Colt Grizzly

Colt Grizzly

1994 წელს კომპანია კოლტმა მცირე სერიული პარტიის სახით დაამზადა რევოლვერი სახელწოდებით Colt Grizzly. იგი წარმოადგენდა Colt Python -ის და Colt King Cobra -ს ერთგვარ ნაზავს. უფრო კონკრეტულად კი Colt Grizzly -ში გამოიყენებოდა Colt Python -ის 6 ინჩიანი (15სმ) სიგრძის ლულა, რომელსაც ცხვირის ნაწილთან შესრულებული ჰქონდა ორმხრივი მაგნა პორტი (ე.წ. Mag-Na-Port). ითვლება, რომ აღნიშნილული პორტების გამოყენება ლულის ხტომას ამცირებს დაახლოებით 15-20%-ით. 

რევოლვერის ჩარჩო აღებულ იქნა ცნობილი მოდელისგან Colt King Cobra. შესაბამისად ამ ორი ცნობილი რევოლვერის შერწყმით წარმოიქმნა ახალი მოდელი Colt Grizzly. ცნობისთვის დაახლოებით მსგავსი ტიპის მოდელი მხოლოდ გათვლილი .44 Magnum ტიპის ვაზნაზე ჯერ კიდევ ერთი წლით ადრე (1993) წელს შეიმუშავა კოლტის საწარმომ და გამოიტანა ბაზარზე სახელწოდებით Colt Kodiak.

რევოლვერი Colt Grizzly იყენებდა ორმაგი მოქმედების სასხლეტ მექანიზმს და სროლა შესაძლებელი იყო როგორც წინასწარ შეყენებული ჩახმახით, ასევე თვითშეყენებით (ე.წ. SA/DA). რევოლვერის დოლურაში თავსდებოდა 6 ცალი .357 Magnum ტიპის ვაზნა. დოლურა იყო მონოლითური ცილინდრის სახით და არ გააჩნდა გვერდებზე შესრულებული ამონაჭრელები. რევოლვერის ლულა, დოლურა და ჩარჩო დამზადებული იყო უჟანგავი ფოლადისგან. ლულაზე შესრულებული იყო წარწერა COLT GRIZZLY, რომლის შემდეგაც დატანილი იყო გრავირება დათვის ნაფეხურის სახით.

Colt Grizzly-ს სახელური წარმოადგენდა კომპანია Pachmayr -ის მყარი რეზინისგან შესრულებულ ვარიანტს, რომლის შუაშიც, ორივე მხარეს კოლტის ლოგოტიპის მქონე მედალიონი იყო ჩამაგრებული.

რევოლვერის პლასტმასის ყუთი, რომელშიც მოთავსებული იყო Colt Grizzly, ხოლო თავად აღნიშნული ყუთის შეფუთვას წარმოადგენდა მუყაოსგან შესრულებული, ისტორიული ფოტოებით და დოკუმენტური ფაქტებით გაფორმებული ყუთი.

სულ ჯამში კოლტის საწარმომ დაამზადა 500 ცალი რევოლვერი Colt Grizzly. შესაბამისად დღეს კოლექციონერები მზად არიან საკმაოდ სოლიდური თანხა გადაიხადონ მასში. ამ სტატიის დაწერის დროს ჩემს მიერ გადამოწმებულ იქნა სხვადასხვა ინტერნეტ აუქციონთა სავაჭრო ისტორიები, რომელთა ლოტებში გარკვეული პერიოდის წინ გასაყიდად იყო წარმოდგენილი Colt Grizzly. მათი რეალიზაციის ფასი მდგომარეობის და კომპლეკტაციის მიეხედვით მერყეობდა 5500$ დან 9000$ -მდე. 

No comments:

Post a Comment