Winchester Model 1893

1893 წლის მაისში კომპანია „Winchester Repeating Arms“-მა წარმოებაშ ჩაუშვა ჯონ ბრაუნინგის (John Moses Browning) მიერ შემუშავებული გლუვლულიანი თოფი სახელწოდებით „Winchester Model 1893“. აღნიშნული თოფი წარმოადგენდა მსოფლიოში პირველ პომპიან თოფს, რომელიც ტიბჟირის უკან და შემდგომ წინ მოძრაობით იტენებოდა. თოფი იყენებდა 5 ცალ ვაზნაზე გათვლილ ლულის ქვემოთ განთავსებულ მილისებურ მჭიდს. ტიბჟირის უკან გამოწევისას საკეტი მიემართებოდა უკან და ახდენდა ღია ჩახმახის შეყენებას. ამავდროულად ლულის კოლოფში განთავსებული ვაზნების მიმწოდებელი ე.წ. ელევატორი ახდენდა ლულისქვეშა მილისებური მჭიდიდან ვაზნის აწევას მიწოდებისთის. ტიბჟირის წინა პოზიციაში დაბრუნების შემდეგ საკეტს შეჰქონდა ვაზნა ლულის სავაზნეში და ახდენდა ლულის გადაკეტვას.

Winchester Model 1893 510მმ (20 ინჩი) სიგრძის ლულით

წარმოების დაწყების მომენტიდან თოფი იხვეჭდა პოპულარობას, როგორც მონადირეთა, ასევე იარაღის მოყვარულთა რიგებში. თოფი მზადდებოდა სხვადასხვა სიგრძის ლულებით. ყველაზე მოკლე ლულის სიგრძე შეადგენდა 510მმ-ს (20 ინჩი), ხოლო ყველაზე გრძელი 810მმ-ს (32 ინჩი). რაც შეეხება კალიბრს, ყველა თოფი გათვლილი იყო მხოლოდ 12 კალიბრიან ვაზნაზე.

Winchester Model 1893 810მმ (32 ინჩი) სიგრძის ლულით

იმ პერიოდში ნელნელა ფეხს იკიდებდა უკვამლო დენთით დამუხტული ვაზნები, რომელიც შედარებით მაღალი წნევით გამოირჩეოდა. „Winchester Model 1893“ კი გათვლილი იყო კვამლიანი დენთით დამუხტულ ვაზნებზე. ექსპლუატაციის პროცესში გამოვლინდა, რომ მაღალი წნევის გამო თოფის ჩამკეტი მექანიზმი განიცდდა ნაადრევ ცვეთას. შესაბამისად ჯონ ბრაუნინგმა დაიწყო თოფის გადამუშავება და კონსტრუქციაში გარკვეული ცვლილებების შეტანა, რასაც მოჰყვა ახალი მოდელის გამოჩენა. ახალი მოდელი გამოჩნდა 1897 წელს და მიენიჭა სახელწოდება “Winchester  Model 1897”. შესაბამისად 1897 წელს „Winchester Repeating Arms Company“-მ შეწყვიტა „Winchester Model 1893“-ის წარმოება და გადაერთო ახალ მოდელზე. სხვადასხვა წყაროების თანახმად, სულ 1893-1897 წლებში დამზადებულ იქნა 34 176 ცალი „Winchester Model 1893“.  

არსებობს ერთი საინტერესო ისტორია, რომ 1898 წელს „Winchester Repeating Arms Company“-მ ოფიციალურად წამოიწყო ერთგვარი სარეკლამო კამპანია, რომელიც გულისხმობდა შემდეგს: „ჩააბარე Model 1893 და მიიღე სანაცვლოდ ახალი Model 1897“. შესაბამისად ის თოფები, რომელიც დაუბრუნდა კომპანიას იქნა ნაწილობრივ უტილიზირებული, რიგი დეტალები დაექვემდებარა გადადნობას, ხოლო გარკვეული დეტალები რესტავრაციის შემდეგ მოხვდა ახალ თოფებში. სწორედ ზემოაღნიშნული ფაქტის გამო Winchester Model 1893 დღეს წარმოადგენს იშვიათობას.

ლულაზე არსებული დამღები მოწმობს, რომ თოფში გამოყენებულია 1890 წლის 25 ნოემბრის და 1892 წლის 6 დეკემბრის პატენტი, რომელიც ჯონ ბრაუნინგის სახელზე იქნა გაცემული.

No comments:

Post a Comment