CZ-22 / CZ-24 / CZ-27

პირველი პისტოლეტი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ სრულიად ბოლო ჭანჭიკამდე დავშალე იყო ვალტერის მოდელი P-38 და კარგად დამამახსოვრდა მისი კონსტრუქცია. მეორე პისტოლეტი კი იყო CZ24. ალბათ არასოდეს არ დამავიწყდება ის ემოცია, რაც მოჰყვა მის სრულად დაშლას. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა როდესაც ჩავწვდი მისი მოქმედების პრინციპს. თითქოს არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ იგი ჩემთვის დღემდე რჩება ყველაზე ორიგინალური კონსტრუქციის მქონე პისტოლეტად, რომლის მუშაობის პრინციპსაც მე ახლოდან გავეცანი. აქვე მინდა დავსძინო, რომ დღემდე ჩემს ნატვრად რჩება ახლოდან შევისწავლო კიდევ ერთი ჩეხური პისტოლეტი CZ52, რომლის საშუალებაც ჯერჯერობით არ მომეცა.
გადავწყვიტე მცირე სტატიის სახით შემოგთავაზოთ CZ 22, 24 და 27 მოდელის შესახებ ის ინფორმაცია, რომელსაც ვფლობ. რატომ მაინცდამაინც ეს სამი მოდელი? იმიტომ, რომ ისინი ძალიან მჭიდროდ არიან ერთმანეთთან დაკავშირებულნი. უფრო დეტალურად კი ამ ყველაფრის შესახებ სტატიიდან შეიტყობთ.
პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე და მისი დასრულების შემდეგ წარმოშობით ავსტრიელმა  კონსტრუქტორმა იოზეფ ნიკლმა (Josef Nickl)(რიგ წყაროებში კონსტრუქტორი მოხსენიებულია, როგორც ჩეხი და არა ავსტრიელი), რომელიც 1904 წლიდან მუშაობდა გერმანიაში   Waffenfabrik Mauser-ში, შექმნა რამოდენიმე თვითდამტენი პისტოლეტი და შესთავაზა გერმანიის არმიას. ნიკლი მაუზერის ქარხანაში პასუხისმგებელი იყო ჯიბის პისტოლეტების კვლევაზე და კონსტრუირებაზე. მის მიერ შექმნილ იქნა მაუზერის ჯიბის პისტოლეტი მოდელი 1910. დღეს იგი ცნობილია როგორც მაუზერ 1910/14 წლის მოდელი. მის მიერ შექმნილი ერთერთი პისტოლეტი გათვლილი იყო 9x19 Parabellum (Luger) ვაზნაზე. პისტოლეტის ლულის ჩაკეტვა ხდებოდა მისი 20 გრადუსიანი ბრუნვის შედეგად (სქემაზე დეტალურად ქვემოთ ვისაუბრებთ). 


დამზადდა პისტოლეტის პროტოტიპები, რომლებიც გამოცდებისათვის იყო განკუთვნილი. მიუხედავად იმისა, რომ პისტოლეტი კარგად ფუნქციონირებდა, გერმანიის არმიის მხრიდან მაინც არ დაიმსახურა რაიმე განსაკუთრებული ინტერესი და მოწონება. არმიის აზრით პისტოლეტის კონსტრუქცია ზედმეტად იყო გართულებული. 


  გარდა საინტერესო მუშაობის პრინციპისა, პისტოლეტს გააჩნდა ორიგინალური კონსტრუქციის მცველი. უკანა სმიზნე მოწყობილობის შემობრუნებით ხდებოდა პისტოლეტის მცველის გააქტიურება. 


პირველი მსოფლიო ომის მიწურულს, იოზეფ ნიკლმა მცირედი ცვლილებები შეიტანა პისტოლეტში. კერძოდ:
·         სამიზნე აღარ წარმოადგენდა მცველს;
·         კალიბრი 9x19 პარაბელუმის ნაცვლად ახალ პისტოლეტში იყო 9x17 ნიკლის ვაზნა;
·         შეიცვალა პისტოლეტის გაბარიტები და პისტოლეტი გახდა უფრო კომპაკტური;
·         პისტოლეტის საკეტის გვერდები ნაცვლად ბრტყელისა, გახდა უფრო მეტად მომრგვალებული;
·         საკეტზე თითების მოსაჭიდმა დაღარულმა ადგილმა გაიდაინაცვლა ოდნავ ზევთ და გახდა დახრილი მიმართულების.
 

 ისტოლეტს მიენიჭა სახელწოდება "Pistole Nickl" (მას ხშირად მოიხსენიებდნენ როგრც "Pistole N"). რამოდენიმე საცდელი მოდელი დამზადებულ იქნა მაუზერის ქარხანაში და გადაეცა არმიას ცდებისათვის. ამ შემთხვევაშიც იგივე განმეორდა. პისტოლეტი კარგად ფუნქციონირებდა, მაგრამ ახლა უკვე გამოითქვა მოსაზრება, რომ პისტოლეტში გამოყენებულ ვაზნას 9x17 არ სჭიდება ასეთი გართულებული ჩაკეტვის სქემა.
აღნიშნული პისტოლეტისათვის გერმანიაში სპეციალურად იქნა შექმნილი ვაზნა 9mm Nickl, რომელიც გაბარიტებით ბრაუნინგის მოკლე ვაზნის (9X17 „კურცი“) იდენტური იყო და განსხვავდებოდა მისგან დენთის მუხტით, ტყვიის მასით და მასრის ბოლოში არსებული ფუძის დიამეტრით.


 მარცხნივ 9მმ-ანი ნიკლის ვაზნა, ხოლო მარჯვნივ 9მმ-ანი ბრაუნინგის მოკლე ვაზნა (ე.წ. "კურცი")

9მმ-იანი კურცის შემთხვევაში მასრის დიამეტრი და ვაზნის ფუძის დიამეტრი თითქმის ტოლია (საშუალოდ მასრის დიამეტრია 9,45მმ, ხოლო მასრის ფუძის საშუალო დიამეტრი 9,4-9,43მმ), ხოლო ნიკლის 9მმ-იანი ვაზნის შემთხვევაში მასრის ფუძის დიამეტრი უფრო ვიწროა ვიდრე მასრა (მასრის საშუალო დიამეტრი 9,45მმ, მასრის ფუძის საშუალო დიამეტრი 9,04-9,08მმ)


ზევით 9მმ-ანი ნიკლის ვაზნა, ქვემოთ კი ბრაუნინგი მოკლე (9მმ „კურცი“)
იოზეფ ნიკლი იძულებული გახდა მისი პისტოლეტი წაეღო ჩეხოსლოვაკიაში და იქაური არმიისათვის შეეთავაზებინა. ამ პერიოდში ჩეხეთის არმიას შეიარაღებაში არ გააჩნდა საკუთარი წარმოების საარმიო თვითდამტენი პისტოლეტი, რადგანაც იგი უბრალოდ არ ჰქონდათ შექმნილი. (ჰქონად მხოლოდ მცირეკალიბრიანი პისტოლეტები და რამოდენიმე საცდელი პისტოლეტი).  გარდა აღნიშნულისა პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ჩეხეთმა მოიპოვა დამოუკიდებლობა და დაიწყო საკუთარი შეიარაღებული ძალების შექმნა/მშენებლობა. ნიკლმა მოახდინა წარმატებული მოლაპარაკება ჩეხოსლოვაკიის ხელისუფლებასთან, რასაც მოჰყვა   ჩეხოსლოვაკიის მიერ  მაუზერის ქარხნისაგან ნიკლის პისტოლეტის წარმოების ლიცენზიის შესყიდვა. 1921 წლის მიწურულს ჩეხოსლოვაკიის იარაღის სახელმწიფო ქარხანამ Ceskoslovenska Zbrojovka (CZ) რომელიც მდებარეობდა ქალაქ ბრონში გამოუშვა პისტოლეტის პირველი პარტია. პისტოლეტს მიენიჭა ინდექსი vz.22 (CZ22) ეს იყო პისტოლეტი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ჩეზეს პისტოლეტების სერიის დაწყებას. რამდენადაც ცნობილია სულ დამზადდა 10 000 ცალი ეგზემპლარი. არსებობს მოსაზრება, რომ  შემდეგ მოხდა კიდევ დამატებით მცირე პარტიებად გამოშვება და საერთო რაოდენობა ავიდა 19 000 ცალამდე. ინტერნეტში პისტოლეტის ფოტოების ძებნისას ვიპოვო პისტოლეტი სერიული ნომერით 13 191 რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ 10 000 ცალზე მეტი ეგზემპლარი დამზადდა.
ფოტოების ძებნის და შესწავლისას აგრეთვე წავაწყდი ერთერთ თავისებურებას. პისტოლეტის ჩარჩოზე არსებული ჭრილები რომელზეც საკეტი მოძრაობს (დასრიელებს), ადრეულ სერიაში სხვანაირია ვიდრე შედარებით მოგვიანებით გამოშვებულებში. სავარაუდოდ გამოცდების შემდეგ მოდიფიცირებულ იქნა აღნიშნული დეტალი.

 
1922 წლის მარტში გაიმართა გამოცდები, პისტოლეტი კარგად მუშაობდა და გააჩნდა სახასიათო შეხედულება, მისი საკეტის უკანა ნაწილი არ სცილდებოდა ტარის უკანა ნაწილს. გამომცდელები ითხოვდნენ, რომ პისტოლეტზე გაკეთებინათ მაუზერის 1910/14 მოდელის მსგავსი ავომატური მიწოდების სისტემა. კერძოდ: მაუზერის აღნიშნულ მოდელში საკეტი ბოლო ვაზნის გასროლის შემდეგ რჩება უკანა პოზიციაში და სავსე სავაზნე კოლოფის გაკეთების შემთხვევაში ხდება ვაზნის ავტომატური მიწოდება. გამოცდების შემდეგ 1923 წელს ნიკლმა წარმოადგინა გაუმჯობესებული პისტოლეტები, მაგრამ ამ პერიოდში ბრნოში არსებულ ქარხანას არ ეცალა პისტოლეტებისათვის, რადგანაც დაევალა მაუზერის შაშხანების წამოება. გადაწყვიტეს პისტოლეტების წარმოება გადაეტანათ ქალაქ სტრაკონიცეში არსებულ ქარხანაში “Ceska Zbrojovka”, სადაც შეკვეთილ იქნა 20 000ცალი CZ22. არსებობს მოსაზრება, რომ სტრაკონიცეში მცირე პარტიად დამზადდა CZ22–ის მოდიფიკაციები, მაგრამ ჯერჯერობით არაა აღმოჩენილი არცერთი პისტოლეტი სტრაკონიცეს ქარხნის მარკირებით. შესაძლოა სტრაკონიცეში ააწყვეს პისტოლეტები ქალაქ ბრნოდან წამოღებული დეტალებით, რომლებზეც მარკირება იყო ბრნოსი და ამიტომ ვერ ხდება მათი იდენტიფიცირება.  გამომდინარე იქიდან, რომ სტრაკონიცეს ქარხანას არ გააჩნდა პისტოლეტისათვის საჭირო მანქნა-დანადგარები, შეეცადნენ შეეცვალათ პისტოლეტის კონსტრუქცია ისე, რომ შესძლებოდათ მათი გამოშვება სტრაკონიცეს ქარხანაში. შედგა სხვადასხვა ინჟინრებისგან დაკომპლექტებული საპროექტო ჯგუფი, რომელთაც უფროსი კონსტრუქტორი ფრანტიშეკ მიშკა (František Myška) ხელმძღვანელობდა. 
ერთწლიანი მუშაობის შედეგად პისტოლეტის კონსტრუქცია შეიცვალა და 1924 წელს გამოჩნდა ახალი მოდელი Vz.24 (CZ-24). იარაღის წარმოება დაიწყო ფაბრიკამ Ceska Zbrojovka ქალაქ სტრაკონიცეში. პისტოლეტი გათვლილი იყო ბრაუნინგის მოკლე ვაზნაზე 9x17 (9mm Short). CZ24-ის ავტომატიკა მუშაობდა ლულის მოკლე უკუცემის პრინციპით, სადაც ლულის ჩაკეტვა ხდებოდა მისი ბრუნვით (ანუ კონსტრუქცია იმეორებდა  წინამორბედი მოდელის CZ22-ის სქემას). დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი კვლავ ერთმაგი მოქმედების იყო და გააჩნდა ნახევრად ღია ჩახმახი. მარცხენა მხრიდან განთავსებული იყო ლულის დამჭერი ღილაკი, რომლითაც ხდებოდა პისტოლეტის დაშლა. სასხლეტი კავის უკან პისტოლეტის ტართან ჩარჩოზე დამონტაჟებული იყო CZ22-ს ანალოგიური მცველი.
პისტოლეტი CZ-24 გახდა პირველი თვითდამტენი პისტოლეტი, რომლის სერიული წარმოებაც დაიწყო ჩეხოსლოვაკიამ და შემდგომ არმიამ მიიღო შეიარაღებაში.  
ზოგადად პისტოლეტის უპირატესობად მისი ექსპლუატაციის დროს ითვლებოდა მცირე გაბარიტები და მასა. ძირითად უარყფოფით მხარედ კი ითვლებოდა მისი რთული მექანიზმი, რომელიც დაბინძურების შემთხვევაში შეფერხებებს იწვევდა. უარყოფით მხარედ სახელდება აგრეთვე მისი მცველიც, თუმცა პისტოლეტის დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი ერთმოქმედებიანი იყო და აკომპენსირებდა მცველის სირთულეს. მე პირადად ძალიან მომწონს მისი მცველი.
Vz.24 ჩეხოსლოვაკიის არმიის შეიარაღებაში იმყოფებოდა 1924 წლიდან მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე. მათი წარმოება ხდებოდა გერმანელების მიერ ჩეხეთის ოკუპაციამდე ანუ 1939 წლამდე. სულ 1924-1939 წლებში გამოშვებულ იქნა 190000 ცალი ეგზემპლარი. მათი წარმოება მცირე პარტიებად გრძელდებოდა 1944 წლამდე.
ჩეხურ წყაროებში მოცემულია ინფორმაცია, რომ არსებობდა CZ24-ის მოდიფიკაცია გათვლილი 9х19 პარაბელუმის ვაზნაზე და უყენდებოდა კონდახი. პისტოლეტი შეიქმნა სპეციალურად თურქეთის არმიისათვის, თუმცა დღეს არცერთი მსგავსი ეგზემპლარი არაა აღმოჩენილი.
1929 – 1934 წლებში პისტოლეტი CZ24 მზადდებოდა აგრეთვე პოლონეთისათვის და ლიტვისათვის (ლიტვა).

 
პისტოლეტების მუშაობის პრინციპის განხილვა და მათი შედარება (CZ22 / CZ24)


როგორც ავღნიშნეთ, ორივე მოდელში გამოიყენებოდა ლულის უკუსვლა მისი ღერძის გარშემო შემობრუნებით, ხოლო მისი ჩაკეტვა ხდებოდა ლულაზე არსებული სპეციალური შვერილების მეშვეობით. საკეტი ლულასთან შეჭიდებული იყო ჩამკეტი შვერილებით ხოლო ჩარჩოში ჩასმული იყო პატარა დეტალი, რომლსაც გააჩნდა დახრილი ჭრილი. 


ლულას ასევე ჰქონდა დახრილი შვერილი, რომელიც ამ დეტალის ჭრილთან იყო შეჭიდებული. გასროლისას საკეტი გადაადგილდებოდა უკან ლულასთან ერთად, ხოლო დახრილი შვერილი ზემოქმედებდა ჩარჩოში ჩასმულ დეტალთან ისე, რომ ხდებოდა ლულის შემობრუნება. ლულის შემობრუნება იწვევდა ჩამკეტი ბჯენების გამოსვლას საკეტის ღარებიდან და საკეტი თავისუფლდებოდა ლულის შეჭიდულობისგან. სხვაობა CZ22-სა და CZ24-ს შორის მდგომარეობდა იმაში, რომ გაუმჯობესებულ მოდელს (CZ24-ს) გააჩნდა დამატებით შემაჩერებელი შვერილი.


მცველი

ორივე მოდელში (CZ22 / CZ24) მცველის გააქტიურება ხდებოდა მისი ბერკეტის ქვემოთ დაწევით ხოლო მცველის გამორთვის შემთხვევაში მსროლელი აწვებოდა ბერკეტის ქვემოთ განთავსებულ ღილაკს, ბერკეტი კი ზამბარის მეშვეობით თავისით იწეოდა ზევით და თიშავდა მცველს. 

 
CZ24-ის წინა სამიზნე იყო მომრგვალებული ფორმის, ხოლო მისი წინამორბედი CZ22-ის სამიზნეს გააჩნდა უფრო მკვეთრი კუთხე. გარდა ამისა CZ-24-ის ლულა უფრო მეტად იყო გამოშვერილი საკეტის კორპუსიდან.


სავაზნე კოლოფის მოსახნელი ღილაკი განთავსებული იყო ტარის ფსკერზე.



 


 
 ვიზუალური სხვაობები
 
CZ24–ს მისი წინამორბედისგან განსხვავებით გააჩნდა აგრეთვე სავაზნე კოლოფის მცველი. ანუ პისტოლეტი არ ისროდა თუკი ტარში არ იყო მოთავსებული სავაზნე კოლოფი.


პირველ პარტიებში CZ24-ს გააჩნდა უბრალოდ ხისგან დამზადებული ტარის ლოყები, რომლებიც შემდგომ შეცვალეს მყიფე პლასტმასის მსგავსი რეზინისაგან დამზადებული ლოყებით, ხოლო შემდეგ კი მათი დამზადება ხდებოდა ბაკელიტისაგან. 

 CZ24-ის საკეტზე ზემოდან დტანილი იყო მარკირება CESKA ZBROJOVKA A. S. v PRAZE


პისტოლეტს საბრძოლო ზამბარა ორივე მოდელში განთავსებული იყო ტარში სავაზნე კოლოფის უკან. CZ-22-ის შემთხვევაში საბრძოლო ზამბარა შეადგენდა მთლიან დეტალს, რომელიც ამავდროულად იყო სავაზნე კოლოფის დამჭერი ღილაკის ზამბარაც, ხოლო CZ-24-ის შემთხვევაში საბრძოლო ზამბარა და სავაზნე კოლოფის დამჭერი ღილაკის ზამბარა იყო ცალკეული.


მცირედი სხვაობა იყო აგრეთვე პისტოლეტების დამრტყმელ-გამშვებ მექანიზმში


CZ-27 (VZ27)

CZ-27-ის პირველი პროტოტიპი რომელსაც საკეტზე გააჩნდა დახრილი "ნასეჩკები". რიგ წყაროებში იგი მოხსენიებულია როგორც CZ-26
 
ვინაიდან კვლავ არსებობდა მოსაზრება, რომ CZ24 გათვლილი 9მმ-ან ბრაუნინგის მოკლე ვაზნაზე ითვლებოდა ზედმეტად რთული მექანიზმის მქონე პისტოლეტად, რომელიც რეალურად არ ესაჭიროებოდა აღნიშნულ ვაზნას, ფრანტიშეკ მიშკას მიერ იგი კვლავ იქნა მოდიფიცირებული 1926 წელს და 1927 წელს მიღებულ იქნა შეიარაღებაში სახელწოდებით CZ-27 (Vzor–27). 


იგი პრინციპულად ითვლებოდა უკვე სხვა იარაღად, რადგანაც პისტოლეტის მოქმედების პრინციპი ახალ მოდელში ეფუძნებოდა უძრავ ლულას და თავისუფალ საკეტს. მასში გამოიყენებოდა აგრეთვე უფრო სუსტი ვაზნა 7,65Х17მმ „ბრაუნინგი“. მსგავსი კონსტრუქციის გამოყენებამ პისტოლეტის წარმოება გაამარტივა და მისი ღირებულებაც საგრძნობლად შემცირდა. პისტოლეტის საკეტის გვერდები გახდა ბრტყელი ფორმის, საკეტზე არსებული თითის მოსაჭიდი ღარები (ნასეჩკები) დახრილის ნაცვლად გახდა მთლიანად ვერტიკალური. დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი CZ27-ში არის ერთმაგი მოქმედების (არა თვითშეყენებადი) და გააჩნია ნახევრად ღია ჩახმახი. სასხლეტ კავზე თითის დაწოლის ძალისხმევა შეადგენს 1,9კილოგრამს. მცველი ახალ მოდელში იყო CZ24-ს იდენტური. ბოლო ვაზნის გასროლის შემდეგ საკეტი რჩება უკანა მდგომარეობაში.
პისტოლეტს გააჩნია არარეგულირებადი (მუდმივი) სამიზნე მოწყობილობა. უკანა სამიზნე დამაგრებულია საკეტზე მერცხლის კუდის ტიპის სამაგრით, რომელსაც გააჩნია დასამიზნებლად განკუთვნილი V-სებური ჭრილი. მუდმივი სამიზნე ქარხნულად მისროლილი იყო 50მეტრამდე სროლისათვის. რამდენადაც მფლობელების გამოხმაურებიდანაა ცნობილი, სამიზნე მოწყობილობა 15 მეტრამდე სროლისას უზრუნველყოფს იდეალურ შედეგს. თუ პისტოლეტის ლულა კარგ მდგომარეობაში 15-20 მეტრზე გარანტირებულია ტყვიების ჩასმა 50 – 55 მმ-ან წრეში. პისტოლეტი CZ-27 შეიარაღებაში მიიღო პლიციამ და სახელმწიფო უშიშროებამ. გარდა ამისა პისტოლეტი დიდი მოწონებით სარგებლობდა იარაღის  სამოქალაქო ბაზარზეც. მფლობელების აზრით ნებისმიერი პარტიის (ომამდე და ომის შემდგომ დამზადებული) CZ-27 საუკეთესო სიზუსტით გამოირჩევა.
გერმანული ოკუპაციის დროს 1939-1945 წლებში პისტოლეტები იწარმოებოდა ვერმახტის არმიისათვის სახელწოდებით Pistole 27(t). [აგრეთვე აღნიშნავდნენ როგორც p27(t) ]. იგი მცირე რაოდენობით შეიარაღებაში მიეწოდა „აბვერს“ და მესამე რეიხის სპეცსამსახურებს. სპეც სამსახურების პისტოლეტს გააჩნდა 135მმ-მდე დაგრძელებული ლულა, რომელიც გამოშვერლი იყო პისტოლეტის საკეტიდან და ცხვირზე გააჩნდა მაყუჩის სამაგრი. 



იარაღი იყო საკმაოდ კომპაქტური და მის მთავარ მინუსად ითვლებოდა ტყვიის დაბალი შემაკავებელი (შემაჩერებელი) მოქმედება. ომის დასრულების შემდეგ ქარხანა Ceska Zbrojovka, რომელიც მდებარეობდა ქალაქ სტრაკონიცეში,  აგრძელებდა პისტოლეტ CZ 27-ის გამოშვებას 1951 წლამდე. სულ 1927-1951 წლებში ოფიციალურად დამზადებულ იქნა დაახლოებით 700 000 ცალი პისტოლეტი. დღეს იგი არც თუ ისე იშვიათად გვხვდება იარაღის ბაზარზე. კოლექცონერები ძირითადად დაინტერესებულნი არიან ადრეული გამოშვებული მოდელებით.
CZ-27-ის დაფარვა იყო ორი სახის: 1. პრიალა მოყავისფრო მოპირკეთებით  „ვარანენიე“, 2. ფოსფატირებული, რომელიც არ პრიალებდა. დღეს შემორჩენილი პისტოლეტების უმეტესობა არის გერმანული დამღებით და მარკირებებით, რომლებიც ძალიან მრავალფეროვანი სახისაა, რადგანაც აბვერი თავის დამღას არტყავდა, პოლიცია თავისას და სამხედრო დანაყოფები თავისას.
CZ-27 არასრული დაშლა ქრონოლოგიურად
დღევანდელი გადმოსახედიდან თუ შევხედავთ, რათქმაუნდა CZ-24 / CZ-27 ვერ გაუწევს კონკურენციას თანამედროვე თვითდამტენ პისტოლეტებს, მაგრამ ისინი თავის დროზე ითვლებოდნენ ერთერთ საუკეთესო პისტოლეტებად. მათი დამზადება იყო უმაღლესი ხარისხის, გააჩნდათ იმდროს ევროპული პისტოლეტებისათვის დამახასიათებელი 8 ვაზნიანი კოლოფები (მჭიდები) (CZ-27 მოდელისთვის არსებობს აგრეთვე 9ცალ ვაზნაზე გათვლილი მჭიდებიც), ტარის ქვემოთ განთავსებული სავაზნე კოლოფის ღილაკ-ფიქსატორი, გათვლილნი იყვნენ იმდროს პოპულარულ ვაზნებზე და წონა/გაბარიტებით არ ჩამორჩებოდნენ იმდროინდელ მსგავსი კლასის პისტოლეტებს.
დღეს საქართველოში CZ24 და CZ27 იშვიათად, მაგრამ მაინც გამოჩნდება ხოლმე იარაღის მოყვარულთა წრეში. იმედს ვიტოვებ, რომ ოდესმე მომეცემა საშუალება რომელიმე მათგანი კიდევ უფრო ახლოს გავიცნო და შევისწავლო.

No comments:

Post a Comment