S&W M49 “Bodyguard” მფლობელის თვალით

ხშირად მიფიქრია იმაზე, რომ ჩემს პირად კოლექციაში არ მქონდა არცერთი რევოლვერი. ასევე ზოგადად ჩემი გამოცდილება რევოლვერებთან ურთიერთობის კუთხით არის ძალიან მწირი. არაერთხელ მინდოდა რევოლვერის შეძენა, მაგრამ საბოლოოდ თავი შევიკავე. ამის მიზეზი იყო ის ფაქტორი, რომ აუცილებლად „ძველი სკოლის“ რევოლვერი უნდა ყოფილიყო, თუნდაც სუსტ ვაზნაზე, მაგრამ ძველი. როგორც ყოველთვის ეს ფაქტორი ჩემთვის აქაც უპირველესი აღმოჩნდა. სამწუხაროდ ქართულ ბაზარზე რევოლვერების არჩევანი (მითუმეტეს ძველი თაობის), თითქმის არ არის, თუ არ ჩავთვლით საბჭოთა კავშირში წარმოებულ ნაგანის 1895 წლის მოდელს, რომლის ღირებულებაც უკვე ისეთ ფარგლებს გასცდა სასაცილოც კი აღარ არის. რაც შეეხება თანამედროვე რევოლვერებს, ძალიან დიდხანს ვუტრიალე „Kimber K6“-ს, მაგრამ მისი ფასი სერიოზულად ურტყავდა ჩემ ჯიბეს და უკან დავიხიე. მე ახლაც ვთვლი, რომ „Kimber K6“ არის თავის კლასში ალბათ ყველაზე საუკეთესო რევოლვერი, თუმცა ის არ არის „ძველი სკოლის“ წარმომადგენელი. ერთერთი მთავარი მიზეზი რატომაც მინდოდა მისი ყიდვა იყო ის, რომ მახასიათებლებიდან გამომდინარე ძალიან ვამსგავსებდი ამერიკული კომპანია "Smith&Wesson"-ის რევოლვერ “Bodyguard”-ს. როგორც კი დავფიქრდებოდი და ჩემ თავს ვკითხავდი, თუ რომელი მცირე ზომის რევოლვერი მინდოდა, პირველ რიგში მახსენდებოდა Colt–ის მოდელი ''Banker's Special“  და Smith & Wesson-ის ძველი თაობის “Bodyguard”, თუმცა ეს ყველაფერი ოცნებას უფრო ჰგავდა, რადგან საქართველოში არცერთი მათგანის შოვნის იმედი არ მქონდა. ერთ დღესაც კვლავ ვესტუმრე მაღაზია „დიანას“, რომელშიც რამოდნიმე ხნის წინ შემთხვევით გადავაწყდი და დაუყოვნებლივ შევიძინე ჩემთვის ერთერთი დიდი ხნის საოცნებო პისტოლეტი FN Browning M1922. მაღაზიაში შესვლისას აღმოვაჩინე, რომ ძველი თაობის მეორადი რევოლვერების მთელი დახლია მოწყობილი. დახლის დასაწყისში ერთ რიგში ალაგია 3 ცალი Smith & Wesson M38 “Bodyguard”, 1 ცალი Smith & Wesson M49 “Bodyguard” და 1 ცალი Smith & Wesson M40 Centennial. ამას გარდა კიდევ სხვა ბევრი საინტერესო მოდელი, თუმცა ყველაზე მეტად ამ მოდელებიდან რაზეც ვოცნებობდი ეს იყო ძველი თაობის “Bodyguard” და Smith & Wesson M40 Centennial. ახლა ჯერი იმაზე იყო, რომ ამომერჩია მათგან ერთერთი. შედარებით უფრო იშვიათი Smith & Wesson M40 Centennial თუ ბავშობის ოცნება “Bodyguard”? საბოლოოდ ბავშობის ოცნებამ გადაწონა. მომდევნო საკითხი იყო კონკრეტულად 4 ცალი “Bodyguard”-იდან რომელს ავიღებდი. მათგან 3 ცალი იყო ალუმინის ჩარჩოთო (Model 38) ხოლო ერთი ცალი ფოლადის ჩარჩოთი (Model 49) ოთხივე მეორად მდგომარეობაში. ვინაიდან იარაღის ტარების უფლება არ მაქვს, რევოლვერის წონას ჩემთვის ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდა და მივუახლოვდი იმ აზრს, რომ ფოლადის ჩარჩოიანი Model 49 “Bodyguard” უნდა ამეღო, მაგრამ იყო ერთი საკითხი. კონკრეტულად ამ რევოლვერს ხის ტარის ლოყების მაგივრად დამაგრებული ჰქონდა რეზინის განიერი ლოყები. ლოყების შეცვლას არაფერი არ უდგას წინ მარტივად შეცვლი. ან ბოლობოლო ვთხოვდი და მაღაზიაშივე შევძლებდი ტარის გადაყენებას ერთი ეგზემპლარიდან მეორეზე, მაგრამ... ამ დროს დავფიქრდი მესამე რევოლვერზე. ეს იყო ულამაზესი Model 36 „Chiefs Special“. მაღაზიაში ზუსტად 4 საათიანი ყოფნის შემდეგ მივხვდი, რომ ჩიხში შევდიოდი და ვერ ვიღებდი გადაწვეტილებას. არადა პარასკევია... წინ შაბათ-კვირა მელოდა გადაწყვეტილების მისაღებად. სახლში მისვლის შემდეგ გავიაზრე რაღაცეები, ავწონ დავწონე და უძილო ღამისას დავფიქრდი ერთ საკითხზე. 2 თვეა რაც საცხოვრებლად გადავედი ახალ ბინაში და ყველა იარაღი რომელიც მე მაქვს რეგისტრირებული, ინახება ჩემს მეორე ბინაში. შესბამისად ახალ ბინაში საერთოდ არ მქონდა მოკლელულიანი თავდაცვითი იარაღი. ამაზე ბინაში გადასვლამდეც ვიფიქრე და ვაპირებდი ჩემს საკუთრებაში არსებული Glock 19 -ის გადმორეგისტრირებას ახალ მისამართზე, მაგრამ... ახალ ბინაში მინდოდა რაიმე ახალი იარაღი. რა ჯობია ახალ შენაძენს, მითუმეტეს როდესაც ეს შენაძენი იარაღია J))) აქედან გამომდინარე პირველად ჩემს ცხოვრებაში შედარებით წინა პლანზე წამოიწია იმ მომენტმაც, რომ იარაღი არა მხოლოდ საკოლექციო თვალსაზრისით, არამედ პრაქტიკული მიზნითაც უნდა შემერჩია. სწორედ ეს იყო ჯამში ბოლო წვეთი, რამაც გადამაწყვეტინა, რომ მეყიდა Model 49 “Bodyguard". ამ შენაძენის მეშვეობით ერთდროულად ვკლავდი 3 კურდღელს: 1. დიდი ხნის ოცნების ასრულება კოლექციაში “Bodyguard”-ის შემატებით; 2. მოსახერხებელი რეზინის ტარი, რომელიც ბევრად პრქატიკულია, ვიდრე ორიგინალური ხის ვიწრო ტარი. შესაბამისად თავდაცვით სიტუაციაში მას აქვს უპირატესობა; 3. თუ თავდაცვაზე მიდგება საქმე .38 Special ვაზნაზე გათვლილი რევოლვერით სავსებით შესაძლებელია თავის დაცვა. მართალია 5 ცალი ვაზნა ჩადის დოლურაში, მაგრამ უიარაღობას ნამდვილად ჯობია. ორშაბათს ისევ ვესტუმრე მაღაზიას, კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი დახლზე დალაგებულ „ბებერ“ რევოლვერებს და ჩამოყალიბებულმა დავადე ჩემი „ბინძური ხელი“ Model 49 “Bodyguard”-ს.

ჩემი კუთვნილი  S&W M49 “Bodyguard”

რევოლვერის შექმნის ისტორია 

1950 წელს კომპანია Smith & Wesson-მა ბაზარზე გამოიტანა მცირე ზომის რევოლვერი სახელწოდებით Model 36 „Chiefs Special“, რომელსაც ამ კლასის საუკეთესო რევოლვერად მოიხსენიებდნენ. ეს იყო რევოლვერი მცირე ე.წ. J-ტიპის ჩარჩოთი (J-Frame), რომლის დოლურაშიც 5 ცალი .38 Special ტიპის ვაზნა ჩადიოდა და იწონიდა 20 უნციას (567 გრამი). იგი მაშინდელი გადმოსახედიდან იყო იდეალური იარაღი, როგორც თავდაცვისთვის ფარულად სატარებლად, ასევე სამართალდამცავი ორგანოს იმ თანამშრომებისთვის/აგენტებისთვის, რომელთაც იარაღის ფარულად ტარება ესაჭიროებოდათ. 

Model 36 „Chiefs Special“  კლასიკური 'Snub nose"  რევოლვერი

ორი წლის შემდეგ კი დღის სინათლე იხილა S&W-ის ახალმა პირმშომ, სახელწოდებით Model 37 “Airweight”. მასში წინამორბედისგან განსხვავებით გამოყენებული იყო ალუმინის შენადნობისგან დამზადებული მსუბუქი ჩარჩო, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა რევოლვერის წონა. ორივე მოდელს ჰქონდა ტრადიციული ღია ტიპის ჩახმახი, რაც გარკვეულ სიტუაციაში ართულებდა რევოლვერის სწრაფად ამოღებას ჯიბიდან ან ბუდიდან (კაბურიდან). ასევე რევოლვრის ამოღებისას იყო ტანისამოსზე ჩახმახის წამოდების ალბათობა. სწორედ ამ პრობლემის გადჭრის მიზნით 1952 წელს გამოჩნდა რევოლვერი „Model 40 Centennial”, რომელიც იყენებდა მთლიანად დაფარულ ჩახმახს.

Model 40 Centennial” და მისი უმცროსი ძმა Model 38 "Bodyguard"

ხოლო 1955 წელს კომპანია სმიტ ვესსონმა დღის სინათლეზე გამოიტანა Model 37 “Airweight” -ის ვარიანტი, რომლის კონსტრუქციაც მოიცავდა ისეთ ნაირად გადამუშავებულ ჩარჩოს, რომ მასში თითქმის სრულიად იყო დამალული ჩახმახი. თუმცა ამავდროულად მსროლელს გარდა ორმაგი მოქმედებით (DA) სროლისა, შეეძლო რევოლვერის ჩარჩოდან მცირედით ამოშვერილი ჩახმახის ხელით შეყენება და ზუსტი გასროლის ერთმაგ რეჟიმში (SA) განხორციელება. Smith & Wesson -ის ახალ რევოლვერს ეწოდა “Bodyguard Airweight” (1957 წლიდან კი რევოლვერს მიენიჭა სახელწოდება Model 38). მასში Model 37 “Airweight”-ის ანალოგურად ალუმინის მსუბუქი შენადნობისგან დამზადებული ჩარჩო იქნა გამოყენებული. იმისათვის, რომ ჩახმახი ყოფლიყო დაფარული, რევოლვერის ჩარჩოს უკანა ნაწილში ჰქონდა ერთგვრი კუზი, რაც  სახასიათო (შეიძლება ითქვას ბრუტალურ) იერს აძლევდა ამ მცირე ზომის იარაღს.

Model 38 "Bodyguard"

ასეთი კონსტრუქციის წყალობით მსროლელს შეეძლო პირდაპირ ქურთუკის ჯიბიდანვე  გაეხსნა ცეცხლი ყოველგვარი შეფერების გარეშე. რადგანაც ჩახმახი თითქმის მთლიანად იყო დამალული ჩარჩოს მიღმა, ღია ჩახმახიანი რევოლვერებისგან განსხვავებით არ არსებობდა იმის რისკი, რომ ტანისსამოსის სარჩული ან ჯიბის ნაჭერი გზას გადაუღობავდა ჩახმახს და შეაფერხებდა გასროლას. ასეთ შემთხვევაში შეფერხება შეიძლება გამოიწვიოს იმან თუ რაიმე შეუშლის ხელს დოლურას გადაბრუნებას.

რევოლვერ Model 38 “Bodyguard“-ის წარმოებიდან ძალიან მალე, დღის წესრიგში დადგა საკითხი, რომ შექმნილიყო მისი იდენტური ვარიანტი, რომელიც მთლიანად ფოლადისგან იქნებოდა დამზადებული და არა ალუმინის მსუბუქი ჩარჩოთი. გარკვეულ წყაროებს თუ დავუჯერებთ Model 38 “Bodyguard“ -ის ფოლადის ჩარჩოიანი ვარიანტის შექმნის ინიციტაორი გახლდათ მასაჩუსეცის შტატის პოლიცია. ზმოაღნიშნულის შედეგად 1959 წელს გამოჩნდა რევოლვრი Model 49 “Bodyguard“, რომელშიც მთლიანად ფოლადის ჩარჩო იქნა გამოყნებული. ფოლადის ჩარჩოს წყალობით რევოლვერს ჰქონდა მეტი სიმტკიცე, მეტი წონა და ამ უკანასკნელიდან გამომდინარე უფრო ნაკლები უკუცემა.

ისევე როგორც მოდელი S&W „Chief’s Special“, რევოლვერი Model 38 და 49 “Bodyguard“, იწარმოებოდა 2 ძირითადი სახით. 1. პრიალა შავი ფერის ოქსიდირებით; 2. მონიკელებული. სწორედ ასეთია ჩემი რევოლვერიც. ზოგადად მე არ ვარ მონიკელებული იარაღის მოყვარული, რადგანაც ძალიან მარტივად ეტყობა ნაკაწრები და ლაქები. რა ჯობია ძველი სკოლის იარაღს, რომელსაც პრიალა შავი ოქსიდირება აქვს.

შეიძლება ითქვას, რომ რევოლვერი “Bodyguard“ დიდი პოპულარობით სარგებლობდა ამერიკის შეერთებული შტატების პოლიციის ოპერატიულ თანამშრომლებში,  გამოძიების ფედარალური ბიოროს (FBI) აგენტებში და დეტექტივებს შორის, რომელთაც სპეციალური ნებართვის საფუძველზე გადასცემდნენ რევოლვერს. ასევე მას ამერიკის შეერთებულ შტატებში ხშირად შეხვდებით კერძო პირების მფლობელობაში, როგორც ყოველდღიურად სატარებელ ე.წ. EDC (Everyday Carry) იარაღის ამპლუაში. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს აშშ-ში დღემდე უამრავი ადამიანია, ვინც ყოველდღიურად ან მეორე დამხმარე ე.წ. "Backup" იარაღის სახით ატარებს ძველი თაობის Model 38 და Model 49 „Bodyguard“-ს.

იმისათვის რომ “Bodyguard“ -ის სერიის რევოლვერის სასხლეტმა და ჩახმახმა გაუძლოს დიდ დატვირთვას, მათი დამზადება ხდებოდა ნაწრთობი ფოლადისგან. შეიძლება ითქვას, რომ ეს სმიტ ვესონის ძველი თაობის მოდელებში ერთგვარ სტანდარტს წარმოადგენდა.  

სმიტ და ვესონ Model 49 იწარმოებოდა 2 ინჩიანი (51მმ) სიგრძის ლულით, თუმცა მცირე რაოდენობით დამზადდა ასევე 3 ინჩიანი ლულითაც. “Bodyguard“ -ის სერიის რევოლვერებისთვის სტანდარტული იყო ხისგან შესრულებული მცირე ზომის ტარის ლოყები რომელსაც ზედა ნაწილში ჩასმული ჰქონდა S&W-ის საფირმო ლოგოტიპიანი ოქროსფერი მედალიონი. მფლობელები ხშირად ხისგან დამზადებულ ტარის ლოყებს  ხსნიდნენ და მის მაგივრად რევოლვერზე ამაგრებდნენ ან უფრო მოზრდილ ლოყებს, რომელიც ასევე ხისგან მზადდებოდა ან კიდევ რეზინისგან. როგორც უკვე ვახსენეთ  სტატიის დასაწყისში პირადად ჩემს ეგზემპლარზე დაყენებულია კომპანია „Pachmayr“-ის მიერ წარმოებული რეზინის ლოყები. ხაზი მინდა გავუსვა, რომ რევოლვერი ძალიან კარგად ჯდება ჩემ ხელში, მაგრამ მე როგორც "ძველი სკოლის" მოტრფიალეს თვალწინ მიდგას ვიწრო ხის ტარი სახასიათო ოქროსფერი მედალიონით. თუ მომეცა შესაძლებლობა აუცილებლად ვიყიდი ხის ორიგინალურ ლოყებს და დავუყენებ.

გარდა ტარის ლოყებისა, ჩემ რევოლვერს აქვს კიდევ ერთი ე.წ. "კასტომიზაცია". ეს ეხება სასხლეტს. მასზე დამაგრებულია განიერი საცმი. სახლში მოტანისთანავე ავდექი და მოვხსენი ეს საცმი, რომელიც 2 ცალი მიკრო ხრახნით მაგრდება სასხლეტზე. ამით (რეზინის ტარს თუ არ ჩავთვლით) დავუბრუნე რევოლვერს პირვანდელი იერსახე, მაგრამ მშრალი სროლისას აღმოვაჩინე, რომ სასხლეტის განიერი საცმი იდეალურად ერგება ჩემს თითს და სასწაულად კომფორტულია მასზე ოპერირება, როგორც ერთმაგ, ისე ორმაგ რეჟიმში. შესაბამისად რახან რევოლვერს ამავდროულად მოვიაზრებ თავდაცვითი იარაღის ამპლუაში, მარტივი ხელის მოძრაობით და 2 ცალი მიკრო ხრახნის დაჭერით დავაბრუნე საცმი მის ადგილას.

ჩემი ეგზემპლარის სასხლეტ მექანიზმზე შემიძლია ვთქვა, რომ პირადად ჩემს საკუთრებაში არსებული 10 ცალი ცეცხლსასროლი იარაღიდან, ასეთი რბილი სასხლეტი არცერთს არ აქვს. სასხლეტი ჩინებულად მუშაობს ორმაგ (DA) რეჟიმში, ხელით შეყენებული ჩახმახის დროს სასხლეტს აქვს მინიმალური სვლა. ფაქტიურად თითის დადება მცირედი დაწოლით და გასროლა შესრულებულია. ვფიქრობ სასხლეტი ქარხნულად არ იქნებოდა ასეთი რბილი და მისმა ადრეულმა მფლობელმა მოახდინა გარკვეული სამუშაოები ასეთ დონემდე რომ მიეყვანა სასხლეტი.

რევოლვერის წარმოება და სხვადასხვა ვარიანტები

რევოლვერი Model 49 „Bodyguard“ პირვანდელი სახით იწარმოებოდა 1982 წლამდე. 1982 წელს სმიტ და ვესონმა მისი კონსტრუქციის რევოლვერებიდან ამოიღო ლულასა და ჩარჩოს შორის გაყრილი ღერძი (ე.წ. პინი). შესაბამისად 1982 წლიდან წარმოებულ რევოლვერებში Model 38 „Bodyguard“/ Model 49 „Bodyguard“ აღარ გვხვდება ეს დეტალი.

1985 წელს კომპანია სმიტ ვესონმა დაიწყო Model 49-ს  ვარიანტის წარმოება, რომელიც მთლიანად უჟანგავი ფოლადისგან იყო დამზადებული. აღნიშნულ მოდელს მიენიჭა სახელწოდება Model 649 Bodyguard. ასევე 1989 წელს წარმოებაში ჩაეშვა მოდელი „638 Bodyguard Airweight Stainless“. იგი წარმოადგენდა Model 38 –ის ვარიანტს, რომელსაც ჰქონდა უჟანგავი ფოლადის დეტალები, ხოლო ჩარჩო დამზადებული იყო ალუმინის შენადნობისგან.  იწარმოებოდა ასევე ვარიანტი Model 638-1, რომლიც გამოირჩეოდა  განსხვავებული სამიზნე მოწყობილობით.

1997 წელს გამოჩნდა Model 649 Bodyguard -ის ვარიანტი დაგრძლებული J-Magnum ტიპის ჩარჩოთი, რომელიც გათვლილი იყო .357 Magnum ვაზნების სასროლად. 

1997 წელს ძველი ტიპის Model 49 „Bodyguard“-ის წარმოება საბოლოოდ შეწყდა. ბუნებრივია დამაინტერესა თუ რომელ წელს იქნა დამზადებული კონკრეტულად ჩემს საკუთრებაში არსებული S&W Model 49 “Bodyguard”. სხვა და სხვა ცხრილებში სერიული ნომრების გადამოწმების შედეგ დავადგინე, რომ იგი წარმოებულია 1971 წელს.

რევოლვერის სახლში მოტანის შემდეგ საფუძვლიანად გავწმინდე ლულის არხი, დოლურას კამერები და გადავედი იარაღის სრულ დაშლაზე, რომელიც არ არის რეკომენდირებული. სრული დაშლისთვის რეზინის სახელურის მოხსნის შემდეგ, მარჯვენა მხრიდან უნდა მოეშვას 3 ცალი ხრახნი. ამის შემდეგ შესაძლებელია რევოლვერის ჩარჩოს გვერდითა კედლის მოხსნა, რისი მეშვეობითაც უკვე გვეძლევა წვდომა რევოლვერის შიდა მექანიზმზე. ხრახნების მოხსნის შემდეგ ჩარჩოს გვერდითა კედელი არ იძროდა ადგილიდან,  თუმცა მცირედი ძალდატანნებით და პლასტმასის ღეროს გამოყენებით მოვახერხე მისი ადგილიდან დაძვრა და მოხსნა. შიგნით დამხვდა ძველი ზეთი, რომელიც ყურის საწმენდი ჩხირებით ამოვასუფთავე, ახალი ზეთით დავამუშავე და მსუბუქად გავამშრალე. თუმცა საბოლოოდ თავი შევიკავე  სრული დაშლისგან. როგორც უკვე ავღნიშნე სასხლეტი მექანიზმის სრულად დაშლა არ არის რეკომენდირებული თუ ამის განსაკუთრებული საჭიროება არ დგას. 

ისტორიული ფაქტები

გარდა კარგი რეპუტაციისა და დადებითი მხარეებისა, ძველი თაობის რევოლვერი “Bodyguard“ სამუდამოდ შევიდა ისტორიაში ერთი საზარელი ფოტოსურათის წყალობით.

აღნიშნულ ფოტო გადაღებულია საიგონში 1968 წლის 1 თებერვალს, ჟურნალისტ ედუარდ (ედი) ტომას ადამისის (Edward Thomas „Eddie“ Adams) მიერ. მასზე გამოსახულია სამხრეთ ვიეტნამის პოლიციის უფროსი, წოდებით ბრიგადის გენერალი ნგუენ ნგოკ ლოანი (Nguyn Ngc Loan), რომელმაც ჟურნალისტების თვალწინ ამოიღო S&W “Bodyguard“ და ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე თავის არეში ესროლა ვიეტ კონგელ ნგუენ ვან ლემს (Nguyn Văn Lém), რომელიც ტყვედ ჰყავდათ აყვანილი. ფოტოს ავტორმა ერთერთ ინტერვიუში თქვა შემდეგი ტექსტი „გენერალმა მოკლა ვიეტ კონგელი; მე მოვკალი გენერალი ჩემი კამერით“ “The general killed the Viet Cong; I killed the general with my camera,” Eddie Adams.

1969 წელს ედი ადამსს მიანიჭეს პულიცერის პრემია (ინგლ. Pulitzer Prize), რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმოადგენს უმაღლეს ჯილდოს/დამსახურებას ბეჭდვით ჟურნალისტიკაში.

ისტორიამ შემოგვინახავა ცნობები იმის შესახებ, რომ FBI -ს ხელმძღვანელის ედგარ გუვერის (J. Edgar Hoover) ასისტენტი კლაიდ ტოლსონი (Clyde A. Tolson), მუდმივად ატარებდა რევოლვერს Model 38 “Bodyguard”. აღნიშნული რევოლვერის სერიული ნომერი იყო 512236 და გვერდიდან გრავირების სახით შესრულებული ჰქონდა მისი მფლობელის სახელი.

S&W “Bodyguard” ფიქურირებდა ასევე 1984 წლის 22 დეკემბერს  ნიუ იორკის მეტროში მომხდარ გახმაურებულ საქმეში, სადაც ბერჰარდ გეცმა (Bernhard Hugo Goetz) მატარებელში გახსნა ცეცხლი.    

1984 წლის 22 დეკემბერს ოთხი შავკანიანი ამერიკელი Barry Allen (19 წლის), Troy Canty  (19 წლის), James Ramseur (18 წლის) და Darrell Cabey (19 წლის) ავიდნენ მეტროს  ვაგონში. ისინი მიემგზავრებოდნენ მანჰეტენისკენ. როდესაც მატარებელი გაჩერდა სადგურში (სადგურის დასახელება "14th Street"), მატარებელში ავიდა ბერჰარდ გეცი. მას შემდეგ რაც მატარებელი დაიძრა დაახლოებით 10 წამში Troy Canty -მ მიმართა ბერჰარდს გეცს: „როგორ არის საქმეები?“ გეცმა უპასუხა: „მშვენივრად“. ამის შემდეგ  Troy Canty  და Barry Allen მიუახლოვდნენ გეცს და დადგნენ მის მარჯვნივ ისე, რომ სხვა მგზავრებს ვერ დაენახათ ბერჰარდ გეცი. Troy Canty დაიხარა გეცისკენ და უთხრა: „მომეცი 5 დოლარი“. მოულოდნელად გეცი წამოდგა, შეიხსნა ქურთუკი, ამოიღო S&W “Bodyguard” და განახორციელა 5 გასროლა. ოთხი შავკანიანიდან ოთხივეს მოარტყა თითო ტყვია, ხოლო მეხუთე ტყვია მოხვდა ვაგონის კედელს და აისხლიტა. შეშინებული მგზავრები გაიქცნენ ვაგონის მეორე ბოლოში, მემანქანემ გაიგონა სროლის, ასევე პანიკის ხმა  და გააჩერა მატარებელი. გეცი გამოვარდა ვაგონიდან, ჩახტა ლიანდაგებზე და ფეხით გაიქცა შემდეგი სადგურისკენ, საიდანაც ამოვიდა მეტროდან და მიიმალა. გარკვეული წყაროების თანახმად, მიმალვის პერიოდში მას 1300 პოლიციელი ეძებდა. რამოდნიმე დღის შემდეგ იგი თვითონ გამოცხადდა პოლიციაში და ჩაბარდა. ოთხი შავკანიანიდან, რომლებიც დაჭრა გეცმა ყველა გადარჩა, მაგრამ Darrell Cabey თავში მიყნებული ჭრილობის შედეგად სამუდამოდ დაინვალიდდა.

გეცის მიერ ჩადენეილი ფაქტი სასამართლოზე შეფასდა, როგორც აუცილებელი მოგერიება, თუმცა მას არ ჰქონდა იარაღის ტარების ნებართვა და იარაღიც იყო არარეგისტრირებული. გეცმა დაკითხვისას აღნიშნა, რომ რამოდენიმე წლით ადრე მას დაესხნენ მეტროში და სასტიკად გაუსწორდნენ. ამის შემდეგ გადაწყვიტა მოეპოვებინა იარაღის ტარების ნებართვა, თუმცა საბუთების და განცხადების შეტანის შემდეგ მან უარი მიიღო. ამ ფაქტიდან რამოდენიმე ხანში გეცმა ფლორიდაში შეიძინა S&W “Bodyguard”, რომელსაც ფარულად ატარებდა. დაკითხვისას გეცმა აღნიშნა, რომ 2 ჯერ გადაარჩინა ამ რევოლვერმა მისი სიცოცხლე, ისე რომ მხოლოდ იარაღის ჯიბიდან ამოღებით შემოიფარგლა და სროლა არ დასჭირვებია. საბოლოოდ იგი გასამართლდა იარაღის უკენანონო ტარების მუხლით. ხელისუფლება გეცის ქმედებას ახასიათება ნეგატიურად, თუმცა მოსახლეობა მხარს უჭერდა მას და საკმაოდ დიდი რეზონანსი მოჰყვა ამ საქმეს. პოლიციამ შექმნა ცხელი ხაზი, სადაც მოქალაქეებისგან აგროვებდა ინფორმაციას მომხდარი ფაქტის შესახებ. აღნიშნულ ცხელ ხაზზე უამრავი მოქალაქე რეკავდა და თანადგომას უცხადებდა გეცს. გამოკითვების შედეგად გეცის მხარეს იყვნენ, როგორც თეთრკანიანი, ასევე შავკანიანი მოსახლეობა. შენობების კედლებზე გმოჩნდა გრაფიტები, რომელზეც ეწერა „მეტროს მსროლელო - ნიუ იორკს უყვარხარ“. მოძრაობა „მფარველი ანგელოზები“-ს (The Guardian Angels) მიერ (აღნიშნული მოძრაობა შედგებოდა შავკანიანი და ლათინო ამერიკელი მოზარდებისგან და პატრულირებდნენ მეტროში), შეგროვებულ იქნა 1000 დოლარი. ეს თანხა გადაირიცხა გეცის დაცვისთვის შექმნილ ფონდში. ასე იქცა S&W “Bodyguard” -ით შეიარაღებული ბერჰარდ გეცი ნიუ იორკის გმირად. გეცმა ციხეში გაატარა 250 დღე, რის შემდეგაც იგი გაანთავისუფლეს. ამის შემდეგ Darrell Cabey -ს მშობლებმა დაიქირავეს ადვოკატი და შეიტანეს სარჩელი გეცის წინააღმდეგ. მშობლები ითხოვდნენ, რომ გეცს პასუხი ეგო მათი შვილის დაინვალიდების გამო. საბოლოოდ სასამართლომ გეცს დააკისრა 43 მილიონი დოლარის გადახდა, თუმცა გეცს 1 ცენტიც არ გადაუხდია, რადგან ოფიციალურად არანაირი შემოსავალი და ქონება არ ჰქონდა. 

რომელი ტიპის ვაზნების გამოყენება სჯობს? ზოგადად ძველი თაობის რევოლლვრები "Bodyguard" გთვლილია სტანდარტული ტიპის .38 Special მუხტებზე და არ არის რეკომენდირებული ვისროლოთ მაღალმუხტიანი +P ტიპის ვაზნები. მითუმეტეს გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ ადრეული წარმოების რევოლვერბი გარკვეულწილად უკვე ნაცვეთია. განსაკუთრებულად არ არის რეკომენდირებული ძლიერი მუხტების გამოყენება ალუმინის შენადნობის მქონე Model 38 "Bodyguard"-ში. რაც შეეხება Model 49 -ს ფოლადის ჩარჩოთი, სხვადასხვა გამოხმაურებებს თუ დავუჯერებთ აშშ-ში ბევრი მფლობელი ჩვეულებრივ ისვრის +P ტიპის ვზნებს, თუმცა მაინც არ არის რეკომენდირებული. ალბათ ყველაზე კარგი ვარიანტია, რომ მსროლელმა სავარჯიშოდ გამოიყენოს სტანდარტული მუხტის მქონე ვაზნები, ხოლო თავდაცვისთვის დოლურაში ედოს +P ტიპის ვაზნა ექსპანსიური ტყვიით. 

თუ  აშშ-ს მეორადი იარაღის ბაზარს გადავავლებთ თვალს დავინახავთ, რომ ძველი თაობის სმიტ ვესონის და კოლტის რევოლვერებზე ფასები სულ უფრო და უფრო მაღლა მიიწევს, შესაბამისად ვთლი რომ გამიმართლა და მადლიერი ვარ, რომ საქართველოში სავსებით ადექვატურ ფასად მომეცა იმის შესაძლებლობა, რომ ჩემს ხელში მოხვდა ისტორიული და ძველი სკოლის ჩინებული წარმომადგენელი “Bodyguard”.

No comments:

Post a Comment