საცდელი ППШ-45

1941 წელს საბჭოთა კავშირის არმიამ შეიარაღებაში მიიღო გ.ს. შპაგინის (Г.С. Шпагин)  სისტემის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი „ППШ-41“, რომელიც მეტწილად  აკმაყოფილებდა იმდროინდელ ფეხოსანთა მოთხოვნებს. თუმცა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის რეალურმა საბრძოლო ექსპლუატაციამ აჩვენა, რომ საჰაერო დესანტს და ასევე გარკვეული სპეცოპერაციების შესრულებას ესაჭიროებოდა უფრო კომპაქტური გაბარიტების პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გ.ს. შპაგინმა შეიმუშავა სპეციალური მოდელი, რომელსაც ჰქონდა პისტოლეტისებური სახელური და მოხსნადი კონდახი. გარდა ამისა სპეციალური მოდელი ძირითადი ვარიანტისგან განსხვავდებოდა სექტორული ტიპის რეგულირებადი სამიზნე მოწყობილობით. იგი საცდელი ვარიანტის სახით იქნა დამზადებული.
 
საცდელი ეგზემპლარი მოხსნადი კონდახით და პისტოლეტისებური სახელურით. უჩვეულოა აგრეთვე პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის მჭიდი, რომელიც არის სწორი ფორმის და არა მოღუნული
 
მისი შესწავლისას აღმოჩნდა, რომ ცალკე კონდახის ტარება დამატებით დისკომფორტს წარმოადგენდა მსროლელისთვის და არ იყო პრაქტიკული. იარაღის სერიულ წარმოებაში ჩასაშვებათ საჭირო იქნებოდა გარკვეული მატერიალური ხარჯები, რის გამოც საბოლოოდ უარი თქვეს ასეთ მოდიფიკაციაზე.
 
1942 წელს საბჭოთა კავშირის არმიამ შეიარაღებაში მიიღო ალექსეი სუდაევის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი ППС-42 და შემდგომ უკვე მისი განახლებული ვარიანტი ППС-43, რომელიც საჰაერო დესანტისთვის ბევრად მისაღებ ვარიანტს წარმოადგენდა, ვიდრე ППШ-41.  
 
ალექსეი სუდაევის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი ППС-43
 
ППС-43 შპაგინის სისტემის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევთან (ППШ-41) შედარებით იყო უფრო კომპაქტური და გააჩნდა მეტალისგან დამზადებული საკეცი დუგლუგი, რაც მნიშვნელოვნად აადვილებდა იარაღის გადატანას/ტარებას დესანტირებისას.

მიუხედავად ამისა, 1943 წელს შპაგინმა განაგრძო მუშაობა ახალ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევზე და 1945 წელს წარმოადგინა საკუთარი კონსტრუქციის ახალი საცდელი ვარიანტი სახელწოდებით „ППШ-45”.
 
ППШ-45 გაშლილი დუგლუგით და 35 ცალ ვაზნაზე გათვლილი სექტორული მჭიდით
 
ППШ-45 წარმოადგენდა ადრეული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის მთლინად მეტალის ვარიანტს, რომელსაც ჰქონდა ჩონჩხისებური ფორმის საკეცი დუგლუგი. აღნიშნულ მოდელში ორიგინალური გადაწყვეტილება იყო ის, რომ დაკეცილი დუგლუგი გამოიყენებოდა  როგორც ცეცხლის სამართავი პისტოლეტისებური სახელური.
 
 
ППШ-45 დაკეცილი დუგლუგით და 71 ცალ ვაზნაზე გათვლილი დისკისებური მჭიდით. ფოტოზე ჩანს თუ როგორ ასრულებდა დაკეცილი დუგლუგი პისტოლეტისებური სახელურის დანიშნულებას

იარაღს ჰქონდა სწორკუთხოვანი მოყვანილობის ლულის კოლოფი, რომელიც  მარტივად მზადდებოდა ფოლადის ფურცლებისგან. მისი წინამორბედისგან განსხვავებით ППШ-45-ს გააჩნდა ლულის კოლოფზე დამაგრებული დამატებითი მოძრავი დეტალი პატარა ფარის სახით. მეტალის მოძრავი ფარი ზევით აწეულ მდგომარეობაში საიმედოდ ახდენდა გადასატენი სახელურის ბლოკირებას და იცავდა იარაღს ლულის კოლოფში ჭუჭყის/მტვრის  მოხვედრისგან.


ППШ-45 დამზადდა ორი საცდელი ვარიანტის სახით: 1. ვარიანტი, რომელიც სტანდარტულად იკვებებოდა, როგორც 35 ცალ ვაზნაზე გათვლილი სექტორული ტიპის მჭიდით, ასევე დისკისებური მჭიდით (71 ცალ ვაზნაზე); 2. ვარიანტი, რომელიც მხოლოდ სექტორული მჭიდებით იკვებებოდა. მთავარ სხვაობას ამ ვარიანტებში წარმოადგენდა მჭიდის მიმღებები. ორივე საცდელ მოდელს ჰქონდა 500 მეტრამდე სასროლად განკუთვნილი რეგულირებადი სექტორული სამიზნე მოწყობილობა.

საბოლოოდ ППШ-45 არ იქნა შეიარაღებაში მიღებული და მხოლოდ საცდელი ეგზემპლარების დამზადებით დასრულდა მისი ისტორია.

No comments:

Post a Comment