სნაიპერული შაშხანა JS 7,62

2003 წელს ჩინურმა კომპანიამ  „Jianshe Group“ მუშაობა დაიწყო სნაიპერულ შაშხანაზე, რომელიც გათვლილი უნდა ყოფილიყო საბჭოთა საშტატო შაშხანის ვაზნაზე 7,62x54R. სნაიპერული შაშხანა წარმატების შემთხვევაში მოხვდებოდა ჩინეთის სახალხო-განმანთავისუფლებელი არმიის (ჩინურად 中国人民解放) და სამართალდამცავი ორგანოების შეიარაღებაში, როგორც ალტერნატიული სნაიპერული იარაღი. შაშხანის  შემუშავების პროექტს ხელმძღვანელობდა კონსტრუქტორი ზოუი (ზო) ჰონგი (Zouyi Hong).  მთავარ მოთხოვნას წარმოადგენდა მარტივი კონსტრუქციის, იოლად მოსავლელი, წარმოებისთვის იაფი და ამავდროულად ჩინეთის არმიის შეიარაღებაში არსებულ სხვა მოდელებთან შედარებით უფრო მაღალი სიზუსტის მქონე სნაიპერული შაშხანის შექმნა. საიმედოობის კუთხით განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილებულიყო ჭუჭყის, ქვიშის, მტვრის და ნესტის ნეგატიური მოქმედების მიმართ.
 
საბოლოოდ პროტოტიპზე მუშაობა კომპანიამ დაასრულა 2004 წელს, ხოლო  2005 წლის მაისში პეკინში გამართულ საპოლიციო აღჭურვილობის  საერთაშორისო გამოფენაზე მოხდა მისი პირველი საჯარო დემონსტრირება. შაშხანას მიენიჭა სახელწოდება „JS 7,62“ (Jianshe Group 7,62). შაშხანის დემონსტრირებისას მწარმოებელმა განაცხადა, რომ საექსპორტოდ შესაძლებელი იყო ასევე ნატოს სტანდარტის შაშხანის ვაზნაზე (7,62х51 NATO) გათვლილი ვარიანტის დამზადება.
სნაიპერული შაშხანა „JS 7,62“ წარმოადგენდა გრძივად მოსრიალე საკეტიან მოდელს. საკეტს წინა ნაწილში ჰქონდა 2 ცალი საბრძოლო ბჯენი. უკუცემის შესამცირებლად გასროლის დროს ლულა გარკვეული მანძილით გადაადგილდებოდა (მიცურავდა) უკან. ასევე ლულა აღჭურვილი იყო მუხრუჭით, რაც დამატებით ამცირებდა უკუცემას. შაშხანის ვაზნებით კვება ხდებოდა 5 ცალ ვაზნაზე გათვლილი მოხსნადი მჭიდით. „JS 7,62“  აღჭურვილი იყო სიმაღლეში რეგულირებადი საკეცი ორფახა სადგარით. სიმაღლეში რეგულირდებოდა ასევე კონდახის ზემოდან განთავსებული სალოყე. კონდახი და პისტოლეტისებური სახელური დამზადებული იყო საავიაციო ალუმინის შენადნობისგან. მსროლელს შეეძლო სასხლეტი მექანიზმის რეგულირებაბ 0,5 დან 1,5 კგ-მდე.
შაშხანას არ ჰქონდა ღია სამიზნე მოწყობილობა. მის ჩარჩოზე დამონტაჟებული იყო „Picatinny“-ს ტიპის სამაგრი ლიანდაგი, რომელზეც შესაძლებელი იყო სხვადასხვა ოპტიკური სამიზნე მოწყობილობების დამაგრება.
შაშხანა 8 თვის მანძილზე გადიოდა სამხედრო და საველე გამოცდებს, რომელიც მაქსიმალურად იყო მიახლოვებული რეალურ სამხედრო-საექსპლუატაციო პირობებთან. საბოლოოდ გადაწყვეტეს, რომ „JS 7,62“  მიეღოთ ჩინეთის არმიის და სპეც სამსახურების შეიარაღებაში. შაშხანის საწარმოო ხაზის გამართვა მოხდა ქარხანაში „China South Industries Group“.
შაშხანა „JS 7,62“ საშტატო სახით აღჭურვილი იყო ჩინეთში დამზადებული რეგულირებადი ოპტიკური სამიზნე მოწყობილობით (გადიდება 3-9x40 ან 6-24x44).
„JS 7,62“  გათვლილი ვაზნაზე 7,62x51 NATO
საბჭოთა ვაზნაზე 7,62x54R გათვლილი ვარიანტის ლულას, გარედან ჰქონდა გრძივი ღარები, რომელიც ამცირებდა იარაღის საერთო წონას და ეხმარებოდა მას გაგრილებაში. ხოლო 7,62x51 NATO -ს ვაზნაზე გათვლილი ვარიანტის ლულა იყო ზემოაღნიშნული ღარების გარეშე.
გარკვეული წყაროების თანახმად შაშხანა „JS 7,62“  ჩინეთის არმიის გარდა, მცირე რაოდენობით მოხვდა  ბანგლადეშის არმიის ბატალიონის  „შავი არწივი“ შეიარაღებაში და ინდოეთის უშიშროების, ასევე პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმში.

No comments:

Post a Comment