Armscor M30

1990-ან წლებში ფილიპინურმა კომპანიამ „Armscor“ წამოიწყო ეგრეთწოდებული „პომპიანი“ გლუვლულიანი თოფების სერიული წარმოება. თოფს მიენიჭა აღნიშვნა Armscor M30 და იგი ძირითადად განკუთვნილი იყო პოლიციის და არმიის შესაიარაღებლად, ასევე სამოქალაქო პირებისთვის როგორც თავდაცვათი, სპორტული და სანადირო იარაღი.  ვინაიდან ზემოთ ჩამოთვლილ მომხმარებლებს განსხვავებული მოთხოვნები და განსხვავებული საჭიროებები ჰქონდათ იარაღის მიმართ, კომპანიამ სხვადასხვა შესრულებით დაიწყო თოფების დამზადება, რასაც მოჰყვა  Armscor M30 -ის მთელი სამოდელო ხაზის შექმნა. აღნიშნულ სამოდელო ხაზზე ქვემოთ ვისაუბრებთ.

კონსტრუქციულად Armscor M30 შეიქმნა High Standard Flite King -ის და Remington 870-ის გავლენით. იგი შესრულებულია კლაისკური სქემით სადაც ყოველი გასროლის შემდეგ მსროლელის მიერ ტიბჟირის მოძრაობით ხდება იარაღის გადატენვა. ლულის გადაკეტვა ხორციელდება ქანაქრა საკეტით, რომელიც ლულის სავაზნე ნაწილის უკან არსებულ კუდზე ახდენს გადაბმას (მოჭიდებას).  მთლიანი სამოდელო ხაზი იწარმოებოდა მხოლოდ 12 კალიბრიან ვაზნაზე. ვაზნებით კვება ხდება ლულისქვეშა მილისებური მჭიდიდან, რომელთა ტევადობაც განსხვავდება კონკრეტული მოდიფიკაციიდან გამომდინარე. მჭიდის შევსება ვაზნებით წარმოებს ლულის კოლოფის ქვემოდან შესრულებული ფანჯრიდან. Armscor M30 -ის სამოდელო ხაზში ყველა თოფის ლულა გაკეთებულია ცილინდრული გაბურღულობით. კონკრეტული მოდიფიკაციის მიხედვით ასევე განსხვავდება ლულის სიგრძე, კონდახის ტიპი და ტიბჟირი. სტანდარტულად ფურნიტურის (კონდახი, ტიბჟირი, სახელური) მასალას წარმოადგენს დარტყმაგამძლე პლასტმასი, რომელიც მინაბოჩკოთია არმირებული. ასევე რიგი მოდიფიკაციები იწარმოება მყარი ხის ჯიშისგან დამზადებული ფურნიტურით. ძირითადად თოფების სამიზნე მოწყობილობას წარმოადგენს ლულის ცხვირზე დამაგრებული მცირე ზომის თითბერის წინა სამიზნე. თუმცა გარკვეული ვარიანტები ეგრედწოდებული შაშხანის ტიპის (უკანა + წინა) სამიზნე მოწყობილობითაც იწარმოებოდა. 

იქიდან გამომდინარე, რომ Armscor M30 -ის დამზადებისას გამოყენებულ იქნა თანამედროვე ტექნოლოგიური დანადგარები და იაფი მუშა ხელი, ამის წყალობით  მათი ფასი დამზადების ხარისხთან შედარებით იყო საკმაოდ მიმზიდველი და კონკურენტუნარიანი, რამაც განაპირობა თოფის ერთგვარი კომერციული წარმატება.  თოფების იმპორტს ამერიკის შეერთებულ შტატებში და კანადაში ახდენდა პენსილვანიის შტატში, კერძოდ ქალაქ ჰარისბურგში მდებარე კომპანია KBI. აღნიშნული კომპანია Armscor -ს უკვეთავდა თოფებს და შემდგომ თავად უზრნველყოფდა მათ რეალიზებას აშშ-ს და კანადის სამოქალაქო ბაზარზე. ძირითადად Armscor M30 სწორედ სამოქალაქო იარაღის ბაზარზე იყიდებოდა, როგორც თავდაცვითი და სანადირო იარაღი. 

Armscor M30 -ის სამოდელო ხაზი კონსტრუქციულად არის ერთნაირი და ძირითად სხვაობას წარმოადგენს ისეთი დეტალები, როგორიცაა: ლულის სიგრძე, მჭიდის ტევადობა და ფურნიტურის ფორმა/მასალა. მთლიანი სამოდელო ხაზი ასე გამოიყურებოდა:

M30R6 – საპოლიციო დანიშნულების თოფი მუდმივი (არა საკეცი) პლასტმასის კონდახით და 4 ცალ ვაზნაზე გათვლილი ლულისქვეაშა მჭდით.

M30R8 – საპოლიციო დანიშნულების თოფი მუდმივი (არა საკეცი) პლასტმასის კონდახით და 6 ცალ ვაზნაზე გათვლილი ლულისქვეაშა მჭდით.

M30SAS – სამხედრო (საარმიო) დანიშნულების თოფი მუდმივი (არა საკეცი) პლასტმასის კონდახით, 6 ცალ ვაზნაზე გათვლილი ლულისქვეაშა მჭდით და ლულის ზემოდან დამაგრებული თბო ეკრანით (Heat Shield). აღნიშნულ ვარიანტზე შესაძლებელი იყო ასევე ხიშტ-დანის დამაგრება. 

M30FS – საპოლიციო დანიშნულების თოფი პლასტმაის პისტოლეტისებური სახელურით, მეტალის დასაკეცი დუგლუგით და 4 ცალ ვაზნაზე გათვლილი ლულისქვეაშა მჭდით.

M30BG – საპოლიციო დანიშნულების თოფი პლასტმაის პისტოლეტისებური სახელურით, დუგლუგის გარეშე და 4 ცალ ვაზნაზე გათვლილი ლულისქვეაშა მჭდით.

M30 DI/C – სპორტული და სანადირო ტიპის თოფი დაგრძელებული ლულით, ხის ფურნიტურით და 4 ცალ ვაზნაზე გათვლილი ლულისქვეაშა მჭდით.


No comments:

Post a Comment