Reichsrevolver M1879 და Reichsrevolver M1883

1870-ანი წლების მეორე ნახევარში გერმანიის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მთლიანად გაძლიერებულიყო არმიის შეიარაღება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოძველებული ცეცხლსასროლი იარაღი ან ახალი მოდელებით უნდა ამოეცვალათ, ან მოეხდინათ შეიარაღებაში არსებული ეგზემპლარების საფუძვლიანი მოდერნიზაცია. ცვლილება შეეხებოდა, როგორც მსხვილ შეიარაღებას, ასევე ხელის ცეცხლსასროლ იარაღს. ერთერთი მიმართულება, რომელზეც გერმანელები ყურადღებას ამახვილებდნენ იყო მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი. სწორედ აღნიშნულ პერიოდში გადაწყდა, რომ შექმნილიყო ძლიერი საარმიო რევოლვერი. 1873 წლიდან პრუსიაში დაიწყეს სხვადასხვა იმპორტული რევოლვრების გამოცდა, რომელთა შორისაც იყო ინგლისური ადამსი, ამერიკული კოლტი M1873, სმიტ ვესონის მოდელი ნომერი 3, ავსტრო-უნგრული გასერი M1870 და ლეფოშეს სარჭიან ვაზნებზე გათვლილი სხვადასხვა რევოლვერები. გამოცდები მიზნად ისახავდა ეგზემპლარების შესწავლას, რის შედეგადაც მათგან უნდა ამოკრეფილიყო საუკეთესო საბრძოლო/საექსპლუატაციო თვისებები და ამ ყველაფრის გათვალისწინებით მოეხდინათ გერმანული რევოლვერის შემუშავება. ახალი რევოლვერი გახდებოდა ერთგვარი სტანდარტული საარმიო მოდელი, რომლითაც შეიარაღდებოდა გერმანიის 4 სამეფოს (პრუსიის, ბავარიის, საქსონიის და ვიურტემბერგის) არმია.
1878 წელს შპანდაუს (გერმანიის ადმინისტრაციული ოლქი) მეიარაღეების მიერ დამზადებულ იქნა პირველი პროტოტიპი, რომელიც გამოცდების შემდეგ, 1879 წელს ოფიციალურად მიიღეს შეიარაღებაში.
 
„Reichsrevolver M1879“
რევოლვერს მიენიჭა სახელწოდება „Reichsrevolver M1879“ (ცნობილია ასევე სახელწოდებით „Reichs-Commissions-revolver Modell 1879“). გერმანიის არმიაში რევოლვერს ხშირად უწოდებდნენ  კავალერიულ რევოლვერს (Cavalry revolver), რადგანაც თავდაპირველად სწორედ დრაგუნებს (დრაგუნის განმარტება - ჯარისკაცი ან ოფიცერი ისეთი კავალერიული ნაწილებისა, რომლებიც განკუთვნილნი იყვნენ ქვეითად და ცხენდაცხენ საბრძოლველად) გადაეცათ.


„Reichsrevolver M 1879“ წარმოადგენდა საკმაოდ საიმედო იარაღს, რომელიც იყო მასიური წარმოებისთვის იოლი და ძალზედ მარტივად გამოსაყენებელი. მისი მონოლითური (მთლიანი) ჩარჩო მზადდებოდა ფოლადისგან. ჩარჩოს წინა ნაწილში შესრულებული ჰქონდა მსხვილი და დაკუთხული ცხვირი, რომლის ქვემოთაც  გაკეთებლი იყო დოლურის ღერძის ნასვრეტი. ჩარჩოს ცხვირში ჩამაგრებული იყო ფოლადის ლულა. ლულის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა მაღალი წინა სამიზნე მოწყობილობა. უკანა სამიზნე მოწყობილობის როლს ასრულებდა რევოლვერის ჩარჩოს ზემოთა მხრიდან გაკეთებული V-სებრი ჭრილი. ფოლადისგან დამზადებულ დოლურას გააჩნდა ვაზნებისთვის განკუთვნილი 6 ცალი კამერა. დოლურას წინა ნაწილში შესრულებული ჰქონდა ამონაჭრელებელი, რაც მისი საერთო წონის შემცირებისთვის იყო განკუთვნილი. დოლურას უკანა ნაწილში ჰქონდა ფიქსატორის ენისთვის გაკეთებული ღარები.
ვაზნების ჩასალაგებელი კარები
დოლურის ვაზნებით შევსება და გასროლის შემდეგ მასრების ამოღება ხდებოდა რევოლვერის ჩარჩოს მარჯვენა მხარეს დოლურის უკან დამაგრებული სპეციალური კარებიდან.

ფოტოზე ჩანს ბერკეტის სახით შესრულებული რევოლვერის ღერძის ფისაქტორი

დოლურაში ვაზნების ჩალაგების და მასრების ამოღების ალტერნატიულ გზას წარმოადგენდა რევოლვერის ჩარჩოდან დოლურის მოხსნა. დოლურის მოხსნა და რევოლვერისგან განცალკევება შესაძლებელი იყო მას შემდეგ, რაც მსროლელი 90 გრადუსით დაწევდა დაბლა დოლურის ფიქსტორ ბერკეტს, წინიდან მოქაჩავდა დოლურის ღერძს და მოხსნიდა მას ჩარჩოდან. რევოლვერის კონსტრუქციაში არ იყო გათვალისწინებული მასრების ამოყრისთვის განკუთვნილი რაიმე მოწყობილობა ან მექანიზმი. შესაბამისად მათ კომპლექტაციაში მოჰყვებოდა ხისგან, ან სპილენძისგან დამზადებული ღერო, რომელიც რევოლვერისგან განცალკევებით ინახებოდა და საჭიროების შემთხვევაში მსროლელი გამოიყენებდა მას დოლურის სავაზნე კამერებიდან მასრების ამოსაყრელად.
რევოლვერის საბრძოლო ზამბარა
 
„Reichsrevolver M 1879“-ს ჰქონდა ერთმაგი მოქმედების (SA) სასხლეტი მექანიზმი, რომელიც ჩამონტაჟებული იყო ჩარჩოს შიგნით. საბრძოლო ზამბარა განლაგებული იყო მოგრძო და ამავდროულად მოღუნულ სახელურში. რევოლვერის ჩახმახი იყო ღია და გააჩნდა საკმაოდ გრძელი ნისკარტი. რევოლვერის ჩარჩოზე მარცხენა მხრიდან განთავსებული იყო დროშისებური მცველი.
რევოლვერის დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის მუშაობის ანიმაცია
რევოლვერის სახელურს გააჩნდა ხისგან დამზადებული ლოყები, რომელიც ხრახნის მეშვეობით მაგრდებოდა ჩარჩოზე.  სახელურს ქვედა ნაწილში დამაგრებული ჰქონდა ქამრისთვის განკუთვნილი ფოლადის რგოლი.


Reichsrevolver М1879 -ისთვის შემუშავებულ იქნა 10,6მმ კალიბრის ცენტრალური აალების ვაზნა, რომელიც დღეს ცნობილია აღნიშვნით „10,6x25mm R“ (10,8mm Officers revolver, 10.8x25 MRR, 10,55mm M1879). Reichsrevolver М1879 -ის შეიარაღებაში მიღების შემდეგ „10,6x25mm R“ ტიპის ვაზნა გახდა გერმანიის საშტატო რევოლვერის ვაზნა. იგი გეომეტრიულად და მახასიათებლებით ახლოს იყო .44 S&W Russian (.44 Russian) ვაზნასთან. გერმანული რევოლვერის ვაზნის ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები ასე გამოიყურებოდა:

აღნიშნული ვაზნა მზადდებოდა სხვადასხვა მწარმოებლების მიერ, მათ შორის გერმანიის საზღვრებს გარეთაც. კერძოდ: ავსტრიაში, ესპანეთში და მცირე რაოდენობით დანიაში. ვაზნა „10,6x25mm R“ გაყიდვაში იყო 1939 წლამდე, ხოლო შემდგომ შეწყდა მათი წარმოება.
რევოლვერის ვაზნები და ორიგინალური მუყაოს კოლოფი
Reichsrevolver M1879 გამოირჩეოდა კარგი სიზუსტით, იყო მარტივი კონტრუქციის და მასში გამოყენებული ვაზნა იძლეოდა კარგ შემაჩერებელ ეფექტს, თუმცა იგი იყო ზედმეტად დიდი ზომის. ასევე მისი სახელური სხვა რევოლვერებთან შედარებით იყო მოუხერხებელი.
რევოლვერი კომპლექტებოდა ტყავისგან დამზადებული შალითით (ბუდით), რომელსაც არ გააჩნდა სათადარიგო ვაზნების ჩასალაგებელი ჯიბე. შესაბამისად რევოლვერის მფლობელებს უწევდათ სათადარიგო ვაზნების ცალკე ტარება. 
რევოლვერის წარმოება ხდებოდა რამოდენიმე ქარხნის მიერ, რომელთა შორისაც აღსანიშნავია შემდეგი ცნობილი ქარხნები:
·         VC Schilling & Cie
·         Spangenberg & Sauer
·         C.G. Haenel & Cie
·     Franz V. Dreyse / Rheinische Metallwaren & Maschinenfabrik Sommerda
·         Gebrüder Mauser & Cie
ასევე დამატებით დეტალების წარმოების პროცესში ჩართული იყო საწარმო:
·         Königliche Gewehrfabrik Erfurt.
 
აღნიშნული ჩამონათვალით შეიძლება ითქვას, რომ ფაქტიურად ყველა მსხვილი იარაღის ქარხანა, რომელიც  იმ პერიოდში გერმანიაში ოპერირებდა, ჩართული იყო  Reichsrevolver M1879 -ის წარმოებაში.
რევოლვერების მიწოდება უნდა მომხდარიყო შემდეგი პრინციპით:
1. ქალაქ ზულის იარაღის კონსორციუმი (მასში შედიოდნენ Spangenberg & Sauer, VC Schilling & Cie  და C.G. Haenel & Cie) მოახდენდა რევოლვერების დამზადებას პრუსიისთვის, საქსონიისთვის და ბავარიისთვის.
პირველი კონტრაქტი გაფორმდა 1879 წლის 24 მარტს, რომლის თანახმად ჯამში პრუსიის კავალერიისთვის, ფეხოსნებისთვის და საველე არტილერიისთვის დამზადდა 41 000 ცალი რევოლვერი. 1882 წელს გაფორმდა ახალი კონტრაქტი, რომლის თანახმად კიდევ 9000 რევოლვერი დამზადდა პრუსიის კირასირებისთვის (აბჯროსნებისთვის). 1882 წლის 14 იანვარს მოხდა დაკვეთა 2795 ცალ რევლვერზე, რომელიც კონკრეტულად ბავარიისთვის უნდა დაემზადებინათ. ამავე წლის 11 ოქტომბერს დამატებითი შეკვეთის საფუძველზე ბავარიისთვის დამზადდა 428 ცალი რევოლვერი. საქსონიისთვის რევოლვერების დამზადება განხორციელდა 1882 წლის 16 მარტს დადებული კონტრაქტის თანახმად. რომელიც ითვალისწინებდა 2000 ცალი რევოლვერის დამზადებას, ხოლო  1883 წლის 28 თებერვალს გაფორმებულ იქნა ახალი კონტრაქტი დამატაებით 2200 ცალ რევოლვერზე. ზულის კონსორციუმის რევოლვერების მარკირება ხდებოდა ქარხნების ინიციალებით [S&S. / V.C.S. / C.G.H. / SUHL].
გარდა ზემოაღნიშნულისა 1879 წლის 24 მარტს პრუსიამ გააფორმა კონტრაქტი ფრანც დრეიზეს (Franz V. Dreyse) ფაბრიკასთან, რომლის თანახმად პრუსიისთვის დამზადდა 19 000 ცალი რევოლვერი. 1880 წლის 22 მაისს ამავე ქარხანას  ბავარიამ დაუკვეთა 545 ცალი რევოლვერი.
ძმები მაუზერების ფაბრიკამ (Gebrüder Mauser & Cie) კონტრაქტი გააფორმა 1879 წლის 31 ოქტომბერს, რომლის თანახმად ბავარიისთვის დაამზადა 5003 ცალი რევოლვერი. ასევე ამავე წლის დეკემბრის თვეში მაუზერის ფაბრიკამ გააფორმა კონტრაქტი ვიურტენბერგის სამეფოსთან, რომლის მიხედვით დაამზადა 3000 ცალი რევოლვერი.


რევოლვერების ჩარჩოზე მარცხენა მხრიდან, სასხლეტი კავის ზევით ხდებოდა მწარმოებელი ქარხნის წარწერის სახით დატანა, რომელიც  ოვალში იყო ჩასმული. ასევე ჩარჩოზე ლულის ჩამაგრების ადგილთან, ხდებოდა სპეციალური დამღის დატანა, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იყო ამოცნობა, თუ რომელ სამეფოს ეკუთვნოდა რევოლვერი.

რევოლვერის გადამუშავება  და ახალი მოდელი "Reichsrevolver M1883"
რევოლვერის შეიარაღებაში მიღებიდან ძალიან მალევე, აღმოჩნდა, რომ იგი გარკვეული სამხედრო მოსამსახურეებისთვის იყო ზედმეტად დიდი და მოუქნელი. "Reichsrevolver M1879" კავალერიის რიგების მოთხოვნებს ასე თუ ისე აკმაყოფილებდა, მაგრამ ფეხოსანთა ოფიცრების, უნტერ-ოფიცრებს, სამხედრო მედ-პერსონალს (სანიტრებს) და სამხედრო-საორკესტრო მუსიკოსებს,  რომელთაც ეკუთვნოდათ ცეცხლსასროლი იარაღის ტარება, უფრო კომპაქტური მოდელი ესაჭიროებოდათ. შესაბამისად დაფიქრდნენ Reichsrevolver M1879 -ის გადამუშავებაზე, რაც გულისხმობდა მასში გარკვეული კონსტრუქციული ცვლილების შეტანას და გაუმჯობესებას.

ფოტოზე გამოსახულია პირველი გადამუშავებული პროტოტიპი. ეგრედწოდებული გარდამავალი მოდელი "Reichsrevolver M1879/1883" (M79/83), რომელსაც შეუცვალეს ჩარჩოს წინა ნაწილი (იგი იქნა შემოკლებული) და შეუცვალეს ტარის ფორმა. ტარი გახდა უფრო მოღუნული და მომრგვალდა მისი ქვედა ნაწილი.

1883 წელს შეიარაღებაში წავიდა ახალი, გადამუშავებული მოდელი "Reichsrevolver M1883", რომელიც ძველი "Reichsrevolver M1879"-ისგან განსხვავებოდა შემდეგი ნიუანსებით:
1.      დამოკლდა რევოლვერის ლულა და ჩარჩო, რამაც განაპირობა რევოლვერის საერთო სიგრძის და წონის შემცირება;
2.      შეიცვალა დროშისებური მცველის მუშაობის პრინციპი. M1883 -ში მცველის გააქტიურებისას ხდებოდა ჩახმახის ბლოკირება ნახევრად შეყენებულ მდგომარეობაში;
3.      შეიცვალა პისტოლეტის სახელური, რომელიც გარდამავალი მოდელის მსგავსად მომრგვალდა ბოლოში და გახდა უფრო მოღუნული
4.      შეიცვალა დოლურაზე არსებული ამონაჭრელი ღარების ფორმა და რევოლვერის ჩარჩოზე დოლურის ფიქსაციის კონსტრუქცია;
5.      ლულის ცხვირიდან გაქრა რგოლისებური გაფართოვება;
6.      შიცვალა ლულის ჭრილების გეომეტრია;

ზევით ძველი Reichsrevolver M1879, ხოლო ქვევით გადამუშავებული Reichsrevolver M1883

გადამუშავების შედეგად Reichsrevolver M1883 გამოვიდა უფრო მსუბუქი, კომპაქტური და მოსახერხებელი, ვიდრე მისი წინამორბედი მოდელი. Reichsrevolver M1883 ძირითადად ოფიცერთა რიგებში ხვდებოდა. ასევე შესაძლებელი იყო, რომ მსურველს საკუთარი თანხით შეეძინა იგი. აქედან გამომდინარე სხვადასხვა წყაროებში Reichsrevolver M1883 მოხსენიებულია, როგორც ოფიცრების რევოლვერი. მიამორბეუხედავად ცვლილებებისა, ახალი რევოლვერი არ გადამუშავებულა ძირეულად და მას გააჩნდა მისი წინამორბედი მოდელისათვის დამახასიათებელი უარყოფითი ფაქტორები. ბევრი იარაღის ექსპერტი და ისტორიკოსი თვლის, რომ Reichsrevolver M1883 შეიარაღებაში მიღების დორს უკვე იყო მორალურად მოძველებული რევოლვერი.
ფოტოზე გამოსახულია "Reichsrevolver M1883", რომელიც განკუთვნილი იყო უნტერ-ოფიცრებისთვის, სამხედრო მედ-პერსონალისთვის და სამხედრო ორკესტრში მომსახურე პირებისთვის. იგი ოფიცრების რევოლვერისგან განსხვავდება უბრალო ხისგან დამზადებული გლუვი ტარის ლოყებით.
ფოტოზე გამოსახულია ოფიცრებისთვის განკუთვნილი ეგზემპლარი, რომელიც გამოირჩეოდა ტარის ლოყებზე შესრულებული რომბისებური ნაჭდევებით. ასევე ოფიცრებისთვის განკუთვნილი რევოლვერების დამუშავება და დაფარვა იყო უფრო მაღალ დონზე.
"Reichsrevolver M1883"-ის წარმოება
 ახალი რევოლვერის ძირითად მწარმოებლად ითვლებოდა ქალაქ ერფურტის (ERFURT)  იარაღის სამეფო ქარხანა, რომელმაც სულ ჯამში დაამზადა 92 500 ცალი რევოლვერი პრუსიისთვის და 2500 ცალი რევოლვერი ვიურტემბერგისთვის. ერფურტის მიერ დამზადებულ რევოლვერების ჩარჩოზე, მარცხენა მხრიდან დატანილი ჰქონდა ერფურტის იარაღის სამეფო ქარხნის დამღა გვირგვინის სახით.
დამზადებული რევოლვერების რაოდენობით მეორე ადგილზე იყო ზულის კონსორციუმი. კონსორციუმში შემავალი ქარხნების მიერ დამზადდა 10 000 ცალი რევოლვერი პრუსიისთვის, 8477 რევოლვერი ბავარიისთვის და 12 533 ცალი საქსონიისთვის.
ფრანც დრეიზეს ფაბრიკამ დამზდაა 13 000 ცალი რევოლვერი პრუსიისთვის და 860 ცალი ბავარიისთვის. რაც შეეხება ძმები მაუზერების ფაბრიკას, მათ მიერ მოხდა მხოლოდ 1500 ცალი "Reichsrevolver M1883"-ის დამზადება, რომლებიც ვიურტემბერგის სამეფოს გადაეცა.
"Reichsrevolver M1883" კომერციული ვარიანტები
გარდა სტანდარტული საარმიო "Reichsrevolver M1883"-ისა, კომერციული მიზნით იწარმოებოდა მისი საკმაოდ ბევრი ნაირსახეობა. აღნიშნული რევოლვერების ძირითადი ნაწილი მცირე სერიებად იწარმოებოდა არმიის ოფიცრებისთვის და ფლოტისთვის, რომელთაც საკუთარი სახსრებით შეეძლოთ მათი შეძენა. ასევე იწარმოებოდა რევოლვერები სამოქალაქო ბაზრისთვის.

ფოტოზე გამოსახულია კომერციული რევოლვერი, რომელიც სტანდარტული "Reichsrevolver M1883"-ისგან განსხვავდებოდა ორმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმით. აღნიშნულ მოდელი პოპულარობით სარგებლობდა ოფიცერთა რიგებში, რომლებიც საკუთარი ხარჯებით ყიდულობდნენ მას.

ფოტოზე გამოსახულია რევოლვერი, რომელსაც აქვს სასხლეტი კავის დამცავზე დამატებითი სათითური, ხოლო ლულის ქვემოთ დამაგრებული აქვს მილისებური ღერო. აღნიშნულ ღეროში ჩამონტაჟებული იყო ზამბარა და სახელურიანი ღერო, რომლის მეშვეობითაც ხდებოდა დოლურიდან მასრების ექსტრაქცია. ექსტრაქციის მსგავსი პრინციპი მანამდე გამოიყენებოდა კოლტის რევოლვერებში.
1884 წელს ფრანც დრეიზეს (Franz V. Dreyse) ფაბრიკამ დაიწყო რევოლვერების წარმოება, რომელსაც გააჩნდა სასხლეტი კავის დამცავზე დამატებითი სათითე, განსხვავებული ტიპის ექსტრაქტორი და 2 ცალი სასხლეტი.
ფოტოზე გამოსახულია რევოლვერი, რომელსაც გააჩნია 2 ცალი სასხლეტი და ჩარჩოზე ლულის ქვემოთ დამონტაჟებული მასრების საექსტრაქციოს ღერო.
2 ცალი სასხლეტის მქონე რევოლვერის მექანიზმი მუშაობდა შემდეგი პრინციპით: წინა სასხლეტი კავზე ხელის დაჭერისას ხდებოდა ჩახმახის შეყენება,  დოლურას გადაბრუნება და დოლურას ბლოკირება (ე.წ. გასროლისთვის ბლოკირება).
ამ შემთხვევაში მსროლელს აქვს ალტერნატივა გააგრძელოს წინა სასხლეტზე დაწოლა ბოლომდე და მოახდინოს გასროლა. ან აუშვას ხელი სასხლეტს, რის შემდეგაც ჩახმახი დარჩება შეყენებულ მდგომარეობაში და საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს გასროლა უკანა სასხლეტზე თითის დაწოლით. უკანა სასხლეტი არის უფრო რბილი და მგრძნობიარე, რაც იძლევა უფრო ზუსტი დამიზნებითი გასროლის შესაძლებლობას. ფაქტიურად ეს მექანიზმი წააგავს შაშხანებში და კარაბინებში გამოყენებულ პრინციპს, რომელსაც დამაჩქარებელს (გერმანულად შნელერს) ეძახიან.
ფოტოზე გამოსახულია .380 კალიბრის რევოლვერის ვაზნაზე გათვლილი კომპაკტური მოდელი
1886 წელს დრეიზეს ფაბრიკამ დაიწყო კომპაქტური რევოლვერის წარმოება, რომელსაც ქჰონდა 2 ცალი სასხლეტი, ჩარჩოზე დამონტაჟებული მასრების ექსტრაქტორი, დამოკლებული ლულა და ტარი. ასეთ მოდელის კონსტრუქციიდან ამოღებული იყო დროშისებური მცველი და რევოლვერი გათვლილი იყო .380 კალიბრის რევოლვერის ვაზნაზე. დროშისებური მცველის მაგივრად რევოლვერს ჩახმახის უკან ჰქონდა მცოცავი ღილაკი, რომელიც ჩახმახისკენ მიწევის შემთხვევაში ახდენდა ჩახმახის ბლოკირებას. ასეთი კომპაკტური რევოლვერი სულ რამოდენიმე ათეული ეგზემპლარის სახით იქნა დამზადებული.
ბელგიური რევოლვერი გადასახსნელი ჩარჩოთი
"Reichsrevolver M1883"-ის ბაზაზე ბელგიაში დამზადებულ იქნა გადასახსნელი რევოლვერი, რომელიც გათვლილი იყო .450 კალიბრის რევოლვერის ვაზნაზრე.
ასეთი რევოლვერის გადახსნისას ვარსკვლავისენური ექსტრაქტორის მეშვეობით ხდებოდა დოლურის კამერებში არსებული ვაზნების/მასრების ერთდროული ამოყრა.
ზემოთ მოყვანილი ჩამონათვალი, არ წარმოადგენს კომერციული ეგზემპლარების სრულ დახასიათებას, რადგანაც ძალიან ბევრი ექსპერიმენტული სახის "Reichsrevolver M1883" იწარმოებოდა. არსებობდა სპეციალური შეკვეთით დამზადებული ეგზემპლარები გრავირებით და მოსევადებით. ასევე მზადდებოდა ეგზემპლარები სხვადასხვა არასტანდარტული სიგრძის ლულით.
1908 წელს გერმანიის არმიამ შეიარაღებაში მიიღო გეორგ ლუგერის ლეგენდარული თვითდამტენი პისტოლეტი „Parabellum P08“, რამაც გამოიწვია Reichsrevolver -ების წარმოების შეწყვეტა და უკანა ფლანგზე გადასვლა, თუმცა გარკვეული ნაწილი მაინც რჩებოდა შეიარაღებაში. პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ Reichsrevolver -ების დიდმა ნაწილმა უკვე საწყობებში და საცავებში გადაინცვლა, ხოლო ნაწილი კი ჩამოიწერა. მეორე მსოფლიო ომის მიწურულს, როდესაც გერმანიის შეექმნა იარაღის დეფიციტი, მოხდა დასაწყობებული რევოლვერების ამოღება. 1944-1945 წლებში Reichsrevolver-ების უმეტესობა გადაეცა Volkssturm-ს.  იქიდან გამომდინარე, რომ ამ პერიოდში აღარ იწარმოებოდა გერმანული ვაზნები „10,6x25mm R“ და იყო საკმაოდ დეფიციტური, რევოლვერების გარკვეული ნაწილს შეუცვალეს დოლურა ისე, რომ მასში შესაძლებელი გახდა ამერიკული .44 S&W კალიბრის ვაზნების გამოყენება.

No comments:

Post a Comment