ავსტრალიური F1

1960-ანი წლების დასაწყისში ავსტრალიაში ინიცირებულ იქნა პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა ახალი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის შექმნას. ახალი მოდელი ჩაანაცვლებდა იმ პერიოდში ავსტრალიის შიარაღებაში არსებულ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევ „Owen“-ს. 1961- წელს მომზადებულ იქნა გარკვეული ნახაზები და შემუშავდა პროტოტიპის ესკიზები, ხოლო 1962 წელს დამზადებულ იქნა პირველი საცდელი პროტოტიპი, რომელსაც მიენიჭა სახელწოდება „X-3”. გარკვეული გამოცდების შემდეგ ახალი პისტლეტ-ტყვიამფრქვევი შეიარაღებაში იქნა მიღებული სახელწოდებით „F1”.
პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი F1
 
პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი F1 იყენებდა თავისუფალი საკეტის პრინციპს, რომელშიც  სროლა ღია საკეტიდან წარმოებდა. გადასატენი სახელური განთავსებული იყო მარცხენა მხარეს. ლულის კოლოფი მზადდებოდა ცილინდრული ფორმის მილისგან და წინა ნაწილში გააჩნდა პერფორირებული (დასვრეტილი) სახის ლულის გარსაცმი. კონდახი შესრულებული იყო იმდაგვარად, რომ მისი მხარზე მიბჯენის წერტილი და ლულა ერთ ხაზზე იყო განლაგებული.  კონდახი ლულის კოლოფის უკანა ნაწილში სპეციალური ფიქსატორის მეშვეობით მაგრდებოდა. იარაღის დასაშლელად საჭირო იყო კონდახის მოხსნა, რის შემდეგაც დამაბრუნებელი ზამბარა და საკეტი ამოდიოდა მილისებური ლულის კოლოფიდან.


იარაღის კვება ხდებოდა სექტორული მჭიდებით, რომელიც ლულის კოლოფის ზემოდან მაგრდებოდა. მჭიდის ამდაგვარმა განთავსებამ განაპირობა სამიზნე მოწყობილობის მარჯვენა მხარეს გადახრა. უკანა სამიზნე წარმოადგენდა ძალზედ მარტივ ასიმეტრიული სამკუთხედის ფორმის დეტალს, რომელზეც დიოპტრული სამიზნის მსგავსი პატარა ნასვრეტი იყო შესრულებული. უკანა სამიზნე საჭიროების შემთხვევაში იკეცებოდა. ვინაიდან F1 -ზე მჭიდი განთავსებული იყო ზემოთა მხრიდან, გასროლის დროს მასრები ცვიოდა ლულის კოლოფის ქვემოთ, მჭიდის მიმღების პარალელურად შესრულებული ფანჯრიდან. ცეცხლის წარმოებისას მსროლელს უნდა გამოეჩინა გარკვეული ყურადღება. მაგალითად თუ იგი მეორე ხელს (წინა ხელს) შედარებით უკან (პისტოლეტის სახელურათ ახლოს) მოკიდებდა ლულის კოლოფს, იყო იმის ალბათობა, რომ ხელით გადაკეტავდა მასრების ამოსაყრელ ფანჯარას, რაც გამოიწვევდა იარაღის შეფერხებას, ან მოძრავი საკეტი „უკბენდა“ ხელზე. ასეთი შემთხვევის თავიდან ასაცილებლად ლულის კოლოფზე მასრების ამოსაყრელი ფანჯრის შემდეგ დამაგრდა სპეციალური შვერლი ჯებირის სახით. თუმცა რეალურ საექსპლუატაციო პრაქტიკაში ასეთი ჯებირი ვერ უზრუნველყოფდა საიმედო დაცვას.
 

პისტოლეტ-ტყვიამფრქვევს შეეძლო როგორც ერთეული, ასევე სრულიად ავტომატური ჯერებით სროლა. მცველის ფუნქციას ასრულებდა პისტოლეტისებური სახელურის ზემოთ, მარცენა მხრიდან განთავსებული დროშისებური გადამრთველი. ლულის გარსაცმს ბოლოში გააჩნდა სპეციალური ღარი, რომელზეც მაგრდებოდა ხიშტ-დანა. პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის სახელური, სასხლეტი და მისი დამცავი კავი, აღებულ იქნა ბრიტანული “L1A1” ტიპის შაშხანისგან. ამავე შაშხანისგან გადმოიტანეს ღვედის სამაგრი კაპი და კონდახის ბოლოში განთავსებული მეტალის  საზურგე. აღნიშნული დეტალებს “L1A1” ტიპის შაშხანის საწარმოო ხაზიდან მზა სახით აწვდიდნენ ქარხანას „Lithgow Small Arms Factory“, სადაც ხდებოდა F1-ის დამზადება / აწყობა. პისტოლეტ-ტყვიამფრქვევ F1 –ს კონსტრუქციული კუთხით ბევრი საერთო ჰქონდა ასევე ბრიტანულ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევ „Sterling“-თან. სწორედ „Sterling“-ის მჭიდებით ხდებოდა F1-ის ვაზნებით კვება.
F1-ის წარმოება დაწყებულ იქნა 1962 წლის მიწურულს და როგორც უკვე ავღნიშნეთ ზემოთ, ანხორციელებდა იარაღის ქარხანა „Lithgow Small Arms Factory“. 1963 წლის ივლისში ავსტრალიის არმიას მიაწოდეს პირველი შეკვეთა.

ავსტრალიელი მებრძოლი და F1
საერთო ჯამში F1 იყო მარტივი, საიმედო და მყარი კონსტრუქციის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი, თუმცა ჰქონდა გარკვეული ექსპლუატაციური სახის ნაკლოვანებები, რის გამოც სამხედრო რიგებში არ სარგებლობდა პოპულარობით.
1963 წლიდან 1973 წლის ჩათვლით დამზადებულ იქნა დაახლოებით 25 000 – 25 136 ცალი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი F1. იგი ავსტრალიის არმიის შეიარაღებაში ირიცხებოდა 1980-ანი წლების მიწურულამდე. 1990 წელს ავსტრალიამ მასიურად დაიწყო არმიის გადაიარაღება საიერიშო შაშხანით „F88 Austeyr“, რომელიც ავსტრიული „Steyr AUG“ -ის ლიცენზირებულ მოდელს წარმოადგენდა. შესაბამისად F1-მა საცავებში გადაინაცვლა. რიგი წყაროების თანახმად შეიარაღებიდან ამოღებული F1 –ც მცირე ნაწილი (28 ცალი ეგზემპლარის სახით) შეიძინა მალაიზიამ. ასევე გარკვეული რაოდენობა გადაეცა პაპუა-ახალი გვინეის პოლიციას, ხოლო გარკვეული ნაწილი მოხვდა როდეზიის არმიაში.
1967 წელი ვიეტნამის ომი. ავსტრალიის სამეფო პოლკის მე-7-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, თავდაცვის მინისტრის მალკოლმ ფრეიზერისთვის (Malcolm Fraser) ახდენს F1-ის დემონსტრირებას. ფოტოს ავტორი Bryan Campbell.
F1 გამოიყენებოდა როდეზიის ომში და ვიეტნამის ომის დროს ჩატარებულ სხვადასხვა სამხედრო ოპერაციებში.
 
 

No comments:

Post a Comment