Colt Kodiak

სტატიაში Colt Grizzly ჩვენ ვისაუბრეთ კოლტის იშვიათ მოდელზე, რომელიც დათვის სახეობის, კონკრეტულად კი გრიზლის სახელს ატარებს და მისი წარმოება 1994 წელს იქნა დაწყებული. დამზადებული რევოლვერების რაოდენობა შემოიფარგლა სულ რაღაც 500 ცალი ეგზემპლარით. თუმცა ეს არ ყოფილა კოლტის საწარმოს მიერ დამზადებული ერთადერთი რევოლვერი, რომელიც დათვისებრთა ოჯახის სახელს ატარებდა. ჯერ კიდევ გრიზლის დამზადებამდე 1 წლით ადრე (1993 წელს), კოლტის საწარმომ დაიწყო რევოლვერის წარმოება სახელწოდებით Colt Kodiak. ცნობისთვის კოდიაკის დათვი წარმოადგენს ერთერთ ყველაზე დიდი ზომის სახეობას. იგი ბინადრობს არქიპელაგის კუნძულებზე და ალასკის სამხრეთ-დასავლეთის ნაწილში.

Colt Kodiak

რევოლვერი Colt Kodiak იყენებდა Colt Anaconda -ს 6 ინჩის (15სმ) სიგრძის ლულას, რომელიც გათვლილი იყო .44 Magnum ტიპის ვაზნებზე. ლულას ცხვირის ნაწილთან შესრულებული ჰქონდა ორმხრივი მაგნა პორტი (ე.წ. Mag-Na-Port). ითვლება, რომ აღნიშნილული პორტების გამოყენება ლულის ხტომას ამცირებს დაახლოებით 15-20%-ით. 

მცირე რაოდენობით ასევე დამზადდა რევოლვერები 4 ინჩიანი ლულით

რევოლვერი Colt Kodiak იყენებდა ორმაგი მოქმედების სასხლეტ მექანიზმს და სროლა შესაძლებელი იყო როგორც წინასწარ შეყენებული ჩახმახით, ასევე თვითშეყენებით (ე.წ. SA/DA). რევოლვერის დოლურაში თავსდებოდა 6 ცალი .44 Magnum ტიპის ვაზნა. დოლურა იყო მონოლითური ცილინდრის სახით და არ გააჩნდა გვერდებზე შესრულებული ამონაჭრელები. რევოლვერის ლულა, დოლურა და ჩარჩო დამზადებული იყო უჟანგავი ფოლადისგან. 

ლულაზე შესრულებული იყო წარწერა COLT KODIAK, რომლის შემდეგაც დატანილი იყო გრავირება დათვის ნაფეხურის სახით. Colt Kodiak-ის სახელური წარმოადგენდა კომპანია Pachmayr -ის მყარი რეზინისგან შესრულებულ ვარიანტს, რომლის შუაშიც, ორივე მხარეს კოლტის ლოგოტიპის მქონე მედალიონი იყო ჩამაგრებული.

ბუნებრივია რევოლვერი ასეთი კონფიგურაციით და შესრულებით არის საკმაოდ მძიმე. იგი ვაზნების გარეშე იწონის 1530 გრამს, ხოლო დამუხტულ მდგომარეობაში (ვაზნებთან ერთად) მისი წონა შეადგენს 1673 გრამს. ასეთი დიდი წონის და გაბარიტების გამო Colt Kodiak არ წარმოადგენს ყოველდღიურად სატარებელ ე.წ. EDC (Everyday Carry) ტიპის რევოლვერს. მისი დანიშნულებაა ნადირობა, რკინის სილუეტებზე სროლა და ველურ პირობებში დათვისგან ან მსხვილი ნადირისგან თავდაცვა. ამას გარდა Colt Kodiak-ს აქვს ერთგვარი საკოლექციო ღირებულება. მისი ფასი ჯერ კიდევ 90-ან წლებში იყო საკმაოდ მაღალი და ცდებოდა 1900$-ს, ხოლო დღეს კიდევ უფრო ძვირად ფასობს რადგან სულ ჯამში დამზადებული  რევოლვერების რაოდენობამ შეადგინა მხოლოდ 2000 ცალი.

No comments:

Post a Comment