Smith & Wesson Model 13 და Model 65

 უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული Smith & Wesson Model 65. ლულის სიგრძე 4 ინჩი

1970 წელს კომპანია Smith & Wesson-მა წარმოადგინა  უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული რევოლვერი Model 66, რომელსაც ორი წლის შემდეგ მოჰყვა კიდევ ერთი უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული მოდელი აღნიშვნით Model 65.  ხოლო კიდევ 2 წელიწადში (1974 წელს) სცენაზე ჩნდება ნახშირბადოვანი ფოლადისგან დამზადებული და შავი პრიალა ოქსიდირებით დაფარული Model 65-ის ვარიანტი, რომელსაც მიენიჭა აღნიშვნა Model 13.

Model 13 და Model 65 წარმოადგენდა რევოლვერებს 6 ვაზნიანი დოლურით, რომელიც იყენებდა ე.წ. K-frame ზომის ჩარჩოს და მსხვილკედლიან მძიმე ლულას. ფაქტიურად ეს რევოლვერები ფორმფაქტორით წარმოადგენდა Smith & Wesson Model 10-ის (ასევე ცნობილი იყო როგორც Military & Police) და Smith & Wesson Model 19-ის ერთგვარ ჰიბრიდს.

ნახშირბადოვანი ფოლადისგან დამზადებული რევოლვერი Model 13. ლულის სიგრძე 4 ინჩი

Model 13 / Model 65 იყენებდა Model 19 -ის იდენტურ მსხვილ ლულას .357 Magnum ტიპის ვაზნაზე. მთავარ სხვაობას Model 19-თან შედარებით წარმოადგენდა არარეგულირებადი (მუდმივი სამიზნე) და დოლურიდან მასრების გამოსაყრელი ღერძის “პენალი”, რომელიც გვერდებიდან და ქვედა მხრიდან იყო ღია ტიპის (Model 19-ში აღნიშნული პენალი იყო დახურული როგორც ქვემოდან, ასევე მარცხენა მხრიდან).

Model 13 მომრგავლებული სახელურით (Round-butt) და 3 ინჩის სიგრძის ლულით

თავდაპირველად Model 13 და Model 65 იწარმოებოდა 4 ინჩიანი (101.6 მმ სიგრძის) ლულით და განიერი ე.წ. Square-butt ტიპის სახელურით, ხოლო შემდგომ ასორტიმენტში გამოჩნდა ვარიანტი 3 ინჩიანი (76.2მმ სიგრძის) ლულით, რომელიც მომრგვალებული Round-butt ტიპის სახელურით მზადდებოდა.

რევოლვერის ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები ასე გამოიყურებოდა:

კალიბრი / ვაზნა:

9×33mm R / .357 Magnum

საერთო სიგრძე:

 228,6 მმ (4 ინჩიანი ლულით)

 203,2 მმ  (3 ინჩანი ლულით)

ლულის სიგრძე:

101,6 მმ (4 ინჩი)

76,2 მმ (3 ინჩი)

წონა (მასა):

 879 გრამი (3 ინჩანი ლულით)

დოლურას ტევადობა:

6 ცალი ვაზნა

ორივე მოდელი გამოსვლის მომენტიდანვე გახდა პოპულარული და აქტიურად გამოიყენებოდა ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცავ თუ ძალოვან უწყებებში. მაგალითად რევოლვერი Smith & Wesson Model Model 13 შეიარაღებაში ჰქონდა ნიუ-იორკის, აიოვას და მერილენდის შტატის პოლიციას ასევე სხვა სამართლადამცავ უწყებებსა თუ საპოლიცო დეპარტამენტებს, ხოლო უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული Model 65 გამოიყენებოდა ოკლაჰომას საგზაო პოლიციის (Highway Patrol) და ტეხასის შტატის კრიმინალური მართლმსაჯულების (Criminal Justice) დეპარტამენტის რიგებში.

რევოლვერი Smith & Wesson Model 13 მომრგვალებული სახელურით და 3 ინჩის სიგრძის ლულით წარმოადგენდა აშშ-ს  გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) საშტატო იაღარს რომელსაც აქტიურად იყენებდნენ სპეციალური აგენტები, სანამ თვითდამტენ პისტოლეტებზე გადავიდოდნენ.  FBI-ს გამოცდილი თანამშრომლები და ინსტრუქტორები Smith & Wesson Model 13-ს მომრგვალებული სახელურით და 3 ინჩის სიგრძის ლულით ასახელებენ როგორც ყველაზე კარგ სამსახურეობრივ რევოლვერს, რომელიც ოდესმე ჰქონია შეიარაღებაში გამოძების ფედერალურ ბიუროს. როგორც წესი ამ რევოლვერთან ერთად პოპულარული იყო შემდეგი ტიპის ვაზნების გამოყენება .357 Magnum წარმოებული კომპანია Winchester-ის მიერ, რომელიც იყენებდა 145  გრეინიან ტყვიას  Silvertip. ხოლო აგენტების უმეტესობა იყენებდა .38 Special +P ტიპის ვაზნას 158 გრეინიანი ექსპანსიური ტყვიით LSWCHP (Lead Semi-Wadcutter Hollow Point). ეს ვაზნები სამართალდამცავთა რიგებში ცნობილი იყო სახელწოდებით „FBI Load“ (გამოძების ფედარალური ბიუროს მუხტი).

ხაზგასასმელია რომ Smith & Wesson Model 13 გარდა ამერიკის შეერთებული შტატებისა ასევე გამოიყენებოდა კანადის სამეფო ცხენოსანი პოლიციის რიგებში (RCMP - Royal Canadian Mounted Police) და ჩინეთში ჰონგ-კონგის რეგიონის კორუფციასთან ბრძოლის სამსახურში (廉政公署). მცირე პარტიად ე.წ. სპეციალური შეკვეთის ფარგლებშ ავსტრალიის ერთერთი სამართალდამცავი სააგენტოსთვის დამზადდა 3 ინჩიანი ლულის მქონე რევოლვერები Smith & Wesson Model 13, რომელსაც ნაცვლად მომრგვალებული Round-butt ტიპის სახელურისა, ჰქონდა ბოლოში გაგანიერებული ფორმის ე.წ. Square-butt ტიპის სახელური.

Smith & Wesson Model 13 იწარმოებოდა 1974 წლიდან 1999 წლის ჩათვლით, ხოლო Smith & Wesson Model 65 1972 წლიდან  2004 წლის ჩათვლით. მის კონსტრუქციაში, ისევე როგორც Smith & Wesson-ის სხვა მოდელებში წლების მანძილზე შედიოდა გარკვეული ცვლილებები და გაუმჯობსეებები. დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში იარაღის სამოქალაქო ბაზარზე კოლექციონერებს და რევოლვერების მოყვარულებს შორის საკმაოდ  დიდი მოთხოვნით სარგებლობს Smith & Wesson Model 13 განსაკუთრებულ „ლუკმას“ კოლექციონერებში წარმოადგენს 3 ინჩის სიგრძის ლულიანი ვარიანტი. 1970-1980-ან წლებში გამოძიების ფედერალურ ბიუროში მომუშავე და ამჟამად უკვე ყოფილი თანამშრომლები დღესაც თვლიან რომ Smith & Wesson Model 13 საუკეთესო სამსახურეობრივი რევოლვერია.

No comments:

Post a Comment