Foote R-68 (Rifle 1968)

1966 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში, კონკრეტულად კი ოჰაიოში მდებარე კომპანია TRW Incorporated -ში მუშაობა დაიწყო იარაღის კონსტრუქტორმა ჯონ ფუტმა (John P. Foote). აღნიშნულ კომპანიაში მუშაობისას ჯონ ფუტმა გაიცნო AR-10-ის და AR-15-ის „სულისჩამდგმელი“ კონსტრუქტორი ამერიკელი იუჯინ სტოუნერი (Eugene Morrison Stoner), რომელთან ერთადაც Bushmaster-ის პროგრამის ფარგლებში მუშაობდა 25მმ-ან იარაღზე და 35მმ-ანი ქვემეხის Oerlikon-Buhrle  პროექტზე. მალევე ჯონ ფუტი გადავიდა კომპანია Colt-ში ავტომატური შაშხანის პროექტზე სამუშაოთ, თუმცა მცირე პერიოდის შემდეგ იგი კვლავ დაბრუნდა TRW Incorporated -ში, სადაც მუშაობა დაიწყო 5,56x45მმ კალიბრის ექსპერიმენტალურ საიერიშო იარაღზე.

მთავარ მიზანს წარმოადგენდა უბრალო კონსტრუქციის, მარტივად საწარმოებელი და M16-თან შედარებით იაფი საიერიშო შაშხანის შექმნა. 1968 წელს ჯონ ფუტმა დაამზადა პროტოტიპი სამუშაო სახელწოდებით Foote R-68 (Rifle 1968).

Foote R-68 (Rifle 1968) წარმოადგენდა მარტივი კონსტრუქციის საიერიშო შაშხანას, რომელიც შედგებოდა 68 დეტალისგან. მისი ლულის კოლოფი დამზადებული იყო ფოლადის ფურცლებისგან დაბეჭდვის მეთოდით. შაშხანის ვაზნებით კვება ხდებოდა M16-ის 20 ვაზნიანი STANAG ტიპის მჭიდით. კონსტრუქცია აგებული იქნა დგუშს გრძელი სვლის პრინციპით (ე.წ. Long-stroke gas operation), რომელშიც გამოიყენებოდა კალაშნიკოვის ავტომატის მსგავსად მბრუნავი საკეტი (ე.წ. Rotating bolt). აირის დგუში ხისტად იყო დამაგრებული საკეტის ჩარჩოზე.

გადასატენი სახელური განთავსებული იყო ლულის ზემოთ ცენტრში, რაც მოსახერხებელს ხდიდა მასზე ოპერირებას, როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა ხელით. ხოლო მცველის ბერკეტი სასხლეტის დამცავი კავის შიგნით იქნა განათავსებული.

ჯონ ფუტმა R-68 (Rifle 1968) დაამზადა მხოლოდ 1 ცალი საცდელი ეგზემპლარის სახით. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ იგი არ წასულა სერიულ წარმოებაში. 2 წლის შემდეგ ჯონ ფუტმა გადააკეთა R-68 და 1970 წელს წარმოადგინა მოდელი სამუშაო სახელწოდებით FAC 70, რომელის შესახებაც უკვე სხვა სტატიაში გიამბობთ. სტატია შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე FAC-70

No comments:

Post a Comment