Walther PPK-დან Walther KPK-მდე

Walther-ის ფაბრიკა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში უამრავ ექსპერიმენტალურ ცეცხლსასროლ იარაღს აწარმოებდა. რა თქმა უნდა მე როგორც ასეთი იარაღის მოყვარული ხშირად ვიქექები სხვადასხვა ცნობარებსა და ინტერნეტ სივრცეში, რათა აღმოვაჩინო და შევისწავლო მსგავსი ეგზემპლარები. სწორედ ერთერთ ასეთ პისტოლეტზე მინდა ვისაუბრო აღნიშნულ სტატიაში და ეს პისტოლეტი არის Walther-ის უცნობი მოდელი „KPK“.

აქ შეიძლება ბევრმა იფიქროს, რომ მე შეცდომით დავწერე სახელი „KPK“. რამდენიმე წლის წინ მახსოვს ერთერთ ქართულ ფორუმზე დამცინეს შემდეგი ტექსტით რა Walther KPK? მაგას PPK ჰქვიაო. სანამ სტატიის ძირითად თემაზე გადავალ მინდა ერთ პრობლემას შევეხო, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს. კერძოდ: ქართულ ფორუმებზე და ინტერნეტ სივრცეში შეინიშნება ტენდენცია იმისა, რომ ერთმანეთს დასცინიან „იარაღის მოყვარულები“, ყველა პროფესორობს, ყველას ჰგონია, რომ ბევრი რამ იცის. ზოგი საერთოდ „იარაღის მცოდნეს“ ან  ექსპერტის რაიმე დამადასტურებელ დოკუმენტს ითხოვს. რა თქმა უნდა მეც ხშირად გავმხდარვარ დაცინვის ობიექტი. მაგალითად ჩვენს ვიდეო რევიუში „სკორპიონის“ (Vz.61) შესახებ მჭიდს ვიხსენიებ, როგორც სავაზნე კოლოფს. სწორედ ამის გამო ერთერთი ქართული ფორუმის წევრმა დამცინა შემდეგი ტექსტით: „მაგას მჭიდი ჰქვია და არა სავაზნე კოლოფიო“ J)) ვიცით მჭიდი რომ ჰქვია და თქვენ თუ იცით, რომ სავაზნე კოლოფიც შეიძლება დავუძახო და ეგ სახელიც სწორი რომაა?! მოკლედ ასეთ ხალხს მინდა ვუთხრა ერთი რამ. - თუ ერკვევით და „ექსპერტები“ ხართ ცეცხლსასროლ იარაღში ღმერთმა გაგიმარჯოთ! მე პირადად არ ვარ ექსპერტი და ახლავე მინდა შევთანხმდეთ ერთ რამეზე მე ძალიან ცოტა რამ ვიცი ცეცხლსასროლ იარაღზე და მიხარია, რომ ცოტა რამ ვიცი.  წინ ბევრი ისეთი რამეა რომელიც უნდა ვისწავლო. ასე რომ მე არც ექსპერტი ვარ და არც დოქტორის ხარისხი მაქვს ცეცხლსასროლი იარაღის „ცოდნაში“... მე უბრალოდ მოყვარული ვარ. ახლა კი გადავიდეთ სტატიის მთავარ გმირზე.
მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას ნაცისტური გერმანიის არმიის კონკრეტულ პირებს  შეიარაღებაში ჰქონდათ Walther-ის ლეგენდარული მოდელი “PPK”. ამ პისტოლეტით ძირითადად შეიარაღებულნი იყვნენ ლუფტვაფფეს ოფიცრების შემადგენლობა და ვერმახტის მაღალჩინოსანი პირები. ასეთი ხალხი ნაკლებად იღებდნენ შეტაკებებში და ბრძოლებში უშუალო მონაწილეობას, ამიტომ მათ არ სჭირდებოდათ დიდი ზომის საარმიო პისტოლეტები. ხელისუფლებამ გადაწყვიტა სპეციალურად ასეთი პირებისთვის შეექმნა ახალი პისტოლეტი, რომელსაც ექნებოდა „Walther PPK“-ს საბრძოლო თვისებები, მაგრამ იქნებოდა უფრო მსუბუქი, რომლის ტარებასაც მაღალჩინოსანი პირები შეძლებდნენ ფარულად. პისტოლეტს აგრეთვე გამოიყენებდნენ საიდუმლო სამსახურის და დაზვერვის ოპერ-თანამშრომლები. ახალი პისტოლეტის შექმნა დაევალა ვალტერის ფაბრიკის კონსტრუქტორებს, რომლებმაც გადაწყვიტეს ახლიდან არ გამოეგონებინათ ველოსიპედი და უბრალოდ გადაემუშავებინათ არსებული „Walther PPK“. სწორედ ასე გაჩნდა ახალი მოდელი სახელწოდებით “Walther KPK”.
გარდა მსუბუქი მასისა (წონისა) მთავარ მოთხოვნას წარმოადგენდა ის, რომ პისტოლეტს არ უნდა ჰქონოდა გამოშვერილი დეტალები, რომელიც პისტოლეტის სწრაფ ამოღებას შეაფერხებდა. ასეთი დეტალები Walther PPK-ს ჰქონდა მხოლოდ 2 ცალი:
1. საკეტზე განთავსებული დროშისებური მცველი;
2. ღია ჩახმახმი.
ქრონოლოგიურად, რომ მივყვეთ აღნიშნული პისტოლეტების პროტოტიპების დამზადებას, მივიღებთ შემდეგ სურათს.

თავდაპირველად დამზადებულ იქნა ექსპერიმენტალური მოდელი „Walther PPK“, რომელსაც დროშისებური მცველის ბერკეტი გააჩნდა სასხლეტი კავის უკან ჩარჩოზე. ასეთი პისტოლეტის სავაზნე კოლოფის (მჭიდის) შახტაში დაფიქსირება ხდებოდა ტარის ფსკერზე განთავსებული ღილაკ-ფიქსატორის მეშვეობით, რადგანაც ჩარჩოზე მარცხენა მხარეს არსებული ღილაკ-ფიქსატორის ადგილი დროშისებურმა მცველმა დაიკავა. დღეს ასეთი პისტოლეტი მხოლოდ ერთი ცალი სახით შემორჩა და ინახება Robert Miller-ის კოლექციაში. პისტოლეტს არ გააჩნია არანაირი სერიული ნომერი.
შემდგომ ამ ექსპერიმენტალური PPK-ს საფუძველზე შეიქმნა მოდელი სახელწოდებით „KPK“, რომელსაც ოდნავ შეეცვალა საკეტის უკანა ნაწილის ფორმა. გარდა ამისა მისი ტარის ლოყები მარცხენა და მარჯვენა მხარისათვის იყო ცალკცალკე. (Walther PPK-ს ტარის ლოყები არის მთლიანი ფორმის).
შემდგომ კონსტრუქტორებმა წონის (მასის) შემსუბუქების მიზნით პისტოლეტში გამოიყენეს დურ-ალუმინის შენადნობი, რომელმაც გამოიწვია მისი საერთო წონის 30-35%-ით შემცირება. ასეთ პისტოლეტში ფოლადისგან მზადდებოდა მხოლოდ ისეთი დეტალები, რომლებიც დატვირთულად მუშაობდა და სჭირდებოდა მაღალი სიმკვრივე (მაგალითად: პისტოლეტის ლულა, საცემი ნემსა, ჩახმახი და სხვა). აგრეთვე კონსტრუქციიდან საერთოდ ამოიღეს დროშისებური მცველი, ხოლო საკეტ-გარსაცმის უკანა ნაწილი დაგრძელებულ იქნა ისე, რომ ჩახმახი გახდა თითქმის სრულად დაფარული. მსუბუქი პისტოლეტის ტარის ლოყები კი კვლავ სტანდარტული PPK მოდელის აიღეს.
ამდაგვარი ცვლილების მეშვეობით პისტოლეტის სწრაფი ამოღებისას მინიმუმამდე იქნა დაყვანილი მისი წამოდება ტანისსამოსზე ან პისტოლეტის ბუდეზე (კაბურაზე). ვინაიდან პისტოლეტის დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი მუშაობდა, როგორც ორმაგი, ასევე ერთმაგი მოქმედების რეჟიმში. მის მფლობელს შეეძლო პისტოლეტი უსაფრთხოდ ეტარებინა ლულის სავაზნეში არსებული ვაზნით და დაშვებული ჩახმახით. ასეთ დროს პირველ გასროლას განახორციელებდა სასხლეტის ორმაგი მოქმედების რეჟიმით, ხოლო მომდევნო გასროლები კი ავტომატურად განხორციელდებოდა საკეტის უკუცემის მეშვეობით შეყენებული ჩახმახით. შესაბამისად მცველი აღარ იყო აუცილებელი.
საბოლოოდ Walther KPK მოდელების სერიული წარმოება არ მომხდარა. დღეს უცნობია თუ კონკრეტულად რომელ წლებში ხდებოდა პისტოლეტების პროტოტიპების შექმნა. ვარაუდობენ, რომ ისინი შეიქმნა 1940-1942-წლებში. არც დამზადებული პროტოტიპების ზუსტი რაოდენობაა ცნობილი, თუმცა უდაოა, რომ იგი მხოლოდ რამოდენიმე ცალი დამზადდა. მე რამდენჯერმე  შემთხვევით წავაწყდი ინტერნეტ აუქციონებზე „Walther KPK“ მოდელებს, რომელთა ღირებულებაც  45 000-დან 90 000 აშშ დოლარამდე მერყეობდა.
აბსოლუტურად ყველა „KPK“ პროტოტიპების ლულა გათვლილი იყო 7,65მმ-ან ბრაუნინგის ვაზნაზე, ხოლო მათი ვაზნებით კვება ხდებოდა Walther PPK-ს 7ცალ ვაზნიანი მჭიდებით.
 
რამდენადაც ფოტებიდან ჩანს შემორჩენილ პროტოტიპებს აქვს მხოლოდ ორი მარკირება: 1. საკეტ-გარსაცმზე მარცხენა მხარეს განთავსებული ვალტერის ემბლემა (სავაჭრო მარკა); 2. მის გვერდითვე განთავსებული წარწერა „KPK”.
რაც შეეხება პისტოლეტების დაფარვას. გვხვდება პროტოტიპები მუქი მოცისფრო ელფერის დაფარვით (ე.წ. „მოცისფრო ვარანენიე“) და დურ-ალუმინის შენადნობისგან დამზადებული ეგზემპლარები, რომელთა კორპუსიც ანოდიზირებულია.
ამ ეტაპისთვის არც პისტოლეტის სახელწოდების განმარტებაა ბოლომდე დაზუსტებული. ვარაუდობენ, რომ იგი შემდეგი სახის უნდა იყოს KPK- Krieg ან Kampf Pistole Kriminal.  
დღეს ვალტერის მოდელი "KPK" ითვლება კოლექციონერებისათვის ერთერთ ყველაზე სანუკვარ ოცნებად, რომლის ასრულებაც ძალიან რთულია.

No comments:

Post a Comment