1893 წელს კომპანია ვინჩესტერმა წარმოადგინა ჯონ ბრაუნინგის კონსტრუქციის გლულვლულიანი ე.წ. პომპიანი თოფი Winchester Model 1893, რომელიც არც თუ ისე დიდი პოპულარობით სარგებლობდა. სტატია აღნიშნულ თოფზე შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე -> Winchester Model 1893.
1896 წელს ჯონ ბრაუნინგმა გადაამუშავა Winchester Model 1893 და შექმნა ახალი მოდელი, რომელიც ცნობილი გახდა სახელწოდებით Winchester Model 1897 (შემოკლებით Winchester M97). თოფის წარმოაება დაწყებულ იქნა 1897 წელს კომპანია Winchester-ის მიერ. იგი კომპანიის სავაჭრო ცნობარში გამოჩნდა 1897 წლის ნოემბრის თვეში.
შეიძლება ითქვას რომ Winchester M1897 გახდა ერთრეთი
ყველაზე წარმატებული პომპიანი თოფი, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა როგორც
ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე სხვა ქვეყნების პომპიანი თოფების შემდგომ ევოლუციაზე.
Winchester M1897 მალევე იქცა ერთგვარ ხარისხის სტანდარტად. ასევე შეიძლება ვთქვათ,
რომ ფაქტიურად ამ გლუვლულიანმა იარაღმა განაპირობა აშშ-ში პომპიანი თოფების ზეპოპულარულობა.
გლუვლულიანი თოფი Winchester M1897 იყენებს ხელით გადატენვად
მექანიზმს ტრადიციული მოძრავი ტიბჟირით. მასრის ამოგდება გადატენვისას ხდება ლულის
კოლოფის მარჯვენა მხარეს შესრულებული ფანჯრიდან. ლულისქვეშა მილისებური მჭიდი გათვლილია
5 ცალ ვაზნაზე. მჭიდის შევსება ვაზნებით წარმოებს ლულის კოლოფის ქვემოთა მხარეს გაკეთებული
ფანჯრიდან. Winchester M1897 მისი წინამორბედი მოდელისგან განსხვავებით იყენებს ღია
ჩახმახს, რითაც განპირობებულია ის მომენტი, რომ თოფს არ აქვს არანაირი მცველის ბერკეტი
ან ღილაკი. ლულის ჩაკეტვა ხდება ვერტიკალურად მოძრავი ჩამკეტი ბლოკით.
Winchester Model 1897 სტანდარტული შესრულებით
აღსანიშნავია ისიც, რომ თოფის დამრტყმელ-სასხლეტ მექანიზმს
არ გააჩნდა ეგრეთწოდებული სასხლეტის გამთიშველი (disconnector), შესაბამისად
სროლის წარმოება შესაძლებელი იყო ორნაირი სახით: 1. მოძრავი ტიბჟირის გადატენვის შემდეგ
მსროლელი დააწვებოა თითს სასხლეტზე, განახორციელებდა გასროლას, აუშვებდა თითს სასხლეტიდან
გადატენიდა იარაღს და ასე იმეორებდა გასროლიდან გასროლამდე; 2. მსროლელი
დააწვებოდა თოთს სასხლეტზე, არ აუშვებდა მას და მხოლოდ ტიბჟირის უკან და წინ მოძრაობით
ანხორციელებდა გასროლების ციკლს. ამდაგვარ სროლის რეჟიმს უწოდებენ "Slam
fire"-ს. რაც შეეხება სამიზნე მოწყობილობას, იგი წარმოადგენილი იყო უბრალო
წინა სამიზნით, ხოლო უკანა სამიზნის როლს ასრულებდა ლულის კოლოფის ზედა თამასა.
თავდაპირველად Winchester M1897-ის ლულა დამაგრებული იყო ლულის კოლოფზე არამოხსნადი სახით. ასეთ ვარიანტებს აშშ-ში მოიხსენიებენ როგორც „Solid frame“ (მთლიანი ჩარჩოთი), ხოლო შემდგომ კონსტრუქციაში შევიდა გარკვეული ცვლილება და ლულის დამაგრება ლულის კოლოფზე ხდებოდა სექტორული ხრახნის მეშვეობით.
ასეთი კონსტრუქციის წყალობით შესასძლებელი იყო ლულის
კოლოფიდან ლულის მოხსნა ლულისქვეშა მჭიდთან ერთად მთლიანი ბლოკის სახით, რაც აადვილებდა
როგორც იარაღის წმენდა/მომსახურებას, ასევე გადატანა/ტრანსპორტირებას. ამ პრინციპით
აგებულ იარაღებს ამერიკელები უწოდებენ „Take down“-ს.
12 კალიბრიან ვაზნაზე გათვლილი ვარიანტი მოხსნადი ლულის
ბლოკით (ე.წ. „Take down“) გამოჩნდა კომპანია
ვინჩესტერის სავაჭრო ცნობერებში (კატალოგებში) 1898 წლის ოქტომბრიდან, ხოლო 1900 წლის
თებერვლიდან გამოჩნდა ასევე 16 კალიბრიან ვაზანზე გათვლილი ვარიანტებიც.
Winchester M1897-ის სამოდელო ხაზი და ვარიანტები
გლუვლულიანი თოფი Winchester M1897 იწარმოებოდა 12 და 16 კალიბრიან ვაზნაზე გათვლილი სხვადასხვა ვარიანტების სახით. სტანდარტული სანადირო მოდიფიკაცია როგორც წესი იყენებდა 711მმ (28 ინჩი) და 760მმ (30 ინჩი) სიგრძის ლულებს. გარკვეული პარტია ასევე მზადდებოდა 812მმ (32 ინჩი) სიგრძის ლულით. 12 კალიბრიანი ვარიანტის წონა როგორც წესი შეადგენდა 3,53 კგ-ს, ხოლო 16 კალიბრიან ვაზნაზე გათვლილი სანადირო მოდიფიკაცია იწონიდა 3,41 კილოგრამს. 16 კალიბრიან ვაზნაზე გათვლილი Winchester M1897 იწარმოებდა 65მმ სიგრძის სავაზნით. ხოლო 12 კალიბრიანი ვარიანტები ძირითადად 70მმ სიგრძის სავაზნით.
მთლიანობაში Winchester M1897-ის სამოდელო ხაზი საკმაოდ
ვრცელია, მაგრამ შეიძლება დაიყოს რამოდენიმე ვარიანტად, რომლებზეც მოკლედ ვისაუბრებ.
კომპანია ვინჩესტერის ადრეულ სავაჭრო ცნობარებში (კატალოგებში) თავდპირველად გამოჩნდა
შემდეგი ვარიანტები:
Winchester M1897 Plain Finish კლასიკური სანადირო შესრულება. იწარმოებოდა 12 კალიბრინ ვაზნაზე და ჰქონდა 30 ან 32 ინჩიანი ლულა ჩოკით. მასში გამოიყენებოდა ფოლადისგან დამზადებული ლულა, კაკლის კონდახი და პისტოლეტისებური სახელური ნაჭდევების გაშერე. კონდახი იყენებდა მეტალის საზურგეს. ფასი ძველი სავაჭრო ცნობარების თანახმად შეადგენდა 25$.
Winchester M1897 Fancy Finished კლასიკური სანადირო
შესრულება. იწარმოებოდა 12 კალიბრინ ვაზნაზე და ჰქონდა 30 ან 32 ინჩიანი ლულა ჩოკით.
ამ შესრულებაში გამოიყენებოდა დამასკის ლულა, ნარჩევი კაკლის კონდახი და ნაჭდევებიანი
პისტოლეტისებური სახელური. კონდახის ბოლოში დამაგრებული იყო რეზინისგან შესრულებული
ნაჭდევებიანი საზურგე. ფასი ძველი სავაჭრო ცნობარების თანახმად შეადგენდა 62$.
Winchester M1897 შესრულება Brush Guns წარმოადგენდა
სპეციალურად ფრინველზე სანადიროთ შექმნილ მოდიფიკაციას. იყენებდა 12 კალიბრზე გათლილ
შედარებით მოკლე ლულას სიგრძით 26 ინჩი. ლულის გაბურღულობა იყო ცილინდრული. ასევე ლულისქვეშა
მჭიდი იყო დამოკლებული და ნაცვლად 5 ცალი ვაზნისა იტევდა 4 ცალ ვაზნას. კონდახის საზურგე
დამზადებული იყო ნაჭდევებიანი რეზინისგან. მისი ღირებულება ძველი სავაჭრო ცნობარების
თანახმად შეადგენდა 27$.
Winchester M1897 ე.წ. „Take Down“ ტიპის ხაზი ასევე
აერთიანებდა ცალკე მოდელებს. ეს მოდელები გახლდათ:
Winchester M1897 კლასიკური სანადირო შესრულებით 16
კალიბრიან ვაზნაზე. ჰქონდა 28 ინჩიანი ლულა ჩოკით. გამოიყენებოდა ფოლადის ლულა, კაკლის
კონდახი და პისტოლეტისებური სახელური ნაჭდევების გაშერე. კონდახს ჰქონდა მეტალის საზურგე.
ფასი ძველი სავაჭრო ცნობარების თანახმად შეადგენდა 27$.
Winchester M1897 კლასიკური სანადირო შესრულება. 12
კალიბრი, 30 ან 32 ინჩის სიგრძის ლულა ჩოკით. გამოიყენებოდა ფოლადის ლულა, კაკლის კონდახი
და პისტოლეტისებური სახელური ნაჭდევების გაშერე. კონდახი ჰქონდა მეტალის საზურგე. ფასი
ძველი სავაჭრო ცნობარების თანახმად შეადგენდა 27$.
Winchester M1897 შესრულება „Take Down“ Brush Gun წარმოადგენდა
სანადიროთ შექმნილ მოდიფიკაციას. იყენებდა 12 კალიბრზე გათვლილ შედარებით მოკლე ლულას
სიგრძით 26 ინჩი. ლულა იყო ჩოკით. ასევე ლულისქვეშა მჭიდი სტანდარტული Brush Gun მოდელისგან
განსხვავებით არ იყო დამოკლებული და იტევდა ტრადიციულად 5 ცალ ვაზნას. კონდახის საზურგე
დამზადებული იყო ნაჭდევებიანი რეზინისგან. მისი ღირებულება ძველი სავაჭრო ცნობარების
თანახმად შეადგენდა 29$.
Winchester M1897 „Take Down“ შესრულება „Trap
Gun”. 12 კალიბრი. იყენებდა 30 ინჩის სიგრძის ფოლადის ლულას. კონდახი ხელით იყო დამზადებული
ნარჩევი კაკლისგან და ჰქონდა სწორი ფორმის (ე.წ. ინგლისური ტიპის) სახელური, რომელზეც
ხელით იყო შესრულებული ნაჭდევები. ნაჭდევები ასევე ხელით იყო შესრულებული ტიბჟირზეც.
ფასი ძველი სავაჭრო ცნობარების თანახმად შეადგენდა 47$.
Winchester M1897 „Take Down“ შესრულება „Pigeon
Gun”. ფაქტიურად წარმოადგენდა „Trap Gun” ტიპის მოდელს, მხოლოდ მისგან განსხვავებით
იყენებდა 28 ინჩიან 12 კალიბრიან ფოლადის ლულას. დეტალების მორგება-დამუშავება ხდებოდა
ხელით და ასევე ლულის კოლოფზე შესრულებული იყო გრავიურები. იმ პერიოდის სამოდელო ხაზში
ეს პროდუქტი გამოირჩეოდა ყველაზე მდიდრული შესრულებით და შესაბამისად მისი ფასიც კომპანია
ვინჩესტერის ძველი სავაჭრო ცნობარების თანახმად შეადგენდა 100$.
გრავიურა „Pigeon Gun” მოდელის ლულის კოლოფზე
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი მოდელებისა, ასევე არსებობდა
გარკვეული არასტანდარტული შესრულებებიც, თუმცა მათზე საუბარი და დეტალებში ჩასვლა პირადად
ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა, ამიტომ გადავალ იმ მთავარ კონფიგურაციაზე, რომელიც ყველაზე
მეტად იმსახურებს ყურადღებას.
Winchester M1897 „Trench Gun“
პირველი მსოფლიო ომის პერიოდში სპეციალურად სამხედროების
მოთხოვნით შემუშავდა Winchester M1897-ის სპეციალური მოდიფიკაცია, რომელსაც მიენიჭა
სახელწოდება „Trench Gun“ (ქართულად ზუსტი შესატყვისი თარგმანი ალბათ იქნება „სანგრის
იარაღი“ ან „სასანგრე თოფი“). აღნიშნული მოდიფიკაცია ოფიციალურად იქნა მიღებული აშშ-ს
არმიის შეიარაღებაში. აქვე საინტერესოა ვისაუბროთ იმაზე, თუ რა გახდა ასეთი ტიპის მოდიფიკაციის
შეიარაღებაში მიღების მთავარი მიზეზი.
პირველი მსოფლიო ომის ფრონტზე საგრძნობლად გაიზარდა
როგორც არტილერიის, ასევე ტყვიამფრქვევბის გამოყენება. შესაბამისად მჭიდრო საარტილერიო
და ტყვიამფრქვევების მასიური ცეცხლის შედეგად სახმელეთო ბრძოლებმა მიწის ზემოდან აქტიურად
გადაინაცვლა სანგრებში და მიწისქვეშა გვირაბებში. სანგრებში, გვირაბებში და მიწისქვეშა
თხრილებში/სოროებში გამაგრებულ მებრძოლებს ესაჭიროებოდათ შედარებით მოკლე იარაღი, რომელსაც
ახლო მანძილზე მტერთან შეტაკების დროს ექნებოდა ძლიერი შემაჩერებელი მოქმდება. ამას
გარდა ვიწრო გვირაბებში და სანგრებში მოუხერხებელი იყო გრძელი შაშხანებით მანევრირება
და მოძრაობა. აქვე აღსანიშნავია ის მნიშვნელოვანი მომენტიც რომ პირველი მსოფლიო ომის
პერიოდში გერმანელებმა სანგრებში ბრძოლის ეპიზოდებში აქტიურად დაიწყეს იმ დროისთვის
ინოვაციური იარაღის გამოყენება. ეს გახლდათ შმაიზერის მიერ შემუშავებული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი
Bergmann MP 18, რომელიც აღჭურვილი იყო 32 ცალ 9x19mm Luger ტიპის ვაზნაზე გათვლილი საარტილერიო პარაბელუმის დოლურისებური
მჭიდით.
გერმანული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი MP 18
MP 18 იყო გაცილებით კომპაკტური გაბარიტების იარაღი
ვიდრე შაშხანა ან კარაბინი, იმ პერიოდის შაშხანებთან/კარაბინებთან შედარებით ჰქონდა
საკმაოდ მაღალი ტევადობის მჭიდი (32 ვაზნა ნაცვლად 5 ვაზნისა) და შეეძლო ავტომატური
ჯერებით სროლა. ეს ყველაფერი ვიწრო გვირაბებში, სანგრებში, სორეობში, თხრილებში, ნაგებობებში და შეზღუდულ სივრცეებში იარაღით მანევრირებისას
იძლეოდა სერიოზულ უპირატესობას გრძივადმოსრიალე ბრუნავი საკეტით მომუშავე შაშხანებით/კარაბინებით
შეიარაღებულ მებრძოლებთან შედარებით. სწორედ ზემოაღნიშნული მოცემულობის და უპირატესობების
გაანაზლიზებიდან გამომდინარე გადაწყდა რომ შემუშავბულიყო Winchester M1897-ის სპეციალური
სასანგრე მოდიფიკაცია, რომელიც იქნებოდა უფრო კომპაკტური.
Winchester M1897 „Trench Gun“ იყენებდა დამოკლებულ ლულას ცილინდრული გაბურღულობით, რომლის სიგრძეც შეადგენდა 20 ინჩს (510 მმ). ლულაზე დამაგრებული იყო ფოლადის ფურცლისგან დამზადებული პერფორირებული გარსაცმი, რაც უზრუნველყოფდა მსროლელის ხელის დაცვას დამწვრობისგან. ასევე აღნიშნულ მოდიფიკაციას გააჩნდა ხიშტ-დანის სამაგრი, რომელზეც მებრძოლები ამაგრებდნენ U.S. M1917 rifle bayonet ტიპის საშტატო ხიშტ-დანას. მთლიანობაში ამ კომპლექსს (თოფი+ხიშტ-დანა) რიგ ოფიციალურ დოკუმენტებში აღნიშნავდნენ როგორც „Trench Gun Model 1917“. ამერიკელი ჯარისკაცები არაოფიციალურად მოიხსენიებდნან მას, როგორც „Trench sweeper“ (სანგრის ცოცხი/სანგრის ჯაგრისი).
1918 წელს აშშ-ს და მოკავშირეების საიერიშო რაზმებმა
აქტიურად დაიწყეს Winchester M1897 „Trench Gun“-ის გამოყენება, რომელსაც ვიწრო გვირაბებში
და სანგრებში მოწინააღმდეგესთან შეტეკების დროს ჰქონდა საკმაოდ დიდი შემაჩერებელი მოქმედება.
ასეთ სიტუაციებში ბრძოლისას შემუშავდა სპეციალური ტაქტიკაც. წინ მიდიოდნენ Winchester
M1897 „Trench Gun“-ით შეიარაღებული მებრძოლები, რომლებიც ახდენდნენ სანგრების წმენდას,
ხოლო შემდეგ პოზიციებს იკავებდნენ შაშხანებით/კარაბინებით შეიარაღებული მებრძოლები.
აქვე აღსანიშნავია, რომ Winchester M1897 „Trench Gun“ კარგად იტანდა მიწას, ქვიშას
და დაბინძურებას, რაც სანგრებისთვის და მიწისქვეშა გვირაბებისთვის ბუნებრივ გარემოს
წარმოადგენდა. მტყუნების შემთხვევაში მებრძოლო სწრაფად მოახდენდა პომპიანი თოფის გადატენვას
და გააგრძელებდა სროლას. პირველი მსოფლიო ომის თემაზე დაწერილ გარკვეულ ისტორიულ წიგნებში
აღწერილია სიტუაციები, როდესაც ნავარჯიშები მებრძოლები Winchester M1897 „Trench
Gun“-ის მეშვეობით ახდენდნე გერმანელების მიერ ნასროლი ხელყუმბარის უკუგდებას. მარტივად
რომ ავხსნა სანგარში გადმოგდებულ ხელყუმბარას Winchester M1897 „Trench Gun“-ით ესროდნენ
საფანტს ან ფინთიხს (კარტეჩს) რაც იწვევდა ხელყუმბარის დაზიანებას ან უკუგდებას.
„Trench Gun“-ების გამოყენება სერიოზულ ფსიქოლოგიურ
გავლენას და წნეხს ახდენდა გერმანელებზე. აღსანიშნავია რომ 1918 წლის 19 სექტემბერს
გერმანიის მთავრობის წევრებმა და დიპლომატებმა გამოსცეს ერთგვარი დიპლომატიური პროტესტი,
რომელიც ეხებოდა პირველ მსოფლიო ომში ამერიკელების მიერ საფანტის თოფების გამოყენებას.
გერმანელები ამტკიცებდნენ, რომ ომის კანონის შესაბამისად აკრძალული იყო საფანტის თოფების
გამოყენება, რადგანაც იგი განეკუთვნებოდა სანადირო იარაღის კატეგორიას. აღნიშნული კანონის
განხილვის შემდეგ არმიის მთავარმა პროკურორმა და სახელმწიფო მდივანმა რობერტ ლანსინგმა (Robert Lansing) ფორმალური შენიშვნით
აცილება მისცა გერმანელების პროტესტს. შესაბამისად ამერიკამ და მისმა მოკავშირეებმა
გააგრძელს მისი გამოყენება.
Winchester M1897 არ იყო ერთადერთი „Trench Gun“ ტიპის იარაღი, რმელსაც პირველი მსოფლიო ომის პერიოდში იყენებდა ამერიკის შეერთებული შტატები. არსებობდა გარკვეული მოდელები, რომელიც მოდიფიცირებულ იქნა როგორც „Trench Gun“ ტიპის საბრძოლო თოფები. მაგალითად ეს იყო Remington Model 10 „Trench Gun“ და Winchester Model 1912. სტატია Winchester Model 1912 შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე -> Winchester M1912
Remington Model 10a „Trench Gun“
პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ აშშ-ს სამართალდამცავი
ორგანოების რიგებში მოხვდა Winchester M1897-ის საპოლიციო მოდიფიკაცია აღნიშვნით „Riot
Gun“ (თოფი არეულობისთვის).
Winchester M1897 „Riot Gun“
Winchester M1897 „Riot Gun“ წარმოადგენდა M1897 „Trench
Gun“-ის ანალოგს. მთავარ განსხვავებას წარმოადგენდა კონსტრუქციიდან ამოღებული ხიშტ-დანის
სამაგრი და ლულაზე დამაგრებული პერფორირებული გარსაცმი, რომელიც სამართალდამცავებს
და პოლიციელებს არ ესაჭიროებოდათ. Winchester M1897 „Riot Gun“ გამოიყენებოდა პოლიციაში,
პენიტენციალურ სისტემებში როგორც პატიმრების დაცვის იარაღი, ციხეების საყარულო სამსახურებში
და ფოსტაში. ასევე მას არალეტალურ ვაზნებთან ერთად იყენებდნენ საპროტესტო აქციების
ან არეულობების დროს ხალხის დასარბევად.
„Trench Gun“ ტიპის იარაღები მათ შორის Winchester M1897 „Trench Gun“ აქტიურად გამოიყენებოდა მეორე მსოფლიო ომის პერიოდშიც. ამ დროისთვის აშშ-ს არმიის ასორტიმენტი სასანგრე თოფების კუთხით იყო კიდევ უფრო მდიდარი, ვიდრე პირველი მსოფლიო ომის დროს. „Trench Gun“-ტიპის სასორტიმენტში Winchester M1897 „Trench Gun“-ის გარდა შედიოდა Winchester Model 1912 „Trench Gun“, Stevens M520-30 „Trench Gun“, Ithaca M37 „Trench Gun“, რომელთა სამხედრო კარიერა შემდგომ კორეის და ვიეტნამის ომშიც გაგრძელდა.
Ithaca M37 „Trench Gun“
Winchester M1897 სხვადასხვა ვარიანტის სახით იწარმოებოდა
1950-ანი წლების შუა პერიოდამდე. გარკვეული წყაროების თანახმად მათი წარმოება შეწყდა
1957 წელს და სულ 1897 წლიდან 1957 წლამდე დამზადებულ იქნა 1 მილიონზე მეტი ეგზემპლარი.
ამას გარდა მცირე პარტიების სახით ჩინური კომპანია „Norinco“ დღემდე ამზადებს Winchester
M1897 „Trench Gun“-ის და “Riot Gun“-ის რეპლიკებს, რომელიც ცნობილია აღნიშვნით „Norinco
97“.
No comments:
Post a Comment