ალბათ ყველასთვის ცნობილია ის ფაქტი, რომ ვიეტნამის
ომში, ვიეტნამელი მებრძოლები ძირითადად კომუნისტური ბლოკის ტერიტორიაზე დამზადებული
ცეცხლსასროლი იარაღით იყვნენ შეიარაღებული. გარდა ამისა 60-ან წლებში ამერიკელი სამხედროები ვიეტნამელებთან შეტაკების დროს ხშირად
აწყდებოდნენ კუსტარული წესით დამზადებულ ცეცხლსასროლ იარაღსაც. ვიეტნამის ომგამოვლილი
ერთერთი ამერიკელი მებრძოლი, თავის მოგონებებში აღწერს შემდეგ ფაქტს: „1967 წლის მიწურულს
გაუვალ და მჭიდრო ბალახიან ადგილას გადავაადგილდებოდით. უეცრად ვიეტნამელების დანაყოფს
გადავაწყდით. უკვე შებიდნებული იყო სროლა რომ ატყდა. მე საზღვაო ქვეითებთან ერთად აღმოვჩნდი
ფლანგზე. იმ საღამოს ბევრი ტყვია-წამალი “დავწვით” ჩვენც და ვიეტნამელებმაც. მათი მხრიდან
ერთერთი მებრძოლის იარაღი განსხვავებული ხმით და საგრძნობლად მაღალი სროლის ტემპით
ისროდა, ვიდრე კალაშნიკოვის ავტომატი. გამთენიამდე 1 საათით ადრე ამ იარაღმა შეწყვიტა
სროლა. დილით წავედით ტერიტორიის დასათვალიერებლად და ჩვენი პოზიციიდან 30 მეტრში აღმოვაჩინეთ
გარდაცვლილი ჯარისკაცი, რომელსაც თან ჰქონდა ჩვენთვის უცნობი ცეცხლსასროლი იარაღი.
მხოლოდ იმას მივხდი, რომ ამ იარაღს საერთო უნდა ჰქონოდა საბჭოთა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევ
ППШ-41-თან. ჩვენმა მზვერავმა ამოიცნო იარაღი. ეს იყო ვიეტნამური პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი
K-50M”.
შექმნის ისტორია
1950 წელს ჩინეთში დაწყებულ იქნა შპაგინის სისტემის
პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის (ППШ-41) კლონის წარმოება, რომელიც საბჭოთა კავშირის მხრიდან
ოფიციალური ლიცენზიის გაცემის საფუძველზე მოხდა. ჩინეთში წარმოებულ მოდელს შეიარაღებაში
მიღებისას მიენიჭა სახელწოდება „Type 50“. გარდა ჩინეთისა, პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი
„Type 50“ დიდი რაოდენობით მოხვდა ჩრდილოეთ ვიეტნამის შეიარაღებაში.
ფოტოზე გამოსახულია საბჭოთა ППШ-41-ის ჩინური ლიცენზირებული ვარიანტი „Type 50“
60-ანი წლების დასაწყისში ვიეტნამელებმა გადაწყვიტეს
მოეხდინათ ჩინური პისტოლეტ-ტყვიამფრქვევბის გარკვეული გადამუშავება ისე, რომ მიეღოთ
კომპაქტური მოდელი და ამავდროულად შენარჩუნებულიყო მისი საბრძოლო თვისებები. ასეთი
იარაღს გამოყენაბა უფრო პრაქტიკული იქნებოდა ვიეტნამის გაუვალ ჯუნგლებში.
ვიეტნამელება კონსტრუქციიდან ამოიღეს ხის კონდახი, ლულის
კოლოფზე დაამაგრეს მავთულისებური ფოლადისგან დამზადებული საკეცი დუგლუგი, რომელიც ფრანგული
პისტოლეტ-ტყვიამფრქვევისგან „MAT-49“ აიღეს.
ფრანგული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი „MAT-49“
კონსტრუქციის შემსუბუქების მიზნით ვიეტნამელებმა შეამოკლეს ლულის გარსაცმი, შიშველი ლულის წინა ნაწილზე დააყენეს კალაშნიკოვის ავტომატის
მსგავსი წინა სამიზნე მოწყობილობა, ხოლო ცეცხლის სამართავი სახელურის როლში გამოიყენეს
ასევე ჩინური წარმოების კალაშნიკოვის ავტომატის (Type-56) პისტოლეტისებური სახელური.
პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის დანარჩენი მექანიზმი და მჭიდები (35 ცალ ვაზნაზე გათვლილი
სექტორული / დისკისებური 71 ცალ ვაზნიანი)
მემკვიდრეობით ერგო ვიეტნამურ მოდიფიკაცის. ამგვარი გადამუშავების შემდეგ ვიეტნამელებმა
იარაღს მიანიჭეს ოფიციალური სახელწოდება „K-50M“.
გადაკეთება / წარმოება
ძირითადად ვიეტნამელებმა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების
დამზადება მოახდინეს უკვე მათ ხელთ არსებული ჩინური Type-50 –ების გადაკეთებით, თუმცა
გარკვეული წყაროების თანახმად ცნობილია, რომ მცირე სერიული პარტიის სახით საკუთარი
ძალებითაც აწარმოებდნენ. 1962-1963 წლებში ვიეტნამელ მებრძოლებს მიაწოდეს
7000 ცალი К-50М. ხოლო 1968 წლისთვის დაახლოებით 10 000 ცალი ეგზემპლარი იქნა
გაგზავნილი სამხრეთ ვიეტნამის ფრონტის ხაზზე.
ცნობილია, რომ საკეცი დუგლუგები რიგ ეგზემპლარებზე დამზადებული
იყო შედარებით მსხვილი ფოლადის მავთულისგან, ხოლო რიგ ეგზემპლარზე წვრილი დიამეტრის
ფოლადის მავთულისგან, რომელიც ადვილად იღუნებოდა და დეფორმირდებოდა.
კონსტრუქციულად K-50M იმეორებდა საბჭოთა ППШ-41-ს, რომელიც
თავისუფალი საკეტის პრინციპით იყო აგებული. სროლა სტანდარტულად ღია საკეტით წარმოებდა.
სროლის რეჟიმების გადამრთველი (სელექტორი) ჩვეულ ადგილას (სასხლეტი კავის წინ) იყო
განთავსებული. მცველის დანიშნულებას ასრულებდა გადასატენ სახელურზე შესრულებული მცოცავი
დეტალი, რომელიც ახდენდა საკეტის ბლოკირებას წინ ან უკანა პოზიციაში. უკანა სამიზნე
მოწყობილობაც სტანდარტულად ППШ-41-ის ანალოგს წარმოადგენდა და გათვლილი იყო
100/200 მეტრამდე სასროლათ.
К-50М დაკომპლექტებული იყო ჩინეთის მიერ წარმოებული
Type-50-ის მჭიდებით, რომელიც 35 ცალ ვაზნას
იტევდა. ასევე შესაძლებელი იყო 71 ცალ ვაზნაზე გათვლილი ППШ-41-ის დისკისებური მჭიდის
გამოყენება. დისკისებური მჭიდის გამოყენების შემთხვევაში შეუძლებელი იყო დუგლუგის დაკეცვა,
რადგანაც დუგლუგის ბოლოები ებჯინებოდა დისკისებური მჭიდის კედლებს.
საერთო ჯამში K-50M იყო საიმედო და ეფექტური პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი,
რომელსაც მემკვიდრეობით ერგო საბჭოთა ППШ-41-ის საბრძოლო თუ კონსტრუქციული თვისებები.
თუმცა იგი ვერ დაიკვეხნიდა დამზადების ხარისხით, რადგანაც წარმოადგენდა ეგრედწოდებულ
„ერზაც“ იარაღის კატეგორიას.
სტატიის ბოლოს კი აუცილებლად უნდა ავღნიშნო, რომ ვიეტნამელებმა
ППШ-41-ის გადაკეთებით, ბევრად უფრო მოსახერხებელი და ეფექტური მოდელი შექმნეს, ვიდრე
თავად მისმა კონსტრუქტორმა შპაგინმა, რომელმაც 1945 წელს წარმოადგინა საკეც დუგლუგიანი საცდელი მოდელი. ინფორმაცია აღნიშნულ მოდელზე შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე >
საცდელი მოდელი ППШ-45
No comments:
Post a Comment