პროექტი „Volkspistole“ და ყველაფერი მის შესახებ

მეორე მსოფლიო ომის მიწურულს, კერძოდ 1944 წლის შემოდგომას, გერმანის მთავრობის მიერ წამოწყებულ იქნა პროგრამა სახელწოდებით „Volkspistole“ (ქართულად სახალხო პისტოლეტი). აღნიშნული პროგრამის შესახებ ძალზედ მცირე ინფორმაციაა დღეს, ხოლო პროგრამის ფარგლებში შექმნილი პისტოლეტების უმეტესობა უგზო-უკვლოდ დაიკარგა, თუ არ ჩავთვლით რამოდენიმე ეგზემპლარს, რომლებიც დღეს კერძო კოლექციონერების მფლობელობაშია.
პროგრამის მთავარი მიზანი იყო საარმიო პისტოლეტის შექმნა, რომელიც განკუთვნილი უნდა ყოფილიყო მესამე რეიხის სახალხო არმიისთვის „Volkssturm“. ახალი პისტოლეტის შექმნის საჭიროება გამოწვეულ იქნა იმ ფაქტორით, რომ შეიარაღებაში არსებული მოდელების Walther P-38 და Luger Prabellum P-08 წარმოება ზედმეტად ძვირი ჯდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ პისტოლეტს „Walther P-38“ აწარმოებდა 3 ქარხანა, ვალტერის (Walther), მაუზერის (Mauser-Werke) და შპრეევერკე (Spree-Werke), მაინც არ იყო იგი საკმარისი რაოდენობით. გარდა ამისა გერმანიამ 1944 წლის პირველ ნახევარში დაკარგა 110 092 ცალი პისტოლეტი, ხოლო შემდგომ კი დაიკარგა 172 609 ცალი ერთეული (ჯამში 1944 წელს გერმანიის არმიამ ოფიციალურად დაკარგა 282,701 ცალი პისტოლეტი).
ჩამოყალიბებულ იქნა მთავარი მოთხოვნები და კრიტერიუმები, რომლის თანახმადაც ახალი პისტოლეტი უნდა ყოფილიყო:
1.      გათვლილი იმ დროს გერმანიის არმიის საშტატო ვაზნაზე 9x19 Parabellum;
2.      პისტოლეტის სერიული წარმოება უნდა ყოფილიყო მარტივი, მცირე დანახარჯებით და რაც შეიძლებოდა ნაკლებ დროში, რადგანაც სასწრაფოდ უნდა მომხდარიყო სახალხო არმიის შეიარაღება;
3.      ზედა მოთხოვნიდან გამომდინარე წარმოების ტექნოლოგია უნდა ყოფილიყო მარტივი და გამოყენებულიყო დაპრესვის და დაშტამპვის მეთოდები;
4.      ავტომატიკის მუშაობას უნდა ჰქონოდა მაქსიმალური საიმედოობა, ნებისმიერი ესპლუატაციის პირობებში;
5.      პისტოლეტს აუცილებლად უნდა ჰქონოდა მცველი;
6.      პისტოლეტში შესაძლებელი უნდა ყოფილიყო Walther P-38-ის სავაზნე კოლოფის (მჭიდის) გამოყენება;
7.      15-დან 25 მეტრამდე სროლისას უნდა ჰქონოდა ისეთი სიზუსტე, რომ მსროლელს შესძლებოდა ტყვიები შეეჯგუფებინა 200X200 მმ ზომის სამიზნეზე.
პროექტში ჩაერთო გერმანიის სამი ძირითადი კონცერნი: „Mauser-Werke“, „Gustloff-Werke“ და „Carl Walther“. 
ჯერ კიდევ ერთი წლით ადრე (1943 წელს), მაუზერის ობერნდორფის ფაბრიკაში ალექს ზაიდელმა (ზაიდლმა) (Alex Seidel - Heckler & Koch -ის დამფუძნებელი) სცადა მისივე შექმნილი პისტოლეტის Mauser Hsc-ის წარმოების ტექნოლოგიის გაადვილება. მან ერნსტ ალტენბურგერთან ერთად (Ernst Altenburger-მაუზერის ფაბრიკის ერთერთი თანამშრომელი) მოახდინა პისტოლეტის საკეტ-გარსაცმის დამზადების ახალი მეთოდის შემუშავება, რაც გულისხმობდა ფოლადის ფურცლისაგან დაშტამპვის მეთოდს.
პისტოლეტი ვიზუალურად უშნო გამოვიდა, თუმცა მისი წარმოება საგრძნობლად გაადვილდა, რისი წყალობითაც იზოგებოდა როგორც მატერიალური, ასევე დროითი რესურსი. მოგვიანებით მათ შეურთდა კიდევ ეთი კონსტრუქტორი შტარნაანსი. მიუხედავად წარმოების გაადვილებისა, გერმანია განიცდიდა ფინანსურ კრიზისს და გამარტივებული Mauser Hsc-ის წარმოება მინც ძვირი ჯდებოდა.
შემდეგ კვლავ მოხდა მისი წარმოების ტექნოლოგიის გადამუშავება, სადაც შეიცვალა ჩარჩოს და ტარის ლოყების დამზადების მეთოდი, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ საცდელი პროტოტიპების იქით არ დაძრულა წარმოება. მე ასეთ პისტოლეტს წავაწყდი ერთერთ ინტერნეტ აუქციონზე, სადაც მისი ღირებულება 12 000 ევროს შეადგენდა და თუ სწორად მახსოვს 13 000 ევროდ გაიყიდა J
ინტერნეტ აუქციონზე წარმოდგენილი გამარტივებული Mauser Hsc-ის პროტოტიპი
ზემოთხსენებულმა ჯგუფმა იმავე პერიოდში შექმნა ახალი თავისუფალი საკეტის სქემაზე დაფუძნებული პისტოლეტი, კოდური სახელწოდებით “Gerat 26VP” (ამ პისტოლეტის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი დღეს) (Gerät-გერმანულად ნიშნავს მოწყობილობას), რომელითაც არ დაინტერსდა არმია იმ მიზეზით, რომ პისტოლეტი მუშაობდა თავისუფალი საკეტის პრინციპზე.
შემდგომ შეიქმნა მოდელი კოდური სახელწოდებით „Gerat 40 VP“ (ცნობილია აგრეთვე დასახელებით М.7057), აღნიშნული მოდელი წარმოადგენდა ლულის მოკლე სვლაზე დაფუძნებულ პისტოლეტს.
„Gerat 40 VP“ ნახაზზე ჩანს საკეტზე განთავსებული დროშისებური მცველი, რომელიც შემდგომ ამოღებულ იქნა კონსტრუქციიდან
გასროლისას ლულა და საკეტი ერთად გადაადგილდებოდა უკან. გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ სპეციალური ჭრილების მეშვეობით ხდებოდა ლულის უკანა ნაწილის დაბლა დაშვება, რის შემდეგაც საკეტისა და ლულის გადაბმულობა წყდებოდა. ამის შემდეგ კი საკეტი დამოუკიდებლად ინერციით აგრძელებდა უკუცემას. აღნიშნული სქემა წარმოადგენდა ბრაუნინგის სქემის სახეცვლილ ვარიანტს, ხოლო პისტოლეტი ვიზუალურად ჰგავდა ვალტერ P-38 მოდელს. პისტოლეტის სავაზნე კოლოფის (მჭიდის) შახტა მზადდებოდა სწორედ ვალტერის P-38 მოდელის ჩარხების მეშვებოთ, ამიტომ  „Great 40VP“-ში გამოიყენებოდა P-38-ის მჭიდი.
პისტოლეტის დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი აღებულ იქნა „Mauser Hsc“ მოდელისგან, რომელმაც განიცადა მცირედი მოდიფიცირება. „Gerat 40 VP“-ის წარმოება ჯდებოდა ძალიან იაფი მისი ტექნოლოგებიდან გამომდინარე და თითქმის ყველა დეტალი მზადდებოდა დაბალი ხარისხის ფოლადის ფურცლების დაშტამპვის მეთოდით, გარდა მისი ლულისა, რომელიც ყველაზე ხარისხიან კომპონენტს წარმოადგენდა პისტოლეტში. საბოლოოდ ამ პისტოლეტით გერმანიის არმია არ დაინტერესდა და მაუზერის ფაბრიკამ შეაჩერა მასზე მუშაობა.
1944 წელს პროგრამა „Volkspistole“-ს წამოწყებისთანავე მაუზერის ფაბრიკამ დაიწყო მუშაობა ახალ პისტოლეტზე, რომელიც უპასუხებდა პროგრამის მოთხოვნებს. 1944 წლის ოქტომბერში მაუზერის ფაბრიკაში შეიქმნა მოდელი კოდური ინდექსით „Mauser V.7082“, რომელიც მუშაობდა თავისუფალი საკეტის პრინციპზე და გააჩნდა ორმაგი მოქმედების დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი. ამავე წლის ნოემბერში გაიმართა პისტოლეტის გამოცდა, სადაც Mauser V.7082-მა კრახი განიცადა. გარდა ამისა პისტოლეტი არ აკმაყოფილებდა პროგრამის ფარგლებში შექმნილ ახალ კრიტერიუმს. კერძოდ, პისტოლეტი არ უნდა ყოფილიყო თავისუფალ საკეტზე მომუშავე და არ უნდა ჰქონოდა ორმაგი მოქმედების დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი. აქედან გამომდინარე გერმანიის არმიის იარაღის სააგენტომ HWaA (Heereswaffenamt) უარი განაცხადა „Mauser V.7082“-ის განხილვაზე და დააბრუნა პისტოლეტი ფაბრიკა Mauser-Werke-ში. ფაბრიკაში დაბრუნების შემდეგ დაწყებულ იქნა მუშაობა პისტოლეტის ჩაკეტვის მექანიზმის შეცვლაზე. ასე გაჩნდა ახალი პისტოლეტი, რომელზეც დატოვეს იგივე სახელწოდება „Mauser V.7082“.

დღეს გადამუშავებულ Mauser V.7082 მოდელზე არსებობს გარკვეული გაუგებრობა და მოსაზრებები გაყოფილია რამოდენიმე ნაწილად:
1.      ეს პისტოლეტი შეიქმნა ფაბრიკა Mauser-Werke-ს თანამშრომლების მიერ;
2.      პისტოლეტი შეიქმნა Gustloff-Werke-ში მთავარი კონსტრუქტორის ბარნიცკეს მიერ  (Barnitske) (გერმანელები წერენ Barnitzke);
3.      ფაბრიკა Mauser-Werke-ს თანამშრომლებმა აიღეს ბარნიცკეს იდეა  და შექმნეს მისი გადამუშავებული ვარიანტი;
4.      ორივე ფაბრიკამ შეთანხმებულად და ერთად მუშაობის შედეგად შექმნეს იგი.
აღნიშნული ფაქტიდან გამომდინარე „Mauser V.7082“  სხვადასხვა წყაროებში მოიხსენიება, როგორც „Gustloff-Werke“-ში შექმნილ Barnitske-ს პისტოლეტი.
ახალი (გადამუშავებული) პისტოლეტი „Mauser V.7082“ მუშაობს ძალზედ საინტერესო პრინციპით. მისი საკეტი თავისუფალია და არ გააჩნია ლულასთან გადაბმულობა, თუმცა საკეტის გახსნა შენელებულია დენთის აირების წყალობით. დაწვრილებით რომ ჩავუღრმავდეთ პისტოლეტის მუშაობის პრინციპს იგი შემდეგნაირად გამოიყურება:

ლულას სავაზნე ნაწილის დამთავრების შემდეგ ორივე მხრიდან გააჩნია პატარა აირგამყვანი ნასვრეტი. გასროლისას დენთის აირები გამოედინება აღნიშნული ნასვრეტებიდან და საკეტ-გარსაცმს უბიძგებს წინ, ხოლო როდესაც მოხდება წნევის ვარდნა საკეტი ინერციით იწყებს უკან გადაადგილებას და ახდენს გასროლილი მასრის ექსტრაქციას. საკეტ-გარსაცმის უკან გადაადგილებისას იკუმშება ხისტად დამაგრებული ლულის გარშემო ჩამოცმული დამაბრუნებელი ზამბარა, რომელიც შემდეგ საწყის პოზიიაში აბრუნებს საკეტ-გარსაცმს. ამ მექანიზმთან ერთად პისტოლეტი იყენებს კიდევ დამატებით შემანელებელ სისტემას. სავაზნეში გაკეთებულია სპეციალური ღარები (ე.წ. რეველის ნაჭდევები), რომელზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ბლოგზე გამოქვეყნებულ სხვადასხვა სტატიებში. ამგვარი მექანიზმის გამოყენებით შეიძლება ითქვას, რომ პისტოლეტი არის ნახევრად-თავისუფალი საკეტის პრინციპზე მომუშავე. ერთდროულად ორი ასეთი მეთოდის გამოყენება უზრუნველყოფდა 9x19 Parabellum-ის ვაზნის წნევის ისეთ დამუხრუჭებას (ნეიტრალიზაციას), რომ პისტოლეტი საიმედოდ მუშაობდა და არ ხდებოდა საკეტის ნაადრევი გახსნა, ხოლო ნასვრეტებიდან გამოდენილი აირების წნევა გასროლის მომენტში იმდენად უბიძგებდა საკეტს წინ, რომ პისტოლეტის უკუცემა საგრძნობლად მცირდებოდა. აღნიშნულ ეგზემპლარს გააჩნდა აგრეთვე ძალზედ საინტერესო დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი. აღნიშნული მექანიზმი იყო ჩახმახის გარეშე და ჰქონდა დაფარული საცემი ნემსა (ე.წ. „სტრაიკერის“ ტიპის). სასხლეტზე თითის დაჭერისას ორი შვერილი დეტალი ახდენდა საბრძოლო ზამბარიანი ნემსას უკან გადაადგილებას, ხოლო შემდეგ შვერილები იწოდა დაბლა, რაც იწვევდა საცემი ნემსას გათავისუფლებას, რომელიც შეკუმშული საბრძოლო ზამბარის წყალობით ახდენდა წინ გავარდნას და კაფსულ მაალებლის აალებას.
„Mauser V.7082“ მოდელს გააჩნდა კიდევ ერთი უცნაური დეტალი, კერძოდ: უძრავად დამაგრებულ ლულაზე ჩამოცმული იყო ლულისავე სიგრძის მილი, რომელიც ლულის ცხვირზე არსებული ხრახნის მეშევეობით მაგრდებოდა.
შესაძლებელი იყო აღნიშნული მილის ლულიდან მოხსნა, შემობრუნება და მეორე მხრიდან დახრახვნა ლულაზე.
სწორედ ამიტომ პისტოლეტის სურათები გვხვდება მოკლე ლულით ან კიდევ გრძელით. სინამდვილეში ეს არაა გრძელი ლულა, არამედ ეს არის ლულაზე დახრახნული მილი. რა დანიშნულებას ასრულებდა ეს მილაკი ჩემთვის გაუგებარია, თუმცა რიგ წყაროებში მოცემულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, აღნიშნული მილი მუშაობდა როგორც ლულის მუხრუჭ-კომპენსატორი.  1945 წლის იანვარში, ობერნდორფის საგამოცდო-საპოლიგონო სროლებისას პისტოლეტმა დადებითი შედეგი აჩვენა, თუმცა  მიუხედავად პისტოლეტის საიმედო მუშაობისა „Mauser V.7082“ მაინც საცდელ ეგზემპლარად დარჩა და არ იქნა განხილული, როგორც სერიოზული მოთამაშე.
როგორც ზევით ავღნიშნეთ 1944 წლის ნოემბერში პირველად გაიმართა პროგრამა „Volkspistole”-ს ფარგლებში შექმნილი იარაღების გამოცდა, სადაც  მაუზერის პისტოლეტიც გამოსცადეს. ამავე საცდელი სროლებისას ვალტერის ფაბრიკამ („Carl Walther“) წარმოადგინა მისი კონსტრქციის პისტოლეტი, რომელიც მუშაობდა მბრუნავი ლულის პრინციპით. პისტოლეტის სქემა თითქმის იდენტური იყო ავსტრიელი იოზეფ ნიკლის (Josef Nickl) მიერ შექმნილი მბრუნავი ლულის სქემისა, რომელიც გამოიყენებოდა CZ-22 და CZ-24 მოდელებში (შეგიძლიათ იხილოთ ბმული >  http://www.iaragi.com/2014/04/cz-22-cz-24-cz-27.html). ანალოგიური სქემით მუშაობდა ავსტრიული პისტოლეტი “Steyr Hahn M1912”.

ვალტერის მბრუნავლულიანი პისტოლეტი ისევე როგორც ზევით განხილული მაუზერის “Volkspistole”-ები მზადდებოდა ფოლადის ფურცლების დაშტამპვის მეთდით, რომელიც პრესების მეშვეობით იღებდა ფორმებს. როგორც წესი ხდებოდა ორი სხვადასხვა ზომის კორპუსის და ჩარჩოს პრეს-ფორმირება, რომლებიც შემდგომ წერტილოვანი შედუღების მეთოდით ერთიანდებოდა მთლიან დეტალებად. აღნიშნული ტექნოლოგია წარმოადგენდა ყველაზე იაფ მეთოდს, რათა შექმნილიყო მყარი დეტალები. Walther-ის პისტოლეტიც გათვლილი იყო საშტატო 9x19 Parabellum ვაზნაზე, რომელთა მიწოდებაც ლულაში ხდებოდა P-38-ის მჭიდებით. პისტოლეტის ლულას უკანა ნაწილში ჰქონდა 3 ცალი საბრძოლო ბჯენი, რომელთა მეშვეობითაც ლულა იყო გადაბმული საკეტ-გარსაცმთან. საბრძოლო ბჯენებთანვე იყო დიაგონალური შვერილი, რომელიც პისტოლეტის ჩარჩოზე არსებულ დიაგონალურ ღარში ჯდებოდა. გასროლისას საკეტ-გარსაცმი და ლულა ერთად გადაადგილდებოდა უკან, ხოლო გადაადგილებისას დიაგონალური შვერილის მეშვეობით ხდებოდა ლულის ბრუნვა. ლულის გადაბრუნების შემდეგ, საბრძოლო ბჯენები გამოდიოდა საკეტ-გარსაცმის ჭრილებიდან რაც იწვევდა გადაბმულობის წყვეტას, ხოლო გათავისუფლებული საკეტი კი ინერციით აგრძელებდა უკუსვლას და კუმშავდა ლულის ქვემოთ განთავსებულ დამაბრუნებელ ზამბარას, რომლის წყალობითაც უკანვე ბრუნდებოდა. საკეტის უკან დაბრუნებისას ლულა უკუმიმართულებით ბრუნავდა და საბრძოლო ბჯენების მეშვეობით ახდენდა მორიგ გადაბმულობას საკეტ-გარსაცმთან. პისტოლეტს გააჩნდა ორმაგი მოქმედების დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი და საკეტ-გარსაცმზე მარცხენა მხრიდან განთავსებული დროშისებური მცველი. აღნიშნული ეგზემპლარი კარგად ფუნქციონირებდა, თუმცა მისი მექანიზმი ზედმატად რთული იყო და ძვირი ჯდებოდა მისი წარმოება.
1945 წელს იანვარში გამართულ საცდელ სროლებზე ვალტერის ფაბრიკამ წარმოადგინა მისი მბრუნავლულიანი პისტოლეტის ახალი მოდელი, რომლის დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი კვლავ ორმაგი მოქმედების იყო. პისტოლეტი კარგად ფუნქციონირებდა თუმცა მისი დეტალები კვლავ რთული და ძვირადღირებული იყო.
ამავე გამოცდებზე ვალტერმა წარმოადგინა კიდევ ერთი მოდელი. აღნიშნული მოდელი ბევრ წყაროში მოხსენიებულია, როგორც ნახევრად-თავისუფალ საკეტიანი, სინამდვილეში კი იგი მუშაობდა თავისუფალი საკეტის პრინციპით და ჰქონდა ერთმაგი მოქმედების დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი.
მიუხედავად იმისა, რომ პისტოლეტი თავისუფალი საკეტის სქემით მუშაობდა, მან მოწონება დაიმსახურა გამოცდებზე. რიგი წყაროების თანახმად ხელისუფლებამ გადაწყვიტა დაემზადებინათ იგი მცირე პარტიით. წარმოება დაიწყო 1945 წლის 12 თებერვალს და ვალტერის ფაბრიკას ამავე წლის 30 მარტს უნდა ჰქონოდა მზად პისტოლეტების პირველი მცირე პარტია, თუმცა საბოლოოდ რამდენი ცალი პისტოლეტი დამზადდა არ არსებობს ზუსტი ცნობები, რადგანაც 7 აპრილს ვალეტირის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიები აშშ-ს 90-ე დივიზიამ დაიკავა.
ამავე პერიოდში გერმანელები ცდილობდნენ Volkssturm-ისათვის შეექმნათ 9x19 Parabellum-ის ვაზნაზე გათვლილი იაფფასიანი რევოლვერებიც, თუმცა საბოლოოდ ეს ეგზემპლარებიც არ გასცდა საცდელ ვარიანტებს.
ომის დასრულებასთან ერთად დასრულდა Volkspistole-ეების ისტორიაც, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ამ პროექტს უკვალოდ არ ჩაუვლია. მაგალითად ავსტრიული პისტოლეტი "Steyr GB" და მისი პროტოტიპი "Steyr Pi-18" იყენებს ლულიდან დენთის აირების გამოდინების თითქმის  ისეთივე პრინციპს, როგორსაც მაუზერის Volkspistole იყენებდა. აღნიშნული პრინციპის შემქმნელად დღეს ყველგან მოხსენიებულია ბარნიცკე (ბარნიცკეს პრინციპი).
" Steyr Pi-18"

No comments:

Post a Comment