Smith & Wesson Model 19

 

მას შემდეგ რაც 1935 წლის 8 აპრილს კომპანია Smith & Wesson-მა წარმოადგინა  .357 Magnum ტიპის ვაზნაზე გათვლილი პირველი რევოლვერი სახელწოდებით “Registered Magnum”, ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცავი და ძალოვანი უწყებების ინტერესი მკვეთრად გაიზარდა ამ კალიბრის ვაზნის (.357 Magnum) მიმართ. რევოლვერი “Registered Magnum” იყენებდა დიდი ზომის ჩარჩოს (N-frame), მსხვილ ლულას და მისი ღირებულება იმ დროისთვის იყო საკმაოდ მაღალი, რადგან სერიულად არ ხდებოდა მათი წარმოება და მხოლოდ სპეციალური შეკვეთის საფუძველზე ამზადებდა კომპანია სმიტ და ვესსონი. შემდეგ დაიწყო მეორე მსოფლიო ომი და არავის ეცალა რევოლვერების სპეციალური შეკვეთით დამზადებისთვის.

1950-ანი წლების დასაწყისში სხვადასხვა სამართალდამცავი უწყების გარკვეული თანამშრომლები ალაპარაკდნენ იმაზე, რომ კარგი იქნებოდა .357 Magnum  ტიპის ვაზნაზე გათვლილი რევოლვერების შეიარაღებაში მიღება თუ მას ექნებოდა შედარებით ნაკლები ღირებულება, ვიდრე ჰქონდა “Registered Magnum”-ს. აშშ-ს სასაზღვრო სამსახურის (U.S. Border Patrol), საპატრულო მიმართულების ხელმძღვანელის თანაშემწემ, ცნობილმა მსროლელმა, სასროლოსნო უანარების თემატიკაზე დაწერილი არაერთი გამოცემის ავტორმა, ცეცხლსასროლი იარაღის ინსტრუქტორმა და ამავდროულად სამართალდამცავთა რიგებში საკმაოდ ავტორიტეტულმა პიროვნებამ ბილ ჯორდანმა (Bill Jordan) დაიწყო კონსულტაციები კომპანია Smith & Wesson-თან.

ბილ ჯორდანი (Bill Jordan)

ბილ ჯორდანს ჰქონდა იდეა შექმნილიყო სამართალდამცავების საოცნებო იარაღი .357 Magnum ტიპის ვაზნაზე, რომელიც “Registered Magnum”-ისგან განსხვავებით, გამოიყენებდა უფრო მცირე ზომის K-frame ჩარჩოს (K-frame სმიტ ვესონის ჩარჩოებში ითვლებოდა ერთგვარ საშუალო გაბარიტების ჩარჩოთ) და ექნებოდა N-frame ტიპის ჩარჩოზე აგებული რევოლვერის (Registered Magnum) იდენტური მძიმე ლულა 4 ინჩის სიგრძით. ამავდროულად ახალი რევოლვერის უკანა სამიზნე მოწყობილობა ისევე როგორც “Registered Magnum”-ის შემთხვევაში უნდა ყოფილიყო რეგულირებადი.

Smith & Wesson-ის მეიარაღეებმა აქტიურად დაიწყეს მუშაობა ახალ რევოლვერზე. თავდაპირველ ამოცანას წარმოადგენდა ისეთი K-frame ზომის ჩარჩოს დამზადება რომელსაც ექნებოდა სათანადო სიმყარის მარაგი და გაუძლებდა .357 Magnum ტიპის ვაზნის ინტენსიურ დატვირთვას. სწორედ ამ მიზნით თავდაპირველი ექსპერიმენტების ჩატარება მიმდინარეობდა მტკიცე ფოლადების და მათი სპეციალური თერმოდამუშავების/წრთობის პროცესების მიმართულებით. ერთწლიანი მუშაობის შედეგად შეიქმნა რევოლვერი ამბიციური სახელწოდებით „Combat Magnum“.

ფაქტიურად ეს იყო ორი რევოლვერის Smith & Wesson K-38 „Combat Masterpiece“ და “Registered Magnum”-ის ერთგვარი მიქსი. Smith & Wesson „Combat Magnum“-ის სერიული წარმოება დაწყებულ იქნა 1955 წელს. აღსანიშნავია რომ 1955 წლის 15 ნოემბერს პირველი რევოლვერი სერიული ნომრით K260000 საჩუქრად გადაეცა თავად ბილ ჯორდანს (Bill Jordan). ასე გაჩნდა სამართალდამცავების საოცნებო იარაღი, როგორც მაშინ მას უწოდებდნენ „Peace Officer’s Dream Sixgun“.

შეიძლება ითქვას რომ იმ მომენტისთვის .357 Magnum ტიპის ვაზნაზე გათვლილი Smith & Wesson „Combat Magnum“ წარმოადგენდა ყველაზე ძლიერი და ამავდროულად პრაქტიკულ სამსახურეობრივი რევოლვერს. მისი წონა და გაბარიტები “Registered Magnum”-თან შედარებით იყო უფრო ნაკლები, ხოლო 4 ინჩიან ლულა უზრუნველყოფდა ტყვიის მაღალ საწყის სიჩქარეს და შესაბამისად ენერგიას. ამას გარდა რევოლვერის სახელური იყო ისეთი ზომის, რომ კომფორტულად ერგებოდა როგორც შედარებით პატარა, ასევე მოზრდილი ხელის მტევანს.

რევოლვერი მზადდებოდა ორი სახის დაფარვით. ნახშირბადოვანი ფოლადისგან პრიალა ოქსიდირებით და მონიკელებული სახით. რევოლვერის დოლურაში ჩადიოდა 6 ცალი ვაზნა, ხოლო დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი იყო ორმაგი მოქმედების. მსროლელს შეეძლო როგორც თვითშეყენებით ცეცხლის წარმოება, ასევე ერთმაგი მოქმედებით ჩახმახის ხელით შეყენებით. S&W„Combat Magnum“ გამოჩენის მომენტიდანვე პოპულარული გახდა როგორც სამართალდამცავებში, ასევე უბრალოდ იარაღის მოყვარულთა წრეებში. მას ყიდულობდნენ მსროლელები, მოგზაურები და ის ხალხი ვისაც თავდაცვისთის ესაჭიროებოდა ეფექტური შემაჩერებელი ენერგიის მქონე ვაზნაზე გათვლილი მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი.

1957 წელს კომპანია Smith & Wesson გადავიდა მისი მოდელების აღნიშვნის ახალ ციფრულ სისტემაზე და რევოლვერი „Combat Magnum“-ის წარმოება დაწყებულ იქნა ახალი ნომენკლატურით Smith & Wesson Model 19.

1963 წელს Smith & Wesson Model 19-ის ასორტიმენტს გარდა 4 ინჩიანი ლულის მქონე რევოლვერებისა დაემატა 6 ინჩიანი ლულის მქონე ვარიანტი, ხოლო 3 წლის შემდეგ ბაზარზე გამოჩნდა 2.5 ინჩის სიგრძის ლულიანი ეგრეთწოდებული „მოკლეცხვირა“ Model 19. მცირე პარტიებად მზადდებოდა ასევე 3 ინჩის სიგრძის ლულებითაც. 

ზემოთ Smith & Wesson Model 19 სტანდარტული 4 ინჩიანი ლულით, ხოლო ქვემოთ 2.5 ინჩიანი ლულით ე.წ. "მოკლეცხვირა" ვარიანტი

როგორც წესი მოკლეცხვირა რევოლვერების სახელური იყო უფრო ვიწრო და მომრგავლებული ფორმის ე.წ. (Rounds butts), ხოლო 4 და 6 ინჩიანი ლულის მქონე რევოლვერების სახელური  განიერი და ბოლოში სახასიათო გაფართოვებული დაბოლოებით ე.წ. (Square butts).

წელს Smith & Wesson Model 19-ის სწარმოო პროცესში შედიოდა გარკვეული ცვლილებები და წლების მანძილზე ჩნდებოდა სმიტ და ვესონის რევოლვერებისთვის  დამახასიათებელი აღნიშვნები Model 19-1, 19-2, 19-3 და ა.შ.

Smith & Wesson Model 19-ის წარმოება შეწყდა 1999 წელს თუმცა 2018 წელს კომპანიამ სამოქალაქო ბაზარზე კვლავ წარმოადგინა მისი სხვადასხვა ვარიანტები და ამ სტატიის დაწერის მომენტშიც იწარმოება.

ფაქტიურად Model 19 იქცა აშშ-ში ერთგვარ სამსახურეობრივ რევოლვერად და აქტიურად გამოიყენებოა სხვადასხვა უწყებებში 1980-ან წლებამდე. გარკვეულ წყაროებს თუ გადავხედავთ იგი შეიარაღებაში ჰქონდა აიოვას შტატის პოლიციას, დასავლეთ ვირჯინიის შტატის პოლიციას, სამხრეთ დაკოტას შტატის პოლიციას, სოლტ ლეიკ სითის პოლიციის დეპარტამენტს და კონექტიკუტის შტატის პოლიციას. ასევე იგი გამოიყენებოდა აშშ-ის სასაზღვრო სამსახურში (United States Border Patrol), იმიგრაციისა და ნატურალიზაციის სამსახურში (Immigration and Naturalization Service), სამხედრო-საზღვაო ფლოტის გამოძიების სამსახურში (NCIS - Naval Criminal Investigative Service) და ფედერალური გამოძების ბუოროს (FBI) რიგებში. 1986 წლის 11 აპრილს მომხდარი მაიამის შეტაკების დროს (ეს დღე ცნობილია სახლწოდებით 1986 FBI Miami shootout - წარმოედგენს ფედერალური გამოძიების ბიუროს ისტორიაში ყველაზე სისხლიან დღეს) ფედერალური გამოძების ბიუროს აგენტი გორდონ მაკნილი (Gordon McNeill) სწორედ Smith & Wesson Model 19-ით იყო შეიარაღებული.

No comments:

Post a Comment