Smith & Wesson Model 39

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში საარმიო პისტოლეტის სახით კვლავ „ბუმბერაზი“ ჯონ მოზეს ბრაუნინგის ქმნილება COLT М1911А1 აგრძელებდა მოღვაწეობას, ხოლო სხვადასხვა სამართალდამცავი უწყებების, განსაკუთრებით კი პოლიციის რიგებში ძირითადად ხის ტარიანი და შავი პრიალა ელფერის ოსქოდირებული რევოლვერები ბატონობდნენ.
1947 წელს ამერიკის საარტილერიო შეიარაღების კორპუსის (Army Ordnance Corps) მეთაურები გამოვიდნენ ინიციატივით რომ შექმნილიყო ახალი თვითდამტენი პისტოლეტი. მათი მოთხოვნით საჭირო იყო შეიარაღებაში არსებულ საშტატო პისტოლეტზე COLT М1911А1 უფრო მსუბუქი და კომპაკტური იარაღი. საინტერესოა ის ფაქტი რომ ამერიკელმა სამხედროებმა კარგად შეისწავლეს და გაანალიზეს მეორე მსოფლიო ომის დროს ნაალაფარი სახით მოპოვებული 9x19mm Luger (9mm Parabellum) ტიპის ვაზნებზე გათვლილი გერმანული პისტოლეტი Walther P.38. ანალიზის შედეგად გამოტანილ იქნა დასკვნა, რომ ახალ საარმიო პისტოლეტში ნაცვლად ამერიკული .45 АСР ტიპის ვაზნისა, სწორედ გერმანული 9x19mm Luger (9mm Parabellum) ტიპის ვაზნა გამოყენებულიყო. ახალი პისტოლეტის შექმნის ერთერთი ინიციატორი იმ პერიოდში ასევე გახლდათ აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალები (US Army Air Force).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე 1948 წელს მომზადდა ახალი თვითდამტენი პისტოლეტის ტაქტიკურ-ტექნიკური მოთხოვნები (ტტმ), გაიწერა გარკვეული საკონკურსო ტექ-დოკუემნტაცია და მოხდა ინფორმაციის მიწოდება სხვადასხვა ამერიკულ მწარმოებლებთან. ამ ყველაფრის შედეგად სტარტი აიღო კონკურსმა პირობითი სახელწოდებით „Programme to develop a new US Military sidearm“ რომლის ფარგლებშიც 1950 წელს საკმაოდ საინტრესო 9მმ-ანი პროტოტიპები დაექვემდებარა გამოცდას/ტესტირებას. ახლო მომავალში შევეცდები უფრო დეტალურად ვისუბრო ამ პროგრამაზე და მის კონკურსანტებზე. ახლა კი უშუალოდ ამ სტატიის მთავარ გმირზე Smith & Wesson Model 39-ზე გიამბობთ, რომელიც ასევე იღებდა მონაწილეობას ზემოთ ნახსენებ კონკურსში.

პროტოტიპი „Smith & Wesson  X100“

ამერიკული კომპანია Smith & Wesson  კონკურსში ჩაერთო პროტოტიპით, რომელიც ატარებდა აღნიშვნას „Smith & Wesson  X100“. მასში გამოყენებული იყო ლულის მოკლე სვლის პრინციპი, რომელიც თითქმის იმეორებდა Browning High Power-ში გამოყენებულ სქემას. საინტერესოა ის მომენტი, რომ პისტოლეტის დამრტმელ-სასხლეტი მექანიზმი იყო ღია ჩახმახით და ორმაგი მოქმედების (DA). იმ პერიოდში აშშ-ში ორმაგი მოქმედების სასხლეტი მექანიზმი ძირითადად რევოლვერებში გვხდებოდა, ხოლო თვითდამტენი პისტოლეტები ერთმაგი მოქმედების (SA) დამრტყმელ-სასხლეტ მექანიზმს იყენებდნენ. გარკვეულ წყაროებში გხვდება მოსაზრება, რომ დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის სქემა კომპანია სმიტ ვესონის წამყვანმა კონსტრუქტორმა  ჯოზეფ ნორმანმა (Joseph Norman) გერმანული Walther P.38-ის გავლენით შექმნა. Walther P.38-ის გავლენა ასევე იგრძნობა პისტოლეტის დროშისებურ მცველში, რომელიც მარცხენა მხრიდან საკეტის უკანა ნაწილშია განთავსებული და მუშაობს როგორც დეკოკერი, ხოლო 8 ცალ 9x19mm Parabbelum ტიპის ვაზნაზე გათვლილი ერთრიგიანი მჭიდიც Walther P.38-ის მსგავსად იყო აგებული. სხვაობას წარმოადგენდა ის, რომ Walther P.38-ში მჭიდის ღილაკ-ფიქსატორი სახელურის ძირზე (ქვემოთა მხრიდან იყო განთავსებული), ხოლო Smith & Wesson-ის პროტოტიპში  პისტოლეტის ჩარჩოზე სასხლეტი კავის უკან შესრულებულ ღილაკის სახით იქნა წარმოდგენილი.

საინტერესოა ის დეტალიც, რომ პისტოლეტის ჩარჩო დამზადებული იყო მყარი  ანოდირებული ალუმინისგან, რომლის წყალობით პისტოლეტის საერთო მასა ცარიელი მჭიდით შეადგენდა 790 გრამს. ცნობისთვის აშშ-ს საარმიო საშტატო თვითდამტენი პისტოლეტი COLT М1911А1 იწონიდა 1120 გრამს.  პისტოლეტის უკანა სამიზნე მოწყობილობა ითვალისწინებდა რეგულირებას ჰორიზონტალურ სიბრტყეში. საკეტი დამზადებული იყო ნახშირბადოვანი ფოლადისგან (Carbon steel), რომელიც პრიალა ოქსიდირებით იფარებოდა.

Smith & Wesson  Model 39 

საბოლოოდ ისე მოხდა, რომ აშშ-ს მთავრობამ უარი განაცხადა ახალი პისტოლეტის შეიარაღებაში მიღებაზე. სხვადასხვა წყაროების თანახმად უარის მიზეზი განპირობებული იყო ბიუჯეტის სიმცირით. მიუხედავად ამისა კომპანია Smith & Wesson-ის მესვეურები იღებენ გადაწყვეტილებას გაიტანონ პისტოლეტი სამოქალაქო იარაღის ბაზარზე. 1954 წელს კომპანიამ გამართა საწარმოო ხაზი და დაიწყო პისტოლეტის წარმოება კომერციული მიზნით, რომელიც 1955 წელს გამოჩნდა ბაზარზე აღნიშვნით „Smith & Wesson  Model 39” (შემოკლებით S&W M-39).

ასე გამოიყურება ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებელები

კალიბრი/ვაზნა:

9მმ/ 9x19mm Parabbelum (9mm Luger)

სიგრძე:

192 მმ

ლულის სიგრძე:

102 მმ

წონა (მასა):

780-790 გრამი (ცარიელი მჭდით)

მჭიდის ტევადობა:

8 ცალი ვაზნა

შეიძლება ითქვას, რომ კომპანია Smith & Wesson-ის ნაბიჯმა გაამართლა და გარკვეული წრეები დაინტერესდნენ ახალი თვითდამტენი პისტოლეტით, რომელიც გათვლილი იყო იმ პერიოდში აშშ-ს ბაზრისთვის ნაკლებად პოპულარულ, თუმცა ეფექტურ 9x19mm Parabbelum ტიპის ვაზნაზე. ასევე ინტერესს იწვევდა ორმაგი მოქმედების (DA) დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმიც. ამას გარდა კომპანიამ ერთმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის მოყვარულთათვის და იმ ხალხისთვის ვინც სკეპტიკურად უყურებდა ორმაგ მოქმედების სასხლეტს დაიწყო სპეციალური მოდელის წარმოება, რომელიც ერთმაგი მოქმედების სასხლეტს იყენებდა. აღნიშნულ მოდელს მიენიჭა აღნიშვნა „Smith & Wesson  Model 44“.

ერთმაგი მოქმდების სასხლეტი მექანიზმით აღჭურვილი პისტოლეტი „Smith & Wesson  Model 44“

პისტოლეტი „Smith & Wesson  Model 39” წონიდან და გაბარიტებიდან გამომდინარე იყო კომფორტული, მჭიდი იტევდა 8 ცალ ვაზნას +1 ვაზნა სავაზნეში (8+1 ვაზნა). მისი დამზადაების ხარისხი იყო ძალიან მაღალი, ხოლო სიზუსტის მხრივ აჩვენებდა ჩინებულ შედეგებს. ბევრი მსროლელი მის სიზუსტეს ადარებდა საასპარეზო პისტოლეტებს. წინასწარ შეყენებული ჩახმახის ე.წ. ერთმაგი მოქმედებით (SA) სროლის შემთხვევაში სასხლეტზე დაწოლის ძალისხმევა შეადგენდა 2,3 კგ-ს, ხოლო თვითშეყენებადი ე.წ. ორმაგი მოქდებით (DA) სროლის შემთხვევაში დაახლოებით 5,5 კგ-ს.

მომხმარებლების მხრიდან პოზიტიური გამოხმაურებების შედეგად „Smith & Wesson  Model 39”  სამართალდამცავების და ძალოვანი უწყებების ყურადღების ცენტრში მოექცა.

1966 წელს ვიეტნამის ომში ჩაერთო აშშ-ს საზღვაო სპეცრაზმის პირდაპირი მოქმდების ჯგუფი (ე.წ. SEAL Team Two), რომლებმაც ვიეტნამში ბრძოლის ველზე წაიღეს რევოლვერები Smith & Wesson  Model K-38 Combat Masterpiece (იგივე Model 15) და თვითდამტენი პისტოლეტები „Smith & Wesson  Model 39”. რეალურ საბრძოლო/საველე სიტუაციებში საკმაოდ კარგი რეპუტაცია მოიხვეჭა პისტოლეტმა და ფაქტიურად აღარავის აღარ უნდოდა რევოლვერი. პირდაპირი მოქმედების (Direct Action) ჯგუფის თითქმის ყველა წევრი „Smith & Wesson  Model 39”-ზე აკეთებდა არჩევანს. ამ ფაქტიდან გამომდინარე 1968 წელს მის შესყიდვას მცირე პარტიების სახით იწყებს აშშ-ს United States Navy (USN) საზღვაო სპეცრაზმი Navy SEALs.

Mark 22 Mod 0 (MK22 MOD 0)
ზუსტად ამ პერიოდში აშშ-ს საზღვაო ძალებმა გადაწყვიტეს შეემუშავებინათ მსუბუქი მაყუჩი, რომელსაც გამოიყენებდნენ „Smith & Wesson  Model 39”-თან ტანდემში. გარკვეული სამუშაოების შედეგად შეიქმნა ხმის ჩამხშობი მოწყობილობა აღნიშვნით “9mm Noise Suppressor Mark 3 Mod 0.”. შემდგომ „Smith & Wesson  Model 39”-ზე სტანდარტული სიგრძის 4 ინჩიანი ლულა შეცვალეს 4,75 ინჩიანი ლულით, რომელსაც ლულის ტუჩზე გაუკეთეს ხმის ჩამხშობი მოწყობილობის სამაგრი ხრახნი.

იმისთვის რომ გასროლა ყოფილიყო მაქსიმალურად ჩუმი და გამორიცხულიყო მოძრავი დეტალების ჟღარუნი, პისტოლეტის ჩარჩოზე მარცხენა მხრიდან დამაგრდა გრძელი ბერკეტი, რომლის მეშვეობითაც ხდებოდა საკეტის ორმხრივი ბლოკირება. ბლოკირებული საკეტის შემთხვევაში გასროლისას არ მოხდებოდა საკეტის უკუსვლა და მასრის ექსტრაქცია. ამ ოპერაციას მსროლელი ხელის მოძრაობით შეასრულებდა და მისთვის საჭირო დროს ამოაგდებდა მასრას ლულის სავაზნიდან. ამრიგად თვითდამტენი პისტოლეტი Model 39 საჭიროების შემთხვევაში ხდებოდა მექანიკური, ანუ მსროლელის მიერ ხელით გადატენვადი.

ვინაიდან პისტოლეტზე დამაგრებული მაყუჩი ფარავდა სტანდარტულ სამიზნე მოწყობილობების ხაზს, განხორციელდა მათი შეცვლა უფრო მაღალი სამინზე მოწყობილობებით.

ასე გაჩნდა პისტოლეტი აღნიშვნით Mark 22 Mod 0, რომელიც გამოიყენებოდა სხვადასხვა დივერსიული დანაყოფების და სპეცრაზმის წევრების მიერ. ვიეტნამის ომში მას იყენებდნენ გუშაგების და საყარაულო ძაღლების უხმაურო ლიკვიდაციისთვის. სწორედ ამიტომ იარაღს შეარქვეს სახელწოდება „Hush puppy“ (ლეკვების დამამშვიდებელი). მოდიფიცირებული პისტოლეტის Mark 22 Mod 0 წარმოება კომპანია „Smith & Wesson“-ის მიერ დაწყებულ იქნა მასაჩუსეცის შტატში, კონკრეტულად კი სპრინგფილდში მდებარე ფაბრიკაში და მცირე პარტიებათ იწარმოებოდა 1970-ანი წლების დასაწყისამდე.  

1967 წელს „Smith & Wesson  Model 39”-ის „ცხოვრებაში“ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომემნტი დგება. ილინოისის შტატის პოლიციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პოლიციელების შეიარაღებაში არსებული რევოლვერები ჩაენაცვლებინათ „Smith & Wesson  Model 39”-ით. ფაქტიურად „Smith & Wesson  Model 39” გახდა პირველი თვითდამტენი პისტოლეტი, რომელმაც აშშ-ს პოლიციის რიგებში ძირითადი სახით დაიწყო რევოლვერების ჩანაცვლება. ბუნებრივია 5 და 6 ცალ ვაზნაზე გათვლილ რევოლვერებთან შედარებით 8 ცალ 9მმ-ან ვაზნაზე გათვლილი მოხსნადი მჭიდი და ამავდროულად აღჭურვილობაში შესული დამატებითი სათადარიგო მჭიდების ქონა მნიშვნელოვან უპირატესობას აძლევდა პოლიციის თანამშრომელებს.

თავის მხრივ ილინოისის შტატის პოლიციის მიერ პისტოლეტის „Smith & Wesson  Model 39” შეიარაღებაში მიღებამ კიდევ უფრო გაზარდა მისი რეპუტაცია იარაღის სამოქალაქო ბაზარზე და გამოიწვია ინტერესი.

პოლიციის მიერ პისტოლეტების ინტენსიურმა დატვირთვამ და ყოველდღიურმა გამოყენებამ გამოავლინა როგორც ძლიერი, ასევე სუსტი მხარეები. "იარაღის სამყაროს" ლეგენდარული პიროვნება მასად აიუბი (Massad F. Ayoob) 1987 წელს გამოცემულ საავტორო წიგნში “The Semi-Automatic Pistol in Police Service and Self Defense” (ნახევრად-ავტომატური პისტოლეტები პოლიციის სამსახურში და თავდაცვაში) აღნიშნავდა, რომ ილინოისის პოლიციის მიერ თვითდამტენი პისტოლეტების გამოყენებისას რევოლვერთან შედარებით ორჯერ მეტად გაიზარდა მოხვედრის პროცენტული მაჩვენებელი. ასევე იგი აღწერდა გარკვეულ ეპიზოდებს, როდესააც ბოროტმოქმედმა პოლიციელს ჭიდაობის/ხელჩართული ბრძოლის დროს  წაართვეს პისტოლეტი და ვერ შეძლეს სროლის განხორციელება, რადგან პისტოლეტი იდგა მცველზე. ამ ეპიზოდების დროს მცველზე დაყენებულმა პისტოლეტმა რამოდენიმე პოლიციელის სიცოცხლე გადაარჩინა.  მეორეს მხრივ მასად აიუბი წიგნში იმასაც აღნიშნავდა, რომ პისტოლეტს ექსპლუატაციის შედეგად ექმნებოდა საიმედოობის პრობლემები და დეტალების სიცოცხლისუნარიანობა არ იყო მაღალი. ძირითადად პრზტენზიები მოდიოდა ექსტრაქტორის დაზიანებაზე.

„Smith & Wesson  Model 39-2“
პისტოლეტის შეიარაღებაში მიღებიდან ძალიან მალევე ილინოისის პოლიციისგან მასიურად წამოვიდა ჩივილები ექსტრაქტორის დაზიანებაზე. კომპანია სმიტ ვესონმა სწრაფად მოახდიანა რეაგირება და 1971 წელს დაიწყო გადამუშავებული მოდელის წარმოება აღნიშვნით „Smith & Wesson  Model 39-2“, რომელშიც გრძელი და ბრტყელი ექსტრაქტორის ნაცვლად გამოიყენებოდა მოკლე ექსტრაქტორი ბრჭყალისებური ბოლოთი. ასეთი ექსტრაქტორი უფრო თანაბარ დატვირთვას იღებდა და ნაკლებად ზიანდებოდა. ამავდროულად გადამუშავებას დაექვემდებარა ლულის სავაზნესთან არსებული მიმწოდებელი (Feed ramp), რამაც გაზარდა ვაზნის მიწოდების საიმედოობა.

ამავე წელს გაყიდვაში გამოჩნდა კიდევ ერთი მოდერნიზირებული პისტოლეტი „Smith & Wesson  Model 59“, რომელიც იყენებდა 14 ცალ ვაზნაზე გათვლილ ორრიგიან მჭიდს. 1980 წელს „Smith & Wesson  Model 39-2“-ის და „Smith & Wesson  Model 59“-ის წარმოება შეწყდა და 1981 წელს მათ მაგივრად დაიწყო განახლებული მოდელების წარმოება სამნიშნა სერიით „Smith & Wesson  Model 439“ და „Smith & Wesson  Model 459“, რომლებიც 1989 წლიდან ასევე შეიცვალა და მიიღო ოთხნიშნა სერიიანი აღნიშვნა. ოთხნიშნა სერიიანი პისტოლეტები თავის მხრივ კიდევ სხვადასხვა ვარიანტების სახით ჩამოყალიბდა და განვითარდა, რომელშიც შედიოდა Smith & Wesson  Model 39-ის ბაზაზე აგებული მოდელთა საკმაოდ ვრცელი ნომენკლატურა. 

საბოლოოდ Smith & Wesson  Model 39-ის ბაზაზე აგებული სხვადასხვა მოდელების წარმოაბა 1999 წელს მთლიანად შეწყდა. მათ სანაცვლოდ კომპანია Smith & Wesson-მა დაიწყო პოლიმერული ჩარჩოთი აღჭურვილი განსხვავებული თვითდამტენი პისტოლეტების სამოდელო ხაზის „Sigma“ განვითარება.

No comments:

Post a Comment