Savage 64F ჩვენი შთაბეჭდილებები

უკვე 4წელია რაც ვფიქრობ შევიძინო .22LR (მამაპაპურად და არასწორად „გეკო“) ვაზნაზე გათვლილი თვითდამტენი შაშხნა, თუმცა როგორც ჩანს ძალიან პრეტენზიული ვარ და 4 წელია ვერ მივიღე გადაწყვეტილება თუ კონკრეტულად რომელი შაშხანა გახდება ჩემი რჩეული. თავდაპირველად მე ყურადღება შევაჩერე ამერიკულ „Marlin 60W“ მოდელზე, რადგანაც მისი ფურნიტურა (კონდახი სახელურით+ტიბჟირი) ხისგან არის დამზადებული და კლასიკური იერით გამოირჩევა. თან იგი ჩემთვის ეტალონურ .22LR კალიბრიან შაშხანას Ruger 10/22 გავს. ეტალონურია ჩემთვის რუგერის ეს მოდელი რადგანაც ისტორიული და ლეგენდარული იარაღია, ჩემთვის კი იარაღში ისტორიას და მის წარსულს დიდი ადგილი უკავია.
Marlin 60W
 
საბოლოოდ მე უარი ვთქვი  Marlin 60W-ზე, ვინაიდან მისი ლულისქვეშა მილისებური „მაგაზინი“ საშინლად არ მომეწონა. რომ გავაშარჟო ფაქტიურად შაშხანა კაჟიანი თოფივით წინიდან უნდა დატენო :D . შემდგომ ჩემი არჩევანი კვლავ Marlin-ის მოდელზე კერძოდ “Marlin 795”-ზე შეჩერდა, რომელიც ამერიკული „Mossberg Plinkster 702“-ის ანალოგია და საბოლოოდ ვებ სივრცეში არსებული უარყოფითი გამოხმაურებების გაცნობის შემდეგ “Marlin 795”-ზეც უარი ვთქვი.
 
Marlin 795
 
(უარყოფითი გამოხმაურებები მასიურად “Marlin 795” მოდელში მასრის ექსტრაქციას უკავშირდებოდა). შემდგომ მე კვლავ ამერიკული ბრენდის, ყველასათვის ცნობილ Remington-ის მოდელზე, კერძოდ Remington 597-ზე შევაჩერე არჩევანი, რომელიც დღესაც ძალიან მომწონს, თუმცა აღარ იყიდება.
Remington 597
 
ყველა შაშხანა რომელის შეძენასაც მე ვფიქრობდი, ერთნაირი მინუსებით გამოირჩევა, თუმცა ეს მინუსები ყველა ამ კლასის შაშხანების თანმდევი თვისებაა, რომელიც ჟარგონულად, რომ ვთქვა ალბათ უნდა დაიკიდო და გაატარო. ეს „მინუსები“ პირველ რიგში ეხება შაშხანის დაშლას, რომელიც არ ხდება მარტივად და აუცილებლად სახრახნისების და სხვადასხვა დამხმარე საშუალებების გამოყენებას მოითხოვს. მე პირადად მაქვს ერთგვარი „წიკი“ იმისა, რომ ლულაში და მექანიზმში თუ დარჩა მცირედი დენთის ნამწვი შესაძლოა ღამე ვერ დავიძინო. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ საშინელი ფობია მაქვს, იარაღის ლულის გაფუჭებასთან დაკავშირებით. „კოროზიოფობია“ ასე ვუწოდებდი მე.  ხშირად ღამე გამღვიძებია, ავმდგარვარ საწოლიდან იარაღების ლულის შესამოწმებლად და სარკესავით პრიალა ლულებში (მათ შორის ქრომირებულშიც) მაინც გამიტარებია Ballistol-იანი პატჩი J)). რათქმაუნდა .22LR ვაზნაზე გათვლილი შაშხანის შემთხვევაში, რომელიც თაროზე არ იდება და ხშირად უნდა ისროლო,ალბათ ყოველ კვირას დაშლილი მექნებოდა, რათა საფუძვლიანად გავწმინდო. ზოგადად ასეთი შაშხანები დაშლის გარეშე იწმინდება ლულის წინა მხრიდან, თუმცა საფუძვლიანი წმენდისათვის იარაღი სრულიად უნდა დაიშალოს. როგორც ავღნიშნე ეს შაშხანები სახრახნისებით იშლება, ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ დაშლა-აწყობისას, რადგანაც ხშირი დაშლისას შესაძლებელია დავაზიანოთ ხრახნის თავებიც და ჭრილები (რეზბა), რომელშიც ეჭირება ხრახნები.
მეორე „მინუსი“ ამ კატეგორიის შაშხანებში ეხება ლულის კოლოფს (რესივერს), რომელიც ჩემს მიერ ზევით მოყვანილ ყველა მოდელში მსუბუქი შენადნობებისგან მზადდება. ალბათ აქაც ერთგვარ ჩემებურ წიკთან მაქვს საქმე, თუმცა ეს წიკი საფუძვლიანია. ასე, რომ მე არავის არ ვაშინებ და არც ჩემს მოსაზრებებს ვახვევ თავს. მოკლედ რასაც ახლა დავწერ შეგიძლიათ გაატაროტ და დაიკიდოთ. როგორც ავღნიშნე ზემოთ, ამ შაშხანების ლულის კოლოფები მსუბუქი შენადნობებისგან მზადდება, რომელიც ძალიან რბილია. დღეს თანამედროვე იარაღებში ხშირად გამოიყენება სხვადასხვა მსუბუქი შენადნობები და ეს არ ნიშნავს, რომ ცუდია ამგვარი მასალის გამოყენება, პირიქით თანამედროვე ტექნოლოგიები იხვეწება და მეიარაღეებიც მუშაობენ იმაზე, რომ იარაღი იყოს მსუბუქი. უბრალოდ მე ხშირად მსმენია შემდეგი სახის პრობლემები:
1.      პრობლემა რომელიც ორჯერ მოვისმინე „Remington 597“-ზე. მფლობელმა „Remington 597“-ის გასაწმენდათ ლულა მოხსნა კოლოფიდან. აღნიშნულ მოდელში ლულა კოლოფზე მაგრდება სპეციალური ხრახნის მეშვეობით და თუკი ამ ხრახნს ზედმეტ ძალას დავატანთ იგი დეფორმირდება და ლულა იწყებს რყევას.
2.      ვინაიდან ლულა ფოლადისგანაა დამზადებული და დამაგრებულია მსუბუქი შენადნობის რესივერზე, თუ შაშხანის ლულა მოხვდა მყარ ზედაპირს ან შაშხანა დაგვივარდა ძირს, შესაძლოა გამოიწვიოს ლულის კოლოფის დაზიანება (გაღუნვა-დეფორმირება, გაბზარვა ან საერთოდ გატეხვა). ამდაგვარი რამ მე მსმენია როგორც „Remington 597“-ზე, აგრეთვე “Marlin 795”-ზე.
3.      ხშირად მსუბუქი შენადნობისგან დამზადებული ლულის კოლოფი ზიანდება ოპტიკური სამიზნის დამაგრების დროს, თუ ზედმეტად მოვუჭერთ სამაგრებს. აგრეთვე შესაძლებელია ლულის კოლოფი დაზიანდეს იმ შემთვევაში, თუ ოპტიკურ სამიზნეს რაიმე მყარ ზედაპირზე დავაჯახებთ. სწორედ ამიტომ ასეთ რესივერზე რეკომენდირებულია ოპტიკა დაყენდეს ალუმინის რგოლებით, რათა მყარ ზედაპირზე დავარდნის ან დაჯახების შემთხვევაში რგოლებმა აიღოს დატვირთვა და რგოლები გაიღუნოს.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს გამოხმაურებები მე არაერთხელ მსმენია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზევით ჩამოთვლილი შაშხანები ცუდია და არ უნდა შევიძინოთ.


Savage 64F
სულ რაღაც ერთი თვეა რაც თბილისის მაღაზიებში გამოჩნდა ამერიკული კომპანია „Savage Arms“-ის თვითდამტენი მცირეკალიბრიანი შაშხანები მოდელი 64F და 64G (F სერია არის პლასტმასის ფურნიტურით, ხოლო G სერია ხის ფურნიტურით), რომელთა ფასებიც საქართველოს ბაზრისთვის ძალიან მისაღებია. 64F მოდელის ღირებულება შეადენს 525 ლარს, ხოლო 64G მოდელი 640 ლარს. (ცნობისათვის აშშ-ში 64F მოდელის ღირებულება მერყეობს 100-175 დოლარამდე).
როგორც კი საქართველოში გამოჩნდა ეს შაშხანები, მე დავიწყე ვებ სივრცეში მათზე არსებული გამოხმაურებების გაცნობა, ხოლო რამოდენიმე დღის წინ ჩემს მეგობარს ვაყიდინე იგი და მომეცა შესაძლელობა ახლოს გავცნობოდი 64F მოდელს, რომლის შთაბეჭდილებებიც მინდა გაგიზიაროთ.
დავიწყოთ პირველ რიგში შაშხანის ზედაპირული გაცნობით. Savage 64F არის თვითდამტენი შაშხანა, რომელიც ვიზუალურად თითქმის “Marlin 795”-ის და  „Mossberg Plinkster 702“-ის იდენტურია. სავაზნე კოლოფიც (მჭიდი) 10 ვაზნიანია.

 შაშხანა რომელიც ჩვენ შევისწავლეთ იყო ორი წუთის წინ ყუთიდან ამოღებული ანუ სულ მთლად ახალი და მის სავაზნე კოლოფში 9 ვაზნა ადვილად ჩავიდა, ხოლო მეათე ვაზნაზე ცოტათი შევფერხდით, თუმცა მაინც ჩავიდა საბოლოოდ 10 ვაზნა. ეს ამგვარი შაშხანებისთვის დამახასიათებელია, ვინაიდან სავაზნე კოლოფის ზამბარა ახალია და დიდ დაწოლას ახდენს მიმწოდებელზე. პრობლემა თავისით მოგვარდება ექსპლუატაციის დროს. შესაძლოა მჭიდი შევავსოთ 10 ვაზნით და დავტოვოთ 2 კვირით შევსებულ მდგომარეობაში, რაც გამოიწვევს სავაზნე კოლოფის ზამბარის შესუსტებას. ფაქტი ერთია ჩვენ სულ ახალ მჭიდში 10 ვაზნა ჩავატიეთ და შაშხანამ იმუშავა უპრობლემოდ. ჩემთვის პირადად უჩვეულოა სავაზნე კოლოფის ღილაკ ფიქსატორის განთავსება, რადგანაც იგი მჭიდს წინ არის დამონტაჟებული და არა უკან.
ღია სამიზნე მოწყობილობაც თითქმის არ გამოირჩევა ზევით მოყვანილი მოდელებისგან, რომელიც ძალზედ პრიმიტიულია, რაც მე პირადად არ მომეწონა. ზოგადად ამ კლასის შაშხანებში ღია სამიზნეები მარტივად რომ ვთქვათ არის ნაგავი! თავის დანიშნულებას ასრულებს, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ადვილად მოტყდება ან დეფორმირდება. შაშხანას გვერდითა მხრიდან რესივერის ბოლოში აქვს დროშისებური მცველი, რომელიც ჩვენს ეგზემპლარზე საიმედოდ მუშაობდა და დადებითი შთაბეჭდილება დატოვა.
Savage 64F-იც ზევით ჩამოთვლილი შაშხანებივით სახრახნისებით უნდა დაიშალოს, რათა მექანიზმი ამოვიღოთ და გავწმინდოთ, მაგრამ ერთერთი პლიუსი რაც მე დავინახე არის ის, რომ რესივერი დამზადებულია ფოლადისგან და არა რბილი მსუბუქი შენადნობებისგან. youtube.com-ზე შაშხანის ერთერთი მფლობელი ამის დემონსტრირებას მაგნიტის მეშვეობითაც ახდენს. (მსუბუქ შენადნობზე მაგნიტი არ ეწებება, ხოლო ფოლადზე ეწებება). 
შაშხანის დაშლის შემდეგ გაოცებული დავრჩი იმდენად საინტერესოდ და მარტივად არის მოწყობილი მისი მექანიზმი. პირველ რიგში ეს ეხება სკეტის და დამრტყმელის კომბინაციას. 

შევეცდები განვმარტო მისი მუშაობის პრინციპი. საკეტზე  უკანა მხრიდან დამაგრებულია ღერძი, რომელზეც წამოცმულია ორი ზამბარა. 1. წვრილი ზამბარა რომელიც ასრულებს საკეტის დამაბრუნებელის ფუნქციას, ხოლო მის ზემოდან წამოცმულია მასზე ოდნავ დიდი საბრძოლო ზამბარა, რომელიც უზრუნველყოფს დამრტყმელზე ენერგიის გადაცემას, რათა დამრტყმელმა თავისთვად გადასცეს ენერგია ბრტყელი ფორმის მოგრძო საცემს, რომელიც საკეტზე არსებულ სპეციალურ ღარში ჯდება გვერდიდან. (გვერდიდან რადგანაც .22LR ვაზნა წრიული აალებისაა და ნემსაც გვერდით კუთხეში ურტყამს ვაზნის კაფსულ-მაალებელს და არა ცენტრში). 

საკეტის უკან გადაწევისას ხდება დამრტყმელის უკან გადაადგილება, რომელიც ფაქტიურად საკეტისვე დიამეტრისაა. როდესაც საკეტი მოძრაობს უკან, იკუმშება დამაბრუნებელი ზამბარაც და საბრძოლო ზამბარაც. დამრტყმელი რჩება უკანა პოზიციაში საბრძოლო ზამბარა კი შეკუმშული, ხოლო საკეტი დამაბრუნებელი ზამბარის ენერგიით გადაადგილდება წინ და კეტავს ლულის სავაზნეს. სასხლეტზე თითის დაწოლისას თავისუფლდება დამრტყმელი, რომელიც შეკუმშული საბრძოლო ზამბარის წყალობით გადაადგილდება წინ და გადასცემს დარტყმას საცემ ნემსას.
თუკი დავაკვირდებით სურათებს, მივხვდებით, რომ ყველაფერი ძალიან მარტივად და საიმედოდაა შესრულებული. მე პირადად ერთი ნაითხ მოვიხიბლე ასეთი კონსტრუქციით. გარდა ამისა მე ძალიან მომეწონა ის, რომ შაშხანის მექანიზმში არ გამოიყენება პლასტმასის დეტალები, რომელიც შეიძლება გავტეხოთ.

მუშაობს თუ არა შაშხანის ავტომატიკა ყველა ტიპის ვაზნებზე?

ეს შეკითხვა მეც გამიჩნდა, მაგრამ სამწუხაროდ სროლის დროს ჩვენ გვქონდა მხოლოდ 2 სახის ვაზნები. 1. ჩეხური მწარმოებლის ”sellier&bellot“-ის ვაზნები ნიკელის მასრით და სპილენძის გარსით, რომელიც მაღალი სიჩქარის მქონე (HV-High Velocity) ვაზნაა და 2. „Remington Thunderbolt“, რომელიც აგრეთვე მაღალი სიჩქარის მქონეა. ინტერნეტში არსებულ გამოხმაურებებს თუ დავუჯერებთ, შაშხანის ავტომატიკა ყველა ტიპის ვაზნებზე მუშაობს.

შეფერხები სროლისას

გასროლილ იქნა:

1.      20 ცალი ”sellier&bellot“-ის ვაზნა HV რომლსაც არ მოჰყოლია არცერთი შეფერხება, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ სავსე (10 ვაზნით დამუხტული) სავაზნე კოლოფის შემთხვევაში, პირველი ვაზნის მიწოდების შემდეგ სავაზნე კოლოფში არსებულ ზედა ვაზნაზე მასრის რანტი ტოვებდა დიდ ნაკაწრს, თუმცა ყველაფერი იდეალურად მუშაობდა.

2.      30 ცალი „Remington Thunderbolt“, რომლიდანაც 1 ვაზნა არ აალდა და მოგვიწია მისი ხელახალი ჩაბრუნება მჭიდში. მეორე ცდაზე განხორციელდა გასროლა. შემდეგი შეფერხებაც აღნიშნულ ვაზნაზე მოვიდა. კერძოდ: ვაზნის სავაზნეში მიწოდების მცდელობისას ტყვიის თავი დეფორმირდა.

შაშხანის სიზუსტე

მე ვერ ვიქნები ობიექტური შაშხანის სიზუსტეზე სუბრით, რადგანაც სროლას ვაწარმოებდით ღია სამიზნით, რომელიც კიდევ ვიტყვი რომ საშინელია და პლუს ამ ყველაფერს ემატებოდა ქარი და წვიმა. ფაქტიურად ჩვენ ვამოწმებდით შაშხანას არა სიზუსტის კუთხით, არამედ ვტესტავდით მის საიმედოობას და ავტომატიკის მუშაობას. სასხლეტი კავის ავკარგიანობას რაც შეეხება, ის არ არის იდეალური, თუმცა რბილი სვლა აქვს და მე პირადად მომეწონა.

საბოლოო ვერდიქტი

საბოლოო ჯამში მე კმაყოფილი დავრჩი შაშხანით. დეტალები აკურატულადაა შესრულებული და პლასტმასის ფურნიტურაც ნორმალურად გამოიყურება. სავაზნე კოლოფიც ხარისხიანად არის გაკეთებული. ჩემი მოსაზრება ასეთია, ფასიდან გამომდინარე ნამდვილად ღირს მისი შეძენა, თუმცა ვიზუალურად შაშხანა უბრალოა მე პირადად „Remington 597“ უფრო მომწონს ვიზუალური კუთხით.

 
Savage 64-ის მთელი ოჯახი



2 comments:

  1. me vikide erti tvis tsin Savage 64f da magari kmakopili var!

    kargi statiaa dzaan es rom tsavikitxe ufro mometsona shahsxana )))

    ReplyDelete
    Replies
    1. ამას და 702-ს შორის მაქვს არჩევანი და რომელი ავიღო?

      Delete