსგავს ბუდეში (კაბურაში).

 1964 წლის დასაწყისში დამზადდა პირველი პარტია 20 ცალი პროტოტიპის სახით.

 1964 წლით დათარიღებული მოდელი პირველი პროტოტიპების 20 ცალიანი პარტიიდან  სერიული ნომრით PM-08

პროტოტიპის დამზადების შემდეგ მისი მასიური წარმოება გაჭიანურდა და სერიული წარმოება დაწყებულ იქნა 1967 წელს.
სულ 1967-1977 წლებში ქ. რადომის ქარხანის „Łucznik“-ის მიერ გამოშვებულ იქნა დაახლოებით 70 000 ცალი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი.

აგებულება მექანიზმი
PM-63 სხვა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევეისგან პირველ რიგში გამოირჩევა იმით, რომ მას აქვს როგორც პისტოლეტ-ტყვიამფრქვევეისათვის, ასევე პისტოლეტისათვის დამახასიათებელი შტრიხები.  ანუ გააჩნია პისტოლეტისებურ ტარში განთავსებული სავაზნე კოლოფი, პისტოლეტებისათვის დამახასიათებელი საკეტის კორპუსი და ისვრის ღია საკეტით, როგორც ბევრი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი. შესაძლებელია სროლა ვაწარმოოთ როგორც თვითდამტენი პისტოლეტიდან ცალი ხელით, ასევე ორივე ხელით, როგორც სრული გაბარიტების მქონე პისტოლეტ-ტყვიამფრქვევიდან და მხარზე დუგლუსგის მიბჯენით.
პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი PM-63 დაფუძნებულია თავსუფალი საკეტის პრინციპზე. სროლა წარმოებს ღია საკეტით. როდესაც საკეტი შემართულია იგი გაჩერებულია უკანა პოზიციაში. სასხლეტზე თითის დაჭერისას საკეტი წყდება ადგილიდან და შეკუმშული დამაბრუნებელი ზამბარის ენერგიით მიემართება წინ, ამოაქვს ვაზნა სავაზნე კოლოფიდან, და აწვდის მას ლულის სავაზნეში. საცემი ნემსა წარმოადგენს საკეტში ხისტად ჩამაგრებულ (ჩაპრესილ) დეტალს და იგი ვაზნის სავაზნეში მიწოდებისას ახდენს კაფსულის აალებას. მსგავს სქემას უწოდებენ „ხისტ საცემს“ და „ცივ საცემს“. 
მასრების ექსტრაქცია ხდება საკეტის მარჯვენა მხარეს განთავსებული სპეციალური ფანჯრიდან.
დამაბრუნებელი ზამბარა განთავსებულია ლულის ქვემოთ. იარაღს გააჩნია ნისკარტისებური კომპენსატორი (პოლონელმა ჯარისკაცებმა აღნიშნულ კომპენსატორს შეარქვეს „კოვზი“), რომელიც წარმოადგენს საკეტის კორპუსის ცხვირს.
დახურული საკეტის დროს კომპენსატორი არის ლულის წინ. გასროლის დროს ლულიდან გამოსული დენთის აირები ზემოქმედებს კომპენსატორზე, ისე, რომ უბიძგებს მას ქვემოთ, ბიძგი კი თავისთავად ამცირებს ლულის ხტომას ზევით. ვინაიდან კომპენსატორი წარმოადგენს საკეტის ჩარჩოს შემადგენელ ნაწილს, მისი მეშვეობით შესაძლებელია იარაღის საკეტის შემართვა (საბრძოლო მდგმარეობაში მოყვანა). ამისათვის საჭიროა იარაღის კომპენსატორი რაიმე მყარ ზედაპირს მივადოთ და მივაწვეთ პისტოლეტისებურ ტარს წინ.  
სურათზე ჩანს, თუ როგორ ხდება პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის შემართვა (გადატენვა) ცალი ხელით მყარ ზედაპირზე დაწოლით. ფოტოსურათზე საკეტი იმყოფება ნახევრად გახსნილ მდგომარეობაში

PM-63-ის საკეტი წააგავს პისტოლეტის საკეტს, რომელსაც უკანა ნაწილში გააჩნია თითების მოსაჭიდებელი ნაჭდევები (ნასეჩკები), რათა საკეტი შევმართოთ პისტოლეტივით, საკეტის უკან მოქაჩვით.
კომპენსატორი ასრულებდა აგრეთვე ერთგვარი დამცავი ეკრანის ფუნქციას, რათა მსროლელს წინა სახელურზე მოჭიდებულ ხელზე არ მოხვედროდა ლულისან გამომავალი დენთის აირები.
РМ-63 იდან შეგვიძლია ვისროლოთ როგორც ჯერებით, ასევე ერთეული (ადინოჩნი) რეჟიმით, თუმცა მას არ გააჩნია არანაირი გადამრთველი. მსროლელი სასხლეტზე დაჭერით არეგულირებს გასროლების რეჟიმს. მოკლე (არასრული) დაჭერა იწვევს ერთეულოვან გასროლას, ხოლო სრული დაჭერა იწვევს ავტომატური ჯერებით სროლას. პირველად მსგავსი სისტემა ხელის ცეცხლსასროლ იარაღში გამოყენებულ იქნა 1920-ან წლებში შექმნილ ესტონურ პისტოლეტ ტყვიამფრქვევში „Arsenal Tallin“. მსგავს სქემას იყენებდა აგრეთვე  1969 წელს შექმნილი ავტრიული Steyr MPI- 69 და 1977 წელს შექმნილი Steyr AUG.

პისტოლეტ ტყვიამფრქვევის სროლის ტემპი შეადგენს 600-650 გასროლას წუთში, რაც საკეტის ასეთი მსუბუქი მასიდან გამომდინარე ძალიან გასაკვირია.  მთავარი საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ჩეხური Vz.61 Scorpion-ის მსგავსად, მასაც გააჩნია რთული ტემპის შემამცირებელი (შემანელებელი) სისტემა.

ტემპის შემანელებელი

სროლის ტემპის შესანელებლად საკეტის უკანა ნაწილში (საცემის უკან) დამონტაჟებულია ტემპის ინერციული შემანელებელი, რომელსაც გააჩნია დამატებითი ჩურჩულა. აღნიშნული ჩურჩულა ზრუნავს იმაზე, რომ ყოველი გასროლის შემდეგ ცოტახნით შეაკავოს საკეტი უკიდურესად უკანა პოზიციაში და შემდეგ გაანთავისუფლოს იგი ინერციული ტვირთის მეშვეობით.
ტემპის შემანელებელი შედგება: ინერციული ტვირთისაგან, ზამბარისაგან და ჩარჩოში ჩამაგრებული ზამბარიანი მოძრავი ბერკეტისაგან.

თავდაპირველად ტემპის შემანელებელი ინერციული ტვირთი იყო მთლიანი და მზადდებოდა ვოლფრამისაგან რადგანაც უფრო მძიმეა.  თუმცა ვოლფრამი ბევრად ძვირია ვიდრე ფოლადი.  წარმოების დაწყებიდან 1 წლის შემდეგ სამხედროებმა წარმოების გაიაფების მიზნით მოითხოვეს, რომ ძვირიანი  ვოლფრამის ინერციული ტვირთი შეეცვალათ ფოლადისაგან დამზადებულით. იმისათვის რომ ტვირთის სიმძიმე შეენარჩუნებინათ ახალი დეტალი დამზადდა უფრო გრძელი ზომის და იყო მთლიანად ფოლადის. რამოდენიმე ხნის შემდეგ გამოვლინდა, რომ დაგრძელებული ფოლადის მთლიანი ინერციული ტვირთი ზედმეტ ცვეთას აყენებდა იარაღს. 1970-იან წლებში გადაწყვიტეს გაეკეთებინათ ახალი ინერციული ტვირთი, რომელიც ისევ ფოლადისაგან დამზადდა  და  შედგებოდა 2 ნაწილისაგან:
1.      ნაწილი იყო შემანელებელი ცილინდრი, კონუსისებური წინა ნაწილით;
2.      უკანა ნაწილი ძირითადი ინერციული სიმძიმისათვის.
 
იარაღის საკეტები და ტემპის შემანელებელი დეტალები.
ზევით მთლიანად ვოლფრამის ინერციული ტვირთით 1967 წლის, ხოლო ქვემოთ 1975 წელს დამზადებული ორ ნაწილიანი ფოლადის ინერციული ტვირთით

ტემპის შემანელებელი ინერციული ტვირთის გარეშე სროლის ტემპი სცილდებოდა 1000 გასროლას წუთში, ხოლო მისი გამოყენებით ტემპი შეადგენდა 600-650 გასროლას წუთში. 

წინა სახელური

ერთერთი დამატებითი დეტალი, რომელიც ვილნევჩიცის პროტოტიპს არ გააჩნდა არის წინა ტიბჟირ-სახელური. (როგორც ავღნიშნეთ იგი ვილნევჩიცის პროტოტიპში ხისგან მზადდებოდა):
იარაღის მოდიფიცირებისას რადომში Ryszard Chełmicki-მ და  Ernest Durasiewicz-მა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის კონსტრუქციას დაუმატეს წინ განთავსებული ტარი, რომელიც დაკეცილ მდგომარეობაში ასრულებდა ტიბჟირის („ცევიოს“) ფუნქციას.
 

აღნიშნული მოდიფიცირება  კონსტრუქტორებმა დააპატენტეს პოლონური პატენტით No 65,772.
პირველ პროტოტიპებში 1964 წლის პარტიიდან წინა სახელური მზადდებოდა პლასტმასისგან და დამზადება ხდებოდა სპეციალური დამუშავებით და არა პრეს-ფორმების მეშვეობით, რაც აძვირებდა ტარის დამზადების ღირებულებას. შემდგომ შეიცვალა მისი დამზადების ტექნოლოგია.
მცველი - განთავსებულია პისტოლეტისებურ ტარზე მარცხენა მხრიდან. მცველის გააქტიურება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი საკეტი იმყოფება უკანა პოზიციაში (ანუ შემართულ მდგომარეობაში).  დროშისებური მცველის მობრუნებისას  (გააქტიურებისას), საკეტის გამაჩერებელი დეტალი შედის საკეტის უკანა ნაწილში განთავსებულ გამონაზარდში, რასაც მოჰყვება საკეტის დამატებითი გადასვლა უკან და მისი ბლოკირება. პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის ჩარჩოზე მცველთან დატანილია მარკირება წითელი საღებავის სახით, რომელიც მსროლელს ანიშნებს, რომ იარაღი მზადაა სასროლად.  რიგ წყაროებში მოხსეენიებულია, რომ მეორე მცველის ფუნქციას ასრულებს წინა გამოსახსნელი ტიბჟირ-სახელური და თუკი სახელური დაკეცილია იგი ბლოკირებას უკეთებს სასხლეტ კავს და სროლა არ განხორციელდება. ეს არ შეესაბამება სიმართლეს. სავარაუდოდ ამ ინფორმაციის ავტორებს PM-63 ერევათ ფინურ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევ Jatimatic-ში, რომლითაც სილვესტერ სტალონეა შეიარაღებული ფილმში „კობრა“.

Jatimatic-ის შემთხვევაში წინა სახელური მართლაც ასრულებს მცველის დანიშნულებას და დაკეცილ მდგომარეობაში ბლოკირებას უკეთებს სასხლეტ მექანიზმს.

სავაზნე კოლოფი
იარაღის ვაზნებით კვება ხორციელდება ორრიგიანი 15 და 25 ვაზნიანი კოლოფით. რამოდენიმე ცნობარში მოცემულია ინფორმაცია, რომ არსებობდა 40 ვაზნიანი კოლოფიც, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს, რადგანაც პოლონელებს არასოდეს არ გამოუშვიათ მსგავსი 40 ვაზნიანი კოლოფი PM-63-სათვის. 15 ვაზნიანი კოლოფი ბოლომდე შედის პისტოლეტისებურ ტარში, ხოლო 25 ვაზნიანი გამოშვერილია მის ფარგლებს გარეთ.


ვაზნების მიმწოდებელი ყელი შევიწროვებულია ერთ ვაზნამდე, რაც ართულებდა კოლოფის ვაზნებით დამუხტვას. 


სავაზნე კოლოფის დამაფიქსირებელი ღილაკი განთავსებულია ტარის ფსკერზე. სავაზნე კოლოფის ვაზნების მიმწოდებელს, გააჩნია სპეციალური შვერილი, რომელიც ბოლო ვაზნის გასროლის შემდეგ, მაღლა წევს საკეტის შემაჩერებელს, რაც თავისთავად იწვევს საკეტის უკანა პოზიციაში გაჩერებას. 

სამიზნე მოწყობილობა

სამიზნე მოწყობილობა არის ღია ტიპის და დამონტაჟებულია საკეტის კორპუსზე. უკანა სამიზნე არის საგდულიანი ("პერეკიდნოი") ტიპის L-ისებური და გააჩნია ორი პოზიცია 75 და 150 მეტრამდე სასროლად. ვინაიდან საკეტი სროლისას დასრიალებს წინ და უკან, ჯერებით სროლისას იქმნება გარკვეული პრობლემა დამიზნების კორექტირებისას. 

იარაღს გააჩნია დასაკეცი მეტალის დუგლუგი, რაც აადვილებს მის დაფიქსირებას ჯერებით სროლისას. იარაღის გადატანა ხორციელდება როგორც გადაკიდებული ღვედის მეშვეობით, რომელიც ერთწერტილიანი დამაგრებით ხდება კორპუსის უკანა ნაწილში, ასევე მისი ტარება შესაძლებელია პისტოლეტისავით წელზე ჩამოკიდებული სპეციალური ბუდით (კაბურით).
 ერთწერტილიან სამაგრზე დამაგრებული გადასაკიდი ღვედი
 
პისტოლეტი-ტყვიამფრქვევის დუგლული დამაგრებულია ჩარჩოზე ისე, რომ მისი ღერო დასრიალებს ჩარჩოზე სპეციალურად გამოყოფილ ჭრილებში წინ და უკან. უკან ბოლომდე გამოწევისას იგი ფიქსირდება სპეციალური ჩამკეტით.


დაკეცილ მდგომარეობაში დუგლულის სამხრე განთავსებულია პისტოლეტისებური ტარის უკან ზევით აკეცილ მდგომარეობაში. დუგლუგის ჩამკეტ ფიქსატორს თავიდან ექმნებოდა გარკვეული პრობლემები და შემდგომ გადაამუშავეს მისი სამაგრები.
 
საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანილი PM-63 "RAK" 25 ვაზნიანი კოლოფით. საკეტი შემართულია, საკეცი დუგლუგი გახსნილია, წინა სახელური-ტიბჟირი ჩამოწეულია.
სხვადასხვა გადამუშავებები კონსტრუქციაში
ექსპლუატაციისას ვლინდებოდა პატარ პატარა ტექნიკური ხარვეზები, ამიტომ კონსტრუქტორებს უხდებოდათ მცირე დეტალების შეცვლა.  მაგალითად სავანზე კოლოფის დამჭერი ბერკეტი მისი გამოშვების შემდეგ ორჯერ შეიცვალა.
 
სავაზნე კოლოფების ფსკერი და მათი დამჭერი ღილაკების რამოდენიმე ვარიანტი.
მარცხნივ 1967 წელს დამზადებული ადრეული დამჭერი, შუაში 1969 წელს დამზადებული და მარჯვნივ ახალი 1975 წელს დამზადებული ფოლადის ფურცლის დამჭერი ღილაკი.

თავდაპირველად სამხედროებს მოწონდათ სავაზნე კოლოფის ახალი დამჭერი ღილაკი.  თუმცა ზამთარში წამოვიდა ნეგატიური წინადადებები. დამჭერი ღილაკი იმდენად პატარა იყო, რომ ხელთათმანით ჭირდა მასზე ზემოქმდება.
იყო მომენტები, როდესაც კონსტრუქციის უცოდინრობის გამო ზიანდებოდა ტემპის შემანელებელის ბერკეტი. იარაღის დაშლის შემდეგ მის აწყობისას ბერკეტი უნდა გასწორებულიყო ხელით და შემდეგ დამაგრებულიყო საკეტი. გარკვეული პერიოდის შემდეგ აღნიშნული ნიუანსი გამოსწორებულ იქნა კონსტრუქციაში სპეციალური სამაგრი კრონშტეინის დამატებით.

წარმოების გაიაფების მიზნით მთლიანად ქრომირებული ლულა შეცვალეს შავად მოვარაყებული (ვარანენიე) ლულით რომელსაც მხოლოდ ლულის არხი და სავაზნე ჰქონდა ქრომირებული. შეიცვალა აგრეთვე დამაბრუნებელი ზამბარის ღერძის წარმოების მეთოდი.
ლულა და დამაბრუნებელი ზამბარა ზევით 1967 წლის მოდიფიკაცია და ქვემოთ 1975 წლის მოდიფიკაცია.
 
შეიცვალა აგრეთვე ექსტრაქტორის ფორმა. მარცხნივ ახალი ექსტრაქტორი (1975 წელი) მარჯვნივ ძველი (1967 წელი)
ზოგადად ითვლება, რომ PM-63 ძალიან სუსუტი კონსტრუქციის იყო. ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ მალე ხდებოდა დეტალების ცვეთა, იარაღი ირყეოდა (გააჩნდა ე.წ. „შატკა“) საკეცი დუგლუგი თავისით იკეცებოდა სროლისას. არსებობს ლეგენდები, რომ მოკლე დუგლუგის გამო მსროლელს დამიზნებისას ახლოს უწევდა მოძრავ პისტოლეტისებურ  საკეტთან თვალის მიტანა და იყო თვალის დაზიანების შემთხვევები. არსებობს ცნობები, რომ საკეტი დამიზნებისას ხვდებოდა აირწინაღის სათვალე მინას და ტეხავდა.

იარაღის სიზუსტე საკმარისი იყო თავდაცვისათვის და რათქმაუნდა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი არ იყო შექმნილი ზეზუსტი სნაიპერული სროლისათვის. არსებობდნენ სამხედროები, რომლებიც აქებდნენ მას, როგორც მოსახერხებელ, მსუბუქ, კომპაკტურ და ადვილად გამოსაყენებელ იარაღს.
მოდიფიკაციები
 
PM-70
1970-ინ წლებში დაიწყეს მუშაობა ახალ პროტოტიპზე, რომელიც უნდა ყოფილიყო გათვლილი 9х19 Luger ვაზნებზე. 1971 წელს გამოჩნდა პროტოტიპი სახელწოდებით PM-70. გადამუშავდა და დამძიმდა საკეტი, შეიცვალა სავაზნე კოლოფის ყელი, რათა მასში მოთავსებულიყო უფრო დიდ ვაზნებზე გათვლილი სავაზნე კოლოფი. ახალი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი სამხადროების აზრით კარგად მუშაობდა თუმცა სულ დამზადდა 20 ცალი ეგზემპლარის სახით.

 პროტოტიპი PM-70 გათვლილი 9×19 Luger ვაზნაზე


PM-84
80-ანი წლების დასაწყისში რადომის კონსტრუქტორებმა შექმნეს ახალი იარაღი PM-84 კოდური სახელწოდებით "Glauberyt", რომელიც კვლავ მაკაროვის 9х18 ვაზნაზე იყო გათვლილი და სროლა ხდებოდა დახურული საკეტით. იარაღი დახვეწილი იყო მაგრამ მასში გამოყენებული ვაზნის გამო არ მოჰყვა წარმატება, რადგანაც ამ პერიოდში უკვე 9х19 Lugeri-ის ვაზნები გავრცელდა არმიის და პოლიციის შეიარაღებაში. შემდეგ იარაღი გადაამუშავეს და გაჩნდა ახალი მოდელი PM-84P რომელიც უკვე 9x19 Luger ვაზნებზე იყო გათვლილი .


 PM-84P
 
ჩინეთ-ვიეტნამის ომის დროს ჩინელებს ხელში ჩაუვარდათ პისტოლეტ ტყვიამფრქვევები PM-63, რომლის ბაზაზეც ქარხანა ნორინკოში (Norinco) შექმნეს თავიანთი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი „ტიპი 82“ (Type 82). იგი იწარმოება ჩინათის სახალხო რესპუბლიკაში 1982 წლიდან.

დამატებითი აქსესუარი
 
PM-63-სთვის შეიქმნა სპეციალური ორი ტიპის სათადარიგო ლულა:
1.      სასწავლო ლულა, რომელიც განკუთვნილი იყო მოსამზადებელი ტრენინგებისათვის და კინოინდუსტრიისათვის. ლულა განკუთვნილი იყო ფუჭი („ხალასტოი“) ვაზნებისათვის და ბოლოში გააჩნდა სპეციალური შევიწროვება, რათა ფუჭი ვაზნის გამოყენებისას მომატებულიყო წნევა და მომხდარიყო მასრის ავტომატური ექსტრაქცია. ლულა შექმნეს 1978 წელს Marian Gryszkiewicz-მა და Ryszard Chełmicki-მ.  პატენტის ნომერი (No.209 398).
2.      სპეციალური დანიშნულები ლულა, რომელიც იყო უფრო გრძელი და ბოლოში გააჩნდა სპეციალური ხრახნი მაყუჩის დასაყენებლად. მაყუჩის კონსტრუქცია შეიქმნა Marian Gryszkiewicz-ის მიერ და პროექტს მიენიჭა კოდური სახელწოდება „Safloryt“. მაყუჩის დაყენების შეთხვევაში იგი ფარავდა საკეტზე განთავსებულ სამიზნე მოწყობილობებს, ამიტომ მაყუჩის კორპუსზე დამონტაჟებული იყო თავისივე სამიზნე მოწყობილობები.  

ხმის ჩამხშობიანი მოდელი რომლის მაყუჩიც შემუშავებულ იქნა მარიან გრიშკევიჩის (Marian Gryszkiewicz) -მიერ.  მაყუჩს გააჩნდა თავისი სამიზნე მოწყობილობა.

კომპლექტაცია

 კომპლექტაციაში შედიოდა: 3 ცალი 25 ვაზნიანი და 1ცალი 15 ვაზნიანი კოლოფი, საწმენდი მოწყობილობების სათავსო "პენალი", Т ასოსებური ზუმბა დასაკეცი თავით, რომელიც ამვდროულად ასრულებდა ლულის მოხსნისათვის საჭირო გასაღების ფუნქციას, ტილოს შალითა (ბუდე) პისტოლეტ-ტყვიამფრქვევისათვის და სავაზნე კოლოფების / საწმენდი საშუალებების შესანახი დამატებითი შალითა, გადასაკიდი ღვედი.


არსებობდა აგრეთვე ტყავისაგან დამზადებლი ბუდეებიც 

სხვადასხვა ისტორიული ფაქტები

PM-63 რამოდენიმე წლის მანძილზე მიეწოდებოდა ექსტრემისტულ ორგანიზაციებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. იგი იყედებოდა აგრეთვე არაბეთის მხარეში, ვიეტნამში და გერმანის დემოკრატიულ რესპუბლიკაში (გედეერში). 
პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი საპატიო ადგილს იკავებდა არაკანონიერ შეიარაღებულ ფორმირებებში, ტერორისტებში და სხვადასხვა ქვეყნის ბანდიტებში. იგი აგრეთვე მიეწოდებოდა კუბას.

 პოლონეთის სატანკო ეკიპაჟი ქამარზე ჩამოკიდებული PM-63-ებით
PM-63 თავდაპირველად განკუთვნილი იყო საჰაერო-სადეანტო ძალების შესაიარაღებლად, შემადგენლობების მეთაურებისათვის და საბრძოლო მანქანების ეკიპაჟისათვის. ზოგიერთი ექსპერტი მას უწოდებდა უბრალოდ ავტომატურ პისტოლეტს.
70-ან წლებში PM-63 ხშირად გამოიყენებოდა, როგორც ქალაქში საომარი პარტიზანული იარაღი, რომლითაც ძირითადად მემარცხენე ტერორისტები იყვნენ შეიარაღებულნი და იგი არაერთხელ გამოიყენეს რამოდენიმე გახმაურებულ საქმეში.  იარაღი პალესტინის არხის გავლით მოხვდა აღმოსავლეთ გერმანიის ფრაქცია წითელ არმიაში (RAF — Rote Armee Fraktion). რიგი წყაროების თანახმად პისტოლეტ ტყვიამფრქვევი PM-63 ფიგურირებდა 1977 წლის 5 სექტემბერს კორპორაცია დაიმლერ-ბენცის მმართველის ჰანს-მარტინ შლეიერის (Hanns-Martin Schleyer ) გატაცებისას.

70-ან წლებში პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი PM-63 ხშირად ჩანდა ტელევიზორში პალესტინური დაჯგუფებების წევრების ხელში ბეირუთის ტერიტორიაზე.

1980 წელს ლონდონში ტერორისტული დაჯგუფება  თავს დაესხა ირანის საელჩოს Princess Gate-ს  რომლის შტურმის დროსაც შემთხვევის ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმ SAS (Special Air Service) -ის თანამშრომლების მიერ აღმოაჩინენილ იქნა ტერორისტების პისტოლეტ-ტყვიამფრქვევები PA-63.

არსებობს 1990-ან წლებში გადაღებული ფოტო, სადაც აღბეჭდილია იასირ არაფატი, რომელსაც მაგიდაზე უდევს ბუდეში (კაბურაში) მოთავსებული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი PM- 63. 


PM- 63 გამოყენებულ იქნა აგრეთვე ტრაგიკულ სიტუაციაში. 1981 წლის 17 დეკემბერს, საბრძოლო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ Wujek-ის მაღაროში,  კატოვიცეს (Katowice) სპეცდანიშნულების საპოლიციო რაზმმა (SWAT), რომლებიც შეიარაღებულნი იყვნენ პოლონური  RAK-ებით, დაცხრილეს 17 მაღაროელი.  მაღაროელები აპროტესტებდნენ კომუნისტური ძალადობას. 
არაორდინარული დიზაინის გამო პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი PM-63 დიდ ინტერესს იწვევდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მაგრამ იგი ოფიციალურად არცერთ ქვეყანას არ მიუღია შეიარაღებაში, როგორც ტაბელური იარაღი.  პისტოლეტ ტყვიამფრქვევები PM-63 შეიძინა ყოფილი აღმოსავლეთ გერმანიის სახალხო პოლიციამ VoPo – Volkspolizei. აღნიშნული პოლიციის წევრები PM-63 მოიხსენიებდნენ როგორც "Klein - Maschinenpistole PM- 63“. პოლონურ PM-63-ს იყენებდნენ აგრეთვე  შიდა უშიშროების ჯარები, სპეცდანიშნულების რაზმი BV (Bereitschaft Volkspolizei)  და ანტიტერორისტული დანაყოფები.
დღეს PM-63 პოლონეთის ჯარებში აღარაა გავრცელებული, თუმცა იგი შეიარაღებაში აქვთ რამოდენიმე პოლონური ბანკის დაცვას, კერძო დაცვს სამსახურებეს და რკინიგზის პოლიციას (SOK). (2004 წელს პოლონეთის რკინიგზის პოლიციელმა PM-63-ით დაჭრა მძარცველი).

 
რამოდენიმე თვის წინ მე გავხდი ჩეხოსლოვაკიური  "Scorpion" Vz.61 S-ის მფლობელი, და მიხარია, რომ მომეცა საშუალება ახლოს გავცნობოდი მის კონსტრუქციას. ალბათ დიდი სიამოვნებით შევიძენდი პოლონურ PM-63-საც, მაგრამ სამწუხაროდ იგი სამოქალაქო ბაზარზე არ იყიდება, რადგანაც მცირე პარტიად დამზადდა და არ იქნა მოდიფიცირებული სამოქალაქო ბაზრისათვის. < ცვლილება. აი აქ შევცდი, რადგანაც არსებობს სამოქალაქო ბაზრისთვის ადაპტირებული (ე.წ. კონვერსიული) PM-63, რომელიც მცირე რაოდენობით იყიდებოდა ჩეხეთშიც და პოლონეთშიც.
 

2 comments:

  1. გამარჯობა კარგი სტატიაა ძააან. ერთი შეკითხვა მაქ მაინტერესებს ავსტრალიურ Kokoda-მდე თუ არსებობდა ეგეთი პისტოლეტ ტყვიამფრქვევი, რომელსაც ტარში ქონდა მჭიდი?

    ReplyDelete
    Replies
    1. რატომღაც მეგონა Uzi იყო ეგეთი პირველი პისტოლეტ ტყვიამფრქვევო :)))

      Delete