FAC-70 (Foote Automatic Carbine, 1970)

1969 წლის მიწურულს ბრიტანული კომპანია „Sterling Armaments Company“ აქტიურად ჩაერთო საიერიშო შაშხანის მოდელის ძებნაში. პერსპექტიული მოდელის შერჩევის შემთხვევაში მოხდებოდა იარაღის სერიულ წარმოებაში ჩაშვება.

ეს ამბავი ცნობილი გახდა ამერიკელი კონსტრუქტორის ჯონ ფუტისთვის (John.P. Foote), რომელიც იმ პერიოდში მუშაობდა TRW Incorporated-ში. სწორედ ამ მომენტში კომპანია TRW Incorporated დაიხურა და ჯონ ფუტი გადავიდა ამერიკულ კორპორაციაში MAC (Military Armament Corporation), სადაც მუშაობდა მის კოლეგებთან კონკრეტულად კი გორდონ ინგრემთან (Gordon B. Ingram) და მაქსველ ატჩისონთან  (მოიხსენიებენ ასევე როგორც ეტჩისონს. Maxwell G. Atchisson) ერთად.

FAC-70

ჯონ ფუტმა აიღო საკუთარი საიერიშო შაშხანის პროტოტიპი Foote R-68 (სტატია იხილეთ მოცემულ ბმულზე -> Rifle 1968), გადაამუშავა და წარმოადგინა როგორც განახლებული ავტომატური კარაბინი, სამუშაო სახელწოდებით FAC-70 (Foote Automatic Carbine, 1970).

ფოტო გადაღებულია 1970 წელს „Military Armament Corporation“-ში. მარცხნიდან მარჯვნივ John P. Foote, Gordon B. Ingram და Maxwell G. Atchisson. ჯონ ფუტს ხელში უჭუარავს საკუთარი პროტოტიპი FAC-70 (Foote Automatic Carbine, 1970).

FAC-70 ისევე როგორც R-68 გათვლილი იყო 5.56×45mm კალიბრის ვაზნაზე. კარაბინის ვაზნებით კვება ხდებოდა M16-ის 20 ვაზნიანი ე.წ. STANAG ტიპის მჭიდით. კონსტრუქცია მისი წინამორბედის მსგავსად აგებულ იქნა დგუშის გრძელი სვლის პრინციპით (ე.წ. Long-stroke gas operation), რომელშიც გამოიყენებოდა კალაშნიკოვის ავტომატის მაგვარი მბრუნავი საკეტი (ე.წ. Rotating bolt). აირის დგუში ხისტად იყო დამაგრებული საკეტის ჩარჩოზე.

დაშლილი FAC-70. ყურადღებას იქცევს ერთიანი მოხსნადი მოდულის სახით შესრულებული სასხლეტი მექანიზმი. აქვე ჩანს, რომ კარაბინი შედგებოდა ზედა და ქვედა ლულის კოლოფისგან (ე.წ. რესივერისგან). 

 გადასატენი სახელური განთავსებული იყო ლულის ზემოთ ცენტრში, რაც მოსახერხებელს ხდიდა მასზე ოპერირებას, როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა ხელით. ხოლო მცველის ბერკეტი სასხლეტის დამცავი კავის შიგნით იქნა განათავსებული.

ჯონ ფუტმა ავტომატური კარაბინის პროტოტიპი FAC-70  აშშ-ში საკუთარ სახელოსნოში  1 ცალი ეგზემპლარის სახით დაამზადა, რის შემდეგაც  გაუგზავნა ინგლისში კომპანია „Sterling Armaments Company“-ს, სადაც მოხდებოდა მისი შესწავლა და გამოცდები. სერიულ წარმოებაში ჩაშვების შემთხვევაში ჯონ ფუტი საკმაოდ კარგ ჰონორარს მიიღებდა, თუმცა საბოლოოდ ისე მოხდა რომ „Sterling Armaments Company“-მ ამერიკული კომპანია „ArmaLite“-სგან შეიძინა AR-18-ის დამზადების ლიცენზია და  ჯონ ფუტის FAC-70 თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა. გარკვეულ წყაროებს თუ დავუჯერებთ 1 ცალი ეგზემპლარის სახით დამზადებული საცდელი პროტოტიპი FAC-70 ექსპონატად დარჩა „Sterling Armaments Company“-ის მუზეუმში. მოგვიანებით ჯონ ფუტი კომპანია „US Armament Corporation“-ის მეშვეობით ცდილობდა FAC-70-ის გაყიდვას, თუმცა ინტერესი არავის არ გამოუჩენია. რიგი წყაროების თანახმად მან განმეორებით სცადა მოლაპარაკება „Sterling Armaments Company“-სთან, რომელმაც მოსთხოვა ჯონ ფუტს FAC-70-ის საწარმოო ნახაზების და დოკუმენტაციის მიწოდება, რაზაც ჯონ ფუტმა უპასუხა რომ ვერ შეძლებდა დოკუმენტაციის წარმოდგენას ვინაიდან საცდელი პროტოტიპი ყოველგვარი ნახაზების/დოკუმენტაციის გარეშე ნახევრად კუსტარული წესით დაამზადა.


No comments:

Post a Comment