New Nambu M60

1957 წელს იაპონიის საერთაშორსო ვაჭრობის და მრეწველობის სამინისტროს თაოსნობით დაწყებულ იქნა სპეციალური პროგრამა, რომელშიც ჩაერთო Shin Chūō kōgyō (新中央工業) (Shin-Chuō Industries - ითარგმნება როგორც ახალი ცენტრალური მრეწველობა). აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მუშაობა მიმდინარეობდა პარალელურად სამი ტიპის მოკლელულიან ცეცხლსასროლ იარაღზე, რომლითაც უნდა შეიარაღებულიყვნენ იაპონიის სხვადასხვა ძალოვანი და სამართალდამცავი უწყების თანამშრომლები. ამ სამი იარაღიდან ერთი უნდა ყოფილიყო 9x19 Luger (Parabellum) ვაზნაზე გათვლილი საარმიო პისტოლეტი, მეორე .32ACP (7,65mm Browning) ვაზნაზე გათვლილი კომპაკტური პისტოლეტი, ხოლო მესამე კი .38 Special ვაზნაზე გათვლილი სამსახურეობრივი რევოლვერი. აღნიშნულ სტატიაში სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში შექმნილ რევოლვერზე გიამბობთ.

1957 წლიდან 1959 წლის ჩათვლით Shin Chūō kōgyō-ს (Shin-Chuō Industries) საკონსტრუქტორო ჯგუფი აქტიურად მუშაობდა რევოლვერის შემუშავებაზე, ხოლო 1960 წელს დღის სინათლე იხილა რევოლვერების პირველმა პარტიამ. რევოლვერს მიენიჭა სახელწოდება „New Nambu“ M60 (ニューナンブM60). 

რევოლვერი New Nambu M60  (ლულის სიგრძე 3 ინჩი)

იგი სრულად აკმაყოფილებდა იაპონიის ნაციონალური პოლიციის სამმართველოს მოთხოვნებს და შესაბამისად დაუყოვნებლივ  იქნა მიღებული პოლიციის და გარკვეული სამართალდამცავი სტრუქტურების შეიარაღებაში. სახელწოდება „New Nambu“ უკავშირდება იაპონიის ყველაზე ცნობილ მეიარაღეს კიძირო ნამბუს. თავის დროზე სწორედ კიძირო ნამბუმ დააფუძნა საწარმო Shin Chūō kōgyō, ამიტომ მის საპატივსაცემოდ რევოლვერს მიანიჭეს აღნიშვნა „New Nambu“ (ახალი ნამბუ).

„New Nambu“ M60-ის კონსტრუქციის ბაზისად აღებულ იქნა ამერიკული Smith & Wesson-ის რევოლვერები. რევოლვერის ჩარჩო ახლოს იდგა Smith & Wesson-ის „J-Frame“-თან თუმცა „New Nambu“ M60-ის ჩარჩო იყო ოდნავ უფრო დიდი „J-Frame“-ზე და უფრო პატარა „K-Frame“-ზე.

რევოლვერის წარმოება ხდებოდა ორი სიგრძის ლულით. რევოლვერი ფარული ტარებისთვის 2 ინჩიანი (51 მმ) ლულით. რევოლვერს ასეთი შესრულებით ხშირად დეტექტივები და უსაფრთხოების თანამშრომლები იყენებდნენ, ხოლო მეორე სტანდარტული 3 ინჩიანი (77 მმ) ლულით. ლულაში შესრულებული იყო 5 ცალი მარჯვნივ მიმართული ჭრილი რომლის  ბიჯიც (ე.წ. ტვისტი) შეადგენდა 15 ინჩს. 

რევოლვერი 2 ინჩიანი ლულით

დოლურაში თავსდებოდა 5 ცალი .38 Special ტიპის ვაზნა. ვაზნების ჩალაგებისთვის საჭირო იყო დოლურას გადაწევა მარცხენა მხარეს. დოლურას ჩამკეტი შესრულებული იყო ზუსტად სმიტ ენდ ვესონის რევოლვერების ანალოგიურად ჩარჩოს მარცხენა მხარეს განთავსებული სლაიდერული ფიქსატორის სახით. დამიზნება ხდებოდა პატრიჯის (Patridge) ტიპის ფიქსირებული ღია სამიზნე მოწყობილობით.

რევოლვერის ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებელები ასე გამოიყურება:

კალიბრი / ვაზნა:

9.1×29mmR / .38 Special

წონა:

680 გრამი (77 მმ-ანი ლულის შემთხვევაში)

სიგრძე:

198 მმ (77 მმ-ანი ლულის შემთხვევაში)

ლულის სიგრძე:

51 და 77 მმ

სიმაღლე:

112 მმ

სამიზნე ხაზის სიგრძე:

104 მმ

დოლურას ტევადობა:

5 ცალი ვაზნა

რაც შეეხება დამრტყმელ-სასხლეტ მექანიზმს, რევოლვერში გამოიყენებოდა ორმაგი მოქმდების მექანიზმი ღია ჩახმახით. ცეცხლის გახსნა შესაძლებელი იყო როგორც თვითშეყენბით (DA) ასევე ერთმაგი მოქმედებით (SA) ჩახმახის ხელით შეყენება და შემდეგ გასროლა. რამდენადაც სხვადასხვა წყაროებში გვხდება ინფორმაცია „New Nambu“ M60-ის სიზუსტე არის საკმაოდ კარგი და გამოცდილი მსროლელები ერთმაგი მოქმედებით სროლის შემთხვევაში 25 მეტრ დისტანციაზე 50მმ-ან ჯგუფებს აკეთებენ.

იაპონიის სანაპირო დაცვა შეიარაღებული 3 ინჩიანი ლულის მქონე რევოლვერებით New Nambu M60

New Nambu“ M60 იწარმოებოდა 1960 დან 1999 წლის ჩათვლით და სულ ამ პერიოდში დამზადებული რევოლვერების საერთო რაოდენობამ შეადგინა  133 400 ერთეული. იგი ნაწილობრივ ახლაც რჩება გარკვეული სამართალდამცავი/ძალოვანი უწყებების შეიარაღებაში.

No comments:

Post a Comment