დეკერის რევოლვერი (Decker)


1912 წელს გერმანელმა გამომგონებელმა ვილჰელმ დეკერმა (Wilhelm Decker) (რიგ წყაროებში იგი მოხსენიებულია როგორც Walter Decker) ქალაქ ცელა სანკტ ბლაზიიდან (Zella St Blasii) დააპატენტა ჯიბის რევოლვერის კონსტრუქცია. (პატენტი DRP 253148).  პატენტი შესრულებულ იქნა დიდ ბრიტანეთში.

ახაზი პატენტიდან

რევოლვერი გათვლილი იყო ბრაუნინგის 6,35მმ-ან ვაზნაზე (.25ACP) და განკუთვნილი იყო თავდაცვისათვის.  რატომ შეაჩერა გერმანელმა კონსტრუქტორმა არჩევანი ბრაუნინგის ვაზნაზე? ალბათ ამ კითხვაზე ლოგიკური პასუხი იქნება ის რომ, იმ პერიოდში აღნიშნული ვაზნა ითვლებოდა ყველაზე პოპულარულ ვაზნათ ჯიბის იარაღებში.
Decker-ს სხვა რევოლვერებთან შედარებით გააჩნია გამორჩეული შესახედაობა და თვითდამტენი პისტოლეტებისათვის დამახასიათებელი ტარი. მისი კონსტრუქცია  ორიგინალურია და ამავდროულად მფლობელთა გამოხმაურებებს თუ დავუჯერებთ საკმაოდ საიმედოდ მუშაობს.
 
რევოლვერის კონტრუქცია

რევოლვერის ჩარჩო არის ფოლადის და დამზადებულია მთლიანი სახით ანუ არის მონოლითური.

იარაღილს ლულა ჩარჩოზე დამაგრებულია ხრახნის მეშვეობით და გააჩნია დაკუთხული ფორმა (ე.წ. "ექვსკუთხედი"). წინა სამიზნე წარმოადგენს ლულის შემადგენელ ნაწილს და დამზადებულია ფრეზირების მეთოდით, ხოლო რაც შეეხება უკანა სამიზნეს, იგი წარმოადგენს ჩარჩოზე ზევითა მხრიდან შესრულებულ ღარს მთელს სიგრძეზე.


დოლურა არის ფოლადისაგან დამზადებული ცილინდრული ფორმის და გააჩნია 6 ცალი სავაზნე კამერა. იგი რევოლვერის ჩარჩოზე დამაგრებულია ცენტრში გაყრილი ღერძის მეშვეობით.  დოლურას კორპუსზე გვერდებიდან მთელს სიგრძეზე გააჩნია წვრილი ღარები, რომელთა დანიშნულებაც არის მისი ფიქსირება გასროლის მომენტში.

დოლურის ღერძის შუაში გაყრილია ფოლადის ღერო, რომელიც შესაძლოა მოიხსნას რევოლვერიდან და გამოყენებულ იქნას როგორც მასრების ამოსაგდები ზუმბა.

 

რევოლვერის დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი არის ჩახმახის გარეშე და გააჩნია შიდა ზამბარიანი საცემი ნემსა. სროლა წარმოებს მხოლოდ თვითშეყენებად რეჟიმში (DAO). სასხლეტ კავზე დაწოლისას მასზე დამაგრებული გრძელი ბერკეტი, რომელიც დოლურას ქვემოთაა განთავსებული, გადაადგილდება უკან და დოლურას გადამაბრუნებელ მოკაუჭებულ ენას (ძაღლუკას) ამოძრავებს ისე, რომ ხდება დოლურას ერთი ნაბიჯით გადაბრუნება, ხოლო შემდეგ დოლურას დაფიქსირება. ამავდროულად საცემი ნემსა გადაადგილდება უკან და ახდენს საბრძოლო ზამბარის შეკუმშვას. სასხლეტზე დაწოლის  გაგრძელების შემდგომ საცემი თავისუფლდება და შეკუმშული ზამბარის მეშვეობით ახდენს კაფსულ-მაალებლზე დარტყმას, რასაც მოჰყვება მისი აალება (გასროლა).

ვინაიდან რევოლვერი მომცრო ზომისაა და განეკუთვნება ეგრედ წოდებულ „ჯიბის რევოლვერების“ კატეგორიას, მის კონსტრუქციულ უპირატესობად  ჩაითვლება ის, რომ არ გააჩნია ღია ჩახმახი, რაც აადვილებს რევოლვერის სწრაფ ამოღებას ჯიბიდან ისე, რომ არ მოხდება მისი გამოდება ტანისსამოსზე.  


პისტოლეტისებურ ტარზე ჭანჭიკის მეშვეობით დამაგრებულია ტარის ლოყები,  რომელიც დამზადებულია ებონიტისაგან. ლოყებს ხელის უკეთესი მოჭიდებისათვის გააჩნია წვრილად შესრულებული ნაჭდევები („ნასეჩკები“).

რევოლვერის ჩარჩოზე მარცხენა მხრიდან განთავსებულია მცველის მოგრძო ბერკეტი, რომლის გადაწევისას ხდება სახლეტის ბლოკირება. 


რევოლვერის დოლურის ვაზნებით დამუხტვა ხდებოდა მარცხენა მხრიდან განთავსებული კარების მეშვეობით, კერძოდ მსროლელს უნდა გადაეწია კარები და სათითაოდ ჩალაგებინა დოლურის სავაზნე კამერებში ვაზნები. გასროლილი მასრების ექსტრაქციაც ხდებოდა ანალოგიურად.

ერთერთი გამორჩეული დეტალი, რევოლვერის კონსტრუქციაში არის თხელი მეტალის ფარი, რომელიც ჭანჭიკების მეშვეობით დამაგრებულია ჩარჩოზე მარჯვენა მხრიდან. ფარის დანიშნულება არის ის, რომ სროლისას საჩვენებელი თითი, რომლითაც ხდება სასხლეტზე დაჭერა არ შეეხოს დოლურას და არ შეუშალოს ხელი მის ბრუნვას, რადგანაც რევოლვერი ძალზედ პატარაა და სროლისას საჩვენებელი თითი ეხებოდა დოლურას კორპუსს. გარდა ზემოაღნიშნულისა ფარის დაანიშნულებაა, რომ დოლურას სავაზნე კამერებში განთავსებული ვაზნები არ გადმოცვივდეს რევოლვერის ზევით აწევისას.


რევოლვერის დანახვისას ალბათ პირველი თვალში მოგხვდება მისი სახლეტი კავი, რომელიც განსხვავდება სხვა რევოლვერების სასხლეტებისგან. მე პირადად იგი მაგონებს სათამაშო წყლის პისტოლეტის სასხლეტს. სასხლეტ კავს არ გააჩნია დამცავი რგოლი და ალბათ არც ესაჭიროება, რადგანაც მისი დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი მუშაობს მხოლოდ ორმაგი მოქმედების რეჟიმში (მხოლოდ თვითშეყენებადი - DAO). გარდა ამისა უსაფრთხოების კუთხით რევოლვერს დამატებული აქვს მექანიკური მცველი გრძელი დროშისებური ბერკეტის სახით.  

 
რევოლვერის მარკირება
 
 
შემორჩენილი რევოლვერების ტარის ლოყებზე დატანილია წარწერა «Decker» და ტარის ლოყების სამაგრი ჭანჭიკის გარშემო წრეში ამოტვიფრულია პატენტის ნომერი «D.R.P. 253148». ჩარჩოს ზედა ნაწილში წარწერის სახით დატანილია კვლავ პატენტის ნომერი «D.R.P. 253148» და იარაღის კალიბრის მარკირება «CALIBER 6.35».

 
რევოლვერი არ დამზადებულა დიდი პაარტიით, მაგრამ ჩემთვის დღემდე უცნობია თუ რომელ ფაბრიკაში (საწარმოში) მოხდა მათი დამზადება. აღნიშნული ინფორმაციის მოძიება ვერ შევძელი ვერცერთ ცნობარში და არც ინტერნეტში ძეიბამ მომცა რაიმე შედეგი. ცნობილია მხოლოდ ის, რომ რევოლვერი გერმანიაში დამზადდა.
 
ალბათ ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი დეკერის რევოლვერში არის მისი წონა, რომელიც 225გრამს შეადგენს, რაც ალბათ ამ გაბარიტების რევოლვერებში სიმსუბუქის კუთხით რეკორდური მაჩვენებელია. თან მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ის ფაქტი, რომ რევოლვერი (გარდა ტარის ლოყებისა) მთლიანად ფოლადისაგანაა დამზადებული.


მფლობელების თქმით დეკერის რევოლვერი საიმედოდ მუშაობს და მარტივი გამოსაყენებელია, მაგრამ რათქმაუნდა  ერგონომიულობის კუთხით და მასში გამოყენებული სუსტი ვაზნიდნ გამომდინარე დღეს იგი ვერ ჩაითველება საიმედო თავდაცვით იარაღად. რაც შეეხება მის საკოლექციო ღირებულებას, ალბათ იგი ერთერთი საუკეთესო ეგზემპლარი იქნებოდა ამ კუთხით.
დღეს დეკერის რევოლვერი ძალზედ იშვიათია, რადგანაც მათი წარმოება დაიწყო პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე კერძოდ 1912 წლის მიწურულს და შეწყდა 1914 წელს. რევოლვერს ყიდიდა აგრეთვე დიდ ბრიტანეთში არსებული კომპანია «R.H. Mueller of London» სახელწოდებით «Mueller Special Revolver». სტატიის დაწერის მომენტში არცერთი მსგავსი მარკირების მქონე რევოლვერი არაა აღმოჩენილი.
დეკერის რევოლვერები ძირითადად გვხვდება კერძო კოლექციონერების ხელში ან რამოდენიმე მუზეუმის სტენდზე.   
 
ერთერთ ინტერნეტ აუქციონზე გამოჩნდა დეკერის რევოლვერი, რომელიც იყო კარგ მდგომარეობაში. დღეს აღნიშნული აუქციონი დასრულებულია (დახურულია) და მითითებულია „HIGH BID: $923.00“. რა ბედი ეწია ეგზემპლარს ჩემთვის უცნობია, მაგრამ თუკი ის 923 აშშ დოლარად გაიყიდა, უთუოდ ბედნიერი უნდა იყოს მისი მფლობელი.
 
 

No comments:

Post a Comment