4/09/2014

უცნაური პისტოლეტი "Sauer Bär"




პისტოლეტის შექმნის ისტორია

იარაღი რომლის შესახებაც ამ სტატიაში ვისაუბრებთ შეიძლება მივაკუთვნოთ, როგორც მექანიკური პისტოლეტის კატეგორიას, ასევე რევოლვერისას, რადგანაც ორივე ტიპის იარაღისათვის დამახასიათებელი შტრიხები გააჩნია.
აღნიშნულ იარაღი 1897 წელს იქნა დაპატენტებული შვეიცარიელი ბურკარდ ბერის (Burkard Behr) მიერ. როგორც ჩვენი მეზობელი რუსები ამბობენ, ბურკარდ ბერი იყო რუსეთის მოქალაქე. გერმანულ პატენტშიც გაწერილია რომ იგი იყო რუსეთის მაცხოვრებელი. რიგი წყაროების თანახმად პატენტი შესრულებულ იქნა გერმანიაში, ინგლისში და ამერიკის შეერთებულ შტატებში პატენტის ავტორად მოხსენიებულია Burkard Behr (ხშირად მოიხსენიებენ როგორც Burkhard Behr). ინტერნეტში ძებნისას  წავაწყდი აგრეთვე შვეიცარიულ პატენტს, რომელშიც პატენტის ავტორად მოხსენიებულია შვეიცარიელი ქალბატონი Valerie Schlapal. 


 ნახაზი ამოღებულია შვეიცარიის პატენტიდან

ჩემთვის დღემდე არაა ცნობილი თუ რატომ გაიცა პატენტი სხვა ადამიანის სახელზე. ასევე აღმოვაჩინე პატენტი, რომელიც შვედეთშია გაცემული (პატენტის ავტორი Burkard Behr).



 დიდი ძიების შემდეგ ერთერთ ვებ გვერდზე აღმოვაჩინე ფოტოსურათი რომელზეც გამოსახულია პისტოლეტის კონსტრუქტორი და მისი სახელი/გვარი მითითებულია შემდეგნაირად „Burchard Christian v Behr (1835-1901)“
 
ბერის პისტოლეტი განკუთვნილი იყო მოკლე მანძილზე სასროლად და მის ძირითად დანიშნულებას წარმოადგენდა თავის დაცვა.
მისი სერიული წარმოება დაიწყებულ იქნა 1900 წელს, კომპანია J.P. Sauer & Sohn-ის ერთერთ ქარხანაში. იგი პერიოდულად ჩნდებოდა იარაღის მოვაჭრეთა კატალოგებში და მათი ღირებულება იმ პერიოდში იმდენად მაღალი იყო, რომ ვერ უწევდა კონკურენციას ბრაუნინგის თვითდამტენ პისტოლეტებს, რომლებიც საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა სამოქალაქო იარაღის ბაზარზე. რამდენადაც ცნობილია 1914 წელს ბერის პისტოლეტები გაქრა ყველა იარაღით მოვაჭრე დილერთა ცნობარებიდან (კატალოგებიდან) და მათი გამოშვება შეწყვეტილ იქნა. პისტოლეტი არ გამოსულა დიდი ოდენობით რადგანაც იგი არ იყო შექმნილი საარმიოდ ან საპოლიციოდ. როგორც რიგ წყაროებშია ცნობილი, ბერის პისტოლეტი დამზადდა 1000 ცალ ეგზემპლარამდე, მაგრმ სტატიის დაწერის მომენტში ექსპერტები და იარაღის კოლექციონერები ვარაუდობენ, რომ სულ ჯამში დამზადებულ იქნა 300 ცალ პისტოლეტამდე, რადგანაც დღეისათვის ცნობილ და ოფიციალურად აღმოჩენილ პისტოლეტებზე სერიული ნომერი არცერთ ეგზემპლარზე არ სცდება 300-ს და ყველა ნომერი მის ქვევითაა.


კონსტრუქცია და აგებულება
ვიზუალურად ბერის პისტოლეტი ნაკლებად ჰგავს რევოლვერს, რადგანაც მისი ოთხ ვაზნიანი „დოლურა“ თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ წარმოადგენს ბრტყელ ბლოკს (პარალელეპიპედს), რომელსაც აქვს ორი სავაზნე წყვილად ერთ მხარეს, ხოლო მეორე მხარეს კი მეორე წყვილი 2 სავაზნე.  



პისტოლეტს გააჩნია ორი ლულა, და სავაზნე ბლოკში მოთავსებული წყვილი 2 ცალი ვაზნა გასწორებულია მათ გასწვრივ. 



სასხლეტზე დაწოლისას ჯერ იმართება და შემდგომ ისვრის ზედა ლულა, ხოლო შემდეგ დაწოლაზე ისვრის მეორე ლულა. ანუ პისტოლეტი აღჭურვილია მბრუნავი ჩახმახით, რომელიც ჩარჩოს კორპუსითაა დაფარული და მისი წინასწარი შეყენება ხელით შეუძლებელია. 


მას შემდეგ რაც მსროლელი განახორციელებს ორ გასროლას, უნდა დააწვეს ჩარჩოს ზევით განთავსებულ ზამბარიან ღილაკს და გადააბრუნოს სავაზნე ბლოკი მისი ღერძის გარშემო ერთი მეოთხედით (180 გრადუსით). რამდენადაც მფლობელებისგანაა ცნობილია აღნიშნული ოპერაციის შესრულება მარტივად ხდებოდა საჩვენებელი თითით და მცირე ვარჯიშის შემდეგ პისტოლეტის სწრაფსროლა არ ჩამოუვარდებოდა ჩვეულებრივი თვითშეყენებადი რევოლვერისას. იარაღს არ გააჩნდა ექსტრაქტორი და გასროლილი ვაზნის მასრების ამოგდება ხდებოდა  ან რაიმე დამხმარე საგნის მეშვეობით, ან კიდევ სპეციალური ფოლადის ღეროს მეშვეობით, რომელიც პისტოლეტის ტარში ინახებოდა და მისი თავი გამოშვერილი იყო ტარის ქვემოდან. 



 სავაზნე ბლოკის ვაზნებით დამუხტვა და განმუხტვა შესაძლებელი იყო ან ბლოკის მოხსნის შემდეგ, ან მისი 90 გრადუსით მობრუნებით, თუმცა ამ შემთხვევეში ვაზნების ჩადება შესაძლებელი იყო მხოლოდ უკიდურეს სავაზნეებში. 


პისტოლეტს არ გააჩნდა არანაირი მცველი და არც სასხლეტი კავის დამცავი რგოლი. პრინციპში ეს არც ისეთი დიდი მინუსია მისთვის, რადგანაც დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი მხოლოდ ორმაგი მოქმედებისაა (DAO-Double Action Only) და დიდი ძალისხმევაა საჭირო გასროლის განსახორციელებლად (სასხლეტზე დაწოლის ძალისხმევა შეადგენდა 5კგ-მდე). გარდა ამისა იარაღის ჯიბეში მოთავსებისას სასხლეტი კავი სურვილისამებრ იკეცებოდა წინ აწევით. 

 პისტოლეტი აკეცილი სასხლეტით

მიუხედავად ამ ყველაფრისა, რამდენადაც ინტერნეტ წყაროებშია მოხსენიებული, ხშირად ხდებოდა შემთხვევითი გასროლა, რადგანაც მფლობელები იარაღის ჩანთაში შენახვისას არ ახდენდნენ სასხლეტი კავის დაკეცვას. ჩემთვის ბუნდოვანია თუ როგორ უნდა გაისროლოს იარაღმა შემთხვევით, როდესაც სასხლეტ კავზე დაწოლის ძალისხმევა 5კილოგრამს შეადგენს.  
პისტოლეტის ჩარჩო იყო ბრტყელი მთლიანი კონსტრუქციის. ლულების ბლოკი შესრულებული იყო მთლიანად ერთი დეტალისგან. წინა სამიზნე მოწყობილობა შეადგენდა ლულის ერთიან ნაწილს, ხოლო უკანა სამიზნის როლს ასრულებდა, სავაზნე ბლოკების ზამბარიანი კლავიში.   



 თუთიყუშის ნისკარტის ფორმის ტარს ჰქონდა პლასტმასისაგან ან ხისგან დამზადებული ლოყები. პისტოლეტს გააჩნდა მცირე მასა (წონა) და იყო ძალზედ თხელი მისი სისქე შეადგენდა 28,2მმ-ს, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა მისი ჯიბიდან ან ჩანთიდან ამოღება არც ისე ადვილი იყო, რადგანაც დასაკეცი სასხლეტი კავი ხშირად იხსნებოდა დაკეცილი მდგომარეობიდან და ართულებდა სწრაფად ამოღების პროცესს. პისტოლეტის ამოღება სპეციალური ბუდიდა (კაბურიდან) უფრო მოსახერხებელი იყო, მაგრამ მფლობელები ძირითადად მაინც ჯიბით ან ჩანთით ატარებდნენ მას.
არსებობს ერთი გაურკვეველი დეტალი, რომელიც პისტოლეტის სახელწოდებას უკავშირდება. კერძოდ: პისტოლეტის კონსტრუქტორი ყველგან მოხსენიებულია, როგორც Behr (ან Beahr). ხოლო მარკირება პისტოლეტზე და მისი დასახელება ცნობარებში არის “Bär.”


 პისტოლეტის ლულაზე ზემოდან განთავსებული მარკირება

პისტოლეტის სავაზნე ბლოკის ერთ გვერდზე დატანილია მარკირება, DEUTSCHLAND 98382 PATENT  BELGIEN 134215,


ხოლო მეორე გვერდზე ENGLAND 11998 RUSSLAND  NORD AMERIKA.


 ზედვე მარკირებ U ასოს და გვირგვინების სახით რომელიც ზულის (Suhl) სპეციალურ მარკას წარმოადგენს. კომპანიის სავაჭრო ნიშანი დატანილია ჩარჩოზე წინა მხრიდან. 


სერიული ნომერი დატანილია ლულაზე მარცხენა მხრიდან.


პისტოლეტის თვისებები
ზოგადად იარაღი იყო კომპაკტური და მცირე მასის მქონე.
მისი მოკლე ლულის (62მმ) და სასხლეტ კავზე თითის გამოკვრისას დიდი ძალისხმევის მიუხედავად პისტოლეტს გააჩნდა კარგი სიზუსტე და მფლობელს საიმედოდ შეეძლო განეხორციელებინდა სროლა 25 მეტრ დისტანციამდე, რაც თავდაცვისთვის სავსებით დამაკმაყოფილებელია.
ბრტყელი ბლოკის გამოყენებით იარაღს ჰქონდა მინიმალური სისქე, რომელიც დერინჯერების სისქის მსგავსია, მაგრამ ორლულიანი დერინჯერებისგან განსხვავებით მას ჰქონდა დამატებიათ 2 გასროლის შესაძლებლობა, რისთვისაც მხოლოდ ვაზნების ბლოკის მობრუნება იყო საჭირო.
ბერის პისტოლეტზე რათქმაუნდა ვერ ვიტყვით რომ იგი იდეალურად გამოდგება თავდაცვისათვის, რადგანაც ბევრი ნიუანსია, რომელსაც პისტოლეტი როგორც თავდაცვითი იარაღის კრიტერიუმებს ვერ დააკმაყოფილებს. პირველ რიგში რათქმაუნდა სუსტი ვაზნის გამო რომელიც მასში გამოიყენება. თუმცა საერთო ჯამში რევოლვერს გააჩნდა რიგი დადებითი თვისებები:
-         მარტივი კონსტრუქცია;
-         მცირე გაბარიტები და მსუბუქი წონა (მასა);
-         დამზადების მაღალი ხარისხი;
-         საიმედოობა.
  
იარაღში გამოყენებული ვაზნები


თავიდან იარაღი გათვლილი იყო სპეციალურად მისთვის შექმნილ ცენტრალური აალების რანტიან ვაზნაზე 7x15.5R Bar,  რომელიც ასევე დაპატენტებულ იქნა შვეიცარიულ პატენტში მოცემული ქალბატონის Valerie Schlapal-ის მიერ. აღნიშნული ვაზნები იმპერიოდისათვის ძალიან ძვირი ჯდებოდა. ამ ეტაპზე ჩემთვის უცნობია თუ რა სიძლიერის იყო ბერის პისტოლეტის ვაზნა, თუმცა მისი გაბარიტებიდან და იმ პერიოდში არსებული დენთით თუ ვიმსჯელებთ, სავარაუდოდ მისი ენერგია მაქსიმუმ 95 ჯოულამდე იქნებოდა, რაც თავდაცვითი მიზნისთვის ძალიან ცოტაა.
რიგი წყაროების თანახმად პისტოლეტი გამოდიოდა აგრეთვე ცნობილი კონსტრუქტორის გეორგ როტის (G. Roth) მიერ შექმნილ 7მმ-ან წრიული აალების ვაზნაზე.
შემდგომ ბერის პისტოლეტი გადაკეთებულ იქნა ბრაუნინგის პოპულარულ 6,35მმ-ან ვაზნაზე .25ACP. მწარმობელს იმედი ჰქონდა, რომ ამ ვაზნაზე გათვლილ იარაღზე უფრო მეტი მოთხოვნა წამოვიდოდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა.  



No comments:

Post a Comment