ჩვენი გვერდის მკითხველმა ერთერთი სტატიის ქვეშ დაგვისვა შეკითხვა ვაზნებზე, რომელიც იარაღის გასანადგურებლად არის განკუთვნილი. შევეცდები გავცე პასუხი ამ შეკითხვას მცირე სტატიის სახით.
იარაღის გასანადგურებლად შექმნილი ვაზნები უდავოდ არსებობს
თუმცა, მათი გამოყენება არ ხდება მასიურად. არც კონკრეტული სტატისტიკა არსებობს იმის
შესახებ თუ რამდენი იარაღი იქნა განადგურებული ასეთი ვაზნებით.
ისტორიულად რომ გადავავლოთ თვალი, ასეთი დანიშნულებით შექმნილი
ვაზნების შედარებით მასიური გამოყენება ხდებოდა მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანელების
მიერ. ითვლება, რომ სწორედ ბრიტანელები არიან ამ კუთხით პიონერები და პირველი ვაზნები
იარაღის „გასაფუჭებლად“ მათ შექმნეს. ეს დივერსიული ვაზნები ვიზუალურად არ განსხვავდებოდა
გერმანული შაშხანის საშტატო ვაზნისგან 7,92x57mm Mauser. შესაბამისად გარეგნული დათვალიერებით
მათი იდენტიფიცირება იყო შეუძლებელი. მათი
წონაც (მასა) იყო საშტატო ვაზნის იდენტური, რათა ხელში დაჭერისას ეჭვი არ აეღო მებრძოლს.
ასეთი ვაზნები დენთის ნაცვლად დამუხტული იყო უფრო ძლიერმოქმედი
ასაფეთქებელი ნივთიერებით. გასროლის დროს კაფსულ-მაალებელი იწვევდა დეტონატორის ამოქმედებას
და ლულის სავაზნეში ვაზნის აფეთქებას, რომელიც მყისიერად აზიანებდა იარაღს და ხშირ
შემთხვევაში თავად მსროლელსაც.
დივერსიული ტიპის ვაზნები ყუთებით იყრებოდა თვითმფრინავებიდან,
ან სპეციალურად ტოვებდნენ ისეთ ადგილებში, სადაც დიდი ალბათობით მოხვდებოდნენ გერმანელი
მებრძოლები და ნაალაფარის სახით ხელში ჩაიგდებდნენ ვაზნებს.
იგივე მიზნით ჯერ კიდევ ავღანეთის ომის პერიოდში, ხოლო
შემდეგ უკვე რუსეთ-ჩეჩნეთის ომში, რუსების მიერ გამოიყენებოდა საბჭოთა კავშირის დროს
შემუშავებული სპეციალური ვაზნები შიფრით „Искра“.
"Искра"-ს შემთხვევაში იარაღის დაზიანება
ხდება შემდეგი პრინციპით: ტყვიას ბოლოში ჰქონდა მყარი ფოლადისგან დამზადებული კუდი,
ყოველგვარი პერანგის გარეშე. აღნიშნული კუდი დამალული იყო მასრაში და წარმოადგენდა
ერთგვარ წამყვან ნაწილს. შესაბამისად გასროლის დროს ასეთი ტყვია ლულის არხში შესვლისას
იჭედებოდა ჭრილებში, რაც იწვევდა როგორც ჭრილების დაზიანებას, ასევე ლულის გაბერვას,
გახეთქვას და რიგ შემთხვევებში საკეტის/იარაღის სხვა დეტალების დაზიანებას.
მადლობა ჩვენი გვერდის მკითხველს ამ შეკითხვისთვის და
იმედი მაქვს ამომწურავად ვუპასუხეთ მას.
No comments:
Post a Comment